მთავარი,სიახლეები

ტყეში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სამართალდამრღვევებს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

07.07.2024
ტყეში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სამართალდამრღვევებს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ზაფხულის სეზონზე ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება ტყის ხანძრების გაჩენის რისკი.

სტატისტიკის თანახმად, ტყის ხანძრებს რამდენიმე ფაქტორი იწვევს. მათ შორის, არასწორ ადგილას დანთებული ცეცხლი, კოცონის უყურადღებოდ ან ნახევრად ჩამქრალ მდგომარეობაში დატოვება.

ზოგჯერ ხანძრის მიზეზი ტყეში თვითაალებადი ნარჩენების დატოვებაა. პლასტმასის ბოთლები, შუშის ნამტვრევები, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს ცეცხლის გაჩენის მიზეზი ხდება.

  • სად არ უნდა დაანთო ტყეში კოცონი

აკრძალულია კოცონის დანთება მოზარდ წიწვოვან ტყეში. ასევე ცეცხლი არ უნდა დაანთოთ ძველ ნახანძრალ ადილებში ან ტყის დაზიანებულ უბნებში. არაა რეკომენდირებული ცეცხლის დასანთებად ტორფიანი ან გამხმარბალახიანი ადგილები.

ასეთ დროს მაღალია შანსი ცეცხლი ბალახს მოედოს და მთელ ტყეში გავრცელდეს.

თუ ბუნებაში პიკნიკისას კოცონის დანთებას გადაწყვეტთ, სპეციალისტთა რეკომენდაციაა, რომ შეარჩიოთ ღია ფართობი, გაწმინდოთ ეს ტერიტორია ბალახისგან, ფიჩხისგან და სხვა ადვილად აალებადი მასალებისგან.

ხოლო პიკნიკის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ ცეცხლი ჩააქრეთ.

ტყეში აკრძალულია ჩაუქრობელი ასანთის ღერის, სიგარეტის ნამწვავისა და სხვა აალებადი საგნების გადაგდება.

ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირდება.

კერძოდ, თუ პირი ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევით დაანთებს ცეცხლს, 300 ლარით დაჯარიმდება. ხოლო თუ ამ ქმედებას ტყეში ხანძრის გაჩენა მოჰყვება პირი 500 ლარით დაჯარიმდება. ჯარიმას ემატება გარემოზე მიყენებული ზიანის თანხაც.

თუ პირი თავისი დაუდევრობით ტყეში ხანძარს გააჩენს, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებული სტატისტიკით, 2023 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში 17 ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადად ჯამურად 98 ჰექტარის ფართობის ტყე დაიწვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.