უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 576 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310]
ტანკი – 8 356 ერთეული [+12]
ჯავშანტექნიკა – 16 103 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 16 010 ერთეული [+74]
MLRS – 1 129 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 906 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 805 ერთეული [+39]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 406 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 21 634 ერთეული [+62]
სპეცტექნიკა – 2 690 ერთეული [+19]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
631 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
28 647 უპილოტო საფრენი აპარატი
556 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 714 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 392 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 535 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 178 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
შავი ზღვის ჯაზფესტივალს მესამე დღეს ყველაზე მეტი მსმენელი დაესწრო, საკონცერტო სივრცის შესასვლელში რიგები კონცერტის დაწყების შემდეგაც არ დასრულებულა. შეიძლება ითქვას, რომ ჯექსონებმა ყველაზე მეტი ოვაცია და აპლოდისმენტები დაიმსახურეს, მაყურებელი მათთან ერთად ცეკვავდა და ერთიანად უწყობდა ფეხს ყველა მოწოდებას: „ამყევით“, „ვიმღეროთ“, „ვიცეკვოთ“.
შავი ზღვის ჯაზფესტივალიფოტო: მანანა ქველიაშვილი
დამშვიდობების შემდეგ მაყურებლის უწყვეტი ოვაციის გამო ისინი დამშვიდობების შემდეგაც დაბრუნდნენ სცენაზე და კიდევ ორი ნომერი შეასრულეს. მათი გამოსვლისას დიდ ეკრანზე აჩვენეს მათი ბავშვობის ფოტოები და მაყურებელს მოკლედ უამბეს, როგორ დაიწყო მათი ჯგუფის ისტორია.
ჯექსონები ბათუმის ჯაზ ფესტივალზეჯექსონები ბათუმის ჯაზ ფესტივალზე
ჯექსონების შოუზე გაჟღერდეა ხუთივე ძმის, მათ შორის ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველა ცნობილი მეგა ჰიტი, რომლებმაც დიდი ხანია მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა: “ABC”, “I Want You Back”, “I’ll Be There” და სხვა.
ჯექსონები, თავდაპირველად ცნობილი როგორც The Jackson 5, არის საკულტო ამერიკული პოპ და R&B ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა გარიშში, ინდიანაში. თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ ძმები ჯეკი, ტიტო, ჯერმეინი, მარლონი და მაიკლ ჯექსონი. 1960-იანი წლების ბოლოს ჯგუფმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ხმის ჩამწერ სტუდია Motown Records-თან დებიუტით და გახდა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი.
Jackson 5 აღმოაჩინა Motown-ის აღმასრულებელმა ბობი ტეილორმა და 1968 წელს ლეიბლს ხელი მოაწერა. მათი პირველი ოთხივე სინგლი, “I Want You Back”, “ABC”, “The Love You Save” და “I’ll Be There, ” მოხდა Billboard Hot 100 ჩარტში, რამაც ჯგუფი დაამკვიდრა, როგორც მთავარი ძალა მუსიკალურ ინდუსტრიაში. პოპის, სოულისა და R&B-ის მათმა ინფექციურმა ნაზავმა აუდიტორია მთელ მსოფლიოში მოხიბლა.
საქართველოში რუსეთიდან გაზის იმპორტი ბოლო წლებში გაიზარდა. სახელმწიფო ყიდულობს რუსულ გაზს და აწვდის მიმწოდებელ კომპანიებს, ისინი კი – მომხმარებლებს. მაგალითად, „სოკარის“ მომხმარებელი არა მთლიანად აზერბაიჯანულ, არამედ ნაწილობრივ რუსულ გაზს მოიხმარს.
„ბათუმელების” მიერ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რუსულ გაზს თავად „სოკარიც” ყიდულობს. სემეკი რუსული გაზის იმპორტის ზრდას ქვეყანაში მოხმარების ზრდით ხსნის.
სემეკის მონაცემებით, გაზის იმპორტი რუსეთიდან 2019 წელთან შედარებით 2023 წელს 434 მილიონი კუბური მეტრით იყო გაზრდილი. საქართველომ გასულ 2023 წელს ჯამში 596 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზი შეისყიდა.
„რუსული გაზის ხელშეკრულებები“
„ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობისგან ის განკარგულებები გამოითხოვა, რომლებიც მთავრობამ ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა. ჩვენი წერილის შემდეგ რამდენიმე განკარგულება მთავრობამ გაასაჯაროვა. ეს განკარგულებები კი, ძირითადად სწორედ ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება.
მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის N326 განკარგულება [რომელიც მთავრობამ ჩვენი წერილის შემდეგ, ივლისში გამოაქვეყნა] სახელმწიფო კომპანიის – „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ რუსული „გაზპრომიდან“ გაზის შესყიდვას და ამ გაზის „სოკარისთვის“ მიწოდებას ეხება.
მთავრობის განკარგულებით ირკვევა, რომ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ შპს „გაზპრომ ექსპორტისგან“ 2024 წელს შესასყიდი/შესყიდული რუსული გაზის მთლიანი მოცულობიდან „სოკარ ჯორჯია გაზს“ უნდა მიაწოდოს 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი:
საქართველოს მთავრობის 2024 წლის N326 განკარგულების დანართიდან
ჯამში რა რაოდენობის რუსული გაზის შესყიდვაა დაგეგმილი 2024 წლისთვის? – „ბათუმელები“ ამ კითხვით „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაუკავშირდა. კორპორაციის პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.
დოკუმენტაციას, რომელიც გაზის ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება, საქართველოს მთავრობა, კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევს და არ ასაჯაროებს:
მთავრობის 2024 წლის N326 განკარგულებიდან
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] 2023 წლის ანგარიშის მიხედვით:
„2023 წელს, წინა 2022 წლის მსგავსად შეინიშნებოდა რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მიღების შედარებით მაღალი მაჩვენებელი, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იყო ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებით. ამასთან, აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკონტრაქტებული სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფდა შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილებას და საჭირო გახდა დამატებითი ბუნებრივი გაზის შემოტანა.“
მიუხედავად ამისა, სემეკის ინფორმაციით, „საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით 2023 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან მიიღო მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 80%.“
საქართველოში გაზის მიღება, მიღების პუნქტების მიხედვით [მლნ. კუბ.მ] / წყარო: სემეკი
სემეკის ინფორმაციით, „სამხრეთკავკასიური მილსადენიდან საქართველო შეღავათიან ფასად იძენს ე.წ. სოციალურ გაზს, რომელსაც გამოიყენებს მოსახლეობისა და თბოსადგურების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, ამ სეგმენტში ბუნებრივი გაზის როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასები მნიშვნელოვნად დაბალია კომერციულ სეგმენტთან შედარებით.“
სამხრეთკავკასიური მილსადენით აზერბაიჯანული [კასპიის ზღვის შაჰ დენიზის საბადოდან] გაზი საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში გადის.
წყარო: სემეკი
სემეკი თავის ანგარიშებში ასევე წერს, რომ „მნიშვნელოვანია ბუნებრივი გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება [მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზისა და თურქეთის ბაზარზე წვდომა, ე.წ. სვოპების მეშვეობით გაზის საქართველოს ბაზარზე შემოტანა], რაც სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებისა და მიმწოდებელთა დაინტერესების შემთხვევაში განხორციელდება. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების, მათ შორის, ბიოგაზების წარმოების წახალისება და ქსელში ინტეგრაციის ხელშეწყობა.“
თუმცა, სემეკი ბუნებრივი გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიების აუცილებლობას „გრძელვადიან პერსპექტივაში“ განიხილავს.
„ბუნებრივი გაზის მოხმარების მაჩვენებლით ქ. თბილისი ლიდერობს, სადაც საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ჯამურად მოხმარებული ბუნებრივი გაზის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მთლიანი მოხმარების 50%-ს აღწევს. თბილისის შემდეგ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობით ასევე გამოირჩევა იმერეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონები“, – წერია სემეკის ანგარიშში.
ზემოთ აღნიშნული N326 განკარგულების გარდა, მთავრობამ „ბათუმელების“ მოთხოვნის შემდეგ კიდევ ხუთი განკარგულება გაასაჯაროვა, რომლებიც ასევე ენერგეტიკას, ძირითადად ბუნებრივ გაზს ეხება.
მაგალითად, 2024 წლის მაისში, საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთი განკარგულებით, მოიწონა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. მაისის ეს განკარგულებაც მთავრობამ ივლისში გაასაჯაროვა.
ამ განკარგულების დანართიდან ირკვევა, რომ საქართველოში „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ რუსული გაზი [„გაზპრომისგან“] აზერბაიჯანსაც შემოაქვს. ამ საქმეში კი აზერბაიჯანულ კომპანიას ქართული „კორპორაცია“ ეხმარება.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ (შემდგომში: „SOCAR“) და „სოკარ ჯორჯია გაზმა“ (საქართველოში დაფუძნებული SOCAR-ის შვილობილი კომპანია, შემდგომში: „სგგ“) „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (შემდგომში: „კორპორაცია“) მიმართეს თხოვნით 2024 წლის იანვრიდან (ჩათვლით) 2024 წლის მარტამდე (ჩათვლით) პერიოდში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გავლით საქართველოში ბუნებრივი გაზის გარკვეული მოცულობის შემოტანის და „სგგ“-სთვის მიწოდების საქმეში დახმარების აღმოჩენის შესახებ.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, SOCAR-ს წარმოეშვა მითითებული მოცულობების შპს „გაზპრომ ექსპორტისაგან“ მიღების სახელშეკრულებო უფლება.
ზემოთქმულთან დაკავშირებით ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც ქართული მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო 2024 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა, „კორპორაციის“, SOCAR-ის და „სგგ“-ს მიერ შემუშავებული იქნა შემდეგი ორი ხელშეკრულების პროექტი…“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2024 წლის N710 განკარგულების დანართში.
„მნიშვნელოვანია, რომ „გაზის შესყიდვის ხელშეკრულება“ შეიცავს სპეციალურ დანაწესს, რომლის თანახმად მხარეები აღიარებენ და თანხმდებიან, რომ: შპს „გაზპრომ ექსპორტს“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის გაფორმებული რიგი ხელშეკრულებების [შემდგომში: „რუსული გაზის ხელშეკრულებები“] პირობების გათვალისწინებით, „კორპორაცია“ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი ბუნებრივი გაზის ექსკლუზიურ მყიდველს…“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულების დანართში.
მთავრობის მიერ მოწონებული საიდუმლო ხელშეკრულებები და მათი ცვლილებები
„ბათუმელების“ მიერ მთავრობისგან გამოთხოვილ ერთ-ერთ განკარგულებაში მთავრობის მიერ მოწონებულია „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა რისორსიზ იუ. ეს. ელ-ელ-სი-ს“ შორის 2022 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ცვლილება №8 და „წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ“ 1997 წლის ივნისში გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილება“.
კიდევ ერთი განკარგულებით, მთავრობის მიერ „მოწონებულ იქნა სოციალური გაზის სექტორის გაზმომარაგების თაობაზე საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმება და „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის 2011 წლის დეკემბერში დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმება.“
ამ განკარგულებებში აღნიშნული ცვლილებებისა და შეთანხმების დეტალებიც [ასევე განკარგულებების გამოსაცემად საქართველოს მთავრობაში წარდგენილი ყველა დოკუმენტი, განმარტებითი ბარათების ჩათვლით] კომერციულ საიდუმლოებადაა მიჩნეული და მათი შინაარსი ჩვენთვის უცნობია.
მთავრობის კანცელარიამ რამდენიმე განკარგულება, რომლებიც „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა, არც გამოაქვეყნა და არც ასლები მოგვაწოდა.
პრემიერმა სრული გამჭვირვალობა დააანონსა, ზოგიერთ განკარგულებას კი ამ დრომდე არ ასაჯაროებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხშირად აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა და მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ასაჯაროებენ. თუმცა საქართველოს მთავრობას, კობახიძის პრემიერობის დროს მიღებული რამდენიმე განკარგულება ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.
„მას შემდეგ, რაც დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, მე გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობოებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით“, – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 12 აპრილს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ანალოგიური განცხადება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 3 აპრილსაც გაავრცელა [სწორედ ამ დღეს განაცხადა „ოცნებამ“, რომ აბრუნებდა რუსულ კანონს]: „პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ.“
„მთავრობის გამჭვირვალობა“ კი კობახიძემ 2024 წლის 12 თებერვალს დააანონსა და განაცხადა, რომ „გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს“.
სწორედ 12 თებერვლიდან დაიწყო მთავრობამ თავისივე განკარგულებების გამოქვეყნება [აღსანიშნავია, რომ მთავრობა 2020 წლის 26 სექტემბრის შემდეგ აღარ აქვეყნებდა საკუთარ განკარგულებებს ოფიციალურ ვებგვერდზე].
12 თებერვალს, ერთ-ერთი პირველი განკარგულება, რომელიც აიტვირთა მთავრობის ვებგვერდზე 181-ე ნომრით იყო. შემდეგი განკარგულებები ნუმერაციის დაცვით ქვეყნდებოდა და დღევანდელი მდგომარეობით, ბოლოს გამოქვეყნებულია N1049 განკარგულება.
„ბათუმელებმა“ ყველა განკარგულება გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ მთავრობა ზოგიერთ გადაწყვეტილებას „დროულად“ არ ასაჯაროებდა, ანუ მთავრობის გვერდზე არ აქვეყნებდა, ზოგიერთი კი, დღემდე არ არის გამოქვეყნებული.
ჩვენი გადამოწმებით, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე 2024 წლის 18 ივლისის მდგომარეობით არ იყო გამოქვეყნებული მთავრობის შემდეგი განკარგულებები: N267, N326, N327, N353, N361, N425, N591, N710, N748, N879, N923, N986 და N987.
[ინფორმაციისთვის: აღნიშნული განკარგულებები მთავრობამ 2024 წლის 29 თებერვლიდან 12 ივლისამდე პერიოდში მიიღო, ვინაიდან N266 განკარგულება 29 თებერვლით თარიღდება, N988 განკარგულება კი – 11 ივლისით. შესაბამისად, პრემიერის განცხადება, რომ ყველა განკარგულებას დაუყოვნებლივ აქვეყნებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც აღვნიშნეთ, 18 ივლისს ეს განკარგულებები არ იყო გამოქვეყნებული მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე].
„ბათუმელებმა“ აღნიშნული განკარგულებებისა და ამ განკარგულებების განმარტებითი ბარათების ასლები მთავრობის ადმინისტრაციიდან წერილობით, ოფიციალურად გამოითხოვა. ასევე ვითხოვდით განმარტებას, თუ რატომ არ იყო ატვირთული მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ზემოთ აღნიშნული განკარგულებები.
„რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2024 წლის N326; N327; N353; N710; N748; N923 განკარგულებებს, აღნიშნული განკარგულებები განთავსებულია და შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ამ განკარგულებათა განმარტებითი ბარათები წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას“, – მოგვწერეს მთავრობის კანცელარიიდან 25 ივლისს.
აღნიშნული განკარგულებები [რომლებიც ბუნებრივ გაზს ეხებოდა და ზემოთ განვიხილეთ] მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე „ბათუმელების“ წერილის შემდეგ, ანუ 18 ივლისის მერე არის დამატებული.
ამის საილუსტრაციოდ ნახეთ ვებგვერდის 18 ივლისის და 25 ივლისის სქრინები, სადაც განკარგულებების ნუმერაციას თუ დააკვირდებით აშკარად ჩანს, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი განკარგულებები ვებგვერდზე მოგვიანებით არის დამატებული:
მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებები – ამავე ვებგვერდის 18 ივლისის [მარცხნივ] და 25 ივლისს [მარჯვნივ] სქრინები / აქედან ჩანს, რომ მთავრობის 2024 წლის N326 და N327 განკარგულებები 18 ივლისის შემდეგ არის დამატებული. „ბათუმელებს“ ანალოგიური სქრინები აქვს N353; N710; N748; N923 განკარგულებებთან დაკავშირებითაც.
მთავრობა მალავს ვის შეუმცირა გადასახადები
რაც შეეხება განკარგულებებს, რომლებიც მთავრობას არც დღემდე გამოუქვეყნებია და არც ჩვენთვის მოუწოდებია.
„გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის N267; N361; N425; N591; N879; N986; N987 განკარგულებები შეეხება გადასახადის გადამხდელებთან გაფორმებულ საგადასახადო შეთანხმებებს, რომლებიც შეიცავენ გადასახადის გადამხდელთა შესახებ ინფორმაციას, რაც წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის 275 დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის“ პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მათზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნები.“ – მოგვწერეს მთავრობის ადმინისტრაციიდან 2024 წლის 25 ივლისს.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეთანხმება ფორმდება შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს [იურიდიულ პირს] შორის, ამ პირის საგადასახადო დავალიანების ან ამ დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით; ასევე, მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით. ასეთ შეთანხმებას საბოლოოდ მთავრობა ამტკიცებს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა მალავს იმ პირების ვინაობას, რომლებსაც შეუმცირა დავალიანების, ან ბიუჯეტში გადასახდელი ჯარიმა/საურავის თანხა.
„ზოგადად, ამ ტიპის განკარგულებები [„საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“] მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია. საგადასახადო შეთანხმება წარმოადგენს იმ ფორმას, რომლითაც ხდება საგამონაკლისო წესითა და პირობებით ამა თუ იმ კომპანიასთან/ორგანიზაციასთან საგადასახადო ურთიერთობის დარეგულირება [ე.წ. საგადასახადო შეღავათები].
ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებითაც, რამდენჯერაც მოგვითხოვია ეს ინფორმაცია. მთავრობას ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვს – საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლზე მითითებით ამბობს, რომ ინფორმაცია მიეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას და არ გასცემს, მათ შორის, ამ კომპანიების/ორგანიზაციების სახელწოდებებს [რაც, მედიას მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემდა, ვის უდგენს საქართველოს მთავრობა ამ ტიპის შეღავათებს, მათგან რამდენია მმართველი პარტიის შემომწირველი, ან რა ტიპის აფილაცია აქვთ და ა.შ.]“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნიკა ბოლქვაძე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ [IDFI] იურისტი.
რაც შეეხება მთავრობის სამართლებრივ პოზიციას, იურისტის განმარტებით, მას რამდენიმე განზომილებით აქვს სამართლებრივი პრობლემა: პირველი და უმთავრესი არის ის, რომ თავად კოდექსის 39-ე მუხლი ადგენს გამონაკლისებს იმ ინფორმაციაზე, რომელიც არ მიეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. კერძოდ, ასეთი ინფორმაციაა მაგალითად: გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; სტატუსი; სახელწოდება; სამართლებრივი ფორმა; მისამართი და ა.შ.
„აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მთლიანად ტექსტის [განკარგულების] არგაცემა და „საგადასახადო საიდუმლოების“ წესების გავრცელება ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც კანონით არ განეკუთვნება ამ საიდუმლოებას [არამედ პირდაპირ ამორიცხულია საიდუმლო ინფორმაციის ნუსხიდან], არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, როგორც მინიმუმ, კოდექსის 39-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია გაეცა, ანუ განკარგულების ის ნაწილი, სადაც არის საგადასახადო შეთანხმების მეორე მხარეს მყოფი ორგანიზაციების დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომრები, ხელმძღვანელები და ა.შ. ხოლო თავად შეთანხმების პირობები [ანუ რა მოცულობით გადასახადის თაობაზე დაუწესა შეღავათი ან/და რა ტიპის გადასახადები „ჩამოაწერა“], ეგ ნაწილი არ გაეცა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტა კანონიდან გამომდინარე იქნებოდა ყველაზე ცალსახა და სწორი“, – ამბობს ნიკა ბოლქვაძე.
თუმცა, იურისტის პოზიციით, ამ განკარგულებების მთლიანი ტექსტი უნდა ექვემდებარებოდეს გაცემას [მათ შორის ის ინფორმაციაც, რომელიც 39-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის მიღმაა], რადგან „საგადასახადო საიდუმლოება“ არ არის აბსოლუტურად დაცული სიკეთე.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით „ა[ა]იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი [ახლანდელი მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი] არ მოითხოვს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, სრულად დახურული უნდა იყოს.
პირიქით, ამავე კონსტიტუციურ დებულებაში მითითებულია ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე – კანონით დადგენილ შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებელია „სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.
საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სტანდარტით, ის ინფორმაცია, რომელიც თუნდაც კანონით დადგენილი წესით მიჩნეული იყოს „პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან“ [მათ შორის, ე.წ. „საგადასახადო საიდუმლოება“] დაკავშირებულ ინფორმაციად, არ სარგებლობს აბსოლუტური დაცვით და თითოეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მისი გაცემის აღმატებული ლეგიტიმური ინტერესი.
ჩვენს ორგანიზაციას აქვს მიმდინარე დავა ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. თუ საერთო სასამართლოები, მათ შორის, უზენაესი სასამართლო „საგადასახადო საიდუმლოების“ დაცვასთან დაკავშირებით არ ამოიკითხავს იმ შინაარსს, რაც ზემოთ აღვწერეთ და იტყვის, რომ რაც საგადასახადო საიდუმლოებას მიეკუთვნება ბლანკეტურად შეზღუდულია და დაცულია ნებისმიერ შემთხვევაში [რაც არ უნდა უპირატესი საზოგადოებრივი ინტერესი იყოს მეორე მხარეს], მერე უკვე შეიძლება თავად „საგადასახადო საიდუმლოების“ დამდგენი კანონის ნორმების კონსტიტუციურობაზე დავაც კი საკონსტიტუციო სასამართლოში [მაგრამ ეს შორეული პერსპექტივაა ამ ეტაპზე და, მათ შორის, დამოკიდებულია ამ მიმდინარე დავაში რა შედეგი დადგება ჩვენს საქმეში].“ – ამბობს ნიკა ბოლქვაძე.
„ბათუმელებმა“ მთავრობის ადმინისტრაციიდან წერილი 25 ივლისს მიიღო. 26 ივლისის მდგომარეობით კი, ვიდრე ეს სტატია მზადდებოდა, საქართველოს მთავრობამ კიდევ 2 განკარგულება დამალა.
ამჯერად მთავრობის ვებგვერდზე 2024 წლის 24 ივლისის N1044 და N1047 განკარგულებები არ არის გამოქვეყნებული:
ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასი ასაჩივრებს მერიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2024 წელს ინტეგრირებულ სპექტაკლებს ორგანიზება უნდა გაუწიოს ტენდერით გამარჯვებულმა, სრულიად ახალმა ჯგუფმა. დასის ხელმძღვანელისა და წევრების მშობელთა თქმით, აღნიშნულ ჯგუფს შშმ ადამიანებთან მუშაობის კომპეტენცია არ გააჩნია.
ბათუმის მუდმივ მოქმედი სატენდერო კომისიის გადაწვეტილების ოქმი დასმა დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა, რის შედეგადაც საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა [პრეტენდენტის მიერ წარდგენილი კოლექტივის რამდენიმე წევრის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილში], მიუხედავად ამისა სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაფორმდეს ხელშეკრულება.
„დავების საბჭოს მიერ ხარვეზებზე მითითების მიუხედავად, კომისია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აქვეყნებს ოქსმ იმის შესახებ, რომ გაფორმდეს ხელშეკრულება. ჩვნ მოვითხოვთ ბათილად ცნონ მიღებული გადაწყვეტილება, რეალურად გადაახედონ სპეციალისტებს ეს მიღებული დოკუმენტაცია და თუ გამოვლინდება ხარვეზი, მისცენ დისკვალიფიკაცია ამ პრეტენდენტს. ასე უნდა მოხდეს ყველას შემთხვევაში, მათ შორის ჩემ შემთხვევაშიც“, – ამბობს ნატალია გალოგრე, ინკლუზიური დასის ხელმძღვანელი.
ნატალია გალოგრე
ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასი 2019 წელს დაარსდა. დასის ჩამოყალიბების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც იმავე წელს ბათუმის მერიის პროგრამული ხარჯით გაიწერა ინტეგრირებული [შშმ და ტიპური განვითარების ბავშვების თანამონაწილეობით] სპექტაკლის დადგმა.
„ამ სპექტაკლის რეჟისორად მომიწვიეს, ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა პირველივე სპექტაკლი და გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა დასი. შემდეგ დავიწყეთ სახსრების მოძიება, რადგან ჩვენ ფინანსები არ გვქონდა. ვწერდით სხვადასხვა პროექტს და ამით რაღაცნაირად ვარსებობდით“, – ამბობს ნატალია გალოგრე.
კადრები ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის სპექტაკლებიდან: “ერთი უბრალო ამბავი”; და “ყველას უყვარს ოპალი”.
ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის ბათუმის მერიის ყოველწლიურ დაფინანსებაზე გადაყვანის სურვილი დასმა არაერთხელ გაახმოვანა მერიასთან.
„2022 წელს მივედით ბათუმის მერიაში და ვთხოვეთ ბათუმის მერიას დაფინანსება უშუალოდ ჩვენი დასისთვის, რომ რაღაცნაირად მუდმივობის განცდა გვქონოდა“, – ამბობს ნატალია. წელს მერიამ ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასი, დასის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვით დააფინანსა.
„თითქმის დასის დაარსებიდანვე ჩართულია ჩემი შვილი ამ პროცესში. წლების მანძილზე ეს დასი იბრძოდა, რომ რაღაც ფინანსები მოეპოვებინა, პროექტების ხარჯზე წვალებით გაჰქონდა თავი. ვცდილობდით ფინანსური მდგრადობა მოგვეპოვებინა და ხშირად მივმართავდით მერიას.
ამ ახალგაზრდებს/ინკლუზიურ დასს აუცილებლად სჭირდება საარსებო წყარო, რომ ყოველთვის ენთუზიაზმზე არ იყვნენ და მათაც ჰქონოდათ რაღაც მცირეოდენი შემოსავალი, ჰონორარის სახით.
ბევრჯერ მივმართეთ მერიას და სიმართლე გითხრათ, მეც იქ ვიყავი, როდესაც ბათუმის მერმა, არა მხოლოდ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით [მასთან ერთად მაშინ იმყოფებოდა სხვა განყოფილებებიც], მიზნობრივად ამ კონკრეტული, ინკლუზიური დასისთვის გამოყო ბიუჯეტი. თუმცა, რატომღაც დასს კვლავ ბრძოლა უწევს ამ თანხის მოსაპოვებლად“, – ამბობს რუსუდან შერვაშიძე, დასის ერთ-ერთ წევრის, 20 წლის თათია გოგიტიძის მშობელი.
რუსუდან შერვაშიძე და თათია გოგიტიძე
ბათუმის დამოუკიდებელი ცენტრის ხელმძღვანელი, იურისტი რამინ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სატენდერო კომისია შესაძლოა სათანადოდ ვერ ერკვეოდეს შშმ პირთა საკითხში, ამიტომ ის მიიჩნევს, რომ საჭიროა უფრო საფუძვლიანი მოკვლევა და კონსულტაცია შშმ პირთა უფლებებსა და საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან:
„სატენდერო კომისიის დოკუმენტები რომ ვნახე, იქ არის საკითხები, რომლებიც მიანიშნებს, რომ კარგად არ არის შესწავლილი საკითხი და ზედაპირულად მინიშნებულია, რომ იქ პრობლემა არ არის.
მაგალითად, მთავარი მიმართულება ინკლუზიური თეატრალური დასისა არის ის, რომ ის ყველა შშმ პირზე იყოს ადაპტირებული, მათ შორის მნიშვნელოვანია სმენის არმქონე ხალხი. შესაბამისად, ჟესტური ენის თარგმანი, როგორი იქნება და რამდენად კვალიფიციური იქნება ის ხალხი, ვინც ამას გადათარგმნის, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც კონკრეტულად თეატრალური დასის წარმომადგენლებმა მაჩვენეს, მე იქ ვერ ამოვიკითხე, მაგალითად, რომ კვალიფიციური კადრი თარგმნის ჟესტურ ენაზე;
კიდევ იყო პრობლემები სხვა მიმართულებით, მაგალითად, ზოგიერთი სპეციალისტი ვინც იყო იქ ჩართული, არ არის იმ მიმართულებით ზუსტად სატენდერო კომისიის მოთხოვნების შესაბამისი კადრი. ეს, ასე ვთქვათ, გავარკვიეთ ჩვენი შიდა კავშირებით. სატენდერო კომისიას ზუსტად ეს ევალება, რომ გაარკვიოს რამდენად შეესაბამება პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რეალობას.
ჩვენ და სხვა ორგანიზაციები ამისთვის ვარსებობთ, რომ თუ კომისიას კონსულტაცია ან რჩევები დასჭირდებოდა, მოგვმართოს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ განახორციელებს ამ პროგრამას, რომელიც მერიას აქვს. მთავარია, კვალიფიციურად განხორციელდეს“, – განმარტავს რამინ მაჭარაშვილი.
რამინ მაჭარაშვილი
დასის წევრი, ეტლით მოსარგებლე 15 წლის ანეტა ტაკიძე ამბობს, რომ დასმა წლების მანძილზე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა საიმისოდ, რომ დაფინანსებისთვის ბრძოლა არ უწევდეთ და ბიუროკრატიული ხარვეზების გამო არ ფერხდებოდნენ მუშაობისას: „მართლა დაუშვებელია ასეთი პრობლემები გვხვდებოდეს, როცა დასი ამდენი ხანია არსებობს და ასე ხშირად ვაკეთებთ სპექტაკლებს, ვმონაწილეობთ აქტიურად“.
17 წლის ლინდა დავითაძე წელიწად-ნახევრის წინ შეუერთდა დასს. „ჩვენი დასის სლოგანია – თავს ზემოთ ძალა არსებობს და რომ ეს დასი სიყვარულია. მე საკუთარი თვალით ვიხილე, რომ ეს დასი მართლა ემსახურება ამ ორი სლოგანის განხორციელებას.
ჩვენ მართლა ვამტკიცებთ, რომ არსებობს თავს ზემოთ ძალა. მართლა ისეთი ატმოსფეროა [დასში], რომ სიყვარული ტრიალებს ყველგან. ჩვენ ეჭვი გვეპარება, რომ ასეთი პრინციპებითა და ღირებულებებით გააგრძელებს სხვა ამ საქმის კეთებას. ამიტომ არ მინდა, რომ ეს სიყვარული, სითბო და ყველაფერი კარგი, რაც საერთოდ ამ დასმა მოგვცა, წყალში ჩაგვეყაროს“, – ამბობს ის.
დასის წევრების მშობლები ამბობენ, რომ არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ფორმით და რა შემადგენლობით გააგრძელებს ეს კონკრეტული დასი არსებობას მას შემდეგ, რაც პასუხისმგებლობას ინტეგრირებული სპექტაკლების დადგმაზე სხვა შემოქმედებითი ჯგუფი გადაიბარებს.
მედიასთან სატელეფონო საუბრისას მერიის სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, სოფო ხალვაშმა თქვა, რომ სავარაუდოდ ახალი ტენდერი გამოცხადდება.
კომისიის ერთ-ერთი წევრი, ლამზირა ბოლქვაძე კი ადასტურებს, რომ მიუხედავად საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა, ხელშეკრულება გაფორმების ეტაპზეა.
„პრეტენდენტს [ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას] რაც მოვთხოვეთ, რაც სატენდერო დოკუმენტაციით გვქონდა გათვალისწინებული, ყველა შესაბამისი დოკუმენტი წარმოადგინა. რა თქმა უნდა, ჩვენ მას მონიტორინგს გავუწევთ და როგორც საწყის ეტაპზე, ისე მიმდინარეობისას დავაკვირდებით“, – თქვა ლამზირა ბოლქვაძემ.
ბათუმში მცხოვრები ოჯახი, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ექიმს ორსული ქალის არასწორ მკურნალობაში, დაგვიანებულ რეაგირებასა და ჩვილის დაღუპვაში ადანაშაულებს.
დაღუპული ჩვილის ოჯახის წევრის ინფორმაციით, უკვე 41 კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო. ოჯახი ჩარევას ითხოვდა, თუმცა ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ექოსკოპიამ 26 ივლისს ბავშვის დაღუპვა დააფიქსირა, რის შემდეგაც ქალს ოპერაცია გაუკეთეს.
„ისიც ძლივს გადაარჩინეს. ჩვენ გავიგეთ ისიც, რომ ეს ექიმი კლინიკა ბმს-ში მუშაობდა, იქ სამშობიარო ბლოკი დაიხურა. რატომ გააგრძელა მან სხვა კლინიკაში მუშაობა, შენობის გამო ხომ არ იღუპებიან პაციენტები? – ჩვენ დროულ გამოძიებას და ექიმის დასჯას ვითხოვთ“, – ამბობს გიული გაბიტაძე. დაღუპული ბავშვის მამიდა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა იაშვილის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალს ჩვილის დაღუპვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად. აქ გვითხრეს, რომ კომენტარს არ აკეთებენ: „ჩვენ ვერ გავაკეთებთ კომენტარს, ვიდრე მოკვლევა არ დასრულდება“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.
ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 910 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა.
ლაო ჯინ ჯაოს სახლი ჩაქვში
ტენდერს თან ახლავს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შენობაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად ორსართულიან შენობას, დამონტაჟდება ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისთვის, ეზოში მოეწყობა კაფეს მსუბუქი კონსტრუქცია და ტერიტორია შემოიღობება.
შენობასა და ტერიტორიაზე მოეწყობა ელექტროგაყვანილობის, წყლისა და კანალიზაციის, ბუნებრივი აირის, ვიდეოსამეთვალყურეო და კომპიუტერული ქსელები.
ლაო ჯინ ჯაოს სახლი რეაბილიტაციის შემდეგ / ესკიზი პროექტიდან
ხარჯთაღრიცხვაში არის ჩასატარებელი სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, მათ შორის:
„კედლების მოპირკეთება კერამიკული ფილებით (კაფელი), შეკიდული ჭერების მოხსნა, აგურის კედლების მონგრევა; მარმარილოს იატაკის საფარის აყრა ქვების შენარჩუნებით, მარმარილოს იატაკის აღდგენა საგამოფენო სივრცეში ახალი ფილების დამატებით [40%], ახალი აგურის კედლების კედლების ამოშენება დაშლილი აგურის გამოყენებით; შიდა კიბის საფეხურების მოწყობა მოზაიკის ზედაპირით, ბუხრების აგურის ზედაპირის აღდგენა ინტერიერში;
ინტერიერში დეკორატიული ბუნებრივი ქვის პლინტუსის მოწყობა არსებული ნიმუშის მიხედვით, ინტერიერში შეკიდული ჭერის ქვეშ არსებული ნიმუშის მიხედვით დეკორატიული კარნიზის მოწყობა ქვიშა-ცემენტის ხსნარით, არსებული კედლების გალესვა ქვიშა-ცემენტის ხსნარით, კედლების დამუშავება და შეღებვა წყალემულსიის საღებავით პირველ სართულზე; ტიხრის ამოშენება ოფისისთვის; ლამინატის იატაკის საფარის მოწყობა პლინტუსებით;
მეორე სართულზე გადახურვის ხის კონსტრუქციის დამუშავება ანტი ჭიის და კოროზიული ხსნარით, გადახურვის ხის კონსტრუქციის გალაქვა უფერო მაღალი ხარისხის ლაქით, ფასადების გაწმენდა მცენარეული საფარისგან, ტერიტორიის გაწმენდა მთელ პერიმეტრზე, ექსტერიერში აგურის საფეხურების აღდგენა;
ფასადების გასუფთავება არსებული ნალესობისგან, ფასადების დამუშავება და შეღებვა საფასადე საღებავით, ეზოში ბუნებრივი ბაზალტის ქვაფენილის საფარის მოწყობა; კაფეს მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობა; ღობის ლითნის ელემენტების მონტაჟი და ღობეზე ხის პანელის მოწყობა და სხვა.“
ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 10 აგვისტოს დაიწყება და 15 აგვისტოს დასრულდება. პირობის მიხედვით, „სამუშაოები უნდა დაიწყოს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2025 წლის 18 მაისამდე.“
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სახლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ამასთან, ქონება კმდს-ზეა გადაცემული სარგებლობაში – „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნამდე ვადით“.
ჩაქვში, სანაპიროზე [ზღვიდან დაახლოებით 30 მეტრში] მდებარე ეს ქონება 2021 წლიდან „საქართველოს საპარტნიორო ფონდისთვის“ იყო გადაცემული, მანამდე კი, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენდა.
სახელმწიფომ, 2023 წლის სექტემბერში, ქონება ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა, ქობულეთმა კი – 2023 წლის 31 ოქტომბერს აჭარას – შემდგომში პრივატიზებისთვის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს დაბა ჩაქვში, ნინოშვილის ქ. N12-ში მდებარე 1379 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 348,20 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის პრივატიზების საკითხს.“
ლაო ჯინ ჯაოს სახლის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვაზე ხელშეკრულება კმდს-მ ინდმეწარმე პაატა ნუცუბიძესთან 2024 წლის თებერვალში გააფორმა. საპროექტო დოკუმენტაციაში სააგენტომ 53 700 ლარი გადაიხადა.
პროექტის შესაძენად ტენდერი 70 ათასი ლარით იყო გამოცხადებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივლისის 21 საათიდან 29 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის და დილის საათებში ელჭექის ხასიათის წვიმა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 19 – 24 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 16 – 19 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით აჭარაში 30 ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 31 ივლისს და 1-ელ აგვისტოს კი წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 574 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
ტანკი – 8 344 ერთეული [+13]
ჯავშანტექნიკა – 16 095 ერთეული [+21]
საარტილერიო სისტემა – 15 936 ერთეული [+51]
MLRS – 1 127 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 906 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 766 ერთეული [+30]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 405 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 21 572 ერთეული [+72]
სპეცტექნიკა – 2 671 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
630 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
28 579 უპილოტო საფრენი აპარატი
556 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 702 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 392 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 469 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 143 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
27 ივლისს ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალის სცენა ვირტუოზ შვეიცარიელ დრამერ ჯოჯო მაიერს დაეთმო. არტისტმა ელექტრონული კვარტეტის, “ნერვის” თანხლებით, მსმენელებს დრამ ენდ ბეისისა და ჯანგლის უბადლო სესიები შესთავაზა. მსმენელი დრამერს ოვაციებით შეხვდა.
შვეიცარიელი დრამერი, ჯოჯო მაიერი ცნობილია დრამისადმი ინოვაციური მიდგომით და მოღვაწეობით ცოცხალი ელექტრონიკის ჟანრში.
შვეიცარიაში, ციურიხში დაბადებულმა მაიერმა დრამზე დაკვრა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო და სწრაფად დაიმკვიდრა რეპუტაცია ტექნიკური ცოდნისა და შემოქმედებითი მრავალფეროვნების გამო.
მაიერი ცნობილია თავისი პროექტით, Nerve, რომელიც მან 1990-იანი წლების ბოლოს დააარსა. Nerve-მა დაიწყო როგორც ექსპერიმენტული პლატფორმა, რათა შეერწყა ცოცხალი დრამი ელექტრონული მუსიკის ისეტი ჟანრებისათვის, როგორიცაა დრამი და ბასი, jungle, and breakbeat.
შავი ზღვის ჯაზფესტივალი
მაიერის უნიკალურმა უნარმა, გაიმეოროს ელექტრონული დრამის შაბლონები აკუსტიკური დრამის სეტზე მას საერთაშორისო აღიარება და ერთგული მიმდევრები მოუპოვა.
შავი ზღვის ჯაზფესტივალი
ხვალ, 28 ივლისს შავი ზღვის ფესტივალის დასკვნით ეტაპზე მაყურებლის წინაშე ჯექსონები წარსდგებიან. ჯექსონების შოუზე გაჟღერდება ხუთივე ძმის, მათ შორის ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველა ცნობილი მეგა ჰიტი, რომლებმაც დიდი ხანია მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა: “ABC”, “I Want You Back”, “I’ll Be There” და მრავალი სხვა.
ჯექსონები, თავდაპირველად ცნობილი როგორც The Jackson 5, არის საკულტო ამერიკული პოპ და R&B ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა გარიშში, ინდიანაში. თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ ძმები ჯეკი, ტიტო, ჯერმეინი, მარლონი და მაიკლ ჯექსონი. 1960-იანი წლების ბოლოს ჯგუფმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ხმის ჩამწერ სტუდია Motown Records-თან დებიუტით და გახდა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი.
The Jackson 5
Jackson 5 აღმოაჩინა Motown-ის აღმასრულებელმა ბობი ტეილორმა და 1968 წელს ლეიბლს ხელი მოაწერა. მათი პირველი ოთხივე სინგლი, “I Want You Back”, “ABC”, “The Love You Save” და “I’ll Be There, ” მოხდა Billboard Hot 100 ჩარტში, რამაც ჯგუფი დაამკვიდრა, როგორც მთავარი ძალა მუსიკალურ ინდუსტრიაში. პოპის, სოულისა და R&B-ის მათმა ინფექციურმა ნაზავმა აუდიტორია მთელ მსოფლიოში მოხიბლა.
„ეს არის ფული პარტიული აქტივისთვის. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილს აღარ უნდა საკუთარი ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. გადაწყვიტა, ჩვენ თვითონვე დაგვაფინანსებინოს თავისი ავტორიტარიზმი,“ – მიიჩნევს ანა დოლიძე, პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი საქართველოს მთავრობის ახალ განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტებს 20 მილიონ ლარს აძლევენ „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშესაწყობად“.
პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, სამოქალაქო ორგანიზაციებიც, რომლებიც საარჩევნო გარემოს აკვირდებიან, მთავრობის ახალ განკარგულებაში საარჩევნო მოტივაციას ხედავენ და ამომრჩევლის მოსყიდვის რისკს.
საქართველოს მთავრობამ განკარგულება 2024 წლის 23 ივლისს გამოსცა, სადაც არ ჩანს კონკრეტულად – რა მიზანს მოხმარდება ეს 20 მლნ ლარი, ან როგორ დაასაბუთა მთავრობამ, რომ 20 მილიონი სჭირდება წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტებს „ჩართულობის ხელშესაწყობად“?
რაც მკაფიოდ ჩანს, არის ის, რომ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს.
მთავრობის დადგენილება უშვებს ტენდერების გარდა გამარტივებულ შესყიდვასაც: „პროექტ(ებ)ის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შესაბამისი პროცედურების განხორციელება სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებლად,“ – აღნიშნულია განკარგულებაში.
წინასაარჩევნოდ მთავრობა თითოეულ მუნიციპალიტეტს თანხას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნაწილებს, მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 298 249 ლარს მიიღებს, გორი – 891 409 ლარს. თუ ამ თანხას ამავე მუნიციპალიტეტებში სოფლების რაოდენობაზე გავყოფთ, გამოვა, რომ გორში ერთ სოფელში საშუალოდ 7428 ლარი დაიხარჯება [გორის მუნიციპალიტეტში სულ 120 სოფელია], ლანჩხუთის სოფლებში კი, საშუალოდ 5523 ლარს [ლანჩხუთში სულ 54 სოფელია] უნდა ელოდნენ.
განკარგულების მიხედვით, 20 მილიონიდან არაფერი არ მოუწევს თბილისის, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის, აჟარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულს მუნიციპალიტეტებს.
რას მოხმარდება ეს 20 მილიონი მუნიციპალიტეტებში, რას ამბობს განკარგულება?
„… განაწილებული თანხა უნდა მოხმარდეს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების გათვალისწინებით, იმ პროექტ(ებ)ის განხორციელებას, რომელიც შეირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლ(ებ)ის მეშვეობით, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენილი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
პროექტ(ებ)ის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი.
თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამავე განკარგულების დანართით შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის 200 პროცენტს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს ინფორმაციის შესწავლას, ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა,“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
რა დასაბუთებით და კონკრეტულად რა მიზნით მიიღო საქართველოს მთავრობამ ეს დადგენილება? რატომ ტოვებს დადგენილება ღიად კორუფციის რისკებს და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლებლობას? – „ბათუმელები“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.
თამარ კორძაია: „ეს არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა“
„ეს არის პირდაპირ საბიუჯეტო სახსრებით საარჩევნო კამპანიის ჩატარების გზა. ამ განკარგულების სათაურიც ამაზე მეტყველებს, როცა საუბარია მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაზე, გამოყოფილია ამხელა თანხა და არ არსებობს დასაბუთება: როგორ განსაზღვრა მთავრობამ, რომ 20 მილიონი სჭირდებოდა და არა 10 მილიონი, მაგალითად?
ჯერ უნდა განისაზღვროს მოქალაქეების საჭიროებები და მერე უნდა გამოიყოს თანხა.
ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტების მერი მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას თურმე და გამოიყენებს გამარტივებულ შესყიდვას,“ – კატეგორიულია პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას შეფასება 20 მილიონის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემაზე. ის პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერია.
თამარ კორძაია
თამარ კორძაია განმარტავს, რომ დასაბუთების არსებობის შემთხვევაში, რაც ამ დადგენილებაში არ ჩანს, თვითმმართველობებს ცალ-ცალკე უნდა წარმოედგინათ, რა ფორმით აპირებენ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
„სხვანაირად ეს პირდაპირ ბიუჯეტის გაუმჭვირვალე ხარჯვაა. ჩვენ გვიწერია კანონში, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობა არის პრინციპი, თვითონ „ოცნება“ გამჭვირვალობაზე საუბრობს და ამ დროს ბიუჯეტის თანხას ხარჯავენ სრულიად გაუმჭვირვალედ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საბიუჯეტო სახსრების საარჩევნოდ გამოყენების შეფარულ ფორმასთან. ეს არის „ოცნების“ კოორდინატორების ფული, ადამიანების, რომლებიც სოფელ-სოფელ ივლიან და ამას შემდეგ სხვა ფორმით გააფორმებენ,“ – დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვიდრე რეგიონული განვითარების სამინისტრო ამ პროექტების შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობას წარუდგენს, ანუ 2025 წელს, საპარლამენტო არჩევნები უკვე ჩატარებული იქნება.
„მთავარია, ამ თემას ბოლომდე მივყვეთ. ვნახოთ, რაში დაიხარჯება ეს ფული, მერე შეიძლება ძალიან გვიანი იყოს,“ – დასძინა თამარ კორძაიამ „ბათუმელებთან“.
მალხაზ ჭკადუა: „ცალსახაა, რომ ეს განკარგულება არჩევნებთანაა მიბმული“
მალხაზ ჭკადუას, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსს და კორუფციის მკვლევარს, პირველ რიგში, თვალში მთავრობის განკარგულების ის პუნქტი ხვდება, რომელიც პროექტების გამარტივებული შესყიდვების გზით განხორციელების შესაძლებლობას უშვებს.
„ეს კორუფციის რისკებს აჩენს, არსებობს რისკი, რომ კონტრაქტორებად შერჩეული იქნებიან სავარაუდოდ პირები პოლიტიკური ლოიალობიდან, ასევე გარკვეული ფარული გარიგებებიდან გამომდინარე,“ – გვიყვება მალხაზ ჭკადუა და მთავრობის ახალი განკარგულების კიდევ რამდენიმე ჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას.
„ვკითხულობთ, რომ მერის წარმომადგენლებმა უნდა მოუსმინონ მოქალაქეებს, რა საჭიროებები აქვთ მათ დასახლებაში და მერმა ამ ინფორმაციის მიღების საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი პროექტი დააფინანსოს.
პირდაპირ ვერ წაიღებს ამ ფულს ვერავინ. მაგალითად, რომელიმე სოფელში თუ გზის დაგება ჯდება 300 ათასი ლარი, მერს შეეძლება ამ განკარგულების მიხედვით, 100 ათასი ლარის გამოყენება, დამატებით 200 ათას ლარს კი, საკუთარი ბიუჯეტიდან აიღებს, რადგან განკარგულების მიხედვით, თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამავე განკარგულების დანართით შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის 200 პროცენტს.
თუმცა როგორ უნდა გაიმართოს ეს კონსულტაციები, სოფლის კრება უნდა ჩატარდეს, ან რა ტიპის ჩართულობაზეა საუბარი, გაუგებარია ეს,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.
მალხაზ ჭკადუა
მალხაზ ჭკადუა გვახსენებს აუდიტის დასკვნებსაც, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს თანხა აუთვისებელი რჩებათ, მათ შორის, ქობულეთის, ან ბათუმის მუნიციპალიტეტებს:
„ფულის არქონა კი არ არის პრობლემა, არამედ ფულის ხარჯვის სწორი მენეჯმენტია პრობლემა.
არ ვართ ოფიციალურად წინასაარჩევნო პერიოდში და საარჩევნო კოდექსის დათქმები ჯერ არ მუშაობს, თუმცა თუ ზოგადი პერსპექტივიდან შევხედავთ, ეს ელექტორატზე დამატებითი გავლენის მოხდენის კიდევ ერთი მექანიზმია.
მოქალაქეების ჩართულობის განვითარება ასე, ერთჯერადი ინიციატივით და ერთჯერადი განკარგულების გამოცემით არ ხდება. ჩვენ წლებია ამაზე ვსაუბრობთ. უმჯობესი იქნებოდა ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსში და ბიუჯეტის თანამონაწილეობის უზრუნველყოფა. პრაქტიკულად უნდა შეიცვალოს ეს მიდგომა,“ – მიიჩნევს მალხაზ ჭკადუა.
გიორგი მონიავა: „გაურკვევლობა ამ განკარგულებაში იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ფული შეიძლება მოხმარდეს სხვა მიზნებს…“
„ამ განკარგულებით არ ჩანს მიზნობრიობა, ბუნდოვანია ამ თანხის დახარჯვის საჭიროება და აუცილებლობა,“ – განკარგულებაში საარჩევნო მოტივაციას ხედავს გიორგი მონიავა, „სამართლიანი არჩევნების“ სამართლის ექსპერტი. იგი მთავარ აქცენტს გაურკვევლობაზე აკეთებს, რომლითაც შეიძლება ხელისუფლებამ ისარგებლოს.
„ჩნდება აშკარა, გონივრული ეჭვი, რომ საარჩევნოდ მოტივირებულია ეს ინიციატივა, შეიძლება ეს თანხა გახარჯული იყოს რომელიმე პოლიტიკური აქტორის, ამ შემთხვევაში სახელისუფლებო პარტიის მიზნებისთვის და მისი საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ ამ თანხის ხარჯვის ნაწილს აუცილებლად დავაკვირდებით, რამდენად გამჭვირვალედ დაიხარჯება ეს თანხა,“ – ამბობს გიორგი მონიავა.
გიორგი მონიავა
„სამართლიანი არჩევნების“ სამართლის ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს განკარგულებით განსაზღვრულ წესზე, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის მერი ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რა პროექტები უნდა დაფინანსდეს მუნიციპალიტეტში.
„ესეც არ არის იმ სტანდარტთან ახლოს, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს საბიუჯეტო თანხები… ასევე თანხის დახარჯვა შესაძლებელი იქნება გამარტივებული შესყიდვის წესით. ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა ეს თანხა არ მოხმარდეს იმ მიზნებს, რაც ამ დოკუმენტში ისედაც მწირად არის გადმოცემული.
არ არის დადგენილი, რა სახის პროექტები უნდა დაფინანსდეს, რა იქნება შეფასების კრიტერიუმი, რა მიზნობრიობის უნდა იყოს ესა თუ ის პროექტი, მაქსიმალური ზღვარი და მინიმალური ზღვარი, რამდენი პროექტი შეიძლება მომზადდეს,“ – ჩამოგვითვალა გიორგი მონიავამ.
ანა დოლიძე: „ივანიშვილს აღარ უნდა თავისი ფულის დახარჯვა…“
ანა დოლიძე მთავრობის ახალ განკარგულებაზე საუბრის დროს თვითმმართველობების ვალდებულებას გვახსენებს, მოქალაქეების ჩართულობა ისედაც არის მათი ვალდებულებაო.
„საარჩევნოდ ამ თანხის ცალკე გამოყოფა კი, არის თავისუფალი ფულის გამოყოფა ხალხის მოსასყიდად.
ანა დოლიძე
საქმე ისაა, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილს აღარ უნდა საკუთარი ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში… ეს აჩვენებს იმას, რომ ძალიან უჭირთ. ეს არის მუნიციპალიტეტებისთვის გადაგდებული ფული, პარტიული აქტივის ფულია ეს, დანარჩენს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა წაიღებს სახლში, ისინი აქამდეც არ იკლავდნენ თავს ხალხზე მუშაობით.
სინამდვილეში მაჩანჩალა ქვეყნის დონეზე ვართ, ამ დროს კი, ეს უზარმაზარი რესურსი იხარჯება პარტიული აქტივისთვის. ეს შეიძლება მოხმარებოდა უამრავ სოცდაუცველს, მრავალშვილიან ოჯახებს, სკოლებში უფასო კვება არ გვაქვს…
ინიციატივები თუ სურდათ მოქალაქეებისგან, ადამიანების წერილებით, მოთხოვნებით და ინიციატივებით სავსეა მერიები,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა „ბათუმელებთან“.
„ისეთი სუნია, სული მეწვის, ცუდად ვარ. მიდით გააშუქეთ, რაღაცა ქენით“, – დაგვირეკა მოქალაქემ რედაქციაში. მან დაჟინებით მოითხოვა ბათუმის საბაგიროსთან ჟურნალისტის მისვლა. „არა, ახლა მინდა, ახლა მოდით, მერე არ მინდა“, – საქმე ისაა, რომ ბათუმში, საბაგიროს მიმდებარედ, სანაპიროზე პერიოდულად გაუსაძლისი სუნია.
მოიჯარეები, რომლებიც იქ მუშაობენ, კომერციულ საქმიანობას ეწევიან, აცხადებენ, რომ „კანალიზაციის სუნს“ ზღვაში გამავალი მილი იწვევს და ამ პრობლემის თაობაზე არაერთ სახელმწიფო უწყებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„ტურისტები სახეზე იფარებენ, ცხვირზე ხელს იჭერენ და ისე დადიან. ცდილობენ სწრაფად გაიარონ და დატოვონ ეს ადგილი. რამდენჯერ დავრეკეთ 153-ზე – გარემოს დაცვიდან მოდიან, შეხედავენ მიდიან. ერთხელ ოქმი დაწერეს და მილი დააგრძელეს, ჩაუშვეს ზღვაში, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. გვიმტკიცებენ სანიაღვრეაო, პირდაპირ გამოდის ფეკალური მასები, სალფეთქები. არ არის ეს წვიმის წყალი, ტუალეტის წყალია, მოდით და გადაიღეთ.
პერიოდულად კეტავენ. ხან დიდი ოდენობით მოდის. უკვე აღარ ვიცით, ვის მივმართოთ, ბათუმის წყალში დავრეკეთ, სად არ დავრეკეთ, რეაგირება არ არის. დაკეტავენ – გაუშვებენ ისევ. გარემოს დაცვა რომ მოვა, მაშინ კეტავენ, მერე ისევ უშვებენ. ხან ღამით უშვებდნენ, ახლა არც დღე აინტერესებთ და არც ღამე. ტურისტი აქ მოდის, საბაგიროსთან, სირცხვილი არ არის? – მაგიტომ დაგიკავშირდით თქვენ, გააშუქეთ, რაღაცა ქენით. კიდევ ვის მივმართო“, – ამბობს გიორგი აბულაძე.
გიორგი აბულაძე
„ფეკალიები ჩაედინება პირდაპირ ზღვაში. სუნი გაუსაძლისია, გაურბის ყველა ამ სუნს. აქ იჯარის თანხას ვიხდით და კლიენტი აღარ გვყავს. ბევრჯერ დავრეკეთ და არაფერი. ვერაფერს წყვეტენ ეს უკვე სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს. სხვანაირად არ ხდება, ხომ ხედავთ“, – ამბობს შალვა ტაკიძე. ისიც აქ მუშაობს.
შალვა ტაკიძე
შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ეს სანიაღვრე მილია – აქ მომუშავეები კი აცხადებენ, რომ ამ მილის გავლით ზღვაში კანალიზაციის წყალი შედის
ბათუმის საბაგიროსთან, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, გაუსაძლისი სუნი იყო მაშინაც, როცა „ბათუმელები“ ადგილზე მუშაობდა, პერიოდულად ეს სუნი მძაფრდებოდა, მილთან მიახლოებისას სუნი იმდენად გაუსაძლისი ხდებოდა, რომ ახლოს გაჩერება შეუძლებელი იყო.
ეს ადგილი უცხოელი ტურისტებისა და ქალაქის სხვა სტუმრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზონაა, თუმცა ის წლებია მოუწესრიგებელია. დამცავ ნაგებობასა და სანაპიროს შორის წყალი დაჭაობებულია, სანაპირო კი მუდმივად ნარჩენებითაა დაბინძურებული. აქვეა ტურისტული ცენტრიც [„ბათუმელებმა“ აქ არსებული ვითარება გადაიღო, ვიდეოს გამოვაქვეყნებთ].
მოქალაქე, რომელმაც „ბათუმელებში“ დარეკა, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტსაც დაუკავშირდა, მან ცხელ ხაზზე დარეკა. ჩვენი მისვლიდან ცოტა ხანში ადგილზე გარემოსდაცვითი დეპარტამენტის 2 თანამშრომელი მივიდა. მათგან ერთ-ერთმა მილთან დაკავშირებით პირად საუბარში გვითხრა: „ეს აქ არ უნდა იყოს“.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მოქალაქე უხსნის, რა ვითარება ადგილზე და რატომ გამოიძახეს ისინი
„მოვა „სპეციალური სამსახური“ და მას ჰკითხეთ, მისგან აიღეთ ინტერვიუ“ – გვითხრა გარემოსდაცვის თანამშრომელმა
გარემოს დაცვის ზედამხედველობის წარმომადგენელი ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა – გვითხრა, რომ გამოიძახეს „სპეციალური სამსახური“ და გაარკვევენ, რასთან გვაქვს საქმე. 40 წუთზე მეტ ხანს ველოდეთ „სპეციალურ სამსახურს“. მოქალაქეს დაურეკეს და უთხრეს, რომ საცობის გამო აგვიანებენ. საბოლოოდ კი „ბათუმის წყლის“ წარმომადგენელი მოვიდა. ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი და არა სპეციალისტი.
მან გვითხრა, რომ განმარტებას ვერ მოგცემს, რადგან უფროსთან შეთანხმების ვალდებულება აქვს.
სანაპირო, სადაც ვერ დაისვენებთ, აქ საშინელი სუნია
მილიდან პერიოდულად ასეთი წყალი გამოდის
„ბათუმის წყლის“ წარმომადგენელს არაფერი გაუკეთებია, ან რა უნდა გაეკეთებინა, მასთან ერთად სპეციალისტები არ ყოფილან. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სავარაუდოდ კიდევ ერთი ოქმი შეადგინეს და წავიდნენ.
ჩვენ მოგვიანებით „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურს დავუკავშირდით და განმარტება ვთხოვეთ. „ბათუმის წლიდან“ პასუხი წერილობით გამოგვიგზავნეს. პასუხის მიხედვით, ისინი არაფერს არ გააკეთებენ:
„აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს ქალაქის სანიაღვრე მილი. სავარაუდოდ, ფიზიკური ან იურიდიული პირების მხრიდან ადგილი აქვს წყალარინების ქსელის უკანონო დაერთებას სანიაღვრე ქსელზე, რომლის დადგენაც ამ ეტაპისთვის შეუძლებელია“, – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან.“
„ბათუმის წყალში“ ვარაუდობენ, რომ სანიაღვრე მილზე უკანონო დაერთებებია და ეს ყველაფერი ზღვაში უპრობლემოდ გაედინება. მათი ვარაუდი ვარაუდად დარჩება, რადგან: „ამ ეტაპისთვის დადგენა შეუძლებელია“. ასევე უცნობია ეს „ეტაპი“ რა პერიოდს მოიცავს – ერთ თვეს, ერთ წელს, თუ უფრო მეტს.
შპს „ბათუმის წყლიდან“ 2024 წლის 16 ივლისს მოგვწერეს, რომ „აღნიშნულ ტერიტორიაზე ქალაქის სანიაღვრე მილი მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და ფუნქციონირებდა. სანიაღვრე მილის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით მოხდა აღნიშნული მილის სიგრძის გაზრდა და ზღვის სიღრმეში შეყვანა.“
საბაგიროს მიმდებარედ არსებულ ვითარებასა და ზღვაში გამავალ მილზე „ბათუმელებმა“ ინფორმაცია ქალაქის მერიისგანაც გამოითხოვა 17 ივლისს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
ზურაბ ბაკურაძე გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს და მუშაობს. ის პროფესიით იურისტია, კონკრეტულად კი კრიმინოლოგი. ამ ეტაპზე კი ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობს ძალადობის პრევენციის კუთხით. ზურას თქმით, „კარგი ცხოვრების გამო არავინ არ ტოვებს სახლს. ზოგი ომს გამოურბის, ზოგი ავადმყოფობას, ზოგი ფინანსურ გაჭირვებას“.
„ყველაზე ბედნიერი კონტინენტი ევროპაა“, – გვითხრა ზურა ბაკურიძემ, როცა მას საქართველოში მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის საფრთხეებზე ვკითხეთ.
ზურა, თავდაპირველად ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ, რა წყდება ამ არჩევნებით საქართველოსთვის და გერმანიაში მცხოვრებ ემიგრანტები რამდენად შეძლებენ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას?
კი, რა თქმა უნდა, ვაპირებ. ეს გადამწყვეტი არჩევნებია. საქართველო ამ წუთას გასაყარზე დგას. არჩევანი თითქოს მარტივია სიკეთესა და ბოროტებას შორის, ყოფნას და არ ყოფნას შორის, ტერორისტულ რუსეთს და ცივილიზაციას შორის, თუმცა უნდა ვიცოდეთ რა ძალასთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში კრემლთან და ხმებს დასჭირდება დაცვა.
ოპოზიცია აუცილებლად უნდა გავიდეს მოქალაქეებთან უფრო მჭიდრო კონტაქტზე, განსაკუთრებით იმათთან, ვინც კრემლის პროპაგანდის სამიზნეები და მსხვერპლნი არიან. თბილისს მიღმაც არის საქართველო, არის რეგიონები, სადაც აუცილებელია ინფორმაციის პირადად გავრცელება და ამ ხალხის დარწმუნება იმაში, თუ რატომ არის ცვლილება აუცილებელი.
გერმანიაში ძალიან ბევრი ქართველია, მათ შორის ბევრი ლტოლვილი და არალეგალურად შემოსული. სამწუხაროდ, მოთხოვნის და მზადყოფნის მიუხედავად ყველა ქალაქში არ იხსნება საარჩევნო უბანი, მხოლოდ იქ, სადაც საელჩო-საკონსულოებია.
ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქ მიწის დატოვების უფლება არ აქვს, ზოგს პასპორტი აქვს ჩაბარებული, ზოგს ნდობა აქვს გამქრალი და არ უნდა საელჩოში მისვლა, არ უნდა რომ დაფიქსირდეს, ამას ემატება გადაადგილების ხარჯებიც, ზოგი უბრალოდ მუშაობს იმ დღეს და ვერ მიდის სხვა ქალაქში ხმის მისაცემად, ბევრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ გადაადგილდება შორ გზაზე. შესაბამისად, ეს ხალხი ვეღარ ახერხებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ასეთ დროს კი ძალიან მარტივად იკარგება ძალიან საჭირო ხმები.
იმედი მაქვს, ქართველი ხალხი გადამწყვეტ მომენტში, როგორც გვჩვევია, გაერთიანდება, სწორ არჩევანს გააკეთებს და ხმებსაც დაიცავს. გვჯეროდეს საქართველო და გამარჯვება ჩვენს მეგობარ უკრაინას.
თქვენ უკვე საკმაო ხანია გერმანიაში ცხოვრობთ, რა არის თქვენთვის ევროკავშირი, რას შეცვლის ის უკეთესობისკენ საქართველოსთვის, რაში სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირი?
პირველ რიგში თავისუფლება და დაცულობა. ამ ორს მოაქვს სხვა დანარჩენი სიკეთე, იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური, რაც აუცილებელია განვითარებისთვის. ნამდვილი მშვიდობაც იქაა, სადაცა თავისუფლებაა.
ევროკავშირის მთავარი ღირებულებაა ადამიანი. არის კრემლის პროპაგანდა, თითქოს ევროკავშირი გარყვნილია, მტერია etc. სინამდვილეში პირიქითაა. ევროკავშირის დევიზია „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ (in varietate concordia) და ამ მრავალფეროვნებას ყველა პატივს სცემს, ყველა ინარჩუნებს თავის იდენტობას, რწმენას და ტრადიციას.
შოთა რუსთაველიც ხომ დასაწყისშივე ამბობს – „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა“. ამიტომ ჩვენც ამ მრავალფეროვნების ნაწილი ვართ უბრალოდ, როგორც მერაბ კოსტავა წერს – „რუსეთმა მოგვწყვიტა და დაგვაშორა ერთმორწმუნე ევროპას“.
გლობუსს რომ გადავხედოთ, ყველაზე ბედნიერი კონტინენტი ევროპაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები. უნაკლო, რა თქმა უნდა, არაფერია. უბრალოდ, არსებულს შორის საუკეთესოა, სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის აქეთ – უკეთესი მომავლის ან, უბრალოდ, გადარჩენისთვის.
დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ოფიციალურად შეჩერებულია. თუმცა, ეს პროცესი განახლდება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში და ჩვენც ჩვენი ევროპული, კიდევ უფრო უნიკალური ქართული კულტურით და საზოგადოებით უკეთესს გავხდით ევროკავშირს.
ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში მხოლოდ ქართველ გულშემატკივრებს ჰქონდათ თან ევროკავშირის დროშები საქართველოს დროშებთან ერთად.
ევროკავშირის შექმნის იდეა ქართველ იურისტს მიხეილ მუსხელიშვილის, იგივე მიშელ მუსხელს ეკუთვნის, მანვე შექმნა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტი.
საქართველოს არასდროს გაუწყვეტია თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა და არც უნდა გაწყდეს მიზნის მიღწევამდე. სამწუხაროდ, ამის განადგურებას და წართმევას ცდილობს რუსული იმპერიალიზმი, რათა დავრჩეთ მარტოები მის წინაშე, მეგობრების გარეშე. მერე გაუადვილდება ჩვენი სრული ოკუპაცია.
თქვენი დაკვირვებით, რუსული კანონის მიღებამ როგორ შეცვალა გერმანია-საქართველოს ურთიერთობები?
გერმანია ჩვენი დიდი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც მუდამ მხარში გვიდგას. მას უამრავი პროექტი აქვს საქართველოში განხორციელებული განათლების, კულტურის ჯანდაცვის, თავდაცვის განვითარებისთვის. ის ევროკავშირში წამყვანი ქვეყანაა.
ასეთი ურთიერთობის და პარტნიორობის შემდეგ, არ შეიძლება მათ უძახო მტერი, აგენტი და დააბრალო თითქოს ომში გვითრევენ.
რუსული კანონის შემთხვევაშიც, ვიტყოდი, რომ ეს უფრო რუსული უკანონობაა. ის მიიღეს ბევრი თხოვნისა თუ პროტესტის მიუხედავად. როცა ადგახარ კრემლის და კადიროვის ჩეჩნეთის გზას, რა თქმა უნდა, ნორმალურ ქვეყანას აღარ უნდა შენთან ურთიერთობის გაგრძელება.
ევროპის ქვეყნებში გასაგებადაა გამიჯნული საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი. მათ იციან, რა უნდა ქართველ ხალხს და რა უნდა ასე ვიტყოდი, დე ფაქტო მთავრობას. ეს კარგად გამოჩნდა ამ საპროტესტო აქციებზე რუსული უკანონობის წინააღმდეგ. მთავრობა, რომელიც არ გამოხატავს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, (რაც კონსტიტუციითაა გამყარებული, კერძოდ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება) და გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ის არ არის მთავრობა. ყველა ხედავს ევროპაში ამას.
ნამდვილად არ დარჩენილა ევროპაში ჩვენი პარტნიორი, რომელსაც არ უთქვამს, რომ ეს კანონი/უკანონობა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. საქართველოს დე ფაქტო მთავრობამ დაკარგა პარტნიორობის და მეგობრობის ნდობა. მეგობრობა კი ნდობის გარეშე არ არსებობს.
გერმანიასთან გაჩერებული ურთიერთობებიც აღდგება საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
გვითხარით თქვენზეც, საკმაო ხანია ცხოვრობთ გერმანიაში, საქართველოშიც სწავლობდი და აქაც, რა ტიპის განსხვავებებს ხედავ?ოდესღაც აქ თქვენც უცხოელი, ჩამოსული იყავით. რა გზა გაიარეთ იქამდე, სადაც ახლა საქმიანობთ?
პროფესიით იურისტი ვარ. იურისპრუდენცია ვისწავლე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, გერმანიაში ჰანოვერის უნივერსიტეტში და საფრანგეთში რუანის უნივერსიტეტში. ვმუშაობ არასრულწლოვნებში და მოზარდებში ძალადობის მიზეზებზე და პრევენციაზე, ვარ ორგანიზაცია European Home Care-ის ლტოლვილთა თავშესაფრის ხელმძღვანელი.
საერთო ჯამში, 14 წელია, რაც გერმანიაში ვცხოვრობ.
2005 წლამდე, სანამ საქართველო ბოლონიის პროცესს მიუერთდებოდა და განათლების სფეროში საჭირო რეფორმები გატარდებოდა, 90-იანი წლების ბნელი ინერცია იყო ქვეყანაში და ეს განათლების სფეროსაც ეხებოდა. თუმცა თბილისში უკვე მაგისტრატურის პერიოდში (2006-2008) აშკარად დავინახე სასწავლო პროცესის პროგრესი და ბევრი რამეც გავიგე და ვისწავლე.
მთავარი და ძირეული განსხვავება მაინც ის იყო, რომ აქ, გერმანიაში პირველივე ლექციაზე, ევროპის სამართალში, პროფესორმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო ლექცია და სტუდენტებს გვითხრა: „არაფერზე გაცვალოთ თავისუფლება, თორემ დაკარგავთ თავისუფლებასაც და იმასაც, რაზეც გაცვალეთ ის“ და შემდეგ გადავიდა საგანზე.
მაშინ ასე ლექციას საქართველოში არავინ იწყებდა. დღეს თუ ვინმე დაიწყებს, კარგი იქნება და საჭიროა.
დღეს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი რეალურად სწავლების ხარისხშია. სტუდენტების ცხოვრება უნივერსიტეტს გარეთ და შიგნით გერმანიასა და საქართველოში ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, გამორიცხულია ეს სწავლის ხარისხზე არ აისახოს.
საქართველოში სტუდენტებს მუდმივ რეჟიმში უწევთ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, აქაც უწევთ, მაგრამ საქართველოში საბაზისო უფლებებზეა საუბარი, აქ კიდევ უკვე არსებული უფლებების გაუმჯობესებაზე.
ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-17 ჯაზფესტივალი დაიწყო.
ფესტივალი 11 გრემის მფლობელმა ფილიპ ლასიტერმა გახსნა. ლასიტერი ლეგენდარული არტისტის პრინცის (PRINCE) New Power Generation-ის უცვლელი წევრი იყო. მან გუშინდელ საღამოზე ჩასაბერ ინსტრუმენტზეც დაუკრა როცა ერთ-ერთი ნომერი მისი ბენდის წევრმა შეასრულა.
შავი ზღვის ჯაზფესტივალი
შავი ზღვის ჯაზფესტივალი
დღეს, 27 ივლისს ფესტივალის სტუმრების წინაშე ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი წარსდგება. ჯოჯო მაიერი ცნობილია, როგორც ჯაზის, დრამენდბეისის და ჯანგლ ( Jazz, Drum&Bass, Jungle) მუსიკალური სტილის გამაერთიანებლად. ის არის ელექტრონული კვარტეტის NERVE-ს ლიდერი, რომელიც მან 1997 წელს დააარსა.
ჯოჯო მაიერი ცნობილი შვეიცარიელი დრამერია, რომელიც ცნობილია დრამისადმი მისი ინოვაციური მიდგომით და მოღვაწეობით ცოცხალი ელექტრონიკის ჟანრში. შვეიცარიაში, ციურიხში დაბადებულმა მაიერმა დრამზე დაკვრა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო და სწრაფად დაიმკვიდრა რეპუტაცია ტექნიკური ცოდნისა და შემოქმედებითი მრავალფეროვნების გამო.
მაიერი ცნობილია თავისი პროექტით, Nerve, რომელიც მან 1990-იანი წლების ბოლოს დააარსა. Nerve-მა დაიწყო როგორც ექსპერიმენტული პლატფორმა, რათა შეერწყა ცოცხალი დრამი ელექტრონული მუსიკის ისეტი ჟანრებისათვის, როგორიცაა დრამი და ბასი, jungle, and breakbeat. მაიერის უნიკალურმა უნარმა, გაიმეოროს ელექტრონული დრამის შაბლონები აკუსტიკური დრამის სეტზე მას საერთაშორისო აღიარება და ერთგული მიმდევრები მოუპოვა.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მაიერი თანამშრომლობდა მრავალფეროვან არტისტებთან, მათ შორის ჯონ მედესკის, მეშელ ნდგეოჩელოსთან, ვერნონ რეიდთან და ბევრ სხვასთან. მის ნამუშევრებს ახასიათებს ჯაზის, როკისა და ელექტრონული გავლენის ნაზი ნაზავი, რომელიც სცილდება ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტების მუსიკის საზღვრებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 573 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
ტანკი – 8 331 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 16 074 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 15 885 ერთეული [+45]
MLRS – 1 125 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 905 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 736 ერთეული [+53]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 403 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 21 500 ერთეული [+86]
სპეცტექნიკა – 2 671 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
630 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
28 545 უპილოტო საფრენი აპარატი
556 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 698 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 390 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 446 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 115 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„დალხენილად არასდროს მიცხოვრია, არც ბედნიერი ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი ახლანდელი მდგომარეობა ყველაზე სევდიანი გამოდგა, თავს ძალიან უსუსურად ვგრძნობ“, – გვეუბნება ბათუმში მცხოვრები, 65 წლის ნაზი აბულაძე.
უკვე 6 წელია, რაც ნაზი საერთოდ ვერ გადაადგილდება და მთელ დღეს საწოლში ატარებს.
„ამ დასაწვავ დაავადებას რა დავარქვა აღარ ვიცი, წითელი ქარები დამიდგინეს ექიმებმა.
იმას ვნატრობ, რომ არავინ დამჭირდეს გადაადგილებისთვის. ყველაფერში შვილის დახმარება მჭირდება და ამიტომ ვერ მუშაობს. კაპიკი შემოსავალი არ გვაქვს არსაიდან. პენსია მაქვს და ამასაც ქირაში ვიხდით. 24 წელია ნაქირავებში ვცხოვრობთ. მინდა, რომ ჩემი შვილი სახლიდან გავიდეს და ორი კაპიკი იშოვოს.
ჩემმა არსებობამ იქამდეც კი ვერ მიაღწია, რომ წნევის და შაქრის აპარატი ვიყიდო. საავადმყოფოდან რომ მიშვებენ, მეუბნებიან, შაქარი და წნევა ყოველდღე გაიზომეო, მაგრამ რით? ესენი რომ ვიყიდო, პურის ფულიც აღარ გვექნება. წამლები მაქვს გამოწერილი და ვერც წამლებს ვყიდულობ. ძვირი ღირს“, – გვიყვება ქალი.
ნაზი აბულაძე
ნაზის ორი შვილი ჰყავს. ერთი შვილი დაქორწინებულია და დედას მეორე შვილი, ფატი უვლის. ფატის თქმით, გადაადგილების პრობლემა დედას სულ ჰქონდა, რადგან ის თავიდანვე მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო, თუმცა ამ პრობლემამ გამწვავება 2012 წელს დაიწყო.
„2019 წელს ინსულტი მიიღო და მას შემდეგ მიეჯაჭვა ლოგინს“, – გვითხრა ფატიმ, რა დროსაც საუბარში ნაზი ჩაერთო:
„ვეღარ მზიდულობს შვილი. ვერ გადამატრიალა, ვერ გადმომატრიალა… მენატრება ეზო. ყვავილებს ვრგავდი, ვუვლიდი. ზედმეტ ბალახს არსად ვაჭაჭანებდი. ყველაფერი მენატრება. მეზობელთან გადასვლა, ერთი ჭიქა ყავის დალევა. თუ გადაადგილებას შევძლებ, საჭმელსაც გავაკეთებ და თავსაც მოვუვლი.
შარშან ერთი მოთხოვნა მოვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს ეტლი. მომიტანეს. გახარებული ვიყავი, აბანოში ჩემს ჭკუაზე შევალ-მეთქი. შევედი და გამოსვლისას ეტლის სავარძელი ჩავარდა. ისე გავეკვეხე ამ სკამში, მეგონა იატაკიც ჩავარდა-მეთქი. მერე რაღაცნაირად შემომახოხეს აქ [ოთახში]. მეზობლებს დავუძახეთ. ეს მეზობლები რომ არ მყავდეს… მათიც ვცხოვრობ. გინდა კაცი იყოს, გინდა-ქალი. თუ დავარდები, კაცმა უნდა აგაყენოს, ქალები ვერ გზიდავენ.
უხარისხო ეტლი იყო. არ იყო მყარი. წონაც მაღალი მაქვს… აი, ზაფხულია, ხილის სეზონი, მაგრამ ხილი ჯერ არ გვიყიდია. კომუნალურებს ვეღარ გადავიხდით მერე და შუქი და წყალი ხომ გინდა?
ესეც მინდა გთხოვოთ, ახალი მატრასი მჭირდება“, – გვეუბნება ნაზი და ამატებს, რომ ძალიან ერიდება ახალი მატრასის ქონასაც რომ ნატრობს, მაგრამ ძალიან გაცვეთილი და არაკომფორტულია.
ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ეტლი პირველივე დღეს გაფუჭდა, ჩავარდა სავარძელი, მოგვიანებით გატყდა ბორბალი და მოძვრა სხვადასხვა დეტალი, ეტლი ბევრჯერ შეაკეთეს მეზობლების დახმარებით და ბოლომდე სცადეს მისით ესარგებლათ.
ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს მეორედაც მიმართა თხოვნით, რომ ნაზისთვის ეტლი მიეცათ, თუმცა მათ მხოლოდ მსგავსი ეტლის გადაცემა შესთავაზეს. როგორც ნაზი ამბობს, იგივე ეტლის აღებას აზრი არ ექნებოდა, რადგან გამოცდილება აქვს, მისი გამოყენებით თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს და ამასთან, მარტივად ფუჭდება.
ეტლი, რომელიც ნაზის ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა.
როგორც ნაზი გვიყვება, ყველაფერთან ერთად უძილობასაც უჩივის:
„10 საათზე მაწვენენ და გიჟივით მეღვიძება ღამის პირველ საათზე. ძვლები, თავი მიხურდება. წამოვჯდები, ვზივარ და ასე მათენდება. დღე და ღამე არეული მაქვს. ჩემთვის გათენდება – ღამეა, დაღამდება – დღე. ორი წელია, რაც ნორმალურად არ მძინებია. ორი ღამის უძინარი ვარ ახლაც“.
ოჯახი სოციალურ დახმარებას 2018 წლიდან ვეღარ იღებს. ფატი ოთახს გვაჩვენებს და გვიხსნის, რომ წლები ცხოვრობდნენ აქ, მხოლოდ ერთ ოთახში და არ ჰქონდათ აბაზანა-ტუალეტიც.
„გარეთ იყო, ძალიან შორს და დედიკო ვერ სარგებლობდა. მას არც ადრე შეეძლო გადაადგილება, მით უფრო შორ მანძილზე. ბოლო შვიდი წელია, რაც სხვა ოთახებს ვიყენებთ“, – გვეუბნება ნაზი, ფატი კი მიხსნის:
„დიასახლის შევეცოდეთ და ეს ოთახიც დაგვითმო. შემდეგ სოციალურიდან მოვიდნენ და მტკაველებით გაზომეს სახლი, ბოლოს კი გვითხრეს, დიდია და სოციალური დახმარება აღარ გეკუთვნითო. ეს სახლია დიდი? რაც აქ გადმოვედი ფეხი არც ერთ წერტილში დამიდგამს…“
ოთახი, სადაც წლობით ცხოვრობდა ნაზი და ფატი
ფატიმ მათ ამჟამინდელ აბაზანას გვაჩვენებს, რომელიც ნაზის ოთახის გვერდითაა, თუმცა ძალიან ვიწრო კარი აქვს, რაც ნაზისთვის აბაზანით სარგებლობას ყველა შემთხვევაში ართულებს.
აბაზანის კარი ფატის და ნაზის ნაქირავებ სახლში
„დედაჩემს რომ მოვუარო, სულ სახლში მიწევს ყოფნა. დილას ვუცვლი, ვბან, თეთრეულს ვცვლი. აბაზანაში ვერ შემყავს და ტანსაც აქ, საწოლში ვბან. ვერ ვაყენებ მე.
იმისთვის გვჭირდება ელექტროეტლი, რომ დედაჩემის დროებით დატოვება და სამსახურის მოძებნა შევძლო. ახლა ვერსად მივდივარ. ვერ ვტოვებ. 2019 წლიდან ასე ვარ. ფაქტობრივად, ნორმალურად არსად მიმუშავია, არადა გინდა არ გინდა უნდა ვიმუშაო თავი რომ ვირჩინოთ. 8 საათით რომ დავტოვო დედა თავისუფლად, კარგი იქნებოდა. ახლა რამდენიმე საათით გავდივარ და სახლებს ვალაგებ მეზობლად. ბევრი არაფერი, მაგრამ პურის ფულად გვყოფნის და კომუნალურებს ვიხდით.
ადრე ვმუშაობდი და დატოვებული მყავდა დედა. თხილის საკრებად ვიყავი ოზურგეთში, როცა დამირეკეს, ინსულტი მიიღოო. იატაკზე იყო, მეზობლებმა რომ ნახეს. ეს ჩემი ბოლო ხანგრძლივი მუშაობა იყო. ახლა როცა სახლში დავჯექი, ძალიან გაგვიჭირდა“ – გვითხრა ფატიმ.
ფატი, ნაზი აბულაძის შვილი
ფატიმ ნაზის სამედიცინო დასკვნაც გვაჩვენა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ნაზის დიაგნოზი გულის მწვავე, მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა, წითელი ქარი, იშემიური კარდიომიოპათია, ინსულიდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი და სხვა დაავადებებია. ჩამონათვალი ვრცელია.
გაცემულია თუ არა ლიცენზია ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვებაზე? – ამ შეკითხვაზე სახელმწიფო უწყებებში დღეს, 26 ივლისს, „ბათუმელებს“ ვერ უპასუხეს. ხულოში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე შიშობს, რომ ბუნებაში მსგავსი ჩარევა შესაძლოა აქ მცხოვრებთათვის საშიში აღმოჩნდეს, თუმცა, მათ ამ საკითხზე არავინ არაფერი განუმარტა.
მწვანე ტბასთან მდებარე მთიდან კლდოვანი მასას აქტიურად უკვე ერთი თვეა მოიპოვებენ.
„ჩვენ აქ ყოფნაში დაახლოებით 14 სატვირთო მანქანა გავიდა აქედან. ადგილზე ვისაც ვესაუბრეთ, გვითხრეს, რომ კომპანია „ნიუ როუდი“ მოიპოვებს ინერტულ მასალას და მას შემოვლითი გზისთვის იყენებენ. არ ვიცით, გაცემულია თუ არა ლიცენზია,“ – გვიყვება მოქალაქე თამარ ბუთურიშვილი.
ინერტულ მასალას მწვანე ტბასთანაც მოიპოვებენ.
ინერტულ მასალას მწვანე ტბასთან მდებარე ქედზე მოიპოვებენ, რომელსაც ადგილობრივები „ნაომარ სერს“ ეძახიან. ხულოში მცხოვრები ჯემალ საგინაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ინერტულ მასალას მწვანე ტბის ზედა ნაწილიდან ეზიდებიან, საიდან ჩამომდინარე წყლებითაც სავარაუდოდ ტბა იკვებება.
„ეს მიწა, ცნობილია, რომ არ არის მდგრადი საერთოდ, ყველგან მეწყერსაშიში ზონაა. წყალი შეიძლება ერთი მიმართულებით მიდიოდეს საერთოდ და კვებავდეს ტბას, დაკარგოს მიმართულება და სხვაგან გადამისამართდეს, როცა ქანებს ეხები. ამას სჭირდება გეოლოგების ჩართვა.
ჩვენ კი არავინ გვეუბნება, ჩართულია თუ არა რომელიმე სპეციალისტი, საერთოდ გაცემულია თუ არა ლიცენზია.
ასე ინტენსიურად თუ გაგრძელდა სამუშაოები, შესაძლოა, გამოუსწორებელ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ,“ – გვითხრა ჯემალ საგინაძემ.
გოდერძის უღელტეხილი, სადაც გზის მშენებლობა გრძელდება
აჭარის ტერიტორიაზე ინერტული მასალის მოპოვების კუთხით ლიცენზიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ მათ ლიცენზია მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გაუციათ, თუმცა შესაძლოა ლიცენზია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გასცა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე ვერ გვითხრეს, გაცემულია თუ არა ლიცენზია მწვანე ტბის მიმდებარედ ინერტული მასალის მოპოვებაზე.
რადგან ინერტული მასალის მოპოვება აისახება გარემოზე, ინფორმირებულია თუ არა გარემოს ეროვნული სააგენტო? – ვიკითხეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
„გაცნობებთ, რომ ინერტული მასალის მოპოვების საკითხი და ამ პროცესზე ზედამხედველობის განხორციელება არ განეკუთვნება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას,“ – მოგვწერეს სააგენტოს პრესცენტრიდან.
ინფორმაცია ვერც გარემოს ზედამხედველობის დაცვის სამსახურიდან მოგვაწოდეს. ეს უწყება გარემოს წინააღმდეგ სამართალდარღვევებზე უნდა ახდენდეს რეაგირება.
ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები: შპს „არალი“; შპს „New Road“ და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებენ. „ბათუმელები“ ინერტული მასალის მოპოვების საკითხზე ამ კომპანიებსაც დაუკავშირდა. „ნიუ როუდში“ გვითხრეს, რომ ხელმძღვანელობა დაკავებულია და კითხვაზე პასუხის გასაცემად არ სცალიათ.
შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს „კავკასუს როუდ პროჯექტში“.
ინერტული მასალის ლიცენზიაზე ინფორმაცია ვერც გზების დეპარტამენტში მოგვაწოდეს. „ლიცენზიის გარეშე პროექტს ვერ მიიღებდნენ,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.
მანანა მახარაძე 7 წელია ემიგრაციაშია. პირველი ხუთი წელი თურქეთში გაატარა, ბოლო ორი წელი კი შვეიცარიაში ცხოვრობს, ქალაქ ბადენთან ახლოს, პატარა სოფლის ტიპის დასახლებაში.
რესტორანში მუშაობს, მზარეულის დამხმარედ. მისი ხელფასი საქართველოში არსებულ შრომის ანაზღაურებას რომ შევადაროთ, თვითმმართველი ქალაქების მერების და მინისტრების ხელფასზე მეტია.
მანანა ამბობს, რომ მისთვის ეს არის ევროპა – ღირსეული შრომის ანაზღაურება, დაცული უფლებები და თანასწორობის განცდა.
„შვეიცარია ძალიან მომწონს. მშვიდი, მოწესრიგებული და დისციპლინური ქვეყანაა. არავინ არავის საქმეში არ ერევა. მწვანე ქვეყანას ვეძახი. სულ ველ-მინდვრებია. ყანა, ბოსტნები, ვენახი, საქართველოს ძალიან ჰგავს. აქაურობასთან შეგუება საერთოდ არ გამჭირვებია.
7 წელია, რაც ემიგრანტი ვარ, აქედან ორი წელია შვეიცარიაში ვცხოვრობ. არც შევადარებ აქ ყოფნას და მუშაობას არაფერს. კომფორტულად ვარ, თუმცა ამ კომფორტს თან სდევს მონატრება ჩემი შვილების, ჩემი ხალხის, ჩემი ოჯახის.
რაც ყველაზე მეტად მომწონს ევროპის ამ ქვეყანაში ისაა, რომ შრომა ფასდება. ზედმიწევნით კულტურული, მოწესრიგებული ხალხია შვეიცარიელები,“ – ამბობს მანანა მახარაძე.
მანანას თქმით, როცა ქვეყანაში სამუშაო პირობები და ანაზღაურება მოწესრიგებულია, მოქალაქე თავს დაცულად და სრულფასოვნად გრძნობს, რადგან ხვდება, რომ მისი შრომა ფასდება. ხვდება, რომ საკუთარი შრომით შეუძლია ღირსეულად იცხოვროს.
„თუ მუშაობ საათობრივად, ანაზღაურებას იღებ ასევე საათობრივად. ზედმეტს არავინ არაფერს არ გავალებს.
არ მესმის იმ ხალხის, ვინც იძახის ევროპაში გარყვნილებააო. ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავ, რაც მესმის ჩვენი ქვეყნიდან ევროპის შესახებ. ევროპიდან ფული გვინდა, მაგრამ ევროპა არ გვინდა?
მე თუ რამეს მივაღწიე, ჩვენი ქვეყნიდან რომ წავედი, აქ, ევროპაში შრომით მივაღწიე. იმიტომ, რომ აქ შრომა ფასდება. ამიტომ მომწონს ევროპა.
საქართველოში მქონდა სამსახური, ხულოში საკრებულოში ვმუშაობდი, გამგეობაშიც ვმუშაობდი, ბევრი სამუშაო ადგილი გამოვიცვალე, მაგრამ ანაზღაურება იყო იმდენად დაბალი, შედარებაც კი შეუძლებელია. არ ვიცი რას უნდა შევადარო, ვერ შევადარებ. ეგ შეუძლებელია. 12 წელი ვმუშაობდი საკრებულოში და ბოლოს მქონდა 600 ლარი ყველაზე მაღალი ხელფასი. ახლა რამდენია არ ვიცი ანაზღაურება, მაგრამ მაინც არ შეიძლება შედარება. ჩემი აქაური ხელფასი ახლა მანდ მინისტრის ხელფასზე მაღალიც კია.
შვეიცარია კი, ძვირადღირებული ქვეყანაა, მაგრამ ანაზღაურებაც შესაბამისია. დაცულობის შეგრძნებაც მაღალია. ერთი მაგალითი მახსენდება. რესტორანში, სადაც ვმუშაობ, ერთ-ერთი დასაქმებული ავად გახდა. როგორც ჩემმა მენეჯერმა ამიხსნა, როდესაც დასაქმებული ავად ხდება, იმას ხელფასი ჩვეულებრივ ეძლევა. გარდა ამისა, უფინანსდება საავადმყოფოს ხარჯები – ოპერაცია დასჭირდება, წამლები თუ სხვა, ყველაფერი აქვს უფასო,“ – ამბობს მანანა.
მანანა მახარაძის თქმით, ევროპა არ შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ცალკე, განყენებული ტერმინი. ევროპა ნიშნავს მაღალ პენსიას, ჯანდაცვაზე სრულ ხელმისაწვდომობას, მაღალ შრომით ანაზღაურებას და რაც მთავარია, უსაფრთხო, მშვიდ და დაცულ ქვეყანაში ცხოვრებას.
„შვეიცარიაში 3 ათასი ფრანკიდან იწყება პენსია. ერთ მოხუც ქალს ვიცნობ, რომელსაც არასდროს არსად უმუშავია. მისი პენსია არის 3000 ფრანკი. ვინც მუშაობდა და გადასახადებს იხდიდა, მათი პენსია გაცილებით მაღალია.
რესტორნაში, სადაც მზარეულის დამხმარედ ვმუშაობ, კლიენტები გვყავს პენსიონერები. როცა ვკითხე ჩემს უფროსს, უფრო მეტი პენსიონერი რატომ შემოდის, ვიდრე ახალგაზრდა-მეთქი, აქ ყველაზე მდიდრები პენსიონრები არიანო, მითხრა. პენსიონერებს აქვთ იმდენად მაღალი პენსია, არავის მოვლა არ სჭირდებათ, იქეთ მიხედავენ სხვებსო.
რომ ვუყურებ აქ მოხუცები დაცულები და მოვლილები არიან. სულ ვხედავ ფიტნეს კლუბში დადიან, რომლის თანხასაც სახელმწიფო იხდის. იქიდან მერე მოდიან ჩვენთან რესტორანში და საჭმელს ჭამენ.
საავადმყოფო უფასო აქვთ. ყველანაირად უწყობს ხელს სახელმწიფო, რომ უკეთ იყვნენ და უკეთაც გამოიყურებიან,“ – ამბობს მანანა.
მანანას თქმით, ახლა შვეიცარიაში იმისთვის შრომობს, რომ „ღიმილიანი სიბერე ჰქონდეს საქართველოში“.
„ჩემი ორივე შვილი მუშაობს საქართველოში. დაამთავრეს უნივერსიტეტები და მუშაობენ. აქ მკითხეს, სად მუშაობენ და რამდენი აქვთ ხელფასიო. ეცინებათ, რომ ვამბობ. არ სჯერათ, რომ ამდენად დაბალი ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს ახალგაზრდას. ისე არ სჯერათ ამათ ჩვენი მდგომარეობა, როგორც ჩვენ მათი მდგომარეობა არ გვჯერა. რადგან აქ სახელმწიფო ქმნის პირობებს ღირსეული ცხოვრებისთვის. ახალგაზრდებისთვისაც, საშუალო ასაკის ხალხისა და მოხუცებისთვისაც.
მინდა აქ მუშაობით ჩემი სიბერისთვის რაღაცა შევქმნა. მე თვითონ ვიქმნი პირობებს, რომ როცა საქართველოში ჩამოვალ, სიბერე მაინც მქონდეს ღიმილიანი. ჩემი ოჯახის იმედი მაქვს, მაგრამ მინდა მე თვითონ შევუქმნა ჩემს თავს ეგეთი პირობები“.
მანანა მახარაძის თქმით, მისთვის და არამარტო მისთვის, ემიგრაციაში მყოფთა დიდი ნაწილისთვის, მტკივნეული თემაა რუსული კანონი, რომელსაც 3 ივნისს მოაწერა ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში.
რუსული კანონი პრობლემას ქმნის იმის გამოც, რომ ემიგრანტები, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, ნამუშევარ თანხას საქართველოში აგზავნიან და ცდილობენ ევროპაში შრომით შეიქმნან საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების პირობები. რუსული კანონის პირობებში, კი ყველაფერი საფრთხის ქვეშ დადგა – მათ შორის ქვეყნის ევროპული მომავალი.
„ყველაზე მეტად იცი კიდევ რა მომწონს ევროპაში? თავისუფლება. უსაზღვრო თავისუფლების შეგრძნება. ამიტომ განსაკუთრებით მტკივნეული თემაა ჩემთვის რუსული კანონი.
რუსული კანონი ვისთვის იქნება მისაღები, ჩემთვის რომ იყოს? არანაირად არ არის მისაღები. ძალიან ვწუხვარ, ძალიან მტკივა და იმედია ყველაფერი შეიცვლება. ცოტა დარჩა არჩევნებამდე. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს ხალხზე. იმედია ევროპისკენ ვივლით, სწორი გზით ვივლით და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა.
ოღონდ ერთად უნდა ვიყოთ. აი, როგორც ფეხბურთის დროს გავერთიანდით, როგორ ვიყავით ერთად, გამოჩნდა ერთად რა შეგვიძლია. ეგრე თუ გავერთიანდებით ოქტომბერში არჩევნებზე, თუ არ იქნება მოსყიდვა, ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ რომ შეგვიძლია, ეგრე ვის შეუძლია?
სადაც კი მიმუშავია, ყველგან არის მოთხოვნა ქართველზე. იცით რატომ? ქართველი რომ აკეთებს, იმას არცერთი ერი არ აკეთებს. ვირულად ვშრომობთ. ზოგჯერ ვაკეთებთ იმას, რაც გვევალება და რაც არ გვევალება. ჩვენ რომ შეგვიძლია იმას, ვერც ევროპა შეძლებს და ვერც აზია.
როცა ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ერთიანობა და მაგ დროს გავერთიანდებით ყველა, ევროპასაც გავუსწრებთ და აზიასაც.
ევროპისკენ მინდა-მეთქი როცა ვამბობთ, ვგულისხმობთ, რომ ჩვენი შვილების სიკეთე გვინდა. ჩვენი ახლობლების. ჩემი ასაკის ხალხი ნახევარზე მეტი ევროპაშია წასული და მიმოფანტული. საქართველოში ჩვენი შვილები დარჩნენ, აქ წამოვედით იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს კარგი მომავალი ჰქონდეთ.
სწორედ მათი მომავლისთვის უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, თორემ მარტო ჩემთვის კი ვარ წამოსული და კი ვმუშაობ. ჩვენი შვილებისთვის უნდა გავაკეთოთ,“ – ამბობს მანანა.
მანანა შვეიცარიაში მყოფ სხვა ემიგრანტ ქალებთან ერთად გეგმავს 26 ოქტომბრის არჩევნებზე წასვლას, რადგან ფიქრობს, რომ ახლა ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია.
„საკრებულოდან განაწყენებული და გულნატკენი წამოვედი. შემცირებაში მომაყოლეს და ისე გამომიშვეს. ამიტომ საერთოდ პოლიტიკა აღარ მაინტერესებდა წლები. ჩემ მსგავსად იყო ალბათ ბევრი. და რა მივიღეთ ამ ჩვენი „არ დაინტერესებით“?
მივიღეთ ის, რომ მთავრობაში გვყავს ხალხი, რომლებიც უმრავლესობას არ გვინდა, მაგრამ ისინი არიან მაინც.
ამიტომ ყველა უნდა დავირაზმოთ და მივიდეთ არჩევნებზე, რადგან მე რომ არ მივალ, შენ რომ არ მიხვალ, ვიღაცა რომ არ მივა, ჯამში 4 კაცი მივა, მაგრამ ისეთი იქნება ის 4, ვისაც აწყობს „ოცნების“ დარჩენა. შესაბამისად, ისევ ის დარჩება ხელისუფლებაში, ვინც არ გვინდა.
სწორედ ამიტომ უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე.
შვეიცარიაშიც არის საარჩევნო უბანი, აქ ქართველი გოგოები ცხოვრობენ და გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებზე მისვლა. მეც ვგეგმავ. ყველაზე მეტად ჩვენ გვტკივა ემიგრანტებს, ამიტომ მივალთ იქ, სადაც საჭიროა,“ – ამბობს მანანა.
მანანას თქმით, ის ხშირად კონტაქტობს ახლობლებთან. ადრე თუ ერიდებოდა პოლიტიკაზე საუბარს, ახლა ასე აღარ იქცევა.
„იყო დრო, როდესაც ვუფრთხილდებოდი – ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ამხანაგი, ვინმეს არ ვაწყენინო, რამეში ხელი არ შევუშალო. მაგრამ მერე იცვლება ყველაფერი, როცა ოჯახს ტოვებ, ქვეყნიდან გადიხარ, მძიმე სამუშაოს ასრულებ, მოიხედავ და ის ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეგობარი შენს გვერდით არაა. ამიტომ ყველამ ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ და ის ვაკეთოთ, რაც სწორად მიგვაჩნია.
სრული თავისუფლება მივანიჭე ჩემს თავს, ასე არიან ჩემი შვილებიც. აქციებიდან ერთი პლაკატი შეიძლება დაგამახსოვრდათ – „დედაჩემის ჩუსტი მოგხვდება მე თუ რამეს დამიშავებო“. ჩემს შვილს ეკუთვნოდა.
მე ვმუშაობ, შრომას არ ვთაკილობ. არაფრის მეშინია. ჩემი ქვეყნისთვის რაც გასაკეთებელი იქნება გავაკეთებ. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ 12 წელი გავიდა. საკმარისია ეს დრო იმისთვის, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს. იმედია შეიცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ,“ – ამბობს მანანა.
მანანა მახარაძეს ვთხოვეთ აღეწერა, რას ნიშნავს მისთვის ევროპა და რატომ ირჩევს ევროპას. მისი ვერსია ასეთია:
„პირველ რიგში თავისუფლებაა ევროპა. არასდროს არსად არ მიგრძვნია ისეთი თავისუფლება, როგორიც აქ. თურქეთშიც ხომ ვმუშაობდი, არც შევადარებ.
თანასწორობის განცდა გაქვს, აქ ზემოდან არავინ გიყურებს. ჩემი უფროსი ახლა წასულია, მე ჩამაბარეს რესტორანი. ბარიდან სულ შემოდიან და მეკითხებიან, რამეში ხომ არ უნდათ დახმარება. აქაური ცხოვრების მაქაურობასთან შედარებაც კი წარმოუდგენელია“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გააცნო. შეხვედრა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა როგორც საარჩევნო ტექნოლოგიებისა და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებისა პროცესის შესახებ.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით. გვქონდა საშუალება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება გამოყენებული. აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ფაქტობრივად ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ საკითხზე. რა თქმა უნდა, ასეთი საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება, იმისათვის რომ მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია ყველა ამომრჩევლამდე, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ ამ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირება“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით დღეს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა და მას მოდერაციას ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და გამგეობის წევრი ნიკოლოზ ხუნძიკაშვილი უწევდნენ.
ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 ივლისს მოახერხეს რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი თავდასხმის მოგერიება 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ – წერენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის, ISW-ის ექსპერტები.
ISW-ის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რუსული შეტევა ჯავშანტექნიკის გამოყენებით განხორციელდა 24 ივლისს, გამთენიისას, დონეცკის ოლქის კონსტანტინოვკას მახლობლად მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ მოახერხა ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანთან მიახლოება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადის ცნობით, რუსულმა ძალებმა დიდი რაოდენობით შეუტიეს უკრაინის პოზიციებს. ოპერაციაში მონაწილეობდა 11 ტანკი, 45 ქვეითი ჯავშანმანქანა, ტანკის დამხმარე საბრძოლო მანქანა, 12 მოტოციკლი და დაახლოებით 200 სამხედრო პერსონალი.
უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსული არმიის კოლონები საჰაერო დაზვერვის გამოყენებით იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათ არტილერიისა და თვითმფრინავების გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს.
ნაღმებით ააფეთქეს რუსული ტექნიკაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დაზიანდა ან განადგურდა ექვსი რუსული ტანკი, შვიდი ქვეითი საბრძოლო მანქანა და 12-ვე მოტოციკლი.
ISW-ის ანგარიშის ავტორები უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსეთის ჯარებმა უკან დახევა დაიწყეს მათი ტექნიკის პირველი ტალღის განადგურების შემდეგ.
„ამ მასშტაბის შეტევები, მთელი მექანიზებული ბატალიონის გამოყენებით, იყო რუსული შეტევის დასაწყისში ავდიივკაზე 2023 წლის ოქტომბერში“ – ნათქვამია ანგარიშში.
რუსული არმია ცდილობს კონსტანტინოვკას აღებას, რათა გაწყვიტოს მარშრუტი უგლედართან, რომელიც მნიშვნელოვანი კვანძია უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებისთვის.
ISW-ის ექსპერტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარებმა მიაღწიონ ოპერატიულად მნიშვნელოვან მიღწევებს ამ ადგილას, რადგან იქ მნიშვნელოვანი სიმაღლეები არ არის.
„რუსული სამხედრო სარდლობის მზადყოფნა დახარჯოს დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა შეზღუდული ტაქტიკური მიზნების მისაღწევად, მიუთითებს არასათანადო გრძელვადიან დაგეგმვაზე. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შეზღუდული ტექნიკური რესურსები ასეთ წარუმატებელ მექანიზებულ შეტევებს უფრო ძვირს გახდის“ – წერენ ექსპერტები.
ამავე დროს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსული არმია წინ მიიწევდა ფრონტის ბევრ სექტორში და მიაღწია გარკვეულ წარმატებებს, მათ შორის პოკროვსკისა და ტორეცკის მიდამოებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ივლისის 21 საათიდან 27 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 წმ-მდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 28 და 29 ივლისს ღამით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ჭექა-ქუხილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 572 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
ტანკი – 8 320 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 16 050 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 15 840 ერთეული [+36]
MLRS – 1 125 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 904 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 683 ერთეული [+73]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 402 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 21 414 ერთეული [+56]
სპეცტექნიკა – 2 668 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
630 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
28 464 უპილოტო საფრენი აპარატი
556 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 684 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 390 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 416 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 086 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
მოქალაქეები საჯარო თუ პირად საუბარში ამბობენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფეისბუქ გვერდებზე მათ ბლოკავენ.
მათი თქმით, ზოგიერთმა მათგანმა იმის გასარკვევად, თუ რა გახდა დაბლოკვის მიზეზი და რამდენ ხანს გაგრძელდება მათთვის ინფორმაციის შეზღუდვა, ხულოს მერიის შესაბამის სამსახურს მიაკითხა. თუმცა, როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ მცდელობას გაერკვიათ, რა ხდებოდა, შედეგი არ მოჰყოლია და ისინი დღემდე დაბლოკილები არიან.
ჯერ კიდევ გასულ წელს ერთ-ერთმა მოქალაქემ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი ამის შესახებ. ის წერდა, რომ ხულოს მერიის ფეისბუქგვერდიდან კრიტიკული კომენტარის დაწერის შემდეგ დაიბლოკა, რის გამოც მერიაში რამდენჯერმე მივიდა, თუმცა უშედეგოდ.
ხულოში მცხოვრები მოქალაქის პოსტი
თამარ ცეცხლაძე ხულოს მერიის მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელია. „ბათუმელები“ მასთან დაკავშირებას შეეცადა. გვინდოდა მისთვის გვეკითხა, ნამდვილად ბლოკავენ თუ არა მოქალაქეებს ხულოს მერიის ფეისბუქის გვერდზე კრიტიკული კომენტარების გამო, რატომ არ პასუხობენ მათთან მისული მოქალაქეების შეკითხვებს და ასე შემდეგ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა.
ხულოს მერიის მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ნური გორგაძემ გვითხრა, რომ ჩვენს შეკითხვებს თავად უპასუხებდა, ის ფეისბუქგვერდზე მოქალაქეების დაბლოკვის ფაქტს უარყოფს:
„ჭორაობას ჰგავს ეს ამბავი და სიმართლეს არ შეესაბამება ნამდვილად, იმიტომ, რომ გვერდის ადმინი ვარ მე და მე ვარ პასუხისმგებელი მაგაზე.
მე გეუბნებით, რომ ჩვენი, მერიის გვერდიდან არავინ არ არის დაბლოკილი“, – გვითხრა მან და ტელეფონი გათიშა. ნური გორგაძეს ვთხოვეთ თამარ ცეცხლაძის საკონტაქტო ინფორმაციაც, თუმცა მან არ გვიპასუხა.
მოქალაქე თამთა თავართქილაძის პოსტის კომენტარებში გამოჩნდა, რომ ხულოს მერიის ფეისბუქგვერდიდან დაბლოკილი მხოლოდ ის არ არის.
ქეთი აბულაძე ახლა სტუდენტია და თბილისში სწავლობს, თუმცა ხშირად ჩადის ხულოში და როგორც ამბობს, ცდილობს, მისი რესურსებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, „ყველაფერი ხულოს მოახმაროს“.
„თავის დროზე მერიასთან ერთად რაღაც პროექტებიც მაქვს გაკეთებული და ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა ხულოს მერიის გვერდზე ჩემი აზრის გამოხატვის გამო მბლოკავენ.
მნიშვნელოვანია ჩემთვის მივიღო ინფორმაცია, თუ რას აკეთებს მერია, რაში იხარჯება ჩვენი ფული, როგორ ხმარდება ხალხს და რა კეთდება იმისთვის, რომ ხულოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს.
სამწუხაროდ, ამ ყველაფრის გასაგებად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ფეისბუქია, რადგან სხვა ოფიციალურ ვებსაიტებს ნაკლებად იყენებს და აქვეყნებს ახალ ინფორმაციას ხულოს მერია. შესაბამისად, ერთადერთი წყარო, საიდანაც შემიძლია ამ ინფორმაციის მიღება, ფეისბუქია, რომელზეც წვდომა აღარ მაქვს.
პრინციპში, კრიტიკული კომენტარი არც დამიწერია – მხოლოდ სიცილის სმაილები დავწერე ერთ-ერთ პოსტზე.
სიცილის სმაილების დაკომენტარებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ შევამოწმე და წვდომა აღარ მქონდა ხულოს მერიის ფეისბუქგვერდზე. იმიტომ შევამოწმე, რომ გავიგე, სხვები იყვნენ დაბლოკილი და გავიფიქრე, მეც ხომ არ დამბლოკეს-მეთქი. დაბლოკილი ვიყავი. მას შემდეგ წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა“, – გვითხრა ქეთიმ.
ქეთის თქმით, როცა ამის შესახებ გაიგო, შეეცადა გაერკვია, რა იყო მისი დაბლოკვის მიზეზი. მას არ მოუთხოვია განბლოკვა.
„ორჯერ ვიყავი მერიაში მისული. ერთხელ კი მერიის ორგანიზებულ ფესტივალზე ვნახე საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი [ნური გორგაძე]. არ ვთხოვდი, რომ ვინმეს ბლოკი აეხსნა ჩემთვის, უბრალოდ, ძალიან მაინტერესებდა მიზეზი, თუ რის გამო ვეღარ ვნახულობდი პოსტებს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მივედი, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, ძალიან ღიზიანდებოდნენ და ყველა გაურბოდა ჩემთან საუბარს.
მერიაში ორივეჯერ თამარ ცეცხლაძეს შევხვდი, თუმცა ოთახში ნური გორგაძეც იჯდა. ნური ჩემთან საუბარს თავს არიდებდა. თამარს მაჩეჩებდნენ ხელებში.
თამარი ძალიან ნერვიულობდა და პასუხს ვერ მაძლევდა. მეორედ რომ ვიყავი მისული, ნახევარი საათი მალოდინა – არ შემოვიდა ოთახში. სავარაუდოდ უნდოდა, რომ წამოვსულიყავი, მაგრამ ბოლომდე დავრჩი, დაველოდე.
თითქოს ცდილობდა, რომ რაღაც პასუხი მოეცა, მაგრამ მართლა ვერაფერს ვერ მეუბნებოდა. ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ არ ვარ დაბლოკილი და რაღაც ხარვეზია. პრინციპში, ბოლომდე იმასაც ვერ მეუბნებოდა, არ ხარ დაბლოკილიო. იმეორებდა – „მოვაგვარებ“, „მოვაგვარებ“, – იხსენებს ქეთი.
ქეთის თქმით, თამარმა მისი ტელეფონის შემოწმება დაიწყო, ნამდვილად დაბლოკილი იყო თუ არა – „ხულოს მერიის გვერდი რომ არ იძებნებოდა ჩემგან, ამბობდა რაღაც პრობლემაა, რაღაც ხარვეზი იქნებაო… წელიწად-ნახევარია ეგ ხარვეზია და ვერ გაასწორეს ალბათ, არ ვიცი.
ჩემი ნომერი ჩაიწერა. აუცილებლად დაგიკავშირდებიო. ჯერაც არავის დაურეკავს“, – გვითხრა ქეთიმ.
როგორც ქეთი ამბობს, მან მოითხოვა ხულოს მერიის გვერდიდან დაბლოკილი მომხმარებლების სია ეჩვენებინათ მისთვის, თუმცა უშედეგოდ:
„მიმტკიცებდნენ ყველა მისვლაზე, რომ არ ვარ დაბლოკილი და ეს სისულელეა, მაგრამ ვერკვევი ტექნოლოგიებში, ფეისბუქში და კარგად ვხვდები, რაშიცაა საქმე”.
ქეთი გვეუბნება, რომ პირადად იცნობს ადამიანებს, ვინც ასევე დაბლოკილები არიან ხულოს მერიის ფეისბუქგვერდზე და დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ეს ბლოკი კრიტიკული კომენტარების დაწერის შემდეგ “დაიმსახურეს”, თუმცა მისი შემთხვევა განსხვავებულია:
„სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, რომ დამბლოკავდნენ, რახან არანაირი შეხება არ მქონია მერიის გვერდთან მანამდე, არც კომენტარი დამიწერია და არც რაიმე მომიწონებია.
მინდა გავიგო, რა იყო ჩემი დაბლოკვის მიზეზი – ჩემი კომენტარი თუ ის, რომ შედარებით კრიტიკულად ვარ განწყობილი ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ჩემი ცხოვრება მეტწილად დაკავშირებულია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც კრიტიკულად აფასებენ ხელისუფლების მუშაობას?!
ვერ ვხვდები, სმაილები როგორ შეიძლება გამხდარიყო ჩემი დაბლოკვის მიზეზი. მგონია, რომ სხვა მიზეზიც იყო. მიცნობენ ძალიან კარგად და იციან ჩემი დამოკიდებულება, ურთიერთობა თუ კავშირი კონკრეტულ არასამთავრობოებთან”, – ამბობს ქეთი.
ქეთი აპირებს, როცა ხულოში მოხვდება, კიდევ მივიდეს მერიაში და შეკითხვებზე პასუხების მიღებას შეეცადოს – „ამაზე მეტად როგორ შევაწუხო არ ვიცი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, უნდა შევაწუხოთ“.
„მე დაბლოკილი ვარ როგორც ხულოს მერიის, ისე საკრებულოს ფეისბუქგვერდზე. საკრებულოს გვერდზე გვიან დამბლოკეს. მერიის გვერდზე ორჯერ დამბლოკეს. მეორედ დაახლოებით ორი წლის წინ. ინგლისური შრიფტით ვუწერდი – წარმატებები, ყოჩაღები ხართ-მეთქი. ამის გამო დამბლოკეს“, – ამბობს კიდევ ერთი ხულოელი, ლაშა ბოლქვაძე და განაგრძობს: „ვიცი, რომ ჩატები აქვთ, სადაც აგდებენ ბმულებს და ავალებენ ხოლმე მოქალაქეებს კომენტარებში დაწერონ – „წარმატებები“. ზოგს ჯერ კიდევ არ აქვს ქართული შრიფტი და ეგრე უწერენ ხოლმე. ჩემგან ეწყინათ ალბათ.
ამ ჩატებში ბევრი ჩემი მეგობარი და ნაცნობია. ზოგი მათთან მუშაობს, მაგრამ არ მოსწონთ და ხანდახან მეუბნებიან ხოლმე რაღაცებს, თუმცა [მერიაში] არ იციან, რომ ჩემთან აქვთ ურთიერთობა. ეს ჩატები აქვთ აიპებთან, ბაღებთან, სკოლებთან… მერიის პოსტებზე აქტივობას თუ დააკვირდებით, ყველა მათგანის ავტორი საჯარო სამსახურშია დასაქმებული. მე არ მქონია მცდელობა მერიაში მომეთხოვა ბლოკის მოხსნა. ვიცი, რომ ვიღაცები მივიდნენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
მე მქონდა პოსტები [პირად ფეისბუქგვერდზე] მერიისა და საკრებულოს მავნებლობების შესახებ. არ მოსწონთ, არავინ არ მოსწონთ, ვინც კრიტიკულადაა განწყობილი მათ მიმართ. თავი უნდა დაუხარო და უნდა დაეთანხმო ყველაფერში, რა სისულელეც არ უნდა გააკეთონ. თუ ამას არ აკეთებ, გბლოკავენ ყველგან. იქ ვინც არიან დასაქმებულები, მერიაში, სიპებში და აიპებში, ყველა ეგეთი ტიპია, ვინც ამათ თავს უხრის, ზედმეტს არაფერს არ იტყვის და მოკლედ, მათ დაკრულზე ცეკვავს”, – გვიყვება ლაშა.
ლაშას თქმით, ფეისბუქგვერდზე მოქალაქეების დაბლოკვა მინიმალურია იმასთან შედარებით, რასაც ხულოს მერია კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ აკეთებს: „სოციუმში გბლოკავენ. სამსახური თუ გინდა, ან ნებისმიერი რამის გაკეთება, რაშიც გჭირდება მერია, ყველგან იბლოკები.
სამსახურთან დაკავშირებით შევიტანე განაცხადი. მგონი, 2020 წელი იყო. გასაუბრებაზე დამიბარეს და გასაუბრების წინა დღეს მომწერეს – „ვერ გაიარეთ გასაუბრება“. წარმოიდგინეთ, ამ გასაუბრების გამო თბილისიდან წამოვედი და მატარებელში ვიჯექი. სადღაც ღამის 11-12 საათზე მომივიდა ეს შეტყობინება. საბოლოოდ, ამ პოზიციაზე მერის ნათესავი დანიშნეს.
სტრუქტურა აქვთ. ჩემი აზრით, შეიძლება ვიღაცები ჰყავთ გამოყოფილი კომენტარებისა და ლაიქების სანახავად. სხვა გვერდებზეც. არ არის აუცილებელი მერიის გვერდზე დააკომენტარო.
თუ ვინმემ რაიმე კრიტიკული დააკომენტარა, კრიტიკული პოსტი მოიწონა, მაშინვე მას ან მის ნათესავს ურეკავენ – „ეს როგორ გააკეთა“. ჩემი მეგობრის მშობლებს ურეკავდნენ, მაგალითად, როგორ კომენტარებს წერს შენი შვილიო. ჩემი პოსტის ქვეშ დაწერილ კომენტარზე იყო საუბარი, განა მერიის ან საკრებულოს.
არ მაქვს მოლოდინი, რომ ბლოკს ამიხსნიან.
არაკომპეტენტურები არიან. დავუშვათ, ვიღაცამ რაღაც ცუდი, უხამსი დაწერა – შეუზღუდე კომენტარების დაწერა… ნუ დაბლოკავ, რათა მოქალაქე იმ სიახლეებს გაეცნოს, რაც მუნიციპალიტეტში ხდება. ძირითადად რა სიახლეები ხდება, იცით? მერმა ეს დაათვალიერა, მერმა ეს მოინახულა… მაგრამ, შეიძლება იყოს ვიღაცისთვის გამოსადეგი და კი, მინდა, რომ ვიცოდე ჩემს მუნიციპალიტეტში, თუნდაც მერი რას აკეთებს. შემიზღუდე რაღაცები, მაგრამ ნუ გამიქრობ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას“, – უთხრა ლაშამ „ბათუმელებს.
____________________
ფოტოზე: თათბირი ხულოს მერიაში სამსახურებისა და განყოფილების უფროსებთან. ფოტო: ხულოს მერია/facebook
„ერთი კაციც კი არ იყო ინფორმირებული ჩემი იალაღიდან ეგრეთ წოდებულ საჯარო განხილვაზე, საჯარო მოხელეები მიიყვანეს მხოლოდ შეხვედრაზე… მერიის წარმომადგენელმაც კი არ იცოდა, რომ განიხილებოდა დოკუმენტი, რაც ჩვენთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხვალ კანონი იქნება,“ – გვიყვება ჯემალ საგინაძე. ის ხულოში ცხოვრობს და გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, შქერნალის უბანში იალაღი აქვს.
საუბარია გოდერძის უღელტეხილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გენერალურ გეგმაზე – კონცეფციის დოკუმენტის დამტკიცებას ხულოს საკრებულო ხვალ, 26 ივლისს აპირებს.
ჯემალ საგინაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის გვერდის ავლით გადაწყვიტა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება მაშინ, როცა ის პირდაპირ ეხება ბეშუმში, გოდერძის უღელტეხილსა თუ შქერნალის იალაღებზე მცხოვრებ ადამიანებს [ეს კონცეფცია არ ეხება კურორტ გოდერძის].
გენგეგმის მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვას და საინფორმაციო კამპანიას მუნიციპალიტეტის მერიას კანონი პირდაპირ ავალდებულებს.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მოსახლეობამ გენგეგმის შემუშავების შესახებ არაფერი იცის, ჯემალ საგინაძემ თანამოაზრეებთან ერთად საინიციატივო ჯგუფი შექმნა: „ხულო და მისი პერსპექტივები“. ეს ჯგუფი ახლა USAID-ის მხარდაჭერით მოსახლეობას ხვდება და ამბავს აგებინებს. USAID-ის ანუ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით პროცესში ურბანისტი, იურისტი და გეოლოგიც ჩაერთნენ, რომლებიც თავიანთ დასკვნებს ამზადებენ რისკებზე, რაც ამ კონცეფციის განხორციელებას შეიძლება მოჰყვეს.
„წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ტერიტორიაზე იარსებებს მხოლოდ მცირე საცხოვრებელი სახლები, მცირე აპარტოტელები და ორი რადიკალურად განსხვავებული მსხვილი სასტუმრო. აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად გამორიცხავს კერძო პირების მიერ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების გაჩენის შესაძლებლობას.
ეს ეწინააღმდეგება თანამედროვე ქალაქგეგმარებით პრინციპებსა და პრაქტიკას, შექმნას მრავალფეროვანი ინკლუზიური და ხელმისაწვდომი გარემო საზოგადოების ყველა სოციალური ფენისთვის,“ – ეს ურბანისტისა და არქიტექტორის, ანა ბიბილაშვილის დასკვნაა გოდერძის უღელტეხილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გენგეგმის კონცეფციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთით „ნიუ სითი დეველოპმენტმა“ მოამზადა.
არის იმის საფრთხე, რომ ბეშუმსა და გოდერძის უღელტეხილზე იგივე მოხდეს და ისეთივე მასშტაბური მშენებლობები დაიწყოს, როგორც ეს კურორტ ბახმაროში ხდება? – ანა ბიბილაშვილს და პროცესში ჩართულ სხვა პირებს კონკრეტული ინფორმაცია რომელიმე დეველოპერის გამოხატულ ბიზნესინტერესზე არ აქვთ, თუმცა, მაგალითად, ჯემალ საგინაძე არ გამორიცხავს, რომ გენგეგმა უკვე მოარგეს რომელიმე ბიზნესმენს.
შქერნალი
ურბანისტი ანა ბიბილაშვილი განმარტავს, რის შესაძლებლობას მისცემს გენგეგმა ბიზნესმენს, თუ ის ამჯერად გოდერძის უღელტეხილით, ან შქერნალით დაინტერესდება. გოდერძის უღელტეხილი ახლოსაა კურორტ გოდერძისთან, სადაც სათხილამურო ტრასა, საბაგირო და ტურისტული ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს. გენგეგმა ასევე ეხება კურორტ ბეშუმის ახლო-მახლო მდებარე მიწებს, მათ შორის, შქერნალს:
„პერსპექტიული დაბა გოდერძის განაშენიანების დეტალური გეგმით დადგენილი კოეფიციენტები [კ1-0,5 კ2-1,5 კ3-0,5] მნიშვნელოვნად აღემატება გენერალური გეგმით დადგენილ კოეფიციენტებს, რაც გამოიწვევს კრიტიკულ დისბალანსს განაშენიანებული სივრცეების განვითარებაში, ამავდროულად შექმნის კოეფიციენტების გაზრდის მოთხოვნას სხვა არეალებზე. თავის მხრივ, მიწის ნაკვეთის ნახევრის ათვისების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაამჭიდროვებს განაშენიანებას და შექმნის ხედების გადაფარვის საფრთხეებს.
წარმოდგენილი დოკუმენტი ასევე უშვებს შესაძლებლობას მსხვილ ნაკვეთებზე განთავსდეს ერთიანი მოცულობის ნაგებობა, რომელიც ადგილობრივი ჩამოყალიბებული მასშტაბის გათვალისწინებით გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება, ჩაკეტავს ხედებს და საერთო იერსახისგან უცხო სხეულად ჩამოყალიბდება – მაგალითად, ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 23.14.38.633 რომლის ფართობია 9616 კვ.მ. შესაძლებელია 14500 კვ.მეტრი ფართობის მქონე ნაგებობის განთავსება“, – მიიჩნევს ურბანისტი.
ანა ბიბილაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს შენობა-ნაგებობების მაქსიმალური ფართობი, რომელიც შეზღუდავს მიწების გამსხვილების შესაძლებლობას.
„გამომდინარე იქედან, რომ გამწვანებული ტერიტორიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შესაბამისი ტერიტორიების მენეჯმენტის ჩარჩო შეიმუშაოს წარმოდგენილმა დოკუმენტმა, მაგალითად, გამწვანებული ტერიტორიის დროებითი სარგებლობის დასაშვები პროცენტული მაჩვენებლის ზღვარი და სარგებლობის ვადის დასაშვები მაქსიმალური ზღვარი,“ – გვითხრა ანა ბიბილაშვილმა.
„საჯარო განხილვამდე სამი დღით ადრე განათავსოს საიტზე ინფორმაცია საჯარო განხილვაზე, დოკუმენტი 1500-გვერდიანია და ვიწრო სპეციალისტი თუ არ ხარ, ისეთი ენითაა შედგენილი, ვერ გაიგებ,“ – გვიყვება მოქალაქე თამარ ბუთურიშვილი. ისიც ახლა იალაღებზე მოსახლეობას ხვდება, რომ გენგეგმის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდოს.
თამარ ბუთურიშვილი, პირველ რიგში, ყურადღებას ხელისუფლების ვალდებულებაზე ამახვილებს – საზოგადოების ინფორმირება.
„თანაც იმ პირობებში, როცა ეს ეხება საძოვრებს, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს… როგორც ჩანს, ბიზნესინტერესი ძირითადად გოდერძის უღელტეხილი და შქერნალის უბანია, ბეშუმში რა სახლებიც არის, იმას ვეღარ დაანგრევენ.
წესია ის, რომ ჯერ უნდა გამოიკვლიო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და შემდეგ შექმნა დოკუმენტი. ჩვენ ვისაც ვხდებით, არავინ ინფორმირებული არ არის. საერთოდ არავინ იცის, რა დოკუმენტზეა საუბარი.
არც კომპანიას განუთავსებია სადმე ინფორმაცია, რას აწარმოებდნენ, ვის ხვდებოდნენ,“ – გვითხრა თამარ ბუთურიშვილმა.
„საჯარო ინფორმაცია 2024 წლის მარტში გამოვითხოვეთ დამკვეთებისგან, ანუ ხულოს მერიის და აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან. არც კანონით სავალდებულო საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდეს,“ – კანონის დარღვევაზე მიუთითებს ისევ ჯემალ საგინაძე. კანონის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს, როცა ინფორმაციას დამუშავება სჭირდება, საჯარო უწყებას შეუძლია საჯარო ინფორმაცია მაქსიმუმ 10 დღეში გასცეს.
ჯემალ საგინაძე აპირებს თანასოფლელებთან ერთად ხვალ ხულოს საკრებულოს სხდომას დაესწროს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამის საშუალებას მისცემენ.
ხვალ, 26 ივლისს, კონცეფციის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულომ გოდერძის უღელტეხილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გენგეგმის საბოლოო ვერსია უნდა დაამტკიცოს. ჯერ უცნობია, ეს როდის იქნება, თუმცა ჯემალ საგინაძე დასძენს, მთავრობა ჩქარობსო.
ჯემალ საგინაძე
რატომ არ გააგებინეს მოიალაღეებს, როგორ აპირებს მათი ცხოვრების შეცვლას ხელისუფლება? – ვკითხეთ ხულოს მერიას, თუმცა აქ არაფერი გვითხრეს.
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გოდერძის უღელტეხილის უბნის დაგეგმარება „სასურველია ჯვრის არქიტექტურული კომპოზიციიდან გამოვიდეს“. ამის შესახებ წერია კონცეფციაში, რომელიც კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ადგილების განვითარებას ეხება. ბეშუმის გენერალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, „გოდერძის უღელტეხილის უბანი განსაკუთრებული ფუნქციისა და პროფილის არეალია, რომლის ფართობი 115,3 ჰექტარია, სადაც 158 საზაფხულო სადგომია“.
გენგეგმის მთავარი გამოწვევა ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად გარდაქმნაა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი, კერძო ინვესტიციების გარდა, ახლანდელი გათვლებით, 47 მილიონი აშშ დოლარის გაღება სახელმწიფოსაც მოუწევს.
„ადგილობრივი კულტურის, ტრადიციული კულტურის განვითარებას თუ არ შეეწყო ხელი, რა გამოვა? აქაც ბეტონის გროვას მივიღებთ,“ – გვიყვება ჯემალ საგინაძე და გენგეგმის კონცეფციის დოკუმენტის იმ მონაკვეთზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც ეს ადგილები მეწყერსაშიშია, საძოვრები კი, მეწყრულ ზონებს ააქტიურებს, რადგან პირუტყვი ნიადაგის სიმყარისთვის საჭირო ბევრ მცენარეს ანადგურებს.
„აქ წერია, რომ ეს გამოწვევაა, მაგრამ არაფერია ნათქვამი, რა უნდა გაკეთდეს, შინაარსობრივი კონცეფცია არც ამ ნაწილშია წარმოდგენილი, არავისთან კონსულტაცია არ გაუვლიათ… აქ ხალხი მაგისთვის ამოდის, რომ ტრადიციები ნახოს, ნატურალური პროდუქტი დააგემოვნოს,“ – ამბობს ჯემალ საგინაძე.
მოქალაქე გასაუბრების დროს ყველაზე ხშირად შოვს ახსენებს – იქაც ხომ არ გაითვალისწინეს მეწყრის საშიშროება, აქაც ანალოგიური რისკები ჩანს და თვალს ხუჭავენო.
„ეროზიის მაღალი რისკია, ეს დადასტურებული აქვს ამ დოკუმენტში გეოლოგსაც, თუმცა იმავდროულად წერს, რომ შესაძლებელია მაღალი რისკის მიუხედავად ნებისმიერი ტიპის მშენებლობაო, თუმცა კონკრეტული პროექტის წამოწყების წინ ახალი კვლევა იქნება საჭიროო. ამ დოკუმენტში თუ ამას მოაწერა ხელი გეოლოგმა, მერეც გამოიძებნებიან გეოლოგები, რომლებიც ბიზნესმენს ნებისმიერ პროექტზე ხელს მოუწერენ. აქ არ არის გათვალისწინებული მდინარის ხეობები, არავინ იცის, რა პროცესები განვითარდება,“- გვითხრა ჯემალ საგინაძემ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „ნიუ სითი დეველოპმენტსაც“, რომელიც ამ კონცეფციაზე მუშაობდა. კომპანია უძრავი ქონების დეველოპერია. კომპანიის ფეისბუქჩატში მოგვწერეს, რომ შეკითხვა ელექტრონულ ფოსტაზე შეგვეძლო დაგვეტოვებინა. კომპანიას ვთხოვეთ, რომ დღეისთვის გამოენახათ დრო კითხვებზე საპასუხოდ, რადგან ხვალ უკვე ხულოს საკრებულო კონცეფციის დამტკიცებას აპირებს. კომპანიისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ლეგიონის მებრძოლები „სისულელეში დაადანაშაულოს“. ამის შესახებ მამულაშვილმა მოკლე ვიდეომიმართვა „ქართული ლეგიონის“ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
„ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით მინდა მხარი დავუჭირო ადამიანებს, ვინც დაიბარა საქართველოს უშიშროებამ დაკითხვაზე.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ძალიან დიდი გავლენაა რუსეთის და ცდილობენ ჩვენი მებრძოლები დაადანაშაულონ რაღაც სისულელეში. ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ყოველთვის ვიდექით და ვდგავართ იქ, სადაც სჭირდება ქართველ ხალხს და არა რუსულ გავლენას“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
დღეს, 25 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცი ავთანდილ სურმანიძე. ასევე, წინა დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე და სხვა მებრძოლები. როგორც ნადიმ ხმალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მას დაკითხვაზე ტერორიზმის ხელშეწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იბარებდნენ.
გუშინ, 24 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებენ. სუს-მა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აღნიშნულის შესახებ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ წევრებმა და სახელისუფლებო არხებმა დაიწყეს საუბარი.
სუს-ის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების დაკითხვის საქმე რუსული პროპაგანდისტული მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკიამას რუსული კანონის დამსახურებად მიიჩნევს.
რუს პროპაგანდისტებს საქართველოს შესახებ მორიგი „სიახლეები“ აქვთ: „მათ არ რცხვენიათ და ესე იგი, მოფრინავენ თვითმფრინავები დიპლომატებით, მათ მოაქვთ ნაღდი ფული, როგორც ამას აკეთებდნენ სომხეთში”, – თქვა პროპაგანდისტული არხის – „სოლოვიოვ live“- ის ეთერში პროკრემლისტური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ.
„სომხეთში თქვენ იცით შედეგი, როგორ მოახერხეს მათ „ზურგჩანთიანი ადამიანის“ [იგულისხმება სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი] ჩამოყვანა. აი, საქართველოშიც ზუსტად ასე მოაქვთ, ან შეიძლება სომხეთის გავლით დააქვთ უკვე. მოკლედ, ნაღდ ფულთან მათ პრობლემები არ აქვთ“, – აგრძელებს ფიფია.
ეს პასუხი ფიფიამ „სოლოვიოვ live“-ის თანაწამყვანის, არმენ გასპარიანის კითხვას მოაყოლა იმის შესახებ, როგორ აგრძელებენ მუშაობას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტების კანონის ამოქმედების შემდეგ.
„კანონი მოქმედებს და როგორც ვხვდები, ამ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას თავიანთი საქმიანობა არ შეუწყვეტია. როგორც ჩანს, ისინი შევლენ რაღაც ნაცრისფერ სქემაში, ალბათ ისე იქნება, როგორიც ჩვენთან რუსეთში იყო, მაგალითად, როცა ისინი მიამწყვდიეს, გამოჩნდნენ ე.წ აქლემები, ვინ ატარებდნენ ნაღდ ფულს. ეტყობა, საქართველოშიც ასე იქნება“, – ამბობს გასპარიანი.
ფიფიამ, რომელსაც გადაცემებში, როგორც წესი, საქართველოსთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მესიჯების გასაჟღერებლად ხშირად იწვევენ, გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლების შესახებ და იქვე თქვა, რომ ამაში ქართული ოპოზიციის სრული უმრავლესობა მოიაზრება:
„ვფიქრობ, ახლა „ქართულ ოცნებას“ ხელები გახსნილი აქვს, აქვს სრული კარტ-ბლანში. უკვე აღარ ერიდება დასავლელ პარტნიორებს და მე ვფიქრობ, რომ იქნება სერიოზული ზეწოლა ე.წ. ოპოზიციაზე. ამ ოპოზიციის 90% სააკაშვილის ბანდაა, მათ მიწვდებიან”.
ფიფიამ, მისივე სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ძველი დაპირება გააცოცხლა, რომელიც აგვისტოს ომის თავიდან გამოძიებას ეხება.
„იმედია, იქნება ნამდვილი სასამართლო. აი, ივანიშვილმა განაცხადა, რომ იქნება გამოძიება თავიდან 08.08.08, ვნახავთ ვინ რას აკეთებდა იქ, როგორ ხდებოდა ეს, ვინ იძლეოდა ამ ბრძანებებს, ხალხი უფრო მეტს გაიგებს და მიშისტებიდან არ ვიცი რაღა დარჩება“.
ამას გადაცემის წამყვანმა უპასუხა, რომ მოუთმენლად დაელოდება ამ გამოძიებას, რადგან „იქ უამრავი რამ ამოტივტივდება. სხვათა შორის, არა მარტო საქართველოს მოქალაქეების, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეების მხრიდან – ჩათვალეთ ეს ანონსია!“ – ამბობს რუსი პროპაგანდისტი.
ბოლო რამდენიმე დღეა პროპაგანდისტების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების დაკითხვის საქმეც. საუბარია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის, მათ შორის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის „მკვლელობის მომზადებისა“ და „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე“.
კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ამას რუსული კანონის დამსახურებად მიიჩნევს:
„როგორც ჩანს, უცხოური აგენტების შესახებ კანონი საქართველოში სუფთა ჰაერივით მოქმედებს. უკვე ის, რაც გუშინ მათთვის სწორი და სავალდებულო ჩანდა, ახლა ხდება ეჭვის, განხილვის და სისხლის სამართლებრივი დევნის საგანი.
ჯერ უკრაინის არმიის მხარეზე მებრძოლი ქართველები დაიბარეს დაკითხვაზე. დღეს დილით კი პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ფიცოს, ტრამპისა და მმართველი პარტიის ლიდერის ივანიშვილზე თავდასხმის მცდელობა ერთმა და იმავე პირებმა მოამზადეს. არ გამიკვირდება, თუ ისინი აღმოჩნდებიან კრიმინალები იმავე „ქართული ლეგიონიდან“.
ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში, რომელიც იყო გაბრუებული უცხოური, თავსმოხვეული აზრებით, იწყებენ წესრიგის აღდგენას“, – წერს პროპაგანდისტი კანდელაკი.
უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცი, ბათუმელი ავთანდილ სურმანიძე საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ის უკრაინაში ბრძოლის დროს დაიჭრა, რის გამოც რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, შემდეგ კი ოჯახური პრობლემების გამო საქართველოში მოუწია დარჩენა.
დღეს, 25 ივლისს, 12:00 საათზე მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] უწყება ჩააბარეს, რომლის მიხედვითაც გამოკითხვაზე დაიბარეს თბილისში, სუს-ის შენობაში.
უწყებაში მითითებული ინფორმაციით, ის მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით არის დაბარებული გამომძიებელ ირაკლი ჯანყარაშვილთან.
ავთანდილ სურმანიძის ინფორმაციით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე შეატყობინა, რომ თბილისში გამოკითხვაზე ვერ ჩავა და მოითხოვა ბათუმში გამოჰკითხონ.
„ხვალ ადვოკატთან ერთად ვაპირებ გამოკითხვაზე მისვლას“, – უთხრა ავთანდილმა „ბათუმელებს“.
ავთანდილ სურმანიძე ვარაუდობს, რომ კითხვები უსაფრთხოების სამსახურს უკრაინაში ბრძოლასთან დაკავშირებით ექნება:
„როცა ჩამოვედი, მაშინაც გამომკითხეს, ძირითადად მეკითხებოდნენ სად ვმსახურობდი, რატომ წავედი, რატომ დავბრუნდი. ეს ყველაფერი არის დადგმული ფარსი, რომ ხალხზე მოახდინონ გავლენა. სხვა შემთხვევაში ჩემი გამოკითხვის საფუძველი არ გააჩნიათ. ერთადერთი – უკრაინასთან მიმართებაში დამისვამენ კითხვებს“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე და ასევე სხვა მებრძოლებიც. როგორც ნადიმ ხმალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მას დაკითხვაზე ტერორიზმის ხელშეწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იბარებდნენ.
გუშინ, 24 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებენ.
სუს-მა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აღნიშნულის შესახებ ბოლო დღეებია „ქართული ოცნების“ წევრები და სახელისუფლებო არხები საუბრობდნენ.
სუს-ის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
_____
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ამასთან, რამდენიმე დღეა სუს-ში გამოკითხვაზე იბარებენ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, მათ შორის არიან: ნადიმ ხმალაძე, გელა კახაბრიშვილი, ლაშა ჭიღლაძე, ვაჟა ცეცაძე, ლაშა რუხაია, კონსტანტინე ჯღამაია.
„ქართული ოცნების” ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ „ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორ მანუჩარ მჟავანაძეს ლანჩხუთში თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და სიუჟეტს ამზადებდა.
„ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში ვმუშაობდით მე და ჩემი ოპერატორი. დილით სუფსის პოლიციაში ვიყავით, პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე ვამზადებ სიუჟეტს. პოლიციის შენობიდან გამოვედით, წავედით სუფსის ცენტრში. სოფლის ცენტრში ვმუშაობდით, რა დროსაც „სუბარუს“ მარკის ავტომობილი შემოვიდა, გადმოვიდა მანქანიდან უცხო პირი და დაიწყო გინება „მთავარი არხის“ მისამართით. არ მივაქციეთ ყურადღება.
შემდეგ უშუალოდ მე და ოპერატორს დაგვიწყო გინება, არც ამას რომ არ მივაქციეთ ყურადღება, მოვიდა, აქლემივით შემაფურთხა და დამარტყა.
არ მინდოდა კონფლიქტში შესვლა, ხელი მოვკიდე ამ ადამიანს და ვცდილობდი მისივე მანქანაში ჩამესვა. რა დროსაც დამივარდა ტელეფონი. ტელეფონის ასაღებად რომ დავიხარე, სამი ადამიანი დამესხა თავს და დამიწყეს ცემა.
როგორც ჩანს, ეს პირველი თავდამსხმელი პროვოკაციაზე წამოსაგებად გამოაგზავნეს, თავად კი მომენტს ელოდნენ თავდასხმისთვის.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დახმარება დამჭირდა, პოლიციამ ოქმი შეადგინა და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წაიღო საქმე. ბათუმში გამომკითხავენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლადო მენაბდემ.
ლადო მენაბდე
ლადო მენაბდის თქმით, ის დღეს პოლიციის მაღალჩინოსანზე აპირებდა სიუჟეტის მომზადებას. ჟურნალისტის ცნობით, სუფსის პოლიციაში დააბრუნეს 2016 წელს სისტემიდან გაგდებული ერთ-ერთი პოლიციელი.
„მოულოდნელად აღადგინეს ეს პოლიციელი რამდენიმე დღის წინ. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ამის უკან დგანან კრიმინალური ავტორიტეტები. ამიტომ გადავწყვიტეთ ამაზე სიუჟეტი მოგვემზადებინა. დღეს დილით მივედით სუფსის პოლიციაში, იქიდან წამოვედით სუფსის ცენტრში, რა დროსაც თავს დაგვესხნენ. აქამდე ამ ხალხთან რაიმე შეხება არ მქონია, როგორც ახლა ვარკვევ, სუფსის გამგებლის თანაშემწეა ერთ-ერთი თავდამსხმელი, სხვები კი ეტყობა მისი გარემოცვა, ადიკო ივანიშვილის დაჯგუფება“, – გვითხრა ლადო მენაბდემ.
„ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს სუფსის გამგებლის თანაშემწეს.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას სპეციალურ საგამოძიებო სამსახური იძიებს.
როგორც სამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. ეს მუხლი თავდამსხმელისთვის 2 წლამდე ვადით თავისუფლები აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმიდან ხულოში მიმავალი ხულოს მუნიციპალური ავტობუსი ქედაში ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 25 ივლისს, მოხდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 571 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
ტანკი – 8 313 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 16 039 ერთეული [+26]
საარტილერიო სისტემა – 15 804 ერთეული [+45]
MLRS – 1 125 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 904 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 610 ერთეული [+66]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 402 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 21 358 ერთეული [+79]
სპეცტექნიკა – 2 661 ერთეული [+11]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
630 თვითმფრინავი
278 ვერტმფრენი
28 382 უპილოტო საფრენი აპარატი
556 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 660 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 383 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
12 363 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
24 046 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, საკანალიზაციო მასების სატუმბო სადგურებში ტუმბოები დაზიანდა, მათი დაუყოვნებლივ შეკეთებისთვის კი 232 ათას 475 ლარია საჭირო. ტუმბოებს კომპანია გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე შეაკეთებს, რისთვისაც შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა.
„სატუმბო სადგურებში სრული ფუნქციონირებისათვის საჭირო 8 ტუმბოს ნაცვლად ფუნქციონირებს 4 ტუმბო, რომლებიც არასაკმარისია ქალაქში წარმოშობილი საკანალიზაციო მასების სრულყოფილად გადასატუმბად… არსებული არასაკმარისი რაოდენობის ტუმბოები 24 საათის განმავლობაში მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით და შესაძლებელია მათი მწყობრიდან გამოსვლა [არარეკომენდებული დატვირთვის გამო ისინი დაზიანების ყოველდღიური რისკის ქვეშაა]. შესაძლებელია ქსელის გადავსების შემთხვევაში მოხდეს საკანალიზაციო მასების გადმოღვრა ჭებიდან, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს“, – აცხადებს „ბათუმის წყალი“.
ტუმბოების დაზიანების მიზეზად კომპანია ტურისტულ სეზონს ასახელებს: „ტუმბოების ხანგრძლივი ექსპლუატაციის და მაქსიმალური დატვირთვით მუშაობის გამო, რამაც განსაკუთრებით მოიმატა ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სატუმბ სადგურებში არსებული ტუმბოები დაზიანდა.
კომპანია განმარტავს, რომ „ქალაქ ბათუმის საკანალიზაციო მასები მანამ, სანამ ადლიის გამწმენდ სადგურში მოხვდება, თავს იყრის სატუმბო სადგურებში, მათ შორის, ორ მთავარ სატუმბო სადგურში – აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე A სატუმბ სადგურსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე B სატუმბ სადგურში.“
სატუმბო სადგური / ფოტო: „ბათუმის წყალი“
„ბათუმის წყალი“ ტუმბოების ტენდერის გარეშე შეკეთებას შემდეგნაირად ასაბუთებს:
„შპს „ბათუმის წყალი“ პასუხისმგებელია ბათუმის საკანალიზაციო სისტემის მართვაზე, რომლის მთავარ რგოლს წარმოადგენს სატუმბოები და გამწმენდი ნაგებობები. საფრთხე ექმნება მათ ფუნქციონირებას, რამაც შეიძლება შეაფერხოს საკანალიზაციო მასების გადატუმბვა და გაწმენდა.
ტუმბოების ექსპლუატაციაში გაშვების გარეშე შეუძლებელი იქნება საკანალიზაციო მასების სრულყოფილი გადატუმბვა, რაც გამოიწვევს მასების გადმოღვრას და ქალაქის ცალკეული უბნების დატბორვას, გარემოს დაბინძურებას და საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას ჯანმრთელობას, ასევე, შესაძლებელია დაიტბოროს სატუმბი სადგურები და არსებული ელექტრო-მექანიკური დანადგარებიც გამოვიდეს მწყობრიდან…“
„პრობლემის დროულად აღმოფხვრა მნიშვნელოვანია ზემოხსენებული საფრთხეების არსებობის გამო. ხოლო შესყიდვის ელექტრონული ტენდერით განხორციელების პროცედურა დაკავშირებულია კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებთან და წინასწარ განუსაზღვრელ შედეგებთან… გარდა ამისა, შპს „ბათუმის წყლის“ მიერ ტარდება ბაზრის კვლევა ელექტრონული ტენდერის საშუალებით ახალი ტუმბოების შესასყიდად, ყველაზე მოკლე ვადაში არსებული პრობლემის მოგვარების საშუალება არის ტუმბოების შეკეთება, რომელიც იფუნქციონირებს არანაკლებ ახალი ტუმბოების შესყიდვის პერიოდისა“, – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ განაცხადში.
მთავარი ფოტო: ადლიის გამწმენდი ნაგებობა / „ბათუმელების“ არქივიდან
„ოპოზიციის საწინააღმდეგო არხებს შორის გამოიკვეთა კოორდინაცია – არხების ნაწილი იდენტურ ვიდეოებს დროის მოკლე მონაკვეთში ავრცელებდა. მსგავსი ტენდენცია ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე თითქმის არ დაფიქსირებულა,“ – აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ [სამართლიანი არჩევნები] აქვეყნებს.
ეს ორგანიზაცია საარჩევნო წელს – 2024 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში – ტიკტოკზე მიმდინარე კამპანიას დააკვირდა. ანგარიშში „პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე“ ხაზგასმულია, რომ 2019 წლის შემდეგ ფეისბუქზე შეზღუდულმა ჯგუფებმა ტიკტოკსა და ტელეგრამზე გადაინაცვლეს, მათ შორის, მაგალითად, ვატო შაქარიშვილთან [თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“] დაკავშირებული გვერდები.
საანგარიშო პერიოდში ტიკტოკზე „სამართლიანი არჩევნები“ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ 17 ანონიმურ არხს დააკვირდა. ჯამში არხებზე 792 ვიდეო გამოქვეყნდა, რომელთაც 8.6 მილიონამდე ნახვა დააგროვეს.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის საწინააღმდეგო არხები ტიკტოკზე ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე ოპოზიციური ლიდერების მხარდამჭერთა გვერდები: „ტიკტოკ არხებზე ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი კამპანია უფრო აქტიური და მასშტაბური იყო, ვიდრე ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე. აღნიშნული ტენდენცია ვრცელდებოდა პარტიების მხარდამჭერ არხებზეც: ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანიის მასშტაბი ოპოზიციისას აღემატებოდა…
ოპოზიციის მადისკრედიტირებელ არხებზე [17] ვიდეოების რაოდენობა [792], დაახლოებით, 2.14- ჯერ აღემატებოდა ხელისუფლების მადისკრედიტირებელ არხებზე [5] გამოქვეყნებული
ვიდეოების [370] რაოდენობას,“ – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.
ტიკტოკში ამუშავდა სრულად ჰომოფობიით და ღია კრემლისტური იდეოლოგიით გამორჩეული „კონსერვატიული მოძრაობაც“.
„ტიკტოკის საინფორმაციო ველისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” მხარდამჭერი არხები, რომლებიც მკვეთრად ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და ფეისბუქზე შეზღუდვის შემდეგ, ტიკტოკის პლატფორმას აღნიშნული გზავნილების გასავრცელებლად შეუზღუდავად იყენებენ. დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ „ალტ-ინფოს” კონტენტს, ანონიმურთან ერთად, რეალური პირების ანგარიშებიც აქტიურად ავრცელებენ.
ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკასთან ერთად, გამოიკვეთა ჩინეთის მიმართ პოზიტიური განწყობებიც.
Meta [ყოფილი Facebook, Inc.], რომელიც ფეისბუქისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანიაა, საქართველოში 2019 წლიდან ზღუდავს საკუთარ პლატფორმებზე მავნე აქტორების მიერ შექმნილ კოორდინირებულ არაავთენტურ ქსელებს და ამ მიმართულებით ორგანიზაციებთან, მათ შორის, „სამართლიან არჩევნებთან“ თანამშრომლობს.
ტიკტოკზე საქართველოში მოქმედი კოორდინირებული ქსელების წაშლა და მავნე აქტორების შეზღუდვა ნაკლებად ხდება. ამის გამო ფეისბუქზე შეზღუდულმა ჯგუფებმა სხვა პლატფორმებზე – მათ შორის, ტიკტოკსა და ტელეგრამზე გადაინაცვლეს.
ტიკტოკი მანიპულაციური კამპანიებისთვის კომფორტული პლატფორმაა მისი ალგორითმის გათვალისწინებითაც. ამ პლატფორმაზე შესაძლებელია ნებისმიერი ვიდეოს ვირუსულად გავრცელება, იმის მიუხედავად, როდისაა არხი შექმნილი და რამდენი გამომწერი ჰყავს მას. ამასთან, საქართველოში ტიკტოკ რეკლამები შეზღუდულია, პოლიტიკური რეკლამები კი, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც აკრძალული. აღნიშნული ფაქტი თანაბარ პირობებში ამყოფებს დიდი და მცირე აუდიტორიის მქონე არხებს,“ – ვკითხულობთ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.
მნიშვნელოვან მიგნებებს შორის გვხდება ის, რომ არხები, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კონტენტს ქმნიან, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ვიდეოებს აქვეყნებენ. „ეს მათი ერთი წყაროდან მართვაზე მიანიშნებს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნების“ საანგარიშო პერიოდში ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხების მთავარი სამიზნე ლევან ხაბეიშვილი ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე.
„ტიკტოკ არხებზე კოორდინირებულად ვრცელდებოდა ხაბეიშვილის მიმართ დამცინავი და გამაშარჟებელი ვიდეოები, რომელთა მიზანი პოლიტიკოსის არასერიოზულად და არაკვალიფიციურად წარმოჩენა იყო. ანონიმური გვერდების ნაწილზე ვირუსულად ვრცელდებოდა წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ შექმნილი ვიდეოები. ამასთანავე, წინა ხელისუფლების დისკრედიტაციას არხი სახელწოდებით @political_page მათი რუსულ ინტერესებთან დაკავშირებით ცდილობდა, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი „რუსეთის საქმის მკეთებელ აგენტად“ მოიხსენიებდა.
ანტიოპოზიციური არხების ნაწილი წარსულში ხაზარაძის საბანკო საქმიანობაზე მიუთითებდა და მას მევახშედ მოიხსენიებდა. არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში ხაზარაძის წარსულის გამო მისი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზეც იყო საუბარი.
მეორე მხრივ, ანგარიშები ხელისუფლების ღიად მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ. პოზიტიური კამპანია, უმეტესად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიემართებოდა. არხებზე ვრცელდებოდა ტრენდული ვიდეომონტაჟები [ე.წ. ედითები] კობახიძის შესახებ, სადაც ის ეროვნულ და ეკლესიის დამცველ ლიდერად იყო წარმოჩენილი.
არხები კოორდინირებულად ავრცელებდნენ ოპოზიციის ლიდერების განცხადებების ვიდეოკოლაჟს, სადაც ისინი კობახიძის გონებრივ მონაცემებსა და უნარებზე საუბრობდნენ. მეორე მხრივ, ვრცელდებოდა ვიდეოები, თუ როგორ უპირისპირდებოდა კობახიძე ოპოზიციურ სპექტრს, აღწერით: „ირაკლი კობახიძის მასტერკლასი რადიკალებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
საინტერესოა ხელოვნური ინტელექტის ჩართვა და ციტატების, ვიდეოების გაყალბების შემთხვევებიც:
„არხზე @merabkostava_ გავრცელდა დეზინფორმაციული ვიდეოც. კერძოდ, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალური
მატჩის წინ გავრცელდა ლაზარე გრიგორიადისის გაყალბებული ციტატა: „ჩემ ბერძენ ძმებს წინასწარ ვულოცავ ევროპაზე გასვლას. საბერძნეთის ნაკრები დინამოზე ცეცხლს დაანთებს !!!“. სინამდვილეში აღნიშნული ფრაზა გრიგორიადისს არ უთქვამს და გავრცელებული ვიდეო სრულად დეზინფორმაციულია.
ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხების ნაწილზე დასავლელი ლიდერების დამცინავი კონტენტიც გავრცელდა. მსგავსი ვიდეო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული, არხმა @agenturaa გამოაქვეყნა, რომელშიც გაშარჟებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ 14 არხსაც. 2024 წლის იანვრიდან აპრილამდე ამ არხებზე სულ 439 ვიდეო გამოქვეყნებულა და ნახვების ჯამური რაოდენობა 14 მილიონს აღემატებოდა. ორგანიზაციას გაუჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არხი შესაძლოა საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ქსელის ნაწილი იყოს.
2023 წლის მაისში საქართველოს მთავრობის სტრატკომი ფეისბუქმა არაავთენტურ ქცევაში ამხილა. ამ შემთხვევის შემდეგ რამდენიმე არაავთენტური გვერდი დაიბლოკა.
საქართველოს მთავრობის სტრატკომის ფეისბუქგვერდზე თუ შეიხედავთ, ბოლო ამბავი 2024 წლის იანვარშია გამოქვეყნებული, როცა პრემიერი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილი იყო – ირაკლი კობახიძის პრემიერობის პირობებში სტრატკომები ინფორმაციას საერთოდ აღარ ავრცელებენ. ეს გვერდები რეალურად დეზინფორმაციას და რუსულ პროპაგანდას უნდა ებრძოდნენ, თუმცა სახელისუფლებო უწყებების სტრატკომები ძირითადად კრიტიკული მედიის დისკრედიტაციით იყვნენ დაკავებული.
სტრატკომებმაც ტიკტოკში გადაინაცვლეს? ჩანს, რომ ანტიოპოზიციური, ანტიდასავლური, ანონიმური ტიკტოკ არხების და პროსახელისუფლებო არხების მუშაობა კოორდინირებულია? – „ბათუმელები“ ეკატერინე ჯანიაშვილს ესაუბრა, „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მკვლევარს.
„ანტიოპოზიციური კონტენტის მქონე არხების და ხელისუფლების მხარდამჭერი არხების კონტენტში გარკვეული კოორდინაცია ჩანს…. მაგალითად, ვატო შაქარიშვილის გვერდები, რომელიც პროსახელისუფლებო აქტორია და ახლა საზოგადოებრივი მოძრაობა აქვს დაფუძნებული, ჩვენ დავადგინეთ, რომ მასთან დაკავშირებული გვერდი „არ აგარევინებთ“ ტიკტოკზე მოქმედებს აქტიურად ახლაც.
ეკატერინე ჯანიაშვილი
ანტიოპოზიციურ არხებში პირდაპირ ჩანს ეს კოორდინაცია, გზავნილებში, ვიდეოებში, ასევე ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო, ანონიმური არხები გარკვეულწილად ემთხვევა ერთმანეთს ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მხარდამჭერ გზავნილებში, მაგალითად, როცა კობახიძემ შეცვალა ღარიბაშვილი, ერთნაირად კეთდებოდა აქცენტი კობახიძის გონებრივ შესაძლებლობებზე, რომ თითქოს ამას ოპოზიცია აღიარებს და ასე შემდეგ,“ – გვიყვება ეკატერინე ჯანიაშვილი, ის კიდევ ერთ ფაქტორზე მიუთითებს, რაც აძლიერებს ეჭვს: „ქართული ოცნების“ ორგანიზებით მუშაობს ანონიმური, ანტიდასავლური არხები ტიკტოკშიც.
მკვლევრის ეს ეჭვი ფინანსურ რესურსს ეყრდნობა, რაც „ქართულ ოცნებას“ მეტი აქვს და ეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ტიკტოკ არხებსაც ეტყობა:
„ანტიოპოზიციურ არხებს მეტი გამომწერი ჰყავს, მეტი ინტერაქციაც აქვთ. ფეისბუქში შეიძლება ეს აიხსნას იმით, რომ ბევრ პოსტს არეკლამებენ და ეს ჩანს. ტიკტოკის შემთხვევაში კი, ყველა აქტორს თანაბარი პირობები აქვს.
თუმცა მმართველ პოლიტიკურ ძალას მეტი რესურსი აქვს, გამიზნული კონტენტი შექმნას: უფრო მეტი რაოდენობით ქმნიან კონტენტს და მეტი ხარისხით, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერი არხები. ეს ხარისხი ეტყობა ვიზუალსაც, ხელოვნური ინტელექტის შექმნილ ვიდეოებსაც იყენებენ და იციან, დიდ აუდიტორიაზე ტექნიკურად როგორ უნდა გავიდნენ.
რაღაც გვერდები იბლოკება ტიკტოკშიც, თუმცა არ ვიცით რატომ. სამწუხაროდ კომუნიკაცია ტიკტოკთან, „მეტასგან“ განსხვავებით, ამ დრომდე ვერ ხერხდება. დაიბლოკა ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდი „პოლიტნაკრძალი“, შესაძლოა, კოორდინირებულად დაარეპორტეს, თუმცა ჩვენი მონაცემების შეგროვების შემდეგ წაიშალა ანტიოპოზიციური ტიკტოკ არხი „აგენტურაც“, – აღნიშნა ეკატერინე ჯანიაშვილმა.
კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ანტიდასავლურ ტიკტოკ არხების მოქმედება კოორდინირებულია, ეს საერთო ჰეშთეგებია:
„ცალკეული არხები ერთსა და იმავე ჰეშთეგს იყენებდნენ, რაც მათ კოორდინაციაზე შეიძლება მიუთითებდეს. მსგავსი ტენდენცია გვხვდებოდა, როგორც ოპოზიციის საწინააღმდეგო, ისე „ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულ არხებზე,“ – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.
ბათუმის მერიის სამმართველოს ჯერ 59, ამჯერად კი 99 ლიფტის შესაცვლელად გამოცხადებულ ტენდერში უჩივიან. საჩივრებისა და დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 59 ლიფტის შეცვლაზე ტენდერები [5 მილიონი ლარით] გასული წლის სექტემბრიდან დღემდე ვერ შედგა – ეს ტენდერები სამმართველომ შეწყვიტა.
მოგვიანებით მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 59 ლიფტს 40 დაამატა და უკვე 99 ლიფტის შეცვლაზე ხელახალი ტენდერი 8 მილიონი ლარით გამოაცხადა.
შპს „თბილლიფტსერვისმა“ ამ ახალი ტენდერის გამო სამმართველოს დავების საბჭოში ორჯერ უჩივლა. კომპანიის ორივე საჩივარი საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
კომპანიამ პირველი საჩივრით ტენდერის ერთ-ერთი მოთხოვნა გაასაჩივრა.
საჩივრის მიხედვით, მერიის სამმართველომ 8-მილიონიან ტენდერში „შეცვალა პრეტენდენტისადმი წინა შეწყვეტილი ტენდერებით დადგენილი მოთხოვნები გამოცდილების შესახებ“, ამიტომ, „თბილლიფტსერვისმა“ მოითხოვა, რომ სატენდერო კომისიამ „გააუქმოს მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებით, ჩამოაყალიბოს სატენდერო დოკუმენტაციის ახალი რედაქცია და უზრუნველყოს მისი შესაბამისობა ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.“
დავების საბჭომ მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიას დაავალა მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა და „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.“
ამის შემდეგ, სატენდერო კომისიამ გამოსცა ახალი ოქმი, რომლითაც ძალაში დატოვა წინა ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და სატენდერო პროცედურები გააგრძელა.
თავის მხრივ „თბილლიფტსერვისმა“ ამჯერად სატენდერო კომისიის ახალი ოქმი გაასაჩივრა.
„გაუქმდეს „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის N38-2 ოქმი და შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით.“ – აღნიშნული იყო საჩივარში.
კომპანიის ამ მეორე საჩივარზე დავების განხილვის საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 24 ივლისს გამოაქვეყნა.
„საბჭო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ სატენდერო კომისიამ დეტალურად უნდა იმსჯელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილსა და [„თბილლიფტსერვისის“] საჩივარში მითითებულ გარემოებებზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მიიღოს არგუმენტირებული გადაწყვეტილება“ – აცხადებს დავების საბჭო.
საბჭომ ამჯერადაც დაავალა სატენდერო კომისიას გასაჩივრებული ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა და „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“.
„ქ. ბათუმში, საცხოვრებელი სახლების სადარბაზოში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე“ მერიის სამმართველომ ტენდერი 2024 წლის 12 ივნისს გამოაცხადა 8 მილიონ 802 ათას 222 ლარით.
ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 4 ივლისს დასრულდა.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, ელექტრონულ ტენდერში სამმართველოს ყველაზე დაბალ ფასად მომსახურებას თურქული სს „აველიჯე მაქინე სანაი ვე თიჯარეთი“ სთავაზობს – 7 622 749 ლარად.
ტენდერის პირობის მიხედვით სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
დავების საბჭოში „თბილლიფტსერვისის“ საჩივრების განხილვის პარალელურად, მერიის სამმართველოს სატენდერო კომისია თურქული კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს განიხილავდა. ამასთან, კომისიამ დოკუმენტების განხილვის ვადა „დოკუმენტების მოცულობიდან გამომდინარე“ 5 დღით გაახანგრძლივა.
სატენდერო კომისიას ამჯერად დავების საბჭოს მეორე გადაწყვეტილების განხილვაც მოუწევს.
იმ მისამართების სანახავად, სადაც ლიფტები უნდა შეცვალონ, დააწკაპუნეთ აქ
ა. გრიბოედოვის სატვირთო
ა. გრიბოედოვის სატვირთო
ა. პუშკინის N35 (ა კორპუსის 2 ლიფტი.)
ა. პუშკინის N35დ. 1 სად.
ა. პუშკინის N35დ. 2 სად.
გ. ტაბიძის 1 სად.
გ. ტაბიძის 2 სად.
გ. ტაბიძის 1 სად.
გ. ტაბიძის 2სად.
გ. ტაბიძის 1 სად.
გ. ტაბიძის 2 სად.
გ. ტაბიძის N19ა. 1 სად.
გ. ტაბიძის N19ა. 2სად.
გრიბოედოვის # 28. 12 სართული
გუდიაშვილის 2 სად.
დ. აღმაშენებლის 2 სად.
დ. აღმაშენებლის 1 სად.
დ. აღმაშენებლის 2 სად.
დ. აღმაშენებლის 1 სად.
დ. აღმაშენებლის 2 სად.
დ. აღმაშენებლის 1 სად.
დ. აღმაშენებლის 2 სად.
დ. აღმაშენებლის 1 სად.
დ. აღმაშენებლის 2 სად.
დ. აღმაშენებლის 3 სად.
ვ. გორგასალის 2 სად.
ვ. გორგასალის 2 სად.
ზ. გამსახურდიას N1-N5. 3 სად.
ზ. გამსახურდიას N1-N5. 4 სად.
ზ. გორგილაძის 1 სად.
თამარ მეფის გამზ. N48 2სად.
თამარ მეფის გამზ. N48. 1სად.
ი. ჭავჭავაძის N39-N47. 2სად.
ი. კობალაძის 1 სად.
ი. ჭავჭავაძის N78-N88. 5 სად.
ი. ჯავახიშვილის N78ა. 1 სად.
ი. ჯავახიშვილის N78ა. 2 სად.
მ. ლერმონტოვის N2-N4. 1 სად.
მ. ლერმონტოვის N2-N4. 2 სად.
მელიქიშვილის-გორგასალის N18-N92. 1 სად.
ს. ახმეტელის N5
ტბეთის შეს. N3. 2 სად.
ტბელ აბუსერიძის N21ა. 2 სად.
ტბელ აბუსერიძის N21ბ. 2 სად.
ფრ. ხალვაშის VI შეს.N17. 1 სად.
ფრ. ხალვაშის VI შეს.N17. 2 სად.
შ. ინასარიძის სამგზავრო
შ.ინასარიძის სატვირთო
შ. ინასარიძის 2 სად.
შ. ხიმშიაშვილის N9ა. 1 სად.
შ. ხიმშიაშვილის N9ა. 2 სად.
შ. ხიმშიაშვილის N9ა. 3 სად.
შ. ხიმშიაშვილის 1 სად.
შ. ხიმშიაშვილის 2 სად.
შ. ხიმშიაშვილის 3 სად.
შ. ხიმშიაშვილის 1 სად
შ. ხიმშიაშვილის 2 სად
შ. ხიმშიაშვილის 1 სად.
შ. ხიმშიაშვილის 2 სად.
ნ. ფიროსმანის 33 (ძვ.7). სამგზავრო
დ. აღმაშენებლის 1 სად.
ფარნავაზ მეფის 131
შ. ხიმშიაშვილის 1 სად.
შ. ხიმშიაშვილის 2 სად.
ვ. გორგილაძის 95, 1 სად.
გ. ტაბიძის N5 სატვირთო
ზ. გორგილაძის 59, 1 სად.
შ. ხიმშიაშვილის 15, 2 სად.
აფსაროსის III შეს. 20 I სად
აფსაროსის III შეს. 20 II სად
ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის 22, I სად.
ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის 22, II სად.
კობალაძის #9 II სად.
ნონეშვილის #60. 1 სად.
ნონეშვილის #60. 2 სად.
ი. ნონეშვილის 76 .1 სად.
ი. ნონეშვილის 76 .2 სად.
დ. აღმაშენებლის # 34. 2 სად.
დ. აღმაშენებლის # 34. 3 სად.
ი. ჯავახიშვილის 61ა. 1 სად.
ი. ჯავახიშვილის 61ა. II სად.
ლუკა ასათიანის 43-45. 1 სად.
ლუკა ასათიანის 43-45. 2 სად.
ლუკა ასათიანის 43-45. III სად.
ი. კობალაძისN8, 2 სად.
ფარნავაზ მეფ. 135. 2 სად.
ვაჟა-ფშაველას 105-107. 1 სად.
ვაჟა-ფშაველას 105-107. 2 სად.
გ. ტაბიძის #29 . 1 სად.
გ. ტაბიძის #29 . 2 სად.
ი. კობალაძის N5, სატვირთო.
ა. პუშკინის #125. 1 სად.
ა. პუშკინის #158, 1 სად.
ა. პუშკინის #158. 2 სად.
ს. ხიმშიაშვილის 94, 1 სად.
ს. ხიმშიაშვილის 94, 2 სად.
ოძელაშვილის 8 (ძვ 11ა), 1სად.
ოძელაშვილის 8 (ძვ 11ა), 2სად.
5-მილიონიანი ტენდერისთვის დავის დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:
ჩურუღა ან ჩურუღაი – ასე უწოდებენ აჭარაში დაახლოებით 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდს, როცა ტენიანობის მაჩვენებელი, ასევე ჰაერის ტემპერატურა იზრდება და განსაკუთრებით ცხელა. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდან შემოვიდა.
ჩურუღას პერიოდში აჭარაში ცდილობენ მაღალ მთაში წავიდნენ, თავი სიგრილეს შეაფარონ და ბარში მხოლოდ აგრილების შემდეგ დაბრუნდნენ.
ზაფხულობით ქალაქის დატოვების ტრადიცია არსებობდა ძველ ბათუმშიც, რომელიც, მართალია, ზღვისპირა ქალაქია, მაგრამ აქ ზღვაზე გარუჯვას ერჩივნათ მთაში წასულიყვნენ. მიზეზი, სიცხის გარდა, ციებ-ცხელება იყო, რომელიც ბათუმელებს განსაკუთრებით ზაფხულობით აწუხებდათ.
მაშინ ციებ-ცხელების მთავარი მიზეზი ტროპიკული ცხელება და მალარია იყო, რაც ბათუმში ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. ამ პერიოდში ბათუმში, რომელიც დაჭაობებულ ადგილას გაშენდა, განსაკუთრებით ბევრი კოღო იყო, რაც ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდებოდა.
ვისაც შეეძლო, კოღოებს, ნესტიან ჰავასა და ციებას მთებში გაურბოდა და ქალაქში შემოდგომაზე ბრუნდებოდა. მალარია ქალაქის მცხოვრებთა სიკვდილის მიზეზიც ხდებოდა, ათასობით ადამიანი გარდაიცვალა ბათუმში მალარიით. ქალაქში ოთხი სასაფლაო იყო. მაშინდელი სტატისტიკის მიხედვით, ინფექციური დაავადებებიდან 70 პროცენტი სწორედ მალარიაზე მოდიოდა.
ჯერ კიდევ 1842 წელს ბათუმში ჩამოსული რუსეთის არმიის ოფიცერი წერდა, რომ ქალაქის შემოგარენი ჭაობითა და ჯაგნარით იყო დაფარული:
„ჰავა ქალაქში თითქმის მთელი წლის მანძილზე მეტად მავნეა, ხოლო ზაფხულში მომაკვდინებელი ციება მძვინვარებს. ამის გამო ზაფხულობით ქალაქის მცხოვრებლები ტოვებენ ქალაქს და მთებში მიდიან“.
თანდათან, ქალაქის განაშენიანებამ, ჭაობების დაშრობამ, მალარიის გამომწვევი კოღო ანოფელესის რაოდენობა შეამცირა, თუმცა ბათუმში კიდევ დიდხანს ებრძოდნენ მალარიას.
საბოლოოდ, ტროპიკული მალარია, როგორც ადგილობრივი დაავადება, საქართველოში ლიკვიდირებული იქნა 1954 წლიდან. სამდღიანი მალარია, როგორც ადგილობრივი დაავადება კი, საქართველოში პირველად 1970 წელს აღმოიფხვრა. თუმცა, 1996 წლიდან ის კვლავ გავრცელდა, მაგრამ 2013 წლიდან ქვეყანაში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ბათუმური ციებ-ცხელება ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის მოგონებებშიც მოხვდა. მე-19 საუკუნის მიწურულს, ბათუმში ჩამოსულ კნუტ ჰამსუნს ციებამ შეუტია, რამდენჯერმე ქალაქის ქუჩებში სეირნობის დროს ცუდადაც კი გამხდარა, მაგრამ ამის მიუხედავად, თავის მოგონებებში იგი მაინც აღტაცებული საუბრობს აქაურ კლიმატზე.
ციებამ კნუტ ჰამსუნი ბათუმიდან გამგზავრების წინა საღამოსაც დაასუსტა. წამალი აღარ ჰქონდა, ამიტომ სასტუმროს წინ, დუქანში, კონიაკი იყიდა და ასე „იმკურნალა“.
„ამაზე უფრო მშვენიერი ზღაპარი აღარ გადამხდება, ალბათ, არასოდეს“, – სწერდა კნუტ ჰამსუნი თავის მეგობარს. „ეს სხვა სამყაროა, ადამიანები იქ უფრო ლამაზები არიან, ღვინო უფრო წითელია და მთები კიდევ – მაღალი“.
ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ელიავას ქუჩის #49 ა- ში დაუსრულებელ კორპუსში ბინების მფლობელები მშენებელ კომპანიას, შპს „ეიჩ გრუპ ბათუმს“ უჩივიან და აცხადებენ, რომ კომპანია აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს, შედეგად კი ახალაშენებული კორპუსი, შესაძლოა, მალე ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდეს.
მესაკუთრეების ინფორმაციით, რომლებმაც ბინები მშენებარე კორპუსში შეიძინეს, კომპანიამ მშენებლობა არ დაასრულა. მათივე ინფორმაციით, დიდი ხანია, რაც კარკასის მიწისქვეშა სართულზე, სადაც საპარკინგე სივრცე უნდა ყოფილიყო წლებია დაჭაობებული წყალი დგას.
ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ გაცილებით რთული ვითარება დახვდა. მშენებარე კოპუსის საპარკინგე სივრცეში დაჭაობებულ წყალში სხვადასხვა სახის ნარჩენი დაცურავს, დიდი ალბათობით აქ ჩადის ფეკალური მასებიც. ახლოს მისვლას შეძლებთ, თუმცა 1 წუთსაც ვერ გაძლებთ, საშინელი სუნია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იქაურობა ყარს.
მშენებარე კორპუსი ელიავას ქუჩაზე
საპარკინგე ადგილი
ელიავას #49 ა-ში მდებარე მშენებარე კორპუსში 1 კვ.მეტრს 450 დოლარიდან 800 დოლარამდე ფასად ყიდდნენ მშენებლობის დაწყებიდან, 2018 წლიდან, ამ დროსთვის კი ბინების უმეტესობა აქ უკვე გაყიდულია.
ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ელიავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსებში 1კვ.მეტრის ფასი ახლა უკვე 1000 დოლარიდან იწყება და სართულის სიმაღლის მიხედვით იზრდება, ბინა ზღვის ხედით გაცილებით ძვირია, ვიდრე იგივე კორპუში ბინა დაბალ სართულზე, რომელსაც ზღვის ხედი არ აქვს.
„როცა მე შევიძინე ბინა, კორპუსის კარკასი უკვე დასრულებული იყო, მაგრამ არ იყო შეყვანილი კომუნიკაციები, შიდა სამუშაოებიც არ იყო ბოლომდე დასრულებული. მოაჯირი ახლაც საგანგებოდ მაქვს დამაგრებული ბაწრით, რომ ქარმა არ გადააგდოს. ცოტა ხნის წინ მეხუთე სართულის აივანი ჩამოანგრია, შუშები ჩამოყრილია. როცა ვიყიდე, მითხრეს, რომ ეს ყველაფერი 6 თვეში დასრულდებოდა, შემდეგ ვადა გაახანგრძლივეს ვადა, ამის შემდეგ კი პანდემია დაიწყო.
ამ დროს ჩვენ კომპანიასთან პრეტენზიები არ გვქონია, მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ყველაფერი იყო გაჩერებული და ეს გავითვალისწინეთ. ამის შემდეგ დაიწყო დაპირებები: „წლის ბოლოს“, „2 თვეში“, „თვის ბოლოს“ და ეს არ სრულდება უკვე წლებია. ახლაც რომ მივიდე, დირექტორი მეტყვის, თვის ბოლოს დასრულდებაო“ – ამბობს ზაზა მგალობლიშვილი, ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე.
ჩამონგრეული აივანი
მესაკუთრეები შიშობენ, რომ სახლის დაუსრულებელ მდგომარეობაში კიდევ ცოტა ხნით დატოვებამ შესაძლოა მას მდგრადობის პრობლემაც შეუქმნას:
„პარკირების ადგილი წყლით არის ამოვსებული. დაჭაობებულია ადგილი, ბაყაყები დაცურავენ. ეს სახლსაც აფუჭებს. ისეთ სიტუაციაში ჩააგდეს კორპუსი, შესაძლოა მალე ავარიული გახდეს. ამდენი წელია წყალი დგას, წარმოიდგინეთ, რა ხდება იქ. ზოგ მეზობელს რემონტი დასრულებული აქვს. 3 ოჯახი ცხოვრობს, ხელით ააქვთ წყალი მეთოთხმეტე სართულზე. გაზი უკვე ოცნების თემაა, მაგაზე არც კი ვსაუბრობთ“.
კორპუსის უკანა ეზო – აქ გვერდით საცხოვრებელი სახლია.
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში, ზღვასთან ახლოს ელიავას #49 ა-ში „ეიჩ გრუპმა“ მშენებლობის ნებართვა 2018 წელს მიიღო. კომპანიას მშენებლობა 2020 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა დღემდე არ დაუსრულებია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქ ბინების უმეტესობა გაყიდულია. შემსყიდველებს შორის ბევრია უცხოეთის მოქალაქე.
მარცხნივ – პროექტის რენდერი, მარჯვნივ მონიშნულია მშენებლობის ადგილი
ამ პროექტზე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპანიას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა:
ამონარიდი კ2- ის გაზრდაზე შუამდგომლობის წერილიდან
„ეიჩ გრუპის“ მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაშიც დაგვიდასტურეს. ინსპექციის ინფორმაციით, კომპანია ელიავას #49 ა-ში უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულია კანონის შესაბამისად – 30 000 ლარით, შემდეგ კი ჯარიმაზე დაერიცხა იგივე ოდენობის საურავი. დაჯარიმების ოქმი კომპანიას სასამართლოში გაუსაჩივრებია.
ჯარიმის თანხა და მასზე დამატებული საურავიც, ჯამში კომპანიისთვის, რომელმაც 1კვ.მეტრი მაღალ სართულზე 800 დოლარამდე ფასად გაყიდა, დაახლოებით 27 კვ.მეტრის ფასია, თუმცა ამასაც ასაჩივრებს.
„ბევრი საკითხი იყო მაგრამ, ყველაფერი სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ჩაბარდება კორპუსი. დიახ, ვპირდებოდი, მაგრამ ვერ შევასრულე, შეფერხებები გვქონდა. ახლა სიტუაცია გამოგვისწორდა და დასრულდება ყველაფერი“ – გვითხრა კომპანიის დირექტორმა გიორგი შერვაშიძემ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კომპანიას აქ სამუშაოების გასაგრძელებლად მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება დასჭირდება. კომპანიის დირექტორმა ამასთან დაკავშირებით მერიიდან გაფრთხილება 2024 წლის მაისში მიიღო, მას შემდეგ რაც მერიას არქიტექტორულ პროექტში ცვლილების შესათანხმებლად მიმართა. მერიამ მას მოთხოვნაზე უარი უთხრა, იმის გამო, რომ კომპანიის მშენებლობის ნებართვას ვადა გასული აქვს.
„ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია თვლის, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან, ცვლილები არქიტექტურულ ვიზუალური თვალსაზრისიდან გამომდინარე მიუღებელია, ასევე შეტანის მომენტისათვის გასულია მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა. სამშენებლო რეგულაციების თანახმად, თუ გავიდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული და დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, მშენებლობის ნებართვის მფლობელმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს“ – წერს ბათუმის მერი ბრძანებაში უარის შესახებ.
კომპანიის დირექტორმა დაზუსტებით არ უპასუხა ჩვენს კითხვას, მიმართა თუ არა ამის შემდეგ კომპანიამ ბათუმის მერიას ნებართვის ვადების განახლებაზე და მიიღო თუ არა დადებითი პასუხი: „ყველაფერი გვარდება და სექტემბრის ბოლოს ჩაბარდება“ – გვითხრა გიორგი შერვაშიძემ.
გაცემულია თუ არა ახალი ნებართვა, ამაზე არც მერიაში გვიპასუხეს.
შპს „ეიჩ გრუპ ბათუმი“ 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა კომპანიის 47 პროცენტს, კომპანიის დირექტორი გიორგი შერვაშიძე ფლობს, 23 პროცენტი ნინო აბაშიძეს ეკუთვნის, დარჩენილი 30 პროცენტი კი ნათია ბაკურიძის საკუთრებაა. რეესტრის მონაცემებით „ეიჩ გრუპი ბათუმის“ წილები დაყადაღებულია შემოსავლების სამსახურის შეტყობინების საფუძველზე.
ელიავას #49ა-ში გვითხრეს, რომ იგივე კომპანიის აშენებულია გვერდით მდებარე კორპუსიც და ისიც ამავე მდგომარეობაშია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ელიავას #53 – ში მდებარე კორპუსი შპს „ციტრონ ჯგუფს“ აუშენებია. კომპანია ნუგზარ ბაკურიძის საკუთრებაა და კომპანიის დირექტორი ამ შემთხვევაშიც გიორგი შერვაშიძეა. შპს „ციტრონ ჯგუფს“ კიდევ ერთი კორპუსი აუშენებია 36 ა – შიც. როგორც ადგილზე გვითხრეს, სახარბიელო მდგომარეობა არც ამ კორპუსშია.
საქართველოში ხანდაზმულები მოსახლეობა განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფია, სახალხო დამცველის ანგარიშისმიხედვით, მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა, კერძოდ, 65 და მეტი წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის 84%-ის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიაა და ყოველი მე-5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად გარკვეული სოციალური გარანტიებისა, საქართველოში ხანდაზმულთა საკითხების მიმართ თანმიმდევრული და აქტიური სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს – ხანდაზმულთა მიმართ ყურადღება ძირითადად ხანდაზმულობის პენსიის საკითხით შემოიფარგლება.
იაშა გოგაძე 69 წლის პენსიონერია სოფელი მახოდან. იგი ჰყვება, რომ ახალგაზრდობაში რუსეთში, ერთ-ერთ შორეულ ქალაქ ნარილსკში კაფელის ხელოსნად მუშაობდა. ასაკში რომ შევიდა, შინ დაბრუნდა და შრომა შინ გააგრძელა.
„მოხუცებულობაში სახლში უნდა იყო, 2010 წელს წამოვედი, 58 წლისა. მივხვდი, რომ უკვე სახლში ყოფნის დროა. მე ფიზიკურად ვერ ვმუშაობ, ბრონქიალური ასთმა მაქვს და ვტაქსაობ, ტაქსის კომპანიაში გავწევრიანდი, აი, ჩემი მანქანა. ღამ-ღამობით გავდივარ ორ-სამ საათს ვიტაქსავებ, ერთი 20-30 ლარს გავაკეთებ, პური, რაღაცა მომაქვს სახლში… ჩემი პენსია წამლებსაც კი ვერ ჰყოფნის“, – ამბობს იაშა გოგაძე.
იაშა გოგაძე ჰყვება, რომ სახლში ამჟამად ხუთნი ცხოვრობენ – მეუღლე, რძალი და შვილიშვილები, შვილი – შრომით მიგრანტად გერმანიაშია.
„აქ გამომუშავება ნაკლებია, სამუშაოც არ არის. ამან განაპირობა, რომ ხალხმა სადაც ცოტა მეტი ნახა იქ მიდის სამუშაოდ. რა შედარებაა, მკურნალობა იქ უფასოა, საფრანგეთში წავიდა ლტოლვილად ჩემი ამხანაგი, მის ცოლს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მოარჩინა ცოლი უფასოდ და ჩამოვიდა. აქ ვინ მოგარჩენს. რა თქმა უნდა, ევროპაში ცხოვრება უკეთესია, იქ მაღალი ხელფასები აქვთ, აქ მხოლოდ წამლებსაც ვერ სწვდება ჩემი პენსია, მაგას ახსნაც არ უნდა. ამიტომ არის, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ევროკავშირში, რომ გვქონდეს კარგი ცხოვრება – სხვანაირად არ გვექნება“.
„მე მთელი ცხოვრება რუსეთში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რაც არის რუსეთი“, – ამბობს ის. – „რუსეთი თავისთვის რა არის… მაგათგან რაც შეიძლება შორს უნდა დაიკავო თავი, მაგათ უნდათ იმ ძველი [საბჭოთა] კავშირის აღდგენა, რაც იყო. ვინ შევა მაქ?“ – ამბობს იაშა გოგაძე.
იაშა
80 წლის მერი ზაქარაძეც სოფელი მახოს მკვიდრია, ასაკთან ერთად გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად, იგი დღემდე სოფლის ცენტრში, პატარა მაღაზიაში მუშაობს.
„მე დიდი ხანია აქ ვმუშაობ, ადრე ჩაის ვკრეფდი, მერე სკოლაში ვიყავი დამლაგებლად და მერე ეს ავირჩე, ერთი ოცი წელი არის, მეტი თუ არა, მაგრამ როცა შვილიშვილი დამეღუპა, იმის მერე ერთ-ორი წელი არ მიმუშავია. მერე კიდევ თავს ვირთობ და ასე, მძღოლები შემოვლენ, ვინმე მოვა დაჯდება დავილაპარაკებ და დრო გადის“, – ჰყვება ის.
მერის ოთხი შვილი ჰყავს, მათგან ერთი, ათ წელზე მეტია ემიგრაციაშია.
„ჩემი გოგო გათხოვილია, ერთი 10-12 წელია, რაც თურქეთშია, მუშაობს იქ, ორ ქალს უვლის. ბევრი არიან [ემიგრაციაში], ბევრი რაც შეიძლება, ჩაში არიან, ისე მომვლელად არიან და რა ვიცი, არიან ამ სოფლიდან, ბევრს უჭირს“, – ამბობს მერი.
ქალის თქმით, მიუხედავად პენსიონერებისთვის დაწესებული შეღავათებისა, ყველაზე მეტი მაინც წამლებში ეხარჯება:
„მე იმდენ წამალს ვსვამ, პენსია [415 ლარი] სულ მაგაში მიდის, სად მყოფნის ეს ფული. თვე გასული არ არის გახედავ აღარ არის, რა ძვირია წამლები… რძალი მყავს, პარალიჩი [დამბლა] მიიღო, უკვე მეოთხე წელია ასეა… მაგას მუდმივი პენსია არ უნდა ჰქონდეს? რა უფასო [პროგრამა], იმდენი ფული დავხარჯეთ ერთ სახლს ვიყიდდი ბათუმში.
„მანქანა მქონია თურმე ორი, მოვიდნენ შემამოწმეს [სოციალური სააგენტოდან] და არაო, ეს გაჭირვებული არააო, კაი ტელევიზორი აქვსო, ჩემი შვილები მარშუტკის მძღოლები არიან. მძღოლები… და არაფერი. ადგა ქალი და წავიდა… თუ რამე კეთდება ის მითხარი, ბენზინი და სალიარკა რა ღირს“, – ამბობს მერი.
მერი
საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შორის საკმაოდ მაღალია ხანდაზმულთა (60 წლისა და მეტი ასაკის) წილი. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში ხანდაზმულები შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობის 17.6 პროცენტს წარმოადგენენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საარსებო შემწეობას 60 წელს გადაცილებული 78 997 ადამიანი იღებს.
საქართველოში საპენსიო ასაკის 851 395 ადამიანი ცხოვრობს, მათი მნიშვნელოვანი წილი, დაახლოებით 9 პროცენტი საარსებო შემწეობას იღებს.
მერი ამბობს, რომ საქართველოში ხანდაზმულებისთვის ჯანდაცვის სერვისების სიძვირის გარდა, პრობლემურია მათი ხარისხიც: „…აქაური წამლები წამლები არაა, თურქეთიდან მომაქვს.
ხუთი თვის წინ თურქეთში ვიყავი სამკურნალოდ, ჩქარა რომ ვწვებოდი, ვითიშებოდი, იქ გავიგონე ექიმები რომ ხსნიდნენ, აქეთ მხარეს არ არის კარგი [სისხლის] მოძრაობა და სცადეს, რომ ეს შეენარჩუნებინათ. ჯერჯერობით, ცოტა შეღავათი მაქვს. იქამდე ამ პრობლემით ვიწექი ბათუმში – ექიმმა რომ მიმიღო, დღეს რომ ორშაბათია და მიმიღო, გამოწერის დროს მოვიდა. იქამდე პალატაში ვიწექი და თუ არ დაუძახებდი ექიმს, არ მოდიოდნენ, ძალით მომყავდა, რომ მოეხედათ. ეს, რომ ვუთხარი ჩემს გოგოს, მითხრა მე დაგხვდები დედი საზღვარზე ჩამოდი და წაგიყვანო“, – ჰყვება მერი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიშისმიხედვით, საქართველოში ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში, რაც იწვევს მოსახლეობის გაღატაკებას. ჯანდაცვასთან დაკავშირებული ჯიბიდან გადახდები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფინანსურ სიდუხჭირეს.
73 წლისა ლიანა სვანიძე სოფელ მაჭახლისპირში ცხოვრობს, უკეთესი შემოსავლის ძიებაში მისი საახლობლოდანაც ბევრი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის ხანდაზმულებიც.
„ჩემი და და დისშვილია წასული. და თურქეთში იყო, მერე ჩამოვიდა და გოგოსთან წავიდა საბერძნეთში. ჩემზე ერთი წლით დიდია, შეუძლია იმას, მე მჯობია და წასულია გოგოსთან. ჩემი შვილიც იყო და ჩამოვიდა, რძალიც იყო და ჩამოვიდა, მე რომ არ შემიძლია…
რა თქმა უნდა, ადამიანს რომ არ უჭირდეს ემიგრაციაში არ წავა, ვერ წავა. იმიტომ მიდიან, რომ ბევრი გაჭირვებულია, ბევრიც ავადაა“, – ამბობს ის.
ლიანა სვანიძეც თავისი პენსიის ძირითად ნაწილს წამლებზე ხარჯავს. ამბობს, რომ ხანდაზმულებს პენსია წამლების გარდა, ნორმალურ საკვებსა და დასვენებასაც უნდა ჰყოფნიდეს:
„პენსია იმდენი მაქვს წამლებში ძლივს მყოფნის, ევროპაში მე არ ვყოფილვარ, ტელევიზორში ვუსმენ – სხვა ქვეყნებში რომ არის მაღალი პენსიები, ჩვენთან რატომ არ უნდა იყოს? ევროპაში როცა იქნება შეიძლება შევიდეთ, ალბათ ეს ჩვენ არ მოგვესწრება, მაგრამ ახლა სოფელში ვართ და 1000 ლარი რომ გვქონდეს პენსია შეიძლება წამალიც ვიყიდოთ, შეიძლება კარგი რაღაცაც შევჭამოთ და დასასვენებლადაც წავიდეთ. ეს არ უჭირს ჩვენ ქვეყანას“.
ლიანა სვანიძე: „აქ რომ ჩამოდიან [ტურისტებად], ფულს რომ ხარჯავენ, ჩვენები მასე სადმე მიდიან? იშვიათად. ჩვენი ხალხი გაჭირვების გამო თუა წასული“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიიდან ათზე მეტი წლის შემდეგ კიევს აქვს გეგმა მის დასაბრუნებლად. ინტერვიუში, სახელწოდებით – „ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ – და როგორ“, სირსკი ამბობს:
„ეს რეალურია. რა თქმა უნდა, ეს დიდი სამხედრო საიდუმლოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ 1991 წლის მდგომარეობით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ… გავათავისუფლოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, რომლებიც იტანჯებიან“.
სირსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის თავდასხმების სერიის შემდეგ, რუსეთი იძულებული გახდა გასულიყო სევასტოპოლის პორტიდან და უკრაინის მიზანია, გაანადგუროს ყირიმის ხიდი და სარკინიგზო გადასასვლელი, რომელიც აკავშირებს ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან.
სირსკის არ დაუზუსტებია, როდის შეიძლება ეს მოხდეს.
სირსკიმ „გარდიანთან“ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამჟამად ფრონტზე რუსებს აქვთ უპირატესობა როგორც ტექნოლოგიების, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით.
„როცა საქმე ეხება ტექნოლოგიას, თანაფარდობა არის 1:2 ან 1:3 მათ სასარგებლოდ. მტერს ძალებითა და რესურსებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. 2022 წლიდან რუსული ტანკების რაოდენობა „გაორმაგდა“ – 1700-დან 3500-მდე. საარტილერიო სისტემები სამჯერ გაიზარდა და ჯავშანტრანსპორტიორების რაოდენობა 4500-დან 8900-მდე გაიზარდა“, – განაცხადა გენერალმა და დასძინა, რომ ამიტომ, უკრაინისთვის მიწოდების და ხარისხის საკითხი წინა პლანზეა.
სირსკიმ თქვა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა და არ სურს „მიაღწიოს მიზნებს ნებისმიერ ფასად“. „ჩვენ არ ვიცავთ ნანგრევებს სიკვდილამდე“ – თქვა გენერალმა.
კითხვაზე თუ შეუძლია უკრაინას გამარჯვება და რამდენი დროა დარჩენილი გამარჯვებამდე, სირსკიმ თქვა: „ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მამაცი უნდა იყო, რომ თქვა როდის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენთვის ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ არსებობს“.