მთავარი,სიახლეები

ვის დარჩება 5-მილიონიანი ტენდერი – ბათუმის მერიას 3 კომპანია უჩივის

23.02.2024 • 3779
ვის დარჩება 5-მილიონიანი ტენდერი – ბათუმის მერიას 3 კომპანია უჩივის

„უფროსს დაურეკეს თბილისიდან და უთხრეს, ვის უნდა მოეგო ტენდერი… არ აინტერესებთ, ეს როგორ მოხერხდება. ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს. ახლა გვიჩივის კომპანია, რომელსაც დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა წყარომ მოაწოდა.

საუბარია ბათუმის მერიის უწყების, საქალაქო ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ 5 მილიონიან ტენდერზე [5 მილიონ 264 ათას 551 ლარი], რომელიც ბათუმში, სხვადასხვა მისამართზე 60 ამორტიზებული ლიფტის ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამმართველოს უფროსს თბილისიდან გავლენიანი პირის სახელით დაურეკეს: „ის ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს…“

„არ ყოფილა და ვერც იქნება“ – ამბობს სამმართველოს უფროსი „ბათუმელებთან“. აკაკი ბერიძე ინფორმაციას გავლენიანი პირისგან მითითების მიღების შესახებ კატეგორიულად უარყოფს:

„არა ვარ ცუდ დღეში, საკმაოდ კარგ დღეში ვარ და ვმუშაობ ყველანაირი წნეხის გარეშე. რაც შეეხება ზარებს და მსგავს რაღაცებს, არ ყოფილა. არცერთ ტენდერზე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს დაერეკოს და რაღაცები ჩაგვეთვალოს. ეს არის გამჭვირვალე პროცესი. ამას ხედავს ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი განათლების მქონე ადამიანს შეუძლია დაინახოს, წაიკითხოს, ატვირთული დოკუმენტაცია გადაამოწმოს. ან სამართლებრივ ნაწილში მოგვედავოს ან სასამართლო წესით. რაც შეეხება ინტერესს, ჩვენი ნებისმიერი პროექტის მიმართ ინტერესი არსებობს“.

სამმართველოს უფროსმა ხაზგასმით შეგვახსენა, რომ შესყიდვა ელექტრონულად ხორციელდება და პროცესი გამჭვირვალეა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

თუმცა, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების შესწავლა ინფორმირებული პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ აქარწყლებს. პირიქით, მეტ დამაჯერებლობას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ინფორმირებული წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სანდოა.

დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახლი ლიფტების შესყიდვა-მონტაჟის მიზნით ბათუმის მერიამ ტენდერი განმეორებით 2023 წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა [მანამდე, ცოტა ადრე, 2023 წლის სექტემბერში მერიამ იგივე შინაარსის შესყიდვა მისამართების დაკორექტირების საჭიროების მიზეზით შეწყვიტა].

ამჯერად წინადადებების მიღება 2023 წლის 30 ნოემბერს დასრულდა. შერჩევა-შეფასების ეტაპზე დაფიქსირდა სამი კომპანია, მათ შორის ორმა დისკვალიფიკაცია მიიღო. მოგვიანებით კი, შესყიდვების კომისიამ იგივე გადაწყვეტილება მიიღო მესამე კომპანიის მიმართაც.

კომისიის გადაწყვეტილება სამივე კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა.

„ბათუმი სიტი XXI“, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა მერიის სხვა ტენდერშიც გამარჯვებულია. ამ კომპანიამ მერიას ამჯერადაც ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება ყველაზე დაბალ ფასად, 4 მილიონ 699 ათას 999 ლარად შესთავაზა. კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს შპს „თბილლიფტსერვისთან“ მიმართებაშიც, კომპანიამ საბოლოო ფასის სახით 4 მილიონ 865 ათას 700 ლარი დააფიქსირა.

20 თებერვალს მესამე კომპანიამ, შპს ELE-მაც მიიღო დისკვალიფიკაცია

მესამე კომპანიას შპს ELE-ს თავიდანვე არ მიუღია დისკვალიფიკაცია. ამიტომაც, ლოგიკურად უნდა გვევარაუდა, რომ ტენდერი სწორედ ამ კომპანიას უნდა მოეგო, მისი ფასი 5 მილიონ 46 ათას 282 ლარია, შესყიდვის ფასზე მცირედით ნაკლები. თუმცა, 20 თებერვალს ამ კომპანიასაც დისკვალიფიკაცია მისცეს.

სამმართველოს უფროსს „ბათუმელები“ ამ გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე, 7 თებერვალს ესაუბრა. სწორედ ამ საუბრის შემდეგ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ შპს ELE-ც არ იყო ის კომპანია, რომელსაც ტენდერი უნდა მოეგო.

„რატომ უყურებთ ასე. არ არის ლოგიკა ეგ. ჩვენ ხომ არ განგვიხილია მესამე კომპანიის დოკუმენტაცია. თუ ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, აუცილებლად დისკვალიფიკაციას მიიღებს. დაშვება და არდაშვება უნდა გამოვრიცხოთ. თუ ვერ დააკმაყოფილებს, მიიღებს დისკვალიფიკაციას. თუ ვერ დააკმაყოფილა მესამემაც, გამოჩნდება მეოთხე, მეხუთე და ასე შემდეგ. ან შეიძლება არავინ არ გამოჩნდეს. სააგენტოს გვერდზე არ ჩანს სხვა კომპანია, ვიდრე დისკვალიფიკაციას არ მიიღებს შერჩეული კომპანია. აქედან გამომდინარე ვინ მოიგებს და როგორ მოიგებს, ჩვენ ეს არ ვიცით.“

20 თებერვალს ტენდერში კიდევ ერთი კომპანიის მონაწილეობის შესახებ გავიგეთ.

 

ეს არის სს „აველიჯე მაქინე სანაი ვე თიჯარეთ“-ი, რომელიც თურქეთშია რეგისტრირებული, ამ კომპანიამ მერიას სამუშაოს შესრულება 5 მილიონ 62 ათას 716 ლარად შესთავაზა.

  •  „ბათუმი სიტი XXI“ – მოქმედი მიმწოდებელი, რომლის გამოცდილებაც ამჯერად დაიწუნეს

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პრეტენდენტს გაფორმებული უნდა ჰქონდეს შეთანხმება  ტენდერით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისი ლიფტების დამამზადებელ საწარმოსთან ლიფტების მოწოდების მზაობაზე. მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, საწარმო იკისრებს ვალდებულებას მიაწოდოს კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული ლიფტები. ხელშეკრულება უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

დოკუმენტების მიხედვით, „ბათუმი სიტი XXI“-მ მერიის უწყებას წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებები ჩინურ და თურქულ კომპანიებთან. თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შესყიდვების კომისიამ სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამოდ იმის გამო მიიჩნია, რომ კომპანია თურქეთის სახელმწიფო რეესტრში არ იძებნებოდა. სწორედ ამ მიზეზით მისცეს „ბათუმი სიტი XXI“-ს დისკვალიფიკაცია.

2023 წლის 12 დეკემბერს კომპანიამ შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა.

კომპანიის განმარტებით, თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებაში მითითებულია რეკვიზიტები, ხელმოწერილია დირექტორის მიერ და დასმულია კომპანიის ბეჭედი. კომპანია რეგისტრირებულია თურქეთის სახელმწიფო რეესტრში და გააჩნია საიდენტიფიკაციო კოდი.

„როგორც აღმოჩნდა, ხელშეკრულების რეკვიზიტების შევსების დროს თურქულმა მხარემ მონაცემების შეყვანის დროს ინსტინქტურად დაუშვა შეცდომა. თუმცა ხელშეკრულებაზე დასმულ ბეჭედზე საიდენტიფიკაციო კოდი მითითებულია სწორად. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მონაცემების გადამოწმების დროს იხელმძღვანელა ხელშეკრულებაში კომპანიის რეკვიზიტების ველში მითითებული საიდენტიფიკაციო კოდით და არ შეადარეს მონაცემები კომპანიის ბეჭედზე მითითებულ ინფორმაციას – საიდენტიფიკაციო კოდს“, – განუმარტა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს.

კომპანია საჩივარში წერს, რომ ბეჭედზე არსებული საიდენტიფიკაციო კოდი უტყუარი მონაცემია:

„მიგვაჩნია, რომ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა შეემოწმებინა, როგორც კომპანიის რეკვიზიტები, ასევე ბეჭედზე არსებული მონაცემები, რითაც შეძლებდა ტექნიკური შეცდომის გამოვლენას და ბეჭდის უტყუარ მონაცემებზე დაყრდნობით მოიპოვებდა ინფორმაციას კომპანიის შესახებ თურქეთის სახელმწიფო რეესტრიდან.

კომპანიამ  საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვების სამსახურს შესყიდვების სააგენტოს უჩივლა და მოითხოვა დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების გაუქმება.

დავების საბჭომ კომპანიას საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაავალა სატენდერო კომისიას განმეორებით განიხილოს დოკუმენტები.

ეს კომპანია სამმართველოს მოქმედი მიმწოდებელია. 2023 წლის 9 ივნისს, კომპანიას მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა ანალოგიური – ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე. ხელშეკრულება 4 მილიონ 938 ათას 604 ლარზეა გაფორმებული. როგორც შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ფიქსირდება, კომპანიას უკვე შესრულებული და ანაზღაურებული აქვს 1 მილიონ 598 ათას 331 ლარის სამუშაოები.

  • შპს „თბილლიფტსერვისი“

შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილება „თბილლიფტსერვისმაც“ გაასაჩივრა. მოგვიანებით კი ამ კომპანიამ იგივე ტენდერთან დაკავშირებით სააგენტოს კიდევ ორი საჩივრით მიმართა. ამ კომპანიას კომისიამ ანალოგიური მასშტაბისა და ღირებულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიზეზით მისცეს დისკვალიფიკაცია.

დოკუმენტების მიხედვით, პრეტენდენტს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, საერთო ღირებულებით, არანაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ განიხილა შპს „თბილლიფტსერვისის“ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ „ლიფტების შეკეთების, რემონტის, რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციის სამუშაოები არ ჩაითვლება ტენდერით მოთხოვნილთან შესაბამის სამუშაოებად. N99-4 ოქმი]

კომპანიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ სატენდერო კომისიამ გამოცილებასთან დაკავშირებული დოკუმენტების დაზუსტებაზე კომპანიას ბუნდოვანი მოთხოვნა წაუყენა, შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული დრო არ მისცა:

„აღსანიშნავია ისიც, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ სრულყოფილადაც არ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული 5 სამუშაო დღე და დეტალური შემოწმების გარეშე, ერთ სამუშაო დღეში ბუნდოვანი და არაზუსტი დაზუსტების მოთხოვნა წარუდგინა პრეტენდენტს.“

2023 წლის 20 დეკემბერს დავების საბჭომ ეს საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიას მიუთითა განმეორებით გადახედოს დოკუმენტებს:

„დეტალურად უნდა იმსჯელოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილსა და საჩივარში მითითებულ გარემოებებზე და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“

2024 წლის 22 იანვარს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ გამართა სხდომა, სადაც „თბილლიფტსერვისის“ გამოცდილების შესახებ დოკუმენტები განმეორებით განხილა.

სატენდერო კომისიამ ისევ მიიჩნია, რომ კომპანიას ტენდერით მოთხოვნილი სამუშაოების ანალოგიური სამუშაოები შესრულებული არ აქვს. შესაბამისად, გამოცდილება არ დასტურდება. კომისიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ითხოვს ძველი ლიფტის დემონტაჟისა და ახალი ლიფტის მონტაჟის სამუშაოების გამოცდილებას. აღდგენა-შეკეთების სამუშაოები კი, ანალოგიურ სამუშაოებად ვერ ჩაითვლება.

კომპანიამ სააგენტოს ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა.

24 იანვარს სამმართველოს სატენდერო კომისიამ ისევ ჩაატარა სხდომა, რომლის ოქმშიც ვკითხულობთ, რომ კომპანიის დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება იმის გამო, რომ გამოცდილებასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. კომპანიამ ეს ოქმიც გაასაჩივრა.

2024 წლის 12 თებერვალს სატენდერო კომისიამ კიდევ ერთი სხდომა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საბოლოოდ „თბილლიფტსერვისმა“ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სამჯერ გაასაჩივრა, სამივე შემთხვევაში საბჭომ კომისიას „გადაწყვეტილების გადასინჯვა“ დაავალა.

  • შპს ELE

გამოცდილება დაუწუნეს ასევე შპს ELE- ს. კომპანიას გარკვეული სამუშაოები, რომლებიც უკვე შესრულებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, არ ჩაუთვალეს ახალი ლიფტის მონტაჟის სამუშაოდ და დისკვალიფიკაცია მისცეს. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა ახალი კომპანია.

„ეს არის სიტყვებით თამაში“ – გივი ყიფშიძემ, უთხრა „ბათუმელებს“ შპს ELE- ს დირექტორმა. 22 თებერვალს კომპანიამ საჩივრით დავების საბჭოს მიმართა.

კომპანია სააგენტოს წერს, რომ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ ლიფტების აღდგენა-შეკეთების სამუშაოების ანალოგიურ სამუშაოებად მიიჩნია მხოლოდ დემონტაჟის სამუშაოები. ასევე, კომისიამ ვერ დაადგინა დემონტაჟის სამუშაოების ღირებულება, ვინაიდან დოკუმენტაციაში მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოები ერთადაა მითითებული. სწორედ ამის გამო პრეტენდენტს დაევალა დაზუსტება.

კომპანიის ინფორმაციით, კომისიის მითითების შესაბამისად, პრეტენდენტმა წარადგინა გლდანის ტერიტორიაზე შესრულებული იმ ტენდერების ჩამონათვალი და დოკუმენტები, სადაც, შეასრულა ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები.

კომპანიის მტკიცებით, დოკუმენტაციით ნათლად ჩანს, რომ პრეტენდენტს შესრულებული აქვს ლიფტის დემონტაჟი და ახალი ლიფტის მონტაჟის სამუშაოები, რაც მოთხოვნილი აქვს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს.

კომპანია წერს: გლდანის რაიონის გამგეობის ტენდერის ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია: ახალი შახტის კარის მონტაჟი, ძველი შახტის კარის დემონტაჟი, ძველი კაბინის კარის დემონტაჟი და ახალი კაბინის კარის მონტაჟი, ახალი მართვის პროცესორული კარადის მონტაჟი და სხვა. მსგავსად შეგვიძლია მაგალითების მოყვანა თითოეულ ტენდერზე. გარდა ამისა, დამატებით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ იქნა ექსპერტის დასკვნა და გლდანის მუნიციპალიტეტის მერიის დადასტურებული წერილი ზემოაღნიშნული ტენდერებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ ,,შპს ELE“-მ განახორციელა სამგზავრო და სატვირთო ლიფტების სრული რეაბილიტაცია, კერძოდ: კომპანიის მიერ სრულად განხორციელდა ძველი ნაწილების ახლით ჩანაცვლება, რაც გულისხმობს ძველის დემონტაჟს და ახლის მონტაჟს.

კომპანია ითხოვს გაუქმდეს კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმი და „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.“

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: