კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ჩურუღა – რატომ ტოვებდნენ ძველ ბათუმში ზაფხულობით ქალაქს

24.07.2024 •
ჩურუღა – რატომ ტოვებდნენ ძველ ბათუმში ზაფხულობით ქალაქს

ჩურუღა ან ჩურუღაი – ასე უწოდებენ აჭარაში დაახლოებით 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდს, როცა ტენიანობის მაჩვენებელი, ასევე ჰაერის ტემპერატურა იზრდება და განსაკუთრებით ცხელა. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდან შემოვიდა.

ჩურუღას პერიოდში აჭარაში ცდილობენ მაღალ მთაში წავიდნენ, თავი სიგრილეს შეაფარონ და ბარში მხოლოდ აგრილების შემდეგ დაბრუნდნენ.

ზაფხულობით ქალაქის დატოვების ტრადიცია არსებობდა ძველ ბათუმშიც, რომელიც, მართალია, ზღვისპირა ქალაქია, მაგრამ აქ ზღვაზე გარუჯვას ერჩივნათ მთაში წასულიყვნენ. მიზეზი, სიცხის გარდა, ციებ-ცხელება იყო, რომელიც ბათუმელებს განსაკუთრებით ზაფხულობით აწუხებდათ.

მაშინ ციებ-ცხელების მთავარი მიზეზი ტროპიკული ცხელება და მალარია იყო, რაც ბათუმში ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. ამ პერიოდში ბათუმში, რომელიც დაჭაობებულ ადგილას გაშენდა, განსაკუთრებით ბევრი კოღო იყო, რაც ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდებოდა.

ვისაც შეეძლო, კოღოებს, ნესტიან ჰავასა და ციებას მთებში გაურბოდა და ქალაქში შემოდგომაზე ბრუნდებოდა. მალარია ქალაქის მცხოვრებთა სიკვდილის მიზეზიც ხდებოდა, ათასობით ადამიანი გარდაიცვალა ბათუმში მალარიით. ქალაქში ოთხი სასაფლაო იყო. მაშინდელი სტატისტიკის მიხედვით, ინფექციური დაავადებებიდან 70 პროცენტი სწორედ მალარიაზე მოდიოდა.

ჯერ კიდევ 1842 წელს ბათუმში ჩამოსული რუსეთის არმიის ოფიცერი წერდა, რომ ქალაქის შემოგარენი ჭაობითა და ჯაგნარით იყო დაფარული:

„ჰავა ქალაქში თითქმის მთელი წლის მანძილზე მეტად მავნეა, ხოლო ზაფხულში მომაკვდინებელი ციება მძვინვარებს. ამის გამო ზაფხულობით ქალაქის მცხოვრებლები ტოვებენ ქალაქს და მთებში მიდიან“.

თანდათან, ქალაქის განაშენიანებამ, ჭაობების დაშრობამ, მალარიის გამომწვევი კოღო ანოფელესის რაოდენობა შეამცირა, თუმცა ბათუმში კიდევ დიდხანს ებრძოდნენ მალარიას.

საბოლოოდ, ტროპიკული მალარია, როგორც ადგილობრივი დაავადება, საქართველოში ლიკვიდირებული იქნა 1954 წლიდან. სამდღიანი მალარია, როგორც ადგილობრივი დაავადება კი, საქართველოში პირველად 1970 წელს აღმოიფხვრა. თუმცა, 1996 წლიდან ის კვლავ გავრცელდა, მაგრამ 2013 წლიდან ქვეყანაში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ბათუმური ციებ-ცხელება ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის მოგონებებშიც მოხვდა. მე-19 საუკუნის მიწურულს, ბათუმში ჩამოსულ კნუტ ჰამსუნს ციებამ შეუტია, რამდენჯერმე ქალაქის ქუჩებში სეირნობის დროს ცუდადაც კი გამხდარა, მაგრამ ამის მიუხედავად, თავის მოგონებებში იგი მაინც აღტაცებული საუბრობს აქაურ კლიმატზე.

ციებამ კნუტ ჰამსუნი ბათუმიდან გამგზავრების წინა საღამოსაც დაასუსტა. წამალი აღარ ჰქონდა, ამიტომ სასტუმროს წინ, დუქანში, კონიაკი იყიდა და ასე „იმკურნალა“.

„ამაზე უფრო მშვენიერი ზღაპარი აღარ გადამხდება, ალბათ, არასოდეს“, – სწერდა კნუტ ჰამსუნი თავის მეგობარს. „ეს სხვა სამყაროა, ადამიანები იქ უფრო ლამაზები არიან, ღვინო უფრო წითელია და მთები კიდევ – მაღალი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: