მეგი დიასამიძე 22 წლის ახალგაზრდაა შუახევიდან, რომელიც შარშან, 2023 წელს, აქტიურად აპროტესტებდა “რუსული კანონის” მიღების პირველ მცდელობას საქართველოში. მეგი მონაწილეობდა მარტის აქციებშიც სხვა ბევრ ახალგაზრდასთან ერთად.
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი წელს ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. მეგის ვკითხეთ, კიდევ თუ აპირებენ ის და მისი მეგობრები გაპროტესტებას.
- მეგი, რა უნდა გააკეთოს ხალხმა, ვინც ერთი წლის წინ ამ კანონის გამო ძალიან იყო გაბრაზებული. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესში საკუთარ თავს?
პირველ რიგში, დღეს რაც ხდება, თუნდაც ამ რუსული კანონის ხელახლა შემოტრიალებამ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა და მივხვდი, რომ „ქართული ოცნება“ არის ყველაზე არასანდო ხელისუფლება ჩვენთვის და ყველანაირად ცდილობს, ებრძოლოს საკუთარ საზოგადოებას.
„რუსულ კანონს“ უწოდებენ „გამჭვირვალობის“ კანონს, ეს არის ტყუილი. ამიტომ, როგორც გასულ წელს, მარტის აქციებისას [რომელიც ფაქტობრივად სიმბოლურია საზოგადოებისთვის, ქართველ ხალხს მიგვაჩნდა, რომ გავიმარჯვეთ, რადგან რუსული კანონი უკან გავაწვევინეთ] დღესაც ანალოგიურად უნდა დავიწყოთ ბრძოლა.
სიმართლე გითხრათ, მე რასაც ვაკვირდებოდი, აღარ მეგონა, რომ „რუსულ კანონს“ შემოატრიალებდა „ქართული ოცნება“, რადგან საქართველოს მოსახლეობისგან პასუხი მიიღო. ჩვენ ვთქვით, რომ არ გვინდა რუსეთი, გვინდა ევროპა.
დღეს მე, როგორც მოქალაქე, ყველანაირად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ვიდგე იქ, სადაც საჭიროა და გავაკეთო ის, რაც საჭიროა.
ახლა საჭიროა პროტესტი და მოქმედება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ.
მუხტი, რომელიც გადაედება სხვა მოქალაქეებსაც და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოდის ინდივიდუალური პასუხისმგებლობისგან, ისევ გასცემს პასუხს საქართველოს ხელისუფლებას, ღიად პრორუსულ „ქართულ ოცნებას“.
- როგორ ფიქრობთ, თქვენ, როგორც ახალგაზრდას, რა საფრთხეებს შეგიქმნით ამ კანონის მიღება?
ჩემთან მიმართებაში ბევრ საფრთხეს ვხედავ.
მაგალითად, მე მინდა საზღვარგარეთ სწავლა, პროფესიის მიღება. შესაძლოა ახლო მომავალში დავსაქმდე არასამთავრობო ორგანიზაციაში. ეს კანონი, რომელიც უცხოური გავლენის აგენტებად აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ მათ წარმომადგენლებს, საფრთხეს შეუქმნის ჩემი გამოხატვის თავისუფლებას.
არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ თავი დავანებოთ, მოქალაქე რომ ვიტყვი, მინდა ევროპა და არ მინდა რუსეთი და გავაკრიტიკებ ხელისუფლებას პრორუსულობის გამო, ამისთვისაც კი შეუძლიათ მათ რაღაც მომენტში მიწოდონ უცხოური გავლენის აგენტი, აქტიურ მოქალაქეს, რომელსაც უნდა ევროკავშირში ყოფნა.
ეს კანონი, რომლის მიღებასაც ცდილობს „ქართული ოცნება“, გამოხატვის უფლებას შეუშლის ხელს და ეს პირდაპირ მეხება მე, როგორც მოქალაქეს.
ესენი, სანამ ჩვენი ბრძოლის მაქსიმუმს არ ვაჩვენებთ, არსად წასვლას არ აპირებენ.
- თქვენი აზრით, როგორ და რამდენად უქმნის საფრთხეს „რუსული კანონი“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს?
პირველ რიგში ეროვნული ინტეგრაციის პროცესს უქმნის საფრთხეს და ეს ძალიან საშიშია, იმიტომ, რომ ევროპული ინტეგრაცია მოითხოვს დემოკრატიის მაღალ ინდექსს, გამოხატვის თავისუფლებას, ქვიარ ადამიანების თავისუფლებას. „რუსული კანონი“ ყველა ჭრილში სწორედ ევროპული ინტეგრაციის პროცესს უშლის ხელს, იმიტომ, რომ ევროკავშირი მოითხოვს თავისუფალ საზოგადოებას, მოითხოვს საუბარს პრობლემებზე, რასაც „რუსული კანონი“ [თავისი შინაარსით] ეწინააღმდეგება.
საზოგადოებას, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულია და ჩვენ არ გვინდა რუსეთი, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში ამაზე საუბარიც კი საფრთხეს შეუქმნის, იმიტომ, რომ პირდაპირი დაშინება წავა ადამიანების ამ კანონის მიღების შემდეგ.
ეს კანონი არ უნდა მივიღოთ, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
- ვიცით, რომ მსგავსმა კანონმა რუსეთში გააქრო სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტები თუ სხვა. ამ კანონის მიღება გააქრობს თუ არა კრიტიკულ მედიას და არასამთავრობოებს ჩვენთან და როგორ ქვეყანა დაგვრჩება კრიტიკული მედიის გარეშე?
დღეს საქართველოში იმდენად მძიმეა სიტუაციაა, რომ ყველაზე კარგი საშუალება სწორი ინფორმაციის მიღების და რეალობის აღქმის შენარჩუნების არის კრიტიკული მედია. კრიტიკულმა მედიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საზოგადოებას და მე, როგორც ახალგაზრდა ქართველ მოქალაქეს, შემინარჩუნდეს ხედვა, რომ როცა რაღაც პრობლემაა ქვეყანაში, ეს პრობლემა დავინახო.
კრიტიკული მედიის ჩახშობით ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაწილობრივ გადამწყვეტი რგოლიც კი გაწყდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„რუსული კანონის“ მიღებით კრიტიკული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინება და შებოჭვა მოხდება.
ამ ყველაფრის ხარჯზე, როცა აღარანაირი ალტერნატივა აღარ გვექნება კრიტიკული ინფორმაციის მიღების, ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში მოვექცევით და შესაბამისად, უფრო მარტივი იქნება იმ მიზნის მიღწევა, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა.
„ქართული ოცნების“ მიზანია საქართველოს გარუსება.
- ფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების მეორე მცდელობით ხელისუფლება ევროინტეგრაციის გამიზნულად აფერხებს?
როგორც აღვნიშნე, არ ველოდებოდი ამ კანონის შემობრუნებას და ახლა, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ალბათ „ქართულ ოცნებას“ მოეჩვენა, რომ ზედმეტი გააკეთა უკვე საქართველომ ევროპაში შესვლისთვის და ეს პუტინს, რუსეთს არ მოეწონება, ამიტომ აბსოლუტურად გამიზნული და ნაფიქრია მათი ეს ქმედება.
მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ რადგან ახლა შემოატრიალეს, როცა პირველად ჩაუვარდათ კანონი და გაიწვიეს უკან, იმ დღიდანვე ფიქრობდნენ, აორგანიზებდნენ და გეგმავდნენ, თუ რომელ თვეს, რა დროს შემოეტრიალებინათ ისევ „რუსული კანონი“.
იმასაც ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერც ის აიტანა, თუ როგორ გაგვაერთიანა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ და საზოგადოების გახლეჩა უნდათ.
ეს ყველაფერი გამიზნულია და ვფიქრობ, ახლა უფრო მომზადებულია „ქართული ოცნება“ როგორ მოგვიგოს ქართულ საზოგადოებას, მაგრამ აქეთ მხარეს ძალიან დიდი გამოცდილების მქონე საზოგადოებაა, ამიტომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
- როგორ ფიქრობთ, რატომ შემოაბრუნა მმართველმა გუნდმა „რუსული კანონი“?
მე რაც პირველი ამომიტივტივდა, ისაა, რომ „ქართული ოცნება“ არსად წასვლას არ აპირებს და თუ ეს კანონი გაუვათ, მათთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება არჩევნების მოგება.