„მეხუთედ მოგვივარდნენ, მუსლიმებს გზა გადაუკეტეს და სალოცავად მოსვლის საშუალებას არ აძლევენ… ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ სიმშვიდეს და კანონით ჩვენთვის მონიჭებული უფლებების დაცვას,“ – ამბობს მერაბ მიქელაძე, ადიგენში მცხოვრები მუსლიმი. მის სახლში მუსლიმები დღეს, 5 აპრილს პარასკევის ლოცვაზე შეიკრიბნენ.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და მართლმადიდებელი სასულიერო პირები საპროტესტო აქციას მერაბ მიქელაძის სახლთან მართავენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მუსლიმების შეკრებას, სადაც ისინი ლოცულობენ. აქციაზე ისმის მუსლიმების შეურაცხყოფა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელსაც იგივე სახლში მუსლიმ თემზე წინა მივარდნის და საჯარო მუქარის შემთხვევები არ გამოუძიებია.
შსს-ს პრესცენტრში დღეს ვერ გვიპასუხეს, დაფიქსირდა თუ არა მუსლიმებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი? მუშაობს პოლიცია მუსლიმების დასაცავად?
„დილის 10 საათიდან იკრიბება იგივე ხალხი, ჩვენ ვემზადებით პარასკევის ლოცვისთვის, იმდენი ვართ შენობის შიგნით, რომ ლოცვას მაინც ჩავატარებთ, მაგრამ ხელისუფლებას თუ ასე ესმის პრობლემის დალაგება, არ ვიცი – ჭიშკართან ამართვინებენ აქციას და ვინც სალოცავად მოდიოდა, მათ გადაუკეტეს გზა,“ – გვიყვება მერაბ მიქელაძე. მისი თქმით, მოლაპარაკებები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან უშედეგოდ დასრულდა.
„ჩვენ 18 დღე ველოდით შედეგს. 2 დღის წინ შეგვხდნენ და გვითხრეს, რომ თუ სალოცავს გამოყოფდა ადგილობრივი ხელისუფლება იჯარეთში, მაშინ ჩემი საკუთრება უნდა გადავცე მუნიციპალიტეტს. ჩვენ არ ვართ ამაზე თანახმა და არც ვიყავით.
ჩვენ აქ არაფერს ვაშავებთ, კანონი გვაძლევს ნებას ვილოცოთ და ღვთისმსახურებას ვეწევით. იმის გამო, რომ კონფლიქტი არ გვინდა, თანახმა ვიყავით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილ შენობაში გველოცა, მაგრამ არა საკუთრების დათმობის ხარჯზე. ეს არ იყო ჩვენი პირობა.
ჩვენი მოთხოვნაა მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნება და იმ უფლებების დაცვა, რაც კანონში წერია. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით და ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ერთი ნაბიჯი ჩვენკენაც გადმოდგან“, – უთხრა მერაბ მიქელაძემ „ბათუმელებს“.
მერაბ მიქელაძის თქმით, მას დღეს, ან წინა დღეებში მუქარის გამო საგამოძიებო ორგანოებიდან არავინ დაჰკავშირებია.
„ბათუმელები“ ამ დრომდე ვერ უკავშირდება ადიგენის მერს.
კადრებში, რომელიც გზის გადაკეტვის შემდეგაა გადაღებული, ჩანს ადიგენში მცხოვრები მუსლიმებისა და პოლიციას შორის დიალოგი. მუსლიმები ეკითხებიან პოლიციას, თუ რატომ არ ეძლევათ ლოცვის და გზაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. პოლიციის წარმომადგენლები შეზღუდვებს უსაფრთხოების მოტივით ხსნიან.
___
ამავე თემაზე:
ხელისუფლება არ იძიებს, რა მოხდა ადიგენში – მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ