მთავარი,სიახლეები

არ გასცდეთ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების ნორმებს – შსს ადიგენის აქციაზე

05.04.2024 • 3761
არ გასცდეთ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების ნორმებს – შსს ადიგენის აქციაზე

შსს ადიგენში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში.

მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღეს, 5 აპრილს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და მართლმადიდებელი სასულიერო პირები საპროტესტო აქციას მართავენ ადიგენში, წერეთლის  #18 ნომერში მდებარე მერაბ მიქელაძის სახლის ეზოში.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მუსლიმების შეკრებას და ლოცვას კერძო სახლში, რომელიც კერძო პირს, მერაბ მიქელაძეს ეკუთვნის.

მერაბ მიქელაძის სახლში მუსლიმთა ნაწილი პარასკევის ლოცვის აღსავლენად შეიკრიბა. ნაწილს კი, რომელიც პარასკევის ლოცვაზე მიდიოდა, პოლიციამ გზა გადაუკეტა და არ მისცა უფლება სალოცავად წასულიყო.

კადრებში, რომელიც გზის გადაკეტვის შემდეგაა გადაღებული, ჩანს ადიგენში მცხოვრები მუსლიმებისა და პოლიციას შორის დიალოგი. მუსლიმები ეკითხებიან პოლიციას, თუ რატომ არ ეძლევათ ლოცვის და გზაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. პოლიციის წარმომადგენლები შეზღუდვებს უსაფრთხოების მოტივით ხსნიან.

ამავე თემაზე:

„მეხუთედ მოგვივარდნენ“ – მუსლიმებს ლოცვის გამო ადიგენში აქციას უმართავენ

გადაბეჭდვის წესი