მთავარი,სიახლეები

პროკურატურამ დაიწყო ჩვენი დამკვირვებლების დაბარება – „ნაციონალური მოძრაობა“

30.10.2024
პროკურატურამ დაიწყო ჩვენი დამკვირვებლების დაბარება – „ნაციონალური მოძრაობა“

დღეს, 30 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურატურამ მათი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, დაკითხვაზე დაიბარა.

მისი თქმით, პროკურატურაში დაბარებულ დამკვირვებლებს საჩივრები დაწერილი აქვთ მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებზე.

„პროკურატურამ დაიწყო ჩვენი წარმომადგენლების დაბარება, რომლებიც საარჩევნო დარღვევებზე წერდნენ საჩივრებს და ცდილობდნენ არჩევნების გაყალბებისთვის ხელი შეეშალათ. პროკურატურა ცდილობს, აღნიშნული პირებისგან ამოიღოს სასურველი ჩვენება სამართლებრივი მტკიცებულებების საპირწონედ.

ხელისუფლება აგონიაშია, ელოდება მასიურ პროტესტს და სწორედ ამ პროტესტის ჩახშობას ემსახურება მსგავსი ქმედებები“ – ამბობს ლევან ანთაძე.

მისი თქმით, პარტია არ მიატოვებს თანამებრძოლებს და უზრუნველყოფენ მათ სამართლებრივ დაცვას.

„მივმართავთ საიას და სხვა ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენი დამკვირვებლები იძახებდნენ პატრულს, 112-ში ბევრი ზარი იყო, თუმცა არ ყოფილა რეაგირება მათი მხრიდან.

ჩვენი ინსტრუქცია არის ამ ადამიანების მიმართ, რომ ჩვენება არ მისცენ ივანიშვილის პროკურატურას და მაგისტრ მოსამართლესთან მისცენ ჩვენება.

მთავარი პრინციპია დარღვეული ამ არჩევნებზე – ეს არის ფარულობის პრინციპი. დღეს ვნახეთ, რომ პრეზიდენტის ბიულეტენზეც კი ჩანს, ვის მისცა მან ხმა. ფარულობა არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ არ ვილაპარაკოთ ისეთ დარღვევებზე, როგორიც იყო ზეწოლა კრიმინალებისა და პარტიული კოორდინატორების მხრიდან ამომრჩეველზე.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა მოითხოვეს არჩევნების ტოტალურად გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება. ხელისუფლების ქმედება ამ საკითხზე კი ჰგავს იმას, როცა დამნაშავე იძიებს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

ივანიშვილს და მის პარტნიორებს მოსკოვში გვინდა ვუთხრათ, რომ ქართველი ერის ნება ურყევია და ამ ნებას აუცილებლად აღვასრულებთ“ – ამბობს ლევან ანთაძე.

საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებსაც არ ცნობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები , საქართველოს პრეზიდენტი და საზოგადოების ნაწილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: