მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა არის აუტიზმი ASD | მშობლების გზამკვლევი

01.04.2022 • 6935
რა არის აუტიზმი ASD  | მშობლების გზამკვლევი

აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. აუტიზმის, აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) შესახებ მრავალი კითხვა არსებობს. რით ხასიათდება აღნიშნული მდგომარეობა და როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ჩვენს ახლობელს ASD დაუდგინდა. 

ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ თერაპევტები მარიამ ათაბაგი და ნინო დოლიძე ისაუბრებენ აუტიზმის შესახებ:

რა არის აუტიზმი / აუტისტური სპექტრი?

მარიამ ათაბაგი: აუტისტური სპექტრის აშლილობა, იგივე ეი-ეს-დი (ASD) არის განვითარების ნეირო-ბიოლოგიური დარღვევა, რომელიც ხასიათდება სპეციფიკური გამოწვევებით სოციალურ კომუნიკაციაში, ასევე ინტერესთა სფეროს ერთფეროვნებით  და განმეორებითი ქცევითი პატერნით.

მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა და არა დაავადება. ხოლო ინტერვენციები არ გულისხმობს მკურნალობის მეთოდებს, რადგან აუტიზმი მკურნალობას არ ექვემდებარება. ეს არის მდგომარეობა, რომელიც უნარჩუნდება ადამიანს ცხოვრების ბოლომდე და ნებისმიერი ტიპის ჩარევა მიმართულია არა განკურნებაზე, არამედ, ამ მდგომარეობის პირობებში საზოგადოებაში ადაპტაციაზე.

დღეისთვის არ გამოიყენება ტერმინი “აუტისტი”, ეთიკურია ვთქვათ, აუტიზმის მქონე / აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანი.

რაც შეეხება აუტისტური სპექტრის ცნებას, მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმს გააჩნია ბაზისური კლინიკური ნიშნები, ასევე არის ძალიან კომპლექსური და თითქმის ყველა შემთხვევისას ის ხასიათდება ინდივიდუალური ნიშნებით, ძლიერი მხარეებითა და გამოწვევებით. ამიტომ მიჩნეულია, რომ ის მოიცავს სხვადასხვა ნიშნების სპექტრს.

არსებობს მითები, რომ აუტიზმს იწვევს ვაქცინაცია ან ტყვიით მოწამვლა, თუმცა ამ დრომდე კვლევებით არ დასტურდება ეს ინფორმაცია. აუტიზმს ამჟამინდელი ცნობებით იწვევს ძალიან სპეციფიკური გენეტიკური მოცემულობისა და გარემო ფაქტორების კომბინაცია. 

ნინო დოლიძე: ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის ქოლგის ქვეშ მოიაზრება, როგორც ცალკე აუტიზმი, ასევე ასპერგერის სინდრომი და პერვაზიული აშლილობა. 

როგორ ამოვიცნოთ აუტიზმი?

მარიამ ათაბაგი: არამხოლოდ აუტიზმის შემთხვევაში, ზოგადად, როცა კი ორსულობის მომენტი დგება, მნიშვნელოვანია, მშობლები გაეცნონ განვითარების სტანდარტს. რა ასაკში როგორ იქცევა ბავშვი, რისი ცოდნა და კეთება მოეთხოვება მას კონკრეტულ ასაკში. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია და დაინტერესებულ პირებს ონლაინაც შეუძლიათ მოძიება და შემდგომ უკვე უშუალოდ ბავშვზე დაკვირვება.

შესაძლებელია განვითარების შეფერხება 1 წლის ასაკშიც შესამჩნევი იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში  2-3 წლიდან უფრო თვალსაჩინო ხდება სურათი, რომლის დროსაც შესაძლებელია ეჭვები გაგვიჩნდეს და მივმართოთ სპეციალისტს.

ნინო დოლიძე: პირველი საფუძველი, რის გამოც ბავშვი უნდა მიიყვანონ ჯანდაცვის პირველად რგოლში ან თუნდაც პირდაპირ ფსიქოლოგთან, ეს არის მშობლის, თუნდაც მცირეოდენი ეჭვი. ეჭვის გაჩენისას არ არის საკმარისი გადაამოწმოთ ის სხვა მშობლებთან და გაიზიაროთ მათი გამოცდილება.  ხშირად, ინფორმაცია, რომელსაც სხვა მშობლები გაწვდიან შეიძლება არ იყოს ზუსტი, რადგან ეს მათ კონკრეტულ გამოცდილებას ეყრდნობა, ამიტომ უმჯობესია ყველა ეჭვი გადამოწმდეს უშუალოდ სპეციალისტთან.

რა ნიშნებით ხასიათდება ASD?

მარიამ ათაბაგი: პირველი ნიშნები, რამაც მშობელს ეჭვი უნდა გაუჩინოს შემდეგია: მზერითი კონტაქტის ნაკლებობა ან არარსებობა, ასევე სახელზე რეაგირების არქონა, ის, რომ ბავშვი არაფუნქციურად, არაინტერაქციულად თამაშობს/იყენებს სათამაშოებს, მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მანქანა გამოგიგოროს, მანქანებს სპეციფიკური თანმიმდევრობით ალაგებს. ეჭვის საფუძველია ვიწრო ინტერესთა სფეროც, ასევე განმეორებადი ქცევის პატერნი, როგორიცაა: ხელის მტევნის ტრიალი, ფეხიდან ფეხზე რწევა, ტრიალი ოთახის გარშემო.

ზოგადად, ამგვარი განმეორებადი ქცევები ყველაზე გავრცელებული მახასიათებელია განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. ასევე აღსანიშნავია ექოლალიები. ექოლალიებს ვეძახით შემთხვევას, როცა ბავშვი აქტიურად იმეორებს ნათქვამს.

ასევე უნდა ითქვას, რომ ხშირია შემთხვევები, როცა 2 წლამდე ბავშვებში მიდის ტიპური განვითარება და ორი წლის შემდეგ ხდება უნარების რეგრესი. მაგალითად, შეიძლება 2 წლის შემდეგ ბავშვმა მოუკლოს სიტყვების თქმას და უკვე შემდეგ გამოიხატოს აუტიზმისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები.

რაც შეეხება უშუალოდ კომუნიკაციას, საგულისხმოა, თუ ბავშვს მეტყველების დაწყებამდე უშუალოდ არავერბალური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება უჭირს, მაგალითად საგნის თითით ჩვენება, ხელის დაქნევა მისალმებისას და ასე შემდეგ.

ძირითადად ყალიბდება, როგორც სოციალური კომუნიკაციის ნაკლებობა, როცა ბავშვი არ შედის ინტერაქციაში ოჯახის წევრებთან, ასევე პირიქით, არადიფერენცირებული სოციალური ინტერაქციის მაღალი მოთხოვნილება. ამ შემთხვევაში ბავშვს უცნობ, ქუჩაში გამვლელ ადამიანთანაც იმავე ტიპის ურთიერთობის გაბმა სურს, როგორც ეს ახლობლის შემთხვევაში ხდება.

აუტიზმის შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა ბავშვს მეტყველება განვითარებული აქვს, მეტყველება არის ერთფეროვანი, არაფუნქციური და ეყრდნობა ძირითადად გამეორებებს, ანუ ექოლალიებს.

ტექნიკური გზა ჯანდაცვის რგოლში

მარიამ ათაბაგი: მშობლის/აღმზრდელის მიერ აუტისტური სპექტრის ნიშნების იდენტიფიცირების ან/და პედიატრთან გეგმური შემოწმების საფუძველზე, ბავშვის გადამისამართება ხდება ნევროლოგთან. 

აუტიზმის დიაგნოსტირება ხდება ნევროლოგისა და ფსიქიატრის მიერ, არსებობს შეფასების ინსტრუმენტი „ადოსი“ (ADOS – აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების სკალა). „ადოსი“ ითვლება ოქროს სტანდარტად და სწორედ მის საფუძველზე, საერთო შეფასებით ხდება დიაგნოზის დასმა. დაახლოებით 2 წლიდან დიაგნოზის სანდოობა იზრდება. 

ნინო დოლიძე: მშობელს შეუძლია პირდაპირ ფსიქოლოგთანაც მიიყვანოს ბავშვი და უკვე ნაადრევადვე დაიწყოს შესაბამისი სერვისის მიწოდება მისთვის. რადგან ხანდახან ხდება შემთხვევები, როცა პედიატრები მშობლებს მოცდას და უფრო ხანგრძლივ დაკვირვებას ურჩევენ. ამ შემთხვევაში მოცდა დასაშვებია, თუ ბავშვი ჯერ ვერ მეტყველებს ან მეტყველებს მარცვლებით, თუმცა ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და შეუძლია დასახელებული საგნების ჩვენება. სხვა შემთხვევაში, უმჯობესია მალევე მივმართოთ სპეციალისტს, თუნდაც 1 წლის ასაკში.

იხსნება თუ არა დიაგნოზი?

მარიამ ათაბაგი: ეს არის მდგომარეობა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მიყვება ადამიანს და საჭიროებს სისტემურ, ცვალებად, რუტინულ მიდგომებს. დიაგნოზის მოხსნა ნიშნავს, რომ აუტიზმისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები შესუსტებულია და მართულია იმდენად, რომ ის არ უშლის ხელს ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში. 

რა სერვისები არსებობს რეგიონში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის?

ნინო დოლიძე: თუ მშობელს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, მას შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრს, აიღოს უფასო ვაუჩერი, რომელსაც გამოიყენებს ფსიქიატრთან პირველადი კონსულტაციისას. ვაუჩერი ასევე მოიცავს „ადოსით“ კვლევის შესაძლებლობას.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დიაგნოზი დაუდგინდება, შემდეგ უკვე გვაქვს სამი ძირითადი პროგრამა, რომლითაც შეუძლია მიიღოს შესაბამისი სერვისები. ეს პროგრამებია: ბავშვთა ადრეული განვითარების ინტერვენცია, რაც მოიაზრებს თვეში 6 ან 8 ვიზიტს ადრეული განვითარების სპეციალისტთან. ასევე გვაქვს ბავშვთა ბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამა და მესამე – აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა მოიაზრებს თვეში 20 ვიზიტს ქცევის თერაპევტთან.

რას გულისხმობს ქცევითი თერაპია იგივე ეი-ბი-ეი (ABA)?

ნინო დოლიძე: ეი-ბი-ეი არის ემპირიულად დადასტურებული ინტერვენცია, რომელიც ყველაზე დიდ შედეგს აჩვენებს აუტიზმისა და სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებში, მოზრდილებსა და ზრდასრულებშიც კი.

ABA-ს პროგრამით სარგებლობა ჩვენს რეგიონში შეუძლიათ 2-დან 18-წლამდე აუტიზმის მქონე პირებს.

დაფინანსების მიღება შეიძლება ქალაქის მერიისგან (მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებული პირებისთვის) ასევე ჯანდაცვის სამინისტროსგან (აჭარის მასშტაბით).

უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მარტივია ამ პროგრამებით სარგებლობა. მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ბავშვის ფორმა 100, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, ADOS-ის კვლევის შედეგები და ასევე ქალაქში რეგისტრაციის ცნობა (მერიაში წარდგენის შემთხვევაში).

ადრეულ ასაკში, 3 წლამდე, დაწყებული ინტერვენცია სამომავლო პერსპექტივაში უფრო დიდ შედეგებს გვპირდება. ასეთ შემთხვევაში ბავშვებს აქვს უფრო მეტი შანსი, ზრდასრულობამდე გამოიმუშაონ ყველა ის ფუნქციური უნარი, რაც მათ დამოუკიდებელ ცხოვრებაში გამოადგებათ.

ზოგადი რეკომენდაციები

ნინო დოლიძე: ბავშვის რესურსი, ძლიერი მხარეები, კარგი სპეციალისტი და სწორად მიწოდებული თერაპია ოჯახის ჩართულობასთან ერთად ის ძირითადი საკითხებია, რომლის შესახებაც ჩვენთან მოსულ მშობლებს ვესაუბრებით. ოჯახის, განსაკუთრებით მშობლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ეს მოიცავს იმას, რომ მათ დრო გაატარონ ბავშვებთან, ეთამაშონ ბურთით, მანქანით, იმ სათამაშოებით, რაც ბავშვს ყველაზე მეტად მოსწონს, გაუხმოვანონ სამყაროს ხმები, ელაპარაკონ და ასევე ჩართონ ისინი ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობაში, წაიყვანონ სტუმრად, სხვადასხვა დღესასწაულზე და ასე შემდეგ.

მარიამ ათაბაგი: საცხოვრებელი სივრცე უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ ბავშვს განუვითარდეს სხვადასხვა ტიპის ინტერესი; არ არის აქ საუბარი ძვირადღირებულ სათამაშოებზე, მაგრამ რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თამაშისთვის განკუთვნილი ატრიბუტები, მით უკეთესი იქნება ბავშვის განვითარებისთვის.

ნინო დოლიძე: ასევე კარგი იქნება, თუ სათამაშოებს განალაგებთ ქვედა, ღია თაროებზე და ბავშვს ექნება საშუალება თავისი ინიციატივით აირჩიოს სათამაშო, გაუზიაროს ის და-ძმას, მეგობრებს თუ ოჯახის წევრებს.

მარიამ ათაბაგი: რაც შეეხება ტელევიზორთან და სხვა ინფორმაციის მიღების პასიური წყაროსთან ურთიერთობას, რომელიც არ ითხოვს ადამიანისგან უშუალო ჩართულობას და ინტერაქციას შეიძლება არათუ ხელი შეუშალოს ბავშვის განვითარებას, ასევე უკან დახიოს განვითარების პროცესი. მაგალითად, ტექნიკის ხანგრძლივი გამოყენებისას თავს იჩენს მეტყველების შეფერხება ან უცხო ენაზე ალაპარაკება.

სწორედ იმითაა განსაკუთრებული მოვლენა თამაში, რომ ადრეულ ასაკში ბავშვს უჩენს კომუნიკაციის, ემოციური კავშირების დამყარების სურვილს და მოთხოვნილებას. 

მარტივი მეცნიერული მიდგომაა, რომ თუ ბავშვს ვუქმნით გარემოს, სადაც ხედავს საჭიროებას თავისი ემოციური რესურსის კომუნიკაციის უნარებად გარდაქმნაში, ეს ეხმარება განვითარების პროცესს. მეტი შანსია, რომ ბავშვი დედას დაუძახებს თამაშისას, ვიდრე ტელევიზორის ყურებისას, როცა მშობელი მეორე ოთახშია.

ნინო დოლიძე: შემიძლია დავამატო ის, რომ ფსიქოლოგების რეკომენდაციაა, ორ წლამდე ბავშვებმა საერთოდ არ გამოიყენონ გაჯეტები, ორი წლიდან შეიძლება ძალიან მცირე დროით.

მნიშვნელოვანია, ჩავურთოთ ისეთი გადაცემები, რომელიც არის რეალისტური. მაგალითად, თუ გვინდა ვასწავლოთ ცხოველების სახელები, მოვასმენინოთ მათი ხმები, ჩავურთოთ ისეთი ვიზუალური მასალა, სადაც ნამდვილი ცხოველია ნაჩვენები. ასევე თუ რამე გადაცემას, სიმღერას ჩავურთავთ, მნიშვნელოვანია ეს იყოს ბავშვის მშობლიურ ენაზე.

მშობლის მხარდაჭერა:

მარიამ ათაბაგი: მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი პროგრამა პირდაპირი გზით მშობლების მხარდაჭერას არ ითვალისწინებს, საბოლოო ჯამში იქმნება ზოგადი მხარდამჭერი სისტემა, რომელიც ეხმარება მშობლებს რიგი გამოწვევების გადალახვაში. ასევე თერაპევტები ყოველთვის მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ მშობლებს და, შესაბამისად, გააძლიერონ ისინი. 

ნინო დოლიძე: რა თქმა უნდა, შვილის შესახებ ნებისმიერი დიაგნოზის გაგება ყველასთვის სტრესულია. მით უმეტეს, როცა აუტიზმის შემთხვევაში ნიშნები გამოვლენას იწყებს დაახლოებით 2 წლის შემდეგ.

ამ დროს პირველი რეაქცია, რასაც მშობლები ვხვდებით, არის უარყოფა, იწყებენ გამართლების ძებნას, თუ რატომ არ უყურებს ბავშვი თვალებში ან რატომ არ საუბრობს, მაგრამ შემდეგ მივდივართ იმ ეტაპამდე, როცა მშობელი იაზრებს ბავშვის მდგომარეობას, ეძებს ინფორმაციას დიაგნოზის შესახებ და ასევე გზებს, თუ როგორ ჩაერთოს ბავშვის განვითარებაში სრულად. მშობლის ფსიქო-განათლება თერაპევტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და მიზანია. 

აქვე მინდა აღვნიშნოთ, რომ აპრილი არის აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე. ეს ძალიან კარგი დროა წავიკითხოთ მეტი აუტიზმის შესახებ, ვუყუროთ ფილმებს და გავეცნოთ აუტიზმის მქონე ადამიანების ცხოვრების ისტორიებს, წავიკითხოთ მათი დაწერილი წიგნები, ასევე ვესაუბროთ სხვებს და გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება აუტიზმის შესახებ.

დღეს მსოფლიოში და საქართველოშიც ადამიანებმა უკვე იციან აუტიზმის შესახებ, მშობლები ჩართული არიან მუშაობის პროცესში, ასევე განათლების სისტემაში დანერგილია ინკლუზიური მიდგომები, თუმცა ამის ფონზეც უფრო მეტად არის საჭირო აუტიზმის მქონე ადამიანების მიღება და მათი ჩართვა სოციალურ ცხოვრებაში. მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სახელოვნებო, სპორტული წრეებში გაწევრიანებაზე, შემდგომ ზრდასრულ ცხოვრებაში კი დასაქმების პერსპექტივებზე.

„გაანათე ლურჯად, გაანათე სიკეთით“ არის ამ თვის სლოგანი. ლურჯი არის აუტიზმის სიმბოლო და ასოცირდება სიმშვიდესთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: