მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რისი იმედი (არ) აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში – „ან ადამიანის უფლებები უნდა დავარღვიოთ, ან კანონი“

01.11.2024 •
რისი იმედი (არ) აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში – „ან ადამიანის უფლებები უნდა დავარღვიოთ, ან კანონი“

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დასაწყისში დაამტკიცა „საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია“, რომელზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ ფრანგი ექსპერტებიც. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ჯანმოს მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს, ცხოვრების მანძილზე, სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობა უვითარდება. ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დიაგნოზები დეპრესიული (10.4%) და შფოთვითი აშლილობებია (7.9%).

სტრატეგიაზე მუშაობის პერიოდში კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 5%-ს აღენიშნება ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომელიც შესამჩნევია ოჯახის წევრების, ახლო მეგობრებისა და კოლეგებისათვის და მათ საქმიანობაზე ახდენს გავლენას.

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ნაკლებობა ფსიქიკურ ჯანმრთელობის სისტემაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები, დეინსტიტუციონალიზაციისა და სათემო სერვისების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ექსკლუზიურ ვერტიკალურ პროგრამებთან დაკავშირებული სირთულეები, ადამიანური რესურსების სიმცირე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის ადმინისტრირების, რეგულირების, მართვისა და კონტროლის ნაკლებობა, და ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მწირი ფინანსური რესურსები.

იმაზე, თუ როგორ წარიმართა პროცესები რა (არ) გაკეთდა ამ წლების განმავლობაში, გვესაუბრა ოლგა კალინა. ის 2014 წლიდან ევროპული ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილებთა ქსელის (ENUSP) თავმჯდომარეა და შშმ ქალთა ორგანიზაციის – „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისათვის“ (PNO) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ოლგა ასევე იყო ჩართული საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის მომზადების პროცესშიც.

„თავად სტრატეგიის არსებობა პოზიტიური ფაქტია. ამ სტრატეგიაზე მეც ვმუშაობდი, ასევე ჩემი კოლეგები, ფსიქიატრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის – „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”.

დოკუმენტში შევიდა ბევრი კარგი და საჭირო ამოცანა.

საწყის ეტაპზე Expertise France-ს გუნდმა გააკეთა მოსახლეობის საჭიროებების კვლევა. მიღებული შედეგები დიდად არ განსხვავდება ევროპის ქვეყნების მონაცემებისგან, თუმცა ჩვენთან მიმართვიანობა არის ბევრად დაბალი, განსაკუთრებით ოჯახის ექიმთან.

ჯანდაცვის პირველ რგოლშივე გამოჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრაციის სისტემური ხარვეზი, ეს ვლინდება იმაშიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

იმის გამო, რომ სახელმწიფო ეფექტურად არ მუშაობს არსებული სტიგმის შემცირებაზე, მოსახლეობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს, ძირითადად, მიმართავს არა ფსიქიატრს, არამედ ნევროლოგს. შესაბამისად, ისინი ვერ იღებენ სპეციალიზებულ მომსახურებას.

იმისთვის, რომ სტრატეგია იყოს ქმედითი, უნდა არსებობდეს მონიტორინგისა და რეპორტინგის გამართული სისტემა. ეს პუნქტები თავად სტრატეგიაში არის გაწერილი, თუმცა ამჟამად მონიტორინგი არ მიმდინარეობს“ – ამბობს ოლგა კალინა.

იგი აღნიშნავს, რომ სტრატეგიის მიღმა მოხდა ისეთი ფაქტები, რაც არ იყო შეთანხმებული თემთან. მაგალითად, ცვლილებების მცდელობა 15 კანონში, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის კონფიდენციალურ ინფორმაციას სხვადასხვა სამინისტროებისთვის, მათ შორის შსს-თვის.

„ეს ნაბიჯი აღრმავებს სტიგმას და ამცირებს მიმართვიანობას. ადამიანები ირჩევენ ან სერვისის კერძოდ მიღებას ან ფინანსების არქონის გამო, საერთოდ უარის თქმა უწევთ სერვისზე. ამის გარდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ქონამ შეიძლება სხვადასხვა სტრუქტურებს მისცეს შანტაჟის შესაძლებლობა.

სტრატეგიაში წერია, რომ ის შეიქმნა ევროპულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოში. იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც არ ხორციელდებოდა სტრატეგიით გათვალისწინებული ნაბიჯები, ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი საფრთხის ქვეშაა, ალბათ, უფრო ნაკლებად განვითარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში დონორული დაფინანსებით მოსახლეობას სთავაზობენ სხვადასხვა სერვისებს, განსაკუთრებით მათ ვისაც ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებათ, ასევე ძალადობის მსხვერპლებს, უმცირესობებს…

ჩვენი ორგანიზაციაც მუშაობს ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე პირებზე და ჩვენ თავადაც ვართ ამ პირთა ორგანიზაცია.

რუსული კანონის ფარგლებში ჩვენ ჩავითვლებით აგენტებად.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენივე ხელით უნდა გამოვაქვეყნოთ კონფიდენციალური მონაცემები. ვართ იმ რთული დილემის წინაშე, რომ გავასაჯაროოთ კონტრაქტები, ხელშეკრულებები. ადამიანის აგენტად მონიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს მისი რეპუტაციის დაზიანება და დარგის პროფესიონალები თავს შეიკავებენ ჩვენთან თანამშრომლობისგან”.

ოლგა კალინა

„გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. გვიწევს დავარღვიოთ ან ადამიანის უფლებები ან კანონი.

ჩვენი ორგანიზაცია წლებია ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში იყო კარგი, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, დავიცვათ ადამიანის უფლებები, გაუგებარია, ამის გამო რატომ უნდა ვატაროთ უცხოური გავლენის აგენტის იარლიყი?“ – ამბობს ოლგა.

შორენა გორგილაძე აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის დედაა. მისი შვილი ქალაქ ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებულ პროგრამაშია ჩართული და იღებს ფსიქოლოგის სერვისს ერთ-ერთ ბავშვთა განვითარების ცენტრში. შორენა გვიყვება, რომ მის შვილს სკოლაში 2 საათით გამოყოფილი ჰყავს ასისტენტი, 2-2 საათით კი სპეცმასწავლებელი და ფსიქოლოგი, რაც მიღებულ ნორმაზე ბევრად ნაკლებია. მოსწავლეს ასისტენტის სერვისი მთელი სასწავლო დღის განმავლობაში სჭირდება.

„სამწუხაროდ, 18 წლის რომ გახდება ჩემი შვილი, ალბათ, მოუწევს სახლში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნიჭიერია, ამჟამად არანაირი პერსპექტივა ამ მხრივ არ ჩანს. მხოლოდ ფსიქოლოგი არანაირად არ არის საკმარისი.

ბათუმში გვყავს ორი ოკუპაციური თერაპევტი, რაც საერთოდ არ არის საკმარისი არსებულ მოთხოვნასთან შედარებით. ჩემს შვილს სჭირდება ოკუპაციური თერაპევტი, მაგრამ გრძელი რიგის და ფასების გამო სერვისს ვერ ვიღებთ. დროულად ამ ტიპის ჩარევა ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ზრდასრულობაში დამოუკიდებლად შეძლონ პრობლემებთან გამკლავება”.

შორენა გორგილაძე

შორენა ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლებისთვის არ აქვს მხარდაჭერის პროგრამა, იმ ცოდნასა და გამოცდილებას კი, რაც არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად სჭირდებათ, უშუალოდ ფსიქოლოგებისგან იღებენ, მათი კეთილი ნების ხარჯზე.

„ჩვენი ფსიქოლოგები ვითარდებიან და სწავლობენ ევროპულ მაგალითებზე, ნამდვილად სულის ჩაკვლა იქნება, თუ შეგვეზღუდება ევროპიდან განათლების, ინფორმაციის მიღება“ – ამბობს შორენა.

ნინო დოლიძე ბათუმში ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ დირექტორია, ამასთან ის ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი (IBA), კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრიცაა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მე ვარ ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი, ჩვენი პროფესიული ეთიკა ეყრდნობა ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის ეთიკურ სტანდარტებს. სწორედ ამით  ვიხელმძღვანელეთ შიდა ორგანიზაციული წესდების შემუშავებისას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს კანონი, რომელიც დაარეგულირებს ჩვენი პროფესიის ადამიანების საქმიანობას, თუმცა ის შემუშავების პროცესშია და ვიმედოვნებთ, სიახლეები იქნება ამ კუთხით.

საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალისტებს მოგვეთხოვება უწყვეტი განათლების საათების დაგროვება და შესაბამისად, ვიზიარებთ დასავლურ ცოდნასა და სიახლეებს სფეროში. ადგილობრივი კანონმდებლობის არ არსებობის გამო პროფესიის სხვა წარმომადგენლების საქმიანობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ პირად კეთილსინდისიერებას უნდა დავეყრდნოთ.

სერვისები არის ხელმისაწვდომი ბენეფიციარებისთვის, თუმცა ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ ცენტრების სიმრავლეზე არამედ სწორედ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ამ კუთხით რეგიონებში. იმისთვის, რომ თერაპიამ სწორი შედეგი გამოიღოს, რამდენიმე სხვა ელემენტთან ერთად, მნიშვნელოვანია, სწორად ჩატარებული თერაპია და შემუშავებული სტრატეგიების განმახორციელებელი თერაპევტების გამომუშავებული უნარები, კონტროლი პროგრესის პროფესიულ კონტროლი (სუპერვიზია).

ნინო დოლიძე

ტრენინგებიც, რომელიც ჩვენს სფეროში ტარდება მიწოდებული უნდა იყოს შესაბამის სერტიფიცირებული სპეციალისტისგან, ამ ყველაფრის კონტროლი საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციას მხოლოდ საკუთარი ძალებით, მოხალისეობრივად გვიწევს.

შარშან ჩატარდა პირველი კონფერენცია საქართველოში, წელს იგეგმება უფრო ფართო მასშტაბური სახე მივცეთ და მოვიწვიოთ სფეროს დოქტორები ამერიკიდან, რომლებმაც შეიმუშავეს თანამედროვე მიდგომა, თუმცა ამ პროცესშიც პირადი ძალებით და პირადი ფინანსური რესურსებით ვართ ჩართული. დახმარება მივიღეთ ასევე კერძო უნივერსიტეტისგან.

ძალიან ვცდილობთ, რომ ჩვენი სამეცნიერო სივრცე იყოს ნაწილი დასავლური აკადემიური სივრცისა. თუმცა გარდა იმისა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს მიეწოდებოდეს შესაბამისი სერვისი, მნიშვნელოვანია ADHD-ის დიაგნოსტირება და თერაპიაც იყოს უზრუნველყოფილი, გარდა ამისა, მშობლების ჩართულობა და მათი მენტალური ჯანმრთელობა არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისთვის. თუმცა სამწუხაროდ, ის ცენტრები, რომლებიც ზრდასრულების მენტალურ ჯანმრთელობაზე მუშაობდნენ, დახურვის საფრთხის წინაშე დგანან უცხოური დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების უმრავლესობა ორიენტირებულია 18 წლამდე ბავშვების განვითარებაზე. 18 წლის შემდგომ, სამწუხაროდ, ნეირო-განსხვავებული ადამიანებისთვის არ არის გასაქანი. იმისთვის, რომ ასეთი დიდი შრომა წყალში არ ჩაიყაროს, ბევრი მშობელი ფიქრობს საზღვარგარეთ გადასვლას, სადაც მათი შვილები შეძლებენ სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში ან/და არჩეული პროფესიით მუშაობას, იურიდიულად დაცულ სამუშაო გარემოში სტიგმების გარეშე.

აქედან გამომდინარე, კარგი იქნება საქართველო გაძლიერდეს ამ მიმართულებით, დაემატოს პროგრამები ზრდასრულებისთვის, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს დარჩნენ სამშობლოში თავიანთი რესურსი გამოიყენონ ქვეყნის განვითარებისა და საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის” – ამბობს ნინო დოლიძე.

„კლუბი სინერგია“ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისია, რომელიც დაახლოებით ხუთი წლის წინ შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. კლუბში ტიპური განვითარების 14-დან 25 წლის ჩათვლით მოზარდებსა და ახალგაზრდებს უფასოდ აწვდიან ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისს. როგორც „სინერგიას“ ფსიქოლოგი, ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს, რუსული კანონის პირობებში მათი მუშაობის ძირეულ პრინციპს, კონფიდენციალურობას საფრთხე ექმნება და იმის გამო, რომ ისინი არ აპირებენ აგენტების რეესტრში დარეგისტრირებას და არც ჯარიმის გადახდის რესურსი გააჩნიათ, მალე მუშაობის შეწყვეტა მოუწევთ.

ამის გამო უფასო სერვისი შეუწყდება წელიწადში საშუალოდ 600 კლიენტს.

„ძალიან ბევრი ადამიანი რჩება ჩვენი მსგავსი სერვისების მიღმა. უმეტეს ნაწილს არ აქვს იმის საშუალება, რომ კვირაში ერთხელ მინიმუმ 50 ლარი გადაიხადოს თერაპიაში. არ არსებობს სახელმწიფო სერვისი, რომელიც ტიპური განვითარების მოზარდებსა და ახალგაზრდებს უფასო ფსიქო-სოციალურ სერვისებს სთავაზობს, შესაბამისად, ეს ნიშა დარჩება ცარიელი.

ლუკა გაფრინდაშვილი

ეს კანონი დამატებით ბარიერსა და წნეხს ქმნის ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს კულტურულ გარემოში, სადაც სტიგმის გამო მიმართვიანობა არის დაბალი.

კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხე ხელს შეუშლის ადამიანებს სერვისის მიღებაში. თუ მსგავსი პოლიტიკით ქვეყანა ინფორმაციულ იზოლაციაში აღმოჩნდება, ეს იქნება ნაბიჯი არაპროფესიონალიზმისკენ, იმიტომ რომ ჩვენს სფეროში კომპეტენციის ამაღლება ხდება დასავლური ცოდნით, მათი სპეციალისტების ტრენინგებით, ვორქშოფებით, კვლევებში გაერთიანებით და ა.შ.” – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი.

ნახეთ ამ თემაზე: მე რომ „სინერგიაში“ არ მოვსულიყავი, ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ – მოზარდი

მარიამ ათაბაგი კლინიკური ფსიქოლოგი, ქცევის საერთაშორისო თერაპევტია. ის გვიყვება იმ წინაღობაზე, რაც მას და მის გუნდს კვლევის საერთაშორისო სივრცეში გატანისას შეექმნა:

„ჩვენი სამუშაო სფეროს, ისევე, როგორც ნებისმიერი პრაქტიკული მიმართულების განვითარება თეორიული ცოდნის გაღრმავებაზეა დამოკიდებული.

გამომდინარე იქედან, რომ მე და რამდენიმე კოლეგას გვსურდა, ჩვენი წვლილი აუტიზმის განხრით აკადემიურ სფეროშიც შეგვეტანა, 2023 წელს დავიწყეთ კვლევა თემაზე – „ნარატივის უნარები აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ქართულენოვან ბავშვებში”.

კვლევის საპილოტე ვერსია პირველად წარვადგინეთ კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე”, სადაც მონაწილეობა მსოფლიოს ათეულობით წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა მიიღეს. მოგვიანებით, საკმაოდ მაღალი კონკურენციის ფონზე, კვლევა მიიღეს ბავშვთა მეტყველების შეწავლის მე-17 საერთაშორისო კონგრესზეც. თითოეულ ეტაპზე, კვლევისთვის ფინანსური მხარდაჭერის ერთადერთ წყაროს ლაიბნიცის ზოგადი ლინგვისტიკის ცენტრი (The Leibniz-Centre General Linguistics – ZAS) წარმოადგენდა, რაც რაღაც ეტაპზე საკმარისი არ აღმოჩნდა – ადგილობრივ დონეზე ვერ შევძელით საკმარისი დაფინანსების მოპოვება, რათა საერთაშორისო კონგრესს დავსწრებოდით ჩეხეთში, პრაღაში.

მარიამ ათაბაგი

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა შეფასების სპეციფიური ინსტრუმენტის ქართულენოვან ბავშვებზე ადაპტირებასა და ადგილობრივი მონაცემების შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას იძლეოდა, გაგვიჭირდა ასევე კვლევის ეთიკურობის დასტური, რადგან, არ ვიყავით აფელირებული არცერთ უმაღლეს სასწავლებელთან, დამოუკიდებელი ეთიკის კომისია კი, რომელიც შეძლებდა ჩვენთან თანამშრომლობას, ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს.

ჩვენი სფეროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობა, არამხოლოდ როგორც ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისა მხრივ, არამედ იმ ფინანსური რესურსის ორგანიზებისთვისაც, რომელიც აუცილებელია საქართველოში კვლევითი მიმართულების სტაბილური განვითარებისთვის – უდიდესი ენთუზიაზმისა და ინტერესის მიუხედავად, დასავლეთთან თანამშრომლობის გაწყვეტით მომავალში საფრთხე ექმნება საქმიანობას, რომელის ხარისხზეც უამრავი ადამიანის მენტალური კეთილდღეობაა დამოკიდებული”.

ფსიქოლოგი და ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი, გვანცა ჩვამანია ამბობს, რომ იმის გამო, რომ ფსიქოლოგის პროფესია სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებული არაა, შესაბამისად, სახელმწიფო არ უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების ხელშეწყობას. ამასთან, ეს გარემო ფსიქოლოგიური სერვისით დაინტერესებულებს დაუცველებს ტოვებს, რადგანაც მათ არ აქვთ გარანტიები თერაპევტის პროფესიონალიზთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ არ ვიქნებით საერთაშორისო ურთიერთობაში ჩართულები, არ გვექნება მუდმივი მოთხოვნა საერთაშორისო რეგულაციით, რომ განვივითაროთ თავი, თავად სახელმწიფოს ამჟამად არ აქვს არანაირი რეგულაციის მექანიზმი, შესაბამისად ყველა, ვინც მიმღებია ამ სერვისების, მათ შორის სახელმწიფო პროპგრამებით, აღმოჩნდება მოწყვლად მდგომარეობაში და ხარისხზე პასუხისმგებლობას არავინ არ აიღებს.

დეფიციტია მონიტორინგის მხრივაც, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებშიც. საჭიროა სპეციფიკური ცოდნის მქონე გუნდების არსებობა, რომლებიც პერიოდულად შეამოწმებენ სერვისის ხარისხს.

გვანცა ჩვამანია

ასევე მნიშვნელოვანია კვლევების ნაწილიც, სამეცნიერო სამყარო კვლევის გარეშე წარმოუდგენელია.

ამ მხრივ დაკავშირებულები ვართ ევროპასთან და ამერიკასთან, სადაც აქტიურად ვითარდება მეცნიერება, ინერგება სიახლეები. შესაბამისად, თუ ამ მხრივ გვაქვს პრეტენზია, უნდა იყოს ჩვენი კვლევები დასავლურ გამოცემებში გამოქვეყნებული.

მნიშვნელოვანია საერთაშორიო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერა. მაგალითად ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასის“ დახმარებით არაერთი კარგი საქმე გაკეთებულა. მათ შორის 2020 წლიდან ისინი ჩაერთნენ სერვისისთ მოსარგებლეთა კვლევაში, მათი დაფინანსებით გამზადდა კანონიც, რომელიც სფეროს რეგულირებისთვისაა საჭირო. თუ ყველაფერი კარგად წავა, შეიძლება ამ კანონის შემდგომი დამუშავება და პარლამენტში განსახილველად შეტანაც.

თუმცა, ამჟამად არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ვხედავ იმის საშიშროებას, რომ იმ რესურსებმა, რაც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია და რასაც ვიღებთ დასავლელი პარტნიორებისგან, შესაძლოა, დაიკლოს. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ შეიძლება ჩვენი სამომავლო რეპუტაციის გამო ჩვენთან ჩამოსვლისგან თავი შეიკავონ ისეთმა ავტორიტეტულმა და წამყვანმა მეცნიერებმა, რომლებიც სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ” – ამბობს გვანცა ჩვამანია.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: