გულვარდი გობაძე ხულოს სოფელ დიდაჭარიდან, მე-8 კლასში იყო, როცა ოჯახთან ერთად, 1951 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთში გაასახლეს.
ქალი რამდენიმე დღის წინ გახდა 90 წლის, მაგრამ წლებმა ტკივილიან მოგონებებს ვერაფერი დააკლო. ინტერვიუს დასაწყისშივე მითხრა – ამ 90 წლის განმავლობაში რაც გადამხდა, ვნახე, ვიწვალე თუ ვეწამე, ყველაფერი 10 თითივით მახსოვს, შემეკითხე რაც გინდაო.
ამბობს, გადასახლების გახსენება ხალხში არ მინდა – მარტო რომ ვარ, მაშინ ვიხსენებ და მაშინ ვტირიო:
„ამის გახსენება ყოველთვის არ შეიძლება. ვიწვი, ტანში ცეცხლი მეკიდება. ჩემი დედ-მამის კვნესა, ტირილი, შიმშილი, ვაება. რა დამავიწყებს? ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი მახსოვს. მარა საჭირო ყოფილა, როცა მოხუცდები და მეხსიერებას კარგავ.
ორი ძმა და ოთხი და მიწაში ჩავდე. რომ იცოცხლებ, უნდა გიხაროდეს ქვეყანა, ხომ ასე? წყალს დავლევ მამა მახსენდება, მაწონს შევჭამ – და, გამაყუჩებელს დავლევ – დედა მახსენდება. არ მერგება!
ჩემი ბავშვობა ძალიან აუტანელი იყო. 12 წლიდან დღემდე ერთი წუთი არ გავჩერებულვარ. სულ ჯაფაში, სულ შრომაში, სულ ტვირთებში გავატარე ჩემი ცხოვრება.
თავიდან ჩვენც თუ ვიყავით გადასახლების სიაში არ ვიცოდით. როგორ წაგვიყვანეს იცით? სახლში არავის არ ვუშვებდით, მაგრამ მაინც შემოვიდნენ და აკრიფეს საწოლები, რომლებშიც ვიწექით. დედაჩემს გული წაუვიდა. მამა დედაჩემს ასულიერებდა. მთელმა სოფელმა ზუზუნით, ტირილით გაგვაცილა.
10-15 ქათამი გვყავდა. დაკლეს და თივის გოდრებში გასაწმენდი ქათმები ჩაყარეს. ჩაყარეს დასაფშვნელი სიმინდიც“, – გვიყვება გულვარდი, რომლის უფროს დებს გადასახლება არ შეხებია – დაქორწინებულები იყვნენ, უფროსი ძმა კი ჯარში იყო, ამიტომ ისიც გადაურჩა გადასახლებას. ყაზახეთის გზას გაუყენეს მშობლები, თავად გულვარდი, მასზე უფროსი და და პატარა ძმა.
„ჩვენისთანა შვიდი კომლი იყო [გასახლების] სიაში სოფლიდან. ჩემი დები გულწასულები გორავდნენ თოვლზე. ისინი დავტოვეთ. ჩემს სკოლასაც ჩავუარეთ და დავტოვეთ. ფრიადოსანი ვიყავი, მხოლოდ სწავლა მინდოდა.
ყველაფერი, რაც გზად მიგვქონდა, მახუნცეთის ხრამში დაგვრჩა – მახუნცეთში გადავარდა ჩვენი მანქანა, გადავიჩეხეთ. ოჯახის ოთხი წევრი დიდი მანქანის ქვეშ მოვყევით. დავშავდით. მხოლოდ ჩემი 12 წლის ძმა არ დაშავდა. მან მოასწრო გადავარდნისას მანქანიდან გადახტომა.
მახუნცეთის საავადმყოფოში მიგვიყვანეს, ჩაგვსვეს გიფსებში, დაგვაწვინეს საკაცეებზე და ასე ჩაგვიყვანეს ბათუმში. ბათუმიდან საქონლის ეშელონში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს ყაზახისტანში. გრძნობაზე არ იყვნენ ჩემი ავადმყოფები.
ჩვენს ვაგონში მოხვდა მემედ პაპუნაიშვილი და მისი ცოლი მერიკო ხახუტაიშვილი ქობულეთიდან. მერიკო ექთანი იყო. ისინი გვასმევდნენ, გვაჭმევდნენ და გვპატრონობდნენ.
ჩაგვიყვანეს ყაზახისტანში. შეგვიყვანეს ერთ მიწურ ქოხში და საკაცეებით დაგვაწყვეს მიწაზე. სალდათებმა მოგვცეს კალბასი, პური და მოგვიხურეს კარები. წამოვიდნენ, დაგვტოვეს. დავრჩით უპატრონოდ.
არაფერი არ გვქონდა. არც ავეჯი, არც ჭურჭელი, არც საჭმელი, საერთოდ არაფერი. ყველაფერი მახუნცეთის ხრამში დაგვრჩა. ჩემი ძმა ტიროდა, დადიოდა, რა ექნა აღარ იცოდა. ბოლოს კარი გააღო და მოშორებით პატარა ქოხი გამოჩნდა. მივიდა და კარზე დააკაკუნა. ჩვენი ქოხიდან ვუყურებდი მე. მოხუცი ქალი იყო, რომელსაც ჩემმა ძმამ ანიშნა – წყალი მინდა. შავი ვედროთი მღვრიე წყალი მისცა. ცოტ-ცოტას ამ წყალს გვასხამდა პირში ჩემი ძმა. ასე გადავიტანეთ ის ღამე.
დილა რომ გათენდა და მზე ამოვიდა იმით მივხვდი, რომ პატარა ფანჯარა იყო ამ ქოხზე გამოჭრილი, საიდანაც მზის სხივი ჩამოვიდა. ჩემს ძმას დავეყრდენი და გარეთ გავიხედე. დავინახე დიდი მინდვრები, ხალხი, ცხენები, ვირები, ცხვრები. დიდხანს ვუყურე, ვუყურე და ბოლოს ერთი გოგო გამოჩნდა. ლამაზი, იმ ხალხში გამორჩეული, დიდ ძროხას მიდენიდა. გავყავი ხელი და დავუქნიე, დავუძახე.
მოვიდა და წამოგვიხედა იმ გოგომ – გვიყურა, გვიყურა. ჩემი ვერაფერი ვერ გაიგო. გაიქცა და ხნიერი კაცი, მამამისი მოიყვანა. ამ კაცმა დაგვიარა და ყველას მოგვეფერა. ვერც მას გავაგებინეთ ვერაფერი. მოგვიტანა მაწონი, რძე, საჭმელი, ყველაფერი. გვაჭამა. კიდევ მახსოვს ის ხმა – დადგა ჩვენ კარებთან და რაული, რიქათიო დაიძახა. ვხედავდი, ტრაქტორებიდან როგორ გადმოხტნენ ბიჭები და ჩვენკენ გამოიქცნენ. შემდეგ რა უთხრა იმათ არ ვიცი.
ბიჭებმა ბენზინის კასრი მოაგორეს, სასწრაფოდ ამოჭრეს თავი, მინდორში აკრეფილი ნეხვი ჩაყარეს, ჩვენს მიწურში დაგვიდგეს. ასე გაგვათბეს“, – გაიხსენა გულვარდიმ და დაამატა, რომ ყოველი დღე, რომელიც გადასახლებაში გაატარა მისთვის „საშინელი მოსაგონია“.

გულვარდი, მასთან ერთად გადასახლებული ოჯახის წევრები და მემედ პაპუნაიშვილი.
„ჩვენ რომ ავად ვიყავით, ვის უნდა ემუშავა. საჭმელი არა, წყალი არა. იცი როგორი წყალი გვქონდა?გადავხარშავდით და იმას ვსვამდით.
აქედან რომ არ გამოეგზავნათ ჩემს დებს შაქარი და საჭმელი, იქ ვის უნდა მოეცა ჩვენთვის? არავის. ის იყო რომ კომენდატურაში აღწერაზე ვიყავით, ხანდახან მოგვაკითხავდნენ, როგორ ხართო.
დედაჩემს შარდის ბუშტი გახეთქილი ჰქონდა, პრობლემები თირკმელაზე და მაგის მორჩენა ხომ აღარ შეიძლებოდა. მაშინ ყოფილიყო გამაყუჩებელი და იმხელა წივილ-კივილი არ ჰქონოდა დედაჩემს. ისე გაატარა ის წლები, მოშარდვა რომ მოუნდებოდა ასწევდა მისი კივილის ხმა არემარეს.
მამაჩემს ნეკნები ჩატეხილი ჰქონდა, მაგრამ იმდენზე მორჩა, რომ ადგა და გაიარ-გამოიარა. ჩემი და ვეღარ ადგა ლოგინიდან, მხარი და ბარძაყი ჰქონდა ჩამტვრეული. სულ იწვა, ლოგინად იყო. როცა გაგვათავისუფლეს, 17 წლის იყო ჩემი და და მითხრა: მე ვიცი აღარ მოვრჩები, დიდაჭარის წყალს ვეღარ დავლევ, დიდაჭარის მაწონს ვეღარ შევჭამ, დიდაჭარის შუამთობაზე ვეღარ წავალ, მწვანე ტბას ვეღარ ვნახავო“, – გაბზარული ხმით ჰყვება 90 წლის გულვარდი.
ოჯახი გადასახლებიდან 1955 წელს დაბრუნდა.
„ყველაფერი ძალიან მარტივად შევკარით და წამოვედით. უკანა გზაზე საქონლის მატარებელში არ ვიყავით. იქეთ-აქეთ იწვნენ ჩემი დედ-მამა იატაკზე და შუაში ჩემი და საკაცით. ქალაქ ტუაფსეში რომ ჩამოვედით, ჩემმა დამ მაწონი მინდაო. გამახსენდა ხიხაძირელი კაცი, იქ ფერმაში მუშაობდა და შესაძლებელი იყო მაწონი ჰქონოდათ. გაჩერდა მატარებელი, ჩემი ძმა მივიდა და ჭიქით მაწონი მოიტანა. შესცინა ჩემმა დამ. ერთი ლუკმა რომ შევაჭამე, წამომაყენეო მითხრა. წამოვაყენე. ჩემით მინდა შევჭამოო. ერთი კოვზი შეჭამა და მეორეზე გადაუვარდა კოვზი. გასწორდა. მოკვდა.
შეგვეშინდა, რომ არ დაენახათ მკვდარი და არ წაერთმიათ. ეგრევე წაგართმევდნენ. წავახურეთ საბანი და ასე დავმალეთ“.
როცა საქართველოში შემოვიდა მატარებელი, გულვარდიმ მოახერხა ექთნის დახმარებით ერთ-ერთი უფროსი დისთვის დაერეკა და სამშობლოში მომავალი, გზად გარდაცვლილი დის ამბავი შეეტყობინებინა. ბათუმში ჩამოსულ გობაძეების ოჯახს უამრავი ნათესავი თუ მეზობელი დახვდა.
„ამოვედით დიდაჭარაში. მთელი სოფელი ასასვლელში შეკრებილიყო. ისე, როგორც გასახლების დღეს. სახლში რომ მიგვიყვანეს, გამოცარიელებული კედლები დაგხვდა. ჩემი და დავასაფლავეთ და 4 თვის შემდეგ დედაჩემი მოკვდა.
ჯარში რომ მყავდა იმ ძმამ არც დის და არც დედის სიკვდილი არ იცოდა. ჯარიდან რომ გათავისუფლეს და მოდიოდა, ხულოში დახვდა ხალხი, ნათესავები. მე ის დღე არ დამავიწყდება. ეზოში რომ მოვიდა, სასწრაფოდ სახლში შემოვარდა ავადმყოფი დედის და დის სანახავად. შემოვიდა, მიიხედ-მოიხედა რომ აღარ არიან. დაჯდა და იბღავლა. ასწია მთელი სოფელი“, – მომიყვა გულვარდი და მკითხა: „რამდენი ვიწვალე ბებო, მხედავ? აგერ კიდევ დამჯდარი და გელაპარაკები“.
გულვარდისთვის ბედნიერი დღეები არც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დამდგარა. მამაჩემი არასდროს მეძახდა გულვარდს, ან ჩემს მეორე სახელს – სურიესო. „მეუბნებოდა, ჩემი სულეიმანი ხარო. ყველგან მე ვახლდით. ტყეში ხერხის გამწევიც მე ვიყავი მისთვის და სახლში საჭმლის გამკეთებელიც. ჩემი ძმები ჯარში რომ იყვნენ, ზამთარში ბოტებს ჩავიცვამდი და მამაჩემთან ერთად ვყრიდი სახურავიდან თოვლს”.
გულვარდი გადასახლებამდე იყო დანიშნული თავის მომავალ მეუღლეზე. იხსენებს, ჩემს ქმარზე მხოლოდ მას შემდეგ ვიქორწინე, რაც ჩემს ძმებს ცხოვრება მოვუწყვეო. „მაშინ სიყვარული არ იყო, მაგრამ რომ არ მნდომოდა არ გავყვებოდი. ლამაზი ქმარი მყავდა. მე მჯობდა. რატომ არ მაჯობებდა, მე რა აღარ გამოვიარე“.
გულვარდი მეოთხე კლასიდან მოყოლებული კერავდა. ამბობს, სოფელში ისეთი ქორწილი არ ყოფილა, დედოფლის კაბა, სიძისთვის კი შარვალ-კოსტუმი მას რომ არ შეეკერა. გულვარდი კერავდა პატარძლის მზითვის ნივთებსაც. „ჩემი საპატარძლო კაბაც მე შევკერე. მახსოვს როგორიც იყო, „მოზბორვილი“. ზამთარში მქონდა ქორწილი, დიდი თოვლი იყო, მაგრამ ჩემი ნათესავები მაინც მოვიდნენ სხვადასხვა სოფლიდან. მაფასებდნენ“.
ქალის თქმით, ძალიან ენატრება სოფელი: „ბოლო ორი წელია არ ვყოფილვარ. იქამდე ყველა წამოვიდოდა და მე ვრჩებოდი დაზამთრებამდე. მინდა ავიდე. საფლავები მენატრება. მინდა, ბოლოჯერ ვნახო.
ყველაფერი რომ მახსოვს და ხელი აღარ მომდევს, ფეხი აღარ მომდევს, სული აღარ მისვენებს ტანში. ვერ ვუძლებ. მოძრაობა მინდა. რაღაც გავაკეთო, ვინმეს რამეში ვარგო მინდა“.
გულვარდის თქმით, საკუთარი თავის ექიმი თავადაა. „ჩემი მუცელი და კუჭი რასაც აიტანს, იმდენს ვჭამ. თუ ვხვდები, რომ მუცელმა არ უნდა აიტანოს სულ არ ვჭამ. რაც ჯანმრთელობას და ორგანიზმს გამოადგება, მინდა თუ არ მინდა იმას შევჭამ. ექვსი საათის შემდეგ სული მძვრებოდეს არაფერს არ შევჭამ”.
გულვარდ გობაძე ავტორია ლექსების კრებულის „ჩემ მიერ განცდილი”. „ყაზახისტანში წერილის წერას რომ დავიწყებდი ლექსზე გადავდიოდი. სკოლაში რვა მარტზე რომ გამოგვიყვანდნენ ლექსების საწერად, მე თვითონ დავწერდი და ჩემს ლექსს ვიტყოდი”.