მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ცხოვრებით და ხელფასით კმაყოფილი მერიის თანამშრომლები და დაცლილი სოფლები შუახევში

02.04.2024 • 8169
ცხოვრებით და ხელფასით კმაყოფილი მერიის თანამშრომლები და დაცლილი სოფლები შუახევში

შუახევში მისასვლელად არც ისე კომფორტული გზის გავლა გიწევთ, დაბაში შესვლა კი დილის 10 საათამდე უნდა მოასწროთ, რადგან შემდეგ გზა იკეტება შუადღემდე.

გზის გარკვეულ მონაკვეთზე კლდე იშლება და ქვათაცვენის გამო, გადაადგილება შეზღუდულია. ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც. მტვრიანი და მოუწესრიგებელია ქუჩების გარკვეული ნაწილი. განსაახლებელია ინფრასტრუქტურა.

ერთადერთი გასართობი ადგილი დაბის ცენტრში, სპორტული მოედანია, სადაც ათეულობით ადამიანს მოუყრია თავი.

აქ ადამიანებს ვკითხეთ, რას ელოდებიან მომავალი არჩევნებისგან, რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად და შეიცვალა თუ არა მათი სოციალური მდგომარეობა ბოლო წლებში.

რევაზ ბერიძე

რევაზ ბერიძე შუახევის დაბაში ცხოვრობს. მისი პატარა, უსახური მაღაზია მტვრიან ქუჩაზეა. წუხს, რომ მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ქუჩა ამ დრომდე ვერ მოაწესრიგეს, ამიტომ მზიან ამინდში ყველაფერი მტვრიანია.

„ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ეს მაღაზიაა. სულ მშიერი არ ვარ და ესაა“, – გვეუბნება ის.

ეკონომიკის დუღილს და წინსვლას, „ქართული ოცნების“ წევრების მსგავსად, ის საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. „რა ეკონომიკა, რის ეკონომიკა… მათთვის კაი მანქანები რომ აქვთ და დაგრიალებენ, ორ-ორი, სამ-სამი ბინები რომ აქვთ, ეს არის ეკონომიკის დუღილი?“ – ამბობს ის.

ის არც არჩევნებისგან ელის დიდი ცვლილებებს.

„ყველაფერი მაინც ზევით, ანუ თბილისში წყდება. აბა მოსახლეობა რაიონში აღარ არის, სოფლები დაცარიელდა და ამომრჩეველი საიდან იქნება აქ.

„ოცნება“ თუ დარჩება, ვიტრიალებთ კიდევ ერთ ადგილზე. არაფერი კეთდება სოფელში. სოციალურით ვითომ ასაქმებენ ხალხს და ეგაა, სხვა არაფერი პერსპექტივა სოფელს არ აქვს.

სიღარიბის გამო მოდიან სოფლიდან. ზოგი ქალაქში, ზოგი უცხოეთში. სოფელში არანაირი სამუშაო, არანაირი გასართობი არ არის. საშუალო სკოლაში 5-6 მოსწავლეა შემორჩენილი.

ჩემი ძმის სახლი ავარიულია, მეწყერმა დააზიანა. მოგვცეს ეკომიგრანტის საბუთი და სხვა რეაგირება არ ყოფილა“, – გვეუბნება რევაზ ბერიძე.

მუხრან დავითაძე

მუხრან დავითაძესაც დაბაში შევხვდით. ის თვითდასაქმებულია. მანქანების ხელოსანია და მისი შემოსავალიც იმაზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა დაკვეთა.

მისი აზრით, ბოლო ათი წელია ხალხისთვის არაფერი შეცვლილა ბაზრის ფასების გარდა.

„ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ „არნახული“ ეკონომიკური ზრდა, იმიტომ რომ პირველივე სხდომაზე ხელფასები დაიმატეს. ჩვენთვის ბაზრის ფასები შეიცვალა მარტო. გაძვირდა ყველაფერი.

მინიმალური რაღაცები კეთდება. მუსიკალური სკოლა, დარბაზი გაგვიკეთეს, სკვერები. თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით არაფერი იცვლება.

ევროპა რომ გვინდა, ევროპაში ჯერ ხელფასები იზრდება და მერე ფასები. აქ პირიქითაა. საკუთარი ოჯახებისთვის ჰყოფნით და გლეხობაზე არავინ ფიქრობს, თუ როგორ იყიდიან გაძვირებულ პროდუქტს“, – ამბობს ის.

მუხრანი არჩევნებზე წასვლას მაინც აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ „თუ არ მივედით, უფრო გაყალბდება“.

„ვისაც მეტი კონტაქტი ექნება ხალხთან, ის იქნება ჩვენთვისაც კარგი. მაგრამ საქართველოში ყველა ბიზნესმენის, ყველა პარლამენტარის მიზანი ისაა, რომ საქართველოში ფული გააკეთონ და საზღვარგარეთ წაიღონ. იმდენი მილიარდერი გვყავს, ყველა აქეთ რომ მოტრიალდეს და რამე გააკეთოს, ეშველება ქვეყანას, მაგრამ მოპარულ ფულს საქართველოში ვერ აჩენენ და ამიტომ მიაქვთ უცხოეთში.

ნივით რომ დადიოდა და მერე ბრაბუსით ჩამომივლის, სად ნახა? ხელფასით ვერ იყიდი მაგას. არც ის უნდა გვიხაროდეს, ვინ მოვა პარლამენტში და ვინ არა, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად იქცევა. თავისთავზე ზრუნავენ და 2%-ი ხალხზე, ისიც არჩევნების პერიოდში“, – ამბობს მუხრანი.

მისი თქმით, არჩევნების წინ ყველა უტკბება ხალხს, თუმცა შემდეგ, ხალხის სასარგებლოდ არაფერს აკეთებს.

„რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყოთ, იმ დონეზე შეგვიკერავენ საუბრებს, რომ ბოლოს მაინც მაგათ ვაძლევთ ხმას. „ამის ბიძაშვილიო“, „იმის ძმაკაცის ძმისშვილიო“ და ასე. ამ უბნიდან რომ აიყვანენ და დაგვისვამენ, როგორ არ მივცე ხმა, როცა მის წინ ვარ გაზრდილი“, – ამბობს მუხრანი.

გამოდის ვიღაცის „დახათრებით აძლევთ ხმას ოცნებას“? – ვკითხეთ მას.

„გამოუვალი მდგომარეობის გამო მიმიცია ხმა. გახათრებს ძმაკაცი, მეზობელი, მაგრამ ჩვენ არავინ გვიდგას შემდეგ გვერდით. ვისაც კარგი რეპუტაცია აქვს რაიონში იმას აყენებენ კანდიდატად, მერე ის მიდის პარლამენტში და ჩვენც ვკარგავთ ამ ადამიანს და ისიც იკარგება“, – გვეუბნება მუხრან დავითაძე.

შუახევის დაბაში ვესაუბრეთ კიდევ ერთ კაცს. პატარა ჯიხურის  წინ კლიენტს ელოდა. „იტალიანო მქვია“ ასე გაგვეცნო. ამბობს, რომ დღეს 1.50 ლარი ივაჭრა მხოლოდ და ასე გაჭირვებით გააქვს თავი.

იტალიანო აბაშიძე

იტალიანო აბაშიძეს ორსართულიანი სახლი ჰქონია, რომელიც მეწყერმა „მიწასთან გაასწორა“.

„კომპენსაცია მომცეს 25 ათასი ლარი, მაგრამ რა უნდა მეყიდა 25 ათასად? „გარაჟს“ იყიდი 25 ათას ლარად ბათუმში?

სამი წყვილი ცოლ-ქმარი ვართ ოჯახში. მეოთხე ბიჭი დასაქორწინებელია და ვერ ქმნის ოჯახს იმის გამო, რომ ბინა არ გვაქვს.

თუ გაძლევს კომპენსაციას, მაშინ მთლიანად უნდა დაგაკმაყოფილოს სახელმწიფომ ხომ? ჩვენი მომხედავი არავინაა“, – ამბობს იტალიანო.

პესიმისტურია მისი საარჩევნო განწყობაც. მისი აზრით, ყველა პარტია საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და საერთოდ არ აინტერესებს ადამიანი.

„ყველას უნდა ეს რბილი სკამი. „ნაციონალებს“ რომ გადააგდებდნენ, ვინმეს ეგონა? მაგრამ ივანიშვილი რომ შემოვიდა, გააერთიანა ყველა. ახლა დანარჩენი პარტიები ერთმანეთში ჩხუბობენ. თუ ოპოზიცია გაერთიანდება იქნება ცვლილებები, მაგრამ არ იზამენ ამას.

ჩვენსავით გაჭირვებული ქვეყანა არ არსებობს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ყველა ჩვენზე უკეთ ცხოვრობს. აქ კორუფციაზეა დამყარებული ქვეყანა“, – გვეუბნება იტალიანო.

დაბა შუახევში ცხოვრებით კმაყოფილებას მხოლოდ ის ადამიანები გამოხატავენ, რომლებიც მერიაში ან სხვა რომელიმე უწყებაში არიან დასაქმებული.

მერაბ დავითაძე

მაგალითად მერაბ დავითაძე კომუნალურ სამსახურშია დასაქმებული, გარე განათების მთავარი ელექტრიკია და კმაყოფილია ცხოვრებითაც.

„მშვიდობიანი ცხოვრება გვაქვს, მშვიდობიანად ვმუშაობთ, მეტი რა გვინდა. ხელი გააქანე, იმუშავე და ყველაფერი იქნება“, – ამბობს ის.

ოფიციალური მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 600 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. მაშინ, როცა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა 3.7 მილიონია. როგორ ფიქრობთ, ეს ხალხი ხელს არ აქანებს? – ვკითხეთ მერაბ დავითაძეს. „თუ იმუშავებ ყველაფერი იქნება“, – იმეორებს ის.

დათო დავითაძე

სიღარიბის და უმუშევრობის ხსენება არ მოეწონა მერიის თანამშრომელს – დათო დავითაძის აზრით, შეკითხვა სიღარიბეზე „პროვოკაციულია“.

„რეალობა შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთან სხვანაირი სიტუაციაა. ეს არის შუახევი, აქ ყველა ბედნიერია და ყველა კმაყოფილია ხელისუფლებისაც, ხალხისაც და სოციალურიდანაც“, – ამბობს ის.

რა აბედნიერებთ შუახევში ადამიანებს? – ვკითხეთ მას. „ერთმანეთი, ალბათ“.

„ჩვენ არაფერზე ვჩხუბობთ. გვაქვს ტურიზმი, ვერთობით. გომარდულია, რიკიხიდი გვაქვს. თითქმის ყველა სოფელში სტადიონი გაკეთდა, მთა ღომაზე ახალი სტადიონი ეწყობა და ვართ ასე“, – ამბობს დათო დავითაძე.

ცხოვრებით და შემოსავლებით კმაყოფილია მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი ფრიდონ დავითაძეც. სიღარიბეში ისიც ხალხს ადანაშაულებს, ისევე როგორც მისი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

ფრიდონ დავითაძე

„ვერ გავამართლებ იმ ადამიანებს, ვინც ემიგრაციაში წავიდა. სიღარიბის გამო მიდის 5-10 პროცენტი, დანარჩენი 80 პროცენტი მიდის გამდიდრების გამო.

მიწის დამუშავება არ უნდათ. ტურიზმის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბევრი პროგრამა არსებობს, დაწერონ პროექტები. ვინც წერს, ყველა ითვისებს“, – ამბობს ფრიდონ დავითაძე.

მისი აზრით, არც რეპეტიტორია ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო, რადგან მის შვილებს, როგორც გვეუბნება, კერძო მასწავლებელი არ დასჭირვებიათ.

„ორივე სწავლობს, ორივე დასაქმებულია“, – ამბობს ფრიდონი.

მაშინ რატომ ჰყავთ მაღალჩინოსნებს თავიანთი შვილები უცხოეთში, რატომ ასწავლიან კერძო სკოლებში? – ვკითხეთ მას. მისი აზრით, საქართველოში განათლებამიღებულები ბევრი მუშაობს მერიაში და „თავსაც მშვენივრად ართმევენ“.

მერიის ჩინოვნიკის აზრით, დღეს გლეხს იმიტომ უჭირს, რომ „ასფალტზე ყოფნა ურჩევნია“, თუმცა რატომ? მიზეზებს არ ხსნის.

„ვეუბნებით გლეხებს, რომ შექმნან კოოპერატივები, მაგრამ არ აქვთ სურვილი. სამწუხაროდ, დღეს გლეხს ურჩევნია ქალაქში დამკვიდრდეს, ჰქონდეს ასფალტზე სიარულის მეტი შესაძლებლობა, ვიდრე შრომით მოიპოვოს სარჩო.

დღეს რომ გლეხს მიწა დარჩება დაუმუშავებელი და სოციალურ დახმარებაზე იქნება მიბმული, ვინ გავამართლო ამ შემთხვევაში?“ – ამბობს ის.

სოფლებში, სადაც „ბათუმელები“ ესაუბრა ხალხს, ყველა ამბობს, რომ მიგრაციის მიზეზი დაუსაქმებლობაა, რომ არ არსებობს ერთი ქარხანაც კი, სადაც ხილს ან თამბაქოს მაინც ჩააბარებენ. თუმცა ფრიდონ დავითაძის აზრით, ესეც ხალხის ბრალია.

„ივანიშვილმა დაუშალა ვინმეს ქარხნის გახსნა? ივანიშვილი ამ ქარხნებს გვპირდებოდა ხალხის შინაგანი მოტივაციის საფუძველზე. ვერც მოტივაცია აჩვენა ხალხმა და ვერც დასაქმების სურვილი“, – ამბობს ის.

ის, მისი დამსაქმებელი პარტიის მსგავსად ხალხის გამდიდრებას ავტომანქანების რაოდენობით ზომავს.

„მაგ სიღარიბის სიაში მყოფი ბევრი ადამიანის სახე ვნახე სტადიონზე, რომლებიც ბრწყინვალედ იყვნენ მოკალათებული და უყურებდნენ თამაშს.

თუ ასეთ სიღარიბეში ვცხოვრობთ, საიდან არის ამდენი მანქანები, საიდან არის ეს რესტორნები გადაჭედილი?“ – გვეუბნება ის.

ფიქრობთ, რომ ის გლეხები, რომლებიც საშოვარზე ჩამოვიდნენ ქალაქში, რესტორნებში სხედან? – ვკითხეთ მას. „საზოგადოება, ხალხის ზის რესტორანში. მარტო გლეხი არ მიგულისხმია“, – გვეუბნება ის.

სამაგიეროდ, თავად არის ხელფასით და მეურნეობით კმაყოფილი. „მე ვარ საჯარო მოხელე, განყოფილების უფროსი და სერიოზული ხელფასი მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ ჩემი პირადი მეურნეობა უსწრებდეს ჩემს ხელფასს. და ვახერხებ კიდეც.

ამიტომ, როცა ამდენი ხეხილი მოუკრეფავია, მიწა დაუმუშავებელი, მგონია, რომ ხელოვნურად არის ეს პრობლემები შექმნილი“.

საჯარო მოხელის ბრალდებებს არ იზიარებენ სოფელ ცინარეთში მცხოვრები ქალები.

ლიანა დარჩიძე

„მოგვცენ სამუშაო და ნახონ თუ ვართ ზარმაცები“, – გვეუბნება ლიანა დარჩიძე. მისი თქმით, სოფელში იმდენი მიწა არ არის, რომ გლეხმა რამე მოიყვანოს და გაყიდოს.

„ერთი თამბაქო იყო, მოგვყავდა კიდეც, როცა ფასი ჰქონდა და იყიდებოდა. მერე შემოიტანეს თამბაქო და აღარ იყიდება ჩვენი. დავრგე შარშან, მოვიყვანე, მაგრამ მიდევს სახლში. ფასი არ აქვს და მომავალ წელს რატომ დავრგავ?“

„ახლა სოციალური პროგრამით დამასაქმეს და გაგვაქვს თავი. სკვერებს ვალაგებ. 700 ლარამდე გამომდის სოციალური დახმარება. შარშან როცა არ მქონდა, ძლივს გავიტანეთ თავი. მშიერი მოვკვდებით, ეს დახმარება რომ არ იყოს“, – გვეუბნება ლიანას მეზობელი, მარინა ზაქარაძე.

მარინა ზაქარაძე

სიღარიბის და უპერსპექტივობის მიუხედავად, ლიანაც და მარინაც კმაყოფილი არიან იმით, რომ „ხელისუფლებამ დაასაქმა“ და შემწეობა აქვს. „ესეც რომ არ იყოს, რა უნდა ვქნათ? მაინც მადლობელი ვართ“, – ამბობს მარინა.

„ჯამეს ვალაგებ და კმაყოფილი ვარ მეც. სხვა რა ვქნათ“, – გვეუბნება ლიანა.

„რომ იყოს წვენების ქარხანა, ან თამბაქო რომ ჩაიბარონ, მაშინ აღარ იქნება გლეხი ამ შემწეობაზე დამოკიდებული, მაგრამ არ ხსნიან არაფერს.

უმუშევრობის გამო ახალგაზრდობა გარბის სოფლიდან. თითო-ოროლა ბავშვია კლასში. ხუთი კლასი აღარ ჰყავთ უკვე.

ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვართ, საქონელსაც ვეღარ ვინახავთ, საძოვრები აღარ გვაქვს“, – დასძენს ლიანა.

ილია ველიაძე

სოფლების დაცარიელების გამო წუხს ილია ველიაძეც. ის სოფელ ლაკლაკეთში ცხოვრობს.

60-70 ოჯახი ცხოვრობდა ერთ დროს, თუმცა ახლა თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. ორ-სამ სახლში თუ დაგხვდება ვინმე. სხვა ყველა წასულია“, – გვეუბნება ის.

სოფლის პატარა სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე დადის და დღეს არც ისინი გამოჩენილან.

„პერსპექტივა არ არსებობს. ხილს არავინ იღებს, თამბაქოს ვეღარ აბარებ. დასაქმება არ არის, როგორ უნდა გააჩერო აქ ახალგაზრდობა? რა გააკეთოს, ყველა წავიდა და დაიცალა სოფელი“.

ილია ველიაძის თქმით, სოფლიდან მასიური მიგრაცია 2015 წლიდან დაიწყო.

„85 წლის კაცი ვარ, მე ვერ მტოვებენ ალბათ თორემ, ჩემი შვილი და რძალიც წავიდოდა აქამდე. ერთი შვილი წასულია. რძალი მასწავლებელია, 1200 ლარი აქვს ხელფასი, მეც პენსიას ვიღებ და ესაა ჩვენი შემოსავალი.

მთავრობა მდიდარია, ხელფასი კარგი აქვთ, ზიან პარლამენტში, გრიალებენ და სხვა არავინ აინტერესებთ“, – ამბობს ის.

გულიკო ართმელაძე

ცინარეთში ცხოვრობს გულიკო ართმელაძე. ისიც სოფლის დაცლაზე წუხს.

„ეს დიდი სახლებიც აშენებულია იმ დროს, როცა თამბაქო მოგვყავდა სოფელში. მძიმე შრომა იყო, მაგრამ ფულიც გვქონდა. ახლა, რამდენმა დარგო, მოიყვანა, მაგრამ რეალიზაციას ვერ აკეთებს და უდევთ სახლში.

მე მგონი ეს სოფელიც დაცარიელდება. ალბათ საზაფხულოდ თუ ამოვა ვინმე“, – გვეუბნება ის.

ლიანა დიასამიძე

ამავე სოფელში ცხოვრობს ლილი დიასამიძეც. „წელს არაფერი გვქონდა, აღარ მოდის. ალბათ კლიმატის ცვლილების ბრალია…

მე ვერ ვგრძნობ, რომ ეს ქვეყანა გამდიდრდა, ჩემს ცხოვრებაზე არ ასახულა“, – ამბობს ლილი.

ივანიშვილზე ფიქრობს, რომ მას მხოლოდ პარტიის მხარდაჭერა ამოძრავებს. „თუმცა მეეჭვება, რომ ხმები მიიღონ. იმედია, იქნება ცვლილება“, – დასძენს ის.

შალვა ბერიძე

შალვა ბერიძე ლაკლაკეთის მცხოვრებია. უკმაყოფილოა მმართველი პარტიის, რადგან წინა არჩევნებზე ბინას დამპირდნენ, მაგრამ მომატყუესო.

„საკრებულოს თავმჯდომარემ, მერმა გამიყვანეს გვერდზე და მითხრეს, „შენ მრავალშვილიანი ხარ, ჩვენ მოგვეცით ხმა და ბათუმში ბინას მოგცემთო. მომატყუეს, არ მომცეს.

ეზოში განათების დაყენება ვთხოვე, არც ეს გამიკეთეს. ნახეთ რა მდგომარეობაშია გზა, არც ეს გააკეთეს. ახლა დარბიან ისევ სოფელში და ხმას ითხოვენ. აქ ჯერ არ მოსულან.

თუ შეასრულებენ იმას, რაც დამპირდნენ, მივცემ ხმას, თუ არადა არა“.

შალვა ბერიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ სახლის გასამაგრებლად 6 ათასი ლარი მისცა, თუმცა ამ ფასად მუშაც კი ვერ ნახა. „ბანკში მიდევს ახლაც ეს თანხა. არც აქვს აზრი გამაგრებას, ისევ მიდის მეწყრული პროცესი. დამხმარე და მომკითხავი კი არავინაა.

ჩემი შვილები ქალაქში ნაქირავებში გადავიდნენ და მე დავრჩი აქ მარტო, მოხუცი კაცი.

აქ, მთავრობა თუ გვყავს, ან აჭარაში რიჟვაძე არსებობს თუ არა, არსად წერია. კანონი თუ არ იკანონებს, არაფერი იქნება“, – მიიჩნევს შალვა ბერიძე.

უკმაყოფილოა ივანიშვილითაც. „თამაშობს, ხალხს აბლაყუნებს. რომელი ქარხანა გახსნა ნეტა და ვინ დაასაქმა? ფულს აკეთებენ და იპარავენ, მეტი არაფერი“, – გვეუბნება ის.

ადამიანების ნაწილი, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების მიუხედავად, ცდილობს საჯაროდ არ ისაუბროს სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან დარწმუნებულია, რომ ამის გამო სოციალურ შემწეობას მოუხსნიან.

„არ დაწეროთ რა, მომიხსნიან სოციალურს“, – ამბობენ ისინი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: