მთავარი,სიახლეები

მტრული გარემო, ძალადობა და აგრესია – რატომ ხდებიან ჟურნალისტები სამიზნე არჩევნებზე

05.11.2024
მტრული გარემო, ძალადობა და აგრესია – რატომ ხდებიან ჟურნალისტები სამიზნე არჩევნებზე

„მტრული და აგრესიული“ – ასე ახასიათებენ ქართველი ჟურნალისტები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გარემოს, რომელშიც ისინი მუშაობდნენ. ჟურნალისტები, ერთი მხრივ, არჩევნებზე დარღვევების გაშუქებას ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული აგრესიული ჯგუფების მოგერიება უწევდათ, პოლიცია კი არ რეაგირებდა.

ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 48 შემთხვევა დაფიქსირდა და დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანი მიადგა მინიმუმ 70 ჟურნალისტსა და ოპერატორს.

„ბათუმელებთან“ ჟურნალისტები აღწერენ, როგორ უშლიდნენ ხელს ჟურნალისტურ საქმიანობაში და რა დარღვევები აღმოაჩინეს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ია გულიაშვილი ოპერატორთან ერთად კახეთის რეგიონში აშუქებდა არჩევნებს.

„კახეთის რეგიონში, ძირითადად ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავდათ მობილიზებული სუს-ის დაქირავებული, ე.წ. ძველი ბიჭები. მივიდოდით თუ არა საარჩევნო უბანზე, ხდებოდა მათი მხრიდან ჩვენი კონტროლი. გვიკონტროლებდნენ გადაადგილებას, დაგვყვებოდნენ, ისმენდნენ ვის რა კითხვას ვუსვამდით. თუ ჩათვლიდნენ, რომ ჩვენი იქ ყოფნა არ იყო მათთვის სასურველი და არ მოსწონდათ ჩვენი კითხვები, ღიზიანდებოდნენ.

ვიყავით თელავში, სოფელ ქვემო ხოდაშენის მე-16 საარჩევნო უბანში. გურჯაანში მივდიოდი და ჩემი ყურადღება მიიქცია აქ მობილიზებულმა ბევრმა ადამიანმა და ავტომობილმა. ოპერატორმა მითხრა, მგონი საჭმელს ჭამენო. ამის გამო გადავედით ამ უბანზე და ვნახეთ, რომ საარჩევნო უბნიდან 5-6 მეტრის მოშორებით იყვნენ ადამიანები, მანქანაზე საბარგული იყო ახდილი და მიირთმევდნენ, სვამდნენ წვენს და ბუნებრივია გამიჩნდა კითხვა, ვინ იყო მასპინძელი და იყო თუ არა ეს „ქართული ოცნება“.

იქ შეგროვილი ქალები წამში დაიშალნენ და ამბობდნენ, რომ ამომრჩევლები იყვნენ, რომლებმაც უკვე ხმა დააფიქსირეს. ეს იყო უცნაური და ჩავთვალე კანონდარღვევად. უბანთან ახლოს ხდებოდა ეს ამბავი.

ეს კითხვები მოისმინა დაგეშილმა „ქოც ზონდერმა“, მოვიდა ჩემთან და ამიკრძალა კითხვების დასმა, ეზოში ყოფნა. მოითხოვდა, დამეტოვებინა ტერიტორია. ბუნებრივია, რომ არ დავემორჩილეთ, ამას მოჰყვა მისი მხრიდან აგრესია. დაგვიწყო გინება, ჩხუბი. მოვახდინე მათი იდენტიფიცირება, ეს იყო დათო ესიკაშვილი და მას შეუერთდა მეორე ადამიანიც, ბადრი ბუიშვილი.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს მიშლიდნენ. ვინც ინიციატორი იყო ამ აგრესიის, ჩემს ოპერატორს გასტაცა კამერა, რაკი მიხვდა, რომ ჩვენ იქიდან არ გამოვიდოდით. გაიტაცა კამერა და თავისი ნებით არ დაუბრუნებია, რაღაცნაირად მოვახერხეთ და ისევ ჩვენ წავართვით.

ამის შემდეგ გადავინაცვლე ამავე ეზოს მეორე წერტილში, სადაც უკვე მამაკაცები იყვნენ მობილიზებული და მათაც სუფრა ჰქონდათ გაშლილი და სასმელს სვამდნენ. აქაც ვიკითხე, თუ რატომ იყვნენ მობილიზებულები. აგრესიულები გახდნენ. ერთ-ერთი მათგანი გამოეყო, მიკროფონი წამართვა ხელიდან და გადამიგდო“, – გვიყვება ია გულიაშვილი.

ჟურნალისტის თქმით, მან ორჯერ დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია, თუმცა პოლიცია ადგილზე არ მისულა.

„მიმაჩნდა, რომ იქ ყოფნა ჩვენთვის უკვე საშიში იყო, რადგან გვემუქრებოდნენ, რომ დაგვალეწავდნენ კამერას თავზე და ფიზიკურად გაგვისწორდებოდნენ, თუმცა პოლიცია არ მოვიდა. მოგვიანებით დამირეკა გამომძიებელმა და მითხრა, რომ ჩემი საქმე გადაცემული იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის“.

ია გულიაშვილი ამბობს, რომ მოახერხა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს მიმართა:

„ყურადღება არც მან მოგვაქცია. გვითხრა, რომ მისი პრეროგატივა არ იყო, რა ხდებოდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე და არც ინციდენტის შესახებ გაუგია, თუმცა აქვე გეტყვით, რომ საკუთარი თვალით დავინახე, როგორ იყურებოდა და ხედავდა ყველაფერს, რაც ხდებოდა ეზოში”.

ია გულიაშვილმა უკვე მისცა ჩვენება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მას შემდეგ, რაც „მედიაომბუდსმენის“ მიმართვის საფუძველზე დაიწყეს ამ საქმეზე გამოძიება.

„მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი და იმედი, რომ ვინმე დაისჯება, იმიტომ, რომ ასეთი პრეცედენტი არ მახსენდება. ეს მხოლოდ ფორმალობაა და ზუსტად ვიცი, რომ ამ საქმესაც შემოდებს უწყება თაროზე, როგორც სხვებს“ – ამბობს ჟურნალისტი.

ია გულიაშვილი, ჟურნალისტი

ია გვიყვება, რომ არჩევნების წინა დღეს, 25 ოქტომბერს, ის გურჯაანში იყო, რადგან მიიღო ინფორმაცია, რომ ერთსა და იმავე მისამართზე ჩაწერილი ჰყავდათ ათეულობით მოქალაქე. ჟურნალისტი გვიამბობს, რომ ფაქტების გადასამოწმებლად გურჯაანის #2 საარჩევნო უბანზე მივიდა, სადაც უნდა მიეცათ ხმა ამ მისამართებზე ჩაწერილ პირებს.

„კომისიის თავმჯდომარეს შევხვდი. მასთან ინტერვიუს დროს შემოვიდა ერთი პირი, რომელმაც კომისიის თავმჯდომარე გაიყვანა და უთხრა, პოლიციელები არიან მოსული, თქვენ გეძახიანო.

შემდეგ გაირკვა, რომ ეს პოლიციელები იყვნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებსაც უნდა დაეცვათ ობიექტი. კითხვით გადავედი დაცვის თანამშრომლებთან, რამაც გამოიწვია „ქოც ზონდერის“ გაღიზიანება. ეს გახლავთ ვინმე კახა დევიძე, რომელიც გურჯაანის სპორტსკოლაში მაშველად ჰყავთ გაფორმებული… გვითხრა, რომ ჩვენ არ გვქონდა უფლება კითხვები დაგვესვა სამართალდამცველებისთვის და „გამოვთრეულიყავით“ შენობიდან გარეთ.

მერე დაგვიწყო გინება, ჰქონდა ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა. იწევდა კამერისაკენ დასამტვრევად.

დავრეკე 112-ში, აქაც არ მომაქცია პოლიციამ ყურადღება და ეს ეპიზოდიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა მოსაკვლევად”, – ამბობს ია გულიაშვილი.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, ნინო ელიკაშვილს ესაუბრა. ნინო ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელია და არჩევნებს მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბნიდან აშუქებდა.

„მე-4 საარჩევნო უბანზე იყო ჩვენ მიმართ აგრესია და დაგვიპირისპირდნენ ფიზიკურადაც.

გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ უბანზე იყო საარჩევნო დარღვევა, „კარუსელი“.

როდესაც საარჩევნო უბანზე მივედით, უკვე შევამჩნიე გარეთ ადამიანთა ჯგუფი და ისინი არ იყვნენ ამომრჩევლები… პირველ რიგში, ყველა წესის დაცვით გავიარე რეგისტრაცია და სწორედ ამ დროს უკვე მესმოდა ჩოჩქოლისა და ხმაურის ხმა. გამოვედი გარეთ და უკვე იყო სიტყვიერი დაპირისპირება. იქ იყვნენ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, რომლებსაც უპირისპირდებოდა იქ მყოფი ჯგუფი და მიდიოდა გარჩევა, თუ ვინ რატომ იმყოფებოდა საარჩევნო უბანთან.

სწორედ ამ დროს გამოვიდა საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გიორგი გოცირიძე, რომელმაც თქვა, რომ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მას ხელი დაარტყა. რა თქმა უნდა, დავიწყე გარკვევა, თუ ვინ იყო ეს კომისიის წევრი, ეს იყო ლაივშიც. როცა გიორგიმ ეს თქვა, მის მიმართ წამოვიდა აგრესია. გიორგიმ მალევე დატოვა ტერიტორია, რადგანაც არსებობდა საფრთხე.

ადგილზე დარჩნენ ეზოში შეკრებილი ჯგუფები, იყო გარჩევა, თუ ვინ ვის დაარტყა. ჩვენ ამ დროს უკვე ლაივში ვიყავით. ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელი, რომელსაც ჰქონდა ბეიჯი, ჩვენკენ წამოვიდა აგრესიით. გვეუბნებოდა, თქვენ აქ პროვოკაციის გამო მოხვედით, რატომ იმყოფებით აქო.

ჩემს ოპერატორს წიხლი დაარტყა, ეს კადრიც არსებობს“.

ნინო ელიკაშილის თქმით, მოგვიანებით გაარკვია, რომ ადამიანი, ვინც ფიზიკურად იძალადა მის ოპერატორზე, იყო დამკვირვებელი ორგანიზაციიდან, რომელიც დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“.

ნინო ელიკაშვილი, ჟურნალისტი

„კიდევ იყვნენ აგრესიულად განწყობილი, ჩემთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც გვეძახდნენ: „პროვოკატორებს”, „თქვენ ნაცების ტელევიზია ხართ“ და იყო ძალიან მტრული გარემო, მტრული განწყობა.

იქ ასევე იყო „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი, ამირან გიორგაძე, რომელიც თანამდებობას იკავებს საკრებულოში, როგორც გავარკვიე. არ შეიძლებოდა მისი იქ ყოფნა დიდხანს. თუკი ხმას აძლევდა, უნდა შესულიყო, მიეცა და წასულიყო. როცა გარკვევა დავიწყე, თუ რატომ იმყოფებოდა საარჩევნო უბანთან, აქეთ გადმოვიდა შეტევაზე, თქვენ რატომ იმყოფებით აქ, პროვოკაციის მოსაწყობად ხართო.

ამ კონფლიქტისას პირდაპირ გვეუბნებოდნენ, წადით, დატოვეთ ტერიტორია, აქ არაფერი გესაქმებათო.

ოპერატორს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. იყო ბევრი გინება ჩვენი მისამართით. ჩვენც მოგვიწია ტერიტორიის დატოვება.

პოლიციაც გამოიძახეს. პირდაპირ ეთერში ვუთხარი პოლიციას, რომ ჩვენ მიმართ იყო ფიზიკური ანგარიშსწორება, დაგვარტყეს წიხლები, პოლიციელის პასუხი იყო – მიმართეთ პრესცენტრს. მეტი კითხვა მე არ დამისვამს მისთვის, რადგან მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და მივხვდი იმასაც, რომ დროულად უნდა დამეტოვებინა ჩემს ოპერატორთან ერთად ეს ტერიტორია, რადგან იყო საშიშროება. იყო ფრაზები – „ჩამოვალ და მე შენ რას გიზამ, იცი?”იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. მივხვდი, რომ პოლიცია არ დამიცავდა“ – გვიყვება ჟურნალისტი.

მისი თქმით, პოლიცია გარკვევით ხედავდა, რა სიტუაციაც იყო საარჩევნო უბანზე, ხედავდა უამრავ მობილიზებულ ადამიანს:

„პოლიციას უნდა გაერკვია, ხდებოდა თუ არა ზეგავლენა ამომრჩეველზე, ან იყო თუ არა კანონი დარღვეული. მეორე მხრივ, ხედავდნენ, რომ პირდაპირ დასარტყმელად მოდიოდნენ, გვირტყამდნენ. ერთ-ერთი ქალბატონი პირდაპირ მემუქრებოდა, სახეს ჩამოგკაწრავო“.

ნინო ელიკაშვილი გვიყვება იმასაც, რომ მარნეულში, საარჩევნო უბნებზე ნახა ერთი და იმავე ორგანიზაციიდან მინიმუმ სამი ან ოთხი ადამიანი, რაც კანონდარღვევაა – „ეს ადამიანები პირდაპირ უბანზე გადაადგილდებოდნენ დაუფარავად“, – გვითხრა ჟურნალისტმა.

ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორს, მინდია გაბაძეს ჟურნალისტური საქმიანობისას ხელი ეშლებოდა საარჩევნო უბნებზე თბილისში, გლდანში. ჩვენთან საუბრისას ჟურნალისტი ამბობს, რომ გასული ორი არჩევნების დროსაც ის ამ უბნებიდან აშუქებდა მიმდინარე პროცესს და მაშინაც უპირისპირდებოდნენ.

„ამ შემთხვევაში გადავრჩი ფიზიკურ დაპირისპირებას. ორ უბანზე იყო ყველაზე მწვავე სიტუაცია. ერთი პირი მომიტრიალდა, ნუ მიღებო და სცადა წიხლი დაერტყა, თუმცა ვერ მომწვდა. მალევე წავიდა ეს ადამიანი. ეს ხდებოდა 79-ე სკოლაში, 59-ე და მე-60 უბნებზე.

ასევე ვაკვირდებოდი 39-ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბნებს. მე და ჩემი კოლეგა, შაკო ბრეგაძე ვიყავით.

საარჩევნო უბანთან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე იყვნენ შეკრებილები. ჩვენ უბრალოდ ვკითხეთ, რატომ და ამას მოჰყვა მათი გაღიზიანება და დაიწყეს ჩვენი გინება. ამ სკოლებში განთავსებულ უბნებს შორის დავდიოდით, ერთ ჯერზე შაკო ქვემოთ დარჩა, ზემოთ მარტო მე ავედი და ამომყვა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, თამუნა ჩქარეული. ამ დროს მე და თამუნას გვაგინეს და ისეთ მდგომარეობამდე ვიყავით, რომ, ფაქტობრივად, მტრულ გარემოში მოგვიწია გადარჩენა.

ყოველ წუთას გვეგონა, რომ აი, ახლა დაგვარტყამენ, აი, ახლა.

ძალიან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ საბოლოო ჯამში გადავრჩით” – გვიყვება მინდია გაბაძე.

მინდია გაბაძე, ჟურნალისტი. ფოტო: ალექსანდრე ქეშელაშვილი/ „პუბლიკა“

ჟურნალისტის თქმით, საარჩევნო უბნის ეზოში შეკრებილი ადამიანებიდან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე აგრესიული იყო, უბანზე შევიდა და ისე იქცეოდა, თითქოს საკუთარ სახლში იყო:

„შემოვიდა, ტელეფონიც შეაერთა, დატენა, არანაირი აკრედიტაცია არ ჰქონდა და ამან გამოიწვია ეჭვი, რომ ის ადამიანი იქ არ უნდა ყოფილიყო. საუბარია შუადღეზე, მინიმუმ სამ საათზე, ხმის მიცემის მიზნით ნამდვილად არ იყო იქ“.

ჟურნალისტს პოლიციაში არ დაურეკავს. მისი თქმით, არ ჰქონდა პოლიციის შესაბამისი რეაგირების მოლოდინი.

მინდია გაბაძე 4 ნოემბერს იყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჩვენების მისაცემად, თუმცა მას არ აქვს იმედი, რომ გამოძიება დასრულდება.

„მარტის აქციებზე ჩემი კოლეგები, ვისაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვისზეც დაიწყო გამოძიება, ცნეს დაზარალებულად, მათი საქმეებიც არ არის მიყვანილი ბოლომდე და დღემდე არავინ არ არის დასჯილი, ამიტომ არ მაქვს საფუძველი, იმედი მქონდეს გამოძიების დასრულების, მაგრამ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს და არ ვარ ჩაკეტილი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის“ – ამბობს ჟურნალისტი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ლიკა ჩახუნაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები ყველა არჩევნების დროს  ხდებიან სამიზნე, რადგან ისინი ფაქტობრივად მტკიცებულებებს ქმნიან. 

„იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიას, ან არჩევნებში ჩართულ სხვადასხვა მხარეს აქვს რაღაც დასამალი, ჟურნალისტების ადგილზე ყოფნა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ჟურნალისტები ყველანაირად ცდილობენ, რომ აღწერონ პროცესი, თუ ამ პროცესში მოხდა რაიმე სახის დარღვევა, მოახდინონ ამ დარღვევის დოკუმენტირება.

ჩემი ვარაუდით, სწორედ ეს იყო ამოცანა იმ მხარის, რომელსაც სურდა არჩევნების გაყალბება, რომ ჟურნალისტებს, არ ჰქონოდათ წვდომა ამ მტკიცებულებებზე. ესაა ალბათ მთავარი მიზეზი, რატომაც არ უნდოდათ ჟურნალისტების ყოფნა საარჩევნო უბნებზე, არც საარჩევნო უბნების მიმდებარედ. 

მეორე მიზეზი, ჩვენს კონტექსტში რაც უფრო ადრე დაიწყო, რუსული კანონის შემობრუნებიდან – იცით, რომ თვეების განმავლობაში „ქართული ოცნება“ აწარმოებდა კამპანიას ჟურნალისტების წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ ეს პროფესია საქართველოში ექცია პროფესიად, რომელიც თითქოს არ არის პატივსაცემი. ეწეოდნენ ჟურნალისტების დემონიზაციას, მათ აკერებდნენ სრულიად დაუმსახურებელ, უსამართლო იარლიყებს და ამ ყველაფრის შედეგი ჩვენ ვნახეთ არჩევნების დროს. 

ძალიან ბევრი ვიდეო ვნახე და ბევრი მოვისმინე იმ შემთხვევებზე, როდესაც ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში. შეამჩნევდით, რომ გინების პარალელურად შემოდის ახალი ლექსიკა, მათ უწოდებდნენ ხალხის მტრებს, აგენტებს, უსამშობლოებს, გაყიდულებს და სხვა, მსგავს ტერმინებს, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. 

ზოგადად, რომ შევადაროთ, ეს არჩევნები წინა საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 2020 წელს ჩატარდა, დრამატულად არის გაზრდილი [ჟურნალისტებისთვის ხელისშეშლის] შემთხვევების რაოდენობა.  ამ არჩევნებზე ხელშეშლა იყო სისტემური, ტოტალური, ყველგან ხდებოდა.

ეს არ იყო ისე, რომ რომელიღაც ერთი ადამიანი, ან კომისიის წევრი, ან გარეთ მყოფი ადამიანი გაბრაზდა და გამოხატა ჟურნალისტის მიმართ აგრესია. არა.

ეს იყო კარგად ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი ქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანი იყო ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა.

აგრესია ჟურნალისტების მიმართ მოდიოდა საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარიდან – საარჩევნო კომისიის წევრი, ზოგ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, უბანზე მყოფი პირები, შეიძლება ეს ყოფილიყვნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ე.წ. დამკვირვებლები, რომლებიც გაუგებარ, სავარაუდოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ; პირები, რომლებიც კანონის დარღვევით უბნის გარე პერიმეტრზე იყვნენ მობილიზებულები… ყველა მათგანი, ყველგან: თბილისის ცენტრში, გარეუბანში, დიდ ქალაქში, პატარა ქალაქში, სოფელში, აღმოსავლეთში თუ დასავლეთში – ყველგან ისინი იქცეოდნენ ერთნაირად, აგრესიულად ჟურნალისტების მიმართ და ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებით ცდილობდნენ ჟურნალისტებისთვის ხელისშეშლას გადაღებაში და ჩაწერაში“ – ამბობს ლიკა ჩახუნაშვილი. 

_________________________________

ამავე თემაზე:

როგორ უშლიდნენ ჟურნალისტებს ხელს არჩევნების გაშუქებაში – თავდასხმა, შეურაცხყოფა, ტიტუშკები

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: