ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე საუბარი გვიჭირს და ხშირად ამის მიზეზი ის ძლიერი ემოციებია, რასაც პრობლემასთან დაკავშირებით განვიცდით. ეს შეიძლება იყოს მომხდართან დაკავშირებული დანაშაულის გრძნობა, სირცხვილის გრძნობა – თუ როგორ გამოვჩნდებით ჩვენი გაჭირვების გაზიარების შემდეგ, რომელიც ხშირად მხოლოდ ჩვენი, უნიკალური გამოცდილება გვგონია. ზოგჯერ მიზეზი ოჯახია, რომელიც სხვის თვალში რეპუტაციის შერყევას უფრთხილდება.
ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს რომ მიზეზია კულტურაც, რომელიც პირად პრობლემებზე საუბარსა და ძლიერი ემოციების გამოხატვას ადამიანის სისუსტედ თარგმნის. ფსიქოლოგი „ბათუმელებთან“ განმარტავს, რატომ არის აუცილებელი ჩვენს პრობლემებზე საუბარი და და როგორ შევძლოთ ეს.
- რაში გვეხმარება საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკი?
ლაპარაკი არ ნიშნავს უბრალოდ „ლაპარაკს“. ლაპარაკის დროს ხდება ჩვენს ტვინში ტრავმული ინფორმაციის გადამუშავება, გადამუშავება კი ნიშნავს მონელებას; აი, როგორც საჭმლის მონელებისას ხდება მისგან გათავისუფლება და მერე გამოშვება ორგანიზმიდან, ზუსტად ასე ხდება გამოცდილებისგან მიღებული ემოციური მდგომარეობის გადამუშავება.
როდესაც იწყება პრობლემაზე ლაპარაკი, პროცესში ერთვება ტვინის, ასე ვთქვათ ნარატიული ნაწილი, რომელიც ამ გამოცდილებას სახელს არქმევს. როცა სახელს არ ან ვერ არქმევ შენს გამოცდილებას, მაშინ ვერ აკონტროლებ, როცა რაღაცას სახელი დაარქვი, ესე იგი უკვე დაიმორჩილე ის.
ხშირად არის კიდევ ასეთი რაღაც, რაიმე სტრესული თუ მოხდა ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანს უნდა, რომ ბევრჯერ ილაპარაკოს ამის შესახებ, ბევრჯერ გააზიაროს, ბევრჯერ მოჰყვეს – და უნდა მოჰყვეს! ესე იგი ეს მას სჭირდება იმისთვის, რომ დაიცალოს ემოციებისგან, გამოხატოს ემოციები ლაპარაკში.
ზოგი ამ თემაზე ხატავდეს შეიძლება და ასე ამუშავებდეს ამ ინფორმაციას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საკუთარ თავს მოასმენინოს თავისივე ნათქვამი.
კალიფორნიის უნივერსიტეტის 2019 წელს ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ საკუთარი გრძნობების სიტყვებით გამოხატვას – პროცესს, რომელსაც ჰქვია „განცდის სახელდება“, – შეუძლია საწყენ მოვლენებთან შეჯახებისას შეამციროს ამიგდალას [ტვინის მცირე ნაწილი, რომელიც ემოციების გადამუშავების მთავარი ცენტრია] პასუხი. ასე, დროთა განმავლობაში, თქვენ უფრო ნაკლებად ინერვიულებთ იმაზე, რაც გაწუხებთ. მაგალითად, მანქანაში ჩაჯდომა შეიძლება ემოციურად ძალიან გაგიჭირდეთ, მაგრამ როდესაც თქვენ ამ გამოცდილებაზე საუბრობთ, ამუშავებთ მომხდარს, თქვენ შეგიძლიათ მანქანაში დაბრუნდეთ ისე, რომ იგივე ემოციური რეაქცია არ დაგატყდეთ თავს.
New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: როდესაც თქვენ განიცდით ძალიან მძაფრ გრძნობებს – განსაკუთრებით შიშს, აგრესიას ან შფოთვას – ყველაფერს მართავს ამიგდალა. ეს არის ტვინის ის ნაწილი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ამუშავებს თქვენს „შეებრძოლე ან გაიქეცის“ პასუხს. ამიგდალას და მთლიანად თქვენი ლიმბური სისტემის ამოცანაა გაარკვიოს, არის თუ არა რაიმე საფრთხე, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ამ საფრთხეზე რეაგირება და შეინახოს ინფორმაცია თქვენს მეხსიერებაში, რათა მოგვიანებით ამოიცნოთ საფრთხე. როდესაც სტრესის ქვეშ ხართ ხართ, თქვენი ტვინის ამ ნაწილს შეუძლია აიღოს კონტროლი და გამოტოვოს უფრო ლოგიკური აზროვნების პროცესებიც კი.
- გარდა იმისა, რომ ადამიანებს უჭირთ საკუთარ პრობლემებსა და ცუდად ყოფნაზე საუბარი, ზოგჯერ ოჯახის სახელის გაფუჭების შიშის გამოც ჩუმდებიან, განსაკუთრებით, როცა საქმე მენტალურ ჯანმრთელობას ან ადიქციას ეხება. კიდევ რა განაპირობებს ამ დუმილს?
სამწუხაროდ ბევრი რამ განაპირობებს ამას, მათ შორის კულტურა, რომელიც მაგალითად გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ ძლიერები და ეს სიძლიერე ასოცირებულია არ ლაპარაკთან, რომ საკუთარ პრობლემებს უნდა გაუმკლავდე ლაპარაკის და გახმოვანების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არასწორია.
ლაპარაკი და პრობლემის აღიარება არ ნიშნავს, რომ სუსტი ვარ, სისუსტეზე არც ის მიანიშნებს, თუ რაღაცას ვერ ვუმკლავდებით.
ადამიანები არასდროს ცხოვრობდნენ მარტო, არასდროს უმკლავდებოდნენ პრობლემებს მარტო, თუნდაც პირველყოფილი ადამიანები, ისინი პრობლემებსა და გამოწვევებს ყოველთვის უმკლავდებოდნენ ერთად. რაღაც მხრივ შეიძლება მედიაკულტურის/პოპკულტურის ბრალიც არის, რადგან ხშირად ხდება დღეს იმაზე აპელირება, რომ ცალკე ინდივიდები ვართ, დამოუკიდებლები ვართ … მოკლედ, ვითხოვთ ადამიანებისგან იმაზე მეტს, ვიდრე ადამიანს შეუძლია.
სტრესის დროს სპეციალურად ისეთი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა იქმნება ორგანიზმში, რომ მისთვის სასიცოცხლოდ, ჰაერივით მნიშვნელოვანია მეორე ადამიანი, თუნდაც ფიზიკურად რომ ჩავეხუტოთ მეორე ადამიანს, ან გავუზიაროთ ჩვენი პრობლემები.
მარტივი მაგალითით რომ ავხსნათ, ადამიანს როცა უჭირს – ტირის. და რატომ ტირის? იმიტომ, რომ ვიღაცამ გაიგოს მისი ტირილი, მოვიდეს და დაეხმაროს. ბავშვი იმიტომ ტირის, რომ უჭირს, მშობლებს ანიშნებს – მცივა, მცხელა, გამომიცვალე… ანუ ტყუილად არ ტირის, მაგრამ მერე რატომღაც ვუკრძალავთ და არ ვაცლით ამ ტირილს მოზარდებს, ზრდასრულებს; ფაქტობრივად ამით ვეუბნებით და ვასწავლით – „შენით მოაგვარე“.
- პრობლემის ვერ გადამუშავების გარდა, კიდევ რა ზიანის მომტანია პრობლემებზე დუმილი?
როცა სხვადასხვა მიზეზებით ვერ ხერხდება პრობლემის აღიარება, როცა სირცხვილის განცდას იწვევს ამ პრობლემის არსებობა საკუთარ თავში, მაგრამ თან ეს პრობლემა არსად მიდის და რჩება, მაშინ ადამიანი იწყებს გამკლავებისთვის ალტერნატიული გზების ძიებას. ასეთ დროს სხეული გვკარნახობს, რომ რაღაც გავაკეთოთ და ხშირად ეს არის გამკლავების არა ადაპტური, არასწორი გზები [თვითდესტრუქციული მეთოდები], მათ შორის ალკოჰოლის და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება, ქცევით დამოკიდებულებებში გადაშვება, როგორიცაა მოჭარბებულად აზარტული თამაშებისა და კომპიუტერული თამაშების მოხმარება, სხეულის დაზიანება და სუიციდის მცდელობები.
- როგორ შევუწყოთ ხელი საკუთარი თავის და ერთმანეთის ალაპარაკებას, როგორ შევქმნათ სალაპარაკო სივრცე ერთმანეთთან?
ლაპარაკი მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვა ადამიანთან. მნიშვნელოვანია, რომ გავაზიაროთ ჩვენი არსებული წუხილები და ემოციური ტკივილები ისეთ ადამიანთან, ვისთანაც თავს დაცულად ვგრძნობთ, ვისთანაც არ გვეშინია „გაშიშვლება“.
თუ ასეთი ადამიანი არ გვყავს გარშემო, შეგვიძლია მივმართოთ შესაბამის სპეციალისტებს და თუ ამის ფინანსური რესურსიც არა გვაქვს, მაშინ საჭიროა საკუთარ თავთან დიალოგის დაწყება. ეს შესაძლებელია როგორც წერილობით, ასევე ვოკალურ ან სხვა ფორმატებშიც. თითოეული ადამიანი საკუთარ თავში ბევრ „მე“–ს აერთიანებს, ზოგიერთი მათგანი ხანდახან ემოციურ იარებს ატარებს და უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ჭრილობების მოშუშება იწყება საკუთარი თავისა და სხვების ემპათიური მოსმენითა და მიღებით, ყოველგვარი შეფასებისა და განსჯის გარეშე.
ამავე თემაზე:
რა სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის დღიურის წერას – ინტერვიუ