„არ მაქვს დრო, ვერ გიპასუხებთ“, – პასუხს თავი ასე აარიდა ვასო [უჩა] შანიძემ, რომელსაც „როინ შავაძის საქმეზე“ ტელეფონით დავუკავშირდით.
ვასო შანიძე 2008 წელს, როცა სერჟანტი როინ შავაძე წამებით მოკლეს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძის მოადგილე იყო. მან სხვა მაღალჩინოსნების მსგავსად, სერჟანტის მკვლელობის შემდეგ მუშაობა განაგრძო და არაფერი თქვა – არც არაფერს შეეწინააღმდეგა და არც არავის დასჯა მოუთხოვია.
ვასო შანიძე საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე 2018 წელს დაიბარეს.
გთავაზობთ 2018 წელს შედგენილ, ვასო შანიძის დაკითხვის ოქმის ძირითად ნაწილს:
„მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანა იმყოფებოდა საომარ მდგომარეობაში. ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების დამაკავშირებელი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს გორთან და ხაშურთან, ასევე სამეგრელოში აკონტროლებდნენ რუსეთის არმიის შეანაერთები. რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა,“ – 2008 წლის 16 აგვისტოს გახსენება სთხოვა გამომძიებელმა საუბრის დასაწყისში ვასო შანიძეს.
„2008 წლის 16 აგვისტოს დილის საათებში ვიმყოფებოდი ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა N4-ში განთავსებულ ჩემი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში. რა დროსაც დამიძახა ჩემმა უფროსმა, თეიმურაზ პატარიძემ და მითხრა, რომ მას ჰქონდა ხელმძღვანელობისაგან დავალება, რომ ქალაქ ბათუმში მცხოვრები სამხედრო პირი როინ შავაძე უნდა დაგვეკავებინა. მანვე განმიმარტა, რომ ხელმძღვანელობის დავალება იყო, შავაძისათვის ჩაედოთ ნარკოტიკი. რისთვისაც დამავალა შემედგინა პატაკი, რომ თითქოსდა არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ სამხედრო პირი, ვინმე როინ შავაძე თითქოსდა ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ახდენდა მის რეალიზაციას. მე დავინტერესდი, თუ ვინ იყო აღნიშნული პიროვნება და რისთვის იყო საჭირო ამის გაკეთება, რაზედაც პატარიძემ მიპასუხა, რომ აღნიშნული იყო ახალაიას დავალება და ზედმეტი კითხვების გარეშე უნდა შემესრულებინა მისი მითითება.
მე კიდევ შევთავაზე პატარიძეს, რომ ვინაიდან ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა კანონით ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს, ხომ არ ჯობდა, რომ ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ასეთი „დავალება“ და აჭარის სოდის თანამშრომლებს შეესრულებინათ, რაზედაც პატარიძის პასუხი იყო კატეგორიული, რომ ჩვენ მივიღეთ დავალება და შესაბამისდ ჩვენვე უნდა შეგვესრულებინა.
ვინაიდან პატარიძემ დაინახა ჩემი წინააღმდეგობა, მან დაუძახა მეორე სამმართველოს უფროსს, ვაჟა დიასამიძეს და ჩემი თანდასწრებით მისცა ზემოთ ხსენებული დავალება. ამის შემდგომ გამოვედით პატარიძის კაბინეტიდან და ცოტა ხანში ვაჟა დიასამიძემ შემომიტანა დაბეჭდილი პატაკი, რომლის შინაარსიც, როგორც მახსოვს, იყო შემდეგნაირი: არსებობდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ბათუმში მცხოვრები როინ შავაძე ეწეოდა ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვასა და რეალიზაციას. აქვე მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ პატაკს დიასამიძემ დაურთო შესაბამისი ცნობა, რომელიც დააწერინა ერთ-ერთ ოპერატიულ თანამშრომელს, რომ თითქოსდა მის მიერ იქნა მოპოვებული აღნიშნული ოპერატიული ინფორმაცია. როგორც მახსოვს, აღნიშნულ ცნობაც და პატაკიც ოფიციალურად გატარებული იქნა შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში. მე ხსენებულ პატაკს დავადე რეზოლუცია ვაჟა დიასამიძის სახელზე შემდგომი რეაგირების მიზნით, რაც გადაეგზავნა საგამოძიებო განყოფილებას.
მინდა აქვე აღვნიშნო, რომ წესით ასეთი ინფორმაციის შემთხვევაში, როდესაც ოპერატიულ ინფორმაციის შესახებ პატაკს დაედება რეზოლუცია რომელიმე სამმართველოს ხელმძღვანელის სახელზე და შემდგომ იგზავნება საგამოძიებო განყოფილებაში, პიროვნების დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს ის ოპერატიული დანაყოფი, ვინაც მოიპოვა ინფორმაცია და ასევე რეზოლუციით ვისაც დაევალა აღნიშნული ღონისძიების ჩატარება.
თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე არ მომხდარა.
მინდა მოგახსენოთ, რომ როინ შავაძის დააკავების ღონისძიება ჩატარდა 2008 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ბათუმში, სადაც მის დაკავებაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის იმ დროინდელი სოდის უფროსი გიორგი, იგივე გოგიტა კახიძე, მისი თანამშრომლები რუსლან ბაზიაშვილი და კიდევ რამოდენიმე, ასევე თეიმურაზ პატარიძე, მისი მოადგილე ალი ბალაძე, აჭარის კუდის სპეცრაზმელები და საგამოძიებოს განყოფილების თანამშრომლები.
ვინაიდან ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ თანამშრომლებს არ დაგვავალა პატარიძემ დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, მე და ჩემი თანაშმრომლები ბათუმში ოქროს ბირჟის მიმდებარე ტერიტორიაზე როინ შავაძის დაკავების დროს იქ არ ვყოფილვართ. თუმცა როგორც შემდგომ გადმოცემით კერძო საუბრებში უფრო ზუსტად პატარიძისგან მაქვს გაგებული, როინ შავაძეს დაკავების ადგილას სოდის უფროსი, მის თანამშრომლები და ასევე აჭარის კუდის სპეცრაზმის თანამშრომლები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. მას იქვე სოდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა რუსლან ბაზიაშვილმა ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება ჯიბეში.
შემდგომ იგი წამოაყენე,ს იქვე გაჩხრიკეს და ამოუღეს აღნიშნული ჩადებული ნარკოტიკული საშუალება. პატარიძისაგან ვიცი, რომ შავაძის დაკავებისთანავე ესაუბრა ახალაიას და მისგან მიიღო დავალება, რომ როინ შავაძეს, როგორც სამშობლოს მოღალატეს, ისე გასწორებოდნენ. ამიტომ მან დაავალა სპეცრაზმელებს, რომ შავაძე დაკავების ადგილიდან მოეთავსებინათ მის ავტომანქანაში, რითაც შავაძე წაიყვანა აჭარა-გურის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ქაქუთის ტერიტორიაზე. მას თან ახლდა მისი მოადგილე ბალაძე და მისი სპეცრაზმელები, სადაც მისივე თქმით, როგორც სამშობლოს მოღალატე იმსახურებდა, ისე გაუსწორდნენ როინ შავაძეს.
აღნიშნული დეტალები თეიმუარაზ პატარიძემ მოყვა როინ შავაძის მკვლელობის ადგილიდან დაბრუნების შემდგომ თავის სამუშაო კაბინეტში, სადაც ვიმყოფებოდით მე და ალი ბალაძე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პატარიძემ ჩვენთან საუბარში ისიც თქვა, რომ როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, მან შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს დაახვედრა ისეთი სურათი, რომ როინ შავაძე – ლიკვიდირებული იქნა გაქცევის მცდელობის დროს.
აღნიშნული ვერსია, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, პატარიძის თქმით, მისივე დავალებით სპეცრაზმელებმა შავაძის მკვლელობის შემდეგ პისტოლეტით რამოდენიმე გასროლის შედეგად დააზიანეს სამსახურის კუთვნილი პიკაპის ტიპის ავტომობილი, როინ შავაძის გვამთან დააგდეს პისტოლეტი და შემდგომ შემთხვევის ადგილას მისულ პოლიციელებს დაახვედრეს აღნიშნული სურათი.
მინდა მოგახსენოთ, რომ პატარიძეს არ დაუკონკრეტებია უშუალოდ, თუ ვინ და რამდენმა მოახდინეს ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლის შედეგად როინ შავაძის მკვლელობა. იგი ამბობდა, რომ „ჩვენს მიერ მოკლული იქნა სამშობლოს მოღალატე და ეს უნდა იყოს მაგალითი სხვისთვის“, თუმცა როგორც შემდგომ გავიგე როინ შავაძე მკვლელობამდე სასტიკად იყო ნაცემი. ხოლო გარდაცვლილს სხეულზე გააჩნდა მრავალი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღებიდან მიყენებული.
ყოველივე ამის შემდეგ მე აღარ დავინტერესებულვარ ხსენებული თემით, ვინაიდან რაიმე კითხვა რომ დამესვა პატარიძისთვის, შეეძლო, რომ მას ჩემთვის დაებრალებინა, თითქოს ვიყავი მოღალატის დამცველი და შემდგომ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შედეგით შეიძლებოდა დამესრულებინა არამარტო კარიერა, არამედ სიცოცხლეც.
ასევე მსურს მოგახსენოთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად არავის დავუბარებივარ. პირველივე გამოძახებისთანავე გამოვცხადდი და მოგაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილია,“ – დაასრულა ვასო შანიძემ.
____
ვასო შანიძემ „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა, რომ ის ამჟამად პრემიერ-მინისტრის აპარატს დაქვემდებარებულ საგარეო დაზვერვის სამსახურში მუშაობს, თუმცა არ აქვს თანამდებობა და მხოლოდ ოპერატიული თანამშრომელია.
ვასო შანიძის მსგავსად, თეიმურაზ პატარიძის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა ალი ბალაძე, რომელსაც 2024 წლის მარტში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნინი ბალაძის, ალი ბალაძის შვილის ინფორმაციით, ვასო შანიძის ამჟამად საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ვასო შანიძის თანამდებობის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არ მიაწოდეს.
სერჟანტი და აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს წამებით მოკლეს. გამოძიებას არც ახლა აქვს პასუხი: რა იყო სპეცრაზმელების მიერ როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელი ერთ პირსაც არ არ დაკისრებია პასუხისმგებლობა.
2020 წელს, ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე 12 პირს წარუდგინეს ბრალი. რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს – მაგალითად, აჭარის იმდროინდელი პროკურორი ვასილ როინიშვილი დასჯის ნაცვლად „ოცნების“ ხელისუფლებამ დააწინაურა. 2020 წელს ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
მკვლელობიდან 15 წელი ხელისუფლება რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა.
ამ თემაზე:
„ყველამ 3-3-ჯერ ვესროლეთ“ – კიდევ რა თქვეს სპეცრაზმელებმა სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე






