ქობულეთში 2 მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, დაშავდა 11 ადამიანი

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში, ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 11 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, 24 ივლისს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო.

ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების პროექტი გაძვირდა – ტენდერი 1,4 მილიონი ლარით

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში, საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის, კერძოდ: ღია და პატარა მანეჟის, ტრიბუნისა და თავლის, დამხმარე შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის, ასევე კომუნალური სისტემის მშენებლობისთვის ამჯერად 1,4 მილიონი ლარია გამოყოფილი. ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

  • აღსანიშნავია, რომ პირველად ტენდერი ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2023 წლის თებერვალში გამოაცხადეს 401 500 ლარით, თუმცა ის არ შედგა, პრეტენდენტებმა დისკვალიფიკაცია მიიღეს.
  • 2023 წლის მარტში განმეორებითი ტენდერი, გაზრდილი თანხით, 710 000 ლარით გამოაცხადეს. სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიას, შპს „მშენებელი 777-7“- ს 2023 წლის 16 მაისს გაუფორმეს 702 900 ლარზე, თუმცა, სააგენტომ ეს ხელშეკრულება მოგვიანებით შეწყვიტა.
  • ამჯერად ტენდერი 1 472 159 ლარით არის გამოცხადებული.

რატომ გაძვირდა პროექტი და შეიცვლება თუ არა ადგილი, სადაც ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს.

„ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, იგივე რჩება, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. რაც შეეხება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების გაზრდას, განახლდა არსებული ხარჯთაღრიცხვა და ამასთან დაემატა 1 თავლა და 1 დამხმარე ნაგებობა. ასევე დაემატა ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაც, რაც წინა ტენდერით არ იყო გათვალისწინებული“, – გვითხრეს სააგენტოში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება. ინფრასტრუქტურა ღორჯომში 2025 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა მოეწყოს. ამასთან, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული: „სამშენებლო ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით 2024 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდი ვალდებულების შესრულების ვადაში არ ითვლება. ამ პერიოდში სამუშაოების წარმოება უნდა შეჩერდეს.“

ამავე პირობით, სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას ხარჯთაღრიცხვის, სატენდერო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებისა და პროექტის შესაბამისად, თუმცა „სრული პროექტი გამარჯვებულს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ“.

აღსანიშნავია ასევე, რომ მოსახლეობისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და შესაბამისი კომპენსაციის გაუცემლობის საკითხი წინა ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა.

„საკითხი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა იყო და ამ დროისთვის კომპენსაციების პრობლემა მოგვარებულია“, – გვითხრეს ტურისტული პროდუქტების სააგენტოში.

ხელშეკრულების შეწყვეტის დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

ვინ და რატომ ჩაშალა ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის 700 000-ლარიანი პროექტი

 

მთავარი ფოტო: ტურისტები ღორჯომის მთა ზორტიყელში / ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ფოტო

“ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ – კინოჩვენება და დისკუსია ბათუმში

ხვალ, 25 ივლისს, ბათუმში აქტივისტებისთვის, მოქალაქეებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის თემა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაა. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება „თავისუფალ სივრცეში“.

სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი CMIS – მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრია.

სამუშაო შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელები: ეკატერინე ბასილაია და მამუკა ანდღულაძე გაუძღვებიან, ხოლო მოწვეული სპიკერი მალხაზ ჭკადუა იქნება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე, „კინედოკის“ ინიციატივით გაიმართება დოკუმენტური ფილმის – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ კინოჩვენება.

ფილმი ასახავს პირადი და პოლიტიკური დილემის წინაშე მყოფ რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და აქტივისტებს, რომლებსაც სასტიკი სასჯელი ემუქრებათ.

როგორც ცნობილია, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის პირველი ვერსია რუსეთში 2012 წელს მიიღეს. „აგენტების კანონმა“ ქვეყანაში მედია და კრიტიკული სამოქალაქო სექტორი გააქრო.

სამუშაო შეხვედრა, კინოჩვენება და დისკუსია „თავისუფალ სივრცეში“ [ მისამართი: ზ. გამსახურდიას 6ა] გაიმართება.

რუსეთის თავდასხმა ხარკოვისა და ოდესის ოლქებზე

24 ივლისს, დილის 5 საათზე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონს შეუტიეს რაკეტებით. ბოლო ცნობებით, შეტევის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, ორი – დაშავდა, გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა ავტომანქანები.

ასევე, ოთხშაბათს ღამით, რუსეთმა დრონებით შეუტია ოდესის ოლქში იზმაილის პორტის ინფრასტრუქტურას. ერთი დრონი იზმაილში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაშავდა სამი ადამიანი, პორტთან რამდენიმე შენობა განადგურდა და ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, მათ რუსეთის მიერ გაშვებული 23 დრონიდან 17 სამიზნე გაანადგურეს.

____________

ფოტოზე: დაზიანებული სახლი ხარკოვში

ვიძიებთ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს – სუს

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებენ.

სუს-მა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აღნიშნულის შესახებ ბოლო დღეებია „ქართული ოცნების“ წევრები და სახელისუფლებო არხები საუბრობენ.

დღეს, 24 ივლისს, სუსი თავის განცხადებაში წერს:

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით“.

___

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სუსი ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლით გამოძიებას აწარმოების ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობის დაგეგმვაზე.

თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი დუმდა და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით  კითხვებს არ პასუხობდა.

ამასთან, რამდენიმე დღეა სუს-ში გამოკითხვაზე იბარებენ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, მათ შორის არიან: ნადიმ ხმალაძე, გელა კახაბრიშვილი, ლაშა ჭიღლაძე, ვაჟა ცეცაძე, ლაშა რუხაია, კონსტანტინე ჯღამაია.

რაც შეეხება შეთქმულების საქმეებს, „ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ „ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციული ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 570 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 8 302 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 16 013 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 15 759 ერთეული [+65]
  • MLRS – 1 125 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 902 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 363 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 544 ერთეული [+33]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 402 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 21 279 ერთეული [+77]
  • სპეცტექნიკა – 2 650 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 630 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 28 330 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 556 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 645 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 383 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 319 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 012 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ამ ომში ტექნოლოგიები გადამწყვეტი იქნება – ვალერი ზალუჟნი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გონიოში ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა – დაშავდა ორი ადამიანი

გონიოში, ჭოროხის ხიდის მიმდებარედ ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფი და პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

როგორ მუშაობს ოპოზიცია ხულოში არჩევნების წინ

როგორი ემზადება ოპოზიცია ხულოში არჩევნებისთვის და რას მოიცავს მათი აქტივობა? – „ბათუმელები” ხულოს მუნიციპალიტეტში იმ ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა, რომელთაც წარმომადგენლები ჰყავთ საკრებულოში.

„ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები ხულოში, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობას არჩევნების წინ.

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხება გვაქვს და ჩვენთვის კარგად ნაცნობია, თუ რა განწყობები და საარჩევნო მოლოდინები აქვს მოსახლეობასო – გვეუბნება ბესო შაინიძე, პარტია „ლელოს“ ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ხულოს საკრებულოს წევრი „ლელოდან“. მისი თქმით, მომდევნო დღეებიდან მიეცემა ოფიციალური სახე მათ შეხვედრებს მოსახლეობასთან.

„შტაბი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ოფისის გახსნის პროცესში ვართ, თუმცა არსებული გუნდი, რომელიც ხულოში „ლელოს“ ჰყავს, ყოველდღიურ რეჟიმში, შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ გავიდეს მოსახლეობასთან, მოისმინოს მათი პრობლემები, ეს ყველაფერი სხვადასხვა საშუალებით გააჟღეროს და მათ მოგვარებას ეცადოს.

ვფიქრობ, „ლელოს“ ოფისს ხულოში თვის ბოლომდე აუცილებლად გავხსნით“, – ამბობს ბესო შაინიძე ჩვენთან საუბრისას. მისი თქმით, მოსახლეობას კარდაკარ-ის ფორმატით შეხვდებიან:

„ვცდილობთ ხალხს დავანახოთ, რას და რას შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

ხულოს მუნიციპალიტეტი პერიფერიაა და აქ გლობალურ პოლიტიკაზე ვერ ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ აქ პროპაგანდა მუშაობს. ამიტომ, ადამიანებს ვესაუბრებით იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ. ეს არის უგზოობა, უშუქობა, უწყლობა და გადაჭრის გზებს მათთან ერთად ვგეგმავთ.

ამ ბოლოს, ცოტა უცნაურია, მაგრამ ჭექა-ქუხილმა იმატა და ამის შედეგად მოსახლეობას, გარკვეული სოფლების დიდ ნაწილს, დაუზიანდა ტექნიკა, რომლის ანაზღაურება არ მოხდა არავის მხრიდან. რამდენიმე დღეა ამ პრობლემამ იჩინა თავი.

არსებობს კონკრეტული მაგალითები, როცა მოსახლეობას სახლთან მისასვლელი გზაც არ აქვს და ამის მოწესრიგებას ითხოვს.

ხალხს, რა თქმა უნდა, ის ამბავიც აწუხებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და ქვეყნის კურსი ჩრდილოეთისკენ შეცვალა, მაგრამ მათი ისეთი ყოველდღიური პრობლემებიც რჩება, როგორიცაა: არაჯეროვნად შესრულებული ტენდერები, კორუფცია და ა.შ.

იმაზე ვფოკუსირდებით, რომ მთავრობა მოსახლეობისთვის არაფერ სახეიროს არ აკეთებს და მხოლოდ კორუფციული საქმეებია, რითაც მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებში მყოფი პირები ხეირობენ. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.

კონკრეტულად „ლელო“ რასაც სთავაზობს მოსახლეობას და რასაც მე ვუხსნი ადამიანებს, ის არის, რომ მთაში უნდა იყოს სოფლის მეურნეობა წინ წამოწეული, პენსიონერებს უნდა გაეზარდოთ პენსია 1 000 ლარამდე. ასევე, სტუდენტები, რომლებიც განათლებას მიიღებენ, უნდა დავაბრუნოთ რეგიონებში და ასე შემდეგ. ის ყოველდღიურობა, რაც მათ აწუხებთ უნდა შეიცვალოს რაღაც იმედით, რასაც ახალი, კოალიციური მთავრობა შექმნის. მოსახლეობას კოალიციური მთავრობის მნიშვნელობასა და ევროპულ მომავალზე ვესაუბრები“ – გვითხრა ბესო შაინიძემ.

მისი თქმით, „ლელო“ ცდილობს ადამიანებს რეალურად დაანახონ ცვლილებების აუცილებლობა, „იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს საქართველოში გვაქვს და სად შეიძლება აღმოვჩნდეთ ხვალ, თუ ეს მთავრობა არჩევნების გზით არ შეიცვლება“.

ბესო შაინიძე

ირაკლი ჯორბენაძის, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ამავე პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტი 13 თემადაა დაყოფილი და ყველგან ინდივიდუალური შეხვედრები აქვთ.

„ხულოში სულ 54 საუბნო საარჩევნო კომისიისაა, სადაც გვეყოლება ჩვენი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, უბნის ხელმძღვანელები და კოორდინატორები.

აპრილში დაწყებულ მოვლენებამდე ჩვენ გვქონდა ჩვენი პროგრამა ყოფილ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად. ეს იყო სოციალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება. ისეთი მიმართულებით ისმებოდა საკითხები მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, როგორიცაა, მაგალითად: პენსიების გაზრდა, სოციალური პირობების გაუმჯობესება, საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასებით შეწუხებული მოსახლეობის პრობლემების მოსმენა…

დავდიოდით და ჯანდაცვის, კულტურის, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების გზებს ვეძებდით, მოსახლეობის ხედვებს ვისმენდით, მაგრამ აპრილის ბოლოს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, რუსული კანონის შემოტანის შემდეგ აბსოლუტურად ყირაზე დააყენა, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური მდგომარეობა საქართველოში, ამიტომ გადავერთეთ.

ახლა ამ მიმართულებით ვურიგებთ მოსახლეობას ჟურნალ-გაზეთებს და ვაცნობთ ევროპის გაწეულ დახმარებას არასამთავრობოებზე, რომლებიც შემდეგ მოსახლეობაზე აისახებოდა. აქ საუბარია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, სოციალური საკითხები – თუ რა პაკეტები მოდიოდა ჩვენს მუნიციპალიტეტში. ამას ვაცნობდით მოსახლეობას ცნობიერების ამაღლებისთვის, რათა ის დეზინფორმაციული ტალღა, რომელიც მოდის „ქართული ოცნებიდან“, რომ თითქოს ევროპა ჩვენი მტერია და ამერიკა გლობალური ომის პარტია, რომ იცოდეს მოსახლეობამ, თუ რა მზაკვრულ გეგმას უმზადებს საქართველოს მოსახლეობას „ოცნება“ – გვეუბნება ირაკლი ჯორბენაძე.

მისი თქმით, ხულოში მათი ოფისი ყოველთვის ღიაა მოქალაქეებისთვის.

იგი აქვე დასძენს, რომ ენმ-ის ოფისი „განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ ჰყავს მმართველ გუნდს: „აკვირდებიან, ვინ გაბედავს, რომ მოვიდეს ოფისში და ჩვენს გვერდით იყოს, მხარდაჭერა გამოგვიცხადოს, ან მისი პრობლემის შესახებ მოგვიყვეს, მაშინ, როცა უმეტეს შემთხვევაში, ეს პრობლემები მერიაშიც მიტანილია და უპასუხისმგებლობის, უყურადღებობის გამო ვერ იქნა განხილული და მოსახლეობა ბოლო გზას ეძებს ჩვენთან.

მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ოფისში მოსახლეობის მოსვლა ძალიან ხშირია, მაგრამ დღე არ გავა ისე, რომ ვიღაც მაინც არ მოვიდეს თავისი პრობლემის გასაზიარებლად. დღესაც გვყავდა მოქალაქე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული საკითხი აწუხებდა“.

ირაკლი ჯორბენაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმება წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების „მზაკვრული გეგმაა“.

„ფაქტობრივად, ეს არის თანხა – ნაყიდი ხმა. ასე შემიძლია ვუწოდო ამ თანხას, რომელსაც დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში თითქმის 800-მდე მოქალაქე იღებს. ეს თავისებური მარწუხია, რომ საარჩევნოდ ხალხი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მობილიზდეს. მინდა გითხრათ და მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ვერაფერი ვეღარ უშველის, ვერც ეს 300-ლარიანი დახმარება და ვერც მოსახლეობის შიში, იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრის, დასავლეთის ჩამოშორებისკენ წავიდნენ“.

ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ აქტიური მოლაპარაკებები აქვთ ახალგაზრდებთან, რათა ისინიც ჩართონ დამკვირვებლებად ხულოს საარჩევნო უბნებზე:

„ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივს აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში. მათი დახმარება მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით, ეს ბრძოლა სწორედ მათი ბრძოლაა პირველ რიგში, ამიტომ, ისინი უნდა იყვნენ ბრძოლის სათავეში“.

ირაკლი ჯორბენაძის თქმით, ხულოს სოფლებში ძირითადად საპენსიო ასაკის ხალხი და/ან სოციალურად დაუცველი ოჯახები არიან დარჩენილი.

„4 აგვისტოს ჩვენი აქტივი აუცილებლად იქნება შუამთობის ღონისძიებაზე. შევეცდებით, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ იქ მყოფ მოსახლეობას. წინა შემთხვევებს თუ გადავხედავთ, ალბათ, აუცილებლად იქნება ხელისშემშლელი პირობები. ვგულისხმობ, პროვოკაციებს. ვთქვათ, საინფორმაციო გაჟღერების უფლების შეზღუდვა.

შუამთობის ღონისძიება არ არის ხელისუფლების ღონისძიება, ესაა სახალხო და ამიტომ, ჩვენც, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, უფლება გვაქვს ვისარგებლოთ მიკროფონით და მივმართოთ მოსახლეობას“.

ირაკლი ჯორბენაძე

„ბათუმელები“ კიდევ ერთი პოზიციური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, ირაკლი ბოლქვაძეს ესაუბრა.

ირაკლი ბოლქვაძე ხულოში პარტიის თავმჯდომარე, ხულოს საკრებულოს წევრი და დაბის მაჟორიტარი დეპუტატია. მისი თქმით, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყეს და აქტიურად აცნობენ პროგრამას.

„მოსახლეობას ვაცნობთ კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ხელფასს, უმუშევრობის დაზღვევას და ა. შ. ვუხსნით მათ, რომ ქვეყანა მიდის უკან. რეალურად ჩანს და მოსახლეობაც ამბობს, რომ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კამათმა ჩვენი ქვეყანა უკან წაიყვანა. ცვლილებებია საჭირო ქვეყანაში, ჩვენს რაიონში განსაკუთრებით.

მართალია, ხულოს კლინიკა კერძოა, მაგრამ რამდენიმე ექიმმა განცხადებაც კი დაწერა. უკვე მოხდა ექიმების რაიონებიდან გადინება ხელფასების სიმცირის გამო. ისინი იძულებული არიან გაიხიზნონ ქალაქისკენ. პანტნარში და კიდევ რამდენიმე სოფელში დაიხურა სკოლები.

განათლების მისაღებად წასული ახალგაზრდები თავისი ცოდნის რეალიზაციას რაიონებში ვერ ახდენენ. ცნობილია და არსად დასამალი არ არის, რომ ანზორ ბოლქვაძე კომუნისტური პარტიიდან მოდის და მისი სახით რაიონს შავი ლაქაა გადაფარებული, რომელიც ახალგაზრდებს არ აძლევს განვითარების საშუალებას.

ახალგაზრდები უნდა დავაბრუნოთ და მივცეთ საშუალება, რომ მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის ერთი აგური დადონ. ახალი ენერგია, თანამედროვე ხედვები სჭირდება ჩვენს რაიონს – მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ახალგაზრდა და მეტი ქალი გვჭირდება პოლიტიკაში“, – ამბობს ირაკლი ბოლქვაძე და დასძენს, რომ მისი აზრით, დიდი პრობლემაა რეგიონებში ახალგაზრდული ცენტრების არ არსებობა, სადაც ისინი ისწავლიდნენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, უცხო ენას, პროექტების წერას და ა.შ.

„ჩვენი ოფისი 2021 წლის შემდეგ არ დახურულა და ჩვეულებრივად ვმუშაობთ. მოსახლეობას შევხდით დეკანაშვილების, ღორჯომის, დიდაჭარის, სხალთის ხეობაში და ა.შ.

რამდენიმე ლოკაცია დაგვრჩა: რიყეთი, დანისპარაული და თხილვანა-ხიხაძირის მხარე. სოფლებში რომ შევდივართ, მოსახლეობის 90-95 პროცენტი გვხვდება უხუცესები.

რა თქმა უნდა, იკვეთება ზეწოლის და დაშინების ფაქტები. მოქალაქეები დასაქმებული ჰყავთ სოციალური პროგრამით, 300-ლარიან ხელფასზე. ემუქრებიან სოციალური დახმარების შეწყვეტით. ადამიანი რომელიც 80-85 წლის მოხუცს დაემუქრება პენსიის მოხსნით, უკვე ამაზრზენი და სამარცხვინოა. ყველას ემუქრებიან: სოციალურად დაუცველებს, სოციალურად დასაქმებულებს. ეს დასაქმება საარჩევნოდ გამოიგონეს და ემუქრებიან, თითქოსდა მოუხსნიან, ასე გააკეთებენ, ისე გააკეთებენ…

2012 წელი მე კარგად მახსოვს. 2012 წელს როგორც იქცეოდა წინა ხელისუფლება, იმაზე უარესად იქცევა ეს. სადაც შევდივარ, ეს პრობლემა აქვთ. არიან უხუცესები, რომელთაც არ უნდათ რუსეთი და ეს კანონი მიუღებელია მათთვის.

ხულოში მოსახლეობის 90 პროცენტი მუსლიმია. მე შევხვდი მეჩეთის წინამძღვრებს, რომელთათვისაც მიუღებელია ეს კანონი, რადგან იციან, რუსეთი არასდროს ყოფილა საქართველოსთვის კეთილმოსურნე და არ უნდათ წარსულში დაბრუნება.

აშინებენ, მაგრამ მოსახლეობამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს არჩევნების დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ახლა ბევრი ვერ აფიქსირებდეს თავის აზრს საჯაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო“ – გვითხრა ირაკლი ბოლქვაძემ.

ამავე თემაზე: 

როგორ მუშაობს ოპოზიცია შუახევში არჩევნების წინ

როდის დაბრუნდებიან ქობულეთის სოფლებში მიწის ამზომველები

„წავიდნენ სოფლიდან ამზომველები ისე, რომ ჩემთან არ მოსულან,“ – ამბობს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქე. ადამიანები სხვადასხვა სოფლიდან გვიყვებიან, რომ საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მათ სოფლებში მუშაობა უკვე დაასრულეს, ყველა მიწის ნაკვეთი კი, რაზეც განცხადება დაწერილია, არ შეუსწავლიათ.

მოქალაქეები, რომლებიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ, ამბობენ, რომ სისტემური რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს განცხადებით 2023 წელს მიმართეს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის სისტემური რეგისტრაცია [რომელიც მოქალაქეებისთვის უფასოა] 2022 წელს დაიწყო. ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაცია 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

საჯარო რეესტრის პრესცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი განრიგის მიხედვით მიმდინარეობს და იგი აუცილებლად დასრულდება 2024 წელს.

ეს განრიგი კი, ანუ მიწების აზომვის გეგმა-გრაფიკი, სააგენტომ რამდენჯერმე შეცვალა.

საჯარო რეესტრის პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ სოფლებს რეესტრის წარმომადგენლები პერიოდულად სტუმრობენ, რადგან პარალელურად მონაცემები მუშავდება.

  • მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემებს რეესტრი პერიოდულად აქვეყნებს. ამ მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

სოფლები, სადაც განახლებული გრაფიკით, 2023 წელს სისტემური რეგისტრაცია დაიწყო:

რა შემთხვევაში გადაიხდის გლეხი 600 ლარს დაკავებული მიწის რეგისტრაციაში?

 

„თევზაობას ვაპირებდი და დენმა დამარტყა, ტრანსფორმატორია მდინარეში“ – კაცი მარადიდან

„თევზაობას ვაპირებდი და დენმა დამარტყა, მიკვირს, რომ გადავრჩი… არავინ გვცემს პასუხს იმაზე, რომ მდინარეშია უკვე დენის ტრანსფორმატორი, აქციას გავმართავთ,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრები როინ დიდმანიძე.

მოქალაქის თქმით, გუშინწინ, 21 ივლისს, ის თევზაობას თავის სოფელში, მდინარე ჭოროხზე აპირებდა, როცა დენმა დაარტყა. ადგილი, სადაც როინ დიდმანიძე თევზაობს, გვერდითაა სატრანსფორმატორო პუნქტთან, რომელიც მდინარით იფარება.

„ბამბუკი გავშალე თუ არა, ძაბვამ დამიჭირა, გამიქნია დენმა შორს და მაგით გადავრჩი, გონება დავკარგე, ბამბუკის ჯოხი დაიწვა… კიდევ კარგი, ბიძაშვილებმა დამინახეს და გადამარჩინეს, ხელები მაქვს დახეთქილი,“ – გვითხრა როინ დიდმანიძემ.

მარადიდი ის სოფელია, სადაც სახლები, ეზოები, თხილის ბაღები, თუ საფლავები წყლით იფარება. მოსახლეობის თქმით, მდინარე ჭოროხი წლების წინ დააგუბეს, როცა ხეობაში „კირნათი ჰესი“ მოეწყო, თუმცა ბოლო 3 თვეა წყლის დონე ისევ იმატებს და აზარალებს იმ ოჯახებსაც, რომლებსაც ჰესის მფლობელი კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“-გან რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღიათ.

მოსახლეობის თქმით, ჰესის მფლობელი კომპანია სოფელს არ უსრულებს კონკრეტულ დაპირებებს, რაც ეხება, როგორც გზების და მოშლილი ღობეების აღდგენას, ისე სკვერის და სტადიონის მოწყობას მარადიდში.

როინ დიდმანიძე ამბობს, რომ ჰესის მფლობელი კომპანია მოსახლეობას სატრანსფორმატორო პუნქტის უსაფრთხო ადგილზე გადატანასაც დაჰპირდა, მაგრამ არც ეს დაპირება შესრულდა.

როინ დიდმანიძის თქმით, ტრანსფორმატორი მდინარეში დგას. ამ მდინარეში თევზაობისას მას დენმა დაარტყა და შემთხვევით გადარჩა

როინ დიდმანიძე აცხადებს, რომ სოფელ მარადიდში ენერგო-პრო ჯორჯიას ტრანსფორმატორი მდინარეში დგას. ის 21 ივლისს თევზაობას აპირებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს

„ამ სადენებსაც რომ შეუდგა წყალი, გვითხრეს, გამოვყავით ადგილი და გადავიტანთო, მაგრამ არც ეს პირობა შეგვისრულეს. მე სულ ამ ადგილას ვთევზაობდი და ისევ აქ გამოვედი,“ – დასძინა როინ დიდმანიძემ.

„ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას არც ამჯერად უპასუხეს კომპანიაში „აჭარა ენერჯი 2007“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით კი, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს „ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა ჯერ ბრალი არავისთვის არ წარუდგენიათ.

რაც შეეხება „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რომელსაც ეს სატრანსფორმატორო პუნქტი ეკუთვნის, აქ გვითხრეს, რომ მოკვლევა დაიწყეს და მის დასრულებამდე ვერაფერს გვეტყვიან. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ამ სატრანსფორმატორო პუნქტში ისევ არის ძაბვა და ის გამორთული არ არის.

___

ამ თემაზე:

„კარგია აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, ამ მუშაობით მილიონერი ვიქნებოდი“ – რას ამბობს ხალხი მარადიდში

ბათუმის აეროპორტში მგზავრის ჩანთიდან ოქროს ზოდები ამოიღეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის უკანონო გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს.

სამსახურის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგის საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის/შემოწმების გავლისას, სამგზავრო ჩანთაში ოქროსა და ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს.

გამოვლენილი იქნა საერთო ჯამში 133 125,24 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ზოდები, ასევე შენადნობის სახით დამზადებული ოქროს ფირფიტები (ოქროს საერთო წონა 560,78 გრამი, ხოლო ვერცხლის 6 230 გრამი). საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მწვანე დერეფნის გავლით ისე დატოვეს საბაჟო გამშვები პუნქტი – „ბათუმის აეროპორტის“ საბაჟო კონტროლის ზონა, რომ არ მიუმართავთ უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრისთვის და არ განუხორციელებიათ სავალდებულო დეკლარირება“ – იუწყება შემოსავლების სამსახური.

რა ღირს წელს დასვენება გომის მთაზე, ბახმაროსა და ბეშუმში

ივლისის ბოლოს ტრადიციულად იზრდება მოთხოვნა მთის კურორტებზე და სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა – რა თანხად შეიძლება თანამედროვე კოტეჯის თუ უფრო ძველი აშენებული სახლის დაქირავება? – „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა ღირს დასვენება აჭარასა და გურიაში ყველაზე პოპულარულ საზაფხულო კურორტებზე – გომის მთაზე, ბახმაროსა და ბეშუმში.

ბეშუმი აჭარის ყველაზე პოპულარული მთის კურორტია. აქ ხშირად მიდიან დასასვენებლად ბავშვებით. სეზონი, სხვა კურორტების მსგავსად, პიკს აგვისტოში აღწევს, როცა ბათუმში ჰაერის ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა იზრდება.

ბეშუმში ამბობენ, რომ სწორედ აგვისტოში ელოდებიან დამსვენებლების რაოდენობის გაზრდას.

რაც შეეხება ფასებს ბეშუმში, ისევე, როგორც სხვა კურორტებზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კეთილმოწყობილია კონკრეტული სახლი.

„ახლა არის ხალხი, მაგრამ ძალიან ცოტა. შარშან უფრო მეტი იყო, წელს არ არის. შესაძლოა ამინდის გამოც. ცუდი ამინდები იყო აქამდე. კოტეჯი ერთი ღამით 50 – 60 ლარი ღირს, გააჩნია პირობებს”, – გვითხრა ერთ-ერთი კოტეჯის მფლობელმა.

ფეისბუქჯგუფებში ბეშუმში დასვენების ფასებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კეთილმოწყობილი კოტეჯების ფასი დღეში 100-160 ლარი და მეტიც შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ, ასეთ კოტეჯებში 4-6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, სახლები აღჭურვილია აუცილებელი ტექნიკით, არის სველი წერტილები.

სხვა ფასებია, თუ ნაკლებად კეთილმოწყობილი სახლის დაქირავებაზეც ხართ თანახმა.

მაგალითად, შედარებით ძველი ხის სახლი, რომელშიც 3 ოთახია და 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, აგვისტოში დღეში 50 ლარადაც შეგიძლიათ დაიქირაოთ, მაგრამ ასეთ სახლებში ძირითადად არ არის შეყვანილი წყალი და მისი ამოტანა სახლში ეზოდან მოგიწევთ.

ბეშუმი

„ბათუმელები“ ესაუბრა კურორტ „ბეშუმის“ დირექტორს, ემზარ ბოლქვაძეს. მან გვითხრა, რომ ივლისის ბოლო დღეებში ბეშუმში უკვე მოიმატა დამსვენებლების რაოდენობამ და კიდევ ელიან ზრდას.

ემზარ ბოლქვაძე ამბობს, რომ ბეშუმს 24-საათის განმავლობაში მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. მისი თქმით, მოკლე დროით შუქი ქრება მხოლოდ მაშინ, როცა „ენერგო-პრო“ სამუშაოებს აწარმოებს.

კურორტის დირექტორმა გვითხრა, რომ წელს ბეშუმს 4 უბანი შემოემატა, ეს აქამდე არსებული უბნებია, რომელიც მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით კურორტს შემოუერთდა.

ბეშუმში 1, 2 და 3 აგვისტოს გასართობ ღონისძიებასაც გეგმავენ, ცენტრში ტერიტორია ტენტით გადაიხურება და აქ ბათუმიდან ბენდს ელოდებიან, ხოლო 4 აგვისტოს, შუამთობაზე, ტრადიციული დოღი და სხვა სპორტული ღონისძიებები იგეგმება.

დამსვენებლების რაოდენობის ზრდას აგვისტოში ელიან გომის მთაზეც. კეთილმოწყობილი კოტეჯების ფასები აქ ოდნავ უფრო მაღალია.

„ბათუმელები“ გომის მთაზე რამდენიმე კოტეჯის მფლობელს დაუკავშირდა. საშუალო ფასი ერთ ადამიანზე 30-35 ლარია. ასეთ კოტეჯებში არის წყალი, ელექტროენერგია და საშუალოდ 10-14 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

„რვა კაცს იტევს სულ ჩემი სახლი, ორი ოთახია. მისაღებში მაქვს გასაშლელი დივანიც. სახლს აქვს აივანიც. ცხელი წყალი, გაზი, დენი, სველი წერტილი – ეს ყველაფერი მაქვს, როგორც გომის მთას შეეფერება ისეთ მდგომარეობაში. ყველაფერი სუფთა და ლამაზია. ერთი საწოლი, ანუ ერთი ადამიანის დარჩენა 30 ლარი ღირს.

აგვისტოს თვის იმედი გვაქვს და გვგონია, რომ აგვისტოში უფრო იქნება ხალხი, რადგან ახლა ნაკლებადაა. ახლა გზაც მოწესრიგდა ჩვენთან, მაგრამ რატომღაც ხალხის ნაკადი ნაკლებია. კოტეჯების მფლობელებიც ნაკლებად არიან წელს ამოსულები. აგვისტოში თუ ამოვლენ და გახსნიან დაკეტილ კოტეჯებს, არ ვიცი”, – გვეუბნება ერთ-ერთი გამქირავებელი გომის მთაზე და დასძენს, რომ აქ კოტეჯების ფასი მზარდია.

მისი თქმით, ძირითადად დამსვენებელი  ჰყავთ თბილისიდან და ქუთაისიდან. არიან უკრაინელები, რუსები და ასევე, თბილისში მცხოვრები სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

გომისმთა

დამსვენებლების სიმცირეს უჩივიან ჯერ ბახმაროშიც.

აქ გვითხრეს, რომ დამსვენებლების რიცხვის გაზრდას აგვისტოსთვის ელოდებიან.

„კარგი ამინდებია, ძირითადად ამ თვის 20-ს შემდეგ ველოდებით ხალხს. აგვისტოშია მთავარი სეზონი.

მე მაქვს კოტეჯი, ორსართულიანი, 6 ადამიანს შეუძლია მოთავსება. გვაქვს აივანი, აღჭურვილია ყველანაირი ტექნიკით, ჭურჭლით და მთლიანი კოტეჯის ერთი დღის ფასი 250 ლარია”, – გვითხრა ერთ-ერთი კოტეჯის მფლობელმა ბახმაროში. მისი თქმით, კოტეჯების ფასი აქ ძირითადად დღეში 200-დან 250 ლარამდე [დღეში] მერყეობს, თუმცა შეიძლება უფრო იაფად დაქირავებაც.

ბახმაროში ბევრია ძველი სახლი, რომელშიც არ არის სველი წერტილები და ნაკლებად კეთილმოწყობილია. ასეთი სახლები გაცილებით იაფია და 20-25 დღით დაქირავება აგვისტოში საშუალოდ 500-600 ლარი ღირს, ფასი მოლაპარაკების საგანია.

ბახმაროში სეზონი პიკს 19 აგვისტოს აღწევს, როცა კურორტზე, ტრადიციულად, დოღი იმართება. ამის შემდეგ ბახმაროში დამსვენებლების რაოდენობა იკლებს, თუმცა ბოლო წლებში ტენდენცია იცვლება, ბახმაროში დამსვენებლებს სექტემბერშიც შეხვდებით.

________________

სტატიაზე მუშაობდნენ: ნინო ართმელაძე, ნანა კვაჭაძე 

ავარია აეროპორტის გზატკეცილზე – 2 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

დღეს, 23 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის [15:25 სთ] აეროპორტის გზატკეცილი ცალმხრივადაა გადაკეტილი [აეროპორტიდან ბავშვთა საავადმყოფოს მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია].

შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ბუნდესტაგის დეპუტატის ქართველი მრჩეველი: არ დავუშვათ გავხდეთ ავტორიტარული ქვეყნების კლუბის წევრი

მიხეილ სარჯველაძე უკვე წლებია გერმანიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მრჩევლია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. მიხეილის თქმით, მისთვის მტკივნეულია, რაც დღეს ხდება საქართველოში, როცა „ოცნების“ მმართველობის პირობებში მისი სამშობლო შორდება დასავლურ ალიანსებს და ცდილობს გახდეს ავტორიტარული სახელმწიფოების კლუბის წევრი“.

„არამხოლოდ უკრაინის ან მოლდოვას, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანისგან განსხვავებითაც კი, გამქრალია საქართველო პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ამას მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილად მივიჩნევ“, – დასძენს ექსპერტი „ბათუმელებთან“ და იქვე ამატებს, რომ ინტერვიუ გამოხატავს მხოლოდ პირად მოსაზრებებს.

  • მიხეილ, მოკლედ რომ მოგვივეთ, ვინ ხარ და რას აკეთებ ბერლინში?

პროფესიით ვარ გერმანისტი, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი. დავიბადე და სკოლა დავასრულე ლანჩხუთის მუნციპალიტეტის სოფელ ლესაში. სხვადასხვა დროს ვსწავლობდი თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, გისენის, იენის და კიოლნის უნივერსიტეტებში. კიოლნის უნივერსიტეტში დისერტაციის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს ვმუშაობდი რეფერენტის პოზიციაზე ბერლინში საქართველოს საელჩოში და ვიყავი მიწვეული მკვლევარი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის გერმანულ ინსტიტუტში (SWP). ამჟამად ვმუშაობ გერმანიის პარლამენტში,  ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის (CDU) ერთ-ერთი წევრის მრჩევლის პოზიციაზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

  • თქვენ პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რა მოგიტანათ ევროპულმა გზამ?

თავის დროზე ჩემი არჩევანი – მესწავლა გერმანიაში განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ჩემი პოტენციალის გამოყენების შანსები გერმანიაში ბევრად მაღალი იყო. ეს არ ყოფილა მარტივი გზა, რადგან გერმანიაში მეორედ, როგორც სხვა ბევრი ქართველი ახალგაზრდა au-pair-ის პროგრამით ჩამოვედი, რაც გერმანულ ოჯახში ცხოვრებას და მუშაობას გულისხმობდა.

ეს გამოცდილება დამეხმარა ვყოფილიყავი მიზანდასახული, ბრძოლისუნარიანი და შედეგზე ორიენტირებული. შეიცვალა ჩემი, როგორც მოქალაქის დამოკიდებულება სახელმწიფოსთან, პოლიტიკასა თუ საზოგადოებასთან მიმართებაში. გავხდი უფრო კრიტიკული, აქტიური და სოლიდარული მოქალაქე. უფრო მეტად დავაფასე სამართლებრივი თუ სოციალური სახელმწიფოს მნიშვნელობა.

  • ზოგადად რაში სჭირდება საქართველოს ევროკავშირი?

ევროკავშირი და ნატო საქართველოს ირგვლივ არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამჟამად ერთადერთი ალტერნატივაა ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის. იმ სისტემური კონფლიქტის პირობებში, როცა ერთ მხარეს ლიბერალური დემოკრატია და მეორე მხარეს ტოტალიტარული ავტოკრატია დგას, მე პირველის სასარგებლოდ ვაკეთებ არჩევანს, რადგან არ მსურს ჩემმა ქვეყანამ თუ მე დავკარგოთ თავისუფლება.

რუსული პროპაგანდა და თავის მოტყუებაა, რომ საქართველოს მისი შეზღუდული რესურსების და გეოგრაფიული მდებარეობის პირობებში შეუძლია იყოს ნეიტრალური სახელმწიფო.

ევროკავშირი ჩემთვის ნიშნავს, პირველ რიგში, საერთო ღირებულებებზე დამყარებულ გაერთიანებას, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისთვის უსაფრთხო სივრცეს, ცხოვრების ღირსეულ პირობებს ნებისმიერ ასაკში, ღირსეულ საშუალო და მინიმალურ ანაზღაურებას, სოციალურ უზრუნველყოფას, ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის ჯანდაცვას, თანაბარ წვდომას მაღალი ხარისხის განათლებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, არც ევროკავშირია იდეალური სივრცე და მათ შორის გერმანიაშიც, მისი ეკონომიკური სიძლიერის მიუხედავად, ბევრი სოციალური პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი შედარებითია.

  • აქედან როგორც აღიქვამთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შორდება დასავლურ ალიანსებს და ცდილობს გახდეს ავტორიტარული სახელმწიფოების კლუბის წევრი.

უკრაინის წინააღმდეგ ომმა საქართველოსთვის შექმნა უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც მმართველი გუნდი არათუ იყენებს, პირიქით მიზანმიმართულად ახდენს ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საბოტაჟს.

დაუშვებელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც კონსტიტუციაშია გაწერილი, ერთი ადამიანის ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფის მძევალი იყოს. ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს საზოგადოების ნების აღსრულებაზე და არა ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებზე.

შესაბამისად, მომავალი საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ რომელი მიმართულებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყანა სვლას. სამწუხაროდ, არც ქართული ოპოზიცია იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. არჩევნებამდე მცირე დრო დარჩა და განსაკუთრებული ისტორიული მომენტის მიუხედავად, ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ახერხებს საზოგადოებისთვის კონცეფციის შეთავაზებას, თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას და გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის მართვას.

ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში მივიღებთ ავტორიტარულ სახელმწიფოს, რომელსაც მიიტაცებს ადამიანთა ვიწრო ჯგუფი. შესაბამისად, ის არ და ვერ იქნება ორიენტირებული საზოგადოების კეთილდღეობაზე.

  • როგორ ხედავს ბერლინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩმა ასეთი მკაცრი სიტყვებით მოგვამრთა. როგორ იცვლება გერმანია-საქართველოს ურთიერთობები და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?

გერმანია კეთილგანწყობილი ქვეყანაა საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ბერლინი 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის მინიჭების წინააღმდეგი იყო. ბერლინი არც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას მიიჩნევდა ევროკავშირში გაწევრიანების წინა ეტაპად, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა რადიკალურად შეცვალა გერმანიის პოზიცია.

„აგენტების კანონის“ მიღებამდე აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტის დროს, 2023 წლის მარტში დაადასტურა. „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ და ქვეყნის დასავლური კურსის საბოტაჟმა, ბერლინში სრული გაუგებრობა გამოიწვია, რაც პოზიციის ცვლილებაში გადაიზრდა.

გერმანიის ელჩის მკაცრი განცხადებაც სწორედ შეცვლილი პოზიციის გამოძახილი იყო. საქართველო „ოცნების“ მმართველობის გამო კარგავს ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი სახელმწიფოს – გერმანიის მხარდაჭერას. ეს, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის მიზანია. ამ არგუმენტს ამყარებს საქართველოს უაღრესად პასიური საგარეო პოლიტიკა გერმანიასთან მიმართებაში.

არამხოლოდ უკრაინის ან მოლდოვას, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანისგან განსხვავებითაც კი, გამქრალია საქართველო პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ამას მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილად მივიჩნევ.

  • რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ აღდგეს ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანასთან – გერმანიასთან მეგობრული ურთიერთობები.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეუძლებელ ამოცანად მიმაჩნია, ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაძლიერება პოლიტიკურ ნაწილში. დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ბერლინში, რომელიც საქართველოს მოქალაქეების პროტესტის პირობებში მოეწყო, ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადეს გერმანელმა პოლიტიკოსებმა. ზოგადად კი, შემოდგომაზე არჩევნების შემდეგ, აუცილებელი იქნება იმ ზიანის აღდგენა, რაც საქართველოს მმართველმა გუნდმა მიაყენა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს.

ვფიქრობ, საჭიროა გერმანიასთან ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის დაწყება, რომელიც ფოკუსირებული იქნება თანამშრომლობაზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

საჭიროა ჩამოყალიბდეს ქმედუნარიანი პლატფორმა გერმანიის პარლამენტში, რომელიც აქტიური გერმანელი პარლამენტარების ჩართულობით ინტენსიურ რეჟიმში გამართავს ბუნდესტაგში საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე შეხვედრებს.

ასევე აუცილებელია პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს მოახდინოს გერმანული ანალიტიკური ინსტიტუტების ინფორმირება რუსული ოკუპაციაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ეკონომიკურ პოტენციალსა თუ სხვა გამოწვევებზე.

  • აპირებთ ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და საერთოდ როგორი მოლოდინები გაქვთ ამ არჩევნებზე?

რა თქმა უნდა, ვაპირებ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან ჩემთვის აუცილებელია გამოვიყენო ხმის მიცემის უფლება. ამ გადამწყვეტ მომენტში, მოვუწოდებ გერმანიაში და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს, დადგნენ საკონსული აღრიცხვაზე და აუცილებლად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

„ქართული ოცნება“ ყველა გზას მიმართავს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და ამ უთანასწორო კონკურენციის პირობებში ოპოზიციური პარტიების სამოქმედო არეალი არჩევნების მოახლოვებასთან ერთად კიდევ უფრო შეიზღუდება. შესაბამისად, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ამომრჩეველს შემოგვთავაზოს არა ეგოისტური და ცალკეულ ლიდერებზე მორგებული გეგმები, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით შედგენილი მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები, არჩევნებში გამარჯვებასთან და გამარჯვების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით.

თუ ოპოზიცია ვერ შეძლებს გახდეს უფრო დამაჯერებელი და პრაგმატული, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ გაუადვილდება გამარჯვება და ქვეყანაში ავტორიტარული ტიპის მმართველობის გამყარება.

  • რას ეტყოდით სტუდენტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე?

ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბების პროცესი და საზღვრები დამოკიდებული იქნება შედეგზე, თუ როგორ დასრულდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩვენ არამხოლოდ აღმოვჩნდებით ისტორიის არასწორ მხარეს, არამედ მივიღებთ ქვეყანას, რომელშიც შეიზღუდება ჩვენი თავისუფლება, რადგან სახელმწიფოს მიტაცების ხარისხი ადამიანთა ვიწრო ჯგუფის მიერ კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ ეტაპზე გადამწყვეტია, რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, კანონის ფარგლებში, არ დავუშვათ საქართველოს გადაიქცევა ავტორიტარულ სახელმწიფოდ.

  • და ბოლოს, რითია აქაური გარემო საქართველოს გარემოსგან განსხვავებული, სტუდენტების ან თუნდაც იმ ადამიანებისთვის ვინც აქ მუშაობენ?

განსხვავება პირველად 2006 წელს ვიგრძენი, როცა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიით ვეწვიე დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტს. უპირველეს ყოვლისა, თვალში მომხვდა სტუდენტებზე მორგებული ინფრასტრუქტურა და დამოკიდებულება პროფესორებს და სტუდენტებს შორის.

ოდნავ მოგვიანებით, როცა კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიის ფარგლებში საქართველოსთან მიმართებაში გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე ვწერდი დისერტაციას, გავაცნობიერე, რომ გერმანიაში ყოფნის მიუხედავად, აუცილებელია უფრო აქტიურად დავეხმარო საქართველოს. 2015 წელს გავხდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში და აქტიურ ქართველ სტუდენტებთან ერთად ბევრი კარგი პროექტი განვახორციელე სხვადასხვა გერმანულ უნივერსიტეტში საქართველოს პოპულარობის გაზრდის მიზნით.

ზოგადად კი, გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლის პროცესმა დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისთვის დისკუსიის კულტურა, საკუთარი პოზიციის გამოხატვა და ზოგადად კრიტიკული აზროვნება.

ჩემ თაობას, რომელიც ტოტალიტარულ იმპერიაში დაიბადა და დამოუკიდებელ, მაგრამ რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში გაიზარდა, ალბათ მაინც მოგვწვდა ტოტალიტარიზმის კლანჭები.

გერმანია სოციალური სახელმწიფოა და ძირითადად მაინც ადამიანზეა მორგებული, მაშინ როცა საქართველოში მხოლოდ ადამიანთა ვიწრო ჯგუფს აქვს წვდომა არსებულ რესურსებზე, მაღალი ხარისხის განათლებაზე თუ სხვა სიკეთეებზე.

შესაბამისად, გერმანიისგან განსხვავებით ქართველ ახალგაზრდებს, როგორც წესი, არათანაბარი შანსების პირობებში უწევთ ბრძოლა საკუთარი მომავლისთვის.

სამუშაო გარემოს რაც შეეხება, დაცულია დასაქმებულების უფლებები. მაგალითად, სამსახურში მიღებული დაზიანების შემთხვევაში, დაუშვებელია დასაქმებულის დაჩაგვრა დამქირავებლის  მიერ, ან ჩვეულებრივი მოვლენაა მამების მიერ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობა.

გადაწყვეტილებები ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევაზე

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ  ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ,  ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და  ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს.

ქარტიის საბჭომ გიორგი კალანდარიშვილის მიმართვის საფუძველზე იმსჯელა. ტელეკომპანია „პირველის“ შემთხვევაში, ქარტიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ „საბჭომ იმსჯელა სიუჟეტში აღწერილ გარემოებებზე, გასაჯაროებულ ფაქტებზე და ის მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ერთობლიობაში არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული“.

საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი” დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, რომელიც შეეხება ინფორმაციის სიზუსტეს (პირველი), ინფორმაციის შესწორებას (მე-5), დისკრიმინაციის თავიდან აცილებას (მე-7) და ბავშვთა უფლებების დაცვას (მე-8).

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული ტექსტების, სიუჟეტის მანიპულაციური წყობით, სათანადოდ გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, მასალის ავტორებმა პატივი არ სცეს აუდიტორიას, სათანადოდ არ გადაამოწმეს ფაქტები და ქარტიის პრინციპები დაარღვიეს.  საგამოძიებო პროდუქტში მსგავსი საეჭვო და გადაუმოწმებელი ფაქტის ერთგვარ ბრალდებაზე მინიშნების ფორმით ჩვენება მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტს არ შეესაბამება და ისევ მანიპულაციას და საზოგადოების უპატივცემულობას წარმოადგენს.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ 2024 წლის 2 მარტს გავიდა და ეხებოდა გიორგი კალანდარიშვილისა და მისი ოჯახის ქონებას.

გადაწყვეტილება 2024 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე. იხილეთ ბმული:

https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/98151-gadatsyvetileba-saqmeze-giorgi-kalandarishvili-zhurnalistebis-nodar-meladzisa-da-maka-chikhladzis-tsinaaghmdeg

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია ამავე თემაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გიორგი კალანდარიშვილთან მიმართებაში ასევე დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-8 პრინციპები.  ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 2 აპრილს გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ ჟურნალისტმა ცესკოს თავმჯდომარის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად, გადამოწმების გარეშე გააშუქა, ასევე უგულებელყო ბავშვის უფლებების დაცვის პრინციპი.

აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით ცესკომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“  რვაჯერ მიმართა. ექვს შემთხვევაში ორგანიზაციამ დაადგინა, რომ რეპორტაჟებში დარღვეული იყო ქარტიის პრინციპები.

„დინამო ბათუმი“ ტუზის „დეჩიჩს“ შეხვდება – კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

ხვალ, 24 ივლისს, ბათუმის სტადიონზე „დინამო ბათუმი“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგოს „დეჩიჩს“ შეხვდება.

განმეორებითი შეხვედრა 30 ივლისს, მონტენეგროში შედგება. გამარჯვებული კი ორი მატჩის ჯამის შედეგად გამოვლინდება.

თამაში ბათუმში საღამოს, 21:00 საათზე დაიწყება.

„დეჩიჩი“ მონტენეგროში მდებარე პატარა ქალაქის, ტუზის გუნდია. ტუზში ბოლო აღწერით 13 000 -მდე ადამიანი ცხოვრობს. საფეხბურთო კლუბი „დეჩიჩი“ 1926 წელსაა დაფუძნებული. გუნდი „ტუსკოს“ სტადიონზე თამაშობს, რომელიც 2000-მდე მაყურებელს იტევს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 98 წლისაა, ქვეყნის ჩემპიონი პირველად, გასულ წელს გახდა. ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამოს“ მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო, სადაც უელსურ გუნდთან „ტნს“-თან დამარცხდა და შემდეგ გადაერთო კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე.

უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა უკვე გაიმართა და ცნობილია რომ „დინამო ბათუმსა“ და ტუზის „დეჩიჩს“ შორის გამარჯვებულის მეტოქე ფინეთის ჩემპიონი, „ჰიკ-ი“ იქნება.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 აგვისტოს გაიმართება.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩიეს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას მერაბ ხალვაში შეასრულებს. ის აქამდე ბსუ-ს მოქმედი რექტორი იყო.

უნივერსიტეტის რექტორობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო. ბსუ-ში მერაბ ხალვაშის გარდა არც მოვალეობის შემსრულებლის მსურველი გამოჩნდა. მერაბ ხალვაშს ამ ეტაპზე რექტორის კონკურსში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა, რადგან ის უკვე ორი ვადით იყო რექტორი.

„ბათუმელებს“ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ამ პოზიციაზე ისევ მერაბ ხალვაშის დატოვება სურდა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე კი, აკადემიური საბჭო, რომელიც დამოუკიდებლად და უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, ვერ იმოქმედებს.

„აკადემიური საბჭოს ათივე წევრმა მხარი დაუჭირა პროფესორ მერაბ ხალვაშის კანდიდატურას.

კენჭისყრის დაწყებამდე კანდიდატმა მერაბ ხალვაშმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოს წევრებს მოკლევადიანი [ექვსთვიანი] სამოქმედო გეგმა გააცნო.

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 19 ივლისს იყო ჩანიშნული. რადგან რექტორობის მსურველი არ დარეგისტრდა, ამიტომ აკადემიურმა საბჭომ დროებით მოვალეობის შემსრულებელი აირჩია 6 თვის ვადით,“ – ვკითხულობთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

6 თვის შემდეგ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ხელახლა გამოცხადდება.

ამ თემაზე:

მართლა აღარ სურს არავის ბსუ-ს რექტორობა? – ორი მოსაზრება ჩაშლილ არჩევნებზე

ამ ომში ტექნოლოგიები გადამწყვეტი იქნება – ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ამჟამად უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნიმ სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის (RUSI) კონფერენციაზე ლონდონში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ზალუჟნის კომენტარს „ბიბისი“ ავრცელებს.

ყოფილი მთავარსარდლის თქმით, ომი, რომელიც 2022 წელს დაიწყო, „სრულიად განსხვავდება“ ომისაგან, რომელშიც იგი იბრძოდა 2014 წლიდან და მთავარი განსხვავება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ახალი ფორმებია.

„დღეს ჩვენ უკვე გამოვიგონეთ გზა 21-ე საუკუნის უძლიერესი არმიების საბრძოლველად და მათ დასამარცხებლად. ცხადია, რომ სწორედ ტექნოლოგიამ უნდა უზრუნველყოს უკრაინელი ერის სტაბილურობა“, – განაცხადა ზალუჟნიმ და დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი „ჯერ არ არის მომავლის ომი“, ეს არის „გარდამავალი პერიოდის ომი“.

„დღეს, როგორც არასდროს, უკრაინაში პოულობენ გადარჩენის გზებს და ქმნიან ტექნოლოგიებს. მაგრამ გასაგები მიზეზების გამო მათ არ შეუძლიათ უფრო დიდ მასშტაბზე გასვლა. მეორე მხრივ, ჩვენს პარტნიორებს აქვთ რესურსები, მაგრამ არ არსებობს მათი გამოყენების ველი. მხოლოდ ერთად შევძლებთ რესურსის ეფექტურად გამოყენებას, რადგან დრო ჩვენს მხარეზე აღარ არის“, – თქვა ზალუჟნიმ.

მან დასძინა, რომ სავსებით ლოგიკურია, რუსეთ-უკრაინის ომის ბრძოლის ველზე გამოგონილი ეს ცვლილებები, დიდი ალბათობით, განსაზღვრავს ომის ხელოვნებას 21-ე საუკუნეში.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივლისის 21 საათიდან 24 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში ელვა-ჭექა და წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 25 ივლისს ღამით და დილით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, დღისით და მომდევნო 2 დღეს – 26-27 ივლისს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 568 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
  • ტანკი – 8 288 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 16 000 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 15 694 ერთეული [+57]
  • MLRS – 1 125 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 901 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 362 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 511 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 401 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 21 202 ერთეული [+64]
  • სპეცტექნიკა – 2 640 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 630 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 28 269 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 554 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 638 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 382 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 294 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 977 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს ტერიტორიების დაბრუნებაში“ — ზელენსკი

რა ელის სამყაროს, თუ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალება მიეცემა – იუვალ ნოახ ჰარარი 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რაში დასჭირდა „ოცნებას“ დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად

„ეს არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ ამომრჩეველს შესთავაზოს კონკრეტული კანდიდატი დელეგატად, თითქოსდა მაჟორიტარის სამართალმემკვიდრე,“ – ამბობს შოთა ნარსია, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ უფროსი მკვლევარი. ის  დელეგატების შესახებ გვესაუბრება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რომ გვეყოლებიან პარლამენტში.

არჩევნების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასება პრაქტიკულად ემთხვევა პოლიტიკური ოპოზიციის ხედვას ამ საკითხზე: „ოცნება“ ცდილობს ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს და დააჯეროს, თითქოს მაჟორიტარები პრაქტიკულად დელეგატები არიან, რომლის პირდაპირ არჩევის საშუალება ამომრჩეველს არ ექნება – გვიყვებიან ისინი.

შემდეგი მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები აღარ გვეყოლება და ამომრჩეველი მხოლოდ მისთვის სასურველ პარტიას აირჩევს, პარტიას კი, უფლება აქვს, საარჩევნო სიაში კონკრეტული სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითოს – კონკრეტული ოლქის დელეგატობის კანდიდატი, მაგალითად, „ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატი ბათუმიდან.

დელეგატი მხოლოდ ის კანდიდატი გახდება, ვისი პარტიაც კონკრეტულ ოლქში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია სულ 30 ოლქი და ის თითქმის სრულად ემთხვევა 2020 წლისთვის განსაზღვრულ 30 მაჟორიტარულ ოლქს.

მაგალითად, აჭარის რეგიონში ისევ სამი ოლქი გვექნება, თუმცა არის ცვლილებაც: ხელვაჩაურს და ბათუმს ამჯერად საერთო დელეგატი ეყოლება, ერთი დელეგატი ქობულეთს ერგება, ერთიც – ხულოს, შუახევსა და ქედას. ეყოლება თუ არა დელეგატობის კანდიდატები ოპოზიციას და როგორ აფასებენ დელეგატების მოდელის შემოღებას სამოქალაქო ორგანიზაციები?

შოთა ნარსია: „ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“ 

გარდა იმისა, რომ შესაძლოა, საქმე პოლიტიკურ მანიპულაციასთან გვქონდეს, დელეგატების მოდელის შემოღებას პირდაპირ ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ „სამართლიან არჩევნებში“. აქ კონსტიტუციის იმ სამართლებრივ ნორმაზე მიუთითებენ, რომლის მიხედვითაც „პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან“.

„ერთიანი, მრავალმანდატიანი ოლქი ნიშნავს იმას, რომ მთელი ქვეყანა მხოლოდ ერთი ოლქია და დაუშვებელია, რაიმე სხვა ოლქის გამოყოფა, გარდა ადმინისტრაციული ხასიათისა,“ -„სამართლიანი არჩევნების“ უფროსი მკვლევარი შოთა ნარსია განმარტავს, რომ არჩევნების ადმინისტრირებისთვის ისევ იმუშავებს 73 საარჩევნო ოლქი, თუმცა ამის პარალელურად არსებობდეს 30 ოლქი, ეს უკვე უპირისპირდება კონსტიტუციის ჩანაწერს, „ერთიანი საარჩევნო ოლქის“ შესახებ.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს 30 ოლქი თითქმის ემთხვევა 2020 წლის მაჟორიტარული ოლქის საზღვრებს, ანუ „ქართული ოცნება“ შეეცდება მაჟორიტარები დელეგატებით ჩანაცვლდნენ.

შოთა ნარსია

„ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ რეალური მოტივაცია არის არა ის, რომ რეგიონების წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში, არამედ ის, რომ წინასაარჩევნო კამპანია გახდეს განსაკუთრებით რეგიონებში მეტად პერსონიფიცირებული, დელეგატობის კანდიდატებად დაასახელონ ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ავტორიტეტულ ფიგურებს წარმოადგენენ და მოახერხებენ ხმების მოზიდვას.

ეს ცვლილება ვერ უზრუნველყოფს რეგიონების რეალურ წარმომადგენლობას, რადგან ბიულეტენში ამომრჩეველს არ ექნება შესაძლებლობა, რომელიმე დელეგატი აირჩიოს.

პრობლემაა ისიც, რომ ყველა პარტიის მიერ განსაზღვრული დელეგატობის კანდიდატი კი არ გახდება დელეგატი, რომელი პარტიაც არჩევნებს მოიგებს, არამედ ის პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს კონკრეტულ ოლქში. ეს არ იქნება არც ღია სიითი კენჭისყრა, სადაც ამომრჩეველი თავად განსაზღვრავს კანდიდატების რიგითობას,“ – გვითხრა შოთა ნარსიამ.

არსებობს იგივე რისკი, რაც მაჟორიტარული სისტემის არსებობის შემთხვევაში გვქონდა, როცა თითქმის ყველა არჩევნებს სახელისუფლებო კანდიდატი იგებდა? – მკვლევრის დაკვირვებით, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლის მოტყუების მცდელობა იქნება, როცა ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ კონკრეტული ფიგურა დელეგატობის კანდიდატია, სინამდვილეში კი, ამომრჩეველს ხელში არავითარი ბერკეტი არ ექნება, მისთვის მისაღები კანდიდატი დელეგატი გახდეს.

„სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა ასევე გვითხრა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი რეგულირება, რაც მაჟორიტარი დეპუტატის მსგავსად, დელეგატს კონკრეტულ უფლებამოსილებას მიანიჭებს, პარლამენტის სხვა წევრებისგან განსხვავებით.

„თუ ასეთი ცვლილებები მიიღეს, ეს იქნება დამატებით არგუმენტი, რომ ეს ცვლილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია – ეს სტატუსი კონსტიტუციის სულისკვეთების საწინააღმდეგოა,“ – შოთა ნარსია გვიყვება, მსგავსი მოდელი დასავლეთის არცერთ ქვეყანაში არ გვხდება და უმთავრესი კონსტიტუციით განსაზღვრული პროპორციული საარჩევნო მოდელის საწინააღმდეგო სვლაა – ეს მოდელი პარტიული დემოკრატიის გაძლიერებას, შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო პროგრამებით კონკურენციას და იდეოლოგიურ ბრძოლას ითვალისწინებს და არა კონკრეტული მაჟორიტარებით თუ მათთვის სახელის გადარქმევით ფონს გასვლა.

შოთა ნარსია უახლოეს პოლიტიკურ წარსულსაც გვახსენებს:

„შერეული საარჩევნო მოდელის პირობებში მმართველ პარტიებს ჰქონდათ არასამართლიანი ბერკეტი იმისა, რომ მნიშვნელოვნად არაპროპორციულად ყოფილიყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში – პრაქტიკულად უმცირესობის მხარდაჭერით ახერხებდა მმართველი პოლიტიკური ძალა, დაეგროვებინა უმრავლესობა, როგორც ეს, მაგალითად, 2016 წელს იყო. მაჟორიტარული ადგილები კი, მნიშვნელოვანი ბონუსი იყო მმართველი პოლიტიკური ძალისთვის.

ეს ცვლილება [დელეგატები] გავლენას არ ახდენს საარჩევნო ფორმულაზე მათემატიკურად – პროპორციული წესით მანდატების განაწილება ძალაში რჩება, მაგრამ რისკი დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ეფექტზე, როცა ამომრჩეველი შეიძლება შეცდომაში იქნას შეყვანილი, უთხრან, რომ კონკრეტული პირი მისი ოლქის დელეგატი გახდება, მაგრამ ის შეიძლება პარლამენტის წევრი ვერ გახდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შოთა ნარსიამ.

ირმა პავლიაშვილი: „ქართული ოცნება“ ისევ მაჟორიტარული სისტემის ეფექტის გამოყენებას ცდილობს პროპორციული სისტემის ფარგლებში. 

„ეს ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც იყო საქართველოში დამკვიდრებული მაჟორიტარული სისტემის ფარგლებში,“ – მიიჩნევს ირმა პავლიაშვილი, „ღია სივრცე კავკასიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

საარჩევნო საკითხებში დიდი გამოცდილების მქონე იურისტი ყურადღებას ამახვილებს „30 ოლქზე“, რომელიც წინა არჩევნების დროს განსაზღვრულ მაჟორიტარულ ოლქებს ემთხვევა.

„რატომ დასჭირდა მმართველ პარტიას კონკრეტულ ოლქზე კანდიდატის მიბმა?“ – კითხულობს იურისტი გვახსენებს, კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ნებისმიერი წევრი მთლიანად საქართველოს მოსახლეობის სახელით საუბრობსო, ამ შემთხვევაში კი, როცა საპროტესტო აქციებზე მრავალწლიანი, დაჟინებული მოთხოვნის და საბოლოოდ „გავრილოვის ღამის“ კრიზისის შემდეგ, „ოცნებამ“ პირობა დადო, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებაო, დააკანონა ცვლილება, რაც მაჟორიტარული სისტემისთვისაა დამახასიათებელი.

ირმა პავლიაშვილი

„ვიცით, როგორი ძალადობრივი გარემო იქმნებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, ვხედავდით, როგორ ირჩეოდნენ ეს კანდიდატები, გავლენების, მათი ეკონომიკური სიძლიერის მიხედვით, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაჟორიტარობის კანდიდატს დაეფინანსებინა და მეტი ბენეფიტი მიეღო კონკრეტულ პარტიას, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა აძლევდა მმართველ პარტიას დამატებით მანდატებს, როცა ძალაუფლების კონცენტრაცია სჭირდებოდა უმრავლესობას, ან კონსტიტუციური უმრავლესობა სურდა მიეღო.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა გააქტიურდა ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა ოპოზიცია გაერთიანდა, საბოლოოდ კი, გავრილოვის ღამის შემდეგ დასთანხმდა ხელისუფლება ამ ცვლილებას, დათანხმდა ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის ხედვას.

ამის შედეგი უნდა ყოფილიყო შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და კონკურენციის ზრდა, პოლიტიკური პარტიები უნდა გადაწყობილიყვნენ პროპორციული სისტემისთვის, რომ იყოს წინასაარჩევნო კამპანია ორიენტირებული შინაარსობრივ, საგნობრივ დისკუსიაზე, იმ საჭიროებებზე, რაც რეალურად მოსახლეობას აქვს, ამ შემთხვევაში კი, კვლავ ცდილობს მმართველი პოლიტიკური პარტია დელეგატების ინსტიტუტების შემოტანით ნეგატიური საარჩევნო ტექნოლოგიები გამოიყენოს წინასაარჩევნო პერიოდში, რაც წინა წლებში გვქონდა.

ეს არის გარკვეული ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩევლის განწყობაზე გავლენის მოხდების მცდელობა, რომ პროპორციული სისტემის ფარგლებში მეტი შედეგი მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, რაც შემდეგ აისახება მანდატებში.

საინტერესოა, ვის დაასახელებენ დელეგატობის კანდიდატებად, იქნებიან თუ არა მათ შორის ყოფილი მაჟორიტარები?

ასევე საინტერესოა დელეგატობის კანდიდატები იქნებიან თუ არა ქალები. მაჟორიტარებად ქალი კანდიდატების დასახელება არ ხდებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ ის ეკონომიკური სიძლიერე, რაც მნიშვნელოვანი იყო წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

„ქართულ ოცნებას“ შეეძლო სისტემის შეცვლის ეტაპზე ეთქვა, რომ რეგიონული კონტექსტი რომ დაიკარგოს, ირჩევდა რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რაც დამკვიდრებული პრაქტიკაა ასევე, მაგრამ პროპორციული სისტემისთვის დელეგატების სისტემა დამახასიათებელი არ არის,“ – გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.

გიორგი კირთაძე: „მინი ოლიგარქების სისტემის შენარჩუნებას ცდილობს „ოცნება“ 

„დელეგატები მოიგონეს იმიტომ, რომ მინი ოლიგარქების სისტემა, რაზეც აქვს მოწყობილი „ქართულ ოცნებას“ მუდმივად თავისი საარჩევნო სისტემა, ეს შეინარჩუნოს. ამას უკავშირდებოდა იგივე ქალთა კვოტირების გაუქმება, ხელის შემშლელი რომ არ ჰყავდეთ – თავიდან ბოლომდე ისევ მინი ოლიგარქებით დააკომპლექტებენ საარჩევნო სიას,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე, პარტია „ახალის“ აღმასრულებელი მდივანი.

პოლიტიკური ოპოზიცია უარყოფითად აფასებს დელეგატების მოდელს და ამბობს, რომ ამ გზით „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად მაჟორიტარებით ფონს გასვლას ეცდება. ოპოზიციურ პარტიებში და მათ შორის, პარტია „ახალში“ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, განსაზღრავენ თუ არა თავად საარჩევნო სიებში ამა თუ იმ ოლქის, მაგალითად, ბათუმის დელეგატობის კანდიდატებს.

გიორგი კირთაძე

„სარჩევნო სიაში აუცილებლად გვეყოლება რეგიონული წარმომადგენლები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ მოსახლეობის საჭიროებებს, იქნება თუ არა მიწერილი სახელის და გვარის გასწვრივ, რომ ის არის დელეგატი, არ ვიცი, ამაზე პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. გეტყვით იმას, რომ რეგიონები აუცილებლად იქნება დაფარული,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

ოპოზიციონერს „ქართული ოცნების“ მთავარი არგუმენტი ვუთხარით, რეგიონების წარმომადგენლობა რომ არ დაიკარგოს, ამიტომაც გვჭირდება დელეგატებიო.

„ვიცით, როგორი მაჟორიტარები ჰყავდათ თავის დროზე. რომელიმე წარმოადგენდა მოსახლეობის ინტერესებს? არჩევენ დიდი ფულის ადამიანებს, რომელიც შეძლებს ამა თუ იმ ოლქში არჩევნების ყიდვას.

ახლაც ასე წარმოუდგენია „ოცნებას“, რომ ვიღაც დახარჯავს დიდ ფულს და შემდეგ ტენდერებით დაწყებული, ყველა ფინანსურ ამბებში ეს მინი ოლიგარქები გადაინაწილებენ მთელს ქვეყანას, იშოვიან ფულს, მაგრამ ეს ფული უნდა მოახმარონ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენას. რაც ახლა ხდება, იგივე მოდელია.

ამიტომაც, იგივე მინიოლიგარქებს დაასახელებენ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ვინმე ახალი, უფრო შეძლებული ოლიგარქი ჩასვან სიაში, ასე წარმოუდგენია ივანიშვილს არჩევნების მოგება, მაგრამ ეს არ იქნება ის არჩევნები, სადაც თუნდაც დიდი ფულით ამომრჩევლის მოსყიდვა იქნება ეფექტური,“ – გიორგი კირთაძის დაკვირვებით, ამ არჩევნებში იმდენად ძლიერია საპროტესტო განწყობა, რომ „ოცნების“ გათვლა არ იმუშავებს.

რას დაუპირისპირებს „ქართული ოცნების“ მეთოდებს ოპოზიცია, იგივე დელეგატების მოდელის ამუშავების დროს?

„ეს იქნება ერთტურიანი არჩევნები. მათ არ აქვთ ამის რესურსი, დაშანტაჟებით, მოსყიდვით და დაშინებით იმუშაონ ყველა უბანზე.

ჩვენ გვეყოლება ხალხი, რომელიც მართლაც წამოწევს რეგიონის პრობლემატიკას. მთავარია ეფექტურად ვიმუშაოთ ველზე და ადამიანებს გავუჩინოთ რწმენა, რომ თუ ბევრი მივალთ არჩევნებზე, ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იყიდება, არც შანტაჟს და მოსყიდვას არ ექვემდებარება. ამიტომაც, მთავარია არჩევნებზე მივიდეთ,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

ბაკურ კვაშილავა: ეს არის მანიპულაცია, როგორც ამომრჩეველზე, ისე პოტენციურ კანდიდატებზე 

„დელეგატების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს რეკრუტირება ადამიანების, რომლებსაც გააჩნია ფინანსური რესურსი. ეს არანაირად არ არის ხალხის წარმომადგენლობა, პირიქით, მანიპულაციაა,“ – დელეგატების მოდელს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბაკურ კვაშილავაც, პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ წევრი.

ბაკურ კვაშილავა, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციით განსაზღვრულ პროპორციული საარჩევნო სისტემის იდეას უპირისპირდება და ის ანტიკონსტიტუციურია.

რატომ არის ეს ცვლილება მანიპულაციური? – ვკითხეთ ახლადშექმნილი პოლიტიკური მოძრაობის წევრს. ბაკურ კვაშილავა პროფესიით პოლიტოლოგია.

ბაკურ კვაშილავა

„ქართული ოცნება“ ცდილობს, ის მექანიზმი დაიტოვოს, რაც გააქრო პროპორციულმა სისტემამ. ამ მოდელით ისინი ამომრჩეველს ეტყვიან და კანდიდატებსაც, რომ აი, მაჟორიტარები აღარ არიან, მაგრამ დავტოვეთ დელეგატები, შემოვიტანეთ ეს ახალი ინსტიტუცია. ასე შეეცდებიან ისინი ძალაუფლების მქონე ბიზნესმენების რეკრუტირებას… რეალურად ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის სულისკვეთების გვერდის ავლაა.

ვიცით, რამდენად ცუდია მაჟორიტარების კომპონენტი ქართული დემოკრატიისთვის, რადგან ის არ ასახავდა ამომრჩევლის რეალურ განწყობას.

გვეყოლება თუ არა დელეგატების კანდიდატები, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. მე პირადად ვთვლი, რომ ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემის სულისკვეთების წინააღმდეგ,“ – აღნიშნა ბაკურ კვაშილავამ „ბათუმელებთან“.

გია აბულაძე: „რეალურად ძალაში დატოვეს მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ ამომრჩეველს ვეღარ მოატყუებენ“ 

გია აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად მაჟორიტარული სისტემა დატოვა ძალაში, როცა ცვლილება დაამტკიცა დელეგატებზე.

„შესაძლოა მედიაში პირდაპირ არ თქვან, მაგრამ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იტყვიან, დაგიტოვეთ მაჟორიტარი, დელეგატიაო, იმასაც არ იტყვიან, აი, ეს იქნება თქვენი პატრონიო. სინამდვილეში ხალხს პატრონი კი არა, ნორმალური ხელისუფლება სჭირდება, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და ივლის ევროპისკენ.

რეალურად „ოცნებამ“ ამ გზით ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ მოსახლეობა გაცილებით მომზადებულია, ვიდრე „ოცნებას“ წარმოუდგენია, ამომრჩეველს ვეღარ მოატყუებენ,“ – გვითხრა გია აბულაძემ. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველს რომელიმე დელეგატობის კანდიდატის სახელი და გვარი არ დახვდება. შესაბამისად, ის დელეგატსაც პირდაპირ ვერ აირჩევს.

გია აბულაძე

გია აბულაძის აზრით, დელეგატების სისტემის შემოღებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველო და პარტნიორები, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, მორიგი არჩევნები პროპორციული იქნებაო.

„შემოიღეს მაჟორიტარული არჩევნების ალტერნატივა და უნდათ, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. ეტყვიან, რომ აი, ეს იქნება თქვენი მაჟორიტარი. იგივე ცვლილება დააინიციირეს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც.

ეს აჩვენებს იმას, რომ ძალიან უჭირს ივანიშვილს და სხვადასხვა მეთოდით და ტყუილებით აპირებს, გავიდეს ფონს.

თუ „ოცნებას“ სურდა რეგიონების წარმომადგენლობა, რეგიონულ-პროპორციული სისტემა არსებობს ამისთვის. ეს მიდგომა გაგრძელებაა იმ ამბის, როცა გვეუბნებიან, ევროპა გვინდაო, სინამდვილეში კი, პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. აქაც გვითხრეს, რომ აღარ იქნება მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ მათი საარჩევნო კამპანია იქნება ისევ მაჟორიტარული ფორმით.

ეს არის არაკონსტიტუციური. კონსტიტუცია ამბობს, რომ პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩემი მოსაზრებაა, რომ ხელისუფლებას ამ კამპანიაში არ უნდა შევყვეთ, თუმცა პარტიაში ამ საკითხზე საბოლოო გდაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ – გვითხრა გია აბულაძემ.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

16 მილიონი ლარი წყალმომარაგებისთვის მწვანე კონცხზე, სადაც კანალიზაცია არ არის

მწვანე კონცხსა და მახინჯაურში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისთვის ახალი ქსელი მოეწყობა. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ 16 მილიონი ლარით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ამ დასახლებებში არ არის საკანალიზაციო [წყალარინების] ქსელი.

მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში, ასევე ბათუმს შემოერთებული ჩაქვის ტერიტორიის ნაწილში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მეხუთე ფაზის ფარგლებში ცენტრალური კანალიზაციის ქსელი არ აშენდება. მეხუთე ფაზის დასრულების შემდეგ აღნიშნული დასახლებები ბათუმში დარჩება იმ ადგილად, სადაც არ იქნება საკანალიზაციო ქსელი.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა სავარაუდოდ მე-6 ფაზაში განიხილება, თუმცა, ვინ დააფინანსებს ამ „მეექვსე ფაზის“ სამუშაოებს და არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ქალაქი შეღავათიან კრედიტს ისევ KfW-გან მიიღებს, უცნობია.

რუსული კანონის მიღების და საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური კურსის გამო, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაცრი და უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, დიდია რისკი, რომ ბათუმმა მეექვსე ფაზისთვის შეღავათიანი სესხი ვეღარ მიიღოს. მითუმეტეს სესხს ბათუმისთვის საქართველოს მთავრობა [ფინანსთა სამინისტრო] იღებს და არა თავად მუნიციპალიტეტი.

ევროკავშირმა კი ღიად განაცხადა „ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ იქნება მიმართული“. ანუ შესაძლოა სამთავრობო პროექტების დაფინანსება შეწყდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება აღებულ კურსს არ შეცვლის.

„წყალმომარაგების კუთხით, განსაკუთრებით კი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე KfW-ს მეხუთე ფაზის სამუშაოების პარალელურად, აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და ბათუმის წყლის ჩართულობით განხორციელდება ახალი პროექტები მწვანე კონცხის დასახლებაში, რის შედეგადაც მოხდება მწვანე კონცხისა და ნაწილობრივ მახინჯაურის დასახლების სრული წყალმომარაგება“ – ეს განცხადება ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მიმდინარე წლის 31 მაისს გააკეთა. მერიაში არ საუბრობენ როგორ იგეგმება, ან განიხილება თუ არა ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიებზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის დაფინანსება.

„რაც შეეხება წყალარინების საკითხს, ამ დროისთვის „ბათუმის წყალს“ არ აქვს აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაგეგმილი.“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ მერიის კომპანია „ბათუმის წყალმა“ დღეს, 22 ივლისს.

„ზედა მახინჯაურში ტენდერის ფარგლებში აშენდება რეზერვუარი და მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, რომელიც მოამარაგებს ზედა მახინჯაურში მცხოვრებ მოსახლეობას, ხოლო რაც შეეხება მწვანე კონცხს, უკვე გამოცხადდა ტენდერი, რაც მწვანე კონცხზე სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც ზედა მახინჯაურის, ასევე მწვანე კონცხის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი წყალმომარაგების სისტემით“ – გვითხრეს დღეს „ბათუმის წყალში“.

როგორც სატენდერო დოკუმენტებშია აღნიშნული: „დღეის მდგომარეობით მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება ინდივიდუალური ჭებისა და მცირე წყაროების მეშვეობით. საერთო განაწილების წყალმომარაგების სისტემები არსებობს, მაგრამ ამორტიზებულია და არ მოიცავს მთლიან დასახლებებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია მოსახლეობის რაოდენობა, ზაფხულის პერიოდებში არსებულ ინდივიდუალურ წყალმომარაგების სისტემებში იკლებს დებეტი, მოსახლეობა განიცდის წყლის დეფიციტს, რაც იწვევს მათ უკმაყოფილებას.“

პროექტით გათვალისწინებულია აღნიშნული დასახლებების ბათუმის წყალმომარაგების დ-1200 მილიმეტრიან ქსელზე დაერთება. ასევე სატუმბო სადგურის, სადაწნეო მილსადენის, სადაწნეო სამარაგო რეზერვუარის, ქსელში თვითდენით წყლის მიმწოდებელი მილსადენების, გამანაწილებელი ქსელის წყალსარეგულაციო და სახლებში წყლის შემყვანი კვანძების მოწყობა, ქსელში წნევის რეგულატორების და წყლის სადეზინფექციო საქლორატოროს მშენებლობა.

„ყველგან საპროექტო ტერიტორიის არეალში ინდივიდუალურ მომხმარებლებთან, ღობის გარეთ ან მომხმარებელთან შეთანხმებით ღობის შიგნით [ღობესთან ახლოს], მოეწყობა წყალმზომის ყუთები და განშტოება გამანაწილებელი ქსელიდან. წყალმზომის ყუთები გათვალისწინებულია ორი და ოთხი მრიცხველის განთავსებაზე ყუთში.“ – აღნიშნულია პროექტში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 3 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16 244 288 ლარია.

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში [2021 წლის 17 ივლისიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები (მაგისტრალური წყალსადენების რეაბილიტაცია/მშენებლობის სამუშაოები, ან/და წყლის ან/და საკანალიზაციო მილსადენების მშენებლობის სამუშაოები, ან/და წყლის ან/და წყალარინების ქსელების მოწყობის სამუშაოები) საერთო ღირებულებით არანაკლებ 16 244 288 ლარის ოდენობით.“ – წერია ტენდერის პირობაში.

„შესყიდვის ღირებულება დადგინდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე… ამასთან, ბაზრის კვლევით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ მოდულში განთავსებული ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ბაზარზე ოპერირებს მიმწოდებლები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დააკმაყოფილონ სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნები“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიის ოქმში.

ხუთი წლის წინ ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] წინასწარი მოლაპარაკებით, მეხუთე ფაზისთვის გამოყოფილი სესხით საკანალიზაციო ქსელი მახინჯაურსა და მწვანე კონცხის დასახლებაშიც უნდა აშენებულიყო [დღეს კი, მერიაში ამბობენ, რომ სესხი – 53 მილიონი ევრო ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა].

ვრცლად ამ თემაზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

დააზღვიე სახლი მარტივად და სწრაფად! – თიბისი დაზღვევა

ამიერიდან, „თიბისი დაზღვევაში“ მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ, სწრაფად და მარტივად დააზღვიონ სახლი.

პოლისის ფარგლებში შენ აზღვევ: კონსტრუქციულ ელემენტებს, რემონტ, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯს.

მნიშვნელობა არ აქვს სახლში შენ ცხოვრობ, თუ გაქირავებული გაქვს – დაზღვევა ორივე შემთხვევაში აგინაზღაურებს ზარალს.

სახლის დაზღვევა თვეში 49 ლარიდან არის შესაძლებელი და აზღვევს ისეთ რისკებს, როგორიცაა:

  • ხანძარი, აფეთქება, კვამლი, ან მეხის დაცემა;
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ან ვანდალიზმი;
  • სეტყვა, წყალდიდობა, ან მიწისძვრა;
  • მილსადენების, ან ელექტროგაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლა;
  • სატრანსპორტო საშუალების შეჯახება;
  • გაქირავებული/დაგირავებული ქონების დამქირავებელ/დამგირავებლის მიერ დაზიანება.

 „ჩვენ ვსწავლობთ მომხმარებლის საჭიროებებს და აქტიურად ვმუშაობთ, რათა მათზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი მივაწოდოთ და უფრო მეტად გავუმარტივოთ ყოველდღიურობა, სწორედ ამიტომ, „თიბისი დაზღვევაში“ სახლის დაზღვევა კიდევ უფრო გამარტივდა და იმისთვის, რომ თქვენი კერძო საკუთრება დაზღვეული იყოს, საჭიროა, მარტივი პროცედურის გავლა ონლაინ. ჩვენთვის, როგორც სადაზღვევო ბაზრის ლიდერისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებელზე ზრუნვა და ხარისხიანი სადაზღვევო პროდუქტების დანერგვა“, – აცხადებენ თიბისი დაზღვევაში.

დაზღვევისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის – ბმული

აღმოაჩინე უნიკალური კომპლექსი ბათუმში – White Sails

ბათუმში, ზღვიდან 200 მეტრში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ვაითსეილსი მდებარეობს. ზაფხულის სეზონზე ტურისტებით დატვირთულობის დიდი ნაწილი ქალაქის ცენტრზე მოდის. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ქალაქის დეცენტრალიზაცია, კომპლექს ვაითსეილსს კი ახალი ბულვარის განვითარებაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

კომპლექსი უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და 5* ლოკალურ ბრენდ გრანდერს და 4* აპარტოტელ ვაითსეილს რეზიდენშალს აერთიანებს. უნიკალური ინფრასტრუქტურის გამო კომპლექსი იზიდავს როგორც ბათუმელებს, ასევე ლოკალურ და უცხოელ დამსვენებლებსაც.

ვაითსეილსის სტუმრები ყველაზე მეტად კომპლექსის ღია საცურაო აუზს გამოარჩევენ, რომელიც განკუთვნილია როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. კომპლექსი სტუმრებს ასევე სთავაზობს დახურულ აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, ორქიდეა სპას ჰამამით, საუნით და სხვა სპა პროცედურებით.

ვაითსეილსში დასვენება განსაკუთრებით მიმზიდველია ოჯახებისთვის  – აქ ბავშვებს სხვადასხვა გასართობი დახვდებათ, მათ შორის ღია საცურაო აუზი და საბავშვო მოედანი. კომპლექსის ტერიტორიაზე რამდენიმე რესტორანი მდებარეობს, სადაც კვება სეზონზეც კი საკმაოდ ბიუჯეტურია, რაც ბათუმისთვის ძალიან იშვიათია.

ვაითსეილსში ეკოლოგიაზეც ზრუნავენ – კომპლექსს საკუთარი უზარმაზარი გამწვანებული ეზო აქვს. ამას გარდა, კომპლექსის გენერალური მენეჯერის, ნათია გოგიძის თქმით, ამ კუთხით სხვადასხვა მინი პროექტების განხორციელებას აპირებენ, მათ შორის, ტრენინგებს პლასტმასის მოხმარების შემცირებაზე.

ვაითსეილსი ასევე არის pet-friendly, სტუმრები ხშირად თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ჩამოდიან. ამასთან, ვაითსეილსს შეფარებული ყავს და კვებავს ქუჩის ძაღლებს. სპეციალურად მათთვის კომპანიამ კომპლექსის ტერიტორიაზე ძაღლების სახლები მოაწყო.

აღსანიშნავია, რომ ვაითსეილსი ლოკალური ბრენდია, შესაბამისად, მსგავსი პროექტი ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული, ასევე დასაქმების კუთხით. ვაითსეილსში დასაქმებულების აბსოლუტური უმრავლესობა აჭარის რეგიონიდანაა. როგორც კომპლექსში ამბობენ, სამსახურის მაძიებლებს ბაზარზე კონკურენტულ პირობებს სთავაზობენ.

ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა გაზრდილია – კავკასიის ბარომეტრი

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, CRRC-საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა „კავკასიის ბარომეტრი 2024“. ამ კვლევის მიხედვით საქართველოში გაზრდილია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა.

კერძოდ, საერთო გამოკითხულთა 48% მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 22% უფრო უჭერს მხარს, ვიდრე არ უჭერს.

ახალი კვლევის მიხედვით გაზრდილია ნატოში შესვლის მსურველთა რაოდენობაც. გამოკითხულთა 37% სრულად უჭერს მხარს საქართველოს შესვლას NATO-ში. „უფრო ვუჭერ მხარს, ვიდრე არ ვუჭერ“ – ეს პასუხი გამოკითხულთა 20%-მა გასცა.

წინა კვლევა CRRC-საქართველომ 2021 წელს ჩაატარა.

მაშინ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 34% უჭერდა სრულად, ხოლო ნატოში გაწევრიანებას 31%.

2024 წლის „კავკასიის ბარომეტრი“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ბათუმში გარე რეკლამის განთავსების უფლებას მერია 10 წლით ასხვისებს – აუქციონი

გარე რეკლამის განთავსების უფლებას ბათუმის მერია 10 წლის ვადით ასხვისებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავრების ექსკლუზიურ უფლებას 10 წლის ვადით მიიღებს.

აუქციონში გამარჯვებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელი უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ბათუმში გარე რეკლამის განთავსების საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. ნებართვის მოქმედების პერიოდში ნებართვის მფლობელს რჩება ასევე ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სრულად.

ელექტრონული აუქციონი 16 ივლისს გამოაცხადეს და 5 აგვისტოს უნდა დასრულდეს. საწყისი ფასი 17 მილიონ 830 ათას 496 ლარია, ბიჯი – 534 ათას 914 ლარი.

აუქციონში გამარჯვებულმა ნებართვის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სანებართვო ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული არსებითი პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, ბათუმის მერია ნებართვის მფლობელს აძლევს გონივრულ ვადას [არანაკლებ 90 დღე] დარღვევის აღმოსაფხვრელად.

დამატებით ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება მერიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად.

გარდა ამისა, ქალაქის მერიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ნებართვა უქმდება, ხოლო ამ ნებართვაზე არსებული მესამე პირის  უფლება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უქმდება. ამასთანავე, ნებართვის მფლობელს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.

ამ დრომდე ბათუმში გარე რეკლამის განთავსებების უფლება შპს „აჯადს“ ჰქონდა გადაცემული, კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის გარე რეკლამის ბაზრის ათვისება „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულ კომპანიას შპს „ალმას“ სურს.

ბათუმის მერიას შპს „ალმასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით [ასზე მეტი მოსაცდელი]. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

ამ თემაზე:

არჩევნებამდე ბათუმის მერია გარე სარეკლამო სივრცეს 10 წლით ასხვისებს – ოპოზიცია წინააღმდეგია

 

„ტრამპის გამარჯვება რეგიონში დამოკიდებულებებს შეცვლის“ – ირაკლი კობახიძე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე

„ტრამპი თუ გაიმარჯვებს, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ხაშურში, იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ის „რა თქმა უნდა ვერავის არჩევნებში ვერ ჩაერევა, მაგრამ ტრამპის გამარჯვება რეგიონში დამოკიდებულებებს შეცვლის“.

„[ტრამპის გამარჯვება] შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ამიტომ ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ამერიკელი ხალხის პრეზიდენტი,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, „იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ“.

ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ოპოზიციაც.

„ოპოზიცია არამხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა იმის გამო, რომ მათი გათვლებით ტრამპი დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს. თუმცა ვერავინ ვერ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში,“ – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება – გაიგეთ, ვის მოუსმენთ

მუსიკის მოყვარულებს 26-28 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის ჯაზფესტივალზე შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ლეგენდარულ The Jacksons, ფილიპ ლასიტერი ბენდით Philty და ვირტუოზ დრამერ ჯოჯო მაიერს. ამ სტატიაში სწორედ მათზე მოგიყვებით.

ფილიპ ლასიტერი – 26 ივლისი 

11 გრემის ჯილდოს მფლობელი ფილიპ ლასიტერი მუსიკალურ ინდუსტრიაში ცნობილია თავისი განსაკუთრებული წვლილით, როგორც ჩასაბერი და სიმებიანი ინსტრუმენტების არანჟირების სპეციალისტი, მესაყვირე და ბენდის ლიდერი. ლასიტერის ნამუშევრები მოიცავს სხვადასხვა ჟანრს, მათ შორის გოსპელს, სოულს, R&B, ფანკს, ჯაზს და სალსას, რაც ასახავს მის მრავალფეროვან მუსიკალურ გავლენას და ნიჭს.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ლასიტერი თანამშრომლობდა უამრავ გამორჩეულ არტისტთან, როგორებიცაა კირკ ფრანკლინი, ფრედ ჰემონდი, არიანა გრანდე, ტიმბალენდი, რობერტა ფლაკი, ჯილ სკოტი, ანდერსონი .პაკი და სეს ვინანსი.

მან წვლილი შეიტანა შვიდი გრემის გამარჯვებულ პროექტში, წარმოაჩინა თავისი ოსტატობა შექმნასა და არანჟირებაში. მაღალი დონის არტისტებთან მუშაობის გარდა, ის ხელმძღვანელობს საკუთარ ფანკ ჯგუფს, Philthy, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ენერგიული პერფორმანსებითა და რთული არანჟირებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლასიტერი ლეგენდარული არტისტის პრინცის (PRINCE) New Power Generation-ის უცვლელი წევრი იყო.

ფილიპ ლასიტერმა გასულ წელს, საქსოფონის სენსაცია ქენდი დალფერის მონაწილეობით გამოუშვა “Purple” , რომელიც პრინცს მიუძღვნა. ტრეკი არის წამყვანი სინგლი ალბომისა, რომელიც ჩაწერილია ამსტერდამში, 14-კაციანი ანსამბლით და სპეციალური სტუმრების შემადგენლობით.

როგორც Philty-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, ლასიტერის მუსიკალური მოგზაურობა დაიწყო 6 წლის ასაკში მობილში, ალაბამაში, სადაც იგი „უნებურად შეხვდა თავის პირველ სიყვარულს – ფორტეპიანოს,“ ხოლო კოლეჯის წლებში კიდევ უფრო განავითარა საყვირზე დაკვრის თავისი ბუნებრივი ნიჭი.

მისმა ფორმალურმა განათლებამ და ადრეულმა კარიერულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო დახვეწა მისი მუსიკალური უნარები, რამაც მიიყვანა იგი პოპულარული არანჟირების სპეციალოსტობასა და შემსრულებლობამდე. ის გამოდიოდა პრესტიჟულ ღონისძიებებზე და დარბაზებში მთელს მსოფლიოში, მათ შორის მონტრეს ჯაზფესტივალზე [Montreux Jazz Festival], ჩრდილოეთ ზღვის ჯაზფესტივალზე [North Sea Jazz Festival] და ესენსის ფესტივალზე Essence Festival].

ჯოჯო მაიერი – 27 ივლისი 

ჯოჯო მაიერი არის ცნობილი შვეიცარიელი დრამერი, რომელიც ცნობილია დრამისადმი მისი ინოვაციური მიდგომით და მოღვაწეობით ცოცხალი ელექტრონიკის ჟანრში. შვეიცარიაში, ციურიხში დაბადებულმა მაიერმა დრამზე დაკვრა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო და სწრაფად დაიმკვიდრა რეპუტაცია ტექნიკური ცოდნისა და შემოქმედებითი მრავალფეროვნების გამო.

მაიერი ცნობილია თავისი პროექტით, Nerve, რომელიც მან 1990-იანი წლების ბოლოს დააარსა. Nerve-მა დაიწყო როგორც ექსპერიმენტული პლატფორმა, რათა შეერწყა ცოცხალი დრამი ელექტრონული მუსიკის ისეტი ჟანრებისათვის, როგორიცაა დრამი და ბასი, jungle, and breakbeat. მაიერის უნიკალურმა უნარმა, გაიმეოროს ელექტრონული დრამის შაბლონები აკუსტიკური დრამის სეტზე მას საერთაშორისო აღიარება და ერთგული მიმდევრები მოუპოვა.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მაიერი თანამშრომლობდა მრავალფეროვან არტისტებთან, მათ შორის ჯონ მედესკის, მეშელ ნდგეოჩელოსთან, ვერნონ რეიდთან და ბევრ სხვასთან. მის ნამუშევრებს ახასიათებს ჯაზის, როკისა და ელექტრონული გავლენის ნაზი ნაზავი, რომელიც სცილდება ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტების მუსიკის საზღვრებს.

გარდა მისი საშემსრულებლო კარიერისა, მაიერი რეგულარულად ატარებს სემინარებსა და მასტერკლასებს მთელს მსოფლიოში, უზიარებს თავის გამოცდილებას და შთააგონებს ახალი თაობის დრამერებს. მაიერის სასწავლო DVD-ები, როგორიცაა “საიდუმლო იარაღი თანამედროვე დრამერისთვის” [Secret Weapons for the Modern Drummer], გახდა აუცილებელი რესურსი დრამერებისთვის, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი ტექნიკური უნარები და კრეატიულობა.

მაიერის წვლილი მუსიკაში სცილდება მის ტექნიკურ შესაძლებლობებს; ის არის ხედვარე არტისტი, რომელიც მუდმივად იკვლევს სხვადასხვა ბგერით გარემოს და ხელახლა განსაზღვრავს დრამერის როლს თანამედროვე მუსიკაში. მისი დაუოკებელი სწრაფვა ინოვაციებისა და სრულყოფილებისკენ აქცევს მას მნიშვნელოვან ფიგურად დრამის საზოგადოებაში და უფრო ფართო მუსიკალურ ინდუსტრიაში.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ჰედლაინერები The Jacksons! – 28 ივლისი 

ჯექსონები, თავდაპირველად ცნობილი როგორც The Jackson 5, არის საკულტო ამერიკული პოპ და R&B ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა გარიშში, ინდიანაში. თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ ძმები ჯეკი, ტიტო, ჯერმეინი, მარლონი და მაიკლ ჯექსონი. 1960-იანი წლების ბოლოს ჯგუფმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ხმის ჩამწერ სტუდია Motown Records-თან დებიუტით და გახდა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი.

  • ადრეული წარმატება

Jackson 5 აღმოაჩინა Motown-ის აღმასრულებელმა ბობი ტეილორმა და 1968 წელს ლეიბლს ხელი მოაწერა. მათი პირველი ოთხივე სინგლი, “I Want You Back”, “ABC”, “The Love You Save” და “I’ll Be There, ” მოხდა Billboard Hot 100 ჩარტში, რამაც ჯგუფი დაამკვიდრა, როგორც მთავარი ძალა მუსიკალურ ინდუსტრიაში. პოპის, სოულისა და R&B-ის მათმა ინფექციურმა ნაზავმა აუდიტორია მთელ მსოფლიოში მოხიბლა.

  • ევოლუცია ჯექსონებში

1975 წელს ჯგუფმა დატოვა Motown და გააფორმა კონტრაქტი Epic Records-თან, შემდგომში შეიცვალა მათი სახელი და გახდა The Jacksons იმის გამო, რომ Motown ფლობდა უფლებებს Jackson 5-ის სახელზე. მათი მუსიკა განვითარდა უფრო მეტი ფანკისა და დისკო ელემენტების გაერთიანებით. ამ ეპოქის ჰიტები მოიცავს Shake Your Body (Down to Ground), Can You Feel It და Blame It the Boogie. ამ პერიოდში ასევე გამოჩნდა მაიკლ ჯექსონი, როგორც სოლო არტისტი, რომელიც განაგრძობდა უპრეცედენტო წარმატებას ალბომებით Off the Wall და Thriller.

  • მემკვიდრეობა და გავლენა

ჯექსონებმა წარუშლელი კვალი დატოვეს მუსიკალურ ინდუსტრიაში, რამაც გავლენა მოახდინა უამრავ არტისტზე სხვადასხვა ჟანრში. ისინი 1997 წელს შეიყვანეს „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“. ჯგუფის დინამიკური პერფორმანსები, ინოვაციური მუსიკა და პოპულარულ კულტურაში გამორჩეული როლი დღესაც აღინიშნება.

  • მოღვაწეობის გაგრძელება

შემადგენლობის ცვლილებებისა და 2009 წელს მაიკლ ჯექსონის ტრაგიკული დაკარგვის მიუხედავად, ჯექსონებმა განაგრძეს სპექტაკლები და გასტროლები და ინარჩუნებდნენ თავიანთი მუსიკის მემკვიდრეობას. ახლა უკვე ძმები, ჯეკი, ტიტო, და მარლონი აგრძელებენ განაგრძობენ თაყვანისმცემელთა ახალ თაობებთან ურთიერთობას თავიანთი მუსიკით.

ჯექსონების საოცარ შოუზე გაჟღერდება ხუთივე ძმის, მათ შორის ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველა ცნობილი მეგა ჰიტი, რომლებმაც დიდი ხანია მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა: “ABC”, “I Want You Back”, “I’ll Be There” და მრავალი სხვა.

სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე

საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლირი კოპაჩი-დი-მიკელემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა რენატა ლევოვსკიმ გახსნეს.

კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ესაუბრა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ აქტივობაზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირების მიზნით ახორციელებს. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტექნოლოგიებზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, ადამიანური რესურსის გაძლიერება,  ინფორმირების უპრეცედენტო კამპანია, ეტაპობრივად ჩატარებული 8 საპილოტე არჩევნები და მისი შედეგები, ელექტრონული არჩევნების სამართლებრივი მოწესრიგების საკითხები და ა.შ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე და ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებულ აქტებზეც იმსჯელეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მონაწილეებს ინფორმაცია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე მოსამართლეებს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა. საკუთარ პრეზენტაციაში მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „Pro V&V“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაშია. ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად.

გაიმართა საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირებაც და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში ენახათ მათი მუშაობა.

შეხვედრის ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტმა დმიტრო ტრეტიაკოვმა მონაწილეებს საარჩევნო დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გააცნო, მათ შორის საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების ჭრილში. ხოლო  IFES-ის  მთავარმა მრჩეველმა სამართლებრივ და მართლმსაჯულების საკითხებზე ტიფეინ რობლომ საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა მიმოიხილა.

ორდღიან სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქ. ბათუმში 20-21 ივლისს გაიმართა, მოდერაციას უწევდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს, საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების პროექტის უფროსი ოფიცერი მაია ჯორჯიკია, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე დავით ღონღაძე და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

საარჩევნო დავები მნიშვნელოვან როლს ასრულებს არჩევნების მთლიანობაში, შესაბამისად მნიშვნელოვანია სასამართლო კორპუსისთვის საარჩევნო საკითხებთან და სიახლეებთან, ასევე მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის სამუშაო შეხვედრებმა ბოლო წლებში პერმანენტული ხასიათი მიიღო და ყველა არჩევნების წინ იმართება.

სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES)  და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 567 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 8 284 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 15 980 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 15 637 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 123 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 900 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 362 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 475 ერთეული [+73]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 401 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 21 138 ერთეული [+102]
  • სპეცტექნიკა – 2 637 ერთეული [+21]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 630 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 28 118 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 554 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 629 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 381 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 224 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 941 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს ტერიტორიების დაბრუნებაში“ — ზელენსკი

რა ელის სამყაროს, თუ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალება მიეცემა – იუვალ ნოახ ჰარარი 

რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ მუშაობს ოპოზიცია შუახევში არჩევნების წინ

როგორ ემზადებიან ოპოზიციური პარტიები არჩევნებამდე დაახლოებით 14 კვირით ადრე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში? – „ბათუმელები“ ამჯერად შუახევის მუნიციპალიტეტში ესაუბრა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც წარმომადგენლები ჰყავთ საკრებულოში.

ოპოზიციონერებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები შუახევში, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.

ზვიად დიასამიძე შუახევის საკრებულოში პარტია „ლელოს“ წარმოადგენს. მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე კოორდინატორების, მხარდამჭერებისა და კომისიების დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს და მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში შეხვედრებს პირველი აგვისტოდან გეგმავენ.

„ყველაზე მეტად სოციალური პრობლემები იკვეთება მოსახლეობაში. სოფელში ვინც დარჩა, სოციალური შემწეობის იმედადაა დარჩენილი და ფაქტობრივად, ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულება – სკოლა და ბაგა-ბაღია, სადაც მუშაობენ.

ძალიან დიდი მიგრაციაა, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. იცლება მაღალმთიანი სოფლები და რთულია ამ პროცესის შეჩერება… ხშირად, შეხვედრებზე ადამიანები ამბობენ, რომ ამხელა ზემო აჭარაში ისეთი წარმოება არ არის, 200 კაცი რომ მაინც იყოს დასაქმებული. ისეთი მიმართულებაა საჭირო, ადამიანები რომ გაჩერდნენ…

ასევე, მეწყრული პროცესებია პრობლემა, რაც ამ ბოლოს ძალიან გააქტიურდა და უამრავი დაზარალებული გამოჩნდა.

ფაქტობრივად, მაისიდან არჩევნებისთვის მზადების რეჟიმში ვართ. გვქონდა პატარა შეხვედრები, მომხრეებთან კომუნიკაცია. ჩვენი შტაბი მალე ოფიციალურად შეუდგება ფუნქციონირებას. პირველი აგვისტოდან კარდაკარ დავიწყებთ შეხვედრებს. ყველასთან უნდა მივიდეთ და დაველაპარაკოთ, რომ ეს არჩევნები არ არის, ეს რეფერენდუმია და მათ თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის.

ეს არ არის ჩემთვის, ჩვენთვის, პირველი არჩევნები. ყველა არჩევნებს ახლავს საზოგადოებაში შიშის განწყობა. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, ნაკლებად ან სხვანაირი კონტაქტი ჰქონდეს. მაგალითად, 2021-ში ოჯახი არ დარჩენილა, ჩვენ რომ არ მივსულიყავით და მერე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ბევრმა პირდაპირ თუ ირიბად აღიარა – იყო ზეწოლები. წელსაც ველოდებით ამის მცდელობებს, რასაც ემატება ისიც, რომ სოციალური დასაქმების პროგრამით ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული და თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ კონტაქტიც კი [ოპოზიციასთან] საფრთხის შემცველია მათთვის და დაკარგავენ სამსახურს. აღარ ვსაუბრობ ღიად გამოსვლასა და აზრის დაფიქსირებაზე.

რთული საარჩევნო წელი გვექნება.

პირველი და მთავარი დღეს, რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალია, იმიტომ, რომ ამ არჩევნებით არ წყდება მხოლოდ, ვთქვათ, რომელიმე პარტიის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება. ეს რეფერენდუმია საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა ჩამოყალიბებული, განსაკუთრებით საპენსიო საკითხში. ასევე, განახლებულია „ლელოს“ მარშლის გეგმა. ყველა ამ რესურსით მივალთ მოსახლეობასთან, ავუხსნით და შევეცდებით დავარწმუნოთ ისინი დაგვიჭირონ მხარი, რათა შევცვალოთ ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისკენ“, – გვეუბნება ზვიად დიასამიძე.

მისი თქმით, „ლელომ“ შუახევში გააკეთა კვლევა ადგილობრივი საჭიროებების გამოსაკვეთად, სადაც გამოჩნდა, რომ ასევე საჭიროა „ადგილზე წარმოების განვითარების პროგრამის ხელშეწყობისა და ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები“.

„მუნიციპალიტეტში რთულია რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ იცით თქვენ, თვითმმართველობაში ოპოზიციური პარტია უმცირესობაშია და გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ვცდილობთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები დავაყენოთ და მოსახლეობასთან ერთად ვიბრძოლოთ“, – გვეუბნება ზვიად დიასამიძე.

ზვიად დიასამიძე

„თითქმის გაშლილია ჩვენი წინასაარჩევნო მარათონი. ზოგადად, წინასაარჩევნო აქტივობა რასაც ჰქვია, მოსახლეობასთან შეხვედრა და კომუნიკაცია, აბსოლუტურად ყოველთვის გვაქვს, თუმცა წინასაარჩევნოდ, უმეტესად, კარდაკარ-ის პრინციპით ვხვდებით მოსახლეობას”, – გვეუბნება ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე შუახევში, ნუგზარ ამაღლობელი.

მისი თქმით, მოსახლეობა შეზღუდულია პოზიციის გამოხატვაში სხვადასხვა მიზეზის გამო:

„სოციალური დახმარება იქნება, სოციალურად დაუცველების დასაქმება თუ რაღაც სახის ჩართულობა… სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ასეთ მცირერიცხოვან სოფლებში გადასწვდეს ყველას – ემუქრებიან  სამსახურიდან გათავისუფლებით, სოციალურის შეწყვეტით და სხვა მსგავსი ტიპის განცხადებებით, რომელიც მოსახლეობაზე, რა თქმა უნდა, აისახება და ერთგვარ შიშის ფაქტორსაც ქმნის, რომ მოვიდეს, ხელი ჩამოგართვას, შენთან ერთად გამოჩნდეს და შენთან იყოს, რადგან, ფიქრობს, რომ ხვალ და ზეგ ეს მას პრობლემას შეუქმნის.

ყველა მოქალაქეს ვხვდებით და ვუხსნით, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაა, ჩვენი განვითარების გზა ევროპისკენაა და ა.შ.

კონკრეტული მესიჯბოქსი, გაწერილი პროგრამა, ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ პროგრამაა ის, რასაც დღევანდელი რეალობა იძლევა სათქმელად. როცა სოფელში შედიხარ და ცარიელ სოფელს ხედავ, პირდაპირ აქედან უნდა დაიწყო ლაპარაკი – ისეთი პირობები უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რომ სოფლიდან წასული ახალგაზრდები დაბრუნდნენ. ნორმალური ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების საშუალება უნდა მიეცეს მოსახლეობას და ამ ყველაფრის წინა პირობაა ქვეყნის განვითარება, ჩვენი ევროპული გზა, ევროპული მიმართულება და არა ასეთი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში.

სახელმწიფო მოხელეებისთვის მთავარია, როგორ მოიპარონ ფული ბიუჯეტიდან. ფაქტობრივად, მოსახლეობა მიტოვებული და უყურადღებო რჩება.

ჯერჯერობით ამ ფორმატში ვართ და როცა კიდევ უფრო მოახლოვდება არჩევნების პერიოდი, შეხვედრებს უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა, ჩვენ ჩვენი პროგრამა გვექნება, შავით თეთრზე დაწერილი, კონკრეტულად რა დაპირებები გვაქვს მოქალაქეებისთვის, რას გავაკეთებთ მთიანი აჭარისთვის… როგორ ვაპირებთ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარებას… თანმიმდევრულად, ისე, რომ ნებისმიერი მოქალაქისთვის შესაძლებელი იქნება გაიგოს, რისი გამკეთებელი ვართ, საითკენ მიგვყავს ეს ქვეყანა“ – ამბობს ნუგზარ ამაღლობელი.

ჩვენთან საუბრის დროს, იგი აღნიშნავს, რომ აგვისტოში აქტიურად გეგმავენ იალაღებზე ასვლას:

„ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ სახალხო ზეიმში – „შუამთობა“ და ეს შანსიც გამოვიყენოთ მოსახლეობასთან შეხვედრისთვის“.

ნუგზარ ამაღლობელი

მერაბ დავითაძე შუახევის საკრებულოს წევრია პარტიიდან – „გახარია საქართველოსთვის“. იგი ამბობს, რომ ცდილობენ მოსახლეობას ესაუბრონ მმართველი გუნდის დეზინფორმაციულ კამპანიებზე:

„ჩვენ ხალხს ვაცნობთ, რომ „ომის პარტია“ არ არსებობს; როგორ ცვლის ევროკავშირთან ჩვენს დამოკიდებულებას რუსული კანონი მაშინ, როცა ევროკავშირს მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს ჩვენთვის, დღემდე რა შედეგები მოუტანა მაღალმთიან რეგიონს ევროკავშირმა და რა შედეგები გვექნება მომავალში.

უკვე 2-3 თვეა, რაც შტაბია ჩამოყალიბებული. შტაბის თანამშრომლები თითქმის ყველა სოფელში გავდივართ. ეს გასვლები 15-20 დღის წინ დავიწყეთ. მაგალითად, ჭვანის ხეობას თითქმის მოვრჩით და ახლა სხვა ხეობებში ვიწყებთ მუშაობას“.

შუახეველი მოსახლეობის პრობლემების ჩამოთვლისას, პირველად მერაბ დავითაძეც მიგრაციასა და სოციალურ საკითხებს ასახელებს:

„სოფელში ახალგაზრდას ვერ იპოვი, ყველა გასულია. დღემდე მოუგვარებელია თამბაქოს საკითხი. მოჰყავთ თამბაქო, მაგრამ ვერ აბარებენ. არაოფიციალურად აბარებენ მაღაზიებში, ქუჩებში, მაგრამ ავტონომიის იქეთ ვერ გააქვთ, რაც დიდი პრობლემაა.

მიდიხარ სოფელში, გვხვდება მოსახლეობა და ყველაფერზე გელაპარაკება, მაგრამ როცა მიდის საუბარი, ვთქვათ, ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთო პრობლემაა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ზოგი ოჯახი სოციალურად დაუცველია, ზოგი სად მუშაობს, ზოგი სად. ეშინიათ სამსახურის დაკარგვის და ასე შემდეგ”.

მერაბ დავითაძე

როგორც მერაბ დავითაძე გვეუბნება, აპირებენ გაფართოებული, ყოველდღიური შეხვედრების დაწყებას მოსახლეობასთან.

„ჩვენი ხსნა არის დღეს ევროკავშირი და უფრო მეტი ცნობადობა უნდა იყოს მოსახლეობაში ევროკავშირზე. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. რუსეთი რად გვინდა? მე 62 წლის კაცი ვარ და რუსეთი ჩემზე კარგად არავინ იცი. რუსეთი არის ქაოსი და ბიუროკრატია. ხალხმა უნდა გაიგოს ეს.

აგვისტოდან უკვე მთებში გავალთ. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ვისაც შრომა შეუძლია, გასულია სოფლიდან – დიდი ნაწილი თურქეთში ან ბათუმში მუშაობს. ძირითადად მოხუცებული ხალხია დარჩენილი“, – გვითხრა მერაბ დავითაძემ.

„ბათუმელები“ შუახევის საკრებულოს უპარტიო წევრს, თედო თავდგირიძესაც ესაუბრა წინასაარჩევნო სამზადისზე.

„პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ დღეს საქართველოში, სადაც ცენტრალიზებულად ხდება მართვა და ძალაუფლება მთლიანად არის ცენტრის ხელში, ამ შემთხვევაში, მითუმეტეს ოპოზიციას, საერთოდ არ აქვს ბერკეტები. არაკომპაქტურადაა დასახლებული შუახევი და შესაძლოა ყველა სოფელში შესვლაც ვერ მოახერხოს ოპოზიციამ. მე, მაგალითად, მქონია ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები, რომ ყველა სოფელში შევსულიყავი.

მუნიციპალიტეტების საკრებულოები და შუახევი არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ის პრაქტიკულად წარმოადგენს ბუტაფორიას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხარ სახელისუფლებო გუნდში. არის რაღაცები, რისი ადგილზეც გადაწყვეტა ხდება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ დიდწილად, საკრებულო არის უფუნქციო. წარმომადგენლობითი დანიშნულება, რაც მას უნდა ჰქონდეს, არ აქვს. საკრებულოს წევრები, განსაკუთრებით სახელისუფლებო წევრები, პრაქტიკულად საჯარო მოხელეები არიან და არა პოლიტიკურ არჩევნებში ჩართული პირები.

როდესაც საკრებულოში შევედი, პირველ ეტაპზე ძალიან აქტიური ვიყავი და მინდოდა რაღაცები გამეკეთებინა, აქტიურ რეჟიმში ვყოფილიყავით ოპოზიცია, თუმცა ხელისუფლებამ ჩანასახშივე მოკლა ეს იდეა.

ჩვენს იდეებს არც ერთ შემთხვევაში არ აქვს მხარდაჭერა. ასეთი მიდგომა აქვს ხელისუფლებას, რომ თუ რაიმეს პოზიცია აკეთებს და „იწერს ქულებს“, დაუშვებელია. ოპოზიცია ერთი სამთან თანაფარდობაშია წარმოდგენილი შუახევში. მინდოდა, საკრებულოს ერთ-ერთი კომისია ჩაჰბარებოდა ოპოზიციას შუახევში, რათა, პირობითად, გამოჩენილიყო კონტრასტი, თუ ვინ უკეთ მუშაობს. ყველა კომისიას აკონტროლებს, ყველა თანამდებობას ფლობს სახელისუფლებო გუნდი და ხომ შეიძლება ერთი კაცი იყოს ოპოზიციიდან?!

მედიაც უნდა დაინტერესდეს თუ რას აკეთებს ოპოზიცია [მუნიციპალიტეტებში]. მართალია, მიზერული ანაზღაურება გვაქვს, წარმომადგენლობით ხარჯს ვიღებ მეც – 500 ლარი იყო და ახლა 700 ლარია, მაგრამ ხომ ბიუჯეტიდან ვიღებ? მე ეს ფული არ წამდგომია და შეხვედრა იქნებოდა ეს, შუახევში მისვლა თუ ა.შ. ამაში მეხარჯება. არც მყოფნის“ – ამბობს თედო თავდგირიძე.

თედო თავდგირიძე

იგი, შუახევის საკრებულოს ოპოზიციის მსგავსად, იმავე პრობლემებზე საუბრობს:

„პრობლემებზე ღიად საუბარი პირველი ეტაპია ამ პრობლემების მოგვარების. მე ვცდილობ მოქალაქეებთან საუბრისას არ შევქმნა გადაჭარბებული მოლოდინები.

[შუახევში] ადამიანები პრაქტიკულად ვერ ქმნიან დოვლათს. არ აქვთ შემოსავალი. ამის აღმოფხვრა საკრებულოს ერთი წევრისთვის შეუძლებელია. მთლიანად პოლიტიკა უნდა იყოს ამის გადაჭრისკენ მიმართული. ან ტურიზმის მიმართულებით უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ძვრები.

ისეთი მუნიციპალიტეტების დაშიფვრა, სადაც მცირეა მოსახლეობა, პრობლემას არ წარმოდგენას. ვინ დასაქმებულია, ვის სოციალური დახმარება აქვს… საარჩევნო პროექტი იყო ისიც, რომ მოსახლეობა დაასაქმეს არარსებულ რაღაცებზე. ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ექნებათ წნეხი წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან. მათთან კომუნიკაციაა მნიშვნელოვანი და არა გვერდიდან იმის თქმა, რომ – „300 ლარმა როგორ უნდა მოახდინოს ამომრჩეველზე გავლენა“. მოახდენს, თუ თვის განმავლობაში ცხოვრობს ადამიანი 300 ლარით, რაც ვიღაცისთვის რესტორანში ერთი ქეიფის ფული შეიძლება იყოს“.

„კარგად იცი, რაშიც მყოფნის პენსია“ – რეპორტაჟი ჯავახიშვილის ქუჩიდან

„კარგად გეცოდინება, რაშიც მყოფნის“ – გვპასუხობს პენსიონერი ანზორ გოგრაჭაძე კითხვაზე – რაში გყოფნით პენსია.

მან ჯერ გვითხრა, რომ პენსია მცირეა და არ ჰყოფნის, მას შემდეგ კი, როცა ვთხოვეთ, მოეყოლა დანახარჯების შესახებ პენსიიდან, ასე გვიპასუხა.

ამის შემდეგ ანზორ გოგრაჭაძემ გვითხრა, რომ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია, ამიტომ „მთავრობა არ უნდა შეიცვალოს“, თუმცა უკმაყოფილოა წამლების ფასებით და პენსიის ოდენობით:

„წამლები უნდა გაიაფდეს, პენსია გაიზარდოს. კერძო სექტორია და ვერ ჩაერევა? – რაცხა ვერ დავიჯერებ მაგას, მთავრობა ყოველთვის მეერევა. მე ძველი სტილის კაცი ვარ და ევროპაში სიკეთეს ვერაფერს ვხედავ, ძველებური მომწონს მაინც. ევროპაში მაქვს ნამსახურები, გერმანიაში და ვიცი რაცხაა. რა არ მომწონდა? – დისციპლინა მომწონდა. დიახ, დიდებული იყო.

მთავრობის შეცვლას არ ვისურვებდი, მაგრამ დისციპლინა უნდა დაამყაროს. რა კუთხით და მაღაზიებში დღეს შეხვალ ერთი ფასია, ხვალ – მეორე ფასი. ასე როგორ შეძლება, ძალიან სიძვირეა, ხელფასები – დაბალი. პარლამენტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი, აბა, რისთვის გვყავს? “ – ამბობს ზაურ გოგრაჭაძე [სტილი დაცულია].

ზაურ გოგრაჭაძე

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გზების დეპარტამენტისა და დასაქმების სააგენტოს წინ არსებულ სკვერში ხანდაზმულები ნარდს თამაშობენ. ბაბუები ვართო – ასე თავად გაგეცვნენ. ზაურ გოგრაჭაძეც მათ შორისაა. „ბაბუებმა“ – ჯანდაცვის პროგრამებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ მთავრობამ ფასების დარეგულირებაზეც იფიქროსო.

ერთმა უკმაყოფილება გამოთქვა:

„დაფინანსებისთვის გავაგზავნე და ჯერ პასუხი არ მოსულა, ექიმმა სასწრაფო ჩამიწერა და ერთი თვეა გასული. როდის მოვა? – რომ მოვკვდები მერე, ალბათ“. მან სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა: „რად გინდა ერთი, არაა საჭირო“.

ნარდის მოთამაშეები სკვერში

ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებს თუ შემოივლით, მიხვდებით, რომ აქ საჯარო სივრცეების ათვისება- განაწილებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული, შესასვლელებსა და კერძო სახლებზეც ხშირად შეხვდებით წარწერას: „მანქანა არ გააჩეროთ“, ნახავთ საბურავებით შემოსაზღვრულ ადგილებსაც.

პარკინგი
„მანქანა არ გააჩეროთ!“ – გაფრთხილება ჭიშკარზე

აქ ზოგი იმაზე დარდობს, რომ ბავშვებისთვის ეზოში თამაში უსაფრთხო არ არის, ზოგი ჩივის, რომ ყველა სახლს ეზო არ აქვს და ბავშვები ერთ ეზოში იყრიან თავს, რაც აქ მცხოვრებლებისთვის დისკომფორტი ყოფილა.

ვალერიან კირკიტაძე სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში შვილიშვილს ასეირნებს, ის „ოცნებაზე“ გაბრაზებულია – რაც დაგვპირდნენ, არ შეგვისრულეს და მაგათ ხმას აქ არავინ მისცემსო – ამბობს, თუმცა საუბრის დასაწყისში ისიც გვითხრა, რომ რაც კეთდება, ყველაფრით კმაყოფილია:

„წინა არჩევნებზე და იმის წინა არჩევნებზეც მერიას ჩვენი სახლის ფასადი თუნუქით უნდა შეეფუთა, ჭადრაკის ჩემპიონატი რომ იყო ხომ გახსოვთ, გვერდითა სახლები შეფუთეს, რომ სპორტული კომპლექსიდან კარგად გამოჩენილიყო. ჩვენი სახლი კი არ შეფუთეს და სეტკა აგვაფარეს. უსაფრთხოების საკითხები სულ დაივიწყეს, მანქანები ისე დაქრიან, ბავშვს ვერ გამოიყვან გარეთ“ – გვიყვება ვალერიან კირკიტაძე. ის ფერაძის ქუჩაზე, კორპუსში ცხოვრობს.

ჭადრაკის ჩემპიონატის დროს ჩვენს სახლს "სეტკა" ააფარეს - მოქალაქე

სკვერში ურნები გადავსებული დაგხვდა, სკამები – დამტვრეული, ონკანები დაზიანებული. ადგილზე „მწვანე ბათუმის“ თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ისინი ნარგავების წამოზრდილი ბალახისგან გასუფთავებას ცდილობდნენ. დიქტოფონთან საუბარი არ მოინდომეს, პირად საუბრებში კი გვითხრეს, რომ გული სწყდებათ, რომ ზოგი არსებულ გარემოს უდიერად ეპყრობა: „არ უვლიან, ჩვენ მათთვის ვალამაზებთ ამ ყველაფერს, ასე როგორ შეიძლება?!“

„ნუ გვიღებ, ვისვენებთ“
ონკანი სელიმ ხიმშიაშვილის მიმდებარედ არსებულ სკვერში
სკვერი

ამ სკვერში საპირფარეშოც იყო, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, 2-3 წელია რაც ის მერიას დაუკეტავს, რადგან „ვერ მოხერხდა მოწესრიგება“.

დაკეტილი საპირფარეშო

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მთავრობა „ავარიული სახლების პროგრამის“ ფარგლებში ახალ კორპუსს აშენებს, აქ ორსართულიანი ავარიული სახლები დაანგრიეს. მშენებარე სახლების წინ, ბარაკებში ცხოვრობენ, თუმცა მათ ამ დროისთვის არ იციან, მოუწევთ თუ არა ბინები ახალ კორპუსში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ვერ შეხვდით, არ ვიცოდით მოსვლას თუ გეგმავდაო – გვითხრეს აქ.

ბარაკები

ბაგრატიონის ქუჩაზე კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმის ფილიალს აშენებს, ეს ამ უბანში მცხოვრებლებს მოსწონთ, ჩვენი უბანი უფრო პრესტიჟული გახდებაო, თუმცა პარკინგის ადგილების გამო სწუხან: „ისედაც არ არის ადგილი და უნივერსიტეტი რომ დაიწყებს ფუნქციონირებას, მერე რა იქნება?!“

მშენებარე უნივერსიტეტი

ამ შენობის წინ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შენობაა, სადაც კოლეჯი „ბლექსი“ ფუნქციონირებს. აქ გვითხრეს, რომ კოლეჯი სხვა შენობაში უნდა გადავიდეს და აქაურები შიშობენ, რომ ამ ადგილსაც დიდი მასშტაბის შენობის ასაშენებლად გაყიდიან.

„კარგი იქნება აქ სკოლა ან საბავშვო ბაღი და სკვერი მოეწყოს, რადგან ბევრ კორპუსს არა აქვს ეზო, რომ ბავშვებმა ითამაშონ“ – ამბობს იამზე ბერიძე.

„ბლექსის“ შენობა და ეზო 6479 კვ.მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული

აქ გვითხრეს, რომ შეწუხებულები არიან ძველი მანქანებითაც, რომლებიც პატრონებს უკვე წლებია ერთ ადგილზე აქვთ განთავსებული:

„ეს ჯართი იმდენია, არავინ არაფერში იყენებს, ისედაც არ არის ადგილები და ტყუილად ადგილებს იკავებს, არც ვიცით, რამე თუ არეგულირებს ამას“.

სამაგიეროდ აქ კარგად უვლიან ეზოს ძაღლებს და ფისოებს, რომლებიც მოიშინაურეს

თავშესაფარი ქუჩის ცხოველებისთვის

8 წლის გიორგი გულის გადასანერგად ინდოეთში გადაიყვანეს – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის ბათუმელ გიორგი დოლიძეს გულის გადანერგვა სჭირდება. ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზაა, ოპერაციისთვის კი 225 000 დოლარია საჭირო.

გიორგი საქართველოში ჯო ენის ჰოსპიტალში მკურნალობდა დიაგნოზით: კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ოჯახმა გიორგი 19 ივლისს სპეციალური თვითმფრინავით გადაიყვანა ინდოეთში, სადაც საჭირო თანხის შეგროვებისთანავე ჩაუტარდება გულის ტრანსპლანტაცია.

„ბათუმელები“ ესაუბრა 8 წლის გიორგი დას, ნინო დოლიძეს.

„უკვე მე-11 დღეა, რაც გიორგი ინტუბირებულია და მართვით სუნთქვაზეა.

ორი დღეა, რაც ინდოეთში ვართ. ღამით შედარებით მძიმე მდგომარეობაში იყო. დღეს უკვე დასტაბილურდა და ისევ სტაბილურად მძიმე გახდა. ახლა ცდილობენ ექიმები, რომ პაციენტის მდგომარეობა დაასტაბილურონ ისე, რომ რაღაცაზე ფიქრი შეიძლებოდეს. თან დაიწყო ტრანსპლანტაციისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება. ამ ყველაფერს დრო სჭირდება და წინასწარ იჭერენ თადარიგს.

გვაქვს ინვოისი, სადაც საჭირო თანხად წერია 225 ათასი დოლარი. ეს არის ოპერაციის პირველი ერთი თვის ჰოსპიტალიზაციის თანხა. ამაში არ შედიოდა ის თანხა, რაც გადავიხადეთ თვითმფრინავში.

225 000 $-დან ჯამში 100 000 დოლარით დაგვაფინანსა აჭარისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებმა. ახლა ანგარიშზე 40 000$ გვაქვს მოგროვებული. პირველი თვისთვის გადასახადებისთვის დაახლოებით 85 000 ათასი დოლარის შეგროვებაა საჭირო.

აჭარის ჯანდაცვის და ცენტრალური ჯანდაცვის დაფინანსება ჯამში გამოვიდა 100 ათასი დოლარი. დანარჩენი, რა თანხაც იყო შეგროვებული, გადავიხადეთ თვითმფრინავში და ახლა ვცდილობთ თავიდან შევაგროვოთ. ჯერჯერობით გვაცდიან. [ოპერაციის] თანხა, რაც არის 225 ათასი დოლარი, პირველი თვის განმავლობაში უნდა დაიფაროს. თუ, ვთქვათ, პირველი თვის განმავლობაში ოპერაცია ვერ გაკეთდა და მოუწია იმავე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზაცია, ახალი ხარჯები იქნება“, -გვითხრა ნინო დოლიძემ

როგორც ნინო გვიყვება, გიორგის 6 თვის ასაკში დაუსვეს დიაგნოზი და მას შემდეგ, რვა წლის განმავლობაში იღებდა წამლებს, თუმცა საბოლოდ მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და გიორგის სიცოცხლე საფრთხეშია.

ოჯახი ახლა საზოგადოების დახმარების იმედადაა.

რვა წლის გიორგი დოლიძე

______________________________________

8 წლის გიორგის დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ გიორგის დის, ნინო დოლიძის ანგარიშებზე: 

საქართველოს ბანკი – GE18BG0000000601117731
თიბისი ბანკი – GE36TB7296745064300077

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივლისის 21 საათიდან 22 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით აჭარაში 23 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება; 24 ივლისს კი, დღისით მოსალოდნელია წვიმა ელვა-ჭექით.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 566 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 8 266 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 15 963 ერთეული [+46]
  • საარტილერიო სისტემა – 15 586 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 121 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 896 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 362 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 402 ერთეული [+52]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 401 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 21 036 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 2 616 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 630 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 27 955 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 554 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 624 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 381 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 184 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 910 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს ტერიტორიების დაბრუნებაში“ — ზელენსკი

რა ელის სამყაროს, თუ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალება მიეცემა – იუვალ ნოახ ჰარარი 

რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version