მთავარი,სიახლეები

„ამომრჩეველი მარკირების გარეშე შეიყვანეს კაბინაში და თავადაც შეჰყვნენ“ – დარღვევები ქუთაისში

30.10.2024 •
„ამომრჩეველი მარკირების გარეშე შეიყვანეს კაბინაში და თავადაც შეჰყვნენ“ – დარღვევები ქუთაისში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ვებგვერდზე ატვირთული საჩივრები მძაფრსიუჟეტიანი ტრილერებივით იკითხება, ხან კომედიაც გვხვდება, უფრო ტრაგიკომედია. დამკვირვებლებმა საჩივრებში დეტალურად აღწერეს, რა ხდებოდა 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, ეს ყველაფერი ფოტო/ვიდეომასალით დაასურათეს კიდეც.

დარღვევები, რომლებზეც ამ სტატიაშია საუბარი, ქუთაისში დაფიქსირდა. 

  • უბანი #10 – კაბინაში ორი თანმხლები პირით

დამკვირვებელი წერს: „ქუთაისში, #10 საარჩევნო უბანზე გამოცხადებულ ერთ ამომრჩეველს, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში, თან მოჰყვა ორი მოქალაქე, რომლებსაც არ ჩაუტარდათ მარკირების შემოწმება, გარდა ამისა, კომისიამ არ შეამოწმა, ჰქონდათ თუ არა უფლება თანმხლებ პირებს საარჩევნო უბანზე ყოფნის, წარმოადგენდნენ თუ არა იმავე უბნის ამომრჩევლებს. დამკვირვებლის ინფორმაციით, ისინი შეჰყვნენ ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში და მონაწილეობდნენ ხმის მიცემის პროცესში“ .

პროცესი დამკვირვებელმა ანა გაბელაშვილმა გადაიღო და საჩივარს თან დაურთო ვიდეო მტკიცებულების სახით.

ამ საჩივრით კომისიას „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველომ“ მიმართა.

  • წინასწარ გაფერადებული ბიულეტენი

კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით ქუთაისის #10-ე უბანზე ამომრჩეველს რეგისტრატორმა გადასცა წინასწარ გაფერადებული ბიულეტენი. დამკვირვებლის ინფორმაციით, ამ უბანთან ფულსაც არიგებდნენ:

„საარჩევნო უბნის გვერდით, ახლო მანძილზე დამკვირვებელმა დააფიქსირა ამომრჩეველთა აღრიცხვის არაერთი შემთხვევა. აღრიცხვა მიმდინარეობდა, როგორც უბანთან, ასევე იქვე გაჩერებული ავტომანქანიდან, საიდანაც ხდებოდა ამომრჩევლისთვის ფულის დარიგება“ – ვკითხულობთ საჩივარში.

  • „მონაცემები არ დაემთხვა, ხმა მიაცემინეს“

დამკვირვებელი ქუთაისის #11 უბნიდან წერს:

„#11 უბანზე 08:45 წუთზე მივიდა ამომრჩეველი, რომლის მონაცემებიც არ ემთხვეოდა აპარატში არსებულ მონაცემებს, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ მას მისცა ხმის მიცემის უფლება“.

დამკვირვებელი ასევე წერს, რომ ამავე უბნის წინ მოქალაქე თამარ წვერავა აღრიცხავდა ამომრჩეველს, ის დამკვირვებელს ეუბნებოდა, რომ ელოდებოდა ავტობუსს, ამის პარალელურად კი განიხილავდა ვისთან რამდენი იყო მისატანი.

კიდევ ერთმა დამკვირვებელმა, ანა ციხელაშვილმა ფულის გადაცემის ფაქტები დააფიქსირა ქუთაისის #9 უბანთანაც. მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან დილის 07:00 საათიდან იდგა თეთრი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი მანქანა, სადაც მსხდომი პირები აღრიცხავდნენ ამომრჩეველს და გადასცემდნენ მათ ფულს. დამკვირვებელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

სხვა დამკვირვებელი წერს, რომ ქუთაისის #12 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას, კერძოდ, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელმა ნინო მარგველაშვილმა არაერთხელ მოუწოდა ამომრჩეველს ხმა „ქართული ოცნებისთვის“ მიეცა. დამკვირვებლის ინფორმაციით, ის მთელი დღის განმავლობაში საკუთარ მობილურში აღრიცხავდა ამომრჩეველს.

დამკვირვებლები წერენ, რომ ქუთაისის #18 უბანზე დაირღვა ფარულობა, დამკვირვებლებს არ აძლევდნენ პროცესზე სრულფასოვნად დაკვირვების საშუალებას, გადასატანი ყუთი დალუქვის გარეშე დააბრუნეს უბანზე, ერთ-ერთი ორგანიზაცია ამომრჩევლის გამოკითხვას აწარმოებდა უბნის შენობაში.

ასევე, #22-ე უბანზე რეგისტრატორები ისე იყვნენ ერთმანეთთან მიჯრით განთავსებული, რომ შეუძლებელი იყო ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვება.

  • ფოტოსურათებიანი სიებით უბნის გვერდით

დამკვირვებელი წერს, რომ საარჩევნო უბნის გვერდით იმყოფებოდნენ პირები ფოტოსურათებიანი სიებით, უბანზე ახორციელებდნენ აგიტაციას, კერძოდ „ერთ-ერთმა პირმა დაიყვირა „ოცნების“ ნომერი და მიუთითა, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა“.

  • ვერიფიკაციის აპარატმა არ აჩვენა – ხმა მიაცემინეს

24-ე უბანზე დამკვირვებელი წერს, რომ ამომრჩეველი ვერიფიკაციის აპარატმა არ აჩვენა, ის გაუშვეს, შემდეგ კი დაუძახეს და უთხრეს, რომ მისი ვინაობა დადასტურდა და ხმა მიაცემინეს.

  • ამომრჩეველი – „ხმას თუ ვერ მივცემ, დამიჭერენ“

დამკვირვებლის ინფორმაციით, ქუთაისის #24-ე უბანზე მივიდა ამომრჩეველი, რომელიც ამ უბანზე არ იყო რეგისტრირებული. ის აცხადებდა, რომ დაიჭერდნენ, თუ ხმას ვერ მისცემდა.

ხოლო 25-ე უბანზე დააფიქსირეს აპარატების გაუმართავი მუშაობის შესახებ. კერძოდ ამოიბეჭდა სია, რომელიც არ იკითხებოდა. რეგისტრატორმა კი რამდენიმეჯერ ამომრჩევლის რეგისტრაციის შემდეგ არ ამობეჭდა ქვითარი.

  • დამკვირვებელმა გააფერადებინა თავისი სასურველი ნომერი

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებელი წერს, რომ ქუთაისის ოლქის 28-ე უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელი, მარინა ამაშუკელი, რომელიც უბანზე ააიპ „სოციალურ გარემოს“ წარმოადგენდა, ამომრჩეველს შეჰყვა კაბინაში და მონაწილეობა მიიღო ბიულეტენის გაფერადებაში.

დამკვირვებლის ინფორმაციით, ამაშუკელმა ამომრჩეველს სთხოვა მისთვის სასურველი ნომერი გაეფერადებინა და დაეხმარა კიდეც გაფერადებაში.

დამკვირვებლები თითქმის ყველა უბანზე წერენ ფარულობის დარღვევაზე.
  • არაუფლებამოსილი პირები უბნებზე

დამკვირვებელი წერს, რომ ქუთაისის 49-ე უბანზე იყვნენ არაუფლებამოსილი პირები, ამასთან, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები ენაცვლებოდნენ რეგისტრატორებს, შესაბამისად რეგისტრაციას ახორციელებდნენ პირები, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება არ გააჩნდათ.

საჩივრებში წერენ ასევე დამკვირვებლების შეზღუდვაზე, როგორც კომისიის თავმჯდომარეების, ასევე კომისიების წევრების მხრიდან. მათ ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვების საშუალებასაც არ აძლევდნენ.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებისა, რაზეც დამკვირვებლებმა ქუთაისის საუბნო საუბნო-საარჩევნო კომისიებში საჩივრები დაწერეს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქუთაისის #59 ოლქში სხვადასხვა უბანზე დაფიქსირებული საჩივრები შესაძლოა ამ უბნების ბათილობის საფუძველი გახდეს. ასევე წერენ, რომ ამ დამკვირვებლებს მტრულ და ძალადობრივ გარემოში მოუწიათ მუშაობა.

_____________

ფოტოზე: არჩევნები ქუთაისში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: