2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებისგან რამდენიმე თვალსაზრისით არის გამორჩეული. წელს პირველად, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მოხდება, შესაბამისად, როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიებს გადამზადებული და კვალიფიციური კომისიის წევრები დასჭირდება. წელს საარჩევნოდ 3030 უბანი გაიხსნება.
გარდა ამისა, წლევანდელ არჩევნებზე ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსის საკითხიც წყდება – საქართველოს მოქალაქეების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო რუსული კანონი და საფრთხე შეუქმნა როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიას, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციას.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ ემზადებიან ოპოზიციური პარტიები საარჩევნოდ, როგორ მიმდინარეობს ადამიანური რესურსების მოძიება და ეყოლებათ თუ არა ოპოზიციურ პარტიებს კვალიფიციური და სანდო წარმომადგენლები როგორც ცენტრალურ, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში.
- როგორ არჩევს „ევროპული საქართველო „ხმების მცველებს“
ვახტანგ კალოიანი – „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნების მოგება, ოპოზიციამ არჩევნებამდე უნდა შეძლოს.
„ცხადია აქ ვგულისხმობ მორალურ გარემოს, რომლის გარეშეც რთული იქნება ხმების დაცვა. თუმცა, თუ ეს გარემო შექმნილია, მერე უკვე ხმების დაცვაც შესაძლებელია“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
მისი აზრით, „ევროპული საქართველო“ წინა არჩევნებიდან დღემდე ორჯერ გაიზარდა და იმედი აქვს, რომ ამ არჩევნებს ბევრად მომზადებული შეხვდებიან.
„საარჩევნო კომისიებს რაც შეეხება, გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის და ეს წინა, თვითმმართველობის არჩევნებმაც აჩვენა. თუმცა ეს იყო ზოგადი პოლიტიკური კლიმატის გამოძახილი იმის გამო, რომ ცალკე იყო პოლიტიკური პროცესი, ცალკე პარტიები და მოქალაქეები.
რას აკეთებს წელს „ევროპული საქართველო“?
ჩვენი საპარლამენტო სია კომპლექტდება პრაიმერის გზით. ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო სიას ჩვენი პარტიის მხარდამჭერები ადგენენ. ისინი წყვეტენ ვინ იქნებიან მათი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში.
შესაბამისად, ეს ადამიანები არიან პირველ რიგში ხმების მცველები. ჩვენ გვაქვს ეს – ხმების მცველების კამპანია, სადაც ვარჩევთ ძალიან აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც ღიად, საჯაროდ და აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს და მათგან ვარჩევთ იმ კონტინგენტს, ვინც იმუშავებს ამ არჩევნებზე ჩვენთან ერთად.
სამი თვეა დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების წვრთნა, რადგან ვიცით, რომ ელექტრონულად ხდება წელს ხმის მიცემა და ბევრი ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი, რომ ვერ შეძლოს მმართველმა პარტიამ გაყალბება.
რეალურად, დღეს ჩვენ საკმარისი მოქალაქეები გვყავს იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ საარჩევნო კომისიები.
ამასთან, გამოცხადებული გვაქვს და შეთავაზებაც გავუკეთეთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენთან ერთად ჩაერთონ საარჩევნო პროცესში და სურვილის შემთხვევაში, მათთვისაც უზრუნველვყოფთ შესაბამის ტრენინგებს“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ხმებს დაიცავს ხალხი, რომლებიც სახელისუფლებო რეპრესიების მიუხედავად არ დაშინდა და აქტიურ უჭერენ პარტიის ღირებულებებს მხარს. „შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარანტია იმისა, რომ ეს ადამიანები დაიცავენ თავიანთ არჩევანს.
ცხადია, კომისიებში ვერ მოხვდება ისეთი ხალხი, ვინც გვეუბნება, რომ „მე თქვენ კი გიჭერთ მხარს, მაგრამ საჯაროდ ამას ვერ ვიტყვი“. მათ პოზიციასაც პატივს ვცემთ, მაგრამ კომისიებში მათ ვერ დავეყრდნობით.
შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უკვე 2000 უბანზე მეტი დაკომპლექტებული გვყავს ასეთი ადამიანებით.
ეს არ იქნება მარტივი არჩევნები, ყველაფერს ველოდებით, ამიტომ საარჩევნო უბნებზე უნდა იდგნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან მკვეთრი სამოქალაქო პოზიცია და მათი შეშინება საკმაოდ რთულია.
მთავარია, ბევრი მოქალაქე მოვიდეს საარჩევნო უბანთან და ოპოზიციამ სწორი კონფიგურაციით უნდა მოახერხოს, რომ ძალიან ცოტა მოქალაქე დარჩეს სახლში“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
„სუს-ს შეუძლია შემოგიყაროს ადამიანები და აგირიოს“
ანა კობახიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელია.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ მეორედ მონაწილეობს არჩევნებში. პირველად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღო მონაწილეობა და მოიპოვა უფლება საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.
ანა კობახიძის თქმით, როგორც ადრე, ახლაც კომისიის წევრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება ის, ეთანხმება თუ არა კანდიდატი პარტიის იდეოლოგიას და სურს თუ არა გრძელვადიანი თანამშრომლობა მათთან.
„რადგან წელს აუცილებელია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სერტიფიცირება, ჩვენ უკვე მარტის თვიდან დავიწყეთ ამ ადამიანების მომზადება და 90 პროცენტი კანდიდატების, საოლქო საარჩევნო კომისიების შერჩეული და დაკომპლექტებული გვყავს.
სერტიფიცირებულია სარეზერვო ნაწილიც. ჩვენ პარტიაში გვაქვს საარჩევნო სკოლაც, რომელიც ამზადებს პოტენციურ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს.
უბნებს რაც ეხება, ამის პარალელურად ვარჩევთ ადამიანურ რესურს და ხდება გადარჩევა წინა წევრებისგანაც. ვინც კეთილსინდისიერად იმუშავა წინა არჩევნებზე, მათთან გაგრძელდება თანამშრომლობა, ვინც ვერ იმუშავა, ისინი ვეღარ დარჩებიან საუბნო საარჩევნო კომისიებში, რადგან სუს-ს შეუძლია შემოგიყაროს ასეთი ადამიანები, რომ მერე აგირიოს სიტუაცია. არ გამოვრიცხავ, რომ წინა არჩევნებზე ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ ჩვენ კომისიებში. შესაბამისად, ამ კუთხითაც მიდის რესურსების გადარჩევა.
ვფიქრობ, 3030 კომისიის წევრის და ამას დამატებული 3030 წარმომადგენლის შერჩევა პრობლემა რა იქნება ჩვენთვის“, – ამბობს ანა კობახიძე.
ანა კობახიძის თქმით, წელს განსაკუთრებული არჩევნებია, შესაბამისად, ბევრია მოტივირებული ადამიანების რიცხვიც. „დიდი აქტივობა და ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველია საჭირო. მათ შორის ბევრი დამკვირვებელი და ასეთ შემთხვევაში, დიდი გაქანების საშუალება აღარ დარჩება „ოცნებას“.
ვფიქრობ, მომზადებული შევხვდებით 2024 წლის არჩევნებს“, – ამბობს ანა კობახიძე.
- კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება – როგორ არჩევს „ლელო“ კომისიის წევრებს
პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე ასევე მიიჩნევს, რომ წელს განსაკუთრებული არჩევნებია, რადგან საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ბედი წყდება. ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეძლონ როგორც კვალიფიციური, ასევე კეთილსინდისიერი ადამიანების მოძიება.
„73 საოლქო საარჩევნო კომისიაზე „ლელოს“ უკვე შერჩეული ჰყავს კადრების უმეტესობა, ასევე ჰყავს, საუბნო კომისიის წევრებიც შერჩეული. მთავარი კრიტერიუმი არის კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება.
წელს, როცა უკვე განსაზღვრულია უბნების რაოდენობა და, სხვათა შორის, შემცირებულია უბნები, ამავდროულად, კადრების გადამზადების აუცილებლობაც დგას.
9 ათასი ადამიანი უნდა შეარჩიოს პარტიამ. ცხადია, ბევრი გამოწვევაა ადამიანური რესურსების კუთხით, განსაკუთრებით რეგიონებში, პერიფერიულ უბნებში, არსებობს სიღარიბის ფაქტორიც, რომელიც ზრდის კომისიის წევრების გადაბირების, მოსყიდვის რისკს.
ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომ სადაც კი მიგვიწვდება ხელი, უნდა ავუხსნათ ადამიანებს წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, რადგან ამ არჩევნებზე მხოლოდ ფული კი არ უნდა იყოს მოტივაცია, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც საფრთხე შეექმნა“, – ამბობს გიორგი სიორიძე.
მისი თქმით, მოსყიდვის რისკის დაზღვევა მხოლოდ იმით არის შესაძლებელი, რომ ადამიანებმა შეიგნონ, რატომ არ უნდა გაყიდოს ამომრჩეველმა ხმა და რატომ არ უნდა იყოს კომისიის წევრი გადაბირებული და მოსყიდული.
„წელს ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი ელექტორატი გამოჩნდა საბედნიეროდ, რომელმაც გამოიღვიძა აპრილ-მაისის მოვლენების დროს, რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.
ახალგაზრდობამ კარგად გააცნობიერა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნებს და ახლა ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ მათი საპროტესტო ენერგია გადაკონვერტირდეს ხმების დაცვაში.
შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა ამ ახალგაზრდებისთვის და ამაზეც ვმუშაობთ“, – ამბობს სიორიძე.
- „ვფიქრობ, გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ გენერალური მდივანი, ივანე ნორაკიძეც მიიჩნევს, რომ 2021 წლის არჩევნებზე პარტიას არც დრო ეყო და არც რესურსები იმისთვის, რომ კვალიფიციური და ერთგული კომისიის წევრები შეერჩია. „ამიტომ აღმოჩნდნენ კომისიებში ისეთი წვერები, რომლებიც რეალურად არ მუშაობდნენ ჩვენი პარტიის ინტერესებზე.
მაშინ 3700 უბანი იყო და რთულიც იყო მოგვეძებნა ამდენი კვალიფიციური, ერთგული და მებრძოლი, სუფთა წარსულის მქონე ადამიანი. წელს შემცირებულია უბნების რაოდენობა და მცირედით მაინც გამარტივდა კარგი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრების მოძიება, მათი დატრენინგება, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ საარჩევნო უბანზე და არ ჰქონდეს ადგილი მიკერძოებას“,- ამბობს ივანე ნორაკიძე.
მისი აზრით, წელს „მოქალაქეებს“ აქვთ „ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“, რადგან 8 ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი და კოორდინირებული მუშაობის შემთხვევაში ბევრად ადვილი იქნება ხმების დაცვა.
„კომისიის წევრების დიდი ნაწილი უკვე შერჩეული გვყავს. ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე და ეს წლები ტყუილად არ დაგვიკარგავს, ვმუშაობდით. კიდევ მიმდინარეობს მუშაობა თითქმის ყველა რეგიონში კარგი და სწორი კადრები რომ შევარჩიოთ.
იმ პარტიებს, ვისაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში გვყავს წევრები, გვაქვს წვდომა პროგრამებზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ ინფორმაცია თითოეული პიროვნების საარჩევნო ბიოგრაფიაზე. ადამიანებზე, ვისაც შეხება ჰქონია არჩევნებთან და იყო რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.
არიან კანდიდატები, რომლებიც შეიძლება გასაუბრებაზე მოგეწონოს, მაგრამ ბიოგრაფიაში ნახავ, რომ წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო ამა თუ იმ უბანზე. არ არის გამორიცხული, რომ ის ნაწყენია მმართველ პარტიაზე და აღარ არის მათ მიმართ ლოიალური, მაგრამ იმის საფუძველიც არსებობს, რომ კითხვის ნიშანი დავუსვათ და მეტი მოვიკვლიოთ ამ კანდიდატის შესახებ.
პირველ რიგში, მთავარია მიუკერძოებლობა, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეასწავლო ტექნიკური დეტალები, მაგრამ მიუკერძოებლობა ისეთი რამეა, რომ არ ისწავლება და არც მოიპოვება ასე ადვილად“, – ამბობს ივანე ნორაკიძე.
მისი თქმითაც, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალგაზრდების რიცხვი, ვინც დაინტერესებულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესებში.
„ახალგაზრდების აქტიურობა წელს მეტია და ეს არის ხალხი, ვინც არა ფულის, არამედ ინტერესის გამო მოდის. დიდ ქალაქებში ბევრად მეტი გვყავს 18-20 წლის ადამიანები, ვინც აპირებს საარჩევნო პროცესებში ჩართვას“, – ამბობს ნორაკიძე.
- „მესამედი თუ არა, კომისიის წევრების ნახევარი უნდა გადავახალისოთ“
ლევან ბეჟაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გვესაუბრა პარტიის მიერ საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის საკითხზე. მისი თქმით, პარტიას 8 ივლისს დაგეგმილი აქვს ყრილობა, სადაც თინა ბოკუჩავას ოფიციალურად აირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ.
„გამოცხადდება გარკვეული სიახლეებიც, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართვას საარჩევნო პროცესებში.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს შიდა პარტიული რესურსების მობილიზება. ვფიქრობ, გვეყოლება 6 200 კომისიის წევრი უბანში და 12 ათასი დამკვირვებელი. საბოლოო ჯამში, ჩვენი პარტიული ადმინისტრაციული რესურსი დაახლოებით 19 ათასი ადამიანი იქნება“, – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
მისი თქმით, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ის რესურსი, რომ მოიცვას ყველა საარჩევნო კომისია.
„გვინდა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მინიმუმ ერთი მესამედი თუ არა, კომისიის წევრების ნახევარი გადავახალისოთ, ახალი შემადგენლობა რომ გვყავდეს. ამიტომ ხდება ადამიანების რეკრუტირება, დაწყებულია ტრენინგების პროცესიც – საარჩევნო ტექნოლოგია იცვლება, ელექტრონული ხმის დამთვლელი აპარატები შემოდი და კომისიის წევრებს სჭირდებათ გადამზადება.
ვისურვებდი, რომ მოხდეს კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო კომისიებთან მიმართებაში და შემუშავდეს საერთო სტრატეგია. ჩვენ ვამზადებთ შეთავაზებას ოპოზიციური პარტიებისთვის და ამ პროცესს დავიწყებთ უახლოეს დღეებში.
ვიცით, სად იქნება საჭირო კოორდინაცია. მაგალითად, ამომრჩეველთა სიების გადაკონტროლება, უცხოეთში წასული ამომრჩევლების იდენტიფიცირება, მათი საარჩევნო სიაში ასახვა და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ, პოლიტიკური ერთობის გაფორმება არ ისურვა ცალკეულმა პარტიებმა – „ახლებმა“, „ლელომ“, წინააღმდეგი არიან ერთიანი სიის ფორმირების, მაგრამ საერთო სტრატეგის შემუშავების ნაწილში, ეს ერთობა მიღწევადია და საერთო მიზანში ყველას დაგვეხმარება“, – ამბობს ბეჟაშვილი.
მისი თქმით, ისინი გაიზიარებენ სხვა ქვეყნებში ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობის გამოცდილებასაც.
„სხვათა შორის, ასეთი კოორდინაცია ჰქონდა ოპოზიციას რუმინეთში, პოლონეთში, როცა ძლიერ სახელისუფლებო პარტიას ამარცხებდა მაშინდელი პოლიტიკური ოპოზიცია. ამ მხრივ მათთან გვაქვს კონსულტაციები.
- „ვფიქრობთ, ვითანამშრომლოთ „დაიტოვეს“ ჯგუფთან“
ჰერმან საბო, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ის ფაქტორი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს სერტიფიცირება მოეთხოვება, ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, რადგან პარტიისთვის უფრო მნიშვნელოვანია კომისიის წევრის მიმართ სანდოობა, ვიდრე საარჩევნო პროცედურები.
„რაც შეეხება საუბნო კომისიებს, ჯერჯერობით, რასაც ვფიქრობთ არის ის, რომ გვეთანამშრომლა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც (რუსული კანონის წინააღმდეგ) აქციებზეც აქტიურობდნენ და „დაიტოვეს“ ჯგუფში გამოთქვეს სურვილი საარჩევნო კომისიებში მუშაობაზე.
ვიფიქრეთ, თუ ამ ადამიანებს დააინტერესებთ იყვნენ კომისიებშიც, ჩვენ შეთავაზება გაკეთებული გვაქვს საჯაროდ. არის გამოხმაურებაც, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, რა რაოდენობაა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ დაველოდებით მათგან რეაქციებსაც“, – ამბობს ჰერმან საბო.
„ფეხბურთმა პროცესები გაჭედა და როცა არჩევნების დრო მოახლოვდება, მერე უფრო გვეცოდინება რა მდგომარეობა გვაქვს“, – ამბობს ჰერმან საბო.






