მთავარი,სიახლეები

მთავრობა მერიებს 20 მილიონს აძლევს – „ივანიშვილი ჩვენ გვაფინანსებინებს თავის ავტორიტარიზმს“

27.07.2024 •
მთავრობა მერიებს 20 მილიონს აძლევს – „ივანიშვილი ჩვენ გვაფინანსებინებს თავის ავტორიტარიზმს“

„ეს არის ფული პარტიული აქტივისთვის. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილს აღარ უნდა საკუთარი ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. გადაწყვიტა, ჩვენ თვითონვე დაგვაფინანსებინოს თავისი ავტორიტარიზმი,“ – მიიჩნევს ანა დოლიძე, პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი საქართველოს მთავრობის ახალ განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტებს 20 მილიონ ლარს აძლევენ „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშესაწყობად“.

პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, სამოქალაქო ორგანიზაციებიც, რომლებიც საარჩევნო გარემოს აკვირდებიან, მთავრობის ახალ განკარგულებაში საარჩევნო მოტივაციას ხედავენ და ამომრჩევლის მოსყიდვის რისკს.

საქართველოს მთავრობამ განკარგულება 2024 წლის 23 ივლისს გამოსცა, სადაც არ ჩანს კონკრეტულად – რა მიზანს მოხმარდება ეს 20 მლნ ლარი, ან როგორ დაასაბუთა მთავრობამ, რომ 20 მილიონი სჭირდება წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტებს „ჩართულობის ხელშესაწყობად“?

რაც მკაფიოდ ჩანს, არის ის, რომ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს.

მთავრობის დადგენილება უშვებს ტენდერების გარდა გამარტივებულ შესყიდვასაც: „პროექტ(ებ)ის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შესაბამისი პროცედურების განხორციელება სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებლად,“ – აღნიშნულია განკარგულებაში.

წინასაარჩევნოდ მთავრობა თითოეულ მუნიციპალიტეტს თანხას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნაწილებს, მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 298 249 ლარს მიიღებს, გორი – 891 409 ლარს. თუ ამ თანხას ამავე მუნიციპალიტეტებში სოფლების რაოდენობაზე გავყოფთ, გამოვა, რომ გორში ერთ სოფელში საშუალოდ 7428 ლარი დაიხარჯება [გორის მუნიციპალიტეტში სულ 120 სოფელია], ლანჩხუთის სოფლებში კი, საშუალოდ 5523 ლარს [ლანჩხუთში სულ 54 სოფელია] უნდა ელოდნენ.

ქუთაისზე 1 029 574 ლარია გათვალისწინებული, სამტრედიაზე – 405 765, ზუგდიდზე – 764 328, ახალქალაქზე – 383 779 ლარი.

განკარგულების მიხედვით, 20 მილიონიდან არაფერი არ მოუწევს თბილისის, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის, აჟარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულს მუნიციპალიტეტებს.

  • რას მოხმარდება ეს 20 მილიონი მუნიციპალიტეტებში, რას ამბობს განკარგულება?

„… განაწილებული თანხა უნდა მოხმარდეს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების გათვალისწინებით, იმ პროექტ(ებ)ის განხორციელებას, რომელიც შეირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლ(ებ)ის მეშვეობით, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენილი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

პროექტ(ებ)ის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.

თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი.

თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამავე განკარგულების დანართით შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის 200 პროცენტს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს ინფორმაციის შესწავლას, ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა,“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

რა დასაბუთებით და კონკრეტულად რა მიზნით მიიღო საქართველოს მთავრობამ ეს დადგენილება? რატომ ტოვებს დადგენილება ღიად კორუფციის რისკებს და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლებლობას? – „ბათუმელები“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.

თამარ კორძაია: „ეს არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა“ 

„ეს არის პირდაპირ საბიუჯეტო სახსრებით საარჩევნო კამპანიის ჩატარების გზა. ამ განკარგულების სათაურიც ამაზე მეტყველებს, როცა საუბარია მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაზე, გამოყოფილია ამხელა თანხა და არ არსებობს დასაბუთება: როგორ განსაზღვრა მთავრობამ, რომ 20 მილიონი სჭირდებოდა და არა 10 მილიონი, მაგალითად?

ჯერ უნდა განისაზღვროს მოქალაქეების საჭიროებები და მერე უნდა გამოიყოს თანხა.

ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტების მერი მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას თურმე და გამოიყენებს გამარტივებულ შესყიდვას,“ – კატეგორიულია პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას შეფასება 20 მილიონის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემაზე. ის პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერია.

თამარ კორძაია

თამარ კორძაია განმარტავს, რომ დასაბუთების არსებობის შემთხვევაში, რაც ამ დადგენილებაში არ ჩანს, თვითმმართველობებს ცალ-ცალკე უნდა წარმოედგინათ, რა ფორმით აპირებენ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

„სხვანაირად ეს პირდაპირ ბიუჯეტის გაუმჭვირვალე ხარჯვაა. ჩვენ გვიწერია კანონში, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობა არის პრინციპი, თვითონ „ოცნება“ გამჭვირვალობაზე საუბრობს და ამ დროს ბიუჯეტის თანხას ხარჯავენ სრულიად გაუმჭვირვალედ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საბიუჯეტო სახსრების საარჩევნოდ გამოყენების შეფარულ ფორმასთან. ეს არის „ოცნების“ კოორდინატორების ფული, ადამიანების, რომლებიც სოფელ-სოფელ ივლიან და ამას შემდეგ სხვა ფორმით გააფორმებენ,“ – დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვიდრე რეგიონული განვითარების სამინისტრო ამ პროექტების შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობას წარუდგენს, ანუ 2025 წელს, საპარლამენტო არჩევნები უკვე ჩატარებული იქნება.

„მთავარია, ამ თემას ბოლომდე მივყვეთ. ვნახოთ, რაში დაიხარჯება ეს ფული, მერე შეიძლება ძალიან გვიანი იყოს,“ – დასძინა თამარ კორძაიამ „ბათუმელებთან“.

მალხაზ ჭკადუა: „ცალსახაა, რომ ეს განკარგულება არჩევნებთანაა მიბმული“ 

მალხაზ ჭკადუას, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსს და კორუფციის მკვლევარს, პირველ რიგში, თვალში მთავრობის განკარგულების ის პუნქტი ხვდება, რომელიც პროექტების გამარტივებული შესყიდვების გზით განხორციელების შესაძლებლობას უშვებს.

„ეს კორუფციის რისკებს აჩენს, არსებობს რისკი, რომ კონტრაქტორებად შერჩეული იქნებიან სავარაუდოდ პირები პოლიტიკური ლოიალობიდან, ასევე გარკვეული ფარული გარიგებებიდან გამომდინარე,“ – გვიყვება მალხაზ ჭკადუა და მთავრობის ახალი განკარგულების კიდევ რამდენიმე ჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას.

„ვკითხულობთ, რომ მერის წარმომადგენლებმა უნდა მოუსმინონ მოქალაქეებს, რა საჭიროებები აქვთ მათ დასახლებაში და მერმა ამ ინფორმაციის მიღების საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი პროექტი დააფინანსოს.

პირდაპირ ვერ წაიღებს ამ ფულს ვერავინ. მაგალითად, რომელიმე სოფელში თუ გზის დაგება ჯდება 300 ათასი ლარი, მერს შეეძლება ამ განკარგულების მიხედვით, 100 ათასი ლარის გამოყენება, დამატებით 200 ათას ლარს კი, საკუთარი ბიუჯეტიდან აიღებს, რადგან განკარგულების მიხედვით, თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამავე განკარგულების დანართით შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის 200 პროცენტს.

თუმცა როგორ უნდა გაიმართოს ეს კონსულტაციები, სოფლის კრება უნდა ჩატარდეს, ან რა ტიპის ჩართულობაზეა საუბარი, გაუგებარია ეს,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

მალხაზ ჭკადუა

მალხაზ ჭკადუა გვახსენებს აუდიტის დასკვნებსაც, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს თანხა აუთვისებელი რჩებათ, მათ შორის, ქობულეთის, ან ბათუმის მუნიციპალიტეტებს:

„ფულის არქონა კი არ არის პრობლემა, არამედ ფულის ხარჯვის სწორი მენეჯმენტია პრობლემა.

არ ვართ ოფიციალურად წინასაარჩევნო პერიოდში და საარჩევნო კოდექსის დათქმები ჯერ არ მუშაობს, თუმცა თუ ზოგადი პერსპექტივიდან შევხედავთ, ეს ელექტორატზე დამატებითი გავლენის მოხდენის კიდევ ერთი მექანიზმია.

მოქალაქეების ჩართულობის განვითარება ასე, ერთჯერადი ინიციატივით და ერთჯერადი განკარგულების გამოცემით არ ხდება. ჩვენ წლებია ამაზე ვსაუბრობთ. უმჯობესი იქნებოდა ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსში და ბიუჯეტის თანამონაწილეობის უზრუნველყოფა. პრაქტიკულად უნდა შეიცვალოს ეს მიდგომა,“ – მიიჩნევს მალხაზ ჭკადუა.

გიორგი მონიავა: „გაურკვევლობა ამ განკარგულებაში იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ფული შეიძლება მოხმარდეს სხვა მიზნებს…“ 

„ამ განკარგულებით არ ჩანს მიზნობრიობა, ბუნდოვანია ამ თანხის დახარჯვის საჭიროება და აუცილებლობა,“ – განკარგულებაში საარჩევნო მოტივაციას ხედავს გიორგი მონიავა, „სამართლიანი არჩევნების“ სამართლის ექსპერტი. იგი მთავარ აქცენტს გაურკვევლობაზე აკეთებს, რომლითაც შეიძლება ხელისუფლებამ ისარგებლოს.

„ჩნდება აშკარა, გონივრული ეჭვი, რომ საარჩევნოდ მოტივირებულია ეს ინიციატივა, შეიძლება ეს თანხა გახარჯული იყოს რომელიმე პოლიტიკური აქტორის, ამ შემთხვევაში სახელისუფლებო პარტიის მიზნებისთვის და მისი საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ ამ თანხის ხარჯვის ნაწილს აუცილებლად დავაკვირდებით, რამდენად გამჭვირვალედ დაიხარჯება ეს თანხა,“ – ამბობს გიორგი მონიავა.

გიორგი მონიავა

„სამართლიანი არჩევნების“ სამართლის ექსპერტი  ყურადღებას ამახვილებს განკარგულებით განსაზღვრულ წესზე, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის მერი ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რა პროექტები უნდა დაფინანსდეს მუნიციპალიტეტში.

„ესეც არ არის იმ სტანდარტთან ახლოს, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს საბიუჯეტო თანხები… ასევე თანხის დახარჯვა შესაძლებელი იქნება გამარტივებული შესყიდვის წესით. ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა ეს თანხა არ მოხმარდეს იმ მიზნებს, რაც ამ დოკუმენტში ისედაც მწირად არის გადმოცემული.

არ არის დადგენილი, რა სახის პროექტები უნდა დაფინანსდეს, რა იქნება შეფასების კრიტერიუმი, რა მიზნობრიობის უნდა იყოს ესა თუ ის პროექტი, მაქსიმალური ზღვარი და მინიმალური ზღვარი, რამდენი პროექტი შეიძლება მომზადდეს,“ – ჩამოგვითვალა გიორგი მონიავამ.

ანა დოლიძე: „ივანიშვილს აღარ უნდა თავისი ფულის დახარჯვა…“ 

ანა დოლიძე მთავრობის ახალ განკარგულებაზე საუბრის დროს თვითმმართველობების ვალდებულებას გვახსენებს, მოქალაქეების ჩართულობა ისედაც არის მათი ვალდებულებაო.

„საარჩევნოდ ამ თანხის ცალკე გამოყოფა კი, არის თავისუფალი ფულის გამოყოფა ხალხის მოსასყიდად.

ანა დოლიძე

საქმე ისაა, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილს აღარ უნდა საკუთარი ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში… ეს აჩვენებს იმას, რომ ძალიან უჭირთ. ეს არის მუნიციპალიტეტებისთვის გადაგდებული ფული, პარტიული აქტივის ფულია ეს, დანარჩენს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა წაიღებს სახლში, ისინი აქამდეც არ იკლავდნენ თავს ხალხზე მუშაობით.

სინამდვილეში მაჩანჩალა ქვეყნის დონეზე ვართ, ამ დროს კი, ეს უზარმაზარი რესურსი იხარჯება პარტიული აქტივისთვის. ეს შეიძლება მოხმარებოდა უამრავ სოცდაუცველს, მრავალშვილიან ოჯახებს, სკოლებში უფასო კვება არ გვაქვს…

ინიციატივები თუ სურდათ მოქალაქეებისგან, ადამიანების წერილებით, მოთხოვნებით და ინიციატივებით სავსეა მერიები,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: