სიახლეები

„ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს. არჩევანი არ გვაქვს“ – ნანა მალაშხია

04.04.2024 • 3816
„ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს. არჩევანი არ გვაქვს“ – ნანა მალაშხია

გასული წლის მარტში ხალხის პროტესტის შედეგად ხელისუფლებამ უკან დაიხია და გაიწვია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დაერეგისტრირებინათ. კანონპროექტის მიზანი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინება, დასუსტება და სამოქალაქო საზოგადოებისგან მარგინალიზაცია იყო.

ერთი წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ უკან აბრუნებს იმავე კანონპროექტს – ამჯერად რუსულ კანონს ჰქვია „კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ და მას ამჯერადაც იგივე მიზანი აქვს რაც 2023 წელს ჰქონდა.

ნანა მალაშხია 2023 წლის მარტის აქციაზე. ფოტო: ზურაბ ქურციკიძე, ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

48 წლის ნანა მალაშხია 2023 წლის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მთავარი სიმბოლო იყო – ქალი ევროკავშირის დროშით. კადრებმა, როგორ იდგა ნანა პარლამენტთან, ღამით აქციაზე ევროკავშირის დროშით სპეცრაზმის ჭავლის პირისპირ, როგორ მიეშველნენ მას აქციის სხვა მონაწილეები, ჭავლს რომ არ წაექცია, მსოფლიოს მედიები და სოციალური ქსელები მოიარა.

ნანა მაშინაც საჯარო უწყებაში მუშაობდა და დღემდე ამავე უწყებაში რჩება. მიაჩნია,რომ სწორედ ამ ნიშნითა მნიშვნელოვანი ილაპარაკოს ხმამაღლა და გააპროტესტოს ის, რაც არ მოსწონს.

რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის უკან დაბრუნება, ახლა როგორ უნდა იმოქმედოს საზოგადოებამ, რაში სჭირდებოდა მმართველ ძალას იმ კანონის უკან დაბრუნება, რომელიც თავად გაიწვია უკან ერთი წლის წინ, რა მიზანი აქვს ამჯერად ხელისუფლებას? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვებით მიმართა ნანა მალაშხიას.

ნანა მალაშხია: „ხელისუფლების პირდაპირი სამიზნეა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, მედია. დემოკრატიის ის ხარისხი, რაც ჯერ კიდევ გვაქვს შენარჩუნებული, არის სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის დამსახურება. მათი უდიდესი წვლილია ამაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლება ავიწროებს მედიას და თავს ესხმის, რადგან მედია აშუქებს დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ლაპარაკობს ქვეყნის გამოწვევებზე, აჟღერებს ხალხის სატკივარს.

ხელისუფლებას სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებს, უწოდოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი აგენტები. აბსოლუტურად არ ცვლის წინა კანონის შინაარსს ეს ცვლილება და ამ კანონის მიღების შემდეგ საერთოდ აღარ იარსებებს თავისუფალი სიტყვა, როგორც ეს მოხდა რუსეთში 2012 წელს ამ კანონის მიღების შემდეგ და ჩვენ ვიცით, რა ხდება რუსეთში, როგორ კლავენ ჟურნალისტებს და არ არსებობს სიტყვის თავისუფლება.

შეიძლება დღეს ეს ვიღაცას არარეალურად მოეჩვენოს, რუსეთშიც არარეალურად ეჩვენებოდათ თავის დროზე და ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.

ამ კანონით ხელისუფლებას სურს ჯერ აგენტების იარლიყი მიაკრას არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებს და შემდეგ დაიქვემდებაროს და დაადუმოს თავისუფალი სიტყვა საქართველოში.

ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს. არჩევანი არ გვაქვს და სტატუსშიც დავწერე დღეს, რომ ავირჩევთ რუსეთს და ვხდებით რუსეთის უკანა ეზო ან ვიბრძვით და ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს არჩევანს, ჩვენს ევროპულ გზას. ეს არის პასუხი.

მართალი გითხრათ, არ გამკვირვებია „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის” ხელახალი ინიცირება. დღეს ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ძალა, რომლის ნდობაც არ შეიძლება.

ალბათ ყველას გვახსოვს, როგორ შეგვპირდნენ პროპორციულ არჩევნებს და როგორ ჩააგდეს 2020 წელს ე.წ. „ამბოხებულმა” მაჟორიტარმა დეპუტატებმა, გვახსოვს როგორ დატოვეს შარლ მიშელის შუამავლობით შედგენილი შეთანხმება.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რატომ არ არიან სანდოები.

„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, მიზანმიმართულად აზიანებს ევროინტეგრაციას, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ჩვენი ეროვნული იდეაა, ისინი კი რუსულ ორბიტაზე გვაბრუნებენ.

ჩვენი თვითმიზანი არაა კანდიდატის სტატუსი, რომელიც პირველ რიგში ქართველი ხალხის, ასევე, გმირი უკრაინელი ხალხის დამსახურებით და გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მივიღეთ. აქვე გავიხსენოთ ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა 2024 წლამდე არც სურდა. მათ ჩვენი მოქალაქეების პროტესტისა და ერთსულოვნების შემდეგ დაიხიეს უკან.

რომ არა ჩვენი, ხალხის პროტესტი და ერთსულოვნება შარშან მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი.

როგორც აღვნიშნე, ჩვენი თვითმიზანი არაა კანდიდატის სტატუსი, გვჭირდება წინსვლა, რისთვისაც უნდა შესრულდეს ევროკავშირის 9 მოთხოვნა. ამ ნაბიჯების შემდეგ გადავალთ მომდევნო ეტაპზე, მაგრამ დღეს ნათელია, რომ ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს ამ მოთხოვნების შესრულებას, ანუ უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე.

როდესაც ჩვენ ვამბობთ „არა რუსულ კანონს“, დღეს ეს ნიშნავს „არა რუსულ მთავრობას“!

და ბოლოს, ვერავითარი შიდა საფრთხე, ხელისუფლების სახით და გარე საფრთხე ვერ წაგვართმევს ჩვენს ისტორიულ არჩევანს. გუშინ ლაშა ბაქრაძემ გაიხსენა მარო მაყაშვილის უკანასკნელი წერილის ბოლო სიტყვები და ამით დავასრულებ მეც – „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: