მთავარი,სიახლეები

როგორ აძლიერებენ ოჯახებს ევროკავშირში და როგორ – საქართველოში: „მე წამლის ფული არ მომცეს“

05.11.2024 •
როგორ აძლიერებენ ოჯახებს ევროკავშირში და როგორ – საქართველოში: „მე წამლის ფული არ მომცეს“

მზია მეგრელიშვილი სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა. 8 წელია ქირით ცხოვრობს, იქამდე კი შვილთან ერთად, ორი თავშესაფარი გამოიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტანდარტული სამუშაო გრაფიკით მუშაობას ვერ ახერხებს და ძველ ბაზართან თავის გაზრდილ მცენარეებს ყიდის. 

მას აჭარის მთავრობის სახლის წინ, ეგრეთ წოდებული უსახლკაროების საპროტესტო აქციაზე შევხვდით.

მთავრობისგან ვითხოვ, ჩემს შვილს ჰქონდეს კერა, მე რომ რამე დამემართოს ამ ნერვიულობაზე, ჩემი შვილი იყოს სადღაც იმიტომ, რომ ჯერ პატარაა, 13 წლისაა და იმას ჰქონდეს დასარჩენი, რომ ხვალ და ზეგ ქუჩაში ვინმეს რამე არ მოპაროს და ციხეში არ მოხვდეს. ამას ვითხოვ“, – გვიყვება თვალცრემლიანი.

მზია ამბობს, რომ საქართველოს სოციალური პოლიტიკა მის ოჯახს ვერ იცავს: 

„რა ორგანოშიც მივსულვარ სხვადასხვა საქმეზე, ვერსად დამეხმარნენ. მე არ მესადაგება დღევანდელი მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული პროგრამა, რაც სოციალურად დაუცველებისთვის არის. ჯანმრთელობაც რომ მიწყობდეს ხელს, სამუშაოზე ვერ ვდგავარ… ხალხი მარტო საჭმლის მოტანაზე ფიქრობს, უამრავი დრო იფანტება ტყუილაუბრალოდ, ასე ხალხი ვერ ამოვა სიღარიბიდან. დღეს დილას სამი საათი დავხარჯე [უფასო სასადილოდან] საჭმლის აღებაში, 11 საათზე წამოვედი და ორზე მოვიტანე აქ და რა… დღის საჭმელიც არ არის.

ალიმენტზე სააღსრულებო ბიუროში ყველა ზომას მივმართე, ჩავრთე ყველა, მარგველაშვილსაც მივწერე, პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც ვიჯექი და ვერანაირად აღსრულებამ ვერ გააკეთა ის, რაც გასაკეთებელია. [ყოფილი ქმარი] მუშაობს – ალიმენტის თანხას პრინციპულად არ მიხდის. ასე მითხრა, თუ ჩემ გვერდზე არ იქნები, ვერც შეჭამო“, – ჰყვება მზია.

საქართველოში ოჯახების მხარდაჭერა დღემდე პოლიტიკური პოპულიზმის ნაწილია, ამის ნათელი მაგალითია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ოჯახის ფასეულობებით მანიპულირებას დაეფუძნა. მიზანი ევროკავშირში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო განწყობების დათესვა იყო, მაშინ, როცა რეალურად, ევროკავშირის ქვეყნებს ოჯახის მხარდაჭერის ბევრად უფრო გამართული პოლიტიკა აქვთ, ვიდრე საქართველოს.

ევროკავშირმა 2017 წელს შექმნა „სოციალური უფლებების ევროპული სვეტი“, რომელიც განმარტავს, თუ რა უნდა გააკეთოს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ სოციალური უფლებების გაძლიერებისთვის, რისთვისაც  ჩამოაყალიბა კონკრეტული ინიციატივები. იგი მოიცავს 20 საკვანძო პრინციპს, როგორიცაა: ხელმისაწვდომი განათლება, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, თანაბარი შესაძლებლობები, სიღარიბისგან დაცვა და სხვ. მათ შორის ორი უშუალოდ ოჯახების მხარდაჭერასთან დაკავშირებული პრინციპია  – „ბავშვზე ზრუნვა“ და „სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსება“.

ევროკავშირში ყველა ქვეყანა სთავაზობს ოჯახებს გარკვეულ შეღავათებს, მაგრამ მათი მოცულობა და პირობები განსხვავდება. საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ  დოკუმენტში ისტორიულ-პოლიტიკური, დემოგრაფიული და ეკონომიკური მახასიათებლების მსგავსების გათვალისწინებით, საქართველოსთან ერთად, მიმოხილულია ესტონეთისა და ლიეტუვას გამოცდილება.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ [EU-ს წევრი სხვა სახელმწიფოების მსგავსად], ევროკავშირის 2021 წლის ინიციატივის მიხედვით, ბავშვთა სიღარიბესთან საბრძოლველად შეიმუშავეს ეროვნული სამოქმედო გეგმები, რომლებიც ფოკუსირებულია მშობელთა განათლებისა და დამხმარე სერვისების განვითარებაზე, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ყოველთვიური ფულადი დახმარების ოდენობის გაზრდაზე, ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის განვითარებასა და მიზნობრივი ჯგუფების მიერ განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, მათ შორის უფასო სასკოლო კვების უზრუნველყოფასა და სკოლის შემდგომი აქტივობების ორგანიზებაზე.

სსც: 2022 წლის მონაცემებით, ესტონეთში სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკის წინაშე ბავშვების 16,6% იმყოფება, ლიეტუვაში ეს რიცხვი უფრო მაღალია და 22,4% იყო, თუმცა, ორივე ქვეყნის მაჩვენებელი დაბალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (24,7%).

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 245 218 ბავშვი იღებს. ეს რიცხვი, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის დაახლოებით 30 %-ია. შესაბამისად, 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან დაახლოებით ყოველი მეოთხე საარსებო შემწეობას იღებს.

ესტონეთსა და ლიეტუვაში ბავშვების/ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა უნივერსალური ხასიათისაა და ბავშვის დაბადებისთანავე იწყება. მისი მიზანი სახელმწიფოს მიერ ოჯახის გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერაა ბავშვის აღზრდის პროცესში. 

საქართველოში ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის პოლიტიკის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ არსებობს. „წლების განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან სიღარიბისა და იმ რისკების მიმართ, რაც დაკავშირებულია მათი ცხოვრების არასათანადო დონესთან“, – წერია „სოციალური სამართლიანობის დაცვის“ დოკუმენტში.

კერძოდ, ესტონეთსა და ლიეტუვაში ბავშვის დაბადებიდან – 18 წლამდე გაიცემა უნივერსალური ხასიათის ყოველთვიური გასაცემელი (ესტონეთი 80 ევრო, ლიეტუვა 96 ევრო). დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები, სადაც სამი ან მეტი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, იღებს დანამატს თითოეული ბავშვისთვის.

UNICEF-ის შეფასებით, ბავშვთა სიღარიბე მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ ფულადი დახმარება საქართველოშიც საყოველთაო იქნება, მაგალითად ისე, როგორც ეს ესტონეთსა და ლიეტუვას აქვს.

საქართველოში ოჯახების დაცვისა და სიღარიბის შემცირების მთავარი ინსტრუმენტი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სოციალური შემწეობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წლევანდელი მონაცემებით, სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 387 164 ოჯახი, სადაც ცხოვრობს 1 256 720 ადამიანი, მათგან საარსებო შემწეობას 454 165 ადამიანი (126 973 ოჯახი) იღებს.

მზია: „სოციალური? ძალიან არ მყოფნის, წარმოიდგინე, ზაფხულის პერიოდში, გაზაფხულზე, ბავშვთან ერთად ჭინჭარს ვკრეფდი პოლიგონზე და ბაზართან ვყიდდი. ჭინჭარს. ბავშვს ისე არ ვტოვებ, რომ სხვას შეხედოს, ვცდილობ ყველანაირად, ვქსოვ, ვკერავ … მაგრამ მიჭირს წამლებზე, ჩემი წამლების ფულს ვერ ვათავებ. 

ბოლოს საავადმყოფოში გადამიყვანეს, მერე აქ მოვედი [მთავრობის სახლთან], წამლის ფულის სათხოვნელად, დავიფიცე, 5 ლარი არ მაქვს მეთქი… არჩევნებზე ფულებს “აშიშინებდნენ” და მე რა მითხრეს იცით? შენ რომ ფული მოგცეთო მოქრთამვაში ჩაგვეთვლებაო და წამლის ფული არ მომცეს“.

მზია მეგრელიშვილი

საქართველოში, დახმარების მაძიებელი ოჯახები გადიან მათი ქონებისა და საცხოვრებელი პირობების შეფასების პროცედურას, რის მიხედვითაც ენიჭებათ კეთილდღეობის ქულა. შემწეობის მოცულობა ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების მიხედვით განსხვავდება და ოჯახის თითოეული (+16 წლის) წევრისთვის 30-დან 60 ლარამდეა. 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები, 16 წლამდე ასაკის თითოეულ წევრზე, თვეში 200 ლარს იღებენ.

მზია მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ქონებისა და საცხოვრებელი პირობების შეფასების პროცედურა ხშირად უსამართლოა:

„სოციალურ შემწეობას ვიღებდი 320 ლარს, გადამოწმება გამიკეთეს და ჩამომიყვანეს 200 ლარზე, ბინაში ცხოვრობ პრესტიჟულშიო. თუ პრესტიჟულში არ იცხოვრე და პირობები არ გექნება, მაშინ ბავშვს გართმევენ. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მითხარი, ორივე მხარეს ვართ დაჩაგრულები. ქირით ვცხოვრობ, ახლა გადასახდელი მაქვს“, – ამბობს ის.

მზია ამჟამად სოფელ ახალშენში ცხოვრობს და ქირაში 500 ლარს იხდის. „რომ შეხვიდე შიგნით, არ იცხოვრება, ფანჯრები არა აქვს, „ფეჩი“ არ მაქვს, ნორმალური აბანო არ მაქვს. მთავრობის დახმარებაზე კი არ მინდა ყოფნა, მივედი „იაფი სახლი“ რომ იყო, მაგრამ 500 ლარი ყოველთვიურად, როგორ გადამეხადა მითხარი, სამუშაო ხომ უნდა მქონდეს ისეთი, რომ მე ის გადავიხადო, არ მაქვს ის სამუშაოც და როგორ?“.

საქართველოს კანონმდებლობით ასევე გათვალისწინებულია დახმარება (340-დან 384 ლარამდე) შშმ ბავშვებისა და მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მარტოხელა დედები შშმ შვილებზე ზრუნვის მომატებული საჭიროების გამო ვერ ახერხებენ მუშაობას, ეს თანხა ოჯახის ზოგადი საჭიროებებზე იხარჯება.

38 წლის ილონა ლიჩევსკა სამი შშმ ბავშვის დედაა, ქმარს და ორ ტყუპ [8 წლის] გოგოს ეპილეფსია აქვთ. ოჯახი მეათე წელია ქირით ცხოვრობს. ოჯახის წევრების შშმ სტატუსით მიღებული პენსია მთლიანად ბანკის ვალში ეხარჯებათ, სოციალური შემწეობის [750 ლარი] უდიდეს ნაწილს კი ქირაში იხდიან. ილონა მთავრობის საბინაო პოლიტიკას აკრიტიკებს: 

„წარმოიდგინეთ ხელში მრჩება 100 ლარი, რა უნდა გავაკეთო? მითხარით, ჩვენნაირ ოჯახს მთავრობისგან ბინით უზრუნველყოფა არ ეკუთვნის? ეს აუცილებელია, ჩვენ რომ ახლა ბინა გვქონდეს, ვუმკურნალებდი ბავშვებს, ასე ძალიან ძნელია, ქირიდან ქირაში იხარჯება ფული. ველოდები 9 წელი. [„უსახლკაროთა“] აქციებშიც ვმონაწილეობ. ბოლოს რომ გავედი მთავრობის სახლთან, დამირეკეს და ერთჯერადად 3000 ლარი შემომთავაზეს, მაგრამ არ ავიღებ, სამი თვით რომ გადავიდე, მერე რა ვქნა?

ახლა ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ეტლში ზის, საოპერაციოა, 16 წლის გახდა და დაკარგა 200-ლარიანი დახმარება, ავადაა თუ არაა, მაგათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვიღებთ 700 ლარს სოციალურს, დღევანდელი დღიდან 600 ლარს ვიხდი ქირას, პლუს კომუნალურებს“, – ამბობს ილონა. 

ილონა ლიჩევსკამ ერთი თვეა, რაც მაღაზიაში მოლარე-კონსულტანტად დაიწყო მუშაობა, ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი გრაფიკით მუშაობს: „ერთ თვეა დავიწყე მუშაობა მაღაზიაში მოლარე-კონსულტანტად, ვმუშაობ დილიდან დილამდე, ყოველ მესამე დღეს. ხელფასი უნდა გამოვიდეს 850 ლარი. წარმოიდგინეთ ეპილეფსიან ადამიანს ვტოვებ სამ ბავშვთან ერთად, 24 საათი ტელეფონზე უნდა მყავდეს, პატარებს [8 წლის] შაქარიც უვარდებათ, ქმარიც ნერვიულობს, ხან წნევა ეწევა და დავრბივარ აქეთ-იქეთ. ქმარი რასაც [სამრეცხაოში] მუშაობს გზის ფულზე ვხარჯავთ, ამ ადგილიდან მარშრუტიც არ არის ისეთი, რომ ბავშვები დღის ცენტრში და სკოლაში ვატარო, ბევრი გაცდენა აქვთ, არ მყოფნის გზის ფული“, – ჰყვება ის.

ილონა ლიჩევსკა, ფოტო “ბათუმელების” არქივიდან | 2023

საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობებიც გასცემენ სხვადასხვა სახის დახმარებას, სხვადასხვა მოწყვლადობის მქონე ადამიანებზე, მაგრამ სისტემა, რომელიც თავს მოუყრიდა სოციალური ბენეფიტებისა და მათი მიმღებების შესახებ ინფორმაციას – არ არსებობს.

„ცალკეული კვლევა აჩვენებს, რომ მუნიციპალური პროგრამების დიზაინი და სამოქმედო არეალი მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება, თუმცა ძირითადი ნაწილი გარკვეული ჯგუფებისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს. საგულისხმოა, რომ ხშირ შემთხვევაში მუნიციპალურ სოციალურ სერვისებში ჩართვა სოციალურად დაუცველი ოჯახების ქულებზეა მიბმული, რაც საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა დარჩენილ ადამიანებს მხარდაჭერის გარეშე ტოვებს“, – ვკითხულობთ სსც-ის დოკუმენტში.

სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსების პოლიტიკა, კიდევ ერთი კომპონენტია, რითაც ევროკავშირი ოჯახების მხარდაჭერას ცდილობს – იმისთვის, რომ მშობლებმა უკეთ დააბალანსონ სამუშაო და ოჯახური ცხოვრება, თანაბრად მოახერხონ ზრუნვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების გადანაწილება, ევროკავშირი სხვადასხვა დირექტივით არეგულირებს სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ უფლებებსა და გარანტიებს.

ოჯახისა და სამუშაოს შეთავსების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით, ორივე მშობლისთვის გათვალისწინებულია ბავშვის მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულების უფლება, რომლის ხანგრძლივობაც შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან, თუმცა გამოწვევად რჩება კერძო სექტორში დასაქმებულების ფინანსური გარანტიები – დამსაქმებლებისთვის ნებაყოფლობითია შეუნარჩუნებენ თუ არა ხელფასს ასეთ დასაქმებულს; არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალები/ოჯახები კი საერთოდ მხარდაჭერის მიღმა რჩებიან.

ოჯახური ცხოვრების შრომასთან დაბალანსების ნაწილში, მნიშვნელოვანი როლი აქვს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კომპონენტს, ვინაიდან ბავშვებზე ზრუნვა და შინშრომა დიდ გავლენას ახდენს ქალების დასაქმებაზე. 2022 წელს, ჩატარებული დროის გამოყენების კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები შინშრომაში დაახლოებით, 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები.

მაგალითად, ესტონეთში ბავშვებს შეუძლიათ 1.5 წლის ასაკიდან მიიღონ ადრეული განათლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არასავალდებულოა, ბავშვების 94.6% დადის სკოლამდელ დაწესებულებაში. ადრეული განათლების ცენტრების 96% საჯაროა, ისინი ფინანსდებიან ბიუჯეტიდან, ასევე მშობლების შენატანებიდან და დონაციიდან. 

ლიეტუვაში ადრეული განათლების სისტემა ორ ნაწილს მოიცავს – დაბადებიდან 5 წლამდე არასავალდებულო ხასიათის მქონეა, სკოლის მოსამზადებელი პერიოდი, სადაც მშობლების კონტრიბუცია მხოლოდ ბავშვის კვების თანხაა; 5-7 წლამდე კი, დაწყებითი კლასისთვის მოსამზადებელი სავალდებულო პერიოდია, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებაზე. საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისი ნებაყოფლობითია და ვრცელდება ბავშვებზე 2-6 წლის ასაკამდე. 

სსც: ესტონეთში, 2023 წელს ქალების მონაწილეობა შრომის ბაზარზე 75.4% იყო, ლიეტუვაში – 72.6, რაც უსწრებს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (65.7%). საქართველოში 2022 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებისთვის მხოლოდ 35.4 პროცენტია, 58.5 პროცენტი კი სამუშაო ძალის გარეთაა და შრომით ბაზარზე ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან.

ევროკავშირში, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ნაწილია უმუშევრობისას ხელფასის გარეშე დარჩენილი ადამიანების უზრუნველყოფა მინიმალური შემოსავლით. ესტონეთში არსებობს უმუშევრობის შემწეობა, მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური ან სამუშაო ადგილის შეცვლაზე ფიქრობს (დღეში 11.7 ევრო). ლიეტუვაში მუშაობს უმუშევრობის დაზღვევის სისტემა, ის დაფინანსებულია უმუშევრობის დაზღვევის ფონდიდან, რომელიც ივსება დასაქმებულისა და დამსაქმებლის ყოველთვიური შენატანიდან. საქართველოში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის ასეთი სოციალური დაცვის გარანტიები არ არსებობს.

ოჯახების დაცვასთან დაკავშირებული სოციალური გარანტიების, მათ შორის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და პენსიების შესახებ ინფორმაციის ნახვა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიხევდით, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

___

მთავარი ფოტო: გაფუჭებული მაცივარი ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლიდან. 2024 წლის ოქტომბერი.

 


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: