ხულო-გოდერძის გზაზე ასფალტს აგებს კომპანია, რომელმაც 80 მილიონიანი ტენდერი მოიგო. ეს თანხა 2027 წლის ჩათვლით უნდა მოხმარებოდა გზების შეკეთებას, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეცვალა და 80 მილიონი მთლიანად 2024 წელში გადმოიტანა. შესაბამისად, ამ რეგიონებში 2025-27 წლებში საგზაო სამუშაოები ამ ტენდერი ფარგლებში აღარ ჩატარდება. კომპანიას 16 მილიონი ლარი ავანსად უკვე გადაურიცხეს. გზაზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ.
ხულო-გოდერძის გზაზე ჩინურ კომპანიასთან შეწყვეტილი ტენდერის შემდეგ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს სამუშაოების დასასრულებლად ცალკე ტენდერი აღარ გამოუცხადებია – სამუშაოების დასრულება სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს დაავალა. სპეციალისტის შეფასებით, დეპარტამენტის გადაწყვეტილებები არაერთ კითხვას აჩენს – როგორც ბიუჯეტის ფულის გამჭვირვალედ და ეფექტურად ხარჯვის, ასევე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კუთხით.
ბათუმი-ახალციხის გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ასფალტის დაგება დაწყებულია, თუმცა დეპარტამენტში არ ამბობენ, კონკრეტულად როდის დასრულდება სამუშაოები. ზუსტ თარიღს ვერც გზაზე მომუშავე კომპანიები ასახელებენ.
„მიმდინარე წელს დაგეგმილია გზის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის სამუშაოების სრულად დამთავრება“, – აცხადებენ დეპარტამენტში. ანალოგიური ინფორმაცია დეპარტამენტმა მიმდინარე წლის დასაწყისშიც გააჟღერა.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როგორ აპირებს წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობა ხულო-გოდერძის გზის 26-კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე სამუშაოების ტენდერის გარეშე დასრულებას. 6 წლის წინ დაწყებული ხულო-ზარზმის გზის სრული რეკონსტრუქცია სულ ცოტა 2020 წელს მაინც უნდა დამთავრებულიყო. გზაზე სამუშაოები უმეტეს შემთხვევაში შეჩერებული იყო, დეპარტამენტმა კი ხელშეკრულებები სხვადასხვა დროს ორ მშენებელ კომპანიასთან შეწყვიტა.
ბოლოს ხელშეკრულება 2024 წლის თებერვალში შეწყდა ჩინურ კომპანია „სინოჰიდროსთან“, რომელმაც, დეპარტამენტის განცხადებით, ხულო-ზარზმის გზის მეორე – გოდერძი-ზარზმის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია დაასრულა. დარჩა ხულო-გოდერძის მონაკვეთი, სადაც „სინოჰიდროს“ მიერ შეუსრულებელი სამუშაოების დამთავრებაზე დეპარტამენტს, როგორც აღვნიშნეთ, ცალკე ტენდერი აღარ გამოუცხადებია.
ხულო-გოდერძის გზაზე ასფალტის საფარის დაგება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 12 ივნისს დააანონსა.
მაშინ „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტში არ უთხრეს, რომელი კომპანია და რა ხელშეკრულების ფარგლებში გეგმავდა ამ გზაზე ასფალტის დაგებას. ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური განცხადება მოგვთხოვეს წერილობით.
კომპანიის დასახელებასთან ერთად დეპარტამენტიდან იმ თანხის ოდენობაც გამოვითხოვეთ, რაც ამ გზის დასასრულებლად [ასფალტის დასაგებად] იყო გათვალისწინებული.
დეპარტამენტმა გზაზე მომუშავე კომპანიების დასახელებები მოგვწერა, თუმცა რა თანხაა გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად – არა.
დეპარტამენტის პასუხიდან ირკვევა, რომ ხულო-გოდერძის გზის რეკონსტრუქციაზე სამუშაოების დასრულება იმ კომპანიებს დაავალეს, რომლებსაც სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში მხოლოდ არსებული გზების შეკეთება და სხვადასხვა საგზაო სამუშაოების ჩატარება ევალებ[ოდ]ათ.
რომელი კომპანია [სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი] იმუშავებს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებაზე და რა თანხაზეა გაფორმებული ხელშეკრულება? – ეს იყო კითხვა, რომელზეც 2024 წლის 28 ივნისს დეპარტამენტიდან ასეთი პასუხი მივიღეთ:
„გაცნობებთ, რომ ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2022-2024 წლებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოებზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, ცალკეულ სამუშაოებზე გაცემული დავალებების საფუძველზე, ახორციელებენ შემდეგი კომპანიები: შპს „არალი“; შპს „New Road“ და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“.
შპს „არალი“
აღსანიშნავია, რომ კომპანია „არალს“ იმ ტენდერების ფარგლებში, რაც დეპარტამენტმა მიგვითითა, ხულო-გოდერძის გზაზე ასფალტის დაგება არ ევალება. „არალი“ ამ გზაზე დამეწყრილი ადგილების გამაგრებაზე მუშაობს. ამ სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა კი ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის დროს დადგა დღის წესრიგში და ცალკე ტენდერი იყო გამოცხადებული, რომელშიც მხოლოდ „არალი“ მონაწილეობდა.
ხულო-გოდერძის მონაკვეთზე დამეწყრილი ფერდების აღდგენაზე „არალთან“ ხელშეკრულება 15 204 999 ლარზეა გაფორმებული და სამუშაოები, შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, 2024 წლის მაისში უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. გზების დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ „წელს დაგეგმილია მეწყრული მონაკვეთების ძირითადი ნაწილის დასრულება“.
პორტალის მიხედვით, „არალზე“ 2024 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით 4 614 656 ლარია გადახდილი [სახელშეკრულებო თანხის 30%].
„არალთან“ დაკავშირებით დეპარტამენტმა მეორე ტენდერზეც მიგვითითა, რომელიც „სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე“ იყო გამოცხადებული. ხელშეკრულება კომპანიასთან 30 მილიონ ლარზე 2022 წლის ივლისშია გაფორმებული და ის 2024 წლის ოქტომბრამდეა ძალაში.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „არალს“, საიდანაც მოგვწერეს, რომ არცერთი ამ ტენდერის ფარგლებში გზაზე ასფალტს არ აგებენ: პირველი ტენდერის ფარგლებში „ჩვენ ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ფერდების აღდგენით სამუშაოებს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე დადებული ხელშეკრულების ფარგლებში კი ხულოს მიმართულებით არ დაგებულა ასფალტი“.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, 30-მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში, „არალზე“ 11 480 162 ლარია გადარიცხული.
ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 17-ჯერ შეიტანეს, ერთ-ერთი ბოლო, 2024 წლის 21 ივნისის ცვლილებით კი, სამცხე-ჯავახეთის მხარეს გოდერძი-ზარზმის მონაკვეთი დაემატა დამეწყრილი ადგილების აღდგენაზე:
„შევიდეს ცვლილება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2022 წლის 1-ელ ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში [სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოები] და ხელშეკრულებას დაემატოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა] – ახალციხის საავტომობილო გზის 1. კმ124+231-კმ124+276; 2. კმ125+800 – კმ126+000; 3. კმ127+700 – კმ128+350 მონაკვეთებზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილი ფერდების პერიოდული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი №1.“
აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მეწყრის შედეგად ჩამოშლილი ფერდების სარეაბილიტაციოდ 9,2 მილიონი ლარია გაწერილი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება კი, გზების დეპარტამენტის მხრიდან „დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახურს ან მის უფლებამონაცვლეს“ დაევალა.
შპს New Road
შპს New Road-თანაც გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერში აქვს გაფორმებული. კომპანიას „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოები“ ევალება და ხელშეკრულება 2025 წლის მარტამდეა ძალაში.
ტენდერი პრეისკურანტით იყო გამოცხადებული, ანუ კომპანიას სახელშეკრულებო თანხიდან გადაუხდიან იმდენს, რა ღირებულების სამუშაოებსაც შეასრულებს. სახელშეკრულებო თანხა კი, 80 მილიონი ლარია, საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით კომპანიაზე 29 560 478 ლარია გადახდილი.
ხელშეკრულების მიხედვით, ეს თანხა შემდეგნაირად იყო გაწერილი: 2022 წელს – 1 მილიონი ლარი, 2023 წელს – 44 მილიონი ლარი, ხოლო 2024 წელს – 35 მილიონი ლარი.
ხელშეკრულებაში 2024 წლის 18 იანვარს შეიტანეს ცვლილება და 80 მილიონი ასე გაწერეს: 2022 წელს – 0 ლარი, 2023 წელს – 5 095 690 ლარი და 2024 წელს – 74 904 309 ლარი.
სწორედ ამ ტენდერის ფარგლებში დაავალეს კომპანიას ხულო-გოდერძის გზაზე მუშაობა.
„ჩინელებს [კომპანია სინოჰიდროს“] რაც ჰქონდათ გასაკეთებელი და ვერ გააკეთეს, იმას ვაკეთებთ ახლა ჩვენ – ხელოვნური ნაგებობებიც არის და სავალი ნაწილიც. ხულო-გოდერძის გზაზე მხოლოდ ჩვენ არ ვმუშაობთ. ჯერ მხოლოდ პირველ 5 კილომეტრზე დაიგო ასფალტი. დანარჩენი სამუშაოები გრძელდება. მუშა პროცესია“, – გვითხრეს 2024 წლის პირველ ივლისს კომპანია New Road-ში.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში გზების დეპარტამენტმა New Road-ს 2023 წელს ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე დიდაჭარის კაშხალთან დამეწყრილი ადგილის რეაბილიტაციაც დაავალა. თუმცა, იგივე კომპანიას არ დაავალა ხულო-გოდერძის გზაზე დამეწყრილი ადგილების გამაგრება, რაზედაც დეპარტამენტმა ცალკე ტენდერი გამოაცხადა 2023 წლის ივნისში. ამ ტენდერში კი, იმავე წლის აგვისტოში გამარჯვებულად როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „არალი“ გამოავლინეს.
დეპარტამენტს, როგორც ახლა დაავალა კომპანიებს ხულო-გოდერძის გზის მოასფალტება, ასევე შეეძლო „New Road“-ისთვის დაევალებინა იმავე გზაზე დამეწყრილი ადგილების გამაგრება, თუმცა ეს შარშან არ გაუკეთებია. არადა „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში საგზაო სამუშაოებზე“ გაფორმებული ხელშეკრულება ამის საშუალებას იძლეოდა, ვინაიდან ცალკე ტენდერის გამოცხადების დროისთვის, ამ ხელშეკრულებით დეპარტამენტს 44 მილიონი ლარის სამუშაოების დავალების მიცემა შეეძლო „New Road“-ისთვის, თან მინიმუმ 2-3 თვეს მოიგებდა, რაც სატენდერო პროცედურებს დასჭირდა.
შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“
„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე“ გამოცხადებულ ტენდერში გზების დეპარტამენტმა გამარჯვებულად სწორედ „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გამოავლინა – ხელშეკრულება მასთანაც 80 მილიონ ლარზე გააფორმა 2024 წლის 27 მაისს.
ეს ტენდერიც პრეისკურანტით იყო გამოცხადებული და ხელშეკრულებაში ეწერა, რომ „ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 80 მილიონ ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, მათ შორის 2024 წელს – 25 მილიონ ლარს, 2025 წელს – 30 მილიონ ლარს, 2026 წელს – 20 მილიონ ლარს, 2027 წელს – 5 მილიონ ლარს.“
ხელშეკრულების დადებიდან მეექვსე დღეს მასში შეიტანეს ცვლილება და ღირებულება მთლიანად 2024 წელში გადმოიტანეს. „ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 80 მილიონ ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, მათ შორის, 2024 წელს – 80 მილიონ ლარს, 2025 წელს – 0 ლარს, 2026 წელს – 0 ლარს, 2027 წელს – 0 ლარს.“. – ჩაწერეს ხელშეკრულებაში.
მიუხედავად ასეთი ჩანაწერისა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა უცვლელი დატოვეს და ის 2027 წლის სექტემბრამდე რჩება ძალაში.
შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, ამ ცვლილებიდან მეორე დღეს [2024 წლის 4 ივნისს] „კავკასუს როუდ პროჯექტს“ ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარი გადაურიცხეს ავანსად.
ხელშეკრულებაში ასევე ჩაამატეს, რომ შესრულებული სამუშაოების ტექნიკური მონიტორინგი და ვადების დაცვის კონტროლი ევალება გზების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს: მათ შორის „დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურს ან მის უფლებამონაცვლეს ან/და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახურს ან მის უფლებამონაცვლეს“.
„თქვენს მიერ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში გზების დეპარტამენტიდან მიღებული დავალების საფუძველზე ხულო-გოდერძის გზაზე უნდა შევასრულოთ ასფალტის მოწყობის [დაახლოებით 2,5კმ], საყრდენი კედლების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები. ამ ეტაპზე მიღებული დავალების საფუძველზე განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადაა 2024 წლის ბოლო“, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ „კავკასუს როუდ პროჯექტიდან“ 2024 წლის პირველ ივლისს.
კომპანიიდან ასევე მოგვწერეს, რომ „ხულო-გოდერძის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მუშაობს რამდენიმე კომპანია… რაც შეეხება სატენდერო ღირებულების 2024 წელში ათვისების საკითხს გაცნობებთ, რომ დავალება მიღებული გვაქვს ტენდერით განსაზღვრულ სხვა რეგიონებშიც. აჭარის რეგიონში მხოლოდ ხულო-გოდერძის გზაზე გვაქვს დავალება.“
კონკრეტულად რომელ გზებზე აქვთ მიღებული დავალებები სხვა რეგიონებში, ამ კითხვაზე პასუხი კომპანიისთვის ამ დროისთვის ვერ მივიღეთ.
„ძალიან ბუნდოვანია“ – სპეციალისტის შეფასება
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით შემსყიდველს აქვს უფლება განსაზღვროს სხვადასხვა რეგიონში ჩასატარებელი სამუშაოები ერთი ტენდერის და ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, თუმცა უმჯობესია წინასწარ ნათელი და გამჭვირვალე იყოს პირობები. თავიდანვე უნდა განისაზღვროს კონკრეტული ლოკაციები, თუ სად შეიძლება ჩატარდეს სამუშაოები, რადგან სხვა კომპანიებსაც ჰქონდეთ დაინტერესების და ტენდერში მონაწილეობის სურვილი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გოჩა მჟავანაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი ანალიტიკოსი.
„ამ შემთხვევაში, როცა გზების დეპარტამენტმა განსაზღვრა სამი რეგიონი – აჭარა, გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთი, შეიძლება არსებობდეს ისეთი კომპანია, რომელიც მაგალითად არ მუშაობს დავუშვათ სამეგრელო-ზემო სვანეთში. ამიტომ ამ კომპანიისთვის ეს შესაძლოა ყოფილიყო დამაბრკოლებელი ფაქტორი და მისი ინტერესის გაქარწყლების მიზეზი – თუ კომპანია არ მუშაობს სხვა რეგიონში და მუშაობს მხოლოდ აჭარაში, ამ ტენდერით არ დაინტერესდებოდა. მაგრამ თუ თავიდანვე ეცოდინებოდა, რომ სამუშაოები მხოლოდ აჭარაში განხორციელდებოდა, ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით დაინტერესდებოდა და მიიღებდა მონაწილეობას“, – ამბობს გოჩა მჟავანაძე.
გოჩა მჟავანაძის თქმით, „ეტყობა თავიდანვე სამი რეგიონი განისაზღვრა, მაგრამ ნათელი იყო, რომ ერთ რეგიონში ჩატარდებოდა სამუშაოები. „ჯერ შესყიდვების პორტალიდან არ ჩანს, სად ტარდება სამუშაოები, მაგრამ ეტყობა ეს იყო მოცემულობა. აქეთკენ მიდის მთავარი აზრი, რადგან შემსყიდველმა დაგიდასტურათ, რომ აჭარაში ტარდება სამუშაოები“.
„ამიტომ უმჯობესია შემსყიდველმა ნებისმიერ შემთხვევაში თავიდანვე ნათლად, გამჭვირვალედ განსაზღვროს კონკრეტულად სად შესრულდება სამუშაო. დაინტერესებულმა პირებმაც უნდა იცოდნენ, სად იქნება თავიანთი ინტერესის სფერო – სად ექნება სამუშაოების შესრულების ვალდებულება მოგებულ ტენდერში. ეს გაზრდის დაინტერესებას, კონკურენციას, გამჭვირვალობას, დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს და ასევე გააუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს. შესაბამისად, უფრო სარგებლიანი იქნება.“
რაც შეეხება 4 წელზე გაწერილი 80 მილიონი ლარის ერთ წელში გადმოტანას, გოჩა მჟავანაძის შეფასებით, ეს ცვლილებაც ძალიან ბუნდოვანია.
„ეს ერთი შეხედვით არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, მაგრამ ამასთან დამატებით კითხვებსაც აჩენს. როცა 80 მილიონის სამუშაოების შესრულებას 4 წელიწადზე გეგმავ, პოტენციური მომწოდებელიც გეგმავს შესაბამისად, რომ მან 4 წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს ეს სამუშაოები და მერე უცებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სამუშაოების ვადას 4 წლიდან ამცირებ 1 წლამდე. ეს აჩენს კითხვით ნიშნებს. არაგანჭვრეტად და არათანაბარ პირობებზე მეტყველებს და ვფიქრობ ან დაგეგმვაშია პრობლემა, ან შეგნებულად კეთდება, რომ სხვა კომპანიებმა არ მიიღონ მონაწილეობა. ეს ყველაფერი კიდევ ბევრი კითხვითი ნიშნის შემცველია და უნდა გაეცეს პასუხი“, – ამბობს გოჩა მჟავანაძე.
რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას და სამუშაოების გაგრძელებას ცალკე ტენდერის გამოცხადების გარეშე, გოჩა მჟავანაძე ამბობს, რომ შემსყიდველს შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულება. კანონმდებლობა იმიტომ აძლევს შემსყიდველს საშუალებას შეწყვიტოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი ხელშეკრულება, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საფრთხე არ შეექმნას პროექტის განხორციელებას, მაგრამ შემდეგ ეს უნდა დაასაბუთო.
„ის, რომ ხელახალი ტენდერი არ გამოაცხადო, ესეც შესაძლებელია, რადგან იგივე ინტერესებიდან გამომდინარე ბიუროკრატიული და სატენდერო პროცედურები თავიდან აირიდო და დრო დაზოგო. თუმცა, შეგიძლია ეს ჩანაწერი გამოიყენო ბოროტადაც, სხვა მიზნებისთვის… როცა წლებით იწელება პროექტები, ამ შემთხვევაში დროზეა შესაწყვეტი ხელშეკრულება ან თავის დროზეა შესარჩევი ნორმალური კომპანია და ამდენი გადავადება არ უნდა იყოს საჭირო“, – ამბობს გოჩა მჟავანაძე.
ხულო-გოდერძის გზასთან დაკავშირებით „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე 2023 წლის ნოემბერშიც იყო ცნობილი. ამაზე პირველად აუდიტმა დაწერა. დეპარტამენტში კი მაშინ განაცხადეს, რომ სამუშაოები 2024 წელს აუცილებლად უნდა დასრულებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით და თან ხელახალი ტენდერის გამოცხადებას არ აპირებდნენ.
ვრცლად: ხულო-ზარზმის გზაზე მთავრობა კონტრაქტის შეწყვეტას გეგმავს – რას წერს აუდიტი
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით დეპარტამენტმა „ტოდინთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.
ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის [დაბა ხულოდან დიდაჭარის კაშხალთან მისვლამდე მონაკვეთში] რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 14,6 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული.
„სინოჰიდრო“ კი, გამარჯვებულად ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახალ ტენდერებში გამოავლინეს ორივე ლოტზე – დიდაჭარის კაშხლიდან ზარზმამდე მონაკვეთი.
ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანია „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტის შეწყვეტას საქართველოს მთავრობამ მხარი 2024 წლის 15 იანვარს დაუჭირა. ხელშეკრულება 2024 წლის 1-ელ თებერვალს შეწყდა.
ხულო-ზარზმის გზაზე სამუშაოები 2 ლოტად მიმდინარეობდა:
- პირველი [LOT 1]: ხულო-გოდერძის უღელტეხილი – სახელშეკრულებო ღირებულება იყო 57 177 829 ლარი. დაფინანსებული არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ;
- მეორე [LOT 2]: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
აქედან გამომდინარე დეპარტამენტიდან გვაინტერესებდა ასევე რა თანხა დაიხარჯა ჯამში ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე სამუშაოების დაწყებიდან დღემდე პერიოდში. დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯამში 71 მილიონია დახარჯული.
„ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სამუშაოების დაწყებიდან დღემდე, ორივე ლოტის ფარგლებში, დახარჯული თანხა ჯამში შეადგენს დაახლოებით 71 მილიონ ლარს“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან 2024 წლის 28 ივნისს.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „დეპარტამენტსა და კომპანია „სინოჰიდროს“ [Sinohydro Corporation Limited] შორის 2020 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, დეპარტამენტმა შეწყვიტა ცალმხრივად 2024 წლის 1-ელ თებერვალს და აამოქმედა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 5 717 782 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც თანხა ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.“
გზების დეპარტამენტისგან ვითხოვდით ასევე ინფორმაციას – სხვა რა ღონისძიებები გატარდა „სინოჰიდროსთან“ მიმართებით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, თუმცა დეპარტამენტიდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ „ყველა საჭირო პროცედურა“ ჩატარდა და ახლაც ტარდება:
„დამატებით გაცნობებთ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კომპანიის მიმართ განხორციელდა/ხორციელდება ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა.“
ამ თემაზე: