ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ბათუმი ცენტრალთან“ მერია კიდევ ერთი 50-სართულიანი კორპუსის მშენებლობას განიხილავს

08.07.2024 •
„ბათუმი ცენტრალთან“ მერია კიდევ ერთი 50-სართულიანი კორპუსის მშენებლობას განიხილავს

ბათუმის შემოსასვლელი ადრე დილიდან გვიან ღამემდე პრაქტიკულად ჩაკეტილია და აქ ავტომანქანით გადაადგილება რთულია. დილის 9 საათიდან 12 -მდე და საღამოს 6 საათიდან 9-მდე და ხან უფრო გვიანაც, საცობი ქალაქის შემოსასვლელის მთელ პერიმეტრზეა.

საცობი

googlemap-ის მონაცემებით დღეს, 8 ივლისს, თამარის დასახლებაში მთელი დღის გამავლობაში საცობი იყო.

და ეს ხდება ახლა, როცა ამ უბანში დაგეგმილი რამდენიმე პროექტი ჯერ კიდევ მშენებარე და დაუსრულებელია, რამდენიმე მასშტაბური პროექტის მშენებლობა კი არ დაწყებულა. ამას ემატება ხელოვნური კუნძულის პროექტიც, რომლის მშენებლებიც უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლას გეგმავენ.

ხელოვნური კუნძულის სამუშაოები

3 ახალი ცათამბჯენის პროექტზე, რომლის მშენებლობასაც თამარის დასახლებაში გეგმავენ „ბათუმელები“ გასულ კვირას წერდა. ამჯერად კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვას შპს „ბათუმი ცენტრალი“ ითხოვს.

ამ პროექტის კონცეფციაში წერენ: „ფაქტობრივი მდგომარეობით და ასევე პროექტის განხორციელების შემდგომ მაცხოვრებელთა გადაადგილება განხორციელდება უმეტესად ფეხით და ნაკლებად გამოიყენებენ ავტომობილს, რაც სატრანსპორტო ნაკადების დატვირთვაზე დადებითად აისახება“.

შპს „ბათუმი ცენტრალი“ ზღვის სანაპირო ზოლში, მატარებლის სადგურთან ახლოს კიდევ ერთი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. მატარებლის სადგურის მიმდებარედ კომპანია უკვე აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს. სამშენებლო ტერიტორია 8 526 კვადრატული მეტრია და „ბათუმი ცენტრალის“ გვერდით მდებარეობს. სამშენებლო ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ესაზღვრება, სადაც ახლა ბათუმი მუსიკალური ცენტრია განთავსებული.

მიმდინარე პროექტი

ამის გარდა „ბათუმი ცენტრალის“ მიმდებარედ კომპანია კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია კომპანიას უკვე წარდგენილი აქვს მერიაში. დოკუმენტის მომზადებაზე დავალების გაცემის შესახებ ბრძანებას ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2024 წლის 22 მარტს მოაწერა ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, ახალი პროექტი 50-სართულიანი იქნება, მათ შორის ერთი მიწისქვეშა სართულით და 1500 მდე საცხოვრებელ ბინას გააერთიანებს, 1000 კვ.მეტრამდე ფართობი კი შენობაში კომერციულ ობიექტებს დაეთმობა.

გდგ დოკუმენტით დასაგეგმარებელი ტერიტორია მოიცავს ჰექტარ-ნახევრამდე ფართობს

ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით, თამარის დასახლებაში დღეს არსებული ვითარების მიუხედავად, როგორც ჩანს, მშენებელი ოპტიმისტურად არის განწყობილი. დოკუმენტში წერენ:

„უახლოესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მოსაცდელები და საინფორმაციო დაფები განთავსებულია საკვლევი ობიექტის მიმდებარედ, „ბათუმი ცენტრალის“ ტერიტორიაზე საიდანაც რეგულარულ რეისებს ასრულებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგ მარშრუტებზე: N6; 8; 10;10ა. ინტერვალი მათ შორის შეადგენს საშუალოდ 5-7 წთ-ს.
დაანგარიშებულია საკვლევი ობიექტიდან ეკონომიკური საქმიანობისა და სხვა საჯარო სივრცეებთან დამაკავშირებელი გზების მანძილები და ავტომობილებისათვის საჭირო დრო მათ დასაფარად, ასე მაგალითად: სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მანძილია 22,3 კმ და მის დასაფარად საჭირო დრო მსუბუქი ავტომობილისათვის შეადგენს 46 წთ-ს; ადლიის ,,გაფორმების ეკონომიკური ზონა“-მდე მანძილია 14,5 კმ, მის დასაფარად საჭირო დრო შეადგენს 28 წთ-ს; ბათუმის ცენტრალურ ავტოსადგურამდე მანძილია 2,4 კმ, საჭირო დრო მის დასაფარად – 5 წთ; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 10 კმ, მის დასაფარად საჭირო დრო – 27 წთ; ბათუმის პორტის ,,გაფორმების ეკონომიკური ზონა“–მდე მანძილია 2,6 კმ, დაფარვის დრო – 6 წთ; ბათუმის რკინიგზის სადგური და საკვლევი ობიექტი განთავსებულია ერთ ლოკაციაზე. საკვლევ ობიექტთან უახლოესი ავტოგასამართი სადგური მდებარეობს ობიექტის მომიჯნავე ტერიტორიაზე, სამხრეთ ნაწილში. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით სატრანსპორტო/საგზაო მოძრაობის სქემა არ იცვლება.“

კონცეფციაში ასევე წერენ:

„ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საკვლევ ობიექტზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელება, ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის შესრულებისა და მისი მიმდებარე ქუჩის ავტოტრანსპორტის გამტარიანობის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ვერ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას არსებულ საერთო სარგებლობის საგზაო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაზე“. 

ამ ფოტოზე მარცხნივ არსებული ვითარებაა, ხოლო მარჯვნივ – პროექტის ესკიზი

გეგმარებითი ერთეული მდებარეობს ქალაქის ცენტრალური-ისტორიული ნაწილის სამხრეთით, იგი მოქცეულია ოდისეი დიმიტრიადის და ძმები ნობელების ქუჩებს, მშენებარე მრავალფუნქციური ობიექტით და ავტოგასამართი სადგურით მოშენებულ მიწის ნაკვეთებს შორის, მისი ფართობი შეადგენს 14 040 კვ.მ-ს და მოიცავს 1 მიწის ნაკვეთს. საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულია რკინიგზის სადგური და მისი დამხმარე შენობა-ნაგებობები სათანადო ინფრასტრუქტურით. გეგმარებით ერთეულს ასევე ესაზღვრება რკინიგზის ხაზი, ავტოგასამართი სადგური, მშენებარე მრავალსართულიანი შენობა, რომელსაც თავის მხრივ ესაზღვრება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მიწის ნაკვეთი.

კომპანია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას 3,5-დან 17,0-მდე ითხოვს.

შპს „ბათუმი ცენტრალი“ ბიზნესმენ გია ჭყონიას კომპანიაა, ის „ოცნებასთან“ დაახლოებული პირი და ოცნების ერთ-ერთი დამფინანსებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: