მთავარი,სიახლეები

თურქეთის 11 დიდი ქალაქის მერი ქალია – ადგილობრივი არჩევნების შედეგები

02.04.2024 • 3895
თურქეთის 11 დიდი ქალაქის მერი ქალია – ადგილობრივი არჩევნების შედეგები

თურქეთის 11 ქალაქში მერად ქალი აირჩიეს.

31 მარტს, თურქეთის ადგილობრივ არჩევნებზე მისულმა უფრო მეტმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ქალ კანდიდატებს ნდობა, ვიდრე ეს აქამდე ქვეყნის ისტორიაში მომხდარა.

შედეგების მიხედვით, ქვეყნის 81 პროვინციიდან 11 ქალაქში მერად ქალი აირჩიეს.

11 ქალიდან, 10 ოპოზიციური პარტიიდანაა. ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის, CHP-ის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ქალაქებში: თექირდაღი, ედირნე, აფიონკარაჰისარი, ესქიშეჰირი, ბილეჯიკი და აიდინი.

მეორე დიდი ოპოზიციური „სახალხო დემოკრატიის და თანასწორობის პარტიის (DEM Parti)” კანდიდატებმა გაიმარჯვეს დიარბაქირში, ბათმანში, აგრისსა და სირტში.

ქალაქ გაზიანთეფში კი კიდევ ერთხელ აირჩიეს ფატმა შაჰინი, კანდიდატი ერდოღანის „სამართლიანობის და განვითარების-AK“-ის პარტიიდან.

თურქული გამოცემების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მერობის 15 159 კანდიდატიდან 1668 (11 %) იყო ქალი კანდიდატი.

2019 წლის არჩევნებთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი ზრდაა. 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მერობის 8200 კანდიდატიდან მხოლოდ 667, ანუ 8,1 % იყო ქალი.

როგორ შეძლეს ქალებმა თურქეთში, ყველაზე რთული და ყველაზე კონსერვატორული ქალაქების მერები გამხდარიყვნენ. „ბათუმელები“ ამის შესახებ მკვლევარ სანდრო ბაკურაძეს ესაუბრა.

  •  თურქეთის 11 დიდი ქალაქის მერი ქალია – ასეთია ადგილობრივი არჩევნების შედეგი. ეს ისტორიული ფაქტია. რამდენად მონაწილეობდნენ აქამდე ქალები ადგილობრივ პოლიტიკაში და როგორ დადგა ეს შედეგი თურქეთში?

თურქეთის პოლიტიკაში ქალების მონაწილეობა მართალია იმ პერიოდიდან იწყება. როდესაც მუსტაფა ქემალ ათათურქმა ქალებს არჩევნებში მონაწილეობის და კენჭისყრის უფლება მისცა, მაგრამ რეალურად 90-იანებიდან ხდება ნორმა. მანამდე უფრო გამონაკლისი შემთხვევები იყო. ქალი პრემიერ-მინისტრიც ჰყავდა თურქეთს. მართალია თანსუ ჩილერი, როგორც პრემიერ-მინისტრი ძალიან პრობლემური ფიგურა იყო, მაგრამ ეს ყველაფერი დასავლეთში დაივიწყეს, რადგან თანსუ ჩილერი ქალი იყო.

თანსუ ჩილერის ფაქტორმა ქალებისთვისაც გახსნა პოლიტიკური ასპარეზი თურქეთში. თურქეთში ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა ნორმალიზებულია და ქალი მინისტრი ან ქალაქის მერი, ჩვეულებრივი მოვლენაა.

ერდოღანმა, გეზი პარკის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, საზოგადოების ისლამიზაციის და კონსერვატიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. კაბინეტში ქალებისთვის მარტო ერთადერთი კვოტა აქვს გამოყოფილი – ოჯახის სამინისტრო. ამის მიუხედავად, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის ნორმალიზების ფაქტორი არსად არ წასულა.

პირველ რიგში ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოიყენა ოპოზიციამ და ხელისუფლების თავსმოხვეულ კონსერვატიზაციას ძალიან კარგად დაუპირისპირდა.

სანდრო ბაკურაძე, თურქეთის მკვლევარი

  • საერთო გამარჯვებაში ცალკე გამოყოფენ ბათმანის მერის გამარჯვებას. რამდენად ძლიერი კანდიდატი იყო გულუსთან სონუქი და რატომ არის არჩევნებში მისი გამარჯვება ასე მნიშვნელოვანი?

ბათმანი ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ ქალის გამარჯვება არსებულ კონტექსტში გამართულ არჩევნებში, თან ისეთი ქალის, რომელიც ქურთული და ფემინისტური მოძრაობიდან მოდიოდა, სიმბოლური იყო, პირველ რიგში, ქალაქ ბათმანის წარსულის, შემდეგ კი მისი პოლიტიკური და სოციალური ბეგრაუნდის გამო. ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი კანდიდატების გამოც.

ბათმანი არის ქალაქი, რომელიც 90-იანებში ქურთისტანის ჰეზბოლას ცენტრი იყო. არაერთი პოლიტიკური მკვლელობის კერა.

როდესაც ჰეზბოლას გავლენა ჩაცხრა, თურქულ მედიაში ბათმანი ცნობილი იყო ქალების თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით.

რაც შეეხება ქალი კანდიდატის მერად არჩევას.

ქურთულ მოძრაობას და მის ბოლო რეინკერნაციას, „ხალხთა დემოკრატიისა და თანასწორობის პარტიას“, რომელსაც გულუსთან სონუქი წარმოადგენდა, აქვს თანათავმჯდომარეობის სისტემა. ანუ მერიას უნდა მართავდეს ერთი ქალი და ერთი კაცი, როგორც თანათავმჯდომარეები.

არჩევნებში ბათმანში ყველაზე ძლიერ კანდიდატად მოიაზრებოდა ქურთისტანის ჰეზბოლას პოლიტიკური ფრთის HÜDA-PAR-ის კანდიდატი, რეგიონის გავლენიანი ქურთული რამანის კლანის წევრი და მეჯლისის დეპუტატი სერქან რამანლი.

რამანის კლანი ბათმანის მუნიციპალიტეტის არსებობიდან 1980 წლამდე ფაქტობრივად შეუცვლელად მართავდა ამ ქალაქს, ვინაიდან მათ გარდა ვერცერთი დამოუკიდებელი კანდიდატი თუ სხვა კლანის წევრი გამარჯვებას ვერ ახერხებდა.

სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი იყო ადგილობრივი სასულიერო წოდების ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც ასევე დაახლოებული იყო ადგილობრივ რადიკალურ ისლამისტურ წრეებთან.

„ხალხთა დემოკრატიისა და თანასწორობის პარტიის“ კანდიდატის, გულუსთან სონუქის გამარჯვება ასეთ კანდიდატებთან, თან დიდი უპირატესობით გამარჯვება, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გულუსთან სონუქის მამაკაცი თანაკანდიდატი, სერქან რამანლისთან პოლიტიკურად მიუღებელი კავშირების გამო, საარჩევნო პროცესიდან ჩახსნეს და პარტიიდანაც გარიცხეს.

სონუქის თანაკანდიდატი რამანლისთან ერთად დააფიქსირეს, რამაც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქალაქში, რომელშიც 90-იანებში ჰეზბოლას ჩადენილი დანაშაულები მოსახლეობას ისევ ახსოვს.

გულუსთან სონუქის გამარჯვება იმიტომაა სიმბოლური, რომ მან დაამარცხა როგორც მმართველი პარტიის კანდიდატი, ისე ჰეზბოლას კანდიდატი. ორივე მათგანი ქურთული საზოგადოების ყველაზე რეაქციულ წრეებს წარმოადგენდა.

გულუსთან სონუქი, ბათმანის მერი

  • თქვენი აზრით, მარტო ჰეზბოლას მიუღებლობის ფაქტორი იყო გულუსთან სონუქის გამარჯვება, თუ იყო სხვა რამეც, რაც დაეხმარა პოლიტიკოს ქალს ამომრჩევლის მიმხრობაში?

გულუსთან სონუქი ქურთული მოძრაობის ახალ თაობას მიეკუთვნება. პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ქურთული მოძრაობისადმი განხორციელებულმა უწყვეტმა რეპრესიებმა და იმან, რომ ქურთული მოძრაობა დღეს რეგიონებში მასობრივ მოძრაობას წარმოადგენს, ოპოზიციურ პარტიას საშუალება მისცა, მუდმივად განეახლებინა თავისი კადრები.

თან მასობრივმა რეპრესიებმა გამოიწვია ის, რომ ერთი მხრივ არ შეიქმნა სტატუსკვოს მომხრე პარლამენტარები და თვითკმაყოფილი კორუმპირებული ელიტა. ამან ადგილობრივ ორგანიზაციებში ხელი შეუწყო ეფექტური და გავლენიანი ფიგურების წინა პლანზე გამოსვლას.

გულუსთან სონუქს აქვს პოლიტიკური წარსული და მიეკუთვნება ქურთული მოძრაობის ახალი თაობის პოლიტიკოსებს, რომლებიც საკუთარი ნიჭის და მონდომების საფუძველზე გადმოვიდნენ წინა პლანზე. მას შემდეგ, რაც პარტიის ერთჯერადი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ან ციხეში აღმოჩნდა ან იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.

  • ალბათ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთის ქურთისტანის დედაქალაქად მიჩნეული დიარბაქირის მერიც ქალია…

ძალიან საინტერესო ფიგურაა დიარბაქირის მერი აიშე სერა ბუჯაკ კუჩუკი. ის მოდის ქურთული მოძრაობის ძალიან გავლენიანი ოჯახიდან. ბაბუამისი იყო თანამედროვე ქურთული მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელიც დღემდე გაუხსნელი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

ამავე დროს მას განათლება აქვს მიღებული გერმანიაში. საკმაოდ პროგრესული შეხედულებებით გამოირჩევა. მიუხედავად თურქეთში ხელისუფლების მიერ თავსმოხვეული კონსერვატიული შეხედულებებისა [მაგალითად, ქვიარ თემის დამცველი ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს და ა.შ.] ეს ასე რომ არ არის, ამის ნათელი მაგალითია სწორედ დიარბაქირის მერი. მას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ყოველთვის ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა.

  • 2019 წელს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მხოლოდ 8,1 % იყო ქალი. 2024 წელს ეს მონაცემი 11%-მდე გაიზარდა. ამ ზრდას რა საფუძველი აქვს? როგორ მოახერხეს ქალებმა თურქეთში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა?

პირველ რიგში, ეს არის ურბანიზაციის დამსახურება და შექმნილი ეკონომიკური პირობების. ურბანიზაციამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა ქალაქებში, გამოიწვია ის, რომ ბევრი ისეთი კაცი, რომელიც სასოფლო არეალში ცოლს მუშაობის უფლებას არ მისცემდა, იძულებული გახდა, რომ თავისი ცოლისა და ქალიშვილებისათვის მუშაობის უფლება მიეცა, ვინაიდან ერთი ხელფასით ქალაქის პირობებში ცხოვრება იყო შეუძლებელი.

ქალების სოციალიზაციამ მოიტანა ავტომატურად მათი პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილიც და, შესაბამისად, ამას მოჰყვა ქალების უფრო მეტი ჩართვა პოლიტიკაში.

მეორე ფაქტორია ის, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები კარგად ხვდებიან, რომ რეალურად თურქული საზოგადოება არც ისეთი კონსერვატორია, როგორც ეს სტერეოტიპებშია.

რეალურად ძალიან ბევრ შემთხვევაში მთავარია კანდიდატი როგორი ტიპი იქნება და არა ის, ქალი იქნება, კაცი, ალევიტი თუ სუნიტი. მთავარია, ჰქონდეს კომუნიკაციის უნარი და ტოვებდეს ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელსაც მუშაობა შეეძლება. ანუ თურქი ამომრჩეველი მიუხედავად სტერეოტიპებისა, პრაგმატულია.

მაგალითად, ყბადაღებული – თურქეთში მოსახლეობის 60 % მემარჯვენეა და ვინც ამას არ გაითვალისწინებს, წააგებს, ეს არის სტერეოტიპი. ვინც ამას არ გაითვალისწინებს, წააგებს.

ამომრჩეველი ძალიან პრაგმატულია და არა იდეოლოგიური.

  • 11 ქალიდან მხოლოდ ერთია სახელისუფლებო პარტიიდან. 10 დიდი ქალაქის ქალი მერი, ოპოზიციონერია. ერთია მოიგო ხელისუფლების მხარდაჭერით, სულ სხვაა ოპოზიციური ფლანგიდან გახდე ქალაქის მერი, როცა ქალი ხარ. რაზე მიანიშნებს ეს?

ოპოზიციურ პარტიებს ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ. წინა არჩევნებში ორი დიდი ოპოზიციური პარტიიდან ამდენი ქალი არ იყო ჩართული. ამას ჰქონდა მიზეზები. მაგალითად, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მაშინდელი ლიდერები თვლიდნენ – უნდა ებრძოლათ კონსერვატიული პოლიტიკის გატარებით. ამიტომ, ძალიან ბევრ ადგილას ქალი კანდიდატის წარდგენისგან თავს იკავებდნენ.

პარტიის შიგნით მომხდარი ცვლილებების შედეგად, ახალმა ლიდერებმა გადაწყვიტეს – მთავარია კანდიდატი იყოს კარგი. არაა მნიშვნელოვანი ქალი იქნება თუ კაცი.

ამ ფაქტორმა იმუშავა.

  • რა ცვლილებებს მოუტანს თურქეთს და რა გავლენას მოახდენს თურქულ საშინაო პოლიტიკაზე ოპოზიციის მსგავსი გამარჯვება. იგივე, ქალების ამ დოზით მერებად არჩევა, რა დადებით გავლენას მოახდენს ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე?

ეს მარტო ქალების პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებული შეკითხვა არ არის.

ამჯერად ქურთებით დასახლებული რეგიონში – ვანში, ბრძანების შესაბამისად, ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ხალხთა დემოკრატიის და თანასწორობის პარტიის კანდიდატის, ვანის მერად არჩეული აბდულლაჰ ზეიდანის არჩევის უფლება არჩევნების წინა დღეს, არასაჯარო ფორმით გააუქმა, ხოლო უკვე დღეს, ვანის მერად ხელისუფლების დამარცხებული კანდიდატი გამოაცხადა.

თუკი ოპოზიცია, პირველ რიგში ექრემ იმამოღლუს და ოზგურ ოზელის მეთაურობით, სათანადო რეაქციას არ გამოავლენს და ამ გამოცდას თავს ვერ გაართმევს, ის უკვე წინდაწინ დაკარგავს ქურთების მხარდაჭერას. ქურთების მხარდაჭერის გარეშე კი თურქეთის პრეზიდენტი ვერავინ გახდება.

ის თეზისი, რომელსაც მერალ აქშენერი ენდო, რომ წინა არჩევნებზე „თურქეთის არჩევნების ბედი ნაციონალისტებმა გადაწყვიტეს“ 31 მარტს გამართულ არჩევნებში სასტიკად არ გამართლდა. რეალურად ქურთები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ძალაა.

გამოჩნდა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც დოგმატურად თურქ ნაციონალისტად იყო მიჩნეული, რეალურად, პირველ რიგში, ოპოზიციონერია, მეორე რიგში კი პრაგმატული.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების ბედს ქურთები წყვეტენ. თუკი ოპოზიციას მომავალ არჩევნებში ერდოღანის დამარცხება სურს, ეს უნდა გაითვალისწინოს.

ვანთან დაკავშირებულ გამოცდას, როგორ ჩააბარებს თურქეთის ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, ნებისმიერი სახის ცვლილების – ქალების პოლიტიკაში მონაწილეობიდან და ერდოღანის პარტიის კულტურული პარადიგმების მსხვრევამდე ან ზოგადად თურქეთის დემოკრატიზაციამდე, მაგაზეა დამოკიდებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: