მთავარი,სიახლეები

მედია მათ ამხელს კორუფციაში, ამიტომ რუსული კანონით სურთ გააჩუმონ – ქარტიის დირექტორი

05.04.2024 •
მედია მათ ამხელს კორუფციაში, ამიტომ რუსული კანონით სურთ გააჩუმონ – ქარტიის დირექტორი

დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები თანმიმდევრულად ამხელენ ხელისუფლებას კორუფციაში, ნეპოტიზმში, საუბრობენ ყველა იმ პრობლემაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. სწორედ ამიტომ ეხება რუსული კანონი მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს –  გვიხსნის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ლიკა ჩახუნაშვილი რუსული კანონის დასამტკიცებლად „ოცნების“ ინიციატივას.

„ქართული ოცნება“ რუსული კანონის უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ამჯერად შეცვლილი სახელით დამტკიცებას გეგმავს.

რუსული კანონის მომხრეები აქტიურად აზიარებენ „ქარდს“, სადაც წერია – „ვის არ ეხება ეს კანონი“. ასე ცდილობენ ადამიანების შეცდომაში შეყვანას, რომ ის, რაც ეხება მედიას მათ არ ეხება, რაც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ის თქვენ არ გეხებათ.

„ერთი წლის წინ მათ ნახეს კონსოლიდირებული საზოგადოება და ამის, ჩემი აზრით, ძალიან შეეშინდათ. ამის შემდეგ ფიქრობდნენ რა სტრატეგია გამოეყენებინათ, რომ საზოგადოება დაენაწევრებინათ, შემდეგ თითოეულ სეგმენტს ცალკე რომ გამკლავებოდნენ.

რატომ არასამთავრობო სექტორი და მედია? – იმიტომ, რომ კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები თანმიმდევრულად ამხელენ ხელისუფლებას კორუფციაში, ნეპოტიზმში და საუბრობენ ყველა იმ პრობლემაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. ეს არის სიღარიბე, ეკონომიკური პრობლემები, რაც ადამიანებს აიძულებს ემიგრაციაში წავიდნენ. ეს არის პრობლემები განათლების, სოფლის მეურნეობის სექტორში.

უამრავი პრობლემაა საქართველოში და თუ ჩვენ გვაქვს ინფომაცია ამ პრობლემებზე  და ამის შესახებ ვმსჯელობთ, ეს არის მთლიანად დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის დამსახურება.

არასამთავრობო ორგანიზაციები გარდა იმისა, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში, ისინი ასევე აწვდიან საზოგადოებას მათთვის აუცილებელ სასიცოცხლო სერვისებს, რომელთა გარეშეც საზოგადოების რიგი ჯგუფები ვერ იარსებებდნენ, ძალიან გაუჭირდებოდათ. მაგალითად, გასულ წელს საზოგადოება მიხვდა, რომ ეს კანონი არ იყო მიმართული მხოლოდ არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ, რეალურად ის დააზარალებდა აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს.

დააზარალებდა ყველა სექტორს, რადგან ჩვენ ვიცით, როგორი დამოკიდებულია საქართველო უცხოურ დახმარებაზე, რომელიც შემოდის პრაქტიკულად ყველა სექტორში. ძნელია გაიხსენო რაიმე სფერო, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე განხორციელდა, დაწყებული სამედიცინო, ჯანდაცვის სისტემით დამთავრებული სოფლის მეურნეობით, რომ არაფერი ვთქვათ ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიც არიან შშმ პირები, ქალები, ბავშვები, მოხუცები. ეს დახმარება სწვდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათაც კი, ვინც შეიძლება არც იცოდეს, რომ არიან ამ დახმარების მიმღებნი და ბენეფიციარები.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა დააპირისპიროს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან გათიშე და იბატონეს პრინციპით. დაარწმუნოს ადამიანები, რომ ეს კანონი მათზე არ მოახდენს უარყოფით გავლენას. ეს აბსოლუტური დემაგოგია და სიცრუეა.

დაშვებაც არ მინდა, რომ ამ კანონს მიიღებენ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მე როგორც ერთი მოქალაქე და მთელი სამოქალაქო სექტორი, იმისთვის, რომ ეს კანონი არ მივიღოთ. ეს დააზარალებს თითოეულ მოქალაქეს და დაგვხევს უკან, დააზარალებს ჩვენ ევროპულ პერსპექტივას, ჩვენ მომავალს, ადგილს დაგვაკარგვინებს ცივილიზებულ სამყაროში.

უამრავი პროგრამაა განხორციელებული უცხოური დახმარებით, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული სახსრებით, იქნება ეს საზღვრისპირა რეგიონებში ფერმერების ხელშეწყობა, დახმარება სამაცივრე მეურნეობების მოწყობაში, ფაროსანასთან ბრძოლაშიც კი ძალიან დიდი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი.

საითაც არ გაიხედოთ – სასკოლო განათლებით დაწყებული, ყველგან არის მათი კეთილი კვალი და მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ამა თუ იმ რეფორმის განხორციელებაში შეიტანეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, თვითონ მოიკლეს და ჩვენ გვიწილადეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო დემოკრატიული, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, როგორიც შეიძლება გახდეს ისეთი მეზობელი, რომელთანაც მეზობლობა გინდა, გიხარია და არა გაუთავებელი პრობლემების ხიფათის წყარო.

ის, რომ არ ეხება მეწარმეებს, ძალიან დიდი სიცრუეა, ეს ეხება ყველა მეწარმეს, რომელთა დასახმარებლადაც უამრავი პროგრამა განხორციელდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ისწავლეს მეურნეობის მართვა, ეხმარებიან მეწარმე ქალებს, კონფლიქტის ზონასთან მცხოვრებ ფერმერებს.

ჩვენი უახლესი ისტორიის გადაწერა უნდა ხელისუფლებას. უნდათ, რომ დაავიწყონ ადამიანებს ის სიკეთე, რაც ჩვენ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მივიღეთ დასავლელი პარტნიორებისგან. ამას ისინი ვერ მოახერხებენ.

უბრალოდ, რომ გავიხსენოთ რამდენმა ახალგაზრდამ შეძლო განათლების მიღება საქართველოს ფარგლებს გარეთ, დასავლელი პარტნიორების სასწავლო პროგრამების მეშვებით, ძალიან ბევრ ახალგაზრდას,  ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი რომ აქვს, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ. ამ ახალგაზრდებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში, საიდან ეს ყველაფერი? – ეს არის დასავლელი პარტნიორების ხელშეწყობის შედეგი.

მგონია, რომ არ იმუშავებს ეს დაყოფა, რომ შენ არ გეხება, მედიას ეხება, თუმცა ხელისუფლება შეეცდება. მიზანმიმართულად ხდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზაცია. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ გამჭვირვალეა ჩვენი ფინანსები, რომ ჩვენ ბევრნაირ კონტროლს ვართ დაქვემდებარებული. უნდათ მედიის და არასამთავრობოების დისკრედიტაცია, ამიტომ იყენებენ სიძულვილის ენას მათ მიმართ, დეზინფორმაციას, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მოახდინონ აქტივიზმის და ჟურნალისტების დისკრედიტაცია.

ჩვენი მოვალეობაა საზოგადოებას ველაპარაკოთ და კარგად ავუხსნათ, რატომ არის ეს რუსული კანონი სახიფათო, რატომ დაიჩოქებს აქლემი ყველა სახლის კართან, თუ ყველანი არ ვიბრძოლებთ ახლა ამ კანონის წინააღმდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: