საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სახელმწიფოსთან სარფიანი გარიგება დადო. მან ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთი გაუცვალა.
დეპუტატმა სახელმწიფოს გადაუფორმა თავისი კუთვნილი 600 კვ.მეტრი მცხეთაში და სანაცვლოდ ასევე მცხეთაში, სამხედრო ქალაქში, მტკვრის სანაპიროზე 1050 კვ.მეტრი გაიფორმა.

მონიშნულია მიწის ნაკვეთი, რომელიც დიმიტრი ხუნდაძემ გაიფორმა გაცვლის შემდეგ
არც ქონებრივ დეკლარაციაში და არც საჯარო რეესტრის დოკუმენტებში არ ჩანს, ვინ იყო გაცვლის ინიციატორი, ქონების მართვის სააგენტო, თუ დეპუტატი. თუმცა, დგინდება ის, რომ დეპუტატმა მიიღო უფრო დიდი ტერიტორია სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და 600 კვ.მეტრი თავისი ფართობის დათმობის სანაცვლოდ.

ეს ნაკვეთი მიხეილ ხუნდაძემ სახელმწიფოს გადაუფორმა – 600 კვ.მეტრი
ქონების გაცვლის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, თუმცა არ დააკონკრეტა, ვის გაუცვალა ეს ქონება და რა მიიღო სანაცვლოდ.
ქონებრივ დეკლარაციაში დეპუტატი ასევე წერს, რომ 2010 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფოს გაუცვალა. მისივე ერთ-ერთი დეკლარაციის თანახმად, ეს ნაკვეთი აუქციონზე 25 000 ლარად შეისყიდა. 1 კვ.მეტრი 41 ლარად და 66 თეთრად.
რეესტრის მონაცემებით, 2010 წლამდე ეს ქონება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო.
„ბათუმელებმა“ ამ თემაზე კითხვებით ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა.
სააგენტოს განმარტებით, დიმიტრი ხუნდაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარეობდა საქართველოს მთავრობის, 2015 წლის №411 დადგენილებით განსაზღვრული
განსაკუთრებული რეჟიმის მქონე ტერიტორიაზე:
„აღნიშნულ ტერიტორიაზე, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკოს კონვენციისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, აკრძალულია ნებისმიერი სახის მშენებლობა.“
მთავრობის №411 დადგენილება მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებულ რეჟიმს ადგენს.
სააგენტო განმარტავს, რომ დეპუტატმა ქონების ეროვნულ სააგენტოს სწორედ ამ რეჟიმის გათვალისწინებით მიმართა:
„კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ყოველგვარი სამშენებლო ქმედების განხორციელების შეზღუდვის გათვალისწინებით, ზემოხსენებულმა პირმა მომართა
სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემის მოთხოვნითა და კერძო საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის პირობით.“
რაც შეეხება მიწის ნაკვეთების ფართობს, იმას, რომ 600 კვ.მეტრის სანაცვლოდ ხუნდაძემ 1050 კვადრატი მიიღო, სააგენტო გვარწმუნებს, რომ ფართობების ფასი დაიანგარიშეს და ხუნდაძის ნაკვეთი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე მისთვის გადაცემული სახელმწიფოს ტერიტორია:
„საქმისწარმოების პროცესში განხორციელდა სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. დასკვნის თანახმად, დიმიტრი ხუნდაძის მიერ სახელმწიფოსათვის გადმოცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება, ამავე პირისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულებას“, – გვწერს სააგენტო.
რაც შეეხება ვალდებულებას, ხუნდაძისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ამონაწერში თავდაპირველად მითითებული იყო, რომ დეპუტატმა ნაკვეთი ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა და ამ ვალდებულების შესრულებამდე მას ნაკვეთის გასხვისების, ასევე იჯარით გაცემის უფლება არ ჰქონდა. განახლებულ ამონაწერში ეს ჩანაწერი გაქრა.
ამასთან დაკავშირებით სააგენტომ განგვიმარტა, რომ ვალდებულება საპრივატიზებო საფასურის გადახდა იყო, რაც დეპუტატმა შეასრულა. შესაბამისად, ქონება მის საკუთრებაშია უპირობოდ:
„ვალდებულების ნაწილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა
საპრივატიზებო საფასურის გადახდისა და დიმიტრი ხუნდაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების და აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი დადასტურების შემდგომ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება გახდა დიმიტრი ხუნდაძის უპირობო საკუთრება.“

დიმიტრი ხუნდაძე თავისივე დეკლარაციაში წერს, რომ 1 ლარი გადაიხადა, ასევე სახელმწიფოს დაუთმო მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი 600 კვ.მეტრი.
დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პარლამენტში „ოცნების“ სიით შევიდა, ის ახლა „ხალხის ძალას“ წარმოადგენს და რუსული კანონის მხარდამჭერია. წინა მოწვევის პარლამენტში ხუნდაძე იყო ერთ-ერთი. ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარი, რომელმაც საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.