ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერები გამოაცხადა

10.03.2020 • 5144
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერები გამოაცხადა

ხულო-გოდერძის უღელტეხილი-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერები გამოაცხადა. წინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინთან“ კი დეპარტამენტმა 110-მილიონიანი ხელშეკრულება 2020 წლის თებერვალში შეწყვიტა. პროექტს ქუვეითის ფონდი აფინანსებდა.

დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადა. პროექტის დიდ ნაწილს კვლავ ქუვეითის ფონდი, ხოლო დაახლოებით 5-კილომეტრიან მონაკვეთს, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 18 227 349 ლარით გამოცხადდა. წინადადებების მიღება 2020 წლის 5 აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დასრულდება.

აღნიშნული მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის მიმართულებით 5 კილომეტრში მთავრდება. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება გზის დარჩენილ მონაკვეთს, სატენდერო მოწვევა ორ ლოტზე გამოცხადდა: ლოტი I – ხულო-გოდერძის უღელტეხილი [იწყება ხულოდან 5 კილომეტრში და მთავრდება გოდერძის უღელტეხილთან] და ლოტი II – გოდერძის უღელტეხილიდან სოფელ ზარზმამდე. სამუშაოების განხორციელების პერიოდია 730 დღე [ორ წელზე მეტი]. ამ ლოტებზე საერთაშორისო ტენდერია გამოცხადებული.

„საფინანსო ინსტიტუტთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, მოხერხდა სატენდერო მოთხოვნების ისე ჩამოყალიბება, რომ ტენდერში მონაწილეობა შეძლოს მეტმა ქართულმა კომპანიამ. ასეთი მიდგომის წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, სადაც 4 ლოტიდან 3-ზე ქართული კომპანია მუშაობს. ქართული კომპანიების მეტი ჩართულობა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, პროექტების უფრო სწრაფად განხორციელებასაც უწყობს ხელს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ხულო-ზარზმის პროექტზე პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირდება  47-კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო მინიმუმ 1.5 საათით შემცირდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს [„ტოდინს“] შორის ხელშეკრულებები ხულო-ზარზმის გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა.

პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

110,2 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც  არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდებოდა, მშენებელ კომპანიას 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა.

2020 წლის თებერვალში დეპარტამენტმა „ტოდინთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყვიტა.

ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: