მთავარი,სიახლეები

მოკლული სერჟანტ შავაძის საქმის პროკურორი საკონსტიტუციოს მოსამართლე გახდა

17.06.2020 • 4194
მოკლული სერჟანტ შავაძის საქმის პროკურორი საკონსტიტუციოს მოსამართლე გახდა

„დღემდე არ არის გამოძიებული? მე არ ვიცი, თუ არ არის გამოძიებული…“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს – ვასილ როინიშვილს, როცა მას როინ შავაძის მკვლელობის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევის საქმეები გავახსენეთ. როცა ამ რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიწყო, ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორი იყო [2007 – 2008 წლები]. დღეს, 17 ივნისს, ვასილ როინიშვილმა, როგორც ახალმა მოსამართლემ, საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცი დადო. ის 10 წელი იქნება მოსამართლე და შესაძლოა, თავმჯდომარეც გახდეს.

ფიცის დადების შემდეგ ვასილ როინიშვილს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, გრძნობს თუ არა მინიმუმ უხერხულობას გახმაურებული საქმეების გამო, რომელთა გამოძიებაც მისი პროკურორობის დროს დაიწყო და დღემდე არ დადგენილა სიმართლე.

„თქვენ თუ ნახავთ იმ პერიოდს, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა და რა ინტენსივობით, მაშინ, როდესაც მე ვიყავი აქ პროკურორი, ჩემ მიმართ არ უნდა გქონდეთ, წესით, ეს პრეტენზიები…“ გვიპასუხა ვასილ როინიშვილმა. მას „როინ შავაძის საქმეზე“ ვთხოვეთ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების გახსენებაც, რაც მისი პროკურორობის დროს ჩატარდა.

„ყველაფერი გაკეთდა. მაქსიმუმ ორ საათში საგამოძიებო ჯგუფი იყო უკვე ადგილზე, აბსოლუტურად ყველაფერი იყო გაკეთებული… ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემთხვევის ადგილის დათვალიერება ოპერატიულად და ხარისხიანად. ოპერატიულად იმიტომ, რომ დრომ კვალი არ წაშალოს და ხარისხიანად იმიტომ, რომ ყველა მტკიცებულება იყოს ამოღებული. თქვენ ამ საქმეზე თუ მიგიწვდებათ ხელი, ნახეთ და მერე განსაჯეთ. მე არ მაქვს უფლება მოგიყვეთ ამ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ,“ – საბოლოოდ დეტალების დაზუსტებისგან თავის შეკავება ამ ფორმით არჩია მოსამართლემ.

მოსამართლეს შევახსენეთ, რომ მისი პროკურორობის დროს მოკლული სერჟანტის ცოლს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, რითაც არათუ ჟურნალისტებს, არამედ მოკლული კაცის ცოლსაც არ ახედებდნენ საქმეში. მოსამართლე იხსენებს, რომ „მაშინ ასეთი პრაქტიკა იყო“. ის არც ამის გამო გრძნობს უხერხულობას.

„მაშინ არსებული პრაქტიკის შესაბამისად და, ზოგადად, კანონის შესაბამისად, ვინ არის დაზარალებული? მკვლელობის საქმეში ახლა შემოვიდა ეს ცალსახად. ადრე იყო ასე, რომ ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, დაზარალებული ოჯახის წევრები არა, ზოგადად საზოგადოება ითვლებოდა, ანუ სამართლებრივი კუთხით არის სახელმწიფო დაზარალებული…. მე მართლა მზად ვარ ყველა კითხვას ვუპასუხო, მე იმ ქალსაც [იგულისხმება მოკლული სერჟანტის ცოლი, ციცინო შავაძე] უშუალოდ შევხვდი,“ – აღნიშნა ვასილ როინიშვილმა.

ყოფილი პროკურორის განმარტებით, ის „როინ შავაძის საქმეზე“ ექსპერტიზის პასუხს ელოდა. ექსპერტიზის დასკვნების მიღებამდე კი, ვასილ როინიშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გახდა. მოსამართლემ ჩვენი დარწმუნება სცადა იმაში, რომ მთავარი პროკურორის მოადგილეს არ ჰქონდა მინიმუმ იმის უფლება, მოეკითხა, რა ბედი ეწია „როინ შავაძის საქმეს“, საქმეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო აგვისტოს ომის შემდეგ.

„მთავარი პროკურორის მოადგილეებს შორის არის ფუნქცია-მოვალეობათა მკაცრი გამიჯვნა, საჯაროა ეს დოკუმენტი, რომელი სფეროების კურატორიც ვიყავი. ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდიოდა საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმეზე პროცესუალური ხელმძღვანელობა, ეს არ შედიოდა ჩემს კომპეტენციაში და არაკორექტულია ასე რომ მოიკითხო,“ – მიიჩნევს მოსამართლე.

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ადამიანის მკვლელობა ამ დრომდე გამოძიებული არ არის? – ესეც ვკითხეთ მოსამართლეს და იქვე განვუმარტეთ, რომ ამ კუთხით მისი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მოსაზრება გვაინტერესებს. საკონსტიტუციო სასამართლო კი ადამიანის უფლებების გარანტი უნდა იყოს.

„უნდა შეიქმნას ალბათ რაღაც სამართლებრივი მექანიზმები, თვითონ ჩვენც, არამარტო საკონსტიტუციო სასამართლო, მთლიანად სახელმწიფო აპარატმა უნდა შექმნას ის გარემო, რომ ასეთი პრობლემები არ იყოს, ან ნაკლები იყოს…“ – გვითხრა მოსამართლემ. თუმცა რა შეიძლება იყოს ეს მექანიზმი, მოსამართლემ არ დაგვიკონკრეტა.

როცა ადამიანის გახმაურებული მკვლელობა 12 წელი არ არის გამოძიებული, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არსებული სამართლებრივი სისტემა ადამიანის უფლებებს ვერ იცავს?… რა უნდა ქნას მოქალაქემ, ვის მიმართოს?

„რა უნდა ქნას, მე ამაზე პასუხი არ მაქვს… მე ძალიან ვწუხვარ და არ მიხარია, რომ ეს გამოძიებული არ არის,“ – დასძინა ვასილ როინიშვილმა.

როინ შავაძის მკვლელობის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ 2016 წელს მიიღო წარმოებაში.

რაც შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევას, აჭარის ყოფილი პროკურორი ამბობს, რომ ეს გახმაურებული ამბავი აღარ ახსოვს და დეტალებს როცა გაიხსენებს, შემდეგ მოგვცემს ინტერვიუს.

„მაგასაც მე მედავებით? გახსენება მიჭირს, გულწრფელად ვერ ვიხსნებ“, – დაგვემშვიდობა მოსამართლე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: