მთავარი,სიახლეები

„ქართული ოცნების“ 3 დიდი ტყუილი – როგორ ექცევა ხელისუფლება ხალხს

03.04.2024 •
„ქართული ოცნების“ 3 დიდი ტყუილი – როგორ ექცევა ხელისუფლება ხალხს

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობა დღეს, 3 აპრილის დილას კიდევ ერთხელ მოატყუა. „ოცნებამ“ გასული წლის მარტში დადებული პირობა ამჯერადაც დაარღვია და რუსულ კანონს აბრუნებს პარლამენტში განსახილველად.

როდის, რამდენჯერ და როგორ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი. გთავაზობთ „ოცნების“ 3 დიდი ტყუილის ქრონიკას.

  • ტყუილი #1 – საარჩევნო ბარიერის დაწევა

2019 წლის 24 ივნისი

ბიძინა ივანიშვილი: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით ნულოვანი ბარიერის პირობებში“.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ეს განცხადება „გავრილოვის ღამის“ შემდეგ გააკეთა.

2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები ხელისუფლების ცალკეული მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ რუსეთის დელეგაციის საქართველოს პარლამენტში მიღების გამო. მაშინ დელეგაციის წევრი, რუსეთის დიმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსეს, საიდანაც მან რუსულად ისაუბრა.

ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. აქციის დაშლისას დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის რამდენიმემ დაკარგა თვალი.

პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე ივანიშვილის დაპირება ტყუილი აღმოჩნდა.

საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებული ტყუილის კიდევ ერთი ავტორი, მოქმედი პრემიერ-მინისტრია.

2022 წლის 7 ივლისს ირაკლი კობახიძემ თქვა: „დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“.

განცხადების გაკეთების მომენტში ირაკლი კობახიძე იკავებდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს.

„ოცნებამ“ დადებული პირობა ამჯერადაც დაარღვია და ხალხი მოატყუა. 2024 წლის არჩევნებზე პარტიებს ისევ 5 %-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ პარლამენტში მოსახვედრად.

  • ტყუილი #2 – კანონი „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე

2023 წლის, 3 მაისი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე: „ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება. ამას აქვს თავისი არგუმენტები. მათ შორის არ განიხილება სამართლებრივი არგუმენტის გამო. მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ თავის ნარატივს. მესამე – მე პირადად და ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება, მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს“.

ამ განცხადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 29 თებერვალს, მამუკა მდინარაძემ ახალი კანონპროექტის მიღება დააანონსა. მდინარაძის თქმით, „აშკარა ლგბტ პროპაგანდა უნდა აკრძალოს“.

  • ტყუილი #3 – რუსული კანონი

2023 წლის 9 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ საპროტესტო აქციების შემდეგ მეორე მოსმენით ჩააგდო რუსული კანონი აგენტების შესახებ. კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.

2023 წლის 9 მარტი

ირაკლი კობახიძე: „რაც შეეხება კანონს, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს ეს ჩვენი [„ქართული ოცნების“] დღის წესრიგიდან არის მოხსნილი. ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის ინიციირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც დღეს დილით ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ეს საკითხი აღარ განიხილება ჩვენს მიერ. ეს არის პირობა, რომელიც არის მიცემული ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის. ეს არის მყარი პირობა, რომელიც ბუნებრივია არ გადაიხედება“.

დღეს, 2024 წლის 3 აპრილის დილას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა, მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს პარლამენტში განსახილველად აბრუნებს.

გადაბეჭდვის წესი