მთავარი,სიახლეები

რატომ ბლოკავენ ხულოს მერიის ფეისბუქის გვერდზე მოქალაქეებს? – რას ამბობენ მერიაში

25.07.2024 •
რატომ ბლოკავენ ხულოს მერიის ფეისბუქის გვერდზე მოქალაქეებს? – რას ამბობენ მერიაში

მოქალაქეები საჯარო თუ პირად საუბარში ამბობენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფეისბუქ გვერდებზე მათ ბლოკავენ.

მათი თქმით, ზოგიერთმა მათგანმა იმის გასარკვევად, თუ რა გახდა დაბლოკვის მიზეზი და რამდენ ხანს გაგრძელდება მათთვის ინფორმაციის შეზღუდვა, ხულოს მერიის შესაბამის სამსახურს მიაკითხა. თუმცა, როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ მცდელობას გაერკვიათ, რა ხდებოდა, შედეგი არ მოჰყოლია და ისინი დღემდე დაბლოკილები არიან.

ჯერ კიდევ გასულ წელს ერთ-ერთმა მოქალაქემ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი ამის შესახებ. ის წერდა, რომ ხულოს მერიის ფეისბუქგვერდიდან კრიტიკული კომენტარის დაწერის შემდეგ დაიბლოკა, რის გამოც მერიაში რამდენჯერმე მივიდა, თუმცა უშედეგოდ.

ხულოში მცხოვრები მოქალაქის პოსტი

თამარ ცეცხლაძე ხულოს მერიის მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელია. „ბათუმელები“ მასთან დაკავშირებას შეეცადა. გვინდოდა მისთვის გვეკითხა, ნამდვილად ბლოკავენ თუ არა მოქალაქეებს ხულოს მერიის ფეისბუქის გვერდზე კრიტიკული კომენტარების გამო, რატომ არ პასუხობენ მათთან მისული მოქალაქეების შეკითხვებს და ასე შემდეგ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

ხულოს მერიის მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ნური გორგაძემ გვითხრა, რომ ჩვენს შეკითხვებს თავად უპასუხებდა, ის ფეისბუქგვერდზე მოქალაქეების დაბლოკვის ფაქტს უარყოფს:

„ჭორაობას ჰგავს ეს ამბავი და სიმართლეს არ შეესაბამება ნამდვილად, იმიტომ, რომ გვერდის ადმინი ვარ მე და მე ვარ პასუხისმგებელი მაგაზე.

მე გეუბნებით, რომ ჩვენი, მერიის გვერდიდან არავინ არ არის დაბლოკილი“, – გვითხრა მან და ტელეფონი გათიშა. ნური გორგაძეს ვთხოვეთ თამარ ცეცხლაძის საკონტაქტო ინფორმაციაც, თუმცა მან არ გვიპასუხა.

მოქალაქე თამთა თავართქილაძის პოსტის კომენტარებში გამოჩნდა, რომ ხულოს მერიის ფეისბუქგვერდიდან დაბლოკილი მხოლოდ ის არ არის.

ქეთი აბულაძე ახლა სტუდენტია და თბილისში სწავლობს, თუმცა ხშირად ჩადის ხულოში და როგორც ამბობს, ცდილობს, მისი რესურსებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, „ყველაფერი ხულოს მოახმაროს“.

„თავის დროზე მერიასთან ერთად რაღაც პროექტებიც მაქვს გაკეთებული და ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა ხულოს მერიის გვერდზე ჩემი აზრის გამოხატვის გამო მბლოკავენ.

მნიშვნელოვანია ჩემთვის მივიღო ინფორმაცია, თუ რას აკეთებს მერია, რაში იხარჯება ჩვენი ფული, როგორ ხმარდება ხალხს და რა კეთდება იმისთვის, რომ ხულოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს.

სამწუხაროდ, ამ ყველაფრის გასაგებად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ფეისბუქია, რადგან სხვა ოფიციალურ ვებსაიტებს ნაკლებად იყენებს და აქვეყნებს ახალ ინფორმაციას ხულოს მერია. შესაბამისად, ერთადერთი წყარო, საიდანაც შემიძლია ამ ინფორმაციის მიღება, ფეისბუქია, რომელზეც წვდომა აღარ მაქვს.

პრინციპში, კრიტიკული კომენტარი არც დამიწერია – მხოლოდ სიცილის სმაილები დავწერე ერთ-ერთ პოსტზე.

სიცილის სმაილების დაკომენტარებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ შევამოწმე და წვდომა აღარ მქონდა ხულოს მერიის ფეისბუქგვერდზე. იმიტომ შევამოწმე, რომ გავიგე, სხვები იყვნენ დაბლოკილი და გავიფიქრე, მეც ხომ არ დამბლოკეს-მეთქი. დაბლოკილი ვიყავი. მას შემდეგ წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა“, – გვითხრა ქეთიმ.

ქეთის თქმით, როცა ამის შესახებ გაიგო, შეეცადა გაერკვია, რა იყო მისი დაბლოკვის მიზეზი. მას არ მოუთხოვია განბლოკვა.

„ორჯერ ვიყავი მერიაში მისული. ერთხელ კი მერიის ორგანიზებულ ფესტივალზე ვნახე საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი [ნური გორგაძე]. არ ვთხოვდი, რომ ვინმეს ბლოკი აეხსნა ჩემთვის, უბრალოდ, ძალიან მაინტერესებდა მიზეზი, თუ რის გამო ვეღარ ვნახულობდი პოსტებს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მივედი, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, ძალიან ღიზიანდებოდნენ და ყველა გაურბოდა ჩემთან საუბარს.

მერიაში ორივეჯერ თამარ ცეცხლაძეს შევხვდი, თუმცა ოთახში ნური გორგაძეც იჯდა. ნური ჩემთან საუბარს თავს არიდებდა. თამარს მაჩეჩებდნენ ხელებში.

თამარი ძალიან ნერვიულობდა და პასუხს ვერ მაძლევდა. მეორედ რომ ვიყავი მისული, ნახევარი საათი მალოდინა – არ შემოვიდა ოთახში. სავარაუდოდ უნდოდა, რომ წამოვსულიყავი, მაგრამ ბოლომდე დავრჩი, დაველოდე.

თითქოს ცდილობდა, რომ რაღაც პასუხი მოეცა, მაგრამ მართლა ვერაფერს ვერ მეუბნებოდა. ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ არ ვარ დაბლოკილი და რაღაც ხარვეზია. პრინციპში, ბოლომდე იმასაც ვერ მეუბნებოდა, არ ხარ დაბლოკილიო. იმეორებდა – „მოვაგვარებ“, „მოვაგვარებ“, – იხსენებს ქეთი.

ქეთის თქმით, თამარმა მისი ტელეფონის შემოწმება დაიწყო, ნამდვილად დაბლოკილი იყო თუ არა – „ხულოს მერიის გვერდი რომ არ იძებნებოდა ჩემგან, ამბობდა რაღაც პრობლემაა, რაღაც ხარვეზი იქნებაო… წელიწად-ნახევარია ეგ ხარვეზია და ვერ გაასწორეს ალბათ, არ ვიცი.

ჩემი ნომერი ჩაიწერა. აუცილებლად დაგიკავშირდებიო. ჯერაც არავის დაურეკავს“, – გვითხრა ქეთიმ.

როგორც ქეთი ამბობს, მან მოითხოვა ხულოს მერიის გვერდიდან დაბლოკილი მომხმარებლების სია ეჩვენებინათ მისთვის, თუმცა უშედეგოდ:

„მიმტკიცებდნენ ყველა მისვლაზე, რომ არ ვარ დაბლოკილი და ეს სისულელეა, მაგრამ ვერკვევი ტექნოლოგიებში, ფეისბუქში და კარგად ვხვდები, რაშიცაა საქმე”.

ქეთი გვეუბნება, რომ პირადად იცნობს ადამიანებს, ვინც ასევე დაბლოკილები არიან ხულოს მერიის ფეისბუქგვერდზე და დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ეს ბლოკი კრიტიკული კომენტარების დაწერის შემდეგ “დაიმსახურეს”, თუმცა მისი შემთხვევა განსხვავებულია:

„სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, რომ დამბლოკავდნენ, რახან არანაირი შეხება არ მქონია მერიის გვერდთან მანამდე, არც კომენტარი დამიწერია და არც რაიმე მომიწონებია.

მინდა გავიგო, რა იყო ჩემი დაბლოკვის მიზეზი – ჩემი კომენტარი თუ ის, რომ შედარებით კრიტიკულად ვარ განწყობილი ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ჩემი ცხოვრება მეტწილად დაკავშირებულია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც კრიტიკულად აფასებენ ხელისუფლების მუშაობას?!

ვერ ვხვდები, სმაილები როგორ შეიძლება გამხდარიყო ჩემი დაბლოკვის მიზეზი. მგონია, რომ სხვა მიზეზიც იყო. მიცნობენ ძალიან კარგად და იციან ჩემი დამოკიდებულება, ურთიერთობა თუ კავშირი კონკრეტულ არასამთავრობოებთან”, – ამბობს ქეთი.

ქეთი აპირებს, როცა ხულოში მოხვდება, კიდევ მივიდეს მერიაში და შეკითხვებზე პასუხების მიღებას შეეცადოს – „ამაზე მეტად როგორ შევაწუხო არ ვიცი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, უნდა შევაწუხოთ“.

„მე დაბლოკილი ვარ როგორც ხულოს მერიის, ისე საკრებულოს ფეისბუქგვერდზე. საკრებულოს გვერდზე გვიან დამბლოკეს. მერიის გვერდზე ორჯერ დამბლოკეს. მეორედ დაახლოებით ორი წლის წინ. ინგლისური შრიფტით ვუწერდი – წარმატებები, ყოჩაღები ხართ-მეთქი. ამის გამო დამბლოკეს“, – ამბობს კიდევ ერთი ხულოელი, ლაშა ბოლქვაძე და განაგრძობს: „ვიცი, რომ ჩატები აქვთ, სადაც აგდებენ ბმულებს და ავალებენ ხოლმე მოქალაქეებს კომენტარებში დაწერონ – „წარმატებები“. ზოგს ჯერ კიდევ არ აქვს ქართული შრიფტი და ეგრე უწერენ ხოლმე. ჩემგან ეწყინათ ალბათ.

ამ ჩატებში ბევრი ჩემი მეგობარი და ნაცნობია. ზოგი მათთან მუშაობს, მაგრამ არ მოსწონთ და ხანდახან მეუბნებიან ხოლმე რაღაცებს, თუმცა [მერიაში] არ იციან, რომ ჩემთან აქვთ ურთიერთობა. ეს ჩატები აქვთ აიპებთან, ბაღებთან, სკოლებთან… მერიის პოსტებზე აქტივობას თუ დააკვირდებით, ყველა მათგანის ავტორი საჯარო სამსახურშია დასაქმებული. მე არ მქონია მცდელობა მერიაში მომეთხოვა ბლოკის მოხსნა. ვიცი, რომ ვიღაცები მივიდნენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

მე მქონდა პოსტები [პირად ფეისბუქგვერდზე] მერიისა და საკრებულოს მავნებლობების შესახებ. არ მოსწონთ, არავინ არ მოსწონთ, ვინც კრიტიკულადაა განწყობილი მათ მიმართ. თავი უნდა დაუხარო და უნდა დაეთანხმო ყველაფერში, რა სისულელეც არ უნდა გააკეთონ. თუ ამას არ აკეთებ, გბლოკავენ ყველგან. იქ ვინც არიან დასაქმებულები, მერიაში, სიპებში და აიპებში, ყველა ეგეთი ტიპია, ვინც ამათ თავს უხრის, ზედმეტს არაფერს არ იტყვის და მოკლედ, მათ დაკრულზე ცეკვავს”, – გვიყვება ლაშა.

ლაშას თქმით, ფეისბუქგვერდზე მოქალაქეების დაბლოკვა მინიმალურია იმასთან შედარებით, რასაც ხულოს მერია კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ აკეთებს: „სოციუმში გბლოკავენ. სამსახური თუ გინდა, ან ნებისმიერი რამის გაკეთება, რაშიც გჭირდება მერია, ყველგან იბლოკები.

სამსახურთან დაკავშირებით შევიტანე განაცხადი. მგონი, 2020 წელი იყო. გასაუბრებაზე დამიბარეს და გასაუბრების წინა დღეს მომწერეს – „ვერ გაიარეთ გასაუბრება“. წარმოიდგინეთ, ამ გასაუბრების გამო თბილისიდან წამოვედი და მატარებელში ვიჯექი. სადღაც ღამის 11-12 საათზე მომივიდა ეს შეტყობინება. საბოლოოდ, ამ პოზიციაზე მერის ნათესავი დანიშნეს.

სტრუქტურა აქვთ. ჩემი აზრით, შეიძლება ვიღაცები ჰყავთ გამოყოფილი კომენტარებისა და ლაიქების სანახავად. სხვა გვერდებზეც. არ არის აუცილებელი მერიის გვერდზე დააკომენტარო.

თუ ვინმემ რაიმე კრიტიკული დააკომენტარა, კრიტიკული პოსტი მოიწონა, მაშინვე მას ან მის ნათესავს ურეკავენ – „ეს როგორ გააკეთა“. ჩემი მეგობრის მშობლებს ურეკავდნენ, მაგალითად, როგორ კომენტარებს წერს შენი შვილიო. ჩემი პოსტის ქვეშ დაწერილ კომენტარზე იყო საუბარი, განა მერიის ან საკრებულოს.

არ მაქვს მოლოდინი, რომ ბლოკს ამიხსნიან.

არაკომპეტენტურები არიან. დავუშვათ, ვიღაცამ რაღაც ცუდი, უხამსი დაწერა – შეუზღუდე კომენტარების დაწერა… ნუ დაბლოკავ, რათა მოქალაქე იმ სიახლეებს გაეცნოს, რაც მუნიციპალიტეტში ხდება. ძირითადად რა სიახლეები ხდება, იცით? მერმა ეს დაათვალიერა, მერმა ეს მოინახულა… მაგრამ, შეიძლება იყოს ვიღაცისთვის გამოსადეგი და კი, მინდა, რომ ვიცოდე ჩემს მუნიციპალიტეტში, თუნდაც მერი რას აკეთებს. შემიზღუდე რაღაცები, მაგრამ ნუ გამიქრობ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას“, – უთხრა ლაშამ „ბათუმელებს.

____________________

ფოტოზე: თათბირი ხულოს მერიაში სამსახურებისა და განყოფილების უფროსებთან. ფოტო: ხულოს მერია/facebook

ამავე თემაზე: 

„პოსტი წაშალე“, – ამბავი სოფლებში ჩაკლულ პროტესტზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: