რატი თვალაძე 17 წლისაა, გასულ წელს ის კლუბ „სინერგიაში“ დადიოდა თერაპიულ შეხვედრებზე და ცდილობდა ემოციების მართვა ესწავლა. შედეგს ორი სიტყვით ასე აფასებს: „სინერგიაში“ რომ არ მოვსულიყავი, არ ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც ახლა ვარო.
კლუბი „სინერგია“ არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი, რომელიც უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს.
„მენტალური ჯანმრთელობა არის ერთ-ერთი პირველი რამ, რაზეც ადამიანმა უნდა იზრუნოს. ლუკასთან, ჩემ ფსიქოლოგთან კონტაქტი ძალიან მსიამოვნებდა. პირველ სეანსზე „ჩაკეტილი“ ვიყავი, თუმცა მეორე-მესამე მოსვლა უკვე ბოლომდე გავიხსენი ჩემს ფსიქოლოგთან და ყველა საკითხი განვიხილე, რათა გადამელახა აგრესიის პრობლემები. რამდენიმე სეანსის შემდეგ გავხდი უფრო სოციალური პიროვნება და გამიადვილდა ადამიანებთან კონტაქტი, ამასთან მივიღე ფსიქოგანათლებაც, ვისწავლე ემოციების მართვაც.
აქ მოსვლით ჩემი იმედები იმაზე მეტად გამართლდა, ვიდრე ველოდი. მენტალურად უფრო და უფრო უკეთ ვიყავი ყოველი სეანსის შემდეგ. ეს სეანსები რომ არა, ის ადამიანი არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ, რადგანაც საკუთარ თავში ის უნარები აღმოვაჩინე, რაც მანამდე არ ვიცოდი, რომ მქონდა“.
„მთავრობამ, ჩემი აზრით, უნდა დააფინანსოს მსგავსი პროექტები ან თავისი მენტალური მხარდაჭერის კლუბები შექმნაც, როგორც სინერგიაა მაგალითად“, – ამბობს რატი.
ლუკა გაფრინდაშვილი კლუბ “სინერგიას” ფსიქოლოგია. მისი თქმით, „სინერგიაში“ შექმნილი მეგობრული გარემო ნაწილია იმ ჩანაფიქრის, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე მოურიდებლად დაიწყოს.
“ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე ჯანმრთელობა არ არსებობს და ამ მხრივ მადლიერება შეიძლება გამოვუცხადოთ ევროკავშირს და ჩვენ დასავლელ პარტნიორებს იმისთვის, რომ 2019 წლიდან აქტიურად გვიჭერენ მხარს – გვაძლევენ საშუალებას ბათუმსა და თბილისში გვქონდეს მსგავსი სახის ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ უფასოდ იზრუნონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ გამოწვევებზე.
ვინაიდან ჩვენი სერვისი 14-25 წლის ასაკის ადამიანებისთვისაა, ჩვენთან მოდიან კლიენტები, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ რაიმე სახის მძიმე სირთულეები და ხშირ შემთხვევაში არის კითხვები, სწორად მოვედი თუ არა. პირიქით, ჩვენი სერვისი ამაზეა გათვლილი, რომ როდესაც ცალკეული სიმპტომები, მცირე სახის პრობლემები არსებობს, გავაცნობიეროთ, რომ არ არის სირცხვილი ასეთ დროს მიმართოს სპეციალისტს.
ვიცით, რომ ეს კონკრეტული წლები (14-25) ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე პერიოდია ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. ვიცით, რომ მცირე სახის გამოწვევები იწყება ამ ასაკში და ასევე ვიცით, რომ ამ ასაკში პრევენციული ჩარევები, სწრაფი რეაგირება ძალიან ეფექტურია იმისთვის, რომ არ დამძიმდეს პრობლემა და არ გადაიზარდოს ფსიქიკურ აშლილობაში.
ის, რომ სერვისი არის უფასო, ხელ-ფეხს უხსნის ძალიან ბევრ ადამიანს, რომ მოვიდეს. თუმცა ამჟამად მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მაღალი მოცდის რიგია. სერვისი საკმარისი არ არის და ადამიანებს სერვისის მისაღებად უწევთ მომლოდინეთა რიგში დგომა.
ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან სახელმწიფოს უზრუნველყოფს ჩვენ სერვისებს, როგორც წარსულში მოხდა ეს – მაგალითად 2013 წელს, როცა „ოჯახსა და ბავშვზე ზრუნვის ცენტრი“ შეიერთა განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალურმა სამსახურმა”, – ამბობს ლუკა.
„კლუბი სინერგია“ ფუნქციონირებს ფონდის ბაზაზე – „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“. პროექტის მხარს უჭერს ევროკავშირი – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ ფარგლებში.