ზურაბ ბაკურაძე გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს და მუშაობს. ის პროფესიით იურისტია, კონკრეტულად კი კრიმინოლოგი. ამ ეტაპზე კი ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობს ძალადობის პრევენციის კუთხით. ზურას თქმით, „კარგი ცხოვრების გამო არავინ არ ტოვებს სახლს. ზოგი ომს გამოურბის, ზოგი ავადმყოფობას, ზოგი ფინანსურ გაჭირვებას“.
„ყველაზე ბედნიერი კონტინენტი ევროპაა“, – გვითხრა ზურა ბაკურიძემ, როცა მას საქართველოში მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის საფრთხეებზე ვკითხეთ.
- ზურა, თავდაპირველად ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ, რა წყდება ამ არჩევნებით საქართველოსთვის და გერმანიაში მცხოვრებ ემიგრანტები რამდენად შეძლებენ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას?
კი, რა თქმა უნდა, ვაპირებ. ეს გადამწყვეტი არჩევნებია. საქართველო ამ წუთას გასაყარზე დგას. არჩევანი თითქოს მარტივია სიკეთესა და ბოროტებას შორის, ყოფნას და არ ყოფნას შორის, ტერორისტულ რუსეთს და ცივილიზაციას შორის, თუმცა უნდა ვიცოდეთ რა ძალასთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში კრემლთან და ხმებს დასჭირდება დაცვა.
ოპოზიცია აუცილებლად უნდა გავიდეს მოქალაქეებთან უფრო მჭიდრო კონტაქტზე, განსაკუთრებით იმათთან, ვინც კრემლის პროპაგანდის სამიზნეები და მსხვერპლნი არიან. თბილისს მიღმაც არის საქართველო, არის რეგიონები, სადაც აუცილებელია ინფორმაციის პირადად გავრცელება და ამ ხალხის დარწმუნება იმაში, თუ რატომ არის ცვლილება აუცილებელი.
გერმანიაში ძალიან ბევრი ქართველია, მათ შორის ბევრი ლტოლვილი და არალეგალურად შემოსული. სამწუხაროდ, მოთხოვნის და მზადყოფნის მიუხედავად ყველა ქალაქში არ იხსნება საარჩევნო უბანი, მხოლოდ იქ, სადაც საელჩო-საკონსულოებია.
ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქ მიწის დატოვების უფლება არ აქვს, ზოგს პასპორტი აქვს ჩაბარებული, ზოგს ნდობა აქვს გამქრალი და არ უნდა საელჩოში მისვლა, არ უნდა რომ დაფიქსირდეს, ამას ემატება გადაადგილების ხარჯებიც, ზოგი უბრალოდ მუშაობს იმ დღეს და ვერ მიდის სხვა ქალაქში ხმის მისაცემად, ბევრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ გადაადგილდება შორ გზაზე. შესაბამისად, ეს ხალხი ვეღარ ახერხებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ასეთ დროს კი ძალიან მარტივად იკარგება ძალიან საჭირო ხმები.
იმედი მაქვს, ქართველი ხალხი გადამწყვეტ მომენტში, როგორც გვჩვევია, გაერთიანდება, სწორ არჩევანს გააკეთებს და ხმებსაც დაიცავს. გვჯეროდეს საქართველო და გამარჯვება ჩვენს მეგობარ უკრაინას.
- თქვენ უკვე საკმაო ხანია გერმანიაში ცხოვრობთ, რა არის თქვენთვის ევროკავშირი, რას შეცვლის ის უკეთესობისკენ საქართველოსთვის, რაში სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირი?
პირველ რიგში თავისუფლება და დაცულობა. ამ ორს მოაქვს სხვა დანარჩენი სიკეთე, იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური, რაც აუცილებელია განვითარებისთვის. ნამდვილი მშვიდობაც იქაა, სადაცა თავისუფლებაა.
ევროკავშირის მთავარი ღირებულებაა ადამიანი. არის კრემლის პროპაგანდა, თითქოს ევროკავშირი გარყვნილია, მტერია etc. სინამდვილეში პირიქითაა. ევროკავშირის დევიზია „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ (in varietate concordia) და ამ მრავალფეროვნებას ყველა პატივს სცემს, ყველა ინარჩუნებს თავის იდენტობას, რწმენას და ტრადიციას.
შოთა რუსთაველიც ხომ დასაწყისშივე ამბობს – „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა“. ამიტომ ჩვენც ამ მრავალფეროვნების ნაწილი ვართ უბრალოდ, როგორც მერაბ კოსტავა წერს – „რუსეთმა მოგვწყვიტა და დაგვაშორა ერთმორწმუნე ევროპას“.
გლობუსს რომ გადავხედოთ, ყველაზე ბედნიერი კონტინენტი ევროპაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები. უნაკლო, რა თქმა უნდა, არაფერია. უბრალოდ, არსებულს შორის საუკეთესოა, სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის აქეთ – უკეთესი მომავლის ან, უბრალოდ, გადარჩენისთვის.
დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ოფიციალურად შეჩერებულია. თუმცა, ეს პროცესი განახლდება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში და ჩვენც ჩვენი ევროპული, კიდევ უფრო უნიკალური ქართული კულტურით და საზოგადოებით უკეთესს გავხდით ევროკავშირს.
ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში მხოლოდ ქართველ გულშემატკივრებს ჰქონდათ თან ევროკავშირის დროშები საქართველოს დროშებთან ერთად.
ევროკავშირის შექმნის იდეა ქართველ იურისტს მიხეილ მუსხელიშვილის, იგივე მიშელ მუსხელს ეკუთვნის, მანვე შექმნა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტი.
საქართველოს არასდროს გაუწყვეტია თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა და არც უნდა გაწყდეს მიზნის მიღწევამდე. სამწუხაროდ, ამის განადგურებას და წართმევას ცდილობს რუსული იმპერიალიზმი, რათა დავრჩეთ მარტოები მის წინაშე, მეგობრების გარეშე. მერე გაუადვილდება ჩვენი სრული ოკუპაცია.
- თქვენი დაკვირვებით, რუსული კანონის მიღებამ როგორ შეცვალა გერმანია-საქართველოს ურთიერთობები?
გერმანია ჩვენი დიდი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც მუდამ მხარში გვიდგას. მას უამრავი პროექტი აქვს საქართველოში განხორციელებული განათლების, კულტურის ჯანდაცვის, თავდაცვის განვითარებისთვის. ის ევროკავშირში წამყვანი ქვეყანაა.
ასეთი ურთიერთობის და პარტნიორობის შემდეგ, არ შეიძლება მათ უძახო მტერი, აგენტი და დააბრალო თითქოს ომში გვითრევენ.
რუსული კანონის შემთხვევაშიც, ვიტყოდი, რომ ეს უფრო რუსული უკანონობაა. ის მიიღეს ბევრი თხოვნისა თუ პროტესტის მიუხედავად. როცა ადგახარ კრემლის და კადიროვის ჩეჩნეთის გზას, რა თქმა უნდა, ნორმალურ ქვეყანას აღარ უნდა შენთან ურთიერთობის გაგრძელება.
ევროპის ქვეყნებში გასაგებადაა გამიჯნული საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი. მათ იციან, რა უნდა ქართველ ხალხს და რა უნდა ასე ვიტყოდი, დე ფაქტო მთავრობას. ეს კარგად გამოჩნდა ამ საპროტესტო აქციებზე რუსული უკანონობის წინააღმდეგ. მთავრობა, რომელიც არ გამოხატავს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, (რაც კონსტიტუციითაა გამყარებული, კერძოდ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება) და გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ის არ არის მთავრობა. ყველა ხედავს ევროპაში ამას.
ნამდვილად არ დარჩენილა ევროპაში ჩვენი პარტნიორი, რომელსაც არ უთქვამს, რომ ეს კანონი/უკანონობა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. საქართველოს დე ფაქტო მთავრობამ დაკარგა პარტნიორობის და მეგობრობის ნდობა. მეგობრობა კი ნდობის გარეშე არ არსებობს.
გერმანიასთან გაჩერებული ურთიერთობებიც აღდგება საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
- გვითხარით თქვენზეც, საკმაო ხანია ცხოვრობთ გერმანიაში, საქართველოშიც სწავლობდი და აქაც, რა ტიპის განსხვავებებს ხედავ?ოდესღაც აქ თქვენც უცხოელი, ჩამოსული იყავით. რა გზა გაიარეთ იქამდე, სადაც ახლა საქმიანობთ?
პროფესიით იურისტი ვარ. იურისპრუდენცია ვისწავლე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, გერმანიაში ჰანოვერის უნივერსიტეტში და საფრანგეთში რუანის უნივერსიტეტში. ვმუშაობ არასრულწლოვნებში და მოზარდებში ძალადობის მიზეზებზე და პრევენციაზე, ვარ ორგანიზაცია European Home Care-ის ლტოლვილთა თავშესაფრის ხელმძღვანელი.
საერთო ჯამში, 14 წელია, რაც გერმანიაში ვცხოვრობ.
2005 წლამდე, სანამ საქართველო ბოლონიის პროცესს მიუერთდებოდა და განათლების სფეროში საჭირო რეფორმები გატარდებოდა, 90-იანი წლების ბნელი ინერცია იყო ქვეყანაში და ეს განათლების სფეროსაც ეხებოდა. თუმცა თბილისში უკვე მაგისტრატურის პერიოდში (2006-2008) აშკარად დავინახე სასწავლო პროცესის პროგრესი და ბევრი რამეც გავიგე და ვისწავლე.
მთავარი და ძირეული განსხვავება მაინც ის იყო, რომ აქ, გერმანიაში პირველივე ლექციაზე, ევროპის სამართალში, პროფესორმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო ლექცია და სტუდენტებს გვითხრა: „არაფერზე გაცვალოთ თავისუფლება, თორემ დაკარგავთ თავისუფლებასაც და იმასაც, რაზეც გაცვალეთ ის“ და შემდეგ გადავიდა საგანზე.
მაშინ ასე ლექციას საქართველოში არავინ იწყებდა. დღეს თუ ვინმე დაიწყებს, კარგი იქნება და საჭიროა.
დღეს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი რეალურად სწავლების ხარისხშია. სტუდენტების ცხოვრება უნივერსიტეტს გარეთ და შიგნით გერმანიასა და საქართველოში ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, გამორიცხულია ეს სწავლის ხარისხზე არ აისახოს.
საქართველოში სტუდენტებს მუდმივ რეჟიმში უწევთ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, აქაც უწევთ, მაგრამ საქართველოში საბაზისო უფლებებზეა საუბარი, აქ კიდევ უკვე არსებული უფლებების გაუმჯობესებაზე.






