გუშინ, 4 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პრეზენტაციისას წარმოადგინა საქართველოს რუკა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები სათანადოდ არ აღიქმებოდა.
პაპუაშვილის პრეზენტაციას კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, რის შემდეგაც „ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პაპუაშვილის პრეზენტაციაზე „რუკის ფერები კარგად არ აღიქმებოდა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 3431 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის შექმნა, ან მისი ბეჭდური გამოცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წელს შესული ეს ცვლილება, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აწერს ხელს, ასეა ჩამოყალიბებული: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნების დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, რეალიზება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“.
შალვა პაპუაშვილმა დღეს, 5 ნოემბერსაც წარადგინა საქართველოს რუკა, თუმცა ამჯერად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მასზე უფრო მკვეთრ, შავ ფერებშია წარმოდგენილი.