რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 548 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 8 142 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 15 611 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 14 831 ერთეული [+54]
  • MLRS – 1 115 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 878 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 751 ერთეული [+57]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 342 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 977 ერთეული [+54]
  • სპეცტექნიკა – 2 473 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 626 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 228 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 537 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 506 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 364 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 386 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 345 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში პარაშუტიდან ჩამოვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, პარაშუტიდან ჩამოვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა.

შემთხვევა დღეს, 4 ივლისს მოხდა.

როგორც “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ქალი პარაშუტიდან ზღვაში ჩავარდა, მაშველებმა ის გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ასევე დაშავებულია მამაკაცი, რომელიც ქალთან ერთად იმყოფებოდა.

ცოლ-ქმარი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ისინი ბათუმში დასასვენებლად ჩამოვიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„ყველამ 3-3-ჯერ ვესროლეთ“ – კიდევ რა თქვეს სპეცრაზმელებმა სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე

„მინდა, რომ მართლა იყოს მოღალატე,“ – უთხრა ბრალდებულმა თემურ მგელაძემ გამომძიებელს სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის შესახებ, როცა ის ციხის შეხვედრის ოთახში ფარულად ჩაწერეს. საუბარია იმ სერჟანტის მკვლელობაზე, აგვისტოს ომში რომ იბრძოდა, ბათუმში დაბრუნებულს კი, ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი სამართალდამცველებმა 40 ტყვიით ჩაცხრილეს.

ეს სასტიკი მკვლელობა 2008 წლის 16 აგვისტოს მოხდა. გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი: რა იყო როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელია ერთ პირსაც არ უგია პასუხი – ვიდრე ევროსასამართლომ „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევა არ დაადგინა.

მეტიც, დღესაც ბევრი პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ როინ შავაძის საქმის გამოძიებაში, მაღალ თანამდებობებზე აგრძელებენ მუშაობას.

ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის ივლისში, პროკურატურამ „როინ შავაძის საქმეზე“ 10 პირს ბრალი წარუდგინა, შემდეგ კიდევ ორი პირი დააკავეს. 10 ბრალდებულის საქმე სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა. დასაჯეს სპეცრაზმელები, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, იგივე კუდ-ის აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსი – თეიმურაზ პატარიძე, თუმცა ის ამ დრომდე არ არის დაკავებული.

„ვინაიდან თეიმურაზ პატარიძე გახლავთ ოქროს მოწმე და ფიგურირებს არაერთ საქმეში, მას ხელისუფლებამ ხელი შეუწყო და საზღვრებს გარეთ გააქცია. დასჭირდათ თანამდებობის პირი, რომელსაც მკვლელობის ორგანიზებას მიაწერდნენ. ამიტომაც დასაჯეს ალი ბალაძე, რომელიც პატარიძის მოადგილე იყო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინი ბალაძე, „როინ შავაძის საქმეზე“ მსჯავრდებული ალი ბალაძის შვილი. მან თავისი არგუმენტები გაგვიზიარა, რატომ იყო ბალაძის დასჯა უსამართლო.

ალი ბალაძის და კიდევ ერთი სპეცრაზმელის საქმე, სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. მათ მსაჯულებმა 2024 წლის მარტში 12 -12 წელი მიუსაჯეს.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს – მაგალითად, აჭარის იმდროინდელი პროკურორი ვასილ როინიშვილი დასჯის ნაცვლად „ოცნების“ ხელისუფლებამ დააწინაურა. 2020 წელს ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

მკვლელობიდან 15 წელი ხელისუფლება რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.

„ბათუმელები“ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე სპეცრაზმელის ფარულ საგამოძიებო ჩანაწერს გაეცნო, საიდანაც ირკვევა: რა ვითარებაში მოკლეს სერჟანტი, ვინ რა ფორმით იყო ჩართული როინ შავაძის მკვლელობაში? ეს სპეცრაზმელები კუდ-ის აჭარის სამმართველოში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდნენ.

თემურ მგელაძე: „მოკალით, რომ იცოდეს ყველამ, როგორ ისჯება მოღალატეო…“

„როინ შავაძის საქმეზე“ უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ბრალდებით დაკავებულ თემურ მგელაძეს, რომელსაც საბოლოოდ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, ციხის შეხვედრების ოთახში გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე და თავისი ადვოკატი გიორგი ფოფხაძე ხვდებიან. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შეხვედრას გამომძიებელი ფარულად იწერს.

ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერის ბეჭდური ვერსიის რამდენიმე ფრაგმენტს გაგაცნობთ:

„კონკრეტულად ახლა საქმის გარემოება, თემურ, თქვენ ხომ იცით საქმის გარემოება,“ – საუბარს გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე იწყებს. – ჩადებული იქნა ამ პიროვნებისთვის, როინ შავაძისათვის, ნარკოტიკული საშუალება, მოხდა მისი უკანონო დაკავება, დაკავებისას მიაყენეს ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა. მერე ჩასვეს შესაბამის ავტომანქანაში და მერე ვითომდა ინფორმაცია არსებობდა ამ პირის იმაზე, რა ჰქვია, გასცემდა ინფორმაციასო და მოხდა მერე, ამის საფუძველზე მისი ლიკვიდაცია.

მოკლედ, არის ეს მოცემულობა საქმეში, რაშიც ბრალი გედებათ და აი, რეალურად რა იყო, შენ თუ შეგიძლია მაგის თქმა და გსურს მაგის თქმა“, – აღნიშნა გამომძიებელმა.

„აი, ფორმიანი რომელიც ზის, სამშობლოს მოღალატეა, მაგის გამო არის, რომ თქვენი ბიჭები დაიხოცა, მაგის დედას შ…“- ვციტირებ, ავიყვანოთო…“ – 2008 წლის 16 აგვისტოს მომხდარი ამბის გახსენება დაიწყო  ბრალდებულმა და დასძინა, რომ თემურ პატარიძეს ციტირებდა. თემურ პატარიძე როინ შავაძის მკვლელობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი იყო.

„ფორმა ეცვა, როგორც მახსოვს, მაგ ბიჭს [როინ შავაძეს]. მივედით, წამლის თემაში, რასაც მეკითხებით, იქ უკვე სხვა დანაყოფი მუშაობდა, „სოდის“, როგორც მახსოვს.

„სოდმა ჩაუდო ის ისა?“ – ჩაეკითხა ბრალდებულს გამომძიებელი.

„ჩაუდო, არ ჩაუდო, ჩვენ რომ მივედით – დავაკავეთ,“ – ბრალდებულის თქმით, ნარკოტიკის ამოღების შესახებ მას კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს – „პირდაპირ ვიძახი, დავაკავეთ.

გადამეტებას რას გულისხმობენ ახლა, მაშინ მით უმეტეს, როცა გეუბნებიან, რომ მოღალატეა, ორი დღის ჩამოსული ვართ ომიდან. ერთ რაღაცას მინდა გავუსვა, ბატონო ზურაბ ხაზი, რა. პატარიძეს ისედაც უკვე დაძაბული ჰქონდა ჩვენთანაც, იმიტომ, რომ ომში, ხუთი დღის განმავლობაში, ახლა მოვალ, ახლა მოვალ… ერთხელაც არ მოსულა ჩვენთან, ისე დავბრუნდით უკან….

თეიმურაზ პატარიძე თვითონ, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ აყვანას და იქ იმყოფებოდა,“ – თქვა ბრალდებულმა.

„ეს ალი ბალაძეც იქ იყო?“ – იკითხა გამომძიებელმა კუდ-ის აჭარის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ყოფილი მოადგილის შესახებ.

„ალი ბალაძე, სიმართლე გითხრა, იმ წუთში იყო იქ, თუ მანქანაში იჯდა, მე ვერ ვიხსენებ, თუმცა შეიძლება ბიჭებს ახსოვს, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ… რამოდენიმე პერიოდის შემდეგ, ახლა რამდენი ხანი გავიდა, 15 წელია, ბატონო ზურაბ… თემურ პატარიძე იქ დრო და დრო ლაპარაკობდა. გადიოდა, ტრიალებდა. ეს კაცი, უნდა გავიყვანოთო, წასაყვანი იქნება თბილისის მიმართულებითო.

გზაში იყო მეორე ეკიპაჟი უკვე და დავაწექით ფოთში, მაშინ ფოთში უკვე რუსები იყვნენ. ჩემი ვარაუდით, აქედან, ამ ქაქუთის მხრიდან იმიტომ წავიდნენ, რომ შეიძლებოდა გომის მთით გადასვლა, აჭარის ხეობაში, შუახევში ჩამოსასვლელია და იქიდან შეიძლებოდა, ბორჯომი და წალკა და რაღაცა, რამდენადაც ვიცი, მაქედან შეიძლებოდა მაგის გაკეთება.

სოდის თანამშრომლები ახლა იმ წუთში, კონკრეტულად ვინ იყო, სიმართლე გითხრა, ძალიან გამიჭირდება, თუმცა ახლა წამლის ჩადების დროს რა იყო, როგორ იყო, მე პირდაპირ გეუბნები, რომ ამ მონაკვეთში მე მანდ არ ვიმყოფებოდი, იმიტომ, რომ უკვე მაგი დაკავებული იყო.

„მაგრამ წამალი რომ ჩადეს, ეგ ფაქტია, ჰო?“ – შეაწყვეტინა ბრალდებულს გამომძიებელმა.

„ამოუღეს, ამოუღესო. მაშინ განყოფილების უფროსი გახლდით, ნახევარი ვიყავით დარჩენილი, ომიდან ჩამოსული ბიჭების. ჩავსვით, წავიყვანეთ. მეორე ეკიპაჟიც შემოგვიერთდა.

„და იქით რომ მიგყავთ, უკვე რა ხდება მერე?“ – გამომძიებელმა თხრობის გაგრძელება სთხოვა ბრალდებულს.

„იქით, გზადაგზა, ნუ, ე.ი. ქაქუთის მისვლამდე აჩერებს, გადმოიყვანეთ, მაგის დედას შ…ო რა! პატარიძემ თქვა. თვითონ პისტოლეტით აკეთებს გასროლას, მაგრამ, სავარაუდოდ, მე როგორც აღვიქვი, ის მას არ მოხვდა, შავაძეს. მოკალით, ამის დედას შ…, რომ იცოდეს ყველამ, როგორ ისჯება სახელმწიფოს მოღალატეო. ანუ ჩვენს ბიჭებს, ასე, ასე, გინება, მთელი ამბავი.

„მაგის მერე დაუშვით ბიჭებმა ავტომატიდან?“ – დაინტერესდა გამომძიებელი.

„ჩვენ ვართ სპეცრაზმი… მეთაურის ბრძანებას ვასრულებთ. მეთაურის ბრძანებებს არ მსჯიან, ერთი.

მეორე, ისიცაა, მაშინ თემურ პატარიძეს ჰქონდა იმის ბერკეტები, რომ ჩვენ „დაჟე“ 12-ში, უკვე 12-მდე [იგულისხმება 2012 წელი] „გაკეთებულია ყველაფერი, ყველამ ყველაფერი იცის, დედა მოეტ… ყველას“,- მე ვციტირებ ახლა.

როცა მე გადმოვედი [ავტომანქანიდან], ეს უკვე ჩაყვანილი ჰყავდათ, შემოვარტყი, ისა, რა ჰქვია, „ნისანს“ მარცხენა მხრიდან და უკვე ეს სროლები და ეს კაცი ძირს ეგდო. გამომდინარე იქიდან, ვფიქრობ ახლა, რომ არ ისვრიდი, ისვრიდი, მაგრამ მოკლე დროში, იმ მოკლე მომენტში ჩემმა სინდისმა რაც მიკარნახა, ჩავჯექი და დაახლოებით, ნახევარ მეტრში მაინც ზევიდან გასროლა გავაკეთე, მაგრამ ვიცოდი სად ვისროლე, ამას სიმართლეს ვიძახი, ჩემს შვილებს ვფიცავარ.

„ანუ თავიდან ისროლა პატარიძემ, თუ სწორად გავიგე, პირველი,“ – დაკონკრეტება ითხოვა გამომძიებელმა. მას ბრალდებულმა დაუდასტურა, რომ  თეიმურაზ პატარიძემ ნამდვილად ისროლა როინ შავაძის მიმართულებით, პისტოლეტით გაისროლა და შემდეგ ტელეფონზე დაიწყო ლაპარაკიო.

„მერე, ე.ი. ფაქტიურად იქ უკვე გათიშული იყო ეს კაცი, წაქცეული იყო?“ – მკვლელობამდე როინ შავაძის ფიზიკური მდგომარეობით დაინტერესდა გამომძიებელი.

„არა, კონტაქტური იყო, გადმოსვლის დროს, მანქანაში,“ – თქვა ბრალდებულმა.

„ანუ ნაცემი იყო, მაგრამ კონტაქტური,“ – დიალოგში ადვოკატი ერთვება.

„კონტაქტური იყო ჩვეულებრივად. მისი ფეხით ადგა, მისი ფეხით გამოვიყვანეთ, დავაჯინეთ, მისი ფეხით მერე, გზაშიც, როგორც ვიხსენებ, რაღაც-რაღაცებზე ბიჭები უკან ელაპარაკებოდნენ, წინ პირველი „ნაპრავლაიუში“ მე ვიყავი, ავტომატი გადაკიდებული, ვუყურებდი, რომ ყველა კუთხიდან შეიძლება რაღაც…“, – აღნიშნა ბრალდებულმა და თქვა ისიც, რომ თავად როინ შავაძეს არავითარი იარაღი თან არ ჰქონია.

„ამას არაფერი არ ჰქონდა. ეტყობა, მაგი, მერე, ჩვენ როგორც გავარკვიეთ უკვე, შეშინებული იყო, რომ მასზე ნადირობდნენ და რაღაცა და შესაბამისად, ფაქტი, ალბათ, არ გაიჩერა არაფერი, რაღაცას მიზამენო. ეს ჩემი ვარაუდია,“ – დაამატა ბრალდებულმა.

საუბრის დროს ბრალდებულმა როინ შავაძის შესახებ ესეც თქვა: „არაფერი ისეთი არ უთქვია. იქ, ჩამოსვლის დროს რაღაც ბიჭებს, როგორც მახსოვს და ბაზაზე ვიყავიო და რაღაც ესეთებს, ამბობდა. მე დამნაშავე არა ვარ, როგორც ყველა დამნაშავე მაგ დროს. ნუ, რაღაც ესეთი…“, – აღნიშნა ბრალდებულმა.

„რა მაინტერესებს! რას ერჩოდნენ ამ კაცს?“ – ამჯერად ადვოკატი მიუბრუნდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულს.

„რას ერჩოდნენ?“ – დაიბნა ბრალდებული.

„ჰო,“ – თქვა ადვოკატმა და მას შემდეგ, რაც ბრალდებულისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო, განაგრძო: „არც კუდს არ ჰქონდა ინფორმაცია, ინფორმაცია ჭორის დონეზეც არ იყო, ინფორმატორი არ მოვიდა და არ უთქვია, რომ ეს არის ჩამშვები, ან…. ინფორმატორი არ არსებობდა და ახლა ეს რომ ყოფილიყო გენერალი, პარლამენტის წევრი, რაღაცა რომ ყოფილიყო…

„ჰო, მაგრამ მოღალატე ხომ იყო?“ – შეაწყვეტინა ადვოკატს ბრალდებულმა.

„რით იყო მოღალატე? მოღალატე როგორ იყო, კაცო, ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო-მეთქი, მაგას გეუბნები. თქვენთან, სამსახურში ხომ უნდა ყოფილიყო ინფორმაცია, ვიღაცა ინფორმატორს ხომ უნდა ეთქვა, რომ შავაძეზე არის ინფორმატორი,“ – გაცხარდა ადვოკატი.

„ჩემს დონეზე არ წყდებოდა, ვინ მოღალატე იყო და მაგას ჩვენ არავინ არ გვეტყოდა,“ – თქვა ბოლოს ბრალდებულმა.

„რეალურად რა მიზანი ჰქონდა პატარიძესო, სწორი კითხვაა,“ – გამომძიებელმაც აგრძნობინა ბრალდებულს, მეც იგივე მაინტერესებსო.

„მაგას მიზანი ჰქონდა, ალბათ, დაწყებული ჰქონდა საქმე, რომ ეჭვმიტანილია… არ გამოვრიცხავ-მეთქი, რომ უნდა ჩაეყვანა თბილისში, იქ, ალბათ, არ ვიცი მე, დაჯდებოდნენ და არ ვიცი, რა ინფორმაცია…

„ჰო, მაგრამ თბილისშიც ხომ უნდა ყოფილიყო ინფორმაცია?“ – შეაწყვეტინა ბრალდებულს ისევ ადვოკატმა.

„ჰო, მაგრამ რამდენადაც გზის პრობლემა იყო, რომ წამოვიყვანეთ, გზაში მიიღო მერე რაღაც გადაწყვეტილება, ან ვიღაცამ დაურეკა, ან ამან ვიღაცასთან შეათანხმა, ან პირდაპირ../არ ასრულებს წინადადებას/ არ ვიცით ჩვენ,“ – თქვა ბრალდებულმა.

„სწორს იძახის, გიორგი, ხომ უნდა ჰქონდეს, ამ ინფორმაციის გაცემის თემა არ დასტურდება, გამიგე,“ – იკითხა ისევ გამომძიებელმა.

„ეს იცის პატარიძემ, ვინ დაავალა,“ – თქვა ბრალდებულმა.

„პატარიძემ კი არა, ინფორმაცია ხომ უნდა ყოფილიყო? ტყუილა მოკლეს კაცი, ჩემი კარგი მ…“, – თქვა ადვოკატმა.

„ჰოდა, რატომ მოკლეს ტყუილად? სწორი კითხვა დასვა,“ – გამომძიებელი ისევ ბრალდებულს მიუბრუნდა.

„მე დღემდე ვფიქრობ მაგას და სიმართლე გითხრა, მინდა, რომ მართლა იყოს მოღალატე, რა, რომ ამ ბიჭების ნამუსი, რა…“ – ნერვიულობა დაეტყო ბრალდებულს. – „ის სროლაც იმიტომ გავაკეთე, რომ ის ნაბოზარი მერე ადგებოდა და ხომ იცი, რასაც იზამდნენ, რა… რატოა ეს, ეს ვინ არის? ამას ხომ ჩვენ არ ვამოწმებთ?

მაგრამ იმაზე მომდის გული, ნეტა გავთრეულიყავი მეც, მეთქვა, რომ ა, დაჭრილი ვარ, ეს დედამოტ… და დამაწვინეთ. დავწვებოდი, მაგრამ, ბიჭო, მე არ ვიქნებოდი, ვიღაცა იქნებოდა, ვიღაც, რა მნიშვნელობა აქვს?“ – იკითხა ბრალდებულმა.

„შენ ერთი გავისროლეო, ზუსტად სად გაისროლე?“ – გასროლის ეტაპს მიუბრუნდა გამომძიებელი.

„მარჯვნივ, მიწაში… „დაჟე“ დავინახე მიწა რომ ავარდა ჰაერში,“ – თქვა ბრალდებულმა.

„სპეციალურად გაისროლე მიწის მიმართულებით?“ – იკითხა გამომძიებელმა.

„რასაკვირველია“, – მოკლედ უპასუხა შეკითხვას ბრალდებულმა და შემდეგ დაამატა:

„ეს არის ჩემი აღსარებაც და სიმართლე გითხრა, კაცურად, გულზე, რა იქნება, არ ვიცი, გულზე მომეშვა, რა. თუ გაინტერესებს, იყო თუ არა მოღალატე, არ ვიცი, სინდისს ვფიცავარ. მაგ რომ იქნებოდეს, დამტკიცდებოდეს, მირჩევნია…“

ზვიად ნურიძე: „ყველამ სამ-სამჯერ ვესროლეთ, არაბულს გაექცა ჯერი…“ 

ბრალდებულ ზვიად ნურიძის ფარულ საგამოძიებო ჩანაწერშიც სამი პირი ფიგურირებს: იგივე გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე, თავად ზვიად ნურიძე, რომელიც კუდის აჭარის მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობდა და ადვოკატი გოგიტა გაბაიძე.

„ნაომარი ბიჭები ვართ, დაგლეჯილი ბიჭები, ნერვები დაფხრეწილი, კიდევ ახლა ციხის ხეხვა 10 წელი და 15 წელი, სასიკვდილოდ გაწირვა გამოდის,“ – გამომძიებელს მიმართა საუბრის დასაწყისში ბრალდებულმა და განაგრძო:

„უყურე ახლა! მე 98 წლიდან მაცვია ფორმა. ადრე ვმუშაობდი ასლან აბაშიძის პერიოდში დაცვაში. მერე რევოლუცია მოხდა. თავიდან თუ არ მოგიყევი, შენ ხომ არ იცი?

რევოლუცია რომ მოხდა, დავრჩი უმუშევარი. მერე ძლივს რაღაცა აღვიდგინე ისევ სამთავრობოში თავი… მერე მაქ უშიშროებაში, კონსტიტუციურში გამოჩნდა ადგილი და ბიჭებმა მითხრენ, ჩვენები იყვნენ ისევ სამთავრობოდან გადასული, მამა მყავდა გულით ავადმყოფი და გადმოდიო, რა, ჩვენთან იყავიო. აქედან უარი ვთქვი და წავედი იქ.

იქ რომ მივედი სამსახურში, ჩვენ იმ სამსახურში ნდობა არ გვქონდა, როგორც აბაშიძის დაცვის წევრებს. ამიტომ დაიწყეს იქ რაღაცა ვიდეო იგი, აგი, ისე რომ ჩვენნაირებზე ინფორმაცია მიგვეცა, ხომ ხვდები, როგორც ხდება, რომ ნდობაში შემოსულიყვნენ. მერე რაღაც კურსებზე ვიყავი კიდევ, ახალგაზრდა, პირტიტველა ბიჭები ვიყავით 24-25 წლისები. იყვნენ ახლა გამოცდილები…

ვარჯიშის დროსაც თავი გამოვიჩინეთ, ხომ იცი ახლა? აი, შეუმჩნეველი არ დარჩა ხელმძღვანელობას და გადაწყვიტეს, რომ ასი კაცი ჩვენნაირი ჩამოეყალიბებინათ ჩვენს ბაზაზე. ამ სიტუაციას რომ შევხედე და არ მომეწონა სიტუაცია, 2007 წელი იყო, შევედი პატარიძესთან კაბინეტში, უჩა იყო მოადგილე [ვასილ შანიძე] და ვუთხარი, არ მინდა სამსახური-მეთქი.

ბიძინა ივანიშვილი „ციცინათელას“ აკეთებდა მაშინ ურეკში და იგივე ხელფასი არის და ჩავალ ყველა მესამე დღეს და სახლში ვიქნები ჩემს მშობლებთან. იგივე უჩამ მითხრა, რომ არ წახვიდე, ზვიად, სამშობლოს ღალატიაო და იძულებით დამნიშნენ განყოფილების უფროსად, მე არ მინდოდა, ჩემს ორ შვილს ვფიცავარ…

ჩვენ მოვხვდით ნიქოზის მხრიდან ცხინვალში, სასტიკი არეულობა, ტანკისტები მთვრალი, ხელმძღვანელი ვინმე არა. ოთხი დღე ჩვენ იქ პატრონი არ გვყავდა. პატარიძე საცხა გვეგონა და თურმე ბათუმში იყო და რაცხა ტელევიზორები და იგენი გაქონდა, გასაქცევად იყო გამზადებული. მერე რომ შეხედა, შებრუნდა სიტუაცია, ტელეფონზე დუურეკავდა, რა, ბიჭო, შეგეშინდა? დედის გინება დამაწყებია იქა, რა… ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, მოდი, ავდგეთ, ჩავიდეთ ბათუმში ბაზაზე. თუ რამე შეიძლება, იმის შემდეგ ვიმოქმედოთ, რა, როგორ წესი.

რომ ჩავედით, სიტუაცია იყო ჩამოშლილი ბათუმში. შენობებში არავინ. სამთავრობო შენობები დაკეტილი, ყველა გაქცეული-გამოქცეული. აქეთ ნაწილი მოსახლეობა რუსებს ელოდებოდა,
დროშები გადმოფენილი. აქეთ აბაშიძის ნარჩენები შევარდნენ შენობაში, ჩვენი დრო მოვიდაო და რაღაც ამფერი სიტუაცია იყო. დააკვირდი, მე რასაც გეუბნები, დააკვირდი და ანალიზი გააკეთე. აქეთ პატარიძე რეკავს: ჩამოდი თბილისში. მეთქი, არ ჩამოვალ. გინდა? – ჩამოდი, რა. მინისტრთან მივიდა და  ის კი არ უთხრა, რომ მე ნაგავი ვჭამეო. უთხრა, რომ სპეცნაზი გაიქცაო. მიხვდი?

რომ ჩამოვიდა ახლა პატარიძე, ნაწილი გაგვყო, ნაწილი წყალტუბოში გოუშვა, ნაწილი პოსტზე იყო, ნაწილი ოაზისში გაგვაგზავნა, დაისვენეთ, ბიჭებოო. ნუ, იქიდან ახლა, თუ რამე ღონისძიებები იყო გასაკეთებელი, მაგალითად, დასაკავებელი. იმ პერიოდში ბევრი ვიღაცა დაკავდა, პირდაპირ ღალატის ბრალდებით ვერ დააკავეს, მარა რაღაც-რაღაც მიზეზებით, რომ ზოგმა პორტში გემი არ შეუშვა, ზოგმა – რაღაც…

ერთ დღეს ვარ ბაზაზე, გადმოვიდა ჩემი უშუალო უფროსი ზაზა ჯაში და მეუბნება, რომ სასწრაფოდ ორი ეკიპაჟიო. მე ვუთხარი, ასე, საცოლეს უნდა შევხვდე-მეთქი. არაო, გინდა-არ გინდა, შენ უნდა წახვიდეო. მეორე იყო თემური მგელაძე. და ბიჭები რაღაცა, ვინც ვიყავით ეზოში, ჩავჯექით ორი ეკიპაჟი. ჩვენ არასდროს არ გვეუბნებოდნენ, ფურცელს არ გვაძლევდნენ, დაკავების ოქმს. გვეუბნებოდნენ, აი პიროვნება უნდა დაკავდეს, აი პიროვნება არის დასაკავებელი. ჩვენ, სპეცნაზს მაი არ გვეხება, კანონიერად ვაკავებთ, უკანონოდ ვაკავებთ, მაგის განსაზღვრა არასდროს არ ყოფილა.

რომ მივედით ახლა უშიშროებაში, ჭავჭავაძეზე იყო ჩვენი ბაზა, გვითხრა, რომ ასე-ასეო, ეჭვმიტანილია რუსეთთანო იმაშიო, უნდა მოხდეს ხმაურიანი დაკავებაო. ახლა ხმაურიანი დაკავება რას ჰქვია. კაი, ვიფიქრე, მოხდეს-მოხდეს. წავედით სამი მანქანით. პირველ მანქანაში იყო „იქს პიატ“-ში პატარიძე, მოადგილე – ბალაძე და მაიმუნა – გიორგი ჩიქოვანი.

ის დაკავებული, ცხონებული, იჯდა მარტო აქ. მე მივადექი აქედან…. ფორმა ეცვა, დღესავით მახსოვს. რომ მივედით ახლა, აგენმა რომ ჩამოვიდნენ, მე დაკავებაში „ვაფშე“ არ მაქვს მონაწილეობა,“ – უთხრა გამომძიებელს ბრალდებულმა. მისი თქმით, დაკავებული ჩვეულებრივად იზოლატორში გადიყვანეს, თუმცა ჭიშკართან მისული ეკიპაჟი უკან მოტრიალდა:

„ჭიშკართან ახლა მე უკანა ეკიპაჟში ვარ… ახლა ვიცით, რომ უნდა შევასახლოთ იზოლატორში, ჰო და მე არ ვიცი ახლა, მაი ნარკოტიკები, მერე გამოჩნდა საქმეში. საერთოდ იქ რამე ღონისძიება ამოღების, ჩხრეკის, რამე არ გაგვიკეთებია.

სპეცრაზმს ვინ რას ეკითხებოდა.

მივედი ახლა და ამას აქ აქვს ფანჯარა ჩამოწეული და ვხედავ ახლა აქედან, ტელეფონზე დაურეკეს [პატარიძეს], რაღაცა ილაპარაკა, გათიშა ტელეფონი, მანქანა მობრუნდა და ხელით მანიშნა, წამომყევიო, ამ ორ ეკიპაჟს. გზაში რომ წავედით, რაღაცა სიტუაცია არ მომეწონა. აი, ღმერთს გეფიცები, თუ გატყუებდე ერთ სიტყვას. მეთქი, განსაკუთრებული პატიმარია და შეიძლება, თბილისში ხომ არ გადაყავთ. ათასი რაცხა კი გამიარა გულში. მარა ერთი ვთქვი გულში, ალბათ, ვიფიქრე „დავაი“, დაგაზე და რაც არ უნდა იყოს…

ავედით ქაქუთზე. ქაქუთზე არის ასეთი გზა, არის ასე ნაძვები, აქ გაჩერდა პატარიძე, მერე დაკავებულის ეკიპაჟი და მესამე ეკიპაჟი მე. ჩამოვიდა პატარიძე, გან-გან მივა, აქ მივა პატარიძე, მაიმუნა, ჭაღალიძე, არაბული, ასე დგანან. აქ ვდგავარ ამ მანქანასთან ასე მე, მგელაძე, კონცელიძე…

პატარიძემ თქვა, ახსენით ბორკილებიო. კი, ბატონო. ბრძანებაა. ავხსენით ბორკილები. ამან უთხრა, ბატონო ოფიცეროო, ასე მახსოვს, მეო ვარო მოღალატეო, მარა ვიტყვი ყველაფერსო, რაღაც ასე თქვა. რას იტყვი, ბიჭო, შენი დედა მ…ო, გაიქეცი, ჩქარაო. ამან დაიწყო ასე ნაძვებისკენ მოძრაობა და პატარიძემ მოგვცა ბრძანება, რომ ეს მოღალატეა და გახსენით ცეცხლიო. მიხვდი? აქედან ცეცხლი გაიხსნა, მაგრამ ზოგის მოხვდა, ზოგის – არ მოხვდა. მიხვდი?…

არაბული იყო 22 წლის ბავშვი და ვერ მოტვინა სიტუაცია და ავტომატურზე დარჩა და აგერ აქედან, გვერდიდან მოხვდა ზურგში, ამან დააყენა სასიკვდილო იგი. ზოგმა არ ესროლა, ხომ ხვდები? ზოგმა ფეხთან ესროლა…

მერე თუ არ ვცდები, მოვიდა პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, იქ რაღაცა დაილაპარაკეს იქეთური-აქეთური და ჩვენ მოვბრუნდით და წავედით ბათუმში.

ბათუმში ჩავედით, დაგვიძახეს, შევედით მალხაზ აბულაძის კაბინეტში, საგამოძიებო რაღაცის უფროსი იყო. მალხაზ აბულაძემ დაგვახვედრა ჩვენებები გამზადებული და მე ამაზე გავატრაკე, რა. მეთქი, სპეცრაზმი ვართ და ეს არ შეიძლება, რომ ჩვენი სახელი-გვარები იყოს გატარებული ფურცელზე. ამაზე მიპასუხა, რომ თქვენო ამიზა არაფერს არავინ არ გეტყვითო. მიხვდი? იქ მოვაწერე ხელი, არ მოვაწერე, არ მახსოვს.

ავტომატები წაიღეს ბალისტიკურ ექსპერტიზაზე. მერე დაგვიბარეს პროკურატურაში, იქაც ჩამოგვართვენ ჩვენებები, იქაც გვითხრენ, რომ თქვენ არავინ არაფერს ხვალე-ზეგ არ გეტყვით, ბიჭებო, თქვენ თქვენს იმაზე იდექით. ამით დამთავრდა ეს საქმე.

მერე, ამის შემდეგ, მე აგენთან აღარ მინდოდა მუშაობა. შევედი მოადგილესთან კაბინეტში და ვუთხარი, რომ მე აღარ მინდა თქვენთან, გადამიყვანეთ ქობულეთში რიგით თანამშრომლად.

დავიწყე ამაზე ფიქრი, რატომ მოხდა ეს საკითხი და ჩავვარდი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ლოგინზე ვერ ვწვებოდი ერთი წელი. დავიწყე ეკლესიაში სიარული, რომ იქნება რაღაცა იგი, აგი და მღვდელი იყო და მე ასე პირდაპირ არ მითქვია მაგფერი სახით და ვუთხარი იგი და რაცხა პარაკლისებს და იმას ვიხდიდით, რომ იქნება, რაღაცა-მეთქი…

15 წელი მატყუებდნენ. მე რომ შევედი პატარიძესთან, ვუთხარი ამ საქმეს… მე ამ საქმეს ვეპატრონები, თქვენ მაგაზე პასუხს ვინმე არ მოგთხოვთო. ჯერ დაკავებული იყო, მერე გოუშვეს, მერე რაღაცა გავიგე, ითანამშრომლაო,“ – აღნიშნა პატიმარმა.

„რა მაინტერესებს, იცი? ზვიად, ეს ხალხი, ვინც ჩამოთვალე, აქ ავტომატი ყველას ჰქონდა, ჰო?“ – დაინტერესდა პროკურორი. ზვიად ნურიძის თქმით, შეიარაღებული იყო ყველა, მხოლოდ კუდ-ის უფროსის მაშინდელ მოადგილეს, ალი ბალაძეს და „მაიმუნას“ არ ჰქონდა იარაღი. დანარჩენმა 9 სპეცრაზმელმა კი, ავტომატიდან გაისროლა ყველამ ერთდროულად.

„მე ფეხებში ვესროლე, ტანზე არ მისვრია,“ – დასძინა ბრალდებულმა.

გამომძიებელი: „ჯერით?“

ბრალდებული: „ჯერით არა, სამად სამი გასროლა“

გამომძიებელი: „თითოეულმა?“

ბრალდებული: „ჰო“

გამომძიებელი: „ყველამ სამ-სამი, თუ?“

ბრალდებული: „არაბულს გეექცა ჯერი“

გამომძიებელი დაინტერესდა, ფეხში რატომ ესროლა ნურიძემ შავაძეს. არ მინდა სასიკვდილოდ გამეწირაო, პატიმარმა.

„არასწორი იყო ბრძანება და იმიტომ,“ – ადვოკატმა დაურთო რეპლიკა.

„და თვითონ პატარიძემ ესროლა?“ – პატიმარს მიუბრუნდა გამომძიებელი.

„ბიჭები ახლა დაკავებული არიან, ზოგს რომ კითხო უნდა თქვას… სიმართლე რომ გითხრა, არ უსვრია,“ – თქვა ბრალდებულმა და გაიხსენა, „მაიმუნასაც“ არ უსვრია, მაგრამ გასროლის შემდეგ პატარიძე შეუბრუნდა უთხრა: „აწი შენ სპეცრაზმზე რამე ცუდს თუ მეტყვი, მოგ….. დედის მ…ო“, – აღნიშნა ბრალდებულმა.

„ზოგმა იქნება, არ ესროლა, გვერდზე ესროლა, რომ ვითომ პატარიძეს დეენახა, ვითომ სროლილობდა,“ – ესეც თქვა პატიმარმა გასროლის აღწერის დროს.

ბრალდებული ფარულ საგამოძიებო ჩანაწერში იმასაც ჰყვება, როგორ დადგა „სცენა“ თემურ პატარიძის დავალებით, თითქოს როინ შავაძემ ცეცხლი სპეცრაზმელებს გაუხსნა:

„მაგ იმიტირება დამავალა პატარიძემ, გარდაცვლილთან მე დავდექი და მე ვესროლე კარებზე ორი ტყვია. იარაღი გვერდით დავუდე [ცხედარს]“, – თქვა ბრალდებულმა.

ზვიად ნურიძის თქმით, როინ შავაძის დაკავებას და მკვლელობასაც თემურ პატარიძე უწევდა ორგანიზებას. მან თავისი ვერსიაც გაუზიარა გამომძიებელს, ვის შეიძლებოდა დაერეკა თემურ პატარიძესთან, როცა დაკავებული სერჟანტი იზოლატორის ჭიშკრებიდან მოაბრუნეს.

„ჭიშკარი გაიღო, უნდა შევსულიყავით ეზოში, იქვე იყო დროებითი მოთავსების იზოლატორი და უნდა შეგვესახლა და იქ, ჭიშკართან მანქანა აღარ შესულა. ტელეფონით ელაპარაკა, გათიშა ტელეფონი, მანქანამ უკან დაიხია, მობრუნდა, წამოვიდა და გვანიშნა [თემურ პატარიძემ] წამოგვყევითო.

რეალურად იქ ჭიშკართან იყო ბრძანება… ვის ესაუბრა, მაგ ჩემთვის ცნობილი არ არის. შეიძლება ახალაიას ესაუბრა და შეიძლება ვანოს ესაუბრა. მაი ჩემთვის ცნობილი არ არის. არც მას უთქმია ჩემთან პირად საუბრებში. ლიკვიდაცია სავარაუდოდ უშიშროებას… აქვს მიღებული. რომ მივიყვანეთ კომიტეტში გრიბოედოვზე, ხომ უნდა შეგვესახლებია იზოლატორში. პატარიძესაც არ უნდოდა მაგის გაკეთება, როგორც ჩანს, მარა იქ რომ მივიდა მასთან და დარეკა ტელეფონზე, მაშინ აქვს მიღებული, რომ დაბრიდეთო…

ჩვენ ბოლო მომენტამდე, ქაქუთამდე განზრახ არ ვიყავით. ჩვენ დავრჩით საცოდავები. ჯერ იმ დროში ხომ დედას გვ…. და ამ დროში უფულო, უკაპეიკო. წასავალი, სადმე რომ წავსულიყავი იმის ფული არ მქონდა… საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი მიმეღო და აგი არ მეხეხა. ვიფიქრე კიდევ ნაომარი გაჩათლახებული, გაბითურებული ხალხი ვართ. ნაომარი, წესით ვამაყობდე უნდა, მაგრამ ამ საქმემ ჩვენ დედა გვიტირა. ერთადერთია, თუ სახელმწიფო რაღაცა შეღავათებს მოგვცემს, იგია რა,“- დაასრულა პატიმარმა.

  • რატომ შეცვალეს სპეცრაზმელებმა ჩვენება სასამართლოში – რა ირკვევა „ალი ბალაძის საქმიდან“? 

ალი ბალაძე კუდ-ის აჭარის სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე იყო, როცა სერჟანტი როინ შავაძე წამებით მოკლეს. შემთხვევის ადგილზე ისიც იყო. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ალი ბალაძის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე ირწმუნება, რომ რეალურად ალი ბალაძე მკვლელობის ორგანიზებაში ჩართული არ იყო და გადაწყვეტილებებს კონკრეტულად კუდ-ის აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსი, თეიმურაზ პატარიძე გასცემდა.

ადვოკატი ბრალდებულების: ნოდარ ცინცაძის და ზვიად ნურიძის ჩვენებებზე მიუთითებს: ამ პირებმა ცალ-ცალკე და ფარულად ჩაწერის დროს, ციხის შეხვედრების ოთახში გამომძიებელთან გასაუბრების დროს ალი ბალაძის ბრალეულობა გამორიცხეს, სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებში კი, მათი ნათქვამი პროკურატურის ვერსიას დაემთხვა იმ კუთხით, რომ ალი ბალაძე როინ შავაძის მკვლელობის ორგანიზატორი იყო.

სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, თემურ მგელაძეს და ზვიად ნურიძის პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. მაგალითად, თემურ მგელაძის ადვოკატმა, გიორგი ფოფხაძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ საპროცესო შეთანხმების მიხედვით, თემურ მგელაძეს რეალური სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, სასჯელის დანარჩენი ნაწილი პირობითი მსჯავრია. შესაბამისად, 2024 წლის ივლისში „როინ შავაძის საქმეზე“ მსჯავრდებული ეს პირი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

იმის გამო, რომ სასამართლო სხდომები პროკურატურის შუამდგომლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ნაწილობრივი დახურული იყო, ჩვენ არ ვიცით, რა უთხრეს ზუსტად თემურ მგელაძემ და ზვიად ნურიძემ სასამართლოს, თუმცა ორივე მხარის ადვოკატებს ვესაუბრეთ.

ფარულ საგამოძიებო ჩანაწერში კი, თემურ მგელაძე ალი ბალაძეს ამ კონტექსტში ახსენებს:

„მე არ ვაფარებ ხელს [ალი ბალაძეს]. თუ იყო, იყო, კაცო. მერე რა, რომ იყო და შესაძლებელია, რომ ყოფილიყო იმიტომ, რომ ხელმძღვანელია, მაგრამ ჩემი ამ ადამიანთან ურთიერთობით არასდროს, გადაწყვეტილება რასაც ჰქვია, ბალაძეს არ მიუღია. მაგი [თემურ პატარიძე] თვითონ იყო ყოველთვის კავშირზე თბილისთან, თვითონ იძლეოდა ბრძანებებს და განკარგულებებს. ჩვენ, აი, რომ მოგვენდომებია, რამეს ვერ გავაკეთებდით მაგის გარეშე და ეს, მე მგონი, ცხადზე ცხადია და ვერცერთი ის ბიჭები,“ – აღნიშნა ბრალდებულმა თემურ მგელაძემ.

ბრალდებული ზვიად ნურიძე ალი ბალაძის შესახებ:

„ბალაძე ახლა, სიმართლე გითხრა, მე იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ხელს ვაფარებ, მაგას ხმა საერთოდ არ ამოუღია, აფერში არაა მაი კაცი.

ალი ბალაძე იყო, მარა მაგის ხათრიზა ვმუშაობდით, სიმართლე გითხრა, სამსახურში. პატარიძესთან არ იმუშავებოდა. მიხვდი? პატარიძემ ამ საქმით კიდევ გეიხანგრძლივა სიტუაცია, თვარა 2008-ში გასაგდები იყო აი კაცი“.

გამომძიებელი: „ ბალაძე რეალურად დაკავების ადგილზეც იყო და მკვლელობის ადგილზეც?

ბრალდებული: „იყო, მაგრამ რამე მაგას მითითება, ან სიტყვა ეთქვა პირიდან, მაგფერი მაგისგან მე არ გამიგონია,“ – უპასუხა გამომძიებელს ბრალდებულმა.

10 კაცის ერთდროულად დაკავებამდე გამოძიებამ გამოჰკითხა თეიმურაზ პატარიძე, კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსი. მასაც დაუსვა კითხვა გამომძიებელმა ალი ბალაძის შესახებ:

„ბალაძე იყო მახსოვს – დაკავების დროს… ვინც ვიყავით, მე, ბალაძე ნაღდად მახსოვს, მანქანაში მეჯდა, კიდევ ვინ მეჯდა არ მახსოვს, იყო თემური, კიდევ ვინმე იყო, ნამდვილად არ მახსოვს რა. მე და ბალაძე რომ ვიყავით უეჭველი ვიცი. მახსოვს, ჩვენებაც ბევრჯერ მაქვს მიცემული და… სხვა რამე მაქვს ნათქვამი? არ ვიცი თქვენ თვითონ ნახეთ,“ – უთხრა თეიმურაზ პატარიძემ გამოძიებას. მისი თქმით, ბალაძეს კონკრეტული ბრძანებები 2008 წლის 16 აგვისტოს არ გაუცია.

ალი ბალაძის და მამუკა ბერიძის სასამართლოს სხდომა

ალი ბალაძის გამამტყუნებელი განაჩენი მეტწილად თემურ მგელაძის და ზვიად ნურიძის ჩვენებებს დაეყრდნო, ოღონდ არა იმ ნაწილს, რაც თქვენ ახლა წაიკითხეთ და რასაც ბრალდებულები ციხის შეხვედრების ოთახში მოუყვნენ გამომძიებელს, არამედ იმას, რაც მათ მსაჯულებს უთხრეს – სასამართლო სხდომაზე ამ სპეცრაზმელებმა მკვლელობის ორგანიზებაში ხელი თეიმურაზ პატარიძესთან ერთად ალი ბალაძესაც დაადეს.

ალი ბალაძის ინტერესების დამცველი, ნოდარ ცინცაძე ირწმუნება, რომ საპროცესო შეთანხმების დაპირებით, ალი ბალაძის შესახებ ბრალდებულებს ეს განზრახ ათქმევინეს, რადგან პროკურატურას „ბორკილებდადებული მკვლელობის ორგანიზატორი“ დასჭირდა. თემურ მგელაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი კი, ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა სპეცრაზმელმა სასამართლო სხდომაზე უბრალოდ სიმართლის თქმა გადაწყვიტა.

„მკითხველმა განსაზღვროს, რამდენად გულახდილად უნდა მივიჩნიოთ ის, რასაც მგელაძე და ნურიძე ფარულ ჩანაწერში ამბობენ,“ – გვესაუბრება ალი ბალაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე. ის მიიჩნევს, რომ ფარულ ჩანაწერში გულწრფელი არიან სპეცრაზმელები, რადგან მათ არ იციან, თუ ფარულად უსმენენ, უნდათ, რომ რეალური ინფორმაცია მიაწოდონ გამომძიებელს და სანაცვლოდ შეღავათი მიიღონ:

„მინდა გითხრათ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მომზადებულ ჩანაწერი სამართლებრივად ძალიან მაღალი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. ვინც ამ პირებს შორის პირველი გატყდებოდა და ეტყოდა პროკურორს, იმას ვიტყვი, რაც საჭიროაო, იმას გაუფორმებდნენ საპროცესოს ყველაზე კარგი პირობით. შესაბამისად, ზვიად ნურიძეს 3 წელი რეალური სასჯელი აქვს ახლა საპროცესოთი, თემურ მგელაძეს მხოლოდ 1 წელი, როცა მას განზრახ მკვლელობა დაუდასტურდა.

ეს პირები მოვიდნენ სასამართლოში და თქვეს, ესაა სიმართლე, რასაც ახლა ვამბობთ, მანამდე გვეუბნებოდნენ, ტყუილი უნდა გვეთქვაო, მაგრამ ვინ ეუბნებოდა ამას, არ თქვეს.

რადგან არსებითი წინააღმდეგობა იყო ამ ჩვენებებს შორის, დავაყენეთ შუამდგომლობა ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა. მოსამართლეს უნდა ეთქვა მსაჯულებისთვის, არ იხელმძღვანელოთ ამ მტკიცებულებით, როცა ითათბირებთო,“ – მიიჩნევს ადვოკატი.

ალი ბალაძის ინტერესების დამცველის თქმით, ნაფიც მსაჯულებზეც იყო ზეწოლა, ან ერთ მსაჯულზე იმისთვის, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტისთვის საკმარისი ხმები შეგროვებულიყო. ის ორ გარემოებას ასახელებს, რის გამოც ასე ფიქრობს.

„როცა ნაფიცი მსაჯულები გადიოდნენ, ბრალდებულებს ბოდიში მოუხადეს. დამნაშავებისთვის ბოდიში რატომ უნდა მოეხადათ? გარდა ამისა, ვერდიქტი როცა მიიღება, იქვე იწერება დრო, როდის მიიღეს. მიღებიდან საათის და 40 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა გადაწყვეტილება. ამ დროს მსაჯულები დაღლილები არიან, ყველას უნდა სწრაფად გამოცხადდეს გადაწყვეტილება. რატომ დასჭირდათ მათ ეს დრო?

გამოძიება არ დაიწყეს, მაგრამ დაიწყეს ადმინისტრაციული წესით შემოწმება თბილისის პროკურატურაში იმ კუთხით, რომ სასამართლო დარბაზში იმ დროს, როცა მსაჯულები თათბირობენ, შედის უცნობი მამაკაცი. გვითხრეს, რომ ეს იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ჩემი პოლიციელები იყვნენ იქ, შუაღამე გახდა, მე ქვემოთ მანქანაში ველოდებოდი, ავედი და ვნახე, ხომ არ ჩაეძინათო.

მაგრამ რატომ არ დაურეკა მათ ტელეფონზე? ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ეს პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში მესიჯობს. ჩვენ მოვითხოვეთ მისი მობილური ტელეფონის დათვალიერებაც, რაც არ დაკმაყოფილდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

ამ ადვოკატმა „ბათუმელებთან“ ასევე თქვა, რომ მისი ინფორმაციით, თეიმურაზ პატარიძე მოწმის დაცვის პროგრამაშია ჩასმული, რადგან მან წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა და შესაძლოა, ის უპრობლემოდ კვეთდეს ამა თუ იმ ქვეყნის საზღვარს. ალი ბალაძის შვილი, ნინი ბალაძე კი საუბრობს იმაზე, რომ როინ შავაძის დაკავების, ან მკვლელობის ბრძანება ალის არ გაუცია და ამის მიუხედავად ის დასაჯეს. თანამდებობის პირებს კი, რომლებიც ახლაც მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, პასუხი არავინ მოსთხოვა:

„მაგალითად, ვასო შანიძე [კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე], რომელმაც დააორგანიზა როინ შავაძის მკვლელობა, რაც საქმეში ნათლად ჩანს, დღეს საქართველოს საგარეო დაზვერვაშია მოადგილის თანამდებობაზე, ასევე იმდროინდელი აჭარის პროკურორი – ვასილ როინიშვილი, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და აჭარის უფროსი პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, რომელიც დღეს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის პროკურორია… ყველა, ვინც მოახდინა დაკავების ორგანიზება და ვისი ხელმოწერაც არის დოკუმენტებში, თანამდებობებზე არიან ეს მაღალჩინოსნები.

15 წელი ამ საქმის განხილვა იმიტომ არ ხდებოდა, რომ ხალხს სიმართლე არ გაეგო, რადგან ყველა პირი, რომელსაც ხელი ურევია როინ შავაძის მკვლელობაში 2008 წლიდან დღემდე თანამდებობებზე არიან და ჩვენი სახელმწიფო ხელს აფარებს დამნაშავეებს.

ეს საქმე არის მიკერძოებული. ერთი მტკიცებულებაც არ გააჩნდათ, რაც დაადასტურებდა, რომ ალიკო ბალაძემ ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაული. გამოიყვანეს ორი ცრუ მოწმე სასამართლოზე და ხელი დაადეს მამას. მათ ეს გააკეთეს საკუთარი თავების გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ბრალდებული – ზვიად ნურიძე და თემურ მგელაძე ფარულად ჩაწერა გამოძიებამ და იქ ალიკოს უდანაშაულობაზე საუბრობენ, რომ მას არანაირი ბრძანება არ გაუცია მათთვის, საპირისპიროს საუბარი მოუწიათ სასამართლოზე და სანამ სასამართლოზე გამოიყვანდნენ, მამას, ალიკო ბალაძეს უკვე დაუმძიმეს ბრალი 109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს, რაც წარმოუდგენელია.

ნაფიც მსაჯულებზე მოხდა ზეწოლა, ესეც მიანიშნებს საქმის მიკერძოებულობაზე და დღემდე მიმდინარეობს გამოძიება, ისინი 2 საათით დაგვიანებით შემოიყვანეს დარბაზში, მათთან იყო შესული უცხო პირი და დღემდე ჩვენთვის უცნობია ამ გამოძიების დეტალები, რადგან კამერების ჩანაწერებს არ იძლევიან – ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ვის წარმოუდგენია გათიშული ყოფილიყო სათვალთვალო კამერა თბილისის საქალაქო სასამართლოში… სამწუხაროდ, მთელი სისტემა ჩაერთო ამ საქმეში და დაგვანახეს ყველას, თუ როგორი უძლურია ადამიანი, როდესაც საქმე პოლიტიკურია და ერთ ადამიანს ებრძვის მთელი სისტემა,“ – გვითხრა ნინი ბალაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ვასო [უჩა] შანიძეს. მისი თქმით, ის საგარეო დაზვერვის სამსახურში ოპერატიულ მუშაკის პოზიციაზეა და თანამდებობას არ იკავებს. სხვა დეტალებზე ვასო შანიძემ არ გვიპასუხა.

„სასამართლო პროცესზე მოუტრიალდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალი ბალაძეს და უთხრა, თუ რამეს ვტყუი, აგერ ვარ, პასუხი გამეციო,“ – საპირისპიროს ამტკიცებს ადვოკატი გიორგი ფოფხაძე, თემურ მგელაძის ინტერესების დამცველი. მისი თქმით, სპეცრაზმელებს ალი ბალაძე პასუხისმგებლობის აცილებას ჰპირდებოდა და წინასწარ იყო შეთანხმებული, რაც უნდა ეთქვათ, მათი დაკავების შემთხვევაში.

„ჩვენ შევასრულეთ ბრძანება [როინ შავაძის მკვლელობა], რომ არ შეგვესრულებია, რაც მოგვივიდოდა, ყველამ კარგად იცის – შავაძის გვერდით ვიქნებოდითო,“ – ადვოკატი გიორგი ფოფხაძე გვიყვება, დაახლოებით რა სიტყვებით მიმართა თემურ მგელაძემ ალი ბალაძეს. – „მთელი ეს პერიოდი, გვეუბნებოდი, მაცადეთ, ბიჭებო, მოვაგვარებ ყველაფერსო. საბოლოო ჯამში, როგორ მოგვარდა, ჩანს, აგერ, სადაც ვართ.

ბოლომდე არ დაგადე ხელი, ბოლომდე არ ვთქვი სიმართლე, გელოდებოდი, რას იზამდი, მაგრამ მივხვდი, მითრევდი. პატარიძე გაქცეულია, შენ უნდა გასულიყავი გარეთ, ხელები დაგებანა და ჩვენ გვწირავდი. ავდექი და ამიტომაც ვთქვი სიმართლეო.

მირეკავდა გზაში და მაძლევდა დირექტივებს [ალი ბალაძე], ერთ-ერთი ზარის დროს მითხრა, უნდა გავაჩეროთ მანქანა და მოვიცილოთო [როინ შავაძე]… არსებობს სატელეფონო ანძების ამონაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 7-ჯერ დაურეკა ავტომანქანებით გადაადგილების დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ალი ბალაძემ. როგორ ფიქრობთ, რაზე საუბრობდნენ? მისი ადვოკატი კი ამბობს, პატარიძემ დაურეკა ალის ტელეფონითო, რადგან მანქანაში ერთად ისხდნენო, მაგრამ ის კიდევ სხვაგან რეკავდა, ესეც ჩანს…“, – გვითხრა გიორგი ფოფხაძემ.

რა ჩანს გრიფით საიდუმლო საქმის მასალებიდან: რის გამო მოკლეს რეალურად როინ შავაძე?

„დღემდე გაკვირვებული ვარ, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, აი, იოტისოდენა არ არსებობს არაფერი, ან შეტყობინება, რომ შავაძე ვინმეს რამე ინფორმაციას აწვდიდა… მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ასლები გატანილი აქვთ ადვოკატებს და საზღვარგარეთ ვინც არის, იქედან იტყოდნენ ამას.

ჩემი აზრით, ეს იყო პირადი წყენა, ან როცა ჩათვალა ვიღაცამ, რომ არასწორად მოიქცა შავაძე და დედა უნდა ვუტირო, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. ახალაიაში, ან პატარიძეში შეიძლება ეგ ვეძიოთ, ამათ შეიძლება იცოდნენ.

წარმოიდგინეთ, ეს ბიჭები ჩამოდიან ომიდან დაჭრილები, დანევროზებულები, ეუბნებიან, ეს არის მოღალატე… წინა დღით მიიყვანეს როინ შავაძე კუდ-ში, მაიმუნამ მიიყვანა. ჩემი ვარაუდია ეს, პატარიძემ არ გაიხოცა ხელი და ამ ბიჭებს შეახოცია, თავის თავზე არ აიღო მისი ლიკვიდაცია…“, – თავისი ვერსია გაგვიზიარა „როინ შავაძის საქმეზე“ ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ალი ბალაძის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. მას მსაჯულების ერთი შეკითხვა დაამახსოვრდა:

„სასამართლო კლანს რომ უკავია, შეიძლება თქვა, მაგრამ აქ მოქალაქეებმა მიიღეს ვერდიქტი. ვერ იტყვის ვინმე, რომ მათ რამე პოლიტიკური შემხებლობა ჰქონდათ ვინმესთან.

მსაჯულებმა ჰკითხეს ბალაძეს, მოადგილე ხომ იყავით, ერთი სიტყვა მაინც თქვით, რას აკეთებთ, ხალხო, ამ სპეცრაზმელებს არ უთხარით რამეო? კარგი, შესაძლოა, შეგეშინდა, მაგრამ გაიქეცი, გაერიდე, რამე მოიმოქმედე?“ – გვიყვება გიორგი ფოფხაძე.

ალი ბალაძე ვიცე-პოლკოვნიკია. მან ამ სასტიკი მკვლელობიდან 12 წელი დუმილი არჩია. 12 წლის შემდეგ, 2020 წელს, ალი ბალაძე საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს და გამოჰკითხეს.

რატომ არჩია დუმილი თანამდებობის პირმა, რომც არ ყოფილიყო ჩართული მკვლელობის ორგანიზებაში?

„იგივეს დამართებდნენ, რაც შავაძეს… შემდეგაც ვისთვის უნდა შემეტყობინებია, ყველა თანამდებობაზე იყოო,“ – გვითხრა ნინი ბალაძემ, ალი ბალაძის შვილმა.

  • რა უთხრა კუდ-ის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ პატარიძემ გამოძიებას?

პროკურატურისთვის ჩვენება მიუცია თემურ პატარიძესაც. ეს ერთი წლის წინ, 2023 წლის 20 ივლისს მოხდა – დისტანციურად თურქეთში მყოფმა თეიმურაზ პატარიძემ გამოძიების შეკითხვებს უპასუხა. ამ გამოკითხვიდან ერთ კვირაში პროკურატურამ „როინ შავაძის საქმეზე“ 10 პირს წარუდგინა ბრალი, მათ შორის, თეიმურაზ პატარიძეს, თუმცა დაუსწრებლად.

თეიმურაზ პატარიძეც მსჯავრდებულია ამ საქმეზე, თუმცა ის ამ დრომდე იძებნება.

„ესე იგი გადაყავდათ თბილისში სპეცნაზს და ხოდა ისა, რა ჰქვია, გზაში ცუდად… გული ეერია თუ, არ ვიცი… ცუდად გახდა, გაუჩერეს მანქანა, აუცილებელი იყო, რომ გაეჩერებინათ და ისა, გაქცევის მცდელობა ჰქონდა, ამოსტაცა ერთ თანამშრომელს, მე ასე მახსოვს ცეცხლსასროლი იარაღი, გაიქცა და რამოდენიმე გასროლაც განახორციელა…და ნუ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა სპეცნაზმა და ეს იყო,“ – ეს ვერსია მოუყვა თეიმურაზ პატარიძემ გამომძიებლებს. მისი თქმით, როინ შავაძეს დაკავების დროს ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს, დაკავებულის ლიკვიდაციის დროს კი, ადგილზე საერთოდ არ იყო და „15 წუთის შემდეგ მივიდა“.

თემურ პატარიძე – კუდ-ის აჭარის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„…ესენი რომ წამოვიდნენ ჩვენ დავშორდით სადღაც… ქობულეთთან რა.. წაიყვანეს იქეთა მხრიდან, საშიშროება იყო, რუსები შემოდიოდნენ ჭოროხიდან და… საშიშროება იყო, ამ გზით არ წავიდნენ… მოგეხსენებათ, მეორე გზა რომ არი და რომ წავიდნენ ოზურგეთიდან ჩერეზ, რომ გადასულიყვნენ თბილისში და რომ დამშორდნენ მერე რაციაზე, ჩეპე არისო. მივედით, ასე მახსოვს, მივედით და დავინახე ფაქტი რაც იყო რა.. იქედან მერე მომიყვენ სათითაოდ ყველაფერი, მოვიდა სუყველა…

დაკავებული იქნა და ჩვეულებრივად უნდა გადაგვეყვანა იმაში, სამსახურში რა გრიბოედოვზე და ხოდა, რომ მიყავდათ, ხომ დავაკავეთ და მიგვყავდა, თბილისიდან ბრძანება მოვიდა, რომ თბილისში გადმოიყვანეთო და არ შეგვიყვანია სამსახურში, სპეცნაზში ბრძანება მივეცით რომ გადაეყვანათ და საწვავი ჩაასხეს, წავიდნენ,“ – თქვა თეიმურაზ პატარიძემ.

გამომძიებელმა კუდ-ის აჭარის სამმართველოს ყოფილ უფროსს სატელეფონო კომუნიკაციის ამონაწერი აჩვენა, რომლითაც დგინდება, რომ შავაძის მკვლელობის დროს, პატარიძე ანძების დაფარვის არეალში იყო.

„ვიცი, უკვე რამდენჯერ ჩამესმის იცით ყურში, არ ვყოფილვარ, ჩემო ბატონო და თუ საჭიროა ვთქვა იქ ვიყავი-თქო… რას ვაკეთებდი იქ მე, ან რატომ უნდა ვყოფილიყავი, მე ვგავარ ახლა მაგნაირ ადამიანს?“ – გამომძიებელს შეუბრუნა შეკითხვა თეიმურაზ პატარიძემ.

გამომძიებელმა პატარიძეს წლების წინ მიცემული ჩვენებაც შეახსენა:

„ბატონო თეიმურაზ წაგიკითხავთ: 2008 წლის 15 აგვისტოს დილით მე დამიკავშირდა დათა ახალაია და მითხრა, რომ ოპერატიულად შემესწავლა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელ როინ შავაძის პიროვნება და მომეძიებინა ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ როინ შავაძე ინფორმაციას აწვდიდა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს. აღნიშნული გარემოების გადამოწმება მე დავავალე ჩემს თანამშრომლებს ვაჟა დიასამიძეს და გიორგის… [ჩანაწერში გაურკვეველია გვარი], რომლებმაც მითხრეს, რომ იყო შემჩნეული კონტრაბანდული საქონლის რეალიზაციაში და ასევე მითხრეს, რომ შემჩნეული იყო ნარკოტიკული საშუალების გასაღებაშიო,“ – წინა გამოკითხვის ოქმიდან ამოიკითხა ეს გამომძიებელმა.

„ნუ რა გითხრათ ეხლა, ალბათ იყო, ალბათ. მანდ თუ ვთქვი ალბათ ასე იყო, არ მახსოვს ეხლა, ნამდვილად არ მახსოვს და რომ გითხრათ ეხლა, თუ ეგ მიწერია ალბათ ეგრე იყო,“ – თქვა თეიმურაზ პატარიძემ.

რა სახის წინააღმდეგობა გაუწია როინ შავაძემ სპეცრაზმელებს დაკავების დროს, რატომ გახდა საჭირო მასზე ფიზიკური ძალადობა?

„დაკავების დროს წინააღმდეგობა გაწია და მაგარი ჩოჩქოლი იყო, ეს მახსოვს ნაღდად გაწევ-გამოწევა და მთელი ამბები, ეს მახსოვს… რა ვიცი, რაღაცა ხელების…ორომტრიალი…რომ გითხრა 15 მეტრიდან ვუყურებდი მაგ ამბავს რა…იყო შეხლა-შემოხლა… ნუ წინააღმდეგობა გაწია რა და დაადეს მერე ნარუშნიკები და… დაწყნარდა რა.

დაკავებულია, ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება… მე წავედი სამსახურში და თბილისში წამოიყვანეთ აუცილებლადო, როგორც პირველად გითხარით ეგ იყო რა,“ – უპასუხა გამომძიებელს პატარიძეს.

რატომ გახდა საჭირო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირის თბილისში გადაყვანა? – ესეც იკითხა გამომძიებელმა.

„არა, რუსებმა, მე როგორაც გითხარით, რუსები შემოდიოდნენ, მაშინ ფოთში შემოვიდნენ…კატერები წაიღეს, რა ვიცი კატარღები გაანადგურეს ლამის ჩოლოქამდე მოსულები იყვნენ და რა ვიცი, მთელი ამბავი იყო და შიშის ფაქტორი იყო აჭარაშიც შემოსულიყვნენ ალბათ… მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო, სხვა განზომილება იყო.

„აბა მაშინ რაც გახსოვთ, შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება რომ აგვიწეროთ. იქ რა ვითარება იყო, რა დაგხვდათ შემთხვევის ადგილზე?“ – მიუბრუნდა პატარიძეს გამომძიებელი.

„გზის მარცხენა მხარეს, მარცხენა მხარეს ჩაის ბუჩქები იყო, გვამი, მანქანები ცოტა მარჯვენა მხარეზე გაჩერებული იყო და ბიჭებმა მომიყვეს მერე, რაც იყო, როგორც იყო. გითხარით წეღან, ეგ იყო, მერე მოვიდა, მერე ჩავაყენე ყველა საქმის კურსში, მერე ჩაერთვნენ მთელი ჯგუფი და რა ვიცი… იყო პროკურორი, მახსოვს, ვასილი [ვასილ როინიშვილი, ის ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა].

„თვითონ რაც შეეხება როინ შავაძის გვამს, დაზიანებები გახსოვთ, რა დაზიანებები ჰქონდა?“ – იკითხა გამომძიებელმა.

„დაზიანებები ბლომად, მრავლობითი ცეცხლნასროლი ისინი ჰქონდა… მე მივედი შორიდან შევხედე, მაგნაირ რაღაცეებს…“, – თქვა პატარიძემ. გამომძიებელმა მას სთხოვა იმის გახსენება, რა უთხრეს ადგილზე მისულს:

…გახდა ცუდად, ძალიან ცუდად იყო, გულისრევა ჰქონდა თუ კუჭი აეშალა, არ ვიცი, რაღაც ასეთი ბუნებრივი მოვლენა ჰქონდათ, გამოუვალი მდგომარეობა იყო, ასე მახსოვს, რომ უნდა გაეჩერებინათ. გამიჩერეო და გაუჩერეს მანქანა, მერე ჩამოვიდა, ზურგიდან რომელიღაცას მე მგონი ასე მახსოვს… ცეცხლსასროლი იარაღი და გაიქცა,“ – თქვა თეიმურაზ პატარიძემ.

გამომძიებელი: „ზურგიდან ამოაცალა იარაღი თუ როგორ?“

მოწმე: „დიახ… ამოაცალა იარაღი… რაფერაც მომიყვნენ იმას გიყვებით… გამოსტაცა და გააკეთა ის, რამოდენიმე გააკეთა გასროლა, მანქანაზეც იყო მე მგონი თუ არ ვცდები, შეიძლება ვცდები არ ვიცი, მე მგონი მანქანასაც მოხვდა რამოდენიმე გასროლა, არ ვიცი, დაწვნენ, მე მგონი დავწექითო, დაწვნენ ესენი და მერე რო გაიქცა მიაყენეს… ესროლეს რა.

მეტი რა გითხრათ…მეტი ახლა არ ვიცი, სპეცრაზმელები, გეუბნებით 3 თუ 4 დღის ჩამოსულები იყვნენ, პირველი დღიდან იქ იყვნენ მაგენი, პირველი… ცხინვალში და პირველი თუ რამე სადმე ტყვია გავარდა, პირველი მაგენი იყვნენ იქ და ხოდა, ეხლა რა, რა… პირდაპირ გეტყვით ჩემგან თუ რამე არის, რა გინდათ მითხარით… ბიჭები აგერ არიან გეტყვიან, რაც იყო, რა ვიცი ათასი მაიმუნია… ერთი გეტყოდათ ვოვა, „მაიმუნა“ მითვლიდა, ვიტყვი რაღაცეებსო, ფულს მთხოვდა 50 000 დოლარს… მე ვიტყვი, თუ დამიჯერებენ და თუ არ დამიჯერებენ.. ამნაირი ბევრი რაღაცეები იყო და ეხლა რა გითხრათ,“ – აღნიშნა თეიმურაზ პატარიძემ.

„მაიმუნა“ იგივე გიორგი ჩიქოვანია. ისიც სპეცრაზმელი იყო იმ დროს, როცა სერჟანტი მოკლეს. გამოძიების მტკიცებით, თავდაპირველად გიორგი ჩიქოვანმა 2008 წლის 15 აგვისტოს, ანუ მკვლელობის წინა დღეს მიიყვანა როინ შავაძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. ამ შემთხვევას თეიმურაზ პატარიძე ვერ იხსენებს.

„ეგ [გიორგი ჩიქოვანი] მუშაობდა, თავიდან სპეცნაზი რომ იმას ვქენით ჩვეულებრივად. მერე მაგას ჩეპე ჰქონდა რაღაც, მერე შეიწყალა. გაუპატიურების მცდელობა, თუ რაღაც მასეთი…
მერე შეიწყალა, მე მგონი პრეზიდენტმა ეგ და ჩვეულებრივად გააგრძელა სამაშველო სამსახურში მუშაობა… თუ არ ვცდები, მაგ დროს არ ვიცი ბრძანება იყო მაგის, მაგი მუშაობდა თუ არ მუშაობდა, ოფიციალურად მე მგონი მაგ დროს არ მუშაობდა. არ მახსოვს ზუსტად, არ მახსოვს ზუსტად რა,“ – თქვა პატარიძემ.

გამომძიებელი: „გეტყვით. ესე იგი, წინა დღეს, როინ შავაძის მკვლელობის წინა დღეს, 2008 წლის 15 აგვისტოს, გიორგი ჩიქოვანი იყო თუ არა მოსული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში და… ახლდა თუ არა მას როინ შავაძე?“

თეიმურაზ პატარიძე: „აზრზე არა ვარ, არ ვიცი, პირველად მესმის. არ ვიცი, აზრზე არა ვარ. ჩემთან ახლდა?“

გამომძიებელი: „თქვენ დაავალეთ გიორგი ჩიქოვანს დაადგინეთ…“

თეიმურაზ პატარიძე: „არა, არა, ჩიქოვანს მე ვერაფერს დავავალებდი… მე დავავალე თანამშრომლებს, ჩიქოვანისთვის მე არ დამივალებია.“

გამომძიებელი: „რომ დაედგინათ ეს პიროვნება ხომ?“

თეიმურაზ პატარიძე: „დიახ რომ დაედგინათ პიროვნება, სამსახურში მოყვანა ჩიქოვანმა მომიყვანა სამსახურში… არ ვიცი მე არ დამივალებია ჩიქოვანისთვის.

გამომძიებელი: „წინა დღეს, 2008 წლის 15 აგვისტოს, გიორგი ჩიქოვანს როინ შავაძე მოჰყავს თქვენს სამსახურში, ეს არის დადგენილი.“

თეიმურაზ პატარიძე: „მე არ დამივალებია და მე პირველად მესმის ეგ, რომ სამსახურში ჰყავდა მოყვანილი, ეგ არ ვიცი ვინ დაავალა. გეტყოდათ და გეცოდინებათ მაშინ, მე არ ვიცი. მე
არ დამივალებია მაგნაირი რაღაც“.

გამომძიებელი: „2008 წლის 16 აგვისტოს იყავით თუ არა თქვენ მისული მე-5 ქვეით ბრიგადაში, სადაც ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი იყო ვახტანგ პაიჭაძე, რომელსაც შეხვდით.“

თეიმურაზ პატარიძე: „ვინაა ვახტანგ პაიჭაძე?“

გამომძიებელი: „აღნიშნული ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი.“

თეიმურაზ პატარიძე: „არ მახსოვს კი არა, არ ვიცი, სამხედრო ნაწილში საერთოდ არა ვარ ნამყოფი, რა ვიცი რა მინდოდა სამხედრო ნაწილში?“

  • „როინ შავაძის საქმის“ პროკურორთან გასაუბრება მეტი დეტალის გასაგებად პროკურატურის პრესცენტრს ვთხოვეთ, თუმცა უშედეგოდ. 

 

ცესკომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ. 

საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან  2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და  ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში ცესკოს საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილების უფროსმა რევაზ ეგაძემ პრეზენტაცია გამართა და მონაწილეებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გაიმართა  საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 400 000-მდე ადამიანი. 

აღსანიშნავია, რომ ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში 6 ივლისიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება იწყება. ახალი პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ პირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. 

უგულშემატკივრე ბორჯღალოსნებს ბათუმის სტადიონზე

მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე.

საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება. ბორჯღალოსნები რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდს, „მფრინავ ფიჯელებს“ ერკინებიან.

თამაშის დღეს, 17:00 საათიდან, ფან ზონაში გულშემატკივრებს დახვდებათ მუსიკა, კვების ობიექტები, ფან შოპი  და გართობა. თამაშის დასრულების შემდეგ მორაგბეებიც შეუერთდებიან გულშემატკივრებს გასართობ ზონაში.

ბორჯღალოსნებს ივლისში სამი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით. ეროვნული ნაკრების მორაგბეები დანარჩენ 2 მატჩზე, რომელიც 13 და 20 ივლისსაა დაანონსებული, ტიერ1-ის გუნდებს : იაპონიასა და ავსტრალიას სტუმრად ეთამაშებიან. 13 ივლისს საქართველო იაპონიაში, სენდაიში „საკურებს“ ეთამაშება,  ხოლო 20 ივლისს სიდნეიში „ვოლაბებს“ დაუპირისპირდება.

გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე, ბორჯღალოსნები ფიჯელებთან მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. პირველი გამარჯვება 2016 წელს მოიპოვეს და „მფრინავები“ 14:3 დაამარცხეს. 2023 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან შეხვედრას ბორდომ უმასპინძლა. თამაშის პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა მოიგეს და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ მაგრამ საბოლოოდ მცირედი სხვაობით წააგეს – 12:17.

შეიძინე თამაშის ბილეთები tkt.ge-ზე. თიბისის სტუდენტის და მოსწავლის ბარათებით გადახდისას მოქმედებს 50% ფასდაკლება შერჩეულ სექტორებზე.

6 წლამდე ბავშვებს თამაშზე დასწრება უბილეთოდ შეეძლებათ.

საქართველოსა და ფიჯის თამაშზე, გადაიხადე იხადეთ თიბისის სადებეტო ბარათებით თიბისის ტერმინალზე აღნიშნულ ობიექტებში და დაიბრუნეთ თანხის 20% უკან. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია.

თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას.

#ერთადგავიმარჯვებთ

ბანაობისთვის აკრძალული ადგილები აჭარის სანაპიროზე

აჭარაში, ზღვის სანაპირო ზოლში არის გარკვეული ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ასევე არის ადგილები, სადაც ბანაობა არ არის რეკომენდებული.

ბათუმში ბანაობისთვის აკრძალულ ადგილებს წელს ბარცხანის სანაპიროც დაემატა, სადაც ხელოვნურ კუნძულს აშენებენ. მშენებლობის გამო კი აქ პლაჟი უკვე აღარც არსებობს.

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო ბარცხანაში პლაჟი აღარ არსებობს / 3.07.2024
მიუხედავად სამშენებლო სამუშაოებისა ბარცხანაში მაინც ბანაობენ / 3.07.2024

მშენებლობის მიუხედავად ბარცხანის სანაპიროზე მაინც ბანაობენ.

„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ელოდება ინფორმაციას, არის თუ არა ბანაობა ოფიციალურად არარეკომენდებული ან აკრძალული ბარცხანის დასახლების ზღვისპირა ზოლში და ვინ არის პასუხისმგებელი აქ შესაბამისი გამაფრთხილებელი ბანერების განთავსებაზე.

ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალული ან არარეკომენდებულია

ზღვაში ბანაობა აკრძალულია:

  • სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ
  • სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში
  • კვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც იწყება კლდეები
  • ქალაქ ბათუმის ნავსაყუდელის ტერიტორიის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლში
  • მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსებული სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურის მოპირდაპირედ
  • მწვანე კონცხის სანაპირო ზოლში კლდეებთან
  • სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარედ
  • ციხისძირის სანაპირო ზოლში კლდეებთან
  • მდ. კინტრიშისა და ზღვის შესართავთან [მარჯვენა და მარცხენა მხარეს]

ზღვაში ბანაობა არარეკომენდებულია:

  • კვარიათი-სარფის საზღვართან საზღვაო სანაპირო მონაკვეთზე
  • მწვანე კონცხი-ბოტანიკური ბაღის სანაპირო მონაკვეთზე
  • ციხისძირის სანაპირო ზოლში – სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ქობულეთის მიმართულებით, სადაც სანაპირო ზოლი ძირითადად არის კლდოვანი
  • ასევე არ არის რეკომენდებული ბანაობა მდინარეების [ჭოროხი, ჩაქვისწყალი, კინტრიში] და ზღვის შესართავთან, რადგან წყლის დინების სიჩქარე ძლიერია
ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება 2024 წლის 10 ივნისს გამართეს / ფოტო: შსს
ბარცხანაში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო სამაშველო კოშკურამ ფუნქცია დაკარგა / აქ პლაჟი აღარ არსებობს / 3.07.2024
ბარცხანის სანაპირო სადაც ხელოვნური კუნძული უნდა ააშენონ / 3.07.2024

ამავე თემაზე:

ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 547 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
  • ტანკი – 8 132 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 15 600 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 14 777 ერთეული [+65]
  • MLRS – 1 115 ერთეული [+01]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 878 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 694 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 342 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 923 ერთეული [+73]
  • სპეცტექნიკა – 2 468 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 626 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 197 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 537 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 499 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 364 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 326 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 318 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

“ვაგონის პატარა ფანჯრიდან ბოლო ათი მანეთი გადმოგვიგდოო” – ორჯერ რეპრესირების ისტორია

75 წლის ეთერ მიქელაძე მრავალგზის რეპრესირებული ოჯახის წევრია. ეთერ მიქელაძე ამბობს, რომ მისმა ოჯახმა უმძიმესი პერიოდი გამოიარა სტალინური რეპრესიების დროს. დაუხვრიტეს ბიძა, გადაუსახლეს მამა და დეიდის ქმარი.

„ბაბუაჩემი, ეუბი ქამადაძე შუახევში, ნენიაში ცნობილი კაცი იყო. ვაჭრობდა, თურქეთში გადადიოდა, შეძლებული ოჯახი ჰქონდა. მიყვებოდნენ, რომ ნენიაში პირველი მასწავლებელი სწორედ ჩვენ ოჯახში მოიყვანეს. ასევე, სოფელში პირველად ჩვენი ოჯახის ქალებმა მოიხსნეს ჩადრი და საზოგადო ცხოვრებაში ჩაებნენ.

განსაკუთრებით ცნობილი იყო ბიძაჩემი, ხულუსი ქამადაძე, რომელიც 1938 წელს ბათუმში, ე.წ. სამეულმა სასამართლოს გარეშე დახვრიტა.

მამაჩემი, ხუსეინ მიქელაძე, ხულოში მუშაობდა, საფინანსო განყოფილების უფროსი იყო, ასე ვიცი. ნაკითხი, კულტურული და განათლებული კაცი. 1937 წელს დააპატიმრეს და ათი წლით გადაასახლეს. მასთან ერთად გადაასახლეს დეიდაჩემის ქმარიც. მამა დაბრუნდა, ბიძაჩემი კი უგზო-უკვლოდ გაქრა“, – გვიყვება ეთერ მიქელაძე.

ეთერ მიქელაძე

როგორც ეთერ მიქელაძე იხსენებს, მამა გადასახლებიდან ათი წლის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა მას მშობლიურ სოფელ ნენიაში ცხოვრების უფლება არ მისცეს, ამიტომ ქობულეთში, რკინიგზასთან ახლოს დასახლდა.

„მე დავიბადე 1949 წელს, მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ. 9 თვის ვყოფილვარ, როდესაც მამას კიდევ ერთი უწყება მოუვიდა. ისევ ასახლებდნენ, ამჯერად სამუდამოდ, ყაზახეთში.

როცა მეორედ დააპატიმრეს, მაშინ უკვე ქობულეთში ვცხოვრობდით. ჩვენი სახლი რკინიგზის პირას იყო. დედისგან მახსოვს, ჰყვებოდა: „როცა მატარებელმა ჩამოიარა, მთელი სოფელი რკინიგზის გასწვრივ იყო შეკრებილიო. მამაშენმა ვაგონის პატარა ფანჯრიდან ბოლო ათი მანეთი გადმოგვიგდო, ალბათ იფიქრა „მე აღარაფერში დამჭირდებაო“. როცა ყაზახეთში ჩავიდა, იქიდან წერილებს წერდა. ერთხელაც მოიწერა, ჩამოდითო.

წავედით დედა და ბავშვები. 1951 წელი იყო, მე წლინახევრის ვიყავი. როცა ჩავედი, გავიქეცი და პირველი მამაჩემს ჩავეხუტე. მამაჩემმა იტირა, როგორ მიცნო ბავშვმაო. სტალინი რომ გარდაიცვალა 1953 წელს, მაგის მერე გაგვათავისუფლეს. 4 წლის ვიყავი, როდესაც ქობულეთში დავბრუნდით. თავიდან ქართული არ ვიცოდი კარგად, სულ რუსულად ვლაპარაკობდი,“ – იხსენებს ეთერ მიქელაძე.

ხუსეინ მიქელაძის რეაბილიტაციის ცნობა ოჯახმა 1989 წელს მიიღო. ამ რეაბილიტაციის ცნობის თანახმად, ხუსეინ მიქელაძის ბრალი ასე იყო ფორმულირებული:

„მოქალაქე ხუსეინ ისმაილის ძე მიქელაძეს, დაბადებულს 1908 წელს, ხულოს რაიონში, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს განსაკუთრებული სათათბიროს 1950 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 5842 შეიარაღებული აჯანყება და 50-11 ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის, მუხლების საფუძველზე მიესაჯა გასახლება ჯამბულის ოლქში“, – ვკითხულობთ ოფიციალურ დოკუმენტში.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 16 იანვრის ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, ხუსეინ მიქელაძეს ბრალი მოეხსნა და ის რეაბილიტირებულია.

„მამაჩემი სულ სვამდა კითხვას, რისთვისო, რისთვის გამასახლესო. რა დავაშავეო. ეს კითხვები მეც მქონდა. რა დააშავა მამაჩემმა-მეთქი. ერთხელ მითხრეს სამსახურში – „კარგი, ეთერიო, ტყუილად არავინ არ გაასახლებდა მამაშენსო“. გული მეტკინა, მაგრამ არაფერი ვთქვი და დარდი გულში ჩავიკალი.

ჩემმა დამ ვერ გაუძლო ქობულეთში მეზობლების მუდმივ გაკიცხვას, „ხალხის მტრის“ შვილის სახელს. ნენიაში დაბრუნდა და იქ დაამთავრა სკოლა. მერე კი კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ის მაშინდელი ამბები სულ ახსოვდა“, – იხსენებს ეთერ მიქელაძე.

ვაგონის ფანჯრიდან ბოლო 10 მანეთი გადმოგვიგდო, ალბათ იფიქრა მე აღარაფერში დამჭირდებაო - რეპრესირებული

ეს გამოიწვევს დიდ დაპირისპირებას სკოლებში – დისკუსია ახალ სახელფასო ფორმულაზე | ვიდეო

„რატომ ვარ ამ დღეში მე, როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც ამ სისტემაში ვარ და მინდა განვვითარდე. ჩავაბარე ყველა გამოცდა, რაც სახელმწიფომ დამიწესა, წარვადგინე პროფესიული პორტფოლიო, ყველაფერი გავაკეთე, რაც კი ამ სქემის ფარგლებში მევალებოდა.

და უცებ, ამ „სამართლიანი ფორმულით“, როგორც სამინისტროში უწოდეს, მე მაკლდება ხელფასი მომატების ნაცვლად“, – ამბობს დაწყებითი განათლების წამყვანი მასწავლებელი, მინდია ფუტკარაძე.

რატომ გამოიწვია ქაოსი და უკმაყოფილება განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა სახელფასო ფორმულამ და რატომ არიან პედაგოგები უკმაყოფილო? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე დისკუსია გამართა.

მინდია ფუტკარაძესთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, ინგლისურის მენტორი მასწავლებელი, როლანდ შავაძე.

„ზოგადად, დიდი გაურკვევლობაა ამ ხელფასების მატებასთან დაკავშირებით. იმ ფორმულით, რომელიც დააანონსა სამინისტრომ, დავიანგარიშე ჩემო ხელფასი და მატება მაქვს სადღაც 85 ლარამდე“, – ამბობს როლანდ შავაძე.

რატომ 85 ლარით და არა 500 ლარით? – მინისტრი ხომ არაერთ პლატფორმაზე იმეორებდა, რომ „უპრეცედენტო“ ზრდა იქნებოდა და ყველა მასწავლებელს გაეზრდებოდა ხელფასი. იქნებ ავხსნათ, რატომ არ გაეზარდა ყველა პედაგოგს თანაბრად ხელფასი? – ვკითხეთ როლანდ შავაძეს.

ის განმარტავს, რომ ამ ახალი სახელფასო ფორმულით, მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგებს – წამყვანებს და მენტორებს სამინისტრომ გაუუქმა სტატუსის დანამატები, რამაც გამოიწვია ხელფასების კლება.

ახალი ფორმულით, მასწავლებელი იმ შემთხვევაში აიღებს 500-ლარიანი მატებით ხელფასს, თუ მას სრული საათობრივი დატვირთვა აქვს სკოლაში. რაც გულისხმობს 18-25 საათს კვირაში.

„ახალი სახელფასო ფორმულით, მენტორი იქნები თუ წამყვანი, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. საათობრივ დატვირთვას ექცევა უკვე ყურადღება და თუ ადრე, 1 საათის ღირებულება იწყებოდა 28 ლარიდან, ახლა საათის ღირებულება თითქოს გაიზარდა 96 ლარამდე.

თუ აქამდე მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი 1475 ლარს იღებდა სტატუსის დანამატს, ახლა ამ თანხას ვეღარ აიღებს, უბრალოდ ეს თანხა ჩაიშალა საათების რაოდენობაში და რეალურად არაფერი არ გაზრდილა. უბრალოდ სახელწოდება შეეცვალა“, – ამბობს როლანდ შავაძე.

მისი თქმით, სტატუსების მოსაპოვებლად ამ წლების მანძილზე პედაგოგების ნაწილმა უდიდესი შრომა გასწია, რომელსაც სახელმწიფო წყალში უყრის.

„ღამეებს ათევდნენ მასწავლებლები, ოჯახებზეც კი თქვეს უარი, რომ ეს ვალდებულებები შეესრულებინათ და ეზრუნათ თავიანთი პროფესიული წინსვლისთვის და იმისთვისაც, რომ ღირსეული ანაზღაურება მიეღოთ. ახლა კი რატომ უნდა იწვალოს მასწავლებელმა კარიერული ზრდისთვის, როცა ეს არაფერს აღარ უცვლის?“ – ამბობს როლანდ შავაძე.

მინდია ფუტკარაძე დეტალურად ხსნის იმ მიზეზებს, რის გამოც ახალი ფორმულით მისი ხელფასი არ გაიზარდა.

„დაწყებით საფეხურზე მასწავლებლებს კომპეტენცია დადასტურებული გვაქვს სამ საგანში. ეს არის ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება. რომელიც ჯამში I-II კლასებში გამოდის 14 საათი კვირაში, III-IV კლასებში კი 13 საათი.

თუ ხვალ ამ საათების მიხედვით, მაგალითად 300 ან 400 ლარი დამემატება, კანონში ნათლად წერია, რომ ორი წლის შემდეგ, საათებს ისევ ძველი სქემით აანაზღაურებენ და 96 ლარის ნაცვლად, ისევ 30 ლარიდან აითვლება საათის ღირებულება.

აი, ამ საათების ანგარიშის შედეგად, მე დღეს ხელფასი არ გამზრდია, დამრჩა იგივე ანაზღაურება.

დაწყებითი საფეხურის ძალიან ბევრი მასწავლებელია სკოლებში და ისინიც მსგავს მდგომარეობაში არიან.

ამდენი ხანია სისტემაში ვარ და მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა, რომ მოლოდინი გქონდეს ხელფასის დაკლების და არა ზრდის.

ანუ რას უნდა ველოდოთ, ვინმეს წყალობას უნდა ველოდოთ მომავალში?

რატომ ვარ ამ დღეში მე, როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც ვარ ამ სისტემაში, მინდა რომ განვვითარდე, ნებისმიერი გამოცდა ჩავაბარე, რაც კი სახელმწიფომ დააწესა, 10 კრედიტზე მაქვს ჩაბარებული საგნის გამოცდა, შემდეგ კარიერული წინსვლის გამოცდა, წარვადგინე პორტფოლიო, ყველაფერი – რაც კი სქემის ფარგლებში მევალებოდა და მქონდა მოტივაციაც, რომ გამეზრდებოდა ხელფასი და უცებ – ამ „სამართლიანი ფორმულით“, როგორც სამინისტროში უწოდეს, მე მაკლდება ხელფასი მომატების ნაცვლად“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

ვის გაეზარდა და ვის შეუმცირდა ხელფასი სკოლაში? - დისკუსია ახალ სახელფასო ფორმულაზე

  • რა კატეგორიის მასწავლებელს გაეზარდათ ხელფასი?

რეალურად, ხელფასები მოემატებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ 18 საათზე ზემოთ, 25 საათამდე. ოღონდ ასეთი მასწავლებლების კატეგორია არის ძალიან მცირე.

თუ აქამდე სტატუსის დანამატი 15 საათზე გქონდა, ახლა ეს ყველაფერი მოიშალა და უნდა იბრძოლო საათების რაოდენობაზე, რომ ხელფასის მატება რეალურად იგრძნო. ეს გამოიწვევს ძალიან დიდ დაპირისპირებას სკოლებში.

ჩვენ გვაქვს სკოლები მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, სადაც კლასებიც კი არ არის და, შესაბამისად, საათებიც არ არის. ამ მასწავლებლებს კი არ მოემატებათ ხელფასი, არამედ დააკლდებათ.

თუ 18-25 საათამდე გაქვს, მხოლოდ მაშინ იგრძნობ მატებას და თუ ამაზე ნაკლები გაქვს, მაშინ პირიქით, ხელფასის კლებას იგრძნობ“, – ამბობს როლანდ შავაძე.

მისი აზრით, მსგავსი მიდგომა არა მარტო აკნინებს პედაგოგის შრომას და პროფესიას, სკოლებში ახალგაზრდა კადრების შესვლის შესაძლებლობასაც აფერხებს.

„მოტივირებულ, გულანთებულ ახალგაზრდებში მოტივაციას მოკლავს ეს მიდგომა. ისედაც პრობლემაა სკოლებში ახალგაზრდა კადრების შედინების და კვლევამაც აჩვენა, რომ ჩვენ 7-პროცენტიანი კლება გვაქვს სკოლებში 30 წლამდე მასწავლებლების შედინების. ახალი სახელფასო ფორმულა იწვევს დემოტივაციას.

გარდა ამისა, რატომ უნდა გვიწევდეს მასწავლებლებს საათების ძებნა, რომ ხელფასის მატება ვიგრძნოთ?

ეს გამოიწვევს ქაოსს სკოლებში, ასევე, არ არის გამორიცხული, რომ იყოს ნეპოტიზმი და თუ ამას ადმინისტრაცია კეთილსინდისიერად არ მიუდგა, შეიძლება ვიღაცებმა გამოიყენონ სათავისოდ“, – ამბობს შავაძე.

საჯარო სკოლებში დირექტორების უმრავლესობა ხელისუფლების მიმართ ლოიალობის მიხედვით ინიშნებიან. შესაბამისად, არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ საათების განაწილების საკითხი, საარჩევნო პერიოდში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასწავლებელთა ხმების მოზიდვის ბერკეტად იქცეს? – ვეკითხებით პედაგოგებს.

როლანდ შავაძის აზრით, გამორიცხული არაფერია.

„როცა სკოლები პოლიტიზებულია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან დაშინების მექანიზმები უკვე ამუშავებულია. ამის მაგალითია ის, რომ ალიან ბევრი კარგი კადრი დაიბლოკა დირექტორების კონკურზე – გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ იმიტომ, რომ კანდიდატის სანათესავოში ვიღაც მხარს არ უჭერდა სახელისუფლებო პარტიას.

პოლიტიზებულ სკოლაში კრიტიკულად განწყობილი მასწავლებლის ადგილიც აღარ რჩება, რადგან  პოლიტიზებული დირექტორები შეეცდებიან ჩაახშონ კრიტიკულად განწყობილი მასწავლებლების ხმა. ჩვენ მივიღებთ ისეთ რეალობას, როცა მასწავლებელი იძულებული იქნება სკოლა დატოვოს“, – ამბობს როლანდ შავაძე.

მინდია ფუტკარაძე აზრით, „როცა ვამბობთ, რომ უნდა ვიყოთ ხარისხზე ორიენტირებული, ბავშვისთვის უნდა მოვიცალოთ და ასე შემდეგ, ახალი პოლიტიკით სწავლების ხარისხი არ აიწევს. პირიქით მოხდება.

რეფორმა არ უნდა იყოს არეულობის, ერთმანეთთან დაპირისპირების მომტანი, რატომ უნდა ვიბრძოლოთ საათების გამო მასწავლებლებმა? რატომ ვუშვებთ ამ სიტუაციას სკოლებში?

თუკი მე მთელ ჩემ დროს დავუთმობ მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებას, როდის დავუთმო დრო არაფორმალურ განათლებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის?

დამრიგებელმა როდის უნდა გააკეთოს თავისი საქმე, როდის უნდა მივაქციოთ ბავშვს ყურადღება, რომელ ემოციურ კავშირზეა საუბარი.

ამიტომ ხდება მერე გაკვეთილები მოსაბეზრებელი, მოსწავლეებს აღარ აქვთ ინტერესი. ამიტომ არ შეიძლება მასწავლებლის ხელფასი საათებზე იყოს მიბმული.

სქემას ძალიან ბევრი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ამაზე უკეთესი იმით იყო, რომ ნაკლები საათით შეგეძლო მეტი ხელფასი აგეღო და დრო დაგეთმო სხვა საკითხებისთვისაც“, – გვეუბნება მინდია.

ახალი სახელფასო ფორმულა სკოლაში – დისკუსია

როლანდ შავაძის აზრით, სპონტანურად, გათვლების გარეშე მასწავლებლების ხელფასის მატებაზე საუბარი, ძალიან დიდი შეცდომა იყო.

„ვფიქრობ, ეს წამოსცდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილს, რომ გაზრდიდნენ ხელფასებს და შემდეგ დიდხანს ფიქრობდნენ რა მოეხერხებინათ ამ დაპირებისთვის.

ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან ხელფასების მატება დაკავშირებული უნდა იყოს ეკონომიკის ზრდასთან ან რომელიმე სექტორში აღარ უნდა იყოს საჭირო თანხა. ეს შეიძლება გადმოიტანო განათლებაში. ამ შემთხვევაში, არცერთი არ ყოფილა.

ამიტომ იყო თავიდანვე ბლეფი ეს დანაპირები და ამიტომ ვერ შესრულდებოდა. ამიტომაც ჰყავთ ბევრი განაწყენებული მასწავლებელი სისტემაში.

ჩემი აზრით, ბევრი ღირსეული ადამიანი შეეცდება სისტემიდან გავიდეს და ჩვენ მივიღებთ ისეთ სიტუაციას, როგორიც გვქონდა 90-იანებში.

თუ არ იქნება შრომა შესაბამისად დაფასებული, ყველა ვარიანტში, სისტემას შემორჩება მხოლოდ ის კატეგორია, რომელსაც წასასვლელი არსად არ აქვს და ერთეულები, რომლებიც ენთუზიაზმით დარჩებიან და ექნებათ სხვა საარსებო შემოსავალი.

სხვა შემთხვევაში, თავს ყველა შეურაცხყოფილად იგრძნობს და სისტემიდან გავა.

მეც ვაპირებ უკვე რომ გავიდე სისტემიდან“, – ამბობს როლანდ შავაძე.

„თუ სამართლიან ფორმულასთან გვაქვს საქმე, მაშინ რატომ არის ანაზღაურება განსხვავებული საათებს შორის? რატომ ღირს 15 საათის ზემოთ ჩემი ჩატარებული გაკვეთილი 206 ლარი და 15 საათს ქვემოთ 80 ლარი?

ხელისუფლებამ იცის ყველას რომ არ აქვს 15 საათი და იმიტომ.

ამიტომ, მინდა მივმართო ჩემ კოლეგებს – როცა ხელფასს ითვლით, კარგად დაფიქრდით და ისე დაუკარით ხოლმე ტაში. თუ კრიტიკულად არ შევხედავთ, არაფერი გვეშველება.

მე მინდა, რომ გვქონდეს სტაბილურობის განცდა ამ სისტემაში, შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი, რომ უკეთესი გავხდეთ ყოველდღიურად და ეს თუ ასე არ იქნება, ალბათ მეც მომიწევს გავიდე სისტემიდან“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

როლანდ შავაძე კი დასძენს, რომ მთავრობამ, არჩევნების წინ ხელფასების მატების ნაცვლად მასწავლებლებს 200-ლარიანი „სოციალური შემწეობა“ დაუნიშნა და ისიც დროებით, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია.

ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამ ჭრილში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო. მხარეს დეტალურად განემარტა 2020 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მისი აღსრულების საკითხები, მათ შორის საუბარი შეეხო ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.  ცალსახად გაესვა ხაზი, რომ ცესკო არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულებს კანონს და არა ქმნის მას.  ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

3 ივლისს, ცესკოში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, გრიგოლ ჯოჯუა, გოჩა თევდორაძე  და გიორგი ქარდავა ესწრებოდნენ.

ბათუმის მერია შენობის გამაგრებას გეგმავს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმის მასშტაბით არსებული შენობების გამაგრება-აღდგენის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ბათუმის მერიის მთავარი შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებასაც ითვალისწინებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ 994 385 ლარია. წინადადებების მიღება 17 ივლისს იწყება და 19 ივლისს უნდა დასრულდეს.

ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ სამ ობიექტზე მუშაობა. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში.

ლუკა ასათიანის #25-ში მდებარე მერიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

სპეციალისტების შეფასებით, „კლასიცისტურ სტილში შესრულებული ეს ნაგებობა განსაკუთრებით ღირებულია როგორც თავისი მხატვრული სახით – მონუმენტური, იმპოზანტური იერით, [რაც თავისი გარეგნობით, შესახედაობით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს] ასევე თავისი გამორჩეული ზომებითა და მასშტაბით. იგი მნიშვნელოვან, საკვანძო როლს თამაშობს არა მხოლოდ ამ ქუჩების, არამედ მთლიანად უბნის მხატვრული სახის და განაშენიანების ხასიათის ჩამოყალიბებაში“.

ძეგლზე სამუშაოების ნებართვას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გასცემს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ძეგლის რესტავრაცია- გამაგრების პროექტი ჯერ მზად არ არის, შესაბამისად, სააგენტოს ნებართვა ვერ ექნება გაცემული.

სამმართველოს ინფორმაციით პროექტის მომზადება დაევალება ტენდერში გამარჯვებულს და მასვე ექნება ყველა შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების ვალდებულებაც.

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 34 პატიმარი აბარებს

წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია – ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში.

“ციფრული უნივერსიტეტი” ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი“ – იუწყება პენიტენციური სამსახური.

________________

ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური

 

უეფა იძიებს თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის ულტრანაციონალისტურ ჟესტს გოლის გატანის შემდეგ

„ბიბისის“ ცნობით, უეფამ გამოძიება დაიწყო თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველის, მერიჰ დემირალის საქციელზე, რომელმაც ავსტრიასთან მერვედფინალური მატჩის დროს ულტრანაციონალისტური ჟესტი გამოიყენა.

კერძოდ, ფეხბურთელმა მეორე გოლი აღნიშნა ე.წ. „მგლის მისალმებით“, ჟესტით, რომელიც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან – „რუხი მგლები“. ეს დაჯგუფება დაკავშირებულია თურქეთის მმართველ კოალიციურ „ნაციონალური მოძრაობის პარტიასთან“.

დემირალმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისალმება, რომელიც ავსტრიასა და საფრანგეთში აკრძალულია, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი გოლის გატანის შემთხვევაში:

„ძალიან ვამაყობ, რომ თურქი ვარ, გოლის შემდეგ ეს ძლიერად ვიგრძენი, მინდოდა ეს გამეკეთებინა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე“.

დემირალმა ზეიმის ამსახველი ფოტო თავის X [ყოფილი ტვიტერი] ანგარიშზე გამოაქვეყნა წარწერით: „რა ბედნიერია ის, ვინც ამბობს – თურქი ვარ!”

„ბიბისი“ წერს, რომ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, დემირალი შეიძლება დაჯარიმდეს ან დისკვალიფიცირდეს ჩემპიონატიდან.

თურქეთის ნაკრების მცველმა, მერიჰ დემირალმა ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ დაპირისპირებაში 2 ბურთი გაიტანა. თურქეთის ნაკრებმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-1 და მეოთხედფინალში გადავიდა, სადაც ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ“

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციოსასწავლო კურსი ჩატარდა.

შეხვედრას თბილისში მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის გახსნისას საინფორმაციოსასწავლო კურსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი შეფასებით, სასწავლო კურსში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის არის საჭირო.

საინფორმაციო კურსის მნიშვნელობას, ასევე, ხაზი გაუსვა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ.

მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები საარჩევნო საკითხების შესახებ მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები.

ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის ნათია ზაალიშვილის განცხადებით, საინფორმაციოსასწავლო კურსისა და სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა 170-მდე ბენეფიციარს (მხარდაჭერის მიმღები პირები) გააცნონ ხმის მიცემის პროცესში ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული სიახლეები და საარჩევნო სერვისები.

თავის მხრივ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ.

საინფორმაციოსასწავლო კურსის ფარგლებში 8 არასამთავრობო ორგანიზაციის, 14-მდე წარმომადგენელმა დეტალური ინფორმაცია მიიღო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გათვალისწინებული ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, ამასთან პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

კურსის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერის მიმღებ პირებს თავად გაუზიარებენ. სასწავლო მოდული ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შეიქმნა მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის მარტივად წასაკითხ ფორმატში შემუშავებული არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევის მიხედვით. გზამკვლევი წელს პირველად შეიქმნა და სწორედ მისი გამოყენებით მოხდება მხარდაჭერის მიმღებ პირთა ინფორმირება არჩევნების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის საკითხებზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველო ფიჯის წინააღმდეგ – ბათუმში ბორჯღალოსნები „მფრინავ ფიჯელებს“ შეერკინებიან

მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების პირველი თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება. ბორჯღალოსნები რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდს, „მფრინავ ფიჯელებს“ შეერკინებიან.

მატჩისთვის რაგბის კავშირი გულშემატკივრებისთვის ბევრ გასართობ ღონისძიებას გეგმავს.

5 ივლისს, 17:00 საათიდან გაიხსნება ფან ზონა, სადაც გულშემატკივრებს დახვდებათ მუსიკა, Food Court-ი და „ფან შოპი“. თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეებიც შეუერთდებიან აღნიშნულ სივრცეს.

მატჩზე 6 წლამდე ბავშვებს უბილეთოდ შეეძლებათ დასწრება.

საქართველოსა და ფიჯის ეროვნული ნაკრებები ყველა ტურნირზე ერთმანეთს სულ 6 -ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან ერთი მოიგო საქართველომ, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ხოლო, ოთხი თამაშში ფიჯელებმა გაიმარჯვეს. ერთადერთი გამარჯვება 2016 წელს ვიზეიმეთ, როცა საქართველომ მეტოქე ანგარიშით – 14:3 დაამარცხა.

საქართველო ივლისის ტესტებში სულ სამ თამაშს გამართავს. ეროვნული ნაკრების რაგბისტები დანარჩენ 2 შეხვედრას ტიერ1-ის გუნდებთან: იაპონიასა და ავსტრალიასთან სტუმრად, 13 და 20 ივლისს გამართავენ.

ბათუმის სტადიონზე რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრა პირველად 2022 წლის ზაფხულში, იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და მოიგო ანგარიშით 28:19. ეს იყო საქართველოს რაგბის ნაკრების პირველი და ისტორიული გამარჯვება ტიერ1-ის გუნდთან.

ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

აბიტურიენტები დღეს გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველ გამოცდაზე 9 ათასამდე აბიტურიენტი უნდა მისულიყო.

ამავე წყაროს ცნობით, გამოცდაზე დაგვიანების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები აღჭურვილია კონდიცირების სისტემით.

მეორე სესია 14:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული გამოცდები 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

___

ფოტო: აბიტურიენტები ბათუმის პირველ საჯარო სკოლასთან

ბათუმში 32 გრადუსამდე დაცხება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივლისის 21 საათიდან 4 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 5-6 ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.


შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 546 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 8 123 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 15 583 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 14 712 ერთეული [+57]
  • MLRS – 1 115 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 876 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 668 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 336 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 850 ერთეული [+63]
  • სპეცტექნიკა – 2 464 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 625 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 160 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 537 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 490 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 363 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 272 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 289 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკული გამოფენა გაიმართება

4-5 ივლისს, თბილისში, ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, Greda-ს და Invest In Network-ის თანაორგანიზებითა და თიბისის სპონსორობით,  საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი (Georgia Energy Exhibition and Forum – GEEF 2024) გაიმართება, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი.

გამოფენის მიზანია, ერთი მხრივ  ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებას, მეორეს მხრივ კი იქცეს საუკეთესო პლათფორმად ახალი პროდუქტების, თუ პროექტების ცნობადობის გასაზრდელად.

საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში შეკრებს სექტორის ყველა წარმომადგენელს საქართველოდან და პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფორუმზე ხუთ ძირითადი თემის გარშემო გაიმართება დისკუსია:

  1. 360 გრადუსიანი პერსპექტივა: საქართველო მწვანე ენერგიაზე გადასვლის გზაზე;
  2. განახლებადი ენერგიის ფინანსირების შესაძლებლობები;
  3. მზის ფოტოვოლტაიკური სისტემებისა და შენახვის საწყისი ნაბიჯები;
  4. ქარის ენერგიის წარმატების მასშტაბირება;
  5. ჰიდროენერგიის პოტენციალის მაქსიმიზაცია.

ფორუმს ეყოლება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სპიკერები, სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და კერძო კომპანიებიდან (GEDF, ESCO, EBRD, GRPH, Masdar და სხვა).

გამოფენის მონაწილეები იქნებიან, როგორც მსხვილი, ისე შედარებით ახალი და მცირე ზომის კომპანიები. პრიორიტეტულად გამოკვეთილია მზის ენერგიის მიმართულება, თუმცა საინტერესო კომპანიები იქნებიან წარმოდგენილები ჰიდროს და ქარის  მიმართულებითაც, მაგალითად – კომპანიები: Shine Energy, Rey Energy, Intellcom-group, Copter Tech, Enovus Frosio Next , Ecoville Georgia, Geo Energy, CINK Hydro-Energy, Shtigen, Parvus Consulting , Step Energy, VDC და სხვა.

ღონისძიების შესახებ მეტი დეტალის გასაგებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.energyexpo.ge

ახალი მოდელით ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გამეზარდა – პედაგოგი

ნინო მელიქიშვილი დაბა კაზრეთში ინგლისურ და ფრანგულ ენებს ასწავლის. ახალი სახელფასო მოდელით მას ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გაეზარდა. ორი წლის შემდეგ კი ასე „გაზრდილ ხელფასსაც“ ვეღარ აიღებს, რადგან ახალი მოდელი ამ დანამატის გაუქმებას ითვალისწინებს.

პედაგოგი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დარიგებული „საჩუქრების“ გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ის „ბათუმელებთან“ ახალი სახელფასო პოლიტიკის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს.

  • ქალბატონი ნინო, აგვიხსენით თქვენი პირადი მაგალითით, რატომ აზიანებს სასკოლო სისტემას და განათლების ხარისხს ახალი სახელფასო პოლიტიკა?

სულ სამი წელია, რაც მასწავლებელი ვარ, წინა წელს გავიარე 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა და შესაბამისად, მივიღე უფროსი მასწავლებლის სტატუსი. როცა მასწავლებლობაზე ვიფიქრე, რა თქმა უნდა, არ მიფიქრია იმაზე, რომ მთელი ცხოვრება 800 ლარი მექნებოდა ხელფასი და ვაპირებდი, რომ გავმხდარიყავი ჯერ წამყვანი და შემდეგ მენტორი მასწავლებელი. შესაბამისად, ჩემი ხელფასიც გაიზრდებოდა.

როცა ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლაში მიდის, ცხადია, ფიქრობს კარიერულ წინსვლაზე, რომ რაღაცას მიაღწიოს თავის მოსწავლეებთან ერთად. მით უმეტეს სოფლის და რეგიონის სკოლებში, სადაც ისედაც კადრების დეფიციტია.

ახლახან დეკრეტულ შვებულებაში გავედი და ფიზიკურად ვერ იპოვეს ფრანგულის მასწავლებელი, რომელიც შემცვლიდა. როგორ უნდა მოვიდეს ახალი კადრი სკოლაში ახალი სახელფასო პოლიტიკით? ან რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს სკოლაში მუშაობა?!

უპირველესი პრობლემა, რაც ამ ახალმა სისტემამ გამოკვეთა, არის ის, რომ განათლების სამინისტრო აიძულებს მასწავლებელს აიღოს რაც შეიძლება მეტი საათი, მაშინ როდესაც კვლევებითაც დასტურდება და პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ მარტო საგაკვეთილო პროცესი არ ჰყოფნის ხარისხიან განათლებას.

ამიტომ ვცდილობთ პედაგოგები გავაძლიეროთ არაფორმალური განათლება.

მაგალითად, წინა წელს, თვეში მქონდა მხოლოდ ცხრა საათი ინგლისური და ფრანგული ერთად, მაგრამ ამის პარალელურად ვხელმძღვანელობდი 3 კლუბს, ჩართული ვართ eTwinning – ის პროექტებში და ვაკეთებთ კომპლექსურ დავალებებს, დაგეგმილი მქონდა, რომ მომავალს წელს მთლიანად გადამეყვანა ამ პროგრამაზე ბავშვები.

სკოლაში მხოლოდ მე-5 კლასიდან აქვთ ენის არჩევის უფლება მოსწავლეებს. ბევრს უნდოდა ფრანგულის სწავლა, ამიტომ მათ შევთავაზე, თუ მოხვალთ დილის რვა საათზე სკოლაში, გაკვეთილების დაწყებამდე ჩაგიტარებთ ფრანგულის გაკვეთილებს-მეთქი. ცხადია, სრულიად უფასოდ შევთავაზე მათ სწავლა. სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ არ მოვიდოდნენ, მაგრამ 17 ბავშვი მოგროვდა. კინაღამ ვიტირე, ამდენი ბავშვი რომ დავინახე მოსული.

სანამ სრულიად სხვა რელსებზე გადამიყვანდა განათლების სამინისტრო, ამ ზაფხულს მოველაპარაკე ჩემს ათამდე კოლეგას და სწორედ მათთან ერთად ვაპირებდი ერთობლივი პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას. ახლა კი ეს მოტივაცია აღარ აქვთ მასწავლებლებს.

  • აი, ამ ფორმულით, რაც ახლა გამოცხადდა, რამდენი ლარით გაიზარდა თქვენი ხელფასი?

არ გაზრდილა ჩემი ხელფასი, რადგან ცოტა საათები მაქვს. უბრალოდ, სახელმწიფო მაძლევს ე.წ. 200-ლარიან დახმარებას, რაზეც მეცინება და იმ მასწავლებლებსაც ეცინებათ, ვისაც ეს „დახმარება“ შეგვეხო.

  • „დახმარება“ რას ნიშნავს, იქნებ ესეც ავხსნათ.

800 ლარი მქონდა ხელფასი და რადგან არ მაქვს სრული საათი, 500 ლარით ვერ გამეზრდებოდა. ასეთ კატეგორიას დაგვემატა 200 ლარი და ამ 200-ლარიანი დანამატით ავიღებ სადღაც 950 ლარს, რადგან ის 200 ლარიც იბეგრება.

იანვარში 10 პროცენტი რომ გვემატებოდა, ესეც შეწყდება და იმის ნაცვლად 156 ლარი გამოვიდა, რომელსაც ჰქვია, რომ „მაჩუქეს“.

  • რა კატეგორიის მასწავლებლებს გამოუვიდათ 500 ლარით ხელფასის მატება?

ჩემს სკოლაში ასეთი მასწავლებელი არის ცოტა. იმიტომ, რომ ჩვენ სოფლის სკოლა ვართ, არ არის იმდენი საათი ფიზიკურად, რომ ყველა მასწავლებელმა 25 საათი ატაროს, ანუ სრულად დაიტვირთოს. სრული დატვირთვის შემთხვევაში გამოდის მხოლოდ 500 ლარი.

ასეთი არის ძალიან ცოტა და ისინი, ვინც დეფიციტურ საგნებს ასწავლიან. მაგალითად: ფიზიკა, გეოგრაფია და ასე შემდეგ. ფიზიკის და გეოგრაფიის მასწავლებელი ერთი გვყავს სკოლაში. მაგრამ, თუ ვთქვათ, ადრე ეს მასწავლებლები წახალისებული იყვნენ და ამბობდნენ – „დავიმატოთ ახალი კადრი და გავუნაწილოთ საათები სხვებს“, ახლა ეს აღარ მოხდება, იმიტომ რომ ფიზიკის და გეოგრაფიის მასწავლებლებსაც არ მოუნდებათ საათების განაწილება.

  • აქამდე სულ იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ მოეზიდათ ახალგაზრდა კადრები სკოლაში. მიეცათ მათთვის მოტივაცია, თუნდაც მაღალი ხელფასის სახით, ეს ახალი სახელფასო ფორმულა, გამოდის, რომ მთლიანად კეტავს ახალი კადრებისთვის სკოლის კარებს?

დიახ, ასეა. ახალგაზრდა კადრები ხშირად საყვედურობენ სისტემას, რომ ვერ შედიან საჯარო სკოლებში. მაგალითად, 60-კრედიტიანი პროგრამა ჩემთან ერთად ძალიან კარგმა 19-მა სტუდენტმა დაამთავრა  და მათგან მხოლოდ მე ვმუშაობ საჯარო სკოლაში.

უკარგესი, ძალიან გონიერი, 21-ე საუკუნის საჭიროებების მქონე მასწავლებლები, ტექნოლოგიაზე, ტექნიკაზე მორგებული ხალხი ვერ შედის საჯარო სკოლებში და ვეღარც შევა, იმიტომ, რომ თუ მე ადრე არ მინდოდა დამატებითი საათები და ვამბობდი, რომ „მოვიყვანოთ ვინმე ახალი“, ახლა იგივე აღარ მოხდება.

ფაქტობრივად ამ სისტემამ ჩაკეტა ახალი კადრებისთვის სკოლა. ვფიქრობ, ძალიან შემცირდება სკოლაში დასაქმების რიცხვი.

  • მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე იმიტომ ზრუნავდნენ, რომ აემაღლებინათ სტატუსი და ამის შესაბამისად აეღოთ მაღალი ხელფასი. თუ ახლა ხელფასის ოდენობას საათების რაოდენობა გადაწყვეტს, ექნება კი დაინტერესება პედაგოგს, რომ კარიერულ ზრდაზე იფიქროს?

ამ კატეგორიის ხალხს ფინანსური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აღარ უღირს განვითარდეს პროფესიულად. თუმცა არც ის ვიცით ჯერ, უნდა დატოვოს თუ არა კარიერული წინსვლის საკითხი სამინისტრომ მასწავლებლების კეთილ ნებაზე.

თუ ადრე მასწავლებელს ჰქონდა არა მარტო მოტივაცია, დროც ჰქონდა, რომ განვითარებულიყო, ახლა დრო აღარ გვექნება, იმიტომ, რომ 25 საათის ჩატარება ნიშნავს, რომ კვირაში 50 საათი უნდა იმუშაო.

წესით, ყველა გაკვეთილი უნდა დაიგეგმოს ხომ? ამ წლის ყველა შემაჯამებელი უნდა დაიგეგმოს, შემაჯამებლებს შორის დიაგნოსტიკური ტესტები უნდა დაიგეგმოს, სასწავლო გეგმები უნდა გავაკეთოთ, კომპლექსურები უნდა დავგეგმოთ, წლიური კურიკულუმები თავისი აქტივობებით და რამდენად რეალურია ეს 25 საათის ქონის შემთხვევაში, არ ვიცი.

მე როცა სკოლაში ვსწავლობდი, არ მქონდა შეგრძნება, რომ ვინმე ამ ყველაფერს გეგმავდა, შესაბამისად, ეჭვი მაქვს, რომ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება ახლაც სკოლა.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა ასე განათლების სამინისტრო, რა მიზანი ჰქონდა?

მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ მოახლოებულ არჩევნებს.

მასწავლებლების გადამზადების რეფორმა იყო ძალიან მტკივნეული და ორივე ხელისუფლებამ ბევრი მასწავლებელი მოიმდურა. ახლა კი უცებ, ამ 15-წლიან რეფორმაზე ხაზის გადასმა, სერიოზული პრობლემაა.

კი, ნამდვილად იყო ხარვეზები, მაგრამ ამის გამოსწორების ნაცვლად ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. ამ რეფორმაზე მილიონით ლარია დახარჯული და ესეც წყალში გადაყარეს. ამდენი ფული ჩავყარეთ, ამდენი ადამიანი მოვიმდურეთ და საბოლოდ სისტემა დავაყენეთ ახალი პრობლემების წინაშე.

ამ 25 საათის ჩატარებაც არ მიმაჩნია ჯანმრთელად, რადგან მასწავლებელს მარტო გაკვეთილების ჩატარება არ ევალება, მით უმეტეს, როცა ვხედავთ, რომ სკოლის ინფრასტრუქტურა არ გვიწყობს ხელს. იძულებული ვარ რაღაც ახალი მოვიგონო, რომ დავაინტერესო ბავშვი. ლიდერის თვისება სად უნდა გამოავლინოს ბავშვმა? აი, ამისთვის მოვიფიქრე, მაგალითად, „კაზრეთი.პრეს“, სადაც რედაქტორებიც თვითონ არიან ბავშვები, ჟურნალისტებიც, წამყვანებიც და აქ ავლენენ ამ უნარებს.

მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში, იმარჯვებენ პროექტებში. მაგალითად „კაზრეთპრეს“-ის თანამშრომელი მოსწავლეები ახლა ბოლნისში მიიწვიეს ჯერ ტრენინგზე და ბოლნისის რადიოში აიყვანეს სტაჟიორებად, სადაც დეკემბრამდე იმუშავებენ მოხალისეებად. სად გააკეთებდნენ ამ ყველაფერს, სად შეიძენდნენ ამ უნარებს, გაკვეთილზე ამას როგორ გავაკეთებინებდი?

ხან სად გვეპატიჟებიან, ხან სად, ეს ბავშვები ხომ უნდა წავიყვანო პრაქტიკის გაზიარებაზე, საკონფერენციო თემა ხომ უნდა დავწერო, ხომ უნდა დავეხმარო ბავშვებს, ეს როდისღა უნდა ვაკეთოთ?

სამინისტრომ ჩათვალა, რომ საარჩევნოდ ამით იყიდდა მასწავლებლების ხმებს, მაგრამ ის ვერ გათვალა, რომ მასწავლებლებს არ აქვთ იმდენი საათი, რომ ასე 500 ლარით ემატოთ ხელფასი.

ამ ახალ სახელფასო პოლიტიკამდე ჩვენ აღტყინებულები ვგეგმავდით მომავალი წლისთვის ძალიან ბევრ პროექტს, ახლა კი ბევრი მეუბნება, რომ ხალისი აღარ აქვთ.

  • კარიერული წინსვლის სისტემა გაუქმდა?

საგნობრივ გამოცდებს ჩააბარებენ პედაგოგები, მაგრამ კარიერული წინსვლის გამოცდები, როგორც ითქვა, გაუქმდა. ახალ სქემას გამოვაცხადებთო, ასე ითქვა. მე რომ მომინდეს სტატუსის ამაღლება, ჯერჯერობით ვერანაირად ვერ ავიმაღლებ. ყველაფერი არის კითხვის ნიშნის ქვეშ.

მბობენ, შევიმუშავებთ პროფესიული წინსვლის სქემასო და ვნახოთ, აბა. ესეც, იმედია, პოპულისტური არ იქნება. „ყველას წინასწარ გენდობითო“ ასე დაწერეს და …

  • როგორ გაიგეთ ეს ფრაზა, რას ნიშნავს „წინასწარ გენდობით“, რა იგულისხმა სამინისტრომ ამაში?

მე ასე მესმის – „ახლა ხმა მომეცით და მერე, ვნახოთ“.

ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები ხოლმე, თუ რამის თქმა გინდათ, თქვით. ამირანები ნუ ხართ და გულში ნუ მღერით. მათ გულში რა არის, არ ვიცი.

  • თუ ეს სისტემა დარჩება, რა ელოდება სკოლას, განათლების ხარისხს?

ბევრი ფაქტორია, რომელიც ერთმანეთთან კავშირშია, მათ შორის ინფრასტრუქტურის პრობლემა და ახლა ეს პრობლემაც დაამატა სკოლებს განათლების სამინისტრომ.

მე, როგორც მასწავლებელი, როგორც მშობელი, ვვარაუდობ, რომ ამ ყველაფერმა შესაძლოა გააუარესოს განათლების ხარისხი, რადგან რასაც აკეთებს გაკვეთილი, მაგაზე ორჯერ მეტს აკეთებს არაფორმალური აქტივობა, რისთვისაც დრო აღარ დაგვრჩება.

ეს აქტივობები ყოველთვის არაანაზღაურებადი იყო, მაგრამ ვაკეთებდით, იმიტომ, რომ თავი, ენერგია მქონდა ამისთვის, ახლა კი თუ საათებით დატვირთვა დაიწყება, 20-25 გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მასწავლებლის ამის თავი ნაკლებად ექნება.

დაწყებითების მასწავლებლებს სულ 13 საათი გვაქვს, მეტი ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომ სამინისტრომ ე.წ 200 ლარიან დახმარება მოგვცა და შემდეგ ესეც მოიხსნება.

პირადად მე ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს ამ ე.წ. „დახმარების“ გამო, რადგან ჩემთვის ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება არის უდიდესი სირცხვილი, ჩემი რეპუტაციისთვის უდიდესი დარტყმა, რადგან ეს არ არის ჩემი ჯამაგირი, ეს არის წინასაარჩევნო „დახმარება“.

  • როგორი უნდა იყოს ამ ყველაფერზე მასწავლებლების პასუხი, როგორ ფიქრობთ?

არიან კარგი, აქტიური პედაგოგები, რომლებმაც დააორგანიზეს პეტიცია და მეც მოვაწერე ხელი, რადგან არ მოგვწონს ახალი სახელფასო პოლიტიკა. ვსაუბრობ ღიად ამ პრობლემაზე, რადგან ადამიანები, მოქალაქეები იმსახურებენ იმის ცოდნას, თუ რატომ გვიხდის ამ 200-ლარიან ჯამაგირს სახელმწიფო.

მასწავლებელს ხელფასი აუცილებლად უნდა მომატებოდა, მაგრამ არა ასეთი ფორმით.

_________________

ფოტო: ნინო მელიქიშვილი/facebook

16 წლის გივიკო მეზღვაურობაზე ოცნებობს, მაგრამ სწავლის ფული არ აქვს – ვიდეო

„სამნი დავრჩით, მე დედა და პატარა და. მამა არ მყავს. ახლა ბათუმთან ახლოს, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობთ. დედა მუშაობს, მაგრამ სრულიად არ შეუძლია ოჯახის გატანა. წინა ზაფხულს და ზამთარშიც, სკოლის პერიოდში ვმუშაობდი, მაქსიმალურს ვაკეთებდი, ოჯახში რაიმე უნდა შემეტანა, რომ საჭმელი გვქონოდა. ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა და რისკზეც დავდექი, რამდენიმე საგანში ლამის საშემოდგომო გამომყვა, ბოლოს მოვუკელი სამუშაოზე სიარულს, არ მინდოდა კლასში ჩარჩენა“, – ასე იწყებს 16 წლის გივიკო არჯევნიშვილი თავისი ამბობს მოყოლას.

ამბავი კი უფრო იმაზეა, რომ გივიკოს სწავლა უნდა, რისი შესაძლებლობაც სიდუხჭირის გამო არ ეძლევა. უნდა ისწავლოს, მეზღვაური გახდეს, უნდა დას სახლი უყიდოს, რომ მომავალში არასდროს გაიაროს ის, რაც დედამ გადაიტანა. 

გივიკოს მამა ჰყავს, თუმცა მისი მშობლები დაშორდნენ – გივიკო და მისი ოჯახი 12 წელი კახეთში, სოფელ ძირბუხში ცხოვრობდნენ. შემდეგ დედა მეუღლეს დაშორდა და ყვარლის რაინში, სოფელ მთისძირში გადავიდნენ. არც იქ გაუმართლათ, ფსიქოლოგიური ძალადობის, წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. გადაწყვეტილება გივიკომ მიიღო, მან დედის ძმას დაურეკა და უთხრა, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ, წინააღმდეგ შემთხვევაში „შეიძლებოდა ცუდი მომხდარიყო.“

ბიძამ ისინი საკუთარ სახლში წაიყვანა – მწვანე კონცხზე. გივიკო გვიყვება, რომ ბიძის ოჯახში „ბევრნი არიან“, ამიტომაც მასთან დიდხანს ვერ დარჩნენ: „არ გვინდოდა მათთვის დისკომფორტი შეგვექმნაო“. 

YouTube video player

ახლა გივიკო სამი წლის დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს სოფელ ფერიაში. დედამ სამუშაო დაიწყო.

„აპარტამენტებს და სადარბაზოებს ვალაგებ“ – საუბარში ერთვება ანჟელა გაბაიძე, გივიკოს დედა. პატარა გოგო კერძო ბაღში მიიყვანეს, სადაც 300 ლარს იხდიან: „აჭარაში ჩაწერილები არ  ვართ, საჯარო ბაღში ბავშვი არ მიიღეს“.

ნაქირავებ სახლში ყოველთვიურად 300 ლარს იხდიან. ცოტა ხნის წინ გაიგეს, რომ მეპატრონემ ეს სახლი გაყიდა და აგვისტოში ადგილის შეცვლა მოუწევთ. ახლა ის აქვთ დარდად, სად და როგორ იპოვიან ღამის გასათევს ისევ 300 ლარად.

„ისეთი ბედი მაქვს… ამ ძველ სახლში რომ შემოვედი, დავასუფთავე, მოვაწესრიგე და დავსახლდით, ვამბობდი ამასაც მალე გაყიდიან, აქედანაც გამიშვებენ-მეთქი. ასეც მოხდა, სახლი გაყიდეს. აგვისტოში სრულად დაუფარავს მყიდველი საფასურს და გაგვიშვებენ“, – გვყვება ანჟელა გაბზარული ხმით. 

გივიკო 12 წლის იყო, როცა ფულის გამოსამუშავებლად შრომა დაიწყო, კახეთში. ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მოზარდი აიძულა ოჯახს დახმარებოდა, უფრო მეტად კი დედას. როგორც დედა გვიყვება, გივიკოს მისი დაცვა უნდოდა: „რომ მე არ დავსჯილიყავი…“

გივიკოს სამუშაო რთველზე, მოსავლის აღებაში სხვების დახმარება იყო.

„ბათუმში რომ დავიწყე პირველი სამუშაო 15 წლის ვიყავი, კახეთში ალბათ, სადღაც 12-13 წლის. მაშინ ისეთ სამუშაოებს ვასრულებდი, რითაც ფული გამოვიდოდა, ალუჩის კრეფა, საზამთროს კრეფა, რთველზე ვმუშაობდი სოფლის საქმეებზე“.

ბათუმში გივიკო ძირითადად კაფე-ბარებში და საქორწინო დარბაზებში მუშაობს:

„წინა სეზონზე ვმუშაობდი ბარში, იქ ძალიან კარგი ხალხი იყო. არ მაგრძნობინებდნენ, რომ ვინმე უფროსია, მაქსიმალურს აკეთებდნენ და ახლაც ძალიან კარგად ვარ მათთან, მივიდოდი მოვაწესრიგებდი რაღაცებს. სეზონი, რომ გავიდა და სამუშაო აღარ იყო, გადავწყვიტე სხვა სამუშაო მეპოვა, რადგან ფული გვესაჭიროებოდა. ერთ-ერთი რესტორანში დავიწყე მუშაობა, მთელი ზამთარი ვიმუშავე. მართალია, რესტორანიც ხელს მიწყობდა, შაბათ-კვირას ვიყავი ჩაწერილი, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც თათბირზე მისვლა იყო საჭირო, ქორწილში, რომ მივსულიყავი სამუშაოდ. ისეთი მომენტებიც იყო, რომ მე თვითონ დავდიოდი სკოლის დღეებში – ფული იყო საჭირო ოჯახისთვის.“

გივიკოს სეზონურად სხვადასხვა სირთულის სამუშაოს შესრულება უწევს:

„სეზონურ სამუშაოზე 60 ლარი გამომდიოდა იმ განსხვავებით, რომ ცოტა ნაკლები იყო სამუშაო საათები. რესტორანში 60 გამომდიოდა, ქორწილებში შეიძლება 70 ან 80 გამოსულიყო, იქ ცოტა მეტ ხანს მიწევდა მუშაობა, რესტორნის სამუშაო თავისთავად მძიმეა, დაძაბულიც ხარ, დასტრესილიც, საჭმელი არ უნდა გაცივდეს. როდესაც 400 ადამიანი მოდის მაქსიმალურად უნდა იჩქარო, თან 2 სართული უფრო რთულია, ამიტომ გონებრივადაც იძაბები და ფიზიკურადაც, საჭმელი დროულად უნდა აუტანო, რომ არ გაცივდეს, კლიენტმა უკმაყოფილება არ გამოთქვას“.

გივიკო მეზღვაურობაზე ოცნებობს. უნდა, რომ ისწავლოს, ამბობს, რომ ინგლისური იცის და ამას შეძლებს. ერთ-ერთ საზღვაო სასწავლებელში პირობები უკვე მოიკითხა… თუმცა უსახსრობის გამო იძულებულია გაჩერდეს:

„საზღვაო სასწავლებელში მომთხოვეს საბუთები, შესაბამისი ტანსაცმელი, მაგრამ ფინანსურად ამდენს ვერ გავწვდები. მინდოდა, რასაც ვმუშაობდი ეს ფული გადამედო, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა, ოჯახს სჭირდებოდა – იხარჯებოდა საკვებზე ან წამლებზე.“

გივიკომ მეზღვაურობა არ მხოლოდ კარგი შემოსავლის მიღების სურვილით, არამედ ზღვის სიყვარულით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზით გადაწყვიტა, ის გეგმავს 3 წლის დას სახლს უყიდის, რომ დედის ცხოვრება არასოდეს გაიაროს:

„ბათუმშია დედის მხარე. როცა ჩამოვდიოდით, ყოველთვის ზღვაზე მივდიოდით, პატარაობიდან მიყვარდა. ზღვის სიყვარულით გადავწყვიტე, რომ ნავიგაციაზე ჩავაბარო, მინდა კაპიტანი ვიყო, ასე მეტი შეხება მექნება გემთან და ზღვასთან.

მინდა მომავალში მქონდეს სამსახური კარგი შემოსავლით, რომ შევინახო ჩემი ოჯახი და შევუწყო ხელი ჩემს დას. მინდა, რომ მას საკუთარი სახლი ჰქონდეს; არ მინდა, დედაჩემისნაირი ცხოვრება გამოიაროს. რომ გაიზრდება და დაქორწინდება, თუ პრობლემები შეექმნა, საშუალება ჰქონდეს, რომ სადმე გაჩერდეს და სახლი უწოდოს მას.“

გივიკოს ოჯახი არც სოციალურ დახმარებას იღებს და არც სხვა რაიმე სახელმწიფო შემწეობას. დედის ხელფასი და გივიკოს მიერ გამომუშავებული თანხა აუცილებელ საჭიროებებს ჰყოფნის, გივიკოს ამიტომაც არ რჩება სწავლის ფული:

„სხვა გზა არ არის. დედაჩემს 800 ლარი აქვს ხელფასი, 300 ლარს ქირაში ვიხდით, 300 ლარს საბავშვო ბაღში. არ გვაქვს ცხელი წყალი, გაზის ბალონს ვყიდულობთ. მიწევს შორიდან ამოვიტანო ბალონი, რადგან ახლოს არ არის. ხან ძვირი გამოდის, 40 – 45 ლარის გადახდა გვიწევს. დედაჩემს თვეებია უკვე კბილი აწუხებს, ღამე ვერ იძინებს, რადგან ტკივილები აქვს, დღეს დილითაც რომ გაიღვიძა, მთლიანი ყბა სტკიოდა. ჩემი და ზამთარში მარტივად ცივდება, ზაფხულში კი ძალიან ალერგიულია და შესაბამისად მის  წამლებზე იხარჯება ბევრი. იყო მომენტები, რომ ქორწილში გათენებამდეც ვიმუშავე, ამის გამო ძილის რეჟიმი დამერღვა – დამამშვიდებლებზე და ძილის წამლებზე მეხარჯებოდა ფული.“

გივიკოს დასასვენებლად და გასართობად დრო არასდროს აქვს. ამბობს, რომ გაკვეთილებს შორის შესვენება არის მისი დასვენება-გართობის დრო. 

„ვფიქრობ, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სკოლაში შედის ბავშვი და მეთორმეტე კლასამდე სწავლობს, ეს არამხოლოდ ცოდნას მატებს მას, არამედ გონებრივადაც ავითარებს, უფრო ინტელექტუალურს, პასუხისმგებლიანს, აქტიურს და კრეატიულს ხდის“ – ფერიის საჯაროს სკოლა მეხუთე სკოლაა გივიკოსთვის.

მას ძალიან მოსწონდა მთისძირის  სკოლა და მასწავლებლებიც, მაგრამ ამ სოფელში ვერ იცხოვრეს, როგორც გივიკო ამბობს – „ვითარება დაიძაბა“. აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ კი, ხულოს სოფელ ხიხაძირში ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად და სწავლაც ამ სოფელში გააგრძელა. თუმცა მცირე ხნით – პატარა გოგო სულ ძმას ეძებდაო. მერე იყო დაბრუნება ბიძის სახლში და ხელვაჩაურის 25-ე სკოლა, რომელიც სახლიდან ძალიან შორს იყო.

ახლა გივიკო კმაყოფილია, სკოლა სახლთან ახლოს აქვს. თუმცა თუ სახლს დაატოვებინებენ, მას კიდევ ერთი სკოლის გამოცვლა მოუწევს. საზღვაო სასწავლებელში თუ ვერ მოეწყო, შესაძლოა სკოლის შეცვლა კიდევ რამდენიმეჯერ მოუწიოს.

გივიკო კარგად სწავლობდა და სკოლაში ყოველთვის მომზადებული მიდიოდა, განსაკუთრებით სოფელ მთისძირის სკოლაში, სადაც მასწავლებლებიც მოსწონდა:

„როცა არ ვმუშაობდი, უფრო დიდი დრო მქონდა მთისძირის საჯარო სკოლაში, იქ დღე არ გასულა, რომ მომზადების გარეშე მივსულიყავი და გაკვეთილი არ მცოდნოდა, ან დავალება არ მქონდა დაწერილი. ძალიან კარგად ვსწავლობდი“.

გივიკოს დედა გასაჭირზე საუბრის გამო გარკვეულ უხერხულობას გრძნობს. ანჟელა გვიყვება, რომ პირველ ქმართან დაშორების შემდეგ ყოფილი ქმრის ნათესავები ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ: ვემადლიერები მათ, თუმცა ოჯახი მხოლოდ დახმარებით ვერ შეძლებს ცხოვრებასო:

„არ ვარ ის ადამიანი, რომ ვთქვა მთავრობამ მომცეს, მაჭამოს-მეთქი. ძალიან ვდარდობ, სახურავი უნდა მოეხსნა სახლისთვის ახალ მეპატრონეს და არ მოხსნა ჩვენს გამო. აგვისტომდე მოძებნეთ ახალი ბინაო, რა ქირა მოვძებნო 800 ლარით. 300 ლარად რომ ვარ აქ ეს ჩემთვის ღვთის წყალობაა.“

___

მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ გივიკოს დედის ანგარიშის ნომერს:

საქართველოს ბანკი:

„გონიოს ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით“ – რა მოუვიდა დაპირებას, რაზეც დღეს მთავრობა დუმს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარებაზე მორიგი გეგმა დააანონსა, თუმცა არჩევნების შემდეგ ამ ადგილის „განვითარება“ არავის გახსენებია.

ბათუმი-სარფის გზას, ზღვასა და მდინარე ჭოროხს შორის მოქცეული ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც დღეს გამოუყენებელია, 276 ჰექტარია და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

„ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი თორნიკე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალურ ეკონომიკური ზონა თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა“, – განაცხადა 2021 წლის 17 აგვისტოს ქვეყნის მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი დღეს პრემიერი აღარაა, თუმცა ადგილზეა „აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი თორნიკე“, რომლის მთავრობისგანაც ვცადეთ გაგვეგო, რა ეტაპზეა „მუშაობა გონიოს ყოფილ პოლიგონთან“ დაკავშირებით.

ინფორმაციის მოწოდებას „ბათუმელებს“ ორი კვირის წინ როგორც აჭარის მთავრობის, ისე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურშიც დაგვპირდნენ. თუმცა, არც მთავრობისგან და არც სამინისტროსგან ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია /მარცხნივ: ბათუმი-სარფის გზა / 21.06.2024

წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებებიდან დღემდე, ერთადერთი, რაც ყოფილ პოლიგონთან დაკავშირებით გაკეთდა მხოლოდ ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე დაჭაობებული ადგილების განსაზღვრის მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა.

„საინვესტიციო ტერიტორიაა და დასაზუსტებელია, რა მოცულობისაა დაჭაობებული ადგილები. ეს საჭიროა, რათა დადგინდეს მიწის საბაზრო ღირებულება“, – უთხრეს მაშინ „ბათუმელებს“ სამინისტროში. ტერიტორიის გეოფიზიკური კვლევის მასალები სამინისტრომ იმავე წლის დეკემბერში ჩაიბარა.

ამ ტერიტორიას „განახლებული გეგმებით“ ალბათ მთავრობა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინაც გაიხსენებს.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია / 21.06.2024

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ხელისუფლებამ პოტენციური ინვესტორების მიყვანა წლების წინ დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, ჯერ კიდევ 2017 წელს მომზადდა აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. თუმცა ეს კვლევა მთავრობას არაფერში გამოუყენებია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი 2019 წელს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ  ეს იყო „ერთი კერძო კომპანიის მოსაზრება და არა სახელმწიფო მიდგომა“. შესაბამისად, ე.წ. „გონიოს პოლიგონის“ და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე თავად მუშაობდნენ.

თუმცა, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარების გეგმა-კონცეფცია არც 2021 წელს არსებობდა, როცა წინასაარჩევნოდ, მაშინდელმა პრემიერმა დააანონსა, რომ „გონიოში აშენდება ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით.“:

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია / 21.06.2024

ყოფილი პოლიგონის ტერიტორიიდან 6 ჰექტარი აჭარის სამინისტროს, სარგებლობის უფლებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის აქვს გადაცემული.

შსს-ს მომსახურების სააგენტო აქ ახალი ოფისის და საგამოცდო მოედნის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც 24 მილიონ 977 ათას 500 ლარით 2024 წელს ტენდერიც ჰქონდა გამოცხადებული. პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1005 დღეში [დაახლოებით 3 წელში] უნდა დასრულებულიყო.

თუმცა „მომსახურების სააგენტოს შენობების მშენებლობისა და საგამოცდო მოედნების მოწყობისთვის დეტალური პროექტის მომზადებასა და მშენებლობაზე“ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხელახალი ტენდერი კი სააგენტოს ჯერ არ გამოუცხადებია.

ფოტო არქივიდან: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

ამავე თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

 

 

 

ბსუ-მ ახალი რექტორი უნდა აირჩიოს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გამოცხადდა.

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 2024 წლის 19 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი, 8 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, რექტორობის კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ.

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება და სამოქმედო გეგმის წარმოდგენა.

19 ივლისს ბსუ-ს აკადემიური საბჭო 4 წლის ვადით აირჩევს რექტორს.

წელს არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ბსუ-ს მოქმედი რექტორი, მერაბ ხალვაში. კანონმდებლობის თანახმად, რექტორი შეიძლება იქნეს არჩეული ორი ვადით, მერაბ ხალვაში კი ორჯერ აირჩიეს ამ პოსტზე, 2016 და 2020 წლებში.

„დაკარგული სამკაული“- სახალისო თამაში თავსატეხების მოყვარულთათვის ბათუმში

დღეს თამაშის მეორე დღეა, მაგრამ არ არის გვიან!

ბათუმში თუ ხართ და გიყვართ თავსატეხები გელოდებით 19:00 -ზე.

თავდაპირველად, გადმოწერეთ აპლიკაცია itamashe.ge და დარეგისტრირდი.

დარეგისტრირებისას სათამაშო სახელს მიაწერეთ $$$ და თქვენ ითამაშებთ უფასოდ.

შემდეგ ითამაშე და მოიგე საგზური ორ ადამიანზე რაგბის ეროვნული ნაკრების თამაშზე იტალიაში 17 ნოემბერს, Iphone, Apple Watch, რაგბის ნაკრების ეკიპირება და სხვა ბევრი პრიზი სპონსორებისგან.

თამაში იმართება რაგბის კვირეულის ფარგლებში პირველი ივლისიდან 5 ივლისამდე პერიოდში, რომელიც „აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოსა – ფიჯის ნაკრებებს შორის თამაშით დასრულდება.

იხილეთ თამაშის შესახებ დეტალური ინფორმაცია და წესები:

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – რეგისტრირებულია 47000-ზე მეტი აბიტურიენტი

ხვალ, 3 ივნისს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული პირები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 – ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 545 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280]
  • ტანკი – 8 107 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 15 566 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 14 655 ერთეული [+56]
  • MLRS – 1 114 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 874 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 641 ერთეული [+21]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 335 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 787 ერთეული [+74]
  • სპეცტექნიკა – 2 452 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 625 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 27 121 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 535 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 478 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 362 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 215 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 238 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კორპუსი შუა ბათუმში მრიცხველების გარეშე – რას ამბობს „ოცნებასთან“ დაახლოებული მშენებელი

„აქ ცხოვრება აღარ შეიძლება – როდის გაითიშება შუქი და რამდენი ხნით, არავინ იცის. დღესაც არ გვქონდა შუქი, ახლა მოვიდა… არ შეასრულა პირობა ბიზნესმენმა მერაბ ფარტენაძემ, კომპანიამ, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა,“ – ამბობს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრები მაგული სურმანიძე.

კორპუსი, სადაც ის 2018 წლიდან ცხოვრობს, გამრიცხველიანებული არ არის.

მერაბ ფარტენაძე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია.

მცხოვრებთა ბრალდებას იმაზე, რომ მშენებელმა კომპანიამ პირობა არ შეასრულა, ადასტურებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ – კომპანია „ბალავარს“ შესაბამისი პროექტით ენერგოკომპანიისთვის არ მიუმართავს. ეს ბინა არც ბათუმის მერიას ჩაუბარებია.

„მე ძველი მაცხოვრებელი ვარ, ამ კორპუსის აშენებამდე ამ ადგილას ვცხოვრობდი და იმდენნაირად დავზარალდი, აღარ მაქვს მაგის აღწერის თავი. მხოლოდ შუქი გვქონდეს, იმას ვდავობთ ამდენი წელია და არ იქნა, ვერ მივაღწიეთ ამას. მშენებელი თავის ვალდებულებას არ ასრულებს, ენერგო-პრო კი გვეუბნება, რომ კომპანიამ უნდა შეასრულოს ვალდებულება,“ – გვიყვება მაგული სურმანიძე. – „სადარბაზოც პრობლემაა, ლიფტი და სახურავი…

არ ვიცი, რატომ არ სურს კომპანიას ჩვენთან აღებული ვალდებულების შესრულება. თავის დროზე, ვინც დაიწყო მშენებლობა, მან არ შეასრულა პირობა და გადაიბარა მერაბ ფარტენაძემ იმ პირობით, რომ შეღავათები ექნებოდა მერიიდან. მშენებლობა ამ ბიზნესმენმა კი დაასრულა 2018 წელს, მაგრამ პრობლემაა სადარბაზო, ლიფტის კარი ვარდება, სახურავიც დაუსრულებელია“.

მაგული სურმანიძემ „ბათუმელებს“ ასევე უთხრა, რომ კომპანია „ბალავარი“ უკვე გაკოტრებულია. აღარ ვიცით, ვის მივმართოთო.

ამ კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრები, მაია ფაღავა გვიყვება, რომ ისიც უშუალოდ ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძეს შეუთანხმდა, როცა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 2017 წელს ბინას ყიდულობდა. ის კომპანია „ბალავართან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას გვაჩვენებს, სადაც მითითებულია, რომ კორპუსში, სადაც მან ბინა იყიდა, კომპანია უზრუნველყოფდა „ელექტროგაყვანილობის ცენტრალურ დგარებს“.

„წლების განმავლობაში ვსარგებლობთ კომერციული ფართობების დენით, კომერციულ ფასს ვიხდით, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ ხშირად უშუქოდ ვრჩებით – ადრე დაბალი სიმძლავრის გამო ითიშებოდა – მბჟუტავი შუქი გვქონდა, ახლა კი, დავალიანების გამო ითიშება. ჭირს იმის გარკვევა, ვინ არ იხდის ამ კომერციული ელექტროენერგიის საფასურს, მხოლოდ თვითნებურად დამონტაჟებული მრიცხველები გვაქვს. კომერციული ფართობების მფლობელებმა რამდენჯერმე დაფარეს სხვების დავალიანება, მაგალითად, საკონდიტრომ, რომელსაც პროდუქტები გაუფუჭდებოდა, მაგრამ გადიან ისინიც უკვე აქედან… რამდენ ხანს უნდა იხადონ სხვისი გადასახადები?

თავის დროზე, როცა ბინები შევიძინეთ, 400-400 ლარი გადავიხადეთ მრიცხველებისთვის, მაშინ ეს იყო საფასური, მაგრამ გამრიცხველიანება არ მომხდარა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ ეს იყო ენერგოკომპანიის პრობლემა, ენერგოკომპანიაში კი მიპასუხეს, რომ კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამისი პროექტით. ჩვენ, ინდივიდუალურად ენერგო-პროს ვერ მივმართავთ.

საბოლოოდ კომპანია გაკოტრდა და იქ აღარავინ გვპასუხობს. სასამართლოს რომ მივმართოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დავა, არავინ იცის.

მერაბ ფარტენაძესაც დავურეკე. მიპასუხა, მე გავედი უკვე მაქედან, არ მაქვს კომპანიასთან შეხება, თუ არ მოგწონს, გაყიდეო. მიპოვა გამოსავალი,“ – გვითხრა მაია ფაღავამ.

„მე რა შუაში ვარ? მე ვიყავი შავი მშენებლობის შემსრულებელი და 2017 წლიდან გავედი „ბალავარიდან“, ჩემი წავიღე და წავედი,“ – ამბობს ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე. ის მართლაც აღარ ფიგურირებს კომპანია „ბალავარში“, რომელსაც 2017 წელს აშენებული კორპუსი ამ დრომდე ბათუმის მერიისთვის არ ჩაუბარებია. თუმცა მერაბ ფარტენაძის ცოლი, თამუნა კახიძე „ბალავარის“ მესაკუთრე იყო 2023 წლის ნოემბრამდე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თამუნა კახიძისგან წილები 2023 წელს იაშა გოჩიტიძემ იყიდა. მისი ტელეფონი დღეს, პირველ ივლისს მიუწვდომელი იყო. „ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირება თამუნა კახიძესთან, თუმცა მან ჩვენი სატელეფონო შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.

კომპანიის ყოფილი და ამჟამინდელი მესაკუთრეებისთვის გვინდოდა გვეკითხა: რატომ არ შეასრულა ამ დრომდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება?

ბიზნესმენმა მერაბ ფარტენაძემ გვითხრა, რომ შუქის პრობლემა კომპანიის კი არა, მცხოვრებლების ბრალია.

„მეც მაქვს ბინა ამ კორპუსში, მეც მაქვს ანალოგიურად პრობლემა, მეც კომერციულს ვიხდი… მოსახლეობაა ასეთი, თანხის დადება არ უნდათ, მრიცხველები გაძვირდა, ადრე თუ იყო 400 ლარი, ახლა ძვირია,“ – ამბობს მერაბ ფარტენაძე.

მას ამ კორპუსის სადარბაზოში გამოკრულ განცხადებაზე ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც გამრიცხველიანებისთვის ბინადრებმა 2500-2500 ლარი უნდა დადონ. განცხადებაში მითითებული არ არის, ვინ შეადგინა განცხადება და ვინ ითხოვს 2500 ლარს. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ქალაქის უბნის მდებარეობასა და კორპუსზეა დამოკიდებული მრიცხველის ფასი.

„ეს გამორიცხულია,“ – „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ სისტემაზე ინდივიდუალური მრიცხველის დაკავშირება ამ ეტაპზე 800 ლარი ღირს, თუმცა მანამდე შესაბამისი სიმძლავრის ელექტროენერგია უნდა შევიდეს კორპუსში.

„იმისთვის, რომ მოხდეს მრავალბინიანი სახლის ქსელზე მიერთება, საჭიროა ობიექტის მესაკუთრემ მოგვმართოს შესაბამისი განაცხადით. განაცხადს უნდა დაერთოს სრულყოფილი დოკუმენტაცია. სრულყოფილად განაცხადის შემოტანის შემთხვევაში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განიხილავს და იმოქმედებს კანონის შესაბამისად, რათა უზრუნველყოს ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება,“ – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიის“ პრესცენტრიდან და დასძინეს, რომ ამ კომპანიიდან პროექტი 2021 წელს მიიღეს, მაგრამ ის დახარვეზდა. ახალი, სრულყოფილი პროექტით კი, კომპანიას „ენერგო-პრო ჯორჯიისთვის“ 2021 წლის შემდეგ არ მიუმართავს.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ასევე განმარტეს, რომ ცალკეული მოქალაქეები, როცა ისინი ახალ კორპუსში შედიან საცხოვრებლად, ენერგოკომპანიას გამრიცხველიანების მოთხოვნით ვერ მიმართავენ.

რატომ არ ჩაიბარა ბათუმის მერიამ კორპუსი ქალაქის ცენტრში, სადაც ოჯახები 2018 წლიდან ცხოვრობენ?

„აღნიშნული სამშენებლო კომპანიას ექსპლუატაციის მიღების მოთხოვნით არ მოუმართავს. რაც შეეხება კანონდარღვევას, ძველი სამშენებლო სამართალწარმოების ფარგლებში კომპანია დაჯარიმებულია,“ – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრიდან.

მერაბ ფარტენაძე [მარცხნივ] ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, რამაზ ჯინჭარაძესა და მის მოადგილესთან ერთად

მერაბ ფარტენაძე [მარჯვნივ პირველი] „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად

15 წლით პატიმრობა ელის ცოლ-ქმარს, რომლებიც შვილებს მოწყალებას აიძულებდნენ – გამოძიება

ბათუმში არასრულწლოვნების ტრეფიკინგის მუხლით ბრალდებულ ცოლ-ქმარს, ვიდადი ა.-ს და ანჟელა ბ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები საკუთარ შვილებს – 11 და 12 წლის გოგონებს ბათუმში, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩებზე მოწყალების მიღებას აიძულებდნენ. ბრალდებულები ბათუმში 2024 წლის მაისში დააკავეს.

„შრომითი ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირეს საკუთარი არასრულწლოვანი შვილები… ანტისაზოგადოებრივი საქმიანობაში ჩაბმით [მოწყალების მიღების იძულებით] უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის მაისამდე, სრულად ისაკუთრებდნენ არასრულწლოვნების მიერ მოწყალების თხოვნით შეგროვებულ თანხას,“ – აღნიშნულია პროკურატურის დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ.

„ბრალის დადასტურების შემთხვევაში მშობლებს მინიმუმ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა ელით. ეს დაუშვებელია და უსამართლობაა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. ის ბრალდებულის ინტერესებს უფასოდ იცავს და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით უკვე მიმართა პროკურატურას.

ბრალდებული ცოლ-ქმარი აზერბაიჯანიდან არიან. ისინი 15 წლის წინ შემოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად. ბავშვები, რომლებზე ძალადობასაც პროკურატურა ედავება ცოლ-ქმარს, არასდროს უვლიათ სკოლაში – ისინი თავს ქუჩაში, მოწყალების მიღების გზით ირჩენდნენ.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურას ამ შემთხვევაში ბრალი დაკავებული ცოლ-ქმრისთვის უნდა წარედგინა არა ტრეფიკინგის მუხლი, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლით, რაც გულისხმობს „არასრულწლოვნის ჩაბმას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში“.

ადვოკატს მოსამართლისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს შემთხვევაზე განხილული საქმე შეუხსენებია.

უზენაესი სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული ერთ-ერთი განჩინების მიხედვით, კაცი 9 წლის შვილზე ფიზიკურად ძალადობდა. ასევე „2016 წლის მაისიდან 2017 წლის 24 აპრილამდე პერიოდში სისტემატურად აიძულებდა თავის 9 წლის შვილს ი.ლ.-ს რომ ემათხოვრა. იძულების პერიოდში ი.ლ. მათხოვრობდა თბილისის ტერიტორიაზე,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

„ეს იყო მოზარდების ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში და არავითარი შეხება ამ საქმეს ტრეფიკინგთან არ აქვს. ბრალდებულებმა არ იციან წერა-კითხვა, მათ არც ქართული და რუსული ენები იციან, ვერსად იმუშავეს და დაიწყეს მოწყალების მიღება ბათუმის ქუჩებში,“ – გვიყვება ადვოკატი დავით ჯაფარიძე, რომელსაც დაპატიმრებული ცოლ-ქმრის ამბავი აზერბაიჯანის კონსულისთვისაც უცნობია:

„მივიღე კონსულის თანამშრომლისგან პასუხი, რომ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმების მიღწევაში დაეხმარებიან…

სამართალდამცველებმა ერთიანად 15-20 ქურთი დააკავეს ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ვინც კანონის დარღვევით იყო შემოსული სხვა ქვეყნიდან, მათ ბრალი საზღვრის უკანონო კვეთისთვის წარუდგინეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს კი, არასრულწლოვნებით ჯგუფურად ვაჭრობას ედავებიან. ეს ოჯახი ერთად გადიოდა ქუჩაში და ითხოვდა მოწყალებას. ერთ-ერთ ფარულ ვიდეოში ეს ჩანს კიდეც: დედა დგას ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე შვილთან ერთად…

წლების წინ ანჟელას [არასრულწლოვანი გოგონების დედა] მკერდის სიმსივნე გაუჩნდა და მას ხანგრძლივად გადაადგილება არ შეუძლია, ვიდადი ა.-ს კი, გველმა უკბინა შარშან, დარღვეული აქვს სმენა, მხედველობა და მეტყველება… 2024 წლის იანვარში სწორედ ამიტომ დაიწყეს მათხოვრობა გოგოებმა. უსახსრობის გამო ანჟელას და ვიდადის საქართველოში არასდროს მიუმართავთ ექიმისთვის,“ – გვითხრა დავით ჯაფარიძემ.

„ადამიანით ვაჭრობის [ტრეფიკინგის] წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით, 33 ქვეყანას შორის უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე – „პირველ კალათაში“, – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2024 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ავრცელებს.

სად არიან ახლა ბავშვები, რომლებსაც პროკურატურის ვერსიით მოწყალების მიღებას აიძულებდნენ?

„ორი თვეა ჩემთან არიან, არავის არაფერი გაუკეთებია ჯერ მათთვის გარდა იმისა, რომ ზეწოლა იყო ჩემზე, თუ ბავშვები ჩვენებას არ მისცემდნენ გამოძიებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ჯ. ის ტრეფიკინგში ბრალდებული ქალის, ანჟელა ბ.-ს რძალია. თამარი ამბობს, რომ  ბავშვები სოციალურმა მუშაკებმა ბათუმში, თავშესაფარში გადაიყვანეს, რამდენიმე დღეში კი, ბავშვები თავის ოჯახში, თბილისში წაიყვანა.

„დედის და მამის ფოტოებით იძინებენ ამ დრომდე ბავშვები… სკოლაში არ დადიან, რადგან საბუთები არ აქვთ, სოციალურმა მუშაკმა თქვა, რომ ვინაობა უნდა დადგინდეს და დოკუმენტაცია როცა იქნება, სკოლაში წავლენო,“ – გვითხრა თამარ ჯ.-მ. მას თავისი სოციალური პრობლემები აქვს, თუმცა გამორიცხავს, ბავშვებს ისევ ქუჩაში მოუწიოთ გასვლა.

„მოვიდნენ და შეგვამოწმეს. მე ონლაინგაყიდვებზე ვმუშაობ… ჩემს შვილებზე ვიღებ მხოლოდ სოციალურ შემწეობას, ჩვენი ოჯახი არ იღებს შემწეობას. მე ჩემი ბინა არ მაქვს თბილისში, ახლობელმა დამითმო დროებით… მე ვითხოვ იმას, რომ მშობლები დაუბრუნონ ბავშვებს“, – ითხოვს თამარ ჯ.

„ბათუმელები“ ამ საქმეზე და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის მაჩვენებელზე პროკურატურას მეტი დეტალის გასარკვევად დაუკავშირდა. თუმცა პროკურატურის პრესცენტრიდან ინფორმაცია არ მიგვიღია.

იცით რას ნიშნავს 25 საათი კვირაში? არ უნდა ამოისუნთქო – პედაგოგი სახელფასო პოლიტიკაზე

თბილისის 126-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნათია უჩავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2024 წლის საუკეთესო ათეულის წევრია. „ბათუმელები“ პედაგოგს განათლებაში არსებულ პრობლემებსა და იმ იმედგაცრუებაზე ესაუბრა, რასაც დღეს პედაგოგების დიდი ნაწილი, სამინისტროსგან დაპირებული და არ შესრულებული ხელფასების ზრდის გამო განიცდის.

  • ქალბატონო ნათია, დაწყებითი საფეხური ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაში, ალბათ ამიტომაც არის, რომ პირველ ეტაპზე მშობლები დიდი მონდომებით არჩევენ ხოლმე სკოლას, პედაგოგს. თქვენ რას ანიჭებთ უპირატესობას სწავლა-სწავლების პროცესში და როგორია თქვენი ურთიერთობა ბავშვებთან?

დაწყებით საფეხურს თავისი სპეციფიკა ნამდვილად აქვს, რადგან უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი თავისებურებები, ინტერესები და ისეთი აქტივობები უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს, რაც მათთვის საინტერესო იქნება.

ამიტომ, ძალიან დიდ დროს ვუთმობ და ბევრ ენერგიას ვხარჯავ ხოლმე საინტერესო აქტივობების დაგეგმვაზე, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში და შესაბამისად, შედეგებზეც უფრო მარტივად გადის ხოლმე მასწავლებელი.

ამ საფეხურზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები. სოციალური უნარების ქონა მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, პირველ კლასში კი ხშირად არ აქვთ ხოლმე ბავშვებს ეს მზაობა და საჭიროა ამაზე მუშაობა. ზოგიერთი მოსწავლე მორცხვია, ზოგი – პირიქით, ჰიპერაქტიური და შეიძლება უჭირდეს საკლასო წესების დაცვა.

შესაბამისად, ამ ყველაფერსაც ძალიან დიდ დროს ვუთმობ ხოლმე.

  • როგორი აქტივობები მოსწონთ ბავშვებს, რისი კეთება უყვართ ამ ასაკში განსაკუთრებით?

ძალიან მოსწონთ ისეთი აქტივობები, სადაც თვითონ მონაწილეობენ და არიან მთავარ როლში. მოსწონთ ჯგუფური მუშაობა, წყვილებში მუშაობა, კეთებით სწავლება, სადაც თავად ქმნიან პროდუქტს. შეიძლება რაღაც მაღალი ხარისხის არ გამოვიდეს, მაგრამ თავიანთი გაკეთებული რომ არის და ხედავენ, ეს მოსწონთ.

თუ ამ ნამუშევრებს შევაგროვებთ და შემდეგ გამოფენასაც მოვაწყობთ, ამაზე საერთოდ გიჟდებიან ხოლმე, რადგან თვალნათლივ ხედავენ იმას, რაშიც თავად დებენ ძალისხმევას და შრომას.

ძალიან მოსწონთ და ყველაზე მეტად ამახსოვრდებათ ხოლმე გასვლითი ღონისძიებები, კინოში, თეატრში თუ წავედით ან რაიმე მასტერ-კლასზე თუ არიან.

  • შეიძლება ძალიან ტრივიალური კითხვაა, მაგრამ მაინც გვინდა აგვიხსნათ, თქვენი აზრით, რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი? რა არის ის საბაზისო უნარები, რომელიც უნდა ჩამოუყალიბოს მასწავლებელმა მოსწავლეს და თქვენ როგორ ახერხებთ ამას?

კარგი მასწავლებელია ის, ვისაც უყვარს ბავშვები და თავისი საქმე, ამას უდგება პასუხისმგებლობით, მუდმივ ძიებაშია სიახლის და ვითარდება. დღევანდელ სისტემაში ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას მასწავლებელი და თუ ფეხი არ აუწყო თანამედროვე მოთხოვნებს, არ მოერგო 21-ე საუკუნის ბავშვის ინტერესებს, ისე ვერ გასწვდება და ვერ დააკმაყოფილებს მოსწავლეების მოთხოვნებსაც.

თქვენ ახსენეთ მშობლები. დიახ, მეც მსმენია, რომ ისინი დიდი ინტერესით არჩევენ ხოლმე თავიანთი შვილებისთვის პირველ მასწავლებელს, მაგრამ მშობელი და მასწავლებელი ცალ-ცალკე არ უნდა იდგეს. ყოველთვის უნდა იყოს თანამშრომლობა მათ შორის და ერთად უნდა იზრუნონ ბავშვის განვითარებაზე.

თუ იმას, რაზეც მე ვმუშაობ კლასში, მშობელი არ განამტკიცებს სახლში, შესაძლოა შედეგზე ვერ გავიდე, ან ამას მოვანდომო უფრო მეტი დრო და ძალისხმევა ვიდრე მაშინ, როცა მშობელია ჩართული.

პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაზე თანაბრად უნდა იმუშაოს როგორც მასწავლებელმა, ასევე მშობელმა, რადგან თუ ბავშვს არ აქვს პასუხისმგებლობა, ეს ბევრ რამეში უშლის ხელს, დაწყებითშიც და მაღალ საფეხურზე სწავლის დროსაც.

მაგალითად, ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი ნივთების მოწესრიგება. ჩვენ ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას ამაზე, რომ მოაწესრიგონ საკუთარი მერხი, საკუთარი ნივთები დააწყონ სწორად, მოემზადონ შემდეგი გაკვეთილისთვის. თუ ამას არ ექნება გაგრძელება სახლში, არ ასწავლის მშობელი, რომ ბავშვმა მოაწესრიგოს, მაგალითად, სათამაშოები, წიგნები, თავისი ოთახი და ამ ყველაფერს მშობელი უკეთებს, აი, აქ ცოტა გვიჭირს ხოლმე.

მშობელმა ან მასწავლებელმა მზამზარეული კი არ უნდა მიაწოდოს ბავშვს, არამედ დაეხმაროს, მასთან ერთად გააკეთოს და ერთობლივად შეეცადონ რაღაცის კეთებას. ბავშვმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, გააცნობიეროს, რა ევალება მას. შემდეგ კი მოთხოვნილებაც გაუჩნდება, რომ დავალება შეასრულოს, მასწავლებელს უსმინოს და ასე შემდეგ.

  • თქვენ 11 წელია ასწავლით სკოლაში. როგორია მშობელთა ჩართულობის დინამიკა და თუ შეიცვალა რაიმე არსებითად ამ ხნის მანძილზე? პროგრესი გვაქვს, თუ პირიქით?

გააჩნია მშობლის კონტინგენტს, გააჩნია მშობლის ასაკს და თვითშეგნებასაც. ბევრნაირ მშობელთან მქონია ურთიერთობა. ზოგიერთს ძალიან კარგად აქვს ეს გაცნობიერებული და თუ სწორი მიმართულებით მიჰყავს აღზრდა, მერე ეს სწავლის პროცესზეც აისახება ხოლმე. ზოგ შემთხვევაში კი ეს საკმაოდ რთულია.

  • ალბათ გყავთ ისეთი მოსწავლეებიც, ვისაც ემიგრაციაში ჰყავს მშობელი. ასეთ შემთხვევაში რა სირთულეებს აწყდებით, როგორი მიღწევები აქვთ ამ ბავშვებს და თუ ხერხდება ამ მშობლების ჩართულობა?

მყავდა ისეთი მოსწავლეც, რომელსაც საზღვარგარეთ ჰყავდა დედა და ყველაფერზე აისახებოდა ეს. ამ ბავშვებს პირველ რიგში აქვთ მშობლის დანაკლისი. მაგალითად, თუ წამოიჭრება მშობლის თემა, უხერხულობას გრძნობენ თითქოს თავს და ამბობენ „იცით, მე არ მყავს დედა აქ“, „მამა არ მყავს აქ“, – გვეუბნება ბავშვი და ყველაზე მეტად მათ აკლიათ სითბო და ყურადღება.

ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს ხოლმე ამ დანაკლისს, ზოგი აგრესიაში, ზოგი – პირიქით და მე პირადად, როცა ასეთი შემთხვევა მქონდა, რამდენიმე თვე დამჭირდა ბავშვთან სამუშაოდ. ყველა მეთოდი ვცადე, მაგრამ ყველაზე მეტად გაჭრა თბილად საუბარმა, წახალისებამ და შემდეგ ბავშვი ძალიან შეიცვალა, სწავლის მოტივაციაც აუმაღლდა და აქტიურიც გახდა.

როცა რაიმე ღონისძიება გვაქვს, ყველა ბავშვთან მოდის ხოლმე მშობელი და ამათთან არა. იცით, როგორი თვალები აქვთ ბავშვებს იმ დროს?! წყლიანი. როცა არის ხოლმე ოჯახის თემა, ვცდილობთ ფაქიზად ვისაუბროთ ამ ბავშვებთან და ისე მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, ვუთხრათ, რომ მართალია მშობელი შორსაა, მაგრამ ხომ სულ ენატრები, ხომ გეხმიანება, სულ გკითხულობს და ასე შემდეგ. რაღაცით უნდა დავუბალანსოთ ეს სიშორე.

  • მასწავლებლებისგან ხშირად მესმის, რომ დღეს, გაჯეტების და ინტერნეტის ეპოქაში, ძნელია დააინტერესო მოსწავლე. თქვენი დაკვირვება როგორია, რა აინტერესებთ 6-7 წლის ბავშვებს, არის რაიმე, რაც მასწავლებლისგან განსაკუთრებულ მზაობას მოითხოვს?

ყველაზე დიდი პრობლემა გამოიკვეთა პანდემიის დროს იმ ბავშვებთან, რომლებმაც ვერ იარეს საბავშვო ბაღში ან სახლში მოუწიათ პირველი-მეორე კლასების გავლა. ამ ნაკადის ბავშვებთან გვქონდა სერიოზული პრობლემები, რადგან ბავშვებს არ ჰქონდათ ემოციები. ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდათ თავიანთი ასაკის ბავშვებთან, სახლში, ტელეფონებთან იყვნენ მეტწილად და უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვდა მათთან მუშაობა.

  • აი, ეს კონტინგენტი დღეს როგორ მდგომარეობაშია, თუ მოხერხდა ამ ბავშვების სოციალიზაცია, აკადემიური უნარების გაზრდა?

უჭირთ მასალის ათვისება, უფრო ნელი ტემპით მიდიან, ვიდრე სხვა ნაკადის ბავშვები, რომლებსაც არ გამოუვლიათ პანდემიის პერიოდი.

ზოგადად, ბავშვებს ყურადღების კონცენტრაცია უჭირთ. ამ უნარს სჭირდება გამომუშავება. ზოგ ბავშვს აქვს სურვილი, რომ დაჯდეს და რაღაც გააკეთოს, ზოგს – არა.

მასწავლებელი უნდა მიხვდეს, რა საჭიროება აქვს კონკრეტულ ბავშვს და ინდივიდუალურად უნდა შესთავაზოს დავალებები, აქტივობები მორგებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს. ამიტომ სულ უნდა ცვალო ეს აქტივობები და ყოველთვის სიახლე უნდა შესთავაზო, როგორც კი შეამჩნევ, რომ მოდუნდა ბავშვი.

ძალიან მოსწონთ თვალსაჩინოებები, პროექტორით თუ აყურებინებ რაიმეს. ძალიან მოსწონთ, როცა წაახალისებ, შეაქებ და ეს წახალისებაც უნდა იყოს მუდმივად. ასეთ დროს უფრო მეტს აკეთებენ ხოლმე.

  • ალბათ ამ საფეხურიდან იწყება მოქალაქის აღზრდაც. რა არის ის ღირებულებები, რაც აუცილებელია ბავშვის პიროვნული ფორმირებისთვის? თქვენი მიდგომა როგორია, როგორ აწვდით და აგებინებთ ამ ყველაფერს ბავშვებს?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები – მეგობრობა, ემპათიის გრძნობა, სხვისი პატივისცემა, ტოლერანტობა, სხვისი დახმარება…

ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაც გაკვეთილი აღარ ჩამიტარებია და ასეთი საკითხებისთვის დამითმია დრო, როცა დავინახე, რომ ბავშვებს გაუჭირდათ ამ საკითხში და ჩავთვალე, რომ საჭირო იყო ამ თემების გაშლა.

მუდმივი საუბრით, მაგალითებით უნდა ვესაუბროთ ამ ღირებულებებზე, რადგან თუ ადამიანური ღირებულებების პრობლემა არსებობს, იქ უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა ნიშანზე სწავლობს მოსწავლე.

  • ამ წლების განმავლობაში ბევრი ცვლილების წინაშე დადგა განათლების სისტემა, მუდმივი გამოწვევა იყო მასწავლებლების ანაზღაურება და კვალიფიკაცია. როგორ შეაფასებთ იმ გარემოს, რაშიც გიწევთ დღეს პედაგოგებს საქმიანობა?

მე ვთვლი, რომ მასწავლებელი მაინც არ არის სათანადოდ დაფასებული, არც ანაზღაურების მხრივ არის დაფასებული. აი, ამ ახალი სახელფასო პოლიტიკის პირობებში ხომ საერთოდ, რადგან ძალიან არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენეს მასწავლებლები. განსაკუთრებით ის მასწავლებლები, ვინც რაღაც გააკეთეს, იშრომეს პროფესიული წინსვლისთვის. ფაქტობრივად წყალში ჩაიყარა ყველაფერი და ეს უსამართლობის განცდას უჩენს ადამიანს.

კი, ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე, ბავშვები, მაგრამ მხოლოდ ენთუზიაზმზე ვერ იქნება ეს. მასწავლებლობა ჩვენი სამსახურია, საარსებო წყაროა და შესაბამისად, გვჭირდება ღირსეული ხელფასი შრომისთვის.

  • თქვენ ხართ მენტორი პედაგოგი, ყველაზე მაღალი სტატუსია ეს მასწავლებლისთვის. შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ახალი მოდელის მიხედვით თუ გაგეზარდათ 500 ლარით ხელფასი, როგორც ამას სამინისტრო გპირდებოდათ და თუ არა, რატომ?

ძალიან ცოტა მოგვემატა მენტორებს. ზოგიერთს საერთოდ დააკლდა.

პირადად მე ასი ლარითაც კი არ გამზრდია ხელფასი.

მე ყველაფერი გავაკეთე, რაც პროფესიული წინსვლისთვის დაგვიწესა სახელმწიფომ. ჩავაბარე გამოცდები, მოვამზადე კვლევები, ავიმაღლე სტატუსი და ეს სისტემა ჩემი მოგონილი ხომ არ ყოფილა?! ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ, ვინც ეს გავაკეთეთ, ხელფასის ყველაზე დაბალი მატება გვაქვს, ვიდრე მათ, ვისაც ეს ნაბიჯები არ გაუვლია.

როცა 100 ლარითაც არ გეზრდება ხელფასი, მაშინ როცა 500 ლარს გპირდებოდნენ, ცხადია, მაქვს უსამართლობის განცდა. მეც ხომ მინდა მოტივაცია, თუნდაც იმისთვის, რომ ვიგრძნო ჩემნაირ აქტიურ მასწავლებელს როგორ აფასებს სახელმწიფო.

  • ეს ახალი მიდგომა ალბათ გააჩენს საათებზე მოთხოვნას და შეამცირებს პროფესიულ ზრდას. ფიქრობთ, რომ პედაგოგები აღარ იზრუნებენ პორტფოლიოს შექმნაზე და საკუთარი შრომის წარმოჩენაზე?

ნეგატიურად იმოქმედებს, რა თქმა უნდა, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა უსამართლობის განცდა. მე მენტორის სტატუსი მექნებოდა თუ წამყვანის, ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებდი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ არის გარკვეული კატეგორია, ვისთვისაც ამოსავალი იყო სტატუსი, ხელფასი და შესაძლოა მათზე იქონიოს ამ ყველაფერმა გავლენა. ზოგადად, ანაზღაურება ჩემი შრომის პროპორციული უნდა იყოს.

  • როგორ ფიქრობთ, მოატყუა სამინისტრომ პედაგოგები?

მე იმიტომ არ ვგრძნობ თავს მოტყუებულად, რომ არც დამიჯერებია მათი დაპირება, რადგან ძალიან არარეალური იყო.

ვიღაცას შეიძლება მოემატა 500 ლარით ხელფასი, მაგრამ ეს ის ხალხია, ვისაც 25 საათი აქვთ დატვირთვა. იცით, რას ნიშნავს 25 საათი კვირაში? არ უნდა ამოისუნთქოს მასწავლებელმა, დღეში 5-5 გაკვეთილი უნდა ატაროს და მერე ასეთი მასწავლებელი პროდუქტიული იქნება?

ჩემი აზრით, ბოლოს პროფესიულ გადაწვამდე მივალთ. ეს შეამცირებს განათლების ხარისხსაც. როგორ წარმოგვიდგენიათ, 25 საათი ატაროს მასწავლებელმა ყოველ კვირა და მას დრო დარჩეს იმისთვის, რომ ცალკე დაგეგმოს შემდეგი დღის გაკვეთილები, განახორციელოს სხვა პროექტები და ასე შემდეგ.

  • ხელფასების მატებაზე საუბარი ყოველთვის წინასაარჩევნოდ იწყება ხოლმე და ახლაც იყო განცდა, რომ ამ დაპირებით „ქართული ოცნება“ შეეცდებოდა მიეღო პედაგოგების ხმები. თქვენ თუ გაქვთ იგივე განცდა და რამდენად აისახება ეს არჩევნებზე?

სახელმწიფოს მიერ ხელფასის მომატება ან არმომატება, ჩემს ღირებულებებზე, არ აქვს მნიშვნელობა მასწავლებელი ვარ თუ სხვა პროფესიის ადამიანი, გავლენას ვერ მოახდენს. რა პოზიციაც მაქვს, იგივე დამრჩება და თუ ვინმეზე ახდენს გავლენას, ეს პრობლემა მგონია უკვე იმ ადამიანისთვის. სამწუხაროდ, მასწავლებელიც შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი.

  • ვიცით, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების ძალიან დიდი წინააღმდეგობის ფონზე მაინც მიიღო რუსული კანონი და საფრთხე შეუქმნა ამ ქვეყნის დემოკრატიას და ევროინტეგრაციას. თქვენთვის, როგორც მასწავლებლისთვის, რამდენად პრობლემურია ეს საკითხი და თუ არ შეიცვლება ამ მხრივ რაიმე, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ გარემოში მუშაობა?

ვთვლი, რომ ამ კანონის მიღებით ნამდვილად ვშორდებით ევროკავშირში ინტეგრაციას და იმას, რისთვისაც ვიბრძოდით, რადგან განათლების სისტემაში ძალიან ბევრია ევროპული ბენეფიტები, ბევრი დონორი ორგანიზაცია გვეხმარება, გვაქვს გაცვლითი პროგრამები და ასე შემდეგ, ამიტომ ეს კანონი, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის და სამომავლოდ კითხვის ნიშნის ქვეშე დგება საერთოდ ევროკავშირში შესვლაც.

შესაბამისად, ეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, რომელიც მომავალზე ვფიქრობ, ნამდვილად პრობლემურია.

არადემოკრატიული გარემო კი დააზარალებს ნებისმიერ საკითხს ამ ქვეყანაში, იქნება ეს განათლება თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

ყველა ცვლილება, რომელიც განათლების სფეროში გაკეთდება, უნდა იყოს გონივრული, მასწავლებლის საჭიროებაზე და მოთხოვნებზე მორგებული და არა პირიქით. შემოთავაზებული ახალი მოდელი კი გამოიწვევს იმას, რომ ყველას მოუნდება მეტი საათი, ეს გააჩენს კონფლიქტურ სიტუაციებსაც და ხელს შეუშლის ახალი კადრების შემოდინებას სკოლაში.

ცესკომ ISO 9001:2015-ის ფარგლებში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.

ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს „მენეჯმენტის სისტემების“ აუდიტორის მიერ 2024 წლის მაისში განხორციელდა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისო აუდიტორების მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ შეინარჩუნა მის მიერ მოპოვებული საერთაშორისო სერტიფიკატი.

აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, მონიტორინგი და ანგარიშგება შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს.

როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი – „საარჩევნო პროცესში მუდმივად ინერგება სიახლეები და დაინტერესებულ მხარეებს მუდმივად მიეწოდებათ ხარისხზე ორიენტირებული, გამჭვირვალობისადმი მიმართული მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს გაუმჯობესებაზე და ახორციელებს მთელ რიგ ინოვაციურ პროექტებს“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO სერტიფიკატი 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 მოთხოვნებს.

“ბებია 4 შვილთან ერთად გამოასახლეს და ქუჩაში დატოვეს” – სტალინური რეპრესიების მსხვერპლის ამბავი

„87 წლის წინ, 1937 წლის 14 ივლისს, ჩემი დიდი ბაბუა მემედ გვარიშვილი, ბებია და მათი ოთხი არასრულწლოვანი შვილი ბეშუმში წასასვლელად ემზადებოდნენ. იმ ღამით შინსახკომის წევრები შეცვივდნენ ჩემი დიდი ბაბუის სახლში და დააპატიმრეს,“ – ასე იხსენებს მრავალი წლის შემდეგ მემედ გვარიშვილის შვილთაშვილი ოჩი კონცელიძე ამბავს, რომელმაც მისი წინაპრები იმსხვერპლა.

სტალინური რეპრესიების სისასტიკე მხოლოდ მემედ გვარიშვილის დაპატიმრებით არ დამთავრებულა.

მემედის დაპატიმრებიდან ორ თვეში, მთელი მისი ქონების კონფისკაცია მოხდა. მემედის მეუღლე, ფიქრიე ბეჟანიძე, ოთხ შვილთან ერთად სახლიდან გამოასახლეს და ქუჩაში დატოვეს.

„1937 წლის სექტემბრის თვეში ჩემი დიდი ბებია თავის შვილებთან ერთად გამოასახლეს მათი კუთვნილი სახლიდან. ბრალდების თანახმად, მემედ გვარიშვილი გახდა „ხალხის მტერი და, შესაბამისად, მისი ქონება ექვემდებარებოდა კონფისკაციას“.

დღეს აქტუალურია უცხოური გავლენის აგენტი, მაშინაც ასე აკრავდნენ ადამიანებს „ხალხის მტრის“ იარლიყს. ასეთი ადამიანები ვითომდა „საქმიანობდნენ საბჭოთა კავშირის და საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ“.

ბებია და ბავშვები დარჩნენ ღია ცის ქვეშ, სახლის გარეშე. გამოსახლებული ოჯახი მეზობლად მცხოვრებმა ბადოევებმა შეიფარეს. ბავშვების ტანსაცმელიც კი არ გამოატანეს ბინიდან. ბადოევებთან გარკვეული პერიოდი გაჩერდნენ და შემდეგ გადავიდნენ სხვაგან.

მოგვიანებით, მემედის უფროსმა ქალიშვილმა, ნანამ ამოიცნო ის კაცი, ვინც მონაწილეობდა მამამისის დაპატიმრებაში – ის მათ სახლს დაეპატრონა. როგორც ჩანს, სახლსაც დაპატიმრების დროს დაადგა თვალი.

მთელი 20 წელი, 1937 წლიდან 1957 წლამდე, სანამ მემედ გვარიშვილის რეაბილიტაცია არ მოხდა, საშინელი ტანჯვა გამოიარა მისმა ოჯახმა. გარიყულობა საზოგადოებისგან, უსახლკარობა და სიღარიბე,“ – უყვება ოჩი კონცელიძე „ბათუმელებს“ საკუთარი ოჯახის ისტორიას.

  • მემედ გვარიშვილის ამბავი

მემედ გვარიშვილი წარმოშობით ჩაქვიდან იყო. მისი ოჯახი ბათუმში საცხოვრებლად მე-20 საუკუნის დასაწყისში გადმოვიდა.

მემედ გვარიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა ჩაქვისა და სალიბაურის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად, ქობულეთის რაიონული აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის ასსრ მიწათმოქმედების (1928-1929), ხოლო შემდგომ სოციალური უზრუნველყოფის (1933-1935) სახალხო კომისრად (მინისტრად).

1937 წლამდე, ანუ სანამ დააპატიმრებდნენ და დახვრეტდნენ, იყო აჭარის ასსრ-ს ხორცის დამზადების, მრეწველობისა და გასაღების მთავარი სამმართველოს უფროსი.

„როდესაც დააპატიმრეს, არავინ იცოდა ზუსტად, სად ჰყავდათ. ბათუმი პატარა ქალაქი იყო, უცებ გავარდა ხმა ქალაქში ჩეკას შენობის სარდაფში ჰყავთ დაპატიმრებულებიო. ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩის დასაწყისში დგას ეს შენობა. ბაბუაჩემი, ოსიკო გვარიშვილი, მემედის შვილი, თავის წიგნში „ავადმოსაგონარი 1937 წელი“ აღწერს იმ შემთხვევას, როდესაც დედასთან ერთად მივიდა ჩეკას შენობაში და მამის ამბავი მოიკითხა,“ – ამბობს ოჩი კონცელიძე.

სახლი, სადაც 1937 წელს ჩეკა იყო და რომლის სარდაფშიც უდანაშაულო ადამიანები ჰყავდათ გამოკეტილი

„1937 წელს ამ შენობაში ჩეკას რეზიდენცია იყო. ზემო პირველ და მეორე სართულზე, აგრეთვე სხვებზე, უფროსობა, ანუ მტანჯველნი ისხდნენ, ხოლ ქვევით „პადვალში“ – სახელდახელოდ, ვინაობის გარკვევის გარეშე, ქუჩაში შემთხვევით, უდანაშაულოდ გამვლელნიც იტანჯებოდნენ. პატიმართა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ რკინის საკნის კარებს ძლივსღა კეტავდნენ. შუაღამისას ჭოროხის პირას მარხავდნენ ამ ჯოჯოხეთში დახოცილთ….

უთენია დილით კი, „პადვლის“ ჩასასვლელში, რომელიც ახლა ამოქოლილია, პატიმართა ჭირისუფლების რიგი იმართებოდა „პერედაჩის“ გადასაცემად.

ჰოდა, ვიდექით იმ რიგში დედაჩემი და მე – ჩემს დედმამიშვილებში ყველაზე პატარა, დედაჩემის კალთას ჩაბღაუჭებული, ირგვლივ შეშინებულ თვალებს ვაცეცებდი და წამითაც არ ვშორდებოდი მას.

დროდადრო ზემო სართულის მესვეურთაგან ვინმე გამოჩნდებოდა, პატიმრის გვარს ამოიძახებდნენ და მასთან მისულს „საკითხის გასარკვევად“ წაიყვანდა. შემდეგ გავიგეთ, ასეთი მზაკვრული ოინით „კაცის წაყვანა“ რას ნიშნავდა. გავიგეთ მაშინ, როდესაც ჩემი ორი ბიცოლა ასე დააპატიმრეს. ჩეკას შენობასთან უმთავრესად ქალები იდგნენ რიგში „პერედაჩის“ გადასაცემად,“ – ასე აღწერს ჩეკას შენობაში არსებულ სიტუაციას ოსიკო გვარიშვილი თავის წიგნში „ავადმოსაგონარი 1937 წელი“.

  • კონფისკაცია

1937 წელს, როდესაც ხალხს აპატიმრებდნენ, თუ მათ რაიმე ქონება ჰქონდათ, ყველაფრის კონფისკაციას ახდენდნენ. ასე მოხდა მემედ გვარიშვილის შემთხვევაშიც.

ოსიკო გვარიშვილის მოგონებებში ვკითხულობთ, რომ მისი ქონების გაყოფა მემედის დასაპატიმრებლად მისულმა შინსახკომის წევრებმა იქვე, მის ბინაშივე დაიწყეს. უცებ გააქრეს სახლიდან იარაღის კოლექცია, მოოქროვილი პორტსიგარი და სხვა ღირებული ნივთები.

„აჭარაში კონფისკაციაში მოხვედრილი ბინებისა და ქონების „განაწილება“ უფრო მოწესრიგებული და გაიოლებული იყო. განაწილება-მითვისება ხდებოდა რიგის მიხედვით, ჯერ უფროსი რანგის მოხელეები აირჩევდნენ, მერე მიყვებოდნენ დანარჩენები, ხოლო მორჩენილი „ნადავლი“ სპეციალურ მაღაზიებში იყიდებოდა.

ჩვენ, ბავშვების ინტერესს იქ გამოწყობილი სათამაშოები, ბავშვთა ველოსიპედები, ხმლები და სხვა იწვევდა. მაგრამ რატომღაც მშობლების მიერ შიგ შესვლაც კი აკრძალული გვქონდა, „იქ ნამტირალევი და დაწყევლილი საქონელი აწყვიაო,“ – ვკითხულობთ ოსიკო გვარიშვილის მოგონებებში, რომელიც მამია ხარაზის მონათხრობს ეყრდნობა.

ამავე მოგონებებიდან ხდება ცნობილი, რომ ბინა შინსახკომის მძღოლმა, გოგი თოდაძემ და მისმა ცოლმა, პარტიულმა მუშაკმა, ფატუშა დუმბაძემ მიისაკუთრეს. მძღოლი უშუალოდ იღებდა თურმე მონაწილეობას მემედ გვარიშვილის დაპატიმრებაში.

1957 წელს, როდესაც მემედ გვარიშვილის რეაბილიტაცია მოხდა და დღის წესრიგში მისი ოჯახისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი დადგა, ბინის ახალმა მფლობელებმა სასტიკი უარი განაცხადეს ძველი მეპატრონეებისთვის დაბრუნებაზე.

„გაყოყოჩებულმა ცეკას მდივანმა, ფატუშა დუმბაძემ კატეგორიული უარი განაცხადა მითვისებული ქონების დაბრუნებაზე. აჭარის მაშინდელმა ხელისუფლებამ კი ვერ შებედა მასთან ქონების დაბრუნებაზე საუბრის ჩამოგდება. განსაკუთრებით მაღალი პოსტის მქონე ქალბატონის მაამებლად ყველაფერს აკეთებდა მაშინდელი აჭარის სუკის ხელმძღვანელი, გამოწრთობილი ჩეკისტი, პოლკოვნიკი ტიტე ჩიქოვანი.

ერთი კი არის, სუკის არქივში ხელშეუხებლად ინახებოდა ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაზე ფატუშა დუმბაძის მკაფიო ხელწერა იყო აღბეჭდილი.

ვეღარ შეიკავა თავი უკვე სამოც წელს მიღწეულმა დედაჩემმა: გულის სიღრმიდან წამოსული წყევლა-კრულვა კვლავ გაუგზავნა ყველას…

1957 წელს ოდნავ ამოვისუნთქეთ მთელმა ოჯახმა, მაგრამ სიმწრის ფასად. სამხედრო კოლეგია იტყობინებოდა, რომ მამაჩემი თურმე უდანაშაულოდ დაუხვრეტიათ და ახლა, სიკვდილის შემდეგ, რეაბილიტირებულ იყო.

სულიერმა ტკივილმა ამიტანა. მართალი ყოფილა, უდანაშაულო ყოფილა 36 წლის ახალგაზრდა კაცი, ოთხი შვილის მამა. თურმე მართალი ყოფილა. ჩვენც მართლები ვყოფილვართ, ქუჩაში გამოყრილები 20 წლის განმავლობაში შიშსა და ძრწოლაში მყოფნი, ახლა ერთი ნაკუწი ქაღალდი გვამცნობდა ჩვენს სიმართლეს“, – ვკითხულობთ ოსიკო გვარიშვილის მოგონებებში.

როდესაც 20-წლიან ტერორზე საუბრობს, ოსიკო გვარიშვილი იხსენებს ორ მნიშვნელოვან მომენტს, საიდანაც ნათელი ხდება, თუ როგორი შიშის ქვეშ უწევდათ ცხოვრება რეპრესირებული ადამიანების ოჯახის წევრებს.

„ბათუმის პედინსტიტუტში მეორე სართულზე ასვლამდე, კიბის თავზე დიდი პორტრეტი ეკიდა ქვეყნის ბელადის, სტალინისა ჩიბუხით ხელში. ვიღაც ოხერმა დანით გაჭრა ტილო. ატყდა ორომტრიალი ფორმიანი და უფორმო მუშაკებისა, გაკითხვა-გამოკითხვა. იმ საღამოს მეც იქ ვიყავი. მუხლები მომეკვეთა, თანდაყოლილმა შიშმა ამიტანა: ტროცკისტის შვილს შეიძლებოდა დამბრალდებოდა ეს აქცია… გადავრჩი.

მტრად გამოცხადებული მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ მათხოვა ერთმა ჩემმა ნათესავმა. წიგნი შესვენებისას მერხში დამრჩენოდა. სწრაფად გადავმალე, ეტყობოდა დავაგვიანე. სტუდენტთა შორის „მომუშავე“ ნაცნობის თხოვნაზე, წიგნი მაჩვენეო, მივხვდი, ვიღაცას ენახა მერხში და დავესმინე. ცივი უარი ვუთხარი, სამაგიეროდ, სახლში წასვლისას წიგნი დავწვი, მოსალოდნელი ჩხრეკისას რომ არ ენახათ,“ – ვკითხულობთ წიგნში „ავადმოსაგონარი 1937 წელი“.

"იმდენი პატიმარი იყო, რკინის საკნის კარებს ძლივს კეტავდნენ" - რეპრესირებული მემედ გვარიშვილის ამბავი

 

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრებმა მსოფლიო რაგბის შესარჩევის სერიის საგზური მოიპოვა

საქართველოს 7-კაცამ გერმანიაში, ჰამბურგში მიმდინარე რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე დასკვნითი ეტაპის პირველ დღეს, ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და თასის 1/4-ფინალში ნაადრევად გავიდა.

პირველ მატჩში საქართველო ესპანეთს შეხვდა, ორის პასუხად სამი ლელო გაუტანა და მეტოქე ანგარით – 17:12 დაამარცხა. ორი ლელო ლევან ნარიმანიძის ანგარიშზეა, ერთი კი – საბა არჩვაძის.

მეორე მატჩში საქართველომ ლიეტუვა დაამარცხა ანგარიშით – 10:7, ლელოები სერგი ჩხაიძისა და რომან მახათაძის ანგარიშზეა.

29 ივნისს ჯგუფურ ეტაპზე საქართველო გერმანიასთან ანგარიშით – 28:0 დამარცხდა.

საქართველო მეოთხედფინალში პორტუგალიას შეხვდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეოთხედფინალში პორტუგალიამ 21:14 მოიგო.

„პლეიოფის“ შემდეგ თამაშში საქართველოს ნაკრები ბელგიას ეთამაშა და 10-7 მოიგო, რითაც მსოფლიო სერიის შესარჩევის, ჩელენჯერის საგზური მოიპოვეს.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატის „პლეიოფის“ ბოლო თამაში იტალიასთან ითამაშა მეხუთე ადგილისთვის. თამაში ანგარიშით – 14:12 დამთავრდა და ევროპის ჩემპიონატი საქართველომ მე-5 ადგილით დაასრულა.

ეუთო/ოდირი უარყოფითად აფასებს გენდერული კვოტირების გაუქმებას

ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია – ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველი ავრცელებს.

ეუთო/ოდირმა სწორედ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა ეს საკითხი.

შესაბამისი კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, 4 დღეში განიხილა და 2024 წლის 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მოგვიანებით, 15 მაისს კი მათთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოც დაძლია.

ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას, მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით, ან საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არაეფექტურობისა თუ იმის გამო, რომ საჭირო აღარ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბალანსი საქართველოს პარლამენტში ნელა, თუმცა თანდათანობით უმჯობესდებოდა სავალდებულო გენდერული კვოტებისა და ფინანსური წახალისების შემოღების გამო, ის კვლავ დაბალი რჩება ეუთოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით და არ აღწევს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მიზნობრივ მაჩვენებლებს.

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ კანონპროექტების თანმხლები განმარტებითი ბარათები არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებას, მონაცემს ან ფაქტს, გენდერული კვოტის მოქმედების მექანიზმის სიღრმისეულ ანალიზს ან მის შესაძლო ალტერნატივას და ვერ ასაბუთებს საარჩევნო გენდერული კვოტებისა და პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის გაუქმების საჭიროებას.

ეუთო/ოდირი თავის დასკვნაში ყურადღებას ამახვილებს ასევე პროცედურულ ხარვეზებზე, კანონპროექტების დაჩქარებულად მიღებაზე, განხილვის პროცესში ადეკვატური და ინკლუზიური მონაწილეობისა და დაინტერესებულ მხარეებთან რელევანტური კონსულტაციების არარსებობაზე, არჩევნების სიახლოვეს საარჩევნო სისტემის არსებითი ელემენტების ცვლილების უარყოფით მხარეებსა და საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპის გაუთვალისწინებლობაზე.

2 ივლისს ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში გაზის მიწოდება შეწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით,  ხვალ, 2 ივლისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ერგეში, ზედა ერგეში, ქვედა ჯოჭოსა და ზედა ჯოჭოში მცხოვრებ 547 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 2 ივლისის 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

თურქეთში 430 ტყის ხანძარი გაჩნდა ბოლო ერთ თვეში

თურქეთში ჰაერის მაღალმა ტემპერატურა ტყის ხანძრების მიზეზი გახდა, განსაკუთრებით ეგეოსის, ხმელთაშუა ზღვისა და მარმარილოს ზღვის რეგიონებში – წერს თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“.

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ივნისში თურქეთში 430 ტყის ხანძრის გაჩნდა და 3733 ჰექტარი დაზიანდა, აქედან 21 ხანძარი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გავრცელდა.

გამოცემის ცნობით, 29 ივნისს, თურქეთის მასშტაბით შვიდ პროვინციაში სხვადასხვა ზომის 11 მაღალი რისკის შემცველი ხანძარი დაფიქსირდა, რომელთაგან 6 კონტროლის ქვეშ მოექცა.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი ხანძარი სიგარეტის ნამწვის გამო გაჩნდა. კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც პირმა სიგარეტის ნამწვი გადააგდო და გაიქცა, რასაც აალება მოჰყვა და ხანძარმა დაახლოებით 50 ჰექტარი ფართობი დააზიანა. ჟანდარმერიამ დაადგინა ეჭვმიტანილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 543 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 8 099 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 15 550 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 14 599 ერთეული [+66]
  • MLRS – 1 111 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 874 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 620 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 333 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 713 ერთეული [+70]
  • სპეცტექნიკა – 2 448 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 616 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 968 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 535 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 463 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 361 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 129 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 136 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version