მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება ქარხნის მფლობელი, რომელსაც ამერიკაში 100 ტონაზე მეტი ყველი გააქვს

01.03.2023 • 36280
რას ჰყვება ქარხნის მფლობელი, რომელსაც ამერიკაში 100 ტონაზე მეტი ყველი გააქვს

ყველის საწარმო „ცეზარი“ წელიწადში 2 მილიონ ლიტრ რძეს გადაამუშავებს და აწარმოებს იმერულ ყველს, სულგუნს, შებოლილ სულგუნს, კარაქსა და მაწონს. „ცეზარს“ ორი ქარხანა აქვს: ქვემო ქართლის სოფელ წალკასა და აჭარის მაღალმთიან სოფელ დიოკნისში.

საწარმოს საქართველოს ორმოცამდე მოქალაქე ჰყავს დასაქმებული. გარდა ქართული ბაზრისა, „ცეზარს“ რძის პროდუქტები გააქვს აშშ-სა და კანადაშიც.

საწარმო მთლიანად დასავლური დაფინანსებით აშენდა.

ხულოში ყველის ქარხნის ასაშენებლად და დანადგარებით აღსაჭურვად ძმები, არკადი და ცეზარ კახაძეები, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) 500 ათასი დოლარით დააფინანსა. დაფინანსება საწარმო „ცეზარმა“ სამ ეტაპად მიიღო 2014-2019 წლებში.

არკადი კახაძე ამბობს, რომ დაფინანსების გარეშე პატარა კუსტარულ საწარმოდ დარჩებოდა „ცეზარი“.

თავიდან წალკაში გახსნეს ეკომიგრანტმა ძმებმა პატარა საწარმო 2006 წელს. პირველი დაფინანსება 250 ათასი დოლარი „მერსი ქორფსისგან“ მიიღეს 2010 წელს. ასე იყიდეს წალკაში შენობა და დანადგარები ქარხნისთვის.

მერე 2015 წელს დაწერეს პროექტი ბიზნესის გასაფართოებლად. მაღალმთიან აჭარაშიც ჰქონდათ პატარა საწარმო და უნდოდათ დიდ ქარხნად ექციათ. „მერსი ქორფსმა“ ეკომიგრანტ ძმებს ამისთვის 500 ათასი დოლარი გამოუყო:

ყველის საწარმო „ცეზარის” პროდუქტები.

„ჩემს საწარმოშიც, იმ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც, რომელმაც დამაფინანსა, ცხადია, პერიოდულად შემოდის სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ამოწმებს შემოსავალ-გასავალს. შემოდის ფინანსთა სამინისტრო, ამოწმებს ყველაფერს, რაც ფინანსებს ეხება.

ახალი კანონით უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ რაღას მთხოვს სახელმწიფო? აუდიტის და ფინანსთა სამინისტროს დასკვნებს, შემოწმებებს აბა რა ფუნქცია აქვს? ჩემთვის გაუგებარია, დამატებით ახსნა-განმარტებებს რატომ მომთხოვენ მომავალში, როგორც „აგენტს“. ეს იარლიყი რატომ სჭირდებათ, რას აძლევთ მათ ჩემი დისკრედიტაცია, რასაც ეს იარლიყი გამოიწვევს?

აგენტად არ დავრეგისტრირდები, არც ერთ შემთხვევაში. ეს არ მოხდება“, – ამბობს არკადი კახაძე.

როგორც ის გვეუბნება, ყველის საწარმოს გარდა მას ბათუმში მაღაზიაც აქვს ამავე სახელწოდებით: „ცეზარი“. მაღაზიის გახსნაც დასავლური დაფინანსებით შეძლო: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) 50%-ით დააფინანსა ხარჯები.

რძის პროდუქტების საწარმო „ცეზარი“ ხულოში

ცოტა ხნის წინ აშშ-სა და კანადის სურსათის სააგენტოს წარმომადგენლობამ საწარმო „ცეზარის“ ქარხნების მდგომარეობა შეამოწმეს და დადებითად შეაფასეს წარმოების სტანდარტი. ეს დაწესებულებები უცხო ქვეყნებში მაშინ ამოწმებენ პროდუქტის წარმოების ადგილებს, როცა აშშ-სა და კანადაში ამ საწარმოების მიერ ექსპორტირებული პროდუქციის ყოველწლიური რაოდენობა 100 ტონას აჭარბებს.

არკადი კახაძე, ყველის საწარმო „ცეზარის“ მფლობელი: „სამარცხვინოა კანონის მიღება უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. თავს იჭრის ამით ხელისუფლება. დასავლური გრანტები მოსახლეობის, სოფლებისა და ქალაქების განვითარებისთვისაა განკუთვნილი. ჩემი ქვეყანა მავალდებულებს აგენტი დავირქვა იმიტომ, რომ წარმოების განვითარების, ხალხის დასაქმების, სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა დამაფინანსეს.

არამხოლოდ საწარმო დამიფინანსეს ევროპელებმა. მოგვაძიებინეს კლიენტები აშშ-სა და კანადის ბაზარზე, გვასწავლეს, როგორ მოგვეწყო საწარმო საერთაშორისო სტანდარტებით, ჩვენ ეს ცოდნა არ გვქონდა. დაგვაკავშირეს უცხოელ სპეციალისტებს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით აქამდე, დიდი შრომით.

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ლაშა კომახიძის [ბათუმის ყოფილი მერი] გარდა არავინ დაინტერესებულა რას ვაკეთებთ, რა გვჭირდება, როგორ ვართ.

ტიტე აროშიძემ, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, მომაქირავა სახელმწიფოს კუთვნილი მანქანა და ბიდონები – იალაღებზე რძე რომ შემეგროვებინა, თვეში 3000 ლარს მახდევინებდა ქირას. აღარ მიღირდა, ლიზინგზე ძვირი გამოდიოდა ეს და დავუბრუნე მალევე უკან, მადლობა, არ მინდა-მეთქი.

რუსული ფულით დაფინანსებულ პირებს გამოავლენს ეს კანონი? არა. არც მსმენია, რომ რუსეთს წარმოება, სოფლის მეურნეობის მიმართულება, განათლების მიმართულება და ხალხის გასაძლიერებლად რამე პროექტი დაეფინანსებინოს. რუსეთიდან ფული ასე შემოდის საქართველოში: ჩამოვა ვინმე იქ გამდიდრებული ბიზნესმენი და აშენებს ეკლესიებს, საიდანაც მერე რუსული იდეოლოგია იღვრება მრევლში, ხალხში. ეგენი გამოიკვლიონ.

ლუკაშენკომ უღალატა უკრაინას და წაიყვანა ქვეყანა რუსეთისკენ, უღალატა ქვეყანას გადამწყვეტ მომენტში, სწორედ ასე აპირებს ჩვენი ხელისუფლებაც.

„ვითომ“ ოპოზიციურმა პარტიებმაც შეაძულა ხალხს ქმედება და ვინმეს მხარეს დგომა. ოპოზიციაც სუსტი და არასერიოზულია, ხელისუფლებას კი რუსეთისკენ მივყავართ, ხალხი დაბნეულია. ესაა ჩვენი რეალობა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: