დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების ფაქტები აჩვენა ჟურნალისტებს.
„ეს არის ის კადრები, რომლებსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები.
თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ვიცოდი, რომ პირიქით იყო. საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება.
არ გამიგია, რომ პრეზიდენტს მოსთხოვოს საგამოძიებო ორგანომ მტკიცებულებები. აქ რომ მოვდიოდი, მოვისმინე ჟოზეფ ბორელისგან (დარღვევებზე), მე მგონი მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, რადგან როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულება გააჩნია მასაც.
პროკურატურა კიდეც უფრო უცნაურია, რადგან ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს. თურმე ცესკო შეურაცხყოფილია, რადგან მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. დისკრედიტაცია რატომ არის არ ვიცი, რადგან ეს არის ფაქტები და სწორედ მოქალაქეები არიან ჩართული ამ მტკიცებულებების მოგროვებაში. ასევე, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები და უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე.
ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევების და გაყალბების დადასტურებას, რომლის გამოძიება ევალება პროკურატურას ან საერთაშორისო გამოძიებას“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ხალხისა და დამკვირვებლების მიერ შეგროვებულ მასალას, როგორც ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა. ის ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა მასშტაბურ და მრავალფეროვან გაყალბებას.
„ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, გადამრავლება, კარუსელის დატრიალება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლახან საიამ აღმოაჩინა, ეს არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტრონული სისტემის და იმ ფარატინა ფურცლების გამო.
ამაზე საიას არჩევნებადე ჰქონდა შეტანილი ცესკოში განცხადება და ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, მაგრამ არ გააკეთა.“- ამბობს ზურაბიშვილი.
ის ასევე შეეხო ემიგრანტების საკითხსაც და განაცხადა, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად წაართვეს ხმის უფლება, ამ დროს კი მილიონზე მეტი ამომრჩეველი გვყავს ემიგრაციაში.
„თქვენგან ითხოვს ხალხი მყისიერ გამოძიებას და არა ჩემგან მტკიცებულებებს და არავინ ელოდება, რომ ამ სიტუაციაში პროკურატურამ პრეზიდენტის მიმართ უნდა დაიწყოს პოლიტიკური პროცესები, რომელიც უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს.
ცესკოში ამ დროისთვის შეტანილია 1100-ზე მეტი საჩივარი და საჩივრები, რომლებიც 400 ათასამდე ხმის გაბათილებას შეეხება. ასევე, 2 263 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნაც არის, ამიტომ პროკურატურას ვურჩევ, რომ შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შეეშვას. პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.
ამავე დროს მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ არჩევნების შედეგების შედეგად გაჩენილ ფლუსტრაციას დაემატოს რაღაც დაძაბულობა, შიშები თუნდაც ჩემი მისამართით, რადგან ბევრი გზავნილი მივიღე – „ნუ გეშინიათ“. არ მეშინია და თქვენც ნუ გეშინიათ. ყველაფერი კარგად იქნება, წყნარად. უნდა დადგეს ამ არჩევნების რეალური შედეგები“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





