მთავარი,სიახლეები

რას აპროტესტებენ უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში

05.07.2024
რას აპროტესტებენ უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში

4 ივლისს, უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში გამგეობის მიერ დაგეგმილი კრება ხმაურის ფონზე ჩატარდა. უსინათლოთა კავშირის რამდენიმე წევრმა, მათ შორის გამგეობის დელეგატმა ცისანა ბერიძემ, მოქმედი გამგეობის წევრების საქმიანობა გააპროტესტა და მათთვის სტატუსის შეჩერება მოითხოვა. 

გამგეობის წევრების მიმართ უსინათლოთა კავშირის წევრთა ნაწილის მხრიდან უნდობლობის გამოცხადების მიზეზებს ცისანა ბერიძე შემდეგნაირად განმარტავს:

„საქმე ის არის, რომ ჩვენ დავა გვაქვს საქართველოს უსინათლოთა კავშირთან, იმის გამო, რომ ქონება გაგვისხვისეს, გაგვიჩუქეს. გენერალურმა პროკურატურამ დასკვნა დადო, რომ სამ მილიონ ლარად შეფასებული ქონება არის გასხვისებული და უსინათლოთა კავშირის თითოეული წევრი ცნო დაზარალებულად. გამგეობის დელეგატებს, გამგეობის წევრებს, უნდა გადასცემოდათ ეს ინფორმაცია და ხალხს უნდა სცოდნოდა, რომ თითოეული წევრი არის მიჩნეული დაზარალებულად, ეს საბუთი იქნა დამალული“.

ცისანა ბერიძე

ცისანა ბერიძე

უსინათლოთა კავშირის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს გასული წლის 9 ნოემბერს პროკურატურამ ორგანიზაციის ქონების გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით ბრალი  წარუდგინა უსინათლოთა კავშირის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს. „აი ფაქტის“ ცნობით, საქმე ეხება დაახლოებით სამი მილიონზე მეტი ლარის ზიანს.

უსინათლოთა კავშირის წევრთა ნაწილი წლებია აცხადებს, რომ კავშირის ბალანსზე არსებული ქონება და ამ ქონებით მიღებული შემოსავლები მათ არ ხმარდება. „ბათუმში ჩვენი წარმოება სრული დატვირთვით მუშაობს, არც ერთი კუთხე კუნჭული არ არის დარჩენილი, რომ არ იყოს გაქირავებული და შემოსავალია 30 000 ლარი, როცა შეიძლება გაცილებით მეტი შემოვიდეს, ჩვენი ხალხი კი, ბოდიში და, მათხოვრობს. ჩვენ გვინდა სამართალი” – ამბობს უსინათლოთა კავშირის წევრი, ზურაბ მსახურაძე.

ზურაბ მსახურაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის საკუთრებაშია 8000 კვ/მ, აქედან 6000 კვ-მეტრამდე არის გაქირავებული, სადაც 45 საამქროა განთავსებული.

„6000 კვ/მ-ია გაქირავებული, შემოსული თანხიდან ჩვენ არაფერი სარგებელი არ გვაქვს. ხალხზე გადანაწილდეს/ხალხს მოხმარდეს” – ამბობს გოჩა ბოლქვაძე, უსინათლოთა კავშირის წევრი.

უსინათლოთა კავშირის შენობის ტერიტორია ადაპტირებული არ არის.

ფოტო: „ბათუმელები“

ფოტო: „ბათუმელები“

ფოტო: „ბათუმელები“

ფოტო: „ბათუმელები“

ზურაბ მსახურაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ინტერესი არსებობს  უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებითაც:

„ამბობენ, რომ არარენტაბელურია წარმოება,  არაშემოსავლიანია, ვირთხები დარბიან საამქროებში და ამიტომ გავყიდოთო”.

ცისანა ბერიძე: „მე ვარ ფილიალის დელეგატი და ლეგიტიმაცია მაქვს ვისაუბრო ჩემი კავშირის წევრების სახელით. ძალიან ბევრი მოთხოვნა გვაქვს ჩვენ აჭარის ფილიალში, ვინაიდან არ არის არანაირი ინფრაქტსრუქტურა… ბევრჯერ იყო თხოვნა, რომ ჩვენ აქ რაიმე კულტურული ცენტრი გაგვეკეთებია, როგორც არის თბილისში, არ გაგვიკეთეს… რამდენი თხოვნაც იყო თბილისის სათაო ოფისის თავმჯდომარესთან, ყოველთვის იძახდა, რომ ეს ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული…“

გამგეობის წევრი, ირმა ბარაბაძე ამბობს, რომ ინფორმაცია უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით არ  შეესაბამება რეალობას:

„ეს არის უსინათლოთა მცირე ჯგუფი, მართულები არიან და შეცდომაში შეყვანილები, თითქოს და აჭარის ქონება იყიდება/სხვისდება, რაც არის ტყუილი. დღეს ტარდება ფილიალის საანგარიშო კრება, რომლის ჩაშლაც უნდათ სინამდვილეში” – გვითხრა მან. 

ირმა ბარაბაძე

ცისანა ბერიძე ამბობს, რომ სანამ სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს უსინათლოთა ქონების უკანონოდ გასხვისებასთან დაკავშირებით, ისინი ბოიკოტს უცხადებენ გამგეობის წევრებს:

„ეს იქნება უცვლელი პროცესები აჭარაშიც, რუსთავშიც, სამეგრელოში, იმერეთშიც, ყველგან გაგრძელდება, მანამ, სანამ უსინათლოები არ მივიღებთ პასუხს… სანამ ბოლომდე არ იქნებიან დაკითხული მოწმეები და სანამ არ გამოვლინდებიან დამნაშავეები, მანამდე მოვითხოვთ რომ შეუჩერდეთ სტატუსი და არ ჰქონდეთ უფლება, ჩაატარონ კრება“.

ამავე თემაზე:

უსინათლოთა კავშირის ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს გაფლანგვის მუხლით ბრალი წარუდგინეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: