მთავარი,სიახლეები

2 სასტუმრო, აპარტოტელები – ხალხმა არ იცის, რის გაკეთებას გეგმავენ ბეშუმსა და შქერნალში

25.07.2024 •
2 სასტუმრო, აპარტოტელები – ხალხმა არ იცის, რის გაკეთებას გეგმავენ ბეშუმსა და შქერნალში

„ერთი კაციც კი არ იყო ინფორმირებული ჩემი იალაღიდან ეგრეთ წოდებულ საჯარო განხილვაზე, საჯარო მოხელეები მიიყვანეს მხოლოდ შეხვედრაზე… მერიის წარმომადგენელმაც კი არ იცოდა, რომ განიხილებოდა დოკუმენტი, რაც ჩვენთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხვალ კანონი იქნება,“ – გვიყვება ჯემალ საგინაძე. ის ხულოში ცხოვრობს და გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, შქერნალის უბანში იალაღი აქვს.

საუბარია გოდერძის უღელტეხილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გენერალურ გეგმაზე – კონცეფციის დოკუმენტის დამტკიცებას ხულოს საკრებულო ხვალ, 26 ივლისს აპირებს.

ჯემალ საგინაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის გვერდის ავლით გადაწყვიტა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება მაშინ, როცა ის პირდაპირ ეხება ბეშუმში, გოდერძის უღელტეხილსა თუ შქერნალის იალაღებზე მცხოვრებ ადამიანებს [ეს კონცეფცია არ ეხება კურორტ გოდერძის].

გენგეგმის მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვას და საინფორმაციო კამპანიას მუნიციპალიტეტის მერიას კანონი პირდაპირ ავალდებულებს.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მოსახლეობამ გენგეგმის შემუშავების შესახებ არაფერი იცის, ჯემალ საგინაძემ თანამოაზრეებთან ერთად საინიციატივო ჯგუფი შექმნა: „ხულო და მისი პერსპექტივები“. ეს ჯგუფი ახლა USAID-ის მხარდაჭერით მოსახლეობას ხვდება და ამბავს აგებინებს. USAID-ის ანუ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით პროცესში ურბანისტი, იურისტი და გეოლოგიც ჩაერთნენ, რომლებიც თავიანთ დასკვნებს ამზადებენ რისკებზე, რაც ამ კონცეფციის განხორციელებას შეიძლება მოჰყვეს.

„წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ტერიტორიაზე იარსებებს მხოლოდ მცირე საცხოვრებელი სახლები, მცირე აპარტოტელები და ორი რადიკალურად განსხვავებული მსხვილი სასტუმრო. აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად გამორიცხავს კერძო პირების მიერ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების გაჩენის შესაძლებლობას.

ეს ეწინააღმდეგება თანამედროვე ქალაქგეგმარებით პრინციპებსა და პრაქტიკას, შექმნას მრავალფეროვანი ინკლუზიური და ხელმისაწვდომი გარემო საზოგადოების ყველა სოციალური ფენისთვის,“ – ეს ურბანისტისა და არქიტექტორის, ანა ბიბილაშვილის დასკვნაა გოდერძის უღელტეხილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გენგეგმის კონცეფციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთით „ნიუ სითი დეველოპმენტმა“ მოამზადა.

არის იმის საფრთხე, რომ ბეშუმსა და გოდერძის უღელტეხილზე იგივე მოხდეს და ისეთივე მასშტაბური მშენებლობები დაიწყოს, როგორც ეს კურორტ ბახმაროში ხდება? – ანა ბიბილაშვილს და პროცესში ჩართულ სხვა პირებს კონკრეტული ინფორმაცია რომელიმე დეველოპერის გამოხატულ ბიზნესინტერესზე არ აქვთ, თუმცა, მაგალითად, ჯემალ საგინაძე არ გამორიცხავს, რომ გენგეგმა უკვე მოარგეს რომელიმე ბიზნესმენს.

შქერნალი

ურბანისტი ანა ბიბილაშვილი განმარტავს, რის შესაძლებლობას მისცემს გენგეგმა ბიზნესმენს, თუ ის ამჯერად გოდერძის უღელტეხილით, ან შქერნალით დაინტერესდება. გოდერძის უღელტეხილი ახლოსაა კურორტ გოდერძისთან, სადაც სათხილამურო ტრასა, საბაგირო და ტურისტული ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს. გენგეგმა ასევე ეხება კურორტ ბეშუმის ახლო-მახლო მდებარე მიწებს, მათ შორის, შქერნალს:

„პერსპექტიული დაბა გოდერძის განაშენიანების დეტალური გეგმით დადგენილი კოეფიციენტები [კ1-0,5 კ2-1,5 კ3-0,5] მნიშვნელოვნად აღემატება გენერალური გეგმით დადგენილ კოეფიციენტებს, რაც გამოიწვევს კრიტიკულ დისბალანსს განაშენიანებული სივრცეების განვითარებაში, ამავდროულად შექმნის კოეფიციენტების გაზრდის მოთხოვნას სხვა არეალებზე. თავის მხრივ, მიწის ნაკვეთის ნახევრის ათვისების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაამჭიდროვებს განაშენიანებას და შექმნის ხედების გადაფარვის საფრთხეებს.

წარმოდგენილი დოკუმენტი ასევე უშვებს შესაძლებლობას მსხვილ ნაკვეთებზე განთავსდეს ერთიანი მოცულობის ნაგებობა, რომელიც ადგილობრივი ჩამოყალიბებული მასშტაბის გათვალისწინებით გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება, ჩაკეტავს ხედებს და საერთო იერსახისგან უცხო სხეულად ჩამოყალიბდება – მაგალითად, ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 23.14.38.633 რომლის ფართობია 9616 კვ.მ. შესაძლებელია 14500 კვ.მეტრი ფართობის მქონე ნაგებობის განთავსება“, – მიიჩნევს ურბანისტი.

ანა ბიბილაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს შენობა-ნაგებობების მაქსიმალური ფართობი, რომელიც შეზღუდავს მიწების გამსხვილების შესაძლებლობას.

„გამომდინარე იქედან, რომ გამწვანებული ტერიტორიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შესაბამისი ტერიტორიების მენეჯმენტის ჩარჩო შეიმუშაოს წარმოდგენილმა დოკუმენტმა, მაგალითად, გამწვანებული ტერიტორიის დროებითი სარგებლობის დასაშვები პროცენტული მაჩვენებლის ზღვარი და სარგებლობის ვადის დასაშვები მაქსიმალური ზღვარი,“ – გვითხრა ანა ბიბილაშვილმა.

„საჯარო განხილვამდე სამი დღით ადრე განათავსოს საიტზე ინფორმაცია საჯარო განხილვაზე, დოკუმენტი 1500-გვერდიანია და ვიწრო სპეციალისტი თუ არ ხარ, ისეთი ენითაა შედგენილი, ვერ გაიგებ,“ – გვიყვება მოქალაქე თამარ ბუთურიშვილი. ისიც ახლა იალაღებზე მოსახლეობას ხვდება, რომ გენგეგმის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდოს.

თამარ ბუთურიშვილი, პირველ რიგში, ყურადღებას ხელისუფლების ვალდებულებაზე ამახვილებს – საზოგადოების ინფორმირება.

„თანაც იმ პირობებში, როცა ეს ეხება საძოვრებს, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს… როგორც ჩანს, ბიზნესინტერესი ძირითადად გოდერძის უღელტეხილი და შქერნალის უბანია, ბეშუმში რა სახლებიც არის, იმას ვეღარ დაანგრევენ.

წესია ის, რომ ჯერ უნდა გამოიკვლიო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და შემდეგ შექმნა დოკუმენტი. ჩვენ ვისაც ვხდებით, არავინ ინფორმირებული არ არის. საერთოდ არავინ იცის, რა დოკუმენტზეა საუბარი.

არც კომპანიას განუთავსებია სადმე ინფორმაცია, რას აწარმოებდნენ, ვის ხვდებოდნენ,“ – გვითხრა თამარ ბუთურიშვილმა.

„საჯარო ინფორმაცია 2024 წლის მარტში გამოვითხოვეთ დამკვეთებისგან, ანუ ხულოს მერიის და აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან. არც კანონით სავალდებულო საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდეს,“ – კანონის დარღვევაზე მიუთითებს ისევ ჯემალ საგინაძე. კანონის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს, როცა ინფორმაციას დამუშავება სჭირდება, საჯარო უწყებას შეუძლია საჯარო ინფორმაცია მაქსიმუმ 10 დღეში გასცეს.

ჯემალ საგინაძე აპირებს თანასოფლელებთან ერთად ხვალ ხულოს საკრებულოს სხდომას დაესწროს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამის საშუალებას მისცემენ.

ხვალ, 26 ივლისს, კონცეფციის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულომ გოდერძის უღელტეხილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გენგეგმის საბოლოო ვერსია უნდა დაამტკიცოს. ჯერ უცნობია, ეს როდის იქნება, თუმცა ჯემალ საგინაძე დასძენს, მთავრობა ჩქარობსო.

ჯემალ საგინაძე

რატომ არ გააგებინეს მოიალაღეებს, როგორ აპირებს მათი ცხოვრების შეცვლას ხელისუფლება? – ვკითხეთ ხულოს მერიას, თუმცა აქ არაფერი გვითხრეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გოდერძის უღელტეხილის უბნის დაგეგმარება „სასურველია ჯვრის არქიტექტურული კომპოზიციიდან გამოვიდეს“. ამის შესახებ წერია კონცეფციაში, რომელიც კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ადგილების განვითარებას ეხება. ბეშუმის გენერალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, „გოდერძის უღელტეხილის უბანი განსაკუთრებული ფუნქციისა და პროფილის არეალია, რომლის ფართობი 115,3 ჰექტარია, სადაც 158 საზაფხულო სადგომია“.

გენგეგმის მთავარი გამოწვევა ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად გარდაქმნაა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი, კერძო ინვესტიციების გარდა, ახლანდელი გათვლებით, 47 მილიონი აშშ დოლარის გაღება სახელმწიფოსაც მოუწევს.

„ადგილობრივი კულტურის, ტრადიციული კულტურის განვითარებას თუ არ შეეწყო ხელი, რა გამოვა? აქაც ბეტონის გროვას მივიღებთ,“ – გვიყვება ჯემალ საგინაძე და გენგეგმის კონცეფციის დოკუმენტის იმ მონაკვეთზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც ეს ადგილები მეწყერსაშიშია, საძოვრები კი, მეწყრულ ზონებს ააქტიურებს, რადგან პირუტყვი ნიადაგის სიმყარისთვის საჭირო ბევრ მცენარეს ანადგურებს.

„აქ წერია, რომ ეს გამოწვევაა, მაგრამ არაფერია ნათქვამი, რა უნდა გაკეთდეს, შინაარსობრივი კონცეფცია არც ამ ნაწილშია წარმოდგენილი, არავისთან კონსულტაცია არ გაუვლიათ… აქ ხალხი მაგისთვის ამოდის, რომ ტრადიციები ნახოს, ნატურალური პროდუქტი დააგემოვნოს,“ – ამბობს ჯემალ საგინაძე.

მოქალაქე გასაუბრების დროს ყველაზე ხშირად შოვს ახსენებს – იქაც ხომ არ გაითვალისწინეს მეწყრის საშიშროება, აქაც ანალოგიური რისკები ჩანს და თვალს ხუჭავენო.

„ეროზიის მაღალი რისკია, ეს დადასტურებული აქვს ამ დოკუმენტში გეოლოგსაც, თუმცა იმავდროულად წერს, რომ შესაძლებელია მაღალი რისკის მიუხედავად ნებისმიერი ტიპის მშენებლობაო, თუმცა კონკრეტული პროექტის წამოწყების წინ ახალი კვლევა იქნება საჭიროო. ამ დოკუმენტში თუ ამას მოაწერა ხელი გეოლოგმა, მერეც გამოიძებნებიან გეოლოგები, რომლებიც ბიზნესმენს ნებისმიერ პროექტზე ხელს მოუწერენ. აქ არ არის გათვალისწინებული მდინარის ხეობები, არავინ იცის, რა პროცესები განვითარდება,“- გვითხრა ჯემალ საგინაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „ნიუ სითი დეველოპმენტსაც“, რომელიც ამ კონცეფციაზე მუშაობდა. კომპანია უძრავი ქონების დეველოპერია. კომპანიის ფეისბუქჩატში მოგვწერეს, რომ შეკითხვა ელექტრონულ ფოსტაზე შეგვეძლო დაგვეტოვებინა. კომპანიას ვთხოვეთ, რომ დღეისთვის გამოენახათ დრო კითხვებზე საპასუხოდ, რადგან ხვალ უკვე ხულოს საკრებულო კონცეფციის დამტკიცებას აპირებს. კომპანიისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ბეშუმი, 4-სეზონიანი კურორტი – კონცეფცია, რომლის რეალიზებაც სახელმწიფოს $47 მილიონი დაუჯდება

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: