„მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორ მანუჩარ მჟავანაძეს ლანჩხუთში თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და სიუჟეტს ამზადებდა.
„ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში ვმუშაობდით მე და ჩემი ოპერატორი. დილით სუფსის პოლიციაში ვიყავით, პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე ვამზადებ სიუჟეტს. პოლიციის შენობიდან გამოვედით, წავედით სუფსის ცენტრში. სოფლის ცენტრში ვმუშაობდით, რა დროსაც „სუბარუს“ მარკის ავტომობილი შემოვიდა, გადმოვიდა მანქანიდან უცხო პირი და დაიწყო გინება „მთავარი არხის“ მისამართით. არ მივაქციეთ ყურადღება.
შემდეგ უშუალოდ მე და ოპერატორს დაგვიწყო გინება, არც ამას რომ არ მივაქციეთ ყურადღება, მოვიდა, აქლემივით შემაფურთხა და დამარტყა.
არ მინდოდა კონფლიქტში შესვლა, ხელი მოვკიდე ამ ადამიანს და ვცდილობდი მისივე მანქანაში ჩამესვა. რა დროსაც დამივარდა ტელეფონი. ტელეფონის ასაღებად რომ დავიხარე, სამი ადამიანი დამესხა თავს და დამიწყეს ცემა.
როგორც ჩანს, ეს პირველი თავდამსხმელი პროვოკაციაზე წამოსაგებად გამოაგზავნეს, თავად კი მომენტს ელოდნენ თავდასხმისთვის.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დახმარება დამჭირდა, პოლიციამ ოქმი შეადგინა და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წაიღო საქმე. ბათუმში გამომკითხავენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლადო მენაბდემ.

ლადო მენაბდე
ლადო მენაბდის თქმით, ის დღეს პოლიციის მაღალჩინოსანზე აპირებდა სიუჟეტის მომზადებას. ჟურნალისტის ცნობით, სუფსის პოლიციაში დააბრუნეს 2016 წელს სისტემიდან გაგდებული ერთ-ერთი პოლიციელი.
„მოულოდნელად აღადგინეს ეს პოლიციელი რამდენიმე დღის წინ. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ამის უკან დგანან კრიმინალური ავტორიტეტები. ამიტომ გადავწყვიტეთ ამაზე სიუჟეტი მოგვემზადებინა. დღეს დილით მივედით სუფსის პოლიციაში, იქიდან წამოვედით სუფსის ცენტრში, რა დროსაც თავს დაგვესხნენ. აქამდე ამ ხალხთან რაიმე შეხება არ მქონია, როგორც ახლა ვარკვევ, სუფსის გამგებლის თანაშემწეა ერთ-ერთი თავდამსხმელი, სხვები კი ეტყობა მისი გარემოცვა, ადიკო ივანიშვილის დაჯგუფება“, – გვითხრა ლადო მენაბდემ.
„ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს სუფსის გამგებლის თანაშემწეს.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას სპეციალურ საგამოძიებო სამსახური იძიებს.
როგორც სამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. ეს მუხლი თავდამსხმელისთვის 2 წლამდე ვადით თავისუფლები აღკვეთას ითვალისწინებს.






