მთავარი,სიახლეები

„იმას ვნატრობ, არავინ დამჭირდეს გადაადგილებისთვის” – 65 წლის ქალს ელექტროეტლი სჭირდება

26.07.2024 •
„იმას ვნატრობ, არავინ დამჭირდეს გადაადგილებისთვის” – 65 წლის ქალს ელექტროეტლი სჭირდება

„დალხენილად არასდროს მიცხოვრია, არც ბედნიერი ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი ახლანდელი მდგომარეობა ყველაზე სევდიანი გამოდგა, თავს ძალიან უსუსურად ვგრძნობ“, – გვეუბნება ბათუმში მცხოვრები, 65 წლის ნაზი აბულაძე.

უკვე 6 წელია, რაც ნაზი საერთოდ ვერ გადაადგილდება და მთელ დღეს საწოლში ატარებს.

„ამ დასაწვავ დაავადებას რა დავარქვა აღარ ვიცი, წითელი ქარები დამიდგინეს ექიმებმა.

იმას ვნატრობ, რომ არავინ დამჭირდეს გადაადგილებისთვის. ყველაფერში შვილის დახმარება მჭირდება და ამიტომ ვერ მუშაობს. კაპიკი შემოსავალი არ გვაქვს არსაიდან. პენსია მაქვს და ამასაც ქირაში ვიხდით. 24 წელია ნაქირავებში ვცხოვრობთ. მინდა, რომ ჩემი შვილი სახლიდან გავიდეს და ორი კაპიკი იშოვოს.

ჩემმა არსებობამ იქამდეც კი ვერ მიაღწია, რომ წნევის და შაქრის აპარატი ვიყიდო. საავადმყოფოდან რომ მიშვებენ, მეუბნებიან, შაქარი და წნევა ყოველდღე გაიზომეო, მაგრამ რით? ესენი რომ ვიყიდო, პურის ფულიც აღარ გვექნება. წამლები მაქვს გამოწერილი და ვერც წამლებს ვყიდულობ. ძვირი ღირს“, – გვიყვება ქალი.

ნაზი აბულაძე

ნაზის ორი შვილი ჰყავს. ერთი შვილი დაქორწინებულია და დედას მეორე შვილი, ფატი უვლის. ფატის თქმით, გადაადგილების პრობლემა დედას სულ ჰქონდა, რადგან ის თავიდანვე მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო, თუმცა ამ პრობლემამ გამწვავება 2012 წელს დაიწყო.

„2019 წელს ინსულტი მიიღო და მას შემდეგ მიეჯაჭვა ლოგინს“, – გვითხრა ფატიმ, რა დროსაც საუბარში ნაზი ჩაერთო:

„ვეღარ მზიდულობს შვილი. ვერ გადამატრიალა, ვერ გადმომატრიალა… მენატრება ეზო. ყვავილებს ვრგავდი, ვუვლიდი. ზედმეტ ბალახს არსად ვაჭაჭანებდი. ყველაფერი მენატრება. მეზობელთან გადასვლა, ერთი ჭიქა ყავის დალევა. თუ გადაადგილებას შევძლებ, საჭმელსაც გავაკეთებ და თავსაც მოვუვლი.

შარშან ერთი მოთხოვნა მოვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს ეტლი. მომიტანეს. გახარებული ვიყავი, აბანოში ჩემს ჭკუაზე შევალ-მეთქი. შევედი და გამოსვლისას ეტლის სავარძელი ჩავარდა. ისე გავეკვეხე ამ სკამში, მეგონა იატაკიც ჩავარდა-მეთქი. მერე რაღაცნაირად შემომახოხეს აქ [ოთახში].  მეზობლებს დავუძახეთ. ეს მეზობლები რომ არ მყავდეს… მათიც ვცხოვრობ. გინდა კაცი იყოს, გინდა-ქალი. თუ დავარდები, კაცმა უნდა აგაყენოს, ქალები ვერ გზიდავენ.

უხარისხო ეტლი იყო. არ იყო მყარი. წონაც მაღალი მაქვს… აი, ზაფხულია, ხილის სეზონი, მაგრამ ხილი ჯერ არ გვიყიდია. კომუნალურებს ვეღარ გადავიხდით მერე და შუქი და წყალი ხომ გინდა?

ესეც მინდა გთხოვოთ, ახალი მატრასი მჭირდება“, – გვეუბნება ნაზი და ამატებს, რომ ძალიან ერიდება ახალი მატრასის ქონასაც რომ ნატრობს, მაგრამ ძალიან გაცვეთილი და არაკომფორტულია.

ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ეტლი პირველივე დღეს გაფუჭდა, ჩავარდა სავარძელი, მოგვიანებით გატყდა ბორბალი და მოძვრა სხვადასხვა დეტალი, ეტლი ბევრჯერ შეაკეთეს მეზობლების დახმარებით და ბოლომდე სცადეს მისით ესარგებლათ.

ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს მეორედაც მიმართა თხოვნით, რომ ნაზისთვის ეტლი მიეცათ, თუმცა მათ მხოლოდ მსგავსი ეტლის გადაცემა შესთავაზეს. როგორც ნაზი ამბობს, იგივე ეტლის აღებას აზრი არ ექნებოდა, რადგან გამოცდილება აქვს, მისი გამოყენებით თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს და ამასთან, მარტივად ფუჭდება.

ეტლი, რომელიც ნაზის ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა.

როგორც ნაზი გვიყვება, ყველაფერთან ერთად უძილობასაც უჩივის:

„10 საათზე მაწვენენ და გიჟივით მეღვიძება ღამის პირველ საათზე. ძვლები, თავი მიხურდება. წამოვჯდები, ვზივარ და ასე მათენდება. დღე და ღამე არეული მაქვს. ჩემთვის გათენდება – ღამეა, დაღამდება – დღე. ორი წელია, რაც ნორმალურად არ მძინებია. ორი ღამის უძინარი ვარ ახლაც“.

ოჯახი სოციალურ დახმარებას 2018 წლიდან ვეღარ იღებს. ფატი ოთახს გვაჩვენებს და გვიხსნის, რომ წლები ცხოვრობდნენ აქ, მხოლოდ ერთ ოთახში და არ ჰქონდათ აბაზანა-ტუალეტიც.

„გარეთ იყო, ძალიან შორს და დედიკო ვერ სარგებლობდა. მას არც ადრე შეეძლო გადაადგილება, მით უფრო შორ მანძილზე. ბოლო შვიდი წელია, რაც სხვა ოთახებს ვიყენებთ“, – გვეუბნება ნაზი, ფატი კი მიხსნის:

„დიასახლის შევეცოდეთ და ეს ოთახიც დაგვითმო. შემდეგ სოციალურიდან მოვიდნენ და მტკაველებით გაზომეს სახლი, ბოლოს კი გვითხრეს, დიდია და სოციალური დახმარება აღარ გეკუთვნითო. ეს სახლია დიდი? რაც აქ გადმოვედი ფეხი არც ერთ წერტილში დამიდგამს…“

ოთახი, სადაც წლობით ცხოვრობდა ნაზი და ფატი

ფატიმ მათ ამჟამინდელ აბაზანას გვაჩვენებს, რომელიც ნაზის ოთახის გვერდითაა, თუმცა ძალიან ვიწრო კარი აქვს, რაც ნაზისთვის აბაზანით სარგებლობას ყველა შემთხვევაში ართულებს.

აბაზანის კარი ფატის და ნაზის ნაქირავებ სახლში

„დედაჩემს რომ მოვუარო, სულ სახლში მიწევს ყოფნა. დილას ვუცვლი, ვბან, თეთრეულს ვცვლი. აბაზანაში ვერ შემყავს და ტანსაც აქ, საწოლში ვბან. ვერ ვაყენებ მე.

იმისთვის გვჭირდება ელექტროეტლი, რომ დედაჩემის დროებით დატოვება და სამსახურის მოძებნა შევძლო. ახლა ვერსად მივდივარ. ვერ ვტოვებ. 2019 წლიდან ასე ვარ. ფაქტობრივად, ნორმალურად არსად მიმუშავია, არადა გინდა არ გინდა უნდა ვიმუშაო თავი რომ ვირჩინოთ. 8 საათით რომ დავტოვო დედა თავისუფლად, კარგი იქნებოდა. ახლა რამდენიმე საათით გავდივარ და სახლებს ვალაგებ მეზობლად. ბევრი არაფერი, მაგრამ პურის ფულად გვყოფნის და კომუნალურებს ვიხდით.

ადრე ვმუშაობდი და დატოვებული მყავდა დედა. თხილის საკრებად ვიყავი ოზურგეთში, როცა დამირეკეს, ინსულტი მიიღოო. იატაკზე იყო, მეზობლებმა რომ ნახეს. ეს ჩემი ბოლო ხანგრძლივი მუშაობა იყო. ახლა როცა სახლში დავჯექი, ძალიან გაგვიჭირდა“ – გვითხრა ფატიმ.

ფატი, ნაზი აბულაძის შვილი

ფატიმ ნაზის სამედიცინო დასკვნაც გვაჩვენა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ნაზის დიაგნოზი გულის მწვავე, მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა, წითელი ქარი, იშემიური კარდიომიოპათია, ინსულიდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი და სხვა დაავადებებია. ჩამონათვალი ვრცელია.

___________________________________________

ნაზი აბულაძის დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ნაზის შვილის, ფატიმა უნალის ანგარიშზე:
თიბისი ბანკი – GE11TB7909745064300044

გადაბეჭდვის წესი


ასევე: