ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მიიჩნევა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ექნება განცდილი ჭინჭრის ციების ეპიზოდი. უმეტესად ხასიათდება კანის ზედაპირიდან ამობურცული მოწითალო-მოვარდისფრო გამონაყარით, რომელიც ერთი შეხედვით ჭინჭრის ნასუსხს წააგავს, ახასიათებს ქავილი.
ზოგიერთი კანის ფორმის დაავადებისგან განსხვავებით [მაგალითად, იმპეტიგო, ჰერპესი], ჭინჭრის ციება გადამდები არ არის. ამ მდგომარეობის სიმპტომებზე, მაპროვოცირებელ ფაქტორებსა და მკურნალობაზე „ბათუმელებთან“ კლინიკა „როგოს“ ალერგოლოგი, თეა მიქანაძე საუბრობს.
„ალერგიული დაავადებების რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით ეს ეხება ბოლო 20-30 წელიწადს. თუ სტატისტიკურად განვიხილავთ, ალერგიის ამა თუ იმ ფორმით, მაგალითად, სასუნთქი გზების ფორმით 400 მლნ ადამიანზე მეტია დაავადებული მსოფლიოში, რაც შეეხება კანის ფორმას, ქრონიკულ ურტიკარიას – მისით 86 მლნ-მდე ადამიანია დაავადებული დღესდღეობით. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანები იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნონ და მართონ ალერგიული დაავადებები“.
- ქალბატონო თეა, რა მდგომარეობაა ჭინჭრის ციება?
ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია არის ორგანიზმის რეაქცია სხვადასხვა გამაღიზიანებელზე. ახასიათებს კანის ზედაპირიდან ამობურცული მოწითალო-მოვარდისფრო ან უცვლელი ფერის გამონაყარი, რომელიც ზეწოლის შედეგად შესაძლებელია დროებით გაფერმკრთალდეს. დაავადებას თან ახლავს ძლიერი ქავილი. გამონაყარი ერთი შეხედვით წააგავს ჭინჭრის ნასუსხს. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც, ურტიკარიო – ანუ ჭინჭარი ლათინურად.
არსებობს ჭინჭრის ციების 2 ფორმა – მწვავე და ქრონიკული. მწვავე ჭინჭრის ციება საკმაოდ გავრცელებული დაავადება და მოსახლეობის დაახლოებით 20%-ში გვხდება, ანუ ყოველ მეხუთე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი. ე მდგომარეობა გრძელდება მაქსიმუმ 6 კვირა, ხოლო ქრონიკული ურტიკარიის დროს სიმპტომები აღინიშნება 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და სამართავადაც უფრო რთულია.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრონიკული ურტიკარია შეიძლება იყოს სპონტანური – როდესაც ვითარდება ყოველგვარი წინაპირობის, ანუ გამღიზიანებლის გარეშე [ამ დროს არანაირი კანონზომიერება არ არსებობს, როდის გაჩნდება ან როდის გაქრება] და ინდუციბელური, ანუ გამღიზიანებელთან კონტაქტით გამოწვეული. ასეთს მიეკუთვნება ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ჭინჭრის ციება, წყალთან კონტაქტის შემდეგ, სიცივით გამოწვეული, სტრესული, მზისგან გამოწვეული და ა.შ.
თუ ასაკობრივ ჭრილში განვიხილავთ, ეს დაავადება უფრო ხშირად გვხდება ბავშვებში, კიდევ უფრო მეტად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა, რასაკვირველია, შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.
- რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჭინჭრის ციების ეპიზოდის პროვოცირება?
რაც შეეხება თვითონ მექანიზმს – ჭინჭრის ციების განვითარების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც იწვევენ მის პროვოცირებას. მაგალითად, ზოგიერთი საკვები პროდუქტი, ინფექციები, ვირუსები – ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვთა ასაკში განვითარებულ ურტიკარიას.
თუკი ურტიკარიას წინ უსწრებს ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის ამ კონკრეტული შემთხვევის მაპროვოცირებელი და არ არის საჭირო დავიწყოთ მიზეზის ძებნა, მაგალითად, დაავადების გამო მიიღო პაციენტმა ანტიბიოტიკები თუ არა.
ასევე, არც კოვიდ 19 გახლავთ გამონაკლისი. სწორედ ამიტომ იყო პანდემიის პერიოდში გახშირებული ურტიკარიის შემთხვევები და ამის მიზეზი იყო კოვიდ ინფექცია.
- რა შეიძლება იყოს ქრონიკული ჭინჭრის ციების მიზეზი?
ქრონიკულ ურტიკარიას მრავალი მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის სხვადასხვა ორგანოს პათოლოგიები. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კერძოდ: ავტოიმუნური თირეოიდიტი, ასევე ჰელიკობაქტერია პილორით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიები, ტონზილიტები, სტრესი, ტემპერატურის ცვლილება და თქვენ წარმოიდგინეთ კარიესიც კი. ამიტომ ქრონიკული ურტიკარია უფრო დიდ ასაკში, მოზრდილებში გვხვდება.
საკვები ერთ-ერთ ძლიერ მაპროვოცირებელ ფაქტორს მიეკუთვნება, განსაკუთრებით ისეთი საკვები პროდუქტი, რომელიც მდიდარია ჰისტამინით. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება: არაქისი და თხილეული, კვერცხის ცილა, თევზი და ზღვის პროდუქტები, ფერადი ხილი და ბოსტნეული, შებოლილი პროდუქტები, ალკოჰოლი და ა.შ.
- რა შეიძლება იყოს ჭინჭრის ციების გართულება და როგორ ვლინდება ის?
როცა საქმე მწვავე ჭინჭრის ციებას ეხება, ის ხასიათდება უეცარი დაწყებით, ძლიერი ქავილით და ძირითადად სხვადასხვაგვარი გამონაყარით, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ფერით, ზომით, ფორმით. შესაძლებელია ეს გამონაყარი ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული ანუ შერწყმული. ასეთ შემთხვევაში პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უფრო მძიმდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ შეშუპებას ტუჩების და თვალების არეში, ქუთუთოების ირგვლივ, ანუ ანგიოედემას.
შესაძლოა შეშუპდეს ენა, ზედა და ქვედა კიდურები. ასეთ შემთხვევაში პაციენტებს მეტად იპყრობთ შიში და მინდა გითხრათ, რომ არც თუ უსაფუძვლოდ, რადგან შეიძლება განვითარდეს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება და გაგუდვის შეგრძნება.
სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია ხორხის შეშუპება, იგივე ანაფილაქსიური რეაქცია.
დაავადება სწრაფად პროგრესირებს, თუმცა დიაგნოსტიკა შედარებით მარტივია. გარდა აღნიშნული შეშუპებებისა, თუ პაციენტს საუბრის დროს [თუკი ბავშვია, საუბრისა და ტირილის დროს] აღენიშნება ხმის შეცვლა, მაშინ ეჭვი უნდა მივიტანოთ, რომ ეს არის ურტიკარიის ყველაზე რთული ფორმა – ხორხის შეშუპება. აქ უკვე აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა.
- როგორია ჭინჭრის ციების მკურნალობა?
ჭინჭრის ციების მკურნალობის განსაზღვრა ხდება ისევ და ისევ იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა დაავადება, მაგალითად მწვავე ჭინჭრის ციების შემთხვევაში საშუალოდ 2-კვირიანი მედიკამენტური მკურნალობის კურსი ინიშნება. ეს გულისხმობს არასედაციური ანტიჰისტამინური, ანუ ძილიანობის ეფექტის არ მქონე ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებას.
ვიწყებთ სტანდარტული, მოწოდებული სქემით, ხოლო ეფექტის არქონის შემთხვევაში, გვაქვს უფლება დოზა გავზარდოთ ორჯერ და ოთხჯერაც კი. თუ მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები არ ალაგდა და პირიქით განიცდის გენერალიზაციას უფრო დიდ ფართობზე, თუკი გასულია ერთი კვირა და მეტი და პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა, შესაძლოა საჭირო გახდეს სტეროიდული პრეპარატების დანიშვნა.
ამ პერიოდში რაციონიდან უნდა იქნას ამოღებული ისეთი პროდუქტები, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ჰისტამინით: არაქისი, თხილეული, კვერცხის ცილა, ზღვის პროდუქტები, თევზი, ფერადი ხილი და ბოსტნეული, შებოლილი პროდუქტები და.შ.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა იქნას ამოღებული კონსერვირებული პროდუქტი, რადგან ერთ-ერთი ძლიერი მაპროვოცირებელი ფაქტორი არის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და განსაკუთრებით აცეტილსალიცილი, რომელსაც კონსერვების დამზადების დროს ვიყენებთ ხოლმე.
- როცა ურტიკარიის მკურნალობის პროცესში რაციონიდან გამოვრიცხავთ მაპროვოცირებელ პროდუქტებს, მკურნალობის შემდეგ მათი რაციონში დაბრუნება საფრთხისშემცველია?
მწვავე ჭინჭრის ციების შემთხვევაში, როგორც ვთქვით, არანაირი კანონზომიერება არ არსებობს, როდის შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება იღებდეს გარკვეულ პროდუქტს, არ ჰქონდეს არანაირი ალერგიული გამოვლინება, მაგრამ ერთ დღეს ორგანიზმისთვის „უცხო“ აღმოჩნდეს კონკრეტული ნივთიერება და განვითარდეს ურტიკარია.
შესაბამისად, მკურნალობის პერიოდში დანიშნული დიეტა არ ნიშნავს, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ამ პროდუქტს ვერ მიიღებს, რა თქმა უნდა, თუ კონკრეტულ პროდუქტზე კვლევის შედეგად არ გამოვლინდა ალერგია. გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტი უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს.