სიახლეები

ჩაის მუზეუმის განუხორციელებელი იდეა

20.12.2014 •
ჩაის მუზეუმის განუხორციელებელი იდეა

 

ლაო ჯონ ჯაოს სახლი ჩაქვში ლაო ჯონ ჯაოს სახლი ჩაქვში

“საუფლისწულო ჩაი” – ასე ეწოდებოდა ცარისტული რუსეთის დროს ჩაქვში მოყვანილ ჩაის, რომელიც ლაო ჯონ ჯაოს, ჩინელი მეწარმის სახელს უკავშირდებოდა. 23 წლის ლაო ჯონ ჯაო ჩაქვში 1893 წლის ნოებერში ჩამოვიდა რუსი ვაჭრის, პოპოვის მოწვევით, რომელიც ჩაის მოშენებას აპირებდა. იგი ჩაქვში 30 წელი ცხოვრობდა. მის სახელს უკავშირდება ჩაის ნერგების ორანჟერეისა და ჩაის გადამამუშავებელი პირველი მცირე ფაბრიკის შექმნა. ლაო ჯონ ჯაო იყო პოპოვის მამულების სრულუფლებიანი მმართველი, მოგვიანებით კი საკუთარი ჩაის ქარხანაც გახსნა.

ლაო ჯონ ჯაოს მიერ ჩაქვში მოყვანილი ჩაი საუკეთესოდ ითვლებოდა რუსეთის იმპერიაში, დავით კლდიაშვილი წერს, რომ ჩაი კარგი გემოსა და ფერის იყო და არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩინურ ჩაის. 1900 წელს პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე, ლაო ჯონ ჯაოს მიერ ჩაქვში მოყვანილ ჩაის ოქროს მედალი მიანიჭეს წარწერით – “კავკასიის ჩაი მსოფლიოში საუკეთესოა”.

ლაო ჯონ ჯაო
ლაო ჯონ ჯაო

1926 წელს ლაო ჯონ ჯაო ჩინეთში დაბრუნდა. სახლი, რომელშიც იგი მრავალსულიან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, საბჭოთა ხელისუფლებას დარჩა. მიუხედავად იდეისა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ სახლში ლაო ჯონ ჯაოს მუზეუმი, ან მისი სახელობის ჩაის მუზეუმი უნდა გახსნილიყო, სახლი ახლაც მიტოვებულია. სახლის მახლობლად მცხოვრებნი ამბობენ, რომ სახლი წლების მანძილზე იძარცვებოდა, ისე, რომ საბოლოოდ, კარის, ფანჯრის ჩარჩოებისა და კიბის გარეშეც კი დარჩა. დაბა ჩაქვის გამგებელი, გიორგი ქებულაძე ამბობს, რომ შენობა წლებია უპატრონოდაა მიტოვებული, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ აღირიცხება და, შესაბამისად, მისი მოვლა-პატრონობისთვის არც თანხაა გათვალისწინებული.

„წლების წინ საუბარი იყო, რომ ამ შენობაში ჩაის მუზეუმი გაიხსნებოდა. აქ რამდენიმე ოჯახი იყო შესახლებული და ამის გამო გამოასახლეს. შენობა ძალიან შეიცვალა. ადრე, მახსოვს, კრამიტის სახურავი ჰქონდა, გარედან ახლა ბათქაში აქვს, ადრე სხვანაირი იყო”, – ამბობს გიორგი ქებულაძე.

ლაო ჯონ ჯაოს სახლი მე-20 საუკუნის 10-იან წლებში. სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო

ლაო ჯონ ჯაოს სახლი მე-20 საუკუნის 10-იან წლებში. სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო

ლაო ჯონ ჯაოს პირადი ნივთების ნაწილი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელწიფო მუზეუმშია დაცული. როგორც მუზეუმის ისტორიის განყოფილების მეცნიერ-მუშაკი, მაყვალა გოგუა ამბობს, მათი ნაწილი ფონდებშია დაცული, ნაწილი კი გამოფენილია: „ეს არის მისი წყვილი ქოში, ქუდი, რომელსაც ჩაიში მუშაობისას იყენებდა, ჩაის სხვადასხვა ნიმუში, ვაზები… ყველაზე ძვირფასია ის, რასთანაც მას ჰქონდა უშუალო შეხება, მისი პირადი ნივთები, რომლებიც ოჯახში ინახებოდა. ადრეც ვამბობდი და სტატიაში – „ჩაის კულტურის განვითარების ისტორიიდან აჭარაში“ (მუზეუმის მაცნე III) – მაქვს მოხსენიებული, რომ კარგი იქნება, თუ ჩაქვში ეს სახლი იქნება მისი სახლ-მუზეუმი, რადგან ამ ადამიანმა ჩაუყარა საფუძველი ჩაის კულტურის განვითარებას აჭარაში და პირველი გადამამუშავებელი ფაბრიკების შექმნას, სადაც გამოდიოდა ხარისხიანი ჩაი, რომელმაც ბევრი პრიზი აიღო საერთაშორისო გამოფენებზე”.

ლაო ჯონ ჯაოს უმცროსი შვილი ქართველ ქალზე იყო დაქორწინებული. ლაოს შვილიშვილი ლიუ ყანდარელი ამჟამად თბილისში ცხოვრობს, მედიის საშუალებით მას არა ერთხელ გამოუთქვამს ლაო ჯონ ჯაოს მუზეუმის გახსნის სურვილი.

ჩაქვში მუზეუმის გახსნის იდეის მომხრეა ბიძინა აფხაზავა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის მოადგილე. მისი თქმით, ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში აჭარას კიდევ ერთი საინტერესო მუზეუმი შეემატებოდა.

“მზაობას, როგორც მახსოვს, გამოხატავდნენ ოჯახის წევრებიც, თუმცა მუზეუმის გახსნის იდეა კულტურის სამინისტრომ უნდა დააყენოს. თანხაზეა ეს დამოკიდებული, აქვე არის მეორე თემაც – შესაძლებელი იქნება თუ არა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმიდან ნივთების გადატანა, თუმცა მთავარია კულტურის სამინისტრომ დაძრას ეს საკითხი.”

ერთ-ერთი ოთახის იატაკი
ერთ-ერთი ოთახის იატაკი

მუზეუმის შექმნის იდეას საინტერესოდ მიიჩნევს ზვიად ელიზიანიც, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მსგავსი მუზეუმი ტურისტული კუთხით საინტერესო იქნება: “შენობას გააჩნია საინტერესო ისტორია, წარმოადგენს ჩინელი მეწარმის სახლს, რომლის სახელსაც უკავშირდება აჭარაში ჩაის წარმოების განვითარება – შესაბამისად, შეიძლება ამ ისტორიის კარგად შეფუთვა და მიწოდება ტურისტებისთვის. შენობას გააჩნია კარგი მდებარეობა – ზღვის სანაპირო, ცენტრალურ გზისპირას, სადაც სეზონის დროს მრავალი ტურისტი გაივლის. თუ მუზეუმის გახსნა დაიგეგმება, გამოყენებული უნდა იქნეს მუზეუმების მოწყობის თანამედროვე მიდგომები. აუცილებელია, რომ მუზეუმში იყოს კაფე, ჩაის სახლი – სადაც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ჩაის მრავალფეროვანი ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი. ზღვისპირას კი შესაძლებელია ტერასის გაკეთება, რომელიც კაფეს გაგრძელება იქნება”.

ტერასა ლაო ჯონ ჯაოს სახლს უკვე აქვს, მართალია, ნახევრად მოშლილი და ბალახით დაფარული, მაგრამ ზღვის ხედით და ბილიკით, რომელიც სახლს ზღვისგან 20 მეტრით თუ აშორებს. ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ მსგავსი მუზეუმი შეიძლება იქცეს ტურისტული კომპანიების მარშრუტების კულტურულ-ისტორიული ტურის ნაწილად: „ტურისტულ კომპანიებს მუზეუმი შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ერთ-ერთი გაჩერება, სადაც გარდა მუზეუმის მონახულებისა, შესაძლებელი იქნება ლანჩის ორგანიზება და სხვადასხვა ტიპის ჩაის დაგემოვნება. მაგალითად, ღვინის სახლებში არის ღვინის დეგუსტაცია, და ჩაის მუზეუმის კაფეში შესაძლებელია ჩაის დეგუსტაცია ან ჩაის მომზადების ტრადიციული რიტუალის ორგანიზება. ესეც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნებოდა მუზეუმისთვის.”

ზვიად ელიზიანის აზრით, ჩაქვში ჩაის მუზეუმი შესაძლოა სახელმწიფო ან კერძო ინვესტიციით გაკეთდეს და შესაბამისი მოლაპარაკების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩინური მხარეც (საელჩოს მეშვეობით) დაინტერესდეს შენობის აღდგენით: „სხვა ქვეყნებში ისტორიულ, სხვადასხვა ცნობილ პიროვნებასთან ან ამბავთან დაკავშერებულ შენობებს, ტურისტული კუთხით ხშირად იყენებენ” – ამბობს ზვიად ელიზიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: