მთავარი,სიახლეები

რას ითხოვენ აჭარის სოფლებში მოქალაქეები ოპოზიციისგან და რას ამბობენ ხელისუფლებაზე

08.07.2024 •
რას ითხოვენ აჭარის სოფლებში მოქალაქეები ოპოზიციისგან და რას ამბობენ ხელისუფლებაზე

„როცა ღიად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, სულ მეუბნებიან, არ გეშინია, როგორ არ გეშინიაო? რის უნდა მეშინოდეს, არ ვიცი ოღონდ. 38 წელია მასწავლებელი ვარ, რა უნდა გამიკეთონ?“ – ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები მერი გობაძე მიიჩნევს, რომ მთავარი ადამიანის სურვილია, დადგეს სიმართლის მხარეს. მას და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს ვკითხეთ: პრობლემაა თუ არა კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა, როცა სოფელში ცხოვრობ და ყველა ერთმანეთს იცნობ? გამოუვა ვინმეს სოფლის გაჩუმება?

  • მერი გობაძე სოფელ დიდაჭარიდან: „სირცხვილიას ფაქტორი მუშაობს ყველაზე მეტად… როგორ ვაკადრო?“ 

მერი გობაძის დაკვირვებით, სისტემა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას, განეიტრალებას აქტიურად ცდილობს. თუმცა ისე არაა საქმე, ადამიანებმა სიმართლის თქმა ვერ გაბედონ, ან პროტესტი ვერ გამოხატონ, თუ მათ ეს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

„სირცხვილიას ფაქტორი მოქმედებს ყველაზე მეტად. ჩემი აზრით, აი, როგორ ვაკადრო? მეც მითქვამს ზოგჯერ: რამდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ როგორ ვაკადრო? თან ხომ სოფელში ყველა ერთმანეთს კარგად იცნობს, ნათესავი, ბიძაშვილია… ჩემი აზრით, კრიტიკულ განწყობას ხშირად აჩერებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობა. შეიძლება რომელიმე სახელმწიფო მოხელე არ მოგწონს, მაგრამ ახლობელია და ამ დროს თავს ვალდებულად თვლი, ჩუმად იყო.

ვფიქრობ, ეს არაა დამოკიდებული გენდერზე, ქალზე და კაცზე – ყველას ეხება. აქ საქმე ეხება უფრო პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვას,“ – კატეგორიულია მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ქალი.

რატომ იკავებენ ქალები კაცებზე მეტად ღიად ისაუბრონ საკუთარ თუ ქვეყნის პრობლემებზე? – ჩვენი გამოცდილებაც გავუზიარეთ მერი გობაძეს იგივე სოფელ დიდაჭარაში, როცა იქ ადგილზე ასულებმა ხალხი გამოვკითხეთ.

„ქალებს სჭირდებათ ასპარეზი. სად უნდა ილაპარაკოს ქალმა თავისი შეხედულებები? მეტი ასპარეზია საჭირო.

ტრადიცია ჯერ კიდევ მოქმედებს, რომ ქალი უნდა იყოს ჩუმად. მე ვფიქრობ, შეიცვალა დამოკიდებულებები – ახლა ბევრად უფრო კარგი მდგომარეობაა,“ – გვითხრა სოფელ დიდაჭარაში მცხოვრებმა ქალმა.

მერი გობაძე

რამდენად მოქმედებს რუსული და სახელისუფლებო პროპაგანდა ადამიანებზე? – ესეც ვკითხეთ მერი გობაძეს.

„იმდენი საშუალებაა დღეს ინფორმაციის მიღების – ინტერნეტი აქვს ყველას ჩემს სოფელშიც, ვისაც სჭირდება ინფორმაცია, ის გაიგებს ყველაფერს.

ბევრია ისე, რომ პირად საუბარში კრიტიკულია, თუმცა ღიად მაინც ერიდება კრიტიკა დააფიქსიროს. არ ვიცი, ეშინიათ, თუ ერიდებიან. თუმცა ბევრჯერ დამიფიქსირებია, ადამიანი სხვას ფიქრობს და სხვას ამბობს, ან ნიღბავს თავის მოსაზრებას. ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია, ან მეუღლის და ახლობლის სამსახურს უფრთხილდება. შეიძლება, ვინმეს დაუკარგავს კიდეც სამსახური კრიტიკული პოზიციების გამო, არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, ვინმე ამდენ საფრთხეს უქმნიდეს ადამიანს. მე მასწავლებელი ვარ და სკოლაში ღიად გამოვხატავთ პოზიციებს ერთმანეთში. არანაირი შეზღუდვა მე არ მქონია. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მაქვს და დაფასებულიც ვარ.

ახლა, როცა ღიად გამოჩნდა ევროპული გზის ჩაკეტვის საფრთხე, ადამიანები უფრო თამამები გახდნენ. ვინც სულით და გულით არის მომხრე, რომ საქართველო წავიდეს ევროპისკენ და არა რუსეთისკენ, ისინი შეიძლება ჩემზე მეტად გაბედულებიც იყვნენ,“ – გვითხრა მერი გობაძემ.

თუ უმრავლესობის განწყობა კრიტიკულია, როგორ მოახერხა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, მაგალითად, წინა არჩევნების მოგება იგივე სოფელ დიდაჭარაში?

„მეც ყოველთვის მაინტერესებს ეს საკითხი, თუმცა დიდაჭარაში ყოველთვის საკმაოდ კარგ შედეგს იღებს ოპოზიცია. მიმაჩნია, რომ მთავრობა უფრო მეტ რესურსს ხარჯავს, მოსყიდვას მიმართავს, იქ სოციალური დახმარებებია, სოციალური დასაქმება ასევე. ეს, ცხადია, ამ არჩევნებისთვისაა  შემოღებული,“ – გვითხრა მერი გობაძემ.

  • მოქალაქე სოფელ კვატიადან: „პროტესტით მივაღწიე ყველაფერს. მეტი გამბედაობაა საჭირო…“  

ამას ხულოს სოფელ კვატიაში მცხოვრები შადიმან ხოზრევანიძე ამბობს, რომელიც კრიტიკული შეხედულებების გამო „ოცნების“ ხელისუფლებამ უკვე დასაჯა და სოციალური დასაქმების პროგრამიდან ამორიცხა.

სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში – 2025 წლის მარტში დასრულდება. დასაქმება ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს, მაგალითად, ორი ადამიანი ალაგებს საბჭოთა კავშირის დროინდელ ტანკს ქედის ცენტრში. სოფელ გულებში კი ქალი ალაგებს „შეხვედრების ოთახს“, სადაც ბიჭები იკრიბებიან და ჯოკერს თამაშობენ.

შადიმან ხოზრევანიძეს, მაგალითად, სოფლის ცენტრში დადგმულ ნაგვის ურნაში უნდა ჩაეყარა ნაგავი, თუ ვინმე ურნასთან დატოვებდა შეფუთვას. მას შემდეგ, რაც მან ადგილობრივი ხელისუფლება გააკრიტიკა, იგი უმუშევარი დატოვეს.

მოქალაქე გვიყვება, რომ მის წინააღმდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეალურად დევნა დაიწყო, „მაგრამ პროტესტს აქვს ძალა, ერთმანეთის გვერდში დგომას აქვს ძალა,“ – შადიმან ხოზრევანიძეს ეტყობა შემართება: გაჩუმებას აღარ აპირებს.

„თავიდან მეშინოდა, როცა ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის კაბინეტიდან დაცვის სამსახურმა გამომაგდო,“ – ამბობს ის. სამედიცინო კვლევების დაფინანსების მოთხოვნით 2022 წელს შადიმან ხოზრევანიძემ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია მარტომ დაიწყო.

„მეუბნებოდნენ, ტყუილად წვალობ, რა აზრი აქვს, რომ დავობ? მეც ვფიქრობდი: რა აზრი აქვს?

მერე თქვენ დაწერეთ ჩემ შესახებ სტატია, სახალხო დამცველსაც მივწერე… გამგებელი მეუბნებოდა, სახალხო დამცველს რომ მიწერე, რა აზრი აქვს, მაინც ხომ ჩვენ უნდა მოგიგვაროთ პრობლემებიო?

დამარქვეს სახელი – „ეს ინტრიგანია“.

გეშინია, რომ მარტო რჩები, მაგალითად, თოვლიან გზას სპეციალურად არ გაწმენდენ შენი სახლისკენ, ან ფინანსური დახმარება გჭირდება და მერია არ გიშუამდგომლებს, მთავრობის სარეზერვო ფონდით რომ ისარგებლო – რაც მათ ხელშია, იმას შეგიზღუდავენ, გაგაწვალებენ…

მაგალითად, შიდა სასოფლო გზები რომ დაასხეს ყველგან, ჩემი სახლი ცალკეა და გამოტოვეს, განათებაც იგივე.

თუმცა რომ ვიდავე, გააკეთეს გზაც. ბრძოლის და ხმის ამოღების გარეშე არაფერი გამოვა.

მე მაშინ დავიწყე ბრძოლა, როცა ვიგრძენი, რომ სხვა გზა აღარ მქონდა, დასაკარგი აღარაფერი მქონდა.

ახლაც ასეთი დროა, ადამიანები ხედავენ, რომ სხვა გზა აღარ არის, მაგრამ ვერ ხედავენ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ გვერდით დაუდგება, დაიცავს.

დღეს ხელისუფლება ახალისებს ძალადობას: როცა ელისაშვილმა დაარტყა მუშტი მდინარაძეს, კანონი ხო არსებობს, რომ მოსთხოვო პასუხი? ამათ პირიქით გააკეთეს: ათმა კაცმა სცემა იქვე, პარლამენტში და განაცხადეს თან, თუ ვინმე მუშტს მოვუქნევთ, ჩვენ ათს დავუბრუნებთო.

ეს ხომ უსამართლობაა? უსამართლობას წინ თუ არ აღვუდგებით და გავჩუმდებით, დღეს რაშიც ვართ, ხვალ უარეს მდგომარეობაში ვიქნებით… ერთიანობით აუცილებლად დადგება შედეგი, გაჩუმება გამოსავალი არ არის არაფრის,“ – მიიჩნევს შადიმან ხოზრევანიძე.

შადიმან ხოზრევანიძე

სოფელ კვატიაში მცხოვრები მოქალაქის აზრით, პრობლემაა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის სისუსტეც:

„არავინ არ მოდის ჩვენთან სალაპარაკოდ. მე რამდენი პრობლემა გამოვიტანე და მოგიყევით აქამდე, ეს ხომ მარტო ჩემი პრობლემა არ იყო? შენ სად ხარ, ამ დროს, ოპოზიციონერი? მე ოპოზიცია არ მინახავს სოფელში ვინმეს ელაპარაკებოდეს.

ამიტომაც ხალხში არსებობს მოსაზრება, რომ თუ ვინმეს შეუძლია რაიმე პრობლემის მოგვარება, ეს მხოლოდ მთავრობაა.

2022 წლის ზამთარში როცა თოვლი მოვიდა და სოფლის გზები არ გაწმინდეს, 15 დღე სკოლაში სწავლაც შეწყვეტილი იყო. „აჭარის ტელევიზიაში“ ცხადდებოდა, გზები იწმინდებაო. მოვთხოვე ამ ტელევიზიას, ამოსულიყო და ენახა, რა იყო გაწმენდილი, ხალხიც გამოვიდა, შეგროვდნენ, მაგრამ ორმა გაბედა, ელაპარაკა სიმართლე…

ადამიანებს სულ ამას ეუბნება მთავრობა: თუ რამე პრობლემა გაქვს, მე მითხარი, ნუ რეკავ სადმეო…

მეც იმავეს მიმეორებდნენ, მაგრამ დავინახე, რომ აღარ იყო საშველი… სისტემას ერთი ადამიანი ვერ დავანგრევ მხოლოდ, გვერდში დგომაა მთავარი,“ – ასრულებს მოქალაქე ხულოს სოფელ კვატიადან.

  • „პროპაგანდაზე მეტად ის მუშაობს, როცა ვინმეს მოგიგზავნიან, ან დაგირეკავს…“ – მოქალაქე ხულოდან 

ეს დაბა ხულოში მცხოვრები ლაშა ბოლქვაძის დაკვირვებაა იმაზე, თუ რატომ ერიდებიან ადამიანები კრიტიკული პოზიციების გამოხატვას. მისი აზრით, რამდენიმე ინსტრუმენტით ცდილობს ხელისუფლება ხალხის გაჩუმებას, თუმცა მთავარი იარლიყის მიწებებაა და გარემოცვის, სანათესავოს განწყობა: რას იტყვიან ისინი, თუ, მაგალითად, ბიძაშვილს დაუპირისპირდები?

„არათუ მოსაზრების გამოხატვა, ვინც ბიუჯეტზეა დამოკიდებული, მათ იმასაც უკონტროლებენ, ვინმეს რამე კრიტიკული პოსტი ხომ არ დაულაიქეს ფეისბუკში,“ – გვიყვება ლაშა ბოლქვაძე. – „მეგობარმა დააკომენტარა ჩემი პოსტი, რაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იყო. დაურეკეს მამამისს.

მქონია შემთხვევაც, როცა თავად ხულოს მერიის თანამშრომლები პირად საუბრებში გიწონებენ კრიტიკულ შეხედულებას, მადლობა, ჯიგარი ხარო, მაგრამ ღიად იმავეს ვერასდროს გამოხატავენ. იგივეა, წყალს რომ ელაპარაკო, თუმცა უმრავლესობა მაინც კრიტიკულად განწყობილი გამოდის.

ვინც დასაქმებული არ არის, იმას მოლოდინის რეჟიმში ამყოფებენ: აი, დღეს თუ არა ხვალ დაგასაქმებთ, ხვალ სოციალურს დაგინიშნავთ და ასე შემდეგ. მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდაც, მაგრამ პროპაგანდაზე უფრო ძლიერია დახათრება: როცა მაჟორიტარი, ან მერი მივა და რაღაცას ეტყვის, დაურეკავს…

არ ვიცი, რატომ უწევენ ანგარიშს გამგებელს, თუკი ის საქმეს არ აკეთებს ხალხისთვის, განათლების პრობლემაა ძირეული. ასევე: ადამიანებს უჭირთ კომფორტის ზონიდან გასვლა. ძლიერია განცდაც, რომ პროტესტი მაინც არაფერს ცვლის, რომ პრობლემა პრობლემად დარჩება მაინც,“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

რეალურია სამსახურის დაკარგვის შიში, როცა ადამიანი საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობს და ხელისუფლების კრიტიკას არ მალავს?

„ყოფილმა ნაცმა დამიძახა ამას წინათ, ნაცი ხარ, ნაცივით ლაპარაკობო. იციან ჩემი განწყობა.

ვაკანსია ჰქონდათ ორი, თუ სამი წლის ხულოს მერიაში, მეც ვმონაწილეობდი. გასაუბრების წინ მივიღე მოკლე ტექსტური შეტყობინება: სამწუხაროდ, თქვენ ვერ გადალახეთ გასაუბრების ეტაპიო, ანუ გაამზადეს წინასწარ ტექსტი და რომ გადავურეკე, შემთხვევით გამომეგზავნა, მოდით აუცილებლად გასაუბრებაზეო. ხომ გასაგებია, რაც მოხდა?

აქ, ძირითადად, ყველა ერთმანეთს იცნობს, ბიძაშვილია, ახლობელია. ცუდ ტონად ითვლება ძალიან, ვინმესთან რომ ცუდი დაგცდეს. შეიძლება, მას უთხრა, მაგრამ საჯაროდ რომ თქვა, ეს იგივეა, რაც პოლიციაში ჩივილი,“ – აღნიშნა ლაშა ბოლქვაძემ.

ოპოზიციის აქტიურობაზე დამოკიდებული პროტესტის გააქტიურება ხალხში – მიიჩნევს მოქალაქე ხულოდან.

„წინა არჩევნებში ოპოზიცია მოვიდა და დაგვირიგა ბუკლეტები, ოფროუდი უნდა გავაკეთო სოფელ თაგოშიო. ისედაც ოფროუდი არაა გზები ხულოში? ან კიდევ: მეთევზეობა უნდა განვავითაროთო. ამ დროს ხალხი მშიერი კვდება, სხვა პრობლემები აწუხებთ ადამიანებს.

კიდევ ერთი მომენტია: ვინც დასაქმებულია და არ მოსწონს ეს ხელისუფლება, აქვთ შიში, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ისინი უმუშევრები დარჩებიან. ოპოზიცია კი, მათ დარწმუნებაზე არ მუშაობს.

მაგალითად, მე მესაუბრებოდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, თუ იქნები ჩვენთან ერთად დაგასაქმებთ, როცა არჩევნებს მოვიგებთო. ვუთხარი, თქვენთან ერთად ვერ ვიქნები-მეთქი. მაშინ ვერ დაგასაქმებთო. გამოდის, რომ მათთვისაც პროფესიონალი კადრები კი არა, პოლიტიკური ერთგულებაა მთავარი… მიზანი ხო უნდა იყოს ის, რომ ხალხი დასაქმდეს. ამათ ერთმანეთთან მტრობა აქვთ მხოლოდ და ეგაა.

ადამიანებს პირისპირ უნდა ელაპარაკონ ოპოზიციონერები. ჩემი აზრით, გამოსავალი ესაა,“ – მიიჩნევს ლაშა ბოლქვაძე.

  • ემზარ ბოლქვაძე ქედიდან: „რუსული მეთოდებით მუშაობენ სოფლებშიც… ოპოზიცია ხალხს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკოს“

„პროპაგანდა მუშაობს ბევრი მიმართულებით, მათ შორის, გააძლიერეს განცდა: მე ხომ მაინც ვერაფერს შევცვლი?“ – გვიყვება ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრები ემზარ ბოლქვაძე. ის დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ ხელისუფლება რუსული მოდელის კოპირებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას.

„რუსული ანდაზა არის ჯოხი და თაფლაკვერიო, ეს მუშაობს. ეს სისტემა დამუშავდა რუსეთში და 20 წელია მუშაობს წარმატებით. მიდგომა მარტივია: მინიმალური რაღაც უნდა მისცე ადამიანებს და ბევრი ელაპარაკო საშიშროებებზე, მაგალითად, იმაზე, რომ უხილავი ომის პარტია არსებობს, ან გეი სამყარო გარყვნის ჩვენს შვილებს…

ამას წინათ მეუბნებოდნენ, პუტინს მოუგებ ომს, ომი გინდა, ხომ ხედავ, ტრამპიც კი რუსეთისკენ არის, მაგან თუ არჩევნები მოიგო, ყველაფერი დამთავრებულიაო.

ჩემი დაკვირვებით, იმარჯვებს პრიმიტივიზმი. ამაში უნდა აჯობოს ოპოზიციამ „ოცნებას“: ხალხს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა უთხრას, რა იცვლება მისთვის. პირდაპირი კონტაქტი სჭირდება ხალხს. ადამიანებს თავის პრობლემაზე უნდა ელაპარაკო და არა იმაზე, თუ რა იქნება ამ ქვეყანაში 20 წლის შემდეგ, სად ვიქნებით და ასე შემდეგ.

შეიძლება, უთხრას ადამიანს ოპოზიციამ, თავად რას შეცვლის, მაგალითად, ეკომიგრანტისთვის, რომელიც ახლა საცხოვრისს ელოდება და ხმას არ იღებს, ვაითუ პროგრამაში არ ჩამრთონ. მას უნდა აუხსნან, რომ იმ 50 ათასი ლარით, რაც შეიძლება მისცენ, ვერ გაუმჯობესდება მისი ცხოვრება, ვერ აიშენებს სახლს…

ჩვენი საზოგადოება არ არის ისეთი აქტიური, როგორიც, მაგალითად, საფრანგეთშია – როგორც კი იგრძნეს საშიშროება, რომ მოდის ძალა, რომელიც დიდ პრობლემას შეუქმნის დემოკრატიას, მყისიერად მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენ უფრო დაგვიანებული რეაქციები გვაქვს: თვალით როცა ვხედავთ, მაშინ ვხდებით, რაშიცაა საქმე,“ – გვიყვება ემზარ ბოლქვაძე.

ემზარ ბოლქვაძე

რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ „ოცნების“ რუსულ გეგმას შედეგი არ ჰქონდეს?

„როცა პროტესტის გამოხატვაზეა ლაპარაკი, მთავარი გზავნილი აქვთ ეს, უპატრონოდ დარჩები, რაც გაქვს, იმასაც დაკარგავ, მაინც ვერაფერს შეცვლი.

გარდა ამისა, ხელისუფლებას აქვს სხვადასხვა რესურსი, როცა ბიუჯეტის გამოყენებით ცდილობს ხალხის გადაბირებას, მაგალითად, ყალბი სამუშაოები, სოციალური დახმარება, იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. ადამიანებს ეუბნებიან, შენ თუ ხმას ამოიღებ და კრიტიკას დაიწყებ, ამ ელემენტარულსაც დაკარგავ.

პუტინის გზაა ეს. იქაც ადამიანები დააშინეს და ეს გაუვიდათ. ასევე, ადამიანებს აღარ დაუტოვეს სივრცე – ფაქტობრივად ყველაფერი წაართვეს. რუსეთში ტყიდან სახელმწიფოს გარეშე ფიჩხსაც ვერ გამოიტან, კენკრასაც ვერ დაკრეფ…

ესენიც ფიქრობენ, აქტიური ნაწილი უკვე ემიგრაციაშია, აქაურობის მართვას შეძლებენ და არჩევნებიც ჯიბეში აქვთ. ჩემი აზრით, გამოსავალია ამომრჩევლის აქტიურობა ამ არჩევნებზე. მალე შეიქმნება სხვადასხვა ოპოზიციური ცენტრები და გამოჩნდება, რაც იქნება,“ – გვითხრა ემზარ ბოლქვაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: