7 ივლისს ბათუმში გაიმართა საჯარო დისკუსია „ევროპული მომავალი და საზოგადოება“, რომლის ორგანიზატორიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (აჭარის რეგიონალური ჰაბი) იყო.
შეხვედრის პირველ ნაწილში ფილოლოგმა მაია ახალაიამ საბჭოთა იდენტობის და მის ჩამოყალიბებაში ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა კი – პროპაგანდისტულ მესიჯებზე დასავლეთის წინააღმდეგ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო.
„პოლიტიკა ისედაც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას. როგორი იქნება გზა ჩვენი შვილების, ჩვენი ცხოვრება – ყველაფერი პოლიტიკაა. მარტო პარლამენტის კანონები არ არის პოლიტიკა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვის ავირჩევთ და ვინ გადაწყვეტს ჩვენს ბედს.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები ერთმანეთს ვხვდებოდეთ, ერთმანეთს ვამყარებდეთ არგუმენტებში და შეგვეძლოს ვაჩვენოთ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და დროა ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს სიმართლემ”, – უთხრა „ბათუმელებს“ ქეთი დევდარიანმა.
ქეთი დევდარიანმა შეხვედრაზე საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ყველაფერი იწყება ინტერესით და ჩვენი გადარჩენაც ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს შეუძლია.
„მინდა გესაუბროთ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რომელიც ახალ ძალებს იკრებს ჩვენს ქვეყანაში. მთავარი პროპაგანდისტული მესიჯი, რომელსაც ჩვენც ვიმეორებთ ხოლმე ჩვენდა უნებურად, ეს არის ტოლობის ნიშნის დასმა ორ მოცემულობას შორის, რომელიც სინამდვილეში ტოლი არ არის. ბოლო რა გვახსოვს [რუსულ კანონზე], რომ „ამერიკაშიც არის ასეთი კანონი“ და „წაიკითხეთ კანონი“, „რა არის გამჭვირვალობაში ცუდი“ და ა.შ.
ჯერ ერთი, დემოკრატიაში ყველაფერი მუშაობს სხვანაირად, ავტოკრატიაში – სხვანაირად და ტოტალიტარიზმში – კიდევ სხვანაირად. ჩვენ ვართ გარდამავალ პერიოდში, სადაც ჯერ კიდევ შეგვიძლია თუნდაც ასე შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ ამის პერსპექტივა და საშუალებები სულ უფრო და უფრო სათუო ხდება, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ შეიძლება დაემართოს ცუდი და არ შეიძლება დაბრუნდეს უკან…
ნებისმიერი სინათლე შეიძლება დაბრუნდეს უკან წყვდიადში და ის, რაც ჩვენ გვგონია პროგრესის, კაცობრიობისა და ცივილიზაციის მონაპოვარი, ანტიცივილიზაციასთან შეჯახებისას შეიძლება დაბრუნდეს უკან, თუმცა ამის თქმაც აღმოჩნდა პრობლემატური, იმიტომ, რომ რუსეთის ქცევაში ჩანს, რომ მთავარი, რაც უნდა დანერგონ ადამიანებში და მე თვითონაც გამახსენდა რამდენჯერ მითქვამს – „არაფერი გვეშველება“.
ეს არის ნიჰილიზმის, სკეფსისის, გამოუვალობის განცდის და აპოკალიფსის შეგრძნების დანერგვა. მართლა აპოკალიფსი გველოდება, თუ დავბრუნდით რუსეთის წიაღში, მაგრამ თან ამის გამეორება მათვე უწყობს ხელს, იმიტომ, რომ გამოუვალობის განცდა გართმევს ენერგიას რაღაცას ებრძოლო, ამიტომ აი, ამ კოგნიტური დისონანსის გაჩენაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს დაეკარგოთ ყველანაირი იმედი, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ, ცივილიზაცია მოუგებს ომს ანტიცივილიზაციას…
ის დებულება, რომ „ომი დასავლეთს აწყობს”, ყველაზე მცდარია, რისი გავრცელებაც შეძლეს და კითხვა ჩნდება, რატომ გამოსდით მათ ასეთი რაღაცების გავრცელება. ეს არის შიშების მომსახურება, რომელიც ასევე წერია მათ პროგრამაში, რომ რუსული პროპაგანდა უნდა მოემსახუროს სხვა ადამიანებში შიშების კულტივირებას.
ჩვენ ხომ ომის გვეშინია ძალიან. ეს ფაქტია, იმიტომ რომ ომი გადატანილი გვაქვს და თან რუსეთი ომს არ იკადრებსო, ვერავინ იტყვის, ხომ?!
…ის გადაკეთებული და დამახინჯებული ფრაზა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ არ ნიშნავს, რომ იზოლირებულები უნდა ვიყოთ. აი, ამ ფრაზის გაიგივება იზოლაციასთან ასევე არის ერთ-ერთი რუსული მესიჯი, რომელსაც ასე აქტიურად იყენებენ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები. შენი თავი გეკუთვნის მხოლოდ მაშინ, როცა ხარ ძლიერი და ძლიერი ხარ მაშინ, როცა ძლიერ სოციუმში ხარ, ძლიერი მეგობრები გყავს და შენ თვითონ თუ არ ხარ ეკონომიკურად ძლიერი [ახლა ოთხ თვეში ვერავინ ვერ გამდიდრდება და გაძლიერდება], გყავდეს ძლიერი მეგობრები”, – უთხრა მსმენელებს ქეთი დევდარიანმა.
მისი თქმით, გვავიწყდება მთავარი, რამაც გადაგვარჩინა 2008 წელს:
„ეს იყო დასავლეთის ხუთი პრეზიდენტი, რომელიც თბილისში იდგა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს არავინ არ დაბომბავს და რუსეთს რომ ეშინია ევროკავშირის და ნატოსი, ეს ჩანს იმით, რომ ფინეთიც მეზობელია, მაგრამ როგორც კი ნატოში შესვლა გამოაცხადა, დაივიწყა საერთოდ ფინეთთან კონფლიქტი.
… ჩვენ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რა შევთავაზოთ დასავლეთს, რომ თავის კლუბში მიგვიღოს. ამ ეტაპზე მხოლოდ შარი ვართ მისთვის, მაგრამ სულ ვამბობ, როგორც კი დასავლეთმა დაინახა, რომ ხალხი რუსულ კანონს აპროტესტებს, როგორი მხარდაჭერა გამოხატა, როგორი მეგობრული აქტი შემოგვთავაზა…”
მაია ახალიამ 20-30-იანი წლების ლიტერატურაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ „ევროპეიზმი“ ილიას მოფიქრებული ტერმინია:
„მაშინ ასეთი ფორმულირება – „ევროპასთან ინტეგრაცია“ არ გვხდებოდა, მაგრამ „ევროპეიზმია“ იგივე, რაც „ევროპასთან ინტეგრაცია“. საქართველოს დამოუკიდებლობა და „ევროპეიზმი“, თუ გადავხედავთ პრესას, მიჰყვება ერთმანეთს და მაშინაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, გააზრებული აქვს, რომ ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს”.
ბათუმში მსმენელებს შორის იყვნენ აბიტურიენტები, ახალგაზრდა აქტივისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.
„ყოველთვის საინტერესოა სადისკუსიო ადგილები, სადაც ხდება განხილვა, ანალიზი, მსჯელობა, ინფორმაციის მიღება. ეს შეხვედრები საჭიროა და რაც უფრო მეტი შეხვედრა იქნება, მით უფრო მეტ ადამიანს ექნება დასწრების შესაძლებლობა”, – მსმენელთა რიგიდან გვითხრა ფსიქოლოგმა ირაკლი ცეცხლაძემ.
კიდევ ერთი მსმენელი, აქტივისტი ლარა ქარცივაძე ფიქრობს, რომ დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასეთი შეხვედრები აუცილებელია – „რომ საბოლოოდ გავიაზროთ, რეალურად რისკენ მიგვაქანებენ, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს იმან, რაც შეიძლება მოხდეს არჩევნების გაყალბების შემთხვევაში და როგორ ვიმოქმედოთ, როგორ დავარწმუნოთ ადამიანები, მოვიდნენ არჩევნებზე და მისცენ ოპოზიციას ხმა, რათა რუსეთს ჩამოვშორდეთ“.
„ასეთი შეხვედრები გვეხმარება მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ასევე, გვეხმარება არგუმენტების ჩამოყალიბებაში, თუ რატომ არ არის საქართველოს მომავალი რუსეთში… დისკუსიები გვეხმარება მოვისმინოთ სხვების აზრი, გავაზიაროთ ჩვენი და შევაჯეროთ”, -გვითხრა რამინ მაჭარაშვილმა, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დამფუძნებელმა და წევრმა.
___________________________________________________
სტატია მომზადებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).