საქართველოში ხანდაზმულები მოსახლეობა განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფია, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა, კერძოდ, 65 და მეტი წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის 84%-ის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიაა და ყოველი მე-5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად გარკვეული სოციალური გარანტიებისა, საქართველოში ხანდაზმულთა საკითხების მიმართ თანმიმდევრული და აქტიური სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს – ხანდაზმულთა მიმართ ყურადღება ძირითადად ხანდაზმულობის პენსიის საკითხით შემოიფარგლება.
იაშა გოგაძე 69 წლის პენსიონერია სოფელი მახოდან. იგი ჰყვება, რომ ახალგაზრდობაში რუსეთში, ერთ-ერთ შორეულ ქალაქ ნარილსკში კაფელის ხელოსნად მუშაობდა. ასაკში რომ შევიდა, შინ დაბრუნდა და შრომა შინ გააგრძელა.
„მოხუცებულობაში სახლში უნდა იყო, 2010 წელს წამოვედი, 58 წლისა. მივხვდი, რომ უკვე სახლში ყოფნის დროა. მე ფიზიკურად ვერ ვმუშაობ, ბრონქიალური ასთმა მაქვს და ვტაქსაობ, ტაქსის კომპანიაში გავწევრიანდი, აი, ჩემი მანქანა. ღამ-ღამობით გავდივარ ორ-სამ საათს ვიტაქსავებ, ერთი 20-30 ლარს გავაკეთებ, პური, რაღაცა მომაქვს სახლში… ჩემი პენსია წამლებსაც კი ვერ ჰყოფნის“, – ამბობს იაშა გოგაძე.
იაშა გოგაძე ჰყვება, რომ სახლში ამჟამად ხუთნი ცხოვრობენ – მეუღლე, რძალი და შვილიშვილები, შვილი – შრომით მიგრანტად გერმანიაშია.
„აქ გამომუშავება ნაკლებია, სამუშაოც არ არის. ამან განაპირობა, რომ ხალხმა სადაც ცოტა მეტი ნახა იქ მიდის სამუშაოდ. რა შედარებაა, მკურნალობა იქ უფასოა, საფრანგეთში წავიდა ლტოლვილად ჩემი ამხანაგი, მის ცოლს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მოარჩინა ცოლი უფასოდ და ჩამოვიდა. აქ ვინ მოგარჩენს. რა თქმა უნდა, ევროპაში ცხოვრება უკეთესია, იქ მაღალი ხელფასები აქვთ, აქ მხოლოდ წამლებსაც ვერ სწვდება ჩემი პენსია, მაგას ახსნაც არ უნდა. ამიტომ არის, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ევროკავშირში, რომ გვქონდეს კარგი ცხოვრება – სხვანაირად არ გვექნება“.
„მე მთელი ცხოვრება რუსეთში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რაც არის რუსეთი“, – ამბობს ის. – „რუსეთი თავისთვის რა არის… მაგათგან რაც შეიძლება შორს უნდა დაიკავო თავი, მაგათ უნდათ იმ ძველი [საბჭოთა] კავშირის აღდგენა, რაც იყო. ვინ შევა მაქ?“ – ამბობს იაშა გოგაძე.

იაშა
80 წლის მერი ზაქარაძეც სოფელი მახოს მკვიდრია, ასაკთან ერთად გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად, იგი დღემდე სოფლის ცენტრში, პატარა მაღაზიაში მუშაობს.
„მე დიდი ხანია აქ ვმუშაობ, ადრე ჩაის ვკრეფდი, მერე სკოლაში ვიყავი დამლაგებლად და მერე ეს ავირჩე, ერთი ოცი წელი არის, მეტი თუ არა, მაგრამ როცა შვილიშვილი დამეღუპა, იმის მერე ერთ-ორი წელი არ მიმუშავია. მერე კიდევ თავს ვირთობ და ასე, მძღოლები შემოვლენ, ვინმე მოვა დაჯდება დავილაპარაკებ და დრო გადის“, – ჰყვება ის.
მერის ოთხი შვილი ჰყავს, მათგან ერთი, ათ წელზე მეტია ემიგრაციაშია.
„ჩემი გოგო გათხოვილია, ერთი 10-12 წელია, რაც თურქეთშია, მუშაობს იქ, ორ ქალს უვლის. ბევრი არიან [ემიგრაციაში], ბევრი რაც შეიძლება, ჩაში არიან, ისე მომვლელად არიან და რა ვიცი, არიან ამ სოფლიდან, ბევრს უჭირს“, – ამბობს მერი.
ქალის თქმით, მიუხედავად პენსიონერებისთვის დაწესებული შეღავათებისა, ყველაზე მეტი მაინც წამლებში ეხარჯება:
„მე იმდენ წამალს ვსვამ, პენსია [415 ლარი] სულ მაგაში მიდის, სად მყოფნის ეს ფული. თვე გასული არ არის გახედავ აღარ არის, რა ძვირია წამლები… რძალი მყავს, პარალიჩი [დამბლა] მიიღო, უკვე მეოთხე წელია ასეა… მაგას მუდმივი პენსია არ უნდა ჰქონდეს? რა უფასო [პროგრამა], იმდენი ფული დავხარჯეთ ერთ სახლს ვიყიდდი ბათუმში.
„მანქანა მქონია თურმე ორი, მოვიდნენ შემამოწმეს [სოციალური სააგენტოდან] და არაო, ეს გაჭირვებული არააო, კაი ტელევიზორი აქვსო, ჩემი შვილები მარშუტკის მძღოლები არიან. მძღოლები… და არაფერი. ადგა ქალი და წავიდა… თუ რამე კეთდება ის მითხარი, ბენზინი და სალიარკა რა ღირს“, – ამბობს მერი.

მერი
საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შორის საკმაოდ მაღალია ხანდაზმულთა (60 წლისა და მეტი ასაკის) წილი. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში ხანდაზმულები შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობის 17.6 პროცენტს წარმოადგენენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საარსებო შემწეობას 60 წელს გადაცილებული 78 997 ადამიანი იღებს.
საქართველოში საპენსიო ასაკის 851 395 ადამიანი ცხოვრობს, მათი მნიშვნელოვანი წილი, დაახლოებით 9 პროცენტი საარსებო შემწეობას იღებს.
მერი ამბობს, რომ საქართველოში ხანდაზმულებისთვის ჯანდაცვის სერვისების სიძვირის გარდა, პრობლემურია მათი ხარისხიც: „…აქაური წამლები წამლები არაა, თურქეთიდან მომაქვს.
ხუთი თვის წინ თურქეთში ვიყავი სამკურნალოდ, ჩქარა რომ ვწვებოდი, ვითიშებოდი, იქ გავიგონე ექიმები რომ ხსნიდნენ, აქეთ მხარეს არ არის კარგი [სისხლის] მოძრაობა და სცადეს, რომ ეს შეენარჩუნებინათ. ჯერჯერობით, ცოტა შეღავათი მაქვს. იქამდე ამ პრობლემით ვიწექი ბათუმში – ექიმმა რომ მიმიღო, დღეს რომ ორშაბათია და მიმიღო, გამოწერის დროს მოვიდა. იქამდე პალატაში ვიწექი და თუ არ დაუძახებდი ექიმს, არ მოდიოდნენ, ძალით მომყავდა, რომ მოეხედათ. ეს, რომ ვუთხარი ჩემს გოგოს, მითხრა მე დაგხვდები დედი საზღვარზე ჩამოდი და წაგიყვანო“, – ჰყვება მერი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში, რაც იწვევს მოსახლეობის გაღატაკებას. ჯანდაცვასთან დაკავშირებული ჯიბიდან გადახდები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფინანსურ სიდუხჭირეს.
73 წლისა ლიანა სვანიძე სოფელ მაჭახლისპირში ცხოვრობს, უკეთესი შემოსავლის ძიებაში მისი საახლობლოდანაც ბევრი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის ხანდაზმულებიც.
„ჩემი და და დისშვილია წასული. და თურქეთში იყო, მერე ჩამოვიდა და გოგოსთან წავიდა საბერძნეთში. ჩემზე ერთი წლით დიდია, შეუძლია იმას, მე მჯობია და წასულია გოგოსთან. ჩემი შვილიც იყო და ჩამოვიდა, რძალიც იყო და ჩამოვიდა, მე რომ არ შემიძლია…
რა თქმა უნდა, ადამიანს რომ არ უჭირდეს ემიგრაციაში არ წავა, ვერ წავა. იმიტომ მიდიან, რომ ბევრი გაჭირვებულია, ბევრიც ავადაა“, – ამბობს ის.
ლიანა სვანიძეც თავისი პენსიის ძირითად ნაწილს წამლებზე ხარჯავს. ამბობს, რომ ხანდაზმულებს პენსია წამლების გარდა, ნორმალურ საკვებსა და დასვენებასაც უნდა ჰყოფნიდეს:
„პენსია იმდენი მაქვს წამლებში ძლივს მყოფნის, ევროპაში მე არ ვყოფილვარ, ტელევიზორში ვუსმენ – სხვა ქვეყნებში რომ არის მაღალი პენსიები, ჩვენთან რატომ არ უნდა იყოს? ევროპაში როცა იქნება შეიძლება შევიდეთ, ალბათ ეს ჩვენ არ მოგვესწრება, მაგრამ ახლა სოფელში ვართ და 1000 ლარი რომ გვქონდეს პენსია შეიძლება წამალიც ვიყიდოთ, შეიძლება კარგი რაღაცაც შევჭამოთ და დასასვენებლადაც წავიდეთ. ეს არ უჭირს ჩვენ ქვეყანას“.
ლიანა სვანიძე: „აქ რომ ჩამოდიან [ტურისტებად], ფულს რომ ხარჯავენ, ჩვენები მასე სადმე მიდიან? იშვიათად. ჩვენი ხალხი გაჭირვების გამო თუა წასული“.