„სრული იზოლაცია დასავლეთისგან,“ – ასე უპასუხა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ კითხვას, რა მოხდება, თუ დასავლეთი საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ვახტანგ ხმალაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს მმართველი კოალიციის დეპუტატი იყო.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- თქვენი აზრით, რა შანსია, რომ დასავლურმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად მიიჩნიონ?
ბოლო დღეების განმავლობაში არჩევნების დღის დარღვევებზე არაერთი მტკიცებულება გამოჩნდა და შესაძლოა ამ დარღვევებმა არსებითი გავლენა მოახდინეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. არაფერს ვამბობ იმ დარღვევებზე, რომელიც იყო არჩევნების დღემდე. მხედველობაში მაქვს მოსყიდვები, დაშინებები, პირადობის მოწმობების ჩამორთმევები, პირადი ნომრების შეგროვება, საჯარო მოხელეებს ავალდებულებდნენ თავიანთი ოჯახის წევრების პირადი ნომრები გადაეცათ „ქართული ოცნებისთვის“.
ერთ-ერთი მძიმე დარღვევა, რომელიც არჩევნების დღეს მოხდა, იყო არჩევნების ფარულობის დარღვევა. ისე ხდებოდა ელექტრონული აპარატებით ხმის მიცემა, რომ გარანტირებული არ აღმოჩნდა არჩევნების ფარულობის დაცვა, რაც კონსტიტუციური ვალდებულებაა.
არჩევნების დღეს გამოჩნდა ის, რომ დამკვირვებლებს ძალიან ბევრგან არ ეძლეოდათ საშუალება დაჰკვირვებოდნენ არჩევნების დროს ამომრჩევლის იდენტიფიკაციის პროცედურას. დაჰკვირვებოდნენ იმას, ამომრჩევლის რეგისტრაციისას პირადობის მოწმობისას აღნიშნული ფოტოსურათი შეესაბამებოდა თუ არა იმ ამომრჩეველს, ვისი პირადობის მოწმობაც წარადგინეს.
აღმოჩნდა საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოში ერთი მოსამართლე, რომელმაც ბათილად ცნო არჩევნები 30 საარჩევნო უბანზე იმ მოტივით, რომ არ იყო გარანტირებული ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობის დაცვა.
ყოველივე ეს ძალიან მაღალი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან არ იქნება აღიარებული არჩევნების შედეგები.
- ეს რას გამოიწვევს?
პირველ რიგში გამოიწვევს საქართველოს იზოლაციას დემოკრატიული სახელმწიფოებისაგან. რეალურად საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის შეწყვეტას ამ სახელმწიფოების მხრიდან.
ალბათ დიპლომატიური წარმომადგენლობები და საელჩოები დარჩება ქვეყანაში, მაგრამ ხელისუფლებასთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა უკვე დემოკრატიულ სახელმწიფოებს არ ექნებათ. ასევე შეწყდება ყველანაირი ფინანსური დახმარება ამ სახელმწიფოების მხრიდან.
აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ დახმარების დიდ ნაწილს იღებდა უშუალოდ ხელისუფლება, რომელიც სხვადასხვა პროგრამის შესასრულებლად იყენებდა ამ დაფინანსებას. მხოლოდ რაღაც ნაწილი მიდიოდა სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად. ეს ნაწილი ალბათ დარჩება, მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლების ფინანსურ დახმარებას, ეს უკვე აღარ იქნება. შესაბამისად, შეწყდება ისეთი პროექტები, რომელიც დასავლეთის დაფინანსებით კეთდებოდა.
- მაშინ რა ალტერნატივა რჩება საქართველოს?
რჩება ერთადერთი საშუალება, რომ ჰქონდეს ურთიერთობა ისეთი ტიპის სახელმწიფოებთან, როგორიც გახლავთ რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა, ჩინეთი, ანუ ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ მიიჩნევიან დემოკრატიულ სახელმწიფოებად.
ეს საქართველოს განვითარებას მკვეთრად შეუშლის ხელს. გაიზრდება საქართველოდან ემიგრაციის ტალღა. ემიგრაციაში სწორედ ის ადამიანები მიდიან, ვისაც აქვს საკმარისი ცოდნა და უნარები იმისათვის, რომ საქმე აკეთოს საზღვარგარეთის დემოკრატიულ ქვეყნებში.
საქართველოში შემცირდება საქმის კეთების მცოდნე ადამიანთა რაოდენობა, რაც ასევე მკვეთრად გააუარესებს საქართველოს განვითარების შესაძლებლობას. მათ შორის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. ალბათ ამას მოჰყვება ლარის დევალვაცია და ყველაფერი ეს აისახება საქართველოში მყოფი თითოეული პირის ცხოვრების ხარისხზე.
- თქვენი მოსაზრებით, რამდენად აქვს ფასი „ქართული ოცნებისთვის“ დასავლეთის მხრიდან აღიარებას? ზოგი ექსპერტი თვლის, რომ მხოლოდ სანქციები მოქმედებს „ოცნებაზე“ და არაფერი სხვა.
სანქციები მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება „ქართული ოცნების“ წევრებზე, პირველ რიგში მათზე, რომლებსაც უკავიათ მაღალი თანამდებობები. ვფიქრობ, ეს მათ სერიოზულად დააზარალებს.
კითხვა ასე უნდა დავსვათ – რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” დაკარგავს ხელისუფლებას. რა ზიანი შეიძლება მათ მიიღონ გარდა პოლიტიკურისა, რომ დაკარგეს ხელისუფლება?
თუ გავითვალისწინებთ კორუფციის და სწორედ ელიტური კორუფციის მაღალ დონეს სახელისუფლებო სტრუქტურებში, ამ სტრუქტურების თანამდებობის პირთა და მათთან დაახლოებულ სხვა პირთა სასარგებლოდ, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ასევე არც თუ მცირეა იმის ალბათობა, რომ დაიწყოს ასეთი კორუფციული შემთხვევების გამოძიება.
კორუფციის დადასტურების შემთხვევაში ძალიან მაღალია სანქციების ხარისხი. სანქციები შეეხება როგორც უკანონოდ მოპოვებული ქონების ჩამორთმევას, ასევე დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთასაც.
ძალიან რთული იქნება ამ კორუფციის შემთხვევების დამტკიცება, მაგრამ შეუძლებელი არ არის.
- ფიქრობთ, რომ დასავლეთის მხრიდან არჩევნების არ აღიარებაზე მეტი დანაკარგი „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების დაკარგვა იქნება?
მე არ ვიცი რა არჩევანს გააკეთებენ. ერთი რამ გავითვალისწინოთ, საერთაშორისო სანქციები გავრცელდება არამხოლოდ ამ პირებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც. აქ დაუდგებათ პრობლემა, როგორც საზღვარგარეთ ვიზიტების, ასევე თავიანთი შვილების დემოკრატიულ ქვეყნებში სასწავლებლად გაშვების. რადგან ბევრი მათგანის შვილი სწავლობს სწორედ ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში. სანქციების შემთხვევაში მათ გამოაძევებენ იმ ქვეყნებიდან.
ყოველ შემთხვევაში ამის ალბათობა არის, რომ სანქციებმა ასეთი სახე მიიღოს.
მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევთ მათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს სანქციები მათთვის, ვინც არ იყო შესული კორუფციულ გარიგებებში, მაგრამ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“.
ასეთ პირებს არჩევანის გაკეთების საშუალებაც კი არ ექნებათ.
რაც შეეხება ზოგადად ზიანს – ზიანი მოგადგებათ თქვენც, მეც და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც საქმიანი ვიზიტები სურს ევროპაში ან აშშ-ში, კულტურული ვიზიტი ან უბრალოდ მოგზაურობა. მათ მოუწევთ ისევ მრავალსაათიან რიგში დგომა საკონსულოებში ვიზის მისაღებად. თანაც არავითარი გარანტია არ ექნებათ იმისა, რომ ისინი ამ ვიზას მიიღებენ.
პრობლემა შეექმნებათ ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც მუშაობს, ევროპაში, აშშ-ში ან ბრიტანეთში. მუშაობენ და ამით ინახავენ თავიანთ ოჯახებს. ეს მარტო ოჯახისთვის დახმარებაც არ გამოდის, რასაც ისინი აკეთებენ. ეს არის ფაქტობრივი 2-3 მილიარდიანი ინვესტიცია ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკაში. თავისი ახლობლებისთვის გადმოგზავნილი ფულით, ეს ახლობლები აქ ყიდულობენ სურსათს, ტანსაცმელს, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, ზოგი ახერხებს იმასაც, რომ დაიწყოს ეკონომიკური საქმიანობა. ყველაფერ ამასაც შეექმნება პრობლემები. თვით ემიგრანტების ყოფნასაც შეიძლება შეექმნას პრობლემები იმ სახელმწიფოებში, სადაც არიან.
ასე რომ დარტყმა იქნება ძალიან მძიმე.
- ოპოზიცია ითხოვს ხელახალ არჩევნებს, ასევე უკვე ჩატარებული არჩევნების გამოძიებას. არ ჩანს იმის არანაირი ნიშანი, რომ ამას დასთანხმდება „ქართული ოცნება“. გაცხადებულად ამბობს ოპოზიცია, რომ არ შევა პარლამენტში და არ მისცემს ლეგიტიმაციას. სად არის ასეთ დროს გამოსავალი?
გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები. სხვა გამოსავალი არ არის. თუ ოპოზიცია უარს იტყვის მანდატებზე, პარლამენტში არ შევლენ, გააუქმებენ პარტიულ სიებს, ამის შედეგად ჩვენ გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი.
მართალია, მას არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელსაც სჭირდება ხმების 3/5 ან 2/3, მაგრამ ყველაფერ დანარჩენ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
პარლამენტის ასეთი სტრუქტურა იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა საქართველო მოაქციონ იზოლაციაში.
- თუ იზოლაციაში იქნება ქვეყანა, ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება და ეკონომიკური კრიზისი იქნება ქვეყანაში, ეს შეეხება როგორც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, ისე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ რიგგარეშე არჩევნები შეიძლება შედიოდეს თავად მმართველი პარტიის ამომრჩევლის ინტერესში?
გონივრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც უნდა უნდოდეს ის, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს იზოლაციაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დიდი ხნით აღმოჩნდება ჩაკეტილი და ამ კარის ჩაკეტვა ასევე იმოქმედებს თითოეული ჩვენგანის მდგომარეობაზე. როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ასევე იმოქმედებს ჩვენს ჯიბეზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ გონივრული გადაწყვეტილება უნდა იყოს ხელახალი არჩევნები.
ხელახალი არჩევნები, რიგგარეშე არჩევნები, გამოიყენება ხოლმე პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. უფრო მეტსაც გეტყვით: არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მმართველი პარტია ამა თუ იმ სახელმწიფოში ატყობს, რომ ეცემა მისი რეიტინგი და თავადვე იწვევს რიგგარეშე არჩევნებს იმისათვის, რომ მიიღოს ლეგიტიმაცია თავისივე ამომრჩევლებისგან.
ხელახალი არჩევნები ეს არ არის გაუგონარი რამ. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უაღრესად სერიოზული და საკმარისად დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ შეესაბამება ამომრჩეველთა განწყობას, ანუ ოფიციალური შედეგები არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, ყველა ეჭვის გასაფანტავად და ლეგიტიმაციის მისაღებად, უნდა გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები.
არჩევნები უნდა ჩატარდეს იმგვარად, რომ აღმოიფხვრას ის დარღვევები, რომელთა გამოც დადგა ეჭვქვეშ არჩევნების კანონიერების საკითხი.
აი, ეს არის გონივრული გამოსავალი.






