მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ ევროპის წინააღმდეგ კამპანია „ტიკტოკში“ გადაიტანა – სამიზნე ახალგაზრდებია |კვლევა

24.07.2024 •
„ოცნებამ“ ევროპის წინააღმდეგ კამპანია „ტიკტოკში“ გადაიტანა – სამიზნე ახალგაზრდებია |კვლევა

„ოპოზიციის საწინააღმდეგო არხებს შორის გამოიკვეთა კოორდინაცია – არხების ნაწილი იდენტურ ვიდეოებს დროის მოკლე მონაკვეთში ავრცელებდა. მსგავსი ტენდენცია ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე თითქმის არ დაფიქსირებულა,“ – აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ [სამართლიანი არჩევნები] აქვეყნებს.

ეს ორგანიზაცია საარჩევნო წელს – 2024 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში – ტიკტოკზე მიმდინარე კამპანიას დააკვირდა. ანგარიშში „პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე“ ხაზგასმულია, რომ 2019 წლის შემდეგ ფეისბუქზე შეზღუდულმა ჯგუფებმა ტიკტოკსა და ტელეგრამზე გადაინაცვლეს, მათ შორის, მაგალითად, ვატო შაქარიშვილთან [თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“] დაკავშირებული გვერდები.

საანგარიშო პერიოდში ტიკტოკზე „სამართლიანი არჩევნები“ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ 17 ანონიმურ არხს დააკვირდა. ჯამში არხებზე 792 ვიდეო გამოქვეყნდა, რომელთაც 8.6 მილიონამდე ნახვა დააგროვეს.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის საწინააღმდეგო არხები ტიკტოკზე ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე ოპოზიციური ლიდერების მხარდამჭერთა გვერდები: „ტიკტოკ არხებზე ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი კამპანია უფრო აქტიური და მასშტაბური იყო, ვიდრე ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე. აღნიშნული ტენდენცია ვრცელდებოდა პარტიების მხარდამჭერ არხებზეც: ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანიის მასშტაბი ოპოზიციისას აღემატებოდა…

ოპოზიციის მადისკრედიტირებელ არხებზე [17] ვიდეოების რაოდენობა [792], დაახლოებით, 2.14- ჯერ აღემატებოდა ხელისუფლების მადისკრედიტირებელ არხებზე [5] გამოქვეყნებული
ვიდეოების [370] რაოდენობას,“ – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

ტიკტოკში ამუშავდა სრულად ჰომოფობიით და ღია კრემლისტური იდეოლოგიით გამორჩეული „კონსერვატიული მოძრაობაც“.

„ტიკტოკის საინფორმაციო ველისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” მხარდამჭერი არხები, რომლებიც მკვეთრად ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და ფეისბუქზე შეზღუდვის შემდეგ, ტიკტოკის პლატფორმას აღნიშნული გზავნილების გასავრცელებლად შეუზღუდავად იყენებენ. დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ „ალტ-ინფოს” კონტენტს, ანონიმურთან ერთად, რეალური პირების ანგარიშებიც აქტიურად ავრცელებენ.

ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკასთან ერთად, გამოიკვეთა ჩინეთის მიმართ პოზიტიური განწყობებიც.

Meta [ყოფილი Facebook, Inc.], რომელიც ფეისბუქისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანიაა, საქართველოში 2019 წლიდან ზღუდავს საკუთარ პლატფორმებზე მავნე აქტორების მიერ შექმნილ კოორდინირებულ არაავთენტურ ქსელებს და ამ მიმართულებით ორგანიზაციებთან, მათ შორის, „სამართლიან არჩევნებთან“ თანამშრომლობს.

ტიკტოკზე საქართველოში მოქმედი კოორდინირებული ქსელების წაშლა და მავნე აქტორების შეზღუდვა ნაკლებად ხდება. ამის გამო ფეისბუქზე შეზღუდულმა ჯგუფებმა სხვა პლატფორმებზე – მათ შორის, ტიკტოკსა და ტელეგრამზე გადაინაცვლეს.

ტიკტოკი მანიპულაციური კამპანიებისთვის კომფორტული პლატფორმაა მისი ალგორითმის გათვალისწინებითაც. ამ პლატფორმაზე შესაძლებელია ნებისმიერი ვიდეოს ვირუსულად გავრცელება, იმის მიუხედავად, როდისაა არხი შექმნილი და რამდენი გამომწერი ჰყავს მას. ამასთან, საქართველოში ტიკტოკ რეკლამები შეზღუდულია, პოლიტიკური რეკლამები კი,  მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც აკრძალული. აღნიშნული ფაქტი თანაბარ პირობებში ამყოფებს დიდი და მცირე აუდიტორიის მქონე არხებს,“ – ვკითხულობთ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

მნიშვნელოვან მიგნებებს შორის გვხდება ის, რომ არხები, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კონტენტს ქმნიან, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ვიდეოებს აქვეყნებენ. „ეს მათი ერთი წყაროდან მართვაზე მიანიშნებს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნების“ საანგარიშო პერიოდში  ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხების მთავარი სამიზნე ლევან ხაბეიშვილი ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე.

„ტიკტოკ არხებზე კოორდინირებულად ვრცელდებოდა ხაბეიშვილის  მიმართ დამცინავი და გამაშარჟებელი ვიდეოები, რომელთა მიზანი პოლიტიკოსის არასერიოზულად და არაკვალიფიციურად წარმოჩენა იყო. ანონიმური გვერდების ნაწილზე ვირუსულად ვრცელდებოდა წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ შექმნილი ვიდეოები. ამასთანავე, წინა ხელისუფლების დისკრედიტაციას არხი სახელწოდებით @political_page მათი რუსულ ინტერესებთან დაკავშირებით ცდილობდა, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი „რუსეთის საქმის მკეთებელ აგენტად“ მოიხსენიებდა.

ანტიოპოზიციური არხების ნაწილი წარსულში ხაზარაძის საბანკო საქმიანობაზე მიუთითებდა და მას მევახშედ მოიხსენიებდა. არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში ხაზარაძის წარსულის გამო მისი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზეც იყო საუბარი.

მეორე მხრივ, ანგარიშები ხელისუფლების ღიად მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ. პოზიტიური კამპანია, უმეტესად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიემართებოდა. არხებზე ვრცელდებოდა ტრენდული ვიდეომონტაჟები [ე.წ. ედითები] კობახიძის შესახებ, სადაც ის ეროვნულ და ეკლესიის დამცველ ლიდერად იყო წარმოჩენილი.

არხები კოორდინირებულად ავრცელებდნენ ოპოზიციის ლიდერების განცხადებების ვიდეოკოლაჟს, სადაც ისინი კობახიძის გონებრივ მონაცემებსა და უნარებზე საუბრობდნენ. მეორე მხრივ, ვრცელდებოდა ვიდეოები, თუ როგორ უპირისპირდებოდა კობახიძე ოპოზიციურ სპექტრს, აღწერით: „ირაკლი კობახიძის მასტერკლასი რადიკალებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

საინტერესოა ხელოვნური ინტელექტის ჩართვა და ციტატების, ვიდეოების გაყალბების შემთხვევებიც:

„არხზე @merabkostava_ გავრცელდა დეზინფორმაციული ვიდეოც. კერძოდ, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალური
მატჩის წინ გავრცელდა ლაზარე გრიგორიადისის გაყალბებული ციტატა: „ჩემ ბერძენ ძმებს წინასწარ ვულოცავ ევროპაზე გასვლას. საბერძნეთის ნაკრები დინამოზე ცეცხლს დაანთებს !!!“. სინამდვილეში აღნიშნული ფრაზა გრიგორიადისს არ უთქვამს და გავრცელებული ვიდეო სრულად დეზინფორმაციულია.

ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხების ნაწილზე დასავლელი ლიდერების დამცინავი კონტენტიც გავრცელდა. მსგავსი ვიდეო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული, არხმა @agenturaa გამოაქვეყნა, რომელშიც გაშარჟებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ 14 არხსაც. 2024 წლის იანვრიდან აპრილამდე ამ არხებზე სულ 439 ვიდეო გამოქვეყნებულა და ნახვების ჯამური რაოდენობა 14 მილიონს აღემატებოდა. ორგანიზაციას გაუჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არხი შესაძლოა საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ქსელის ნაწილი იყოს.

2023 წლის მაისში საქართველოს მთავრობის სტრატკომი ფეისბუქმა არაავთენტურ ქცევაში ამხილა. ამ შემთხვევის შემდეგ რამდენიმე არაავთენტური გვერდი დაიბლოკა.

საქართველოს მთავრობის სტრატკომის ფეისბუქგვერდზე თუ შეიხედავთ, ბოლო ამბავი 2024 წლის იანვარშია გამოქვეყნებული, როცა პრემიერი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილი იყო – ირაკლი კობახიძის პრემიერობის პირობებში სტრატკომები ინფორმაციას საერთოდ აღარ ავრცელებენ. ეს გვერდები რეალურად დეზინფორმაციას და რუსულ პროპაგანდას უნდა ებრძოდნენ, თუმცა სახელისუფლებო უწყებების სტრატკომები ძირითადად კრიტიკული მედიის დისკრედიტაციით იყვნენ დაკავებული.

სტრატკომებმაც ტიკტოკში გადაინაცვლეს? ჩანს, რომ ანტიოპოზიციური, ანტიდასავლური, ანონიმური ტიკტოკ არხების და პროსახელისუფლებო არხების მუშაობა კოორდინირებულია? – „ბათუმელები“ ეკატერინე ჯანიაშვილს ესაუბრა, „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მკვლევარს.

„ანტიოპოზიციური კონტენტის მქონე არხების და ხელისუფლების მხარდამჭერი არხების კონტენტში გარკვეული კოორდინაცია ჩანს…. მაგალითად, ვატო შაქარიშვილის გვერდები, რომელიც პროსახელისუფლებო აქტორია და ახლა საზოგადოებრივი მოძრაობა აქვს დაფუძნებული, ჩვენ დავადგინეთ, რომ მასთან დაკავშირებული გვერდი „არ აგარევინებთ“ ტიკტოკზე მოქმედებს აქტიურად ახლაც.

ეკატერინე ჯანიაშვილი

ანტიოპოზიციურ არხებში პირდაპირ ჩანს ეს კოორდინაცია, გზავნილებში, ვიდეოებში, ასევე ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო, ანონიმური არხები გარკვეულწილად ემთხვევა ერთმანეთს ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მხარდამჭერ გზავნილებში,  მაგალითად, როცა კობახიძემ შეცვალა ღარიბაშვილი, ერთნაირად კეთდებოდა აქცენტი კობახიძის გონებრივ შესაძლებლობებზე, რომ თითქოს ამას ოპოზიცია აღიარებს და ასე შემდეგ,“ – გვიყვება ეკატერინე ჯანიაშვილი, ის კიდევ ერთ ფაქტორზე მიუთითებს, რაც აძლიერებს ეჭვს: „ქართული ოცნების“ ორგანიზებით მუშაობს ანონიმური, ანტიდასავლური არხები ტიკტოკშიც.

მკვლევრის ეს ეჭვი ფინანსურ რესურსს ეყრდნობა, რაც „ქართულ ოცნებას“ მეტი აქვს და ეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ტიკტოკ არხებსაც ეტყობა:

„ანტიოპოზიციურ არხებს მეტი გამომწერი ჰყავს, მეტი ინტერაქციაც აქვთ. ფეისბუქში შეიძლება ეს აიხსნას იმით, რომ ბევრ პოსტს არეკლამებენ და ეს ჩანს. ტიკტოკის შემთხვევაში კი, ყველა აქტორს თანაბარი პირობები აქვს.

თუმცა მმართველ პოლიტიკურ ძალას მეტი რესურსი აქვს, გამიზნული კონტენტი შექმნას: უფრო მეტი რაოდენობით ქმნიან კონტენტს და მეტი ხარისხით, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერი არხები. ეს ხარისხი ეტყობა ვიზუალსაც, ხელოვნური ინტელექტის შექმნილ ვიდეოებსაც იყენებენ და იციან, დიდ აუდიტორიაზე ტექნიკურად როგორ უნდა გავიდნენ.

რაღაც გვერდები იბლოკება ტიკტოკშიც, თუმცა არ ვიცით რატომ. სამწუხაროდ კომუნიკაცია ტიკტოკთან, „მეტასგან“ განსხვავებით, ამ დრომდე ვერ ხერხდება. დაიბლოკა ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდი „პოლიტნაკრძალი“, შესაძლოა, კოორდინირებულად დაარეპორტეს, თუმცა ჩვენი მონაცემების შეგროვების შემდეგ წაიშალა ანტიოპოზიციური ტიკტოკ არხი „აგენტურაც“, – აღნიშნა ეკატერინე ჯანიაშვილმა.

კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ანტიდასავლურ ტიკტოკ არხების მოქმედება კოორდინირებულია, ეს საერთო ჰეშთეგებია:

„ცალკეული არხები ერთსა და იმავე ჰეშთეგს იყენებდნენ, რაც მათ კოორდინაციაზე შეიძლება მიუთითებდეს. მსგავსი ტენდენცია გვხვდებოდა, როგორც ოპოზიციის საწინააღმდეგო, ისე „ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულ არხებზე,“ – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

___

ამ თემაზე:

Facebook-მა არაავთენტურ ქცევაში საქართველოს მთავრობის სტრატკომი ამხილა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: