„მე პიარს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე“- განაცხადა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სხვა გმირების შესახებ 16 აპრილს, სატელევიზიო ინტერვიუში.
რატომ ცდილობს გმირობის გაუფასურებას ირაკლი კობახიძე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ისტორიკოს ბექა კობახიძეს ესაუბრა.
- ბატონო ბექა, წულუკიანის შემდეგ, გმირობის გაუფასურება სცადა კობახიძემაც. რა ტიპის პროპაგანდაა ეს, რაზე მუშაობს ირაკლი კობახიძე?
ორი რამ არის.
მარტივად არის ამბავი – იდეალი უნდა იყოს გასწორებული, ანუ ერთ ხაზზე უნდა მიდიოდეს იმასთან, რაც არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა.
თუ „ოცნებას“ აქვს პოლიტიკა, რომ ვუწვებით რუსეთს, არ შეიძლება იდეალი იყოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თავგანწირული ადამიანი. ეს წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ ამის ნიველირება უნდა მოხდეს, უნდა ჩაითვალოს, რომ ანწუხელიძის სიცოცხლე უაზროდ დამთავრდა, რომ ეს არ არის საჭირო და ასე შემდეგ.
მეორე – ეს არის მესიჯი შიდა აუდიტორიისთვის, ქართველებისთვის, ხოლო მეორე მესიჯი არის რუსებისადმი, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვახალისებთ და არ არის ეს ჩვენი იდეალი. პირიქით, ვცდილობთ ამის ნიველირებას და თქვენიანები ვართ.
არ ვამბობთ, რომ რუსებმა დახოცეს ქართველები 9 აპრილს, რომ ანწუხელიძის თავგანწირვა რუსებთან წინააღმდეგ ომში არის სამაგალითო; ე.წ. კომისიაზე ვიბარებთ და ვტუქსავთ ქართველ სამხედროებს და რომ გავიხსენოთ – 1921 წლის ოკუპაციისას რუსეთს არ ახსენებენ, საბჭოთა ჯარი იყოო – ამბობენ. არადა საბჭოთა კავშირი შეიქმნა 1922 წელს და 21-ში საბჭოთა კავშირი კი არ დაესხა საქართველოს, თავს დაესხა საბჭოთა რუსეთი და საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
ეს ისტორიის გადაწერის ამბავია.
2021 წელს იყო 100 წლისთავი ოკუპაციის, რომელიც არანაირად არ აღნიშნეს, შემოიფარგლნენ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით. ჩვენ გვაქვს ხოლმე დებატი აგვისტოს ომზე, ხომ?! რუსები და „ოცნება“ ამბობენ, რომ ომი დაიწყო 8 აგვისტოს და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო 7 აგვისტო.
ანალოგიური დისკუსია არის ისტორიულ პერსპექტივაზეც. ანუ, რეალურად რაც მოხდა ისტორიაში, რომ 1921 წლის 12 თებერვლის ღამეს, ლორეში, იყო ინსცენირებული აჯანყება, რომელშიც თავიდანვე მონაწილეობდა საბჭოთა რუსული წითელი არმია და შემდეგ, უკვე 16 თებერვალს, საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აჯანყებულების დასახმარებლად ვერთვებით ბრძოლაშიო, მაგრამ სინამდვილეში, მთელი ეს 4 დღე, 12 თებერვლიდან მოყოლებული ისინი იბრძოდნენ.
თქვენ ვერ ნახავთ ქართულ ისტორიულ წიგნს, რომელიც ამბობს, რომ 16 თებერვალს ჩაერთო რუსეთი ამ ბრძოლაში. და აი, 2021 წელს ღარიბაშვილმა დაწერა განცხადება, რომ 16 თებერვალს ჩაერთო რუსეთი ბრძოლაში.
- როგორ ფიქრობთ, „ოცნება“ თავად არის ისტორიის გადაწერის ინიციატორი, თუ მიჰყვება კრემლის მითითებებს?
მე ნამდვილად არ მაქვს და ვერ მექნება „ქართულ ოცნებასა“ და კრემლს შორის კომუნიკაციისა და მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, მაგრამ ფიზიკურად რომ მოენდომებინა „ქართულ ოცნებას“, რომელიმე ქართულ წიგნში ენახა, რომ ეს ამბავი დაიწყო 16 თებერვალს, ვერ ნახავდა.
ანუ, თუ ამას არ დაუწერდნენ რუსეთიდან, ფიზიკურად ვერ ნახავდნენ ასეთ დოკუმენტს.
შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ჩემი დასკვნაც, რომ ეს არის პირდაპირ რუსეთიდან წამოსული.
- კობახიძე ამბობს ასეთ რამეს – „ჩვენ რომ ჩავიდინოთ იგივე ღალატი“ – აგვისტოს ომს გულისხმობს, „რამდენიმე ასეული გმირი ეყოლება ქვეყანას“, ანუ ღალატს უწოდებს სამშობლოს დაცვას და მტერთან ბრძოლაში სიკვდილს?
ძალიან მარტივი რამეა აქ, ესენი მთლიანად გადაწყობილი არიან რუსულ მესიჯებზე, იმაზე, რასაც ახლა რუსეთი უკრაინისგან ითხოვს – დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია, დასავლეთისგან ჩამოშორება, უკრაინის ნეიტრალიზაცია და სხვა; ის, რომ ამ ომის შემდეგ დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ და ასე შემდეგ. ესენი აქ ყველაფერს აკეთებენ თავიანთი ინიციატივითაც, რუსეთის საამებლად.
2008 წლის აგვისტოს ომის აღწერა უნდა ემთხვეოდეს რუსულ აღწერას. უნდა ხასიათდებოდეს იმავენაირად და ამავე დროს, „ომის დამნაშავეები“ უნდა გასამართლდნენ.
ამიტომ იღძვრება ახლა სისხლის სამართლის საქმეები, ქართველ სამხედროებს ამ „გამოძიებაზე“ დაატარებენ.
- მაგრამ შიდა აუდიტორიასაც ხომ ესმის ის, რომ თურმე ანწუხელიძე აგენტურის დავალების შესრულებას შეეწირა?
შიდა აუდიტორიისთვის არის „ხარება“ და პოლიციის „დუბინკების“ თავში რტყმა.
საინფორმაციო სივრცეზე ლამის მონოპოლია აქვთ და ახლა თავისუფალ მედიაზე შეტევით სრული მონოპოლიზაცია უნდათ, მოკლედ, პასუხის გამცემი აღარავინ აღარ უნდა დარჩეს ქვეყანაში და მერე დანარჩენ მასას დაელაპარაკებიან და მოასმენინებენ იმას, რაც თვითონ უნდათ.
- საზოგადოების ნაწილი, ვინც აცნობიერებს „ოცნების“ და რუსეთის მიზნებს, თვეებია დგას ქუჩაში და იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ არსებობს მეორე ნაწილიც, ვისზეც გავლენას ახდენს პროპაგანდა – „აბა ომი გინდა?“ ამას ემატება ისიც, რომ ყველას, ვინც იღებდა დასავლეთის ფინანსურ მხარდაჭერას, გამოაცხადეს აგენტად. რა რჩება საზოგადოებას იმისთვის, რომ დაამარცხოს აქ რუსეთი?
ასე იყო 30-იან წლებში, ვინც გასამართლდა, ყველა აგენტობისთვის იყო გასამართლებული, იქნებოდა ეს მიხეილ ჯავახიშვილი, ახმეტელი თუ სხვები და სხვები.
ამ ბრძოლაში ვისი იმედიც უნდა გვქონდეს, არის უკრაინის არმია, რომელმაც უნდა დაამარცხოს რუსეთი. რუსეთის დამარცხების გარეშე ძალიან ძნელი იქნება ჩვენი ბრძოლა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და ჩვენ უნდა ვისხდეთ და ვუყუროთ როგორი იქნება ხვალინდელი დღე და პასიური დამკვირვებლების როლში დავრჩეთ.
საქართველოში, სადაც ვართ, ყველგან ჩვენი წილი წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ. არა მხოლოდ რუსთაველზე, ჩვენს უბანში იქნება თუ სამსახურში, ჩვენი მართალი სიტყვა უნდა ვთქვათ და ვამხილოთ რეჟიმი.
თუ უკრაინელები იბრძვიან სანგარში, საბედნიეროდ ჩვენ სანგარში არ ვართ, მაგრამ ოკუპანტი შემოსულია ქვეყანაში, ასე უნდა ვუყუროთ ამას და როგორც უკრაინელები იღებენ მსხვერპლს, ჩვენც გვიწევს მსხვერპლის გაღება, ხომ?! ვიღაც სამსახურს კარგავს, ათეულობით ადამიანი ციხეშია, ზოგს უზარმაზარ ჯარიმებს უწერენ და ასე შემდეგ.
მესმის, რომ საშინელებაა ესეც, მაგრამ სამშობლოში არის მტერი შემოსული და ისე ეს ამბავი არ გამოვა.
ჩვენ თუ მოგვწონს ისტორიაში ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ამბროსი ხელაია, ახლა ჩვენ ვართ ამ ისტორიაში და თუ ისინი ამ ისტორიაში მოგვწონს, ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს, ჩვენი საქციელიც მოეწონოთ ისტორიაში.
- „ოცნების“ პროპაგანდისტული პოლიტიკა გადასწვდა სკოლებს, უნივერსიტეტებს და ჩვენ გაცილებით ნაკლებ სტუდენტს ვხედავთ გარეთ, ვიდრე ეს იყო თვეების წინ. რატომ მოხდა ასე თქვენი აზრით?
ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლა ისტორიაში არასდროს არ ყოფილა კომფორტის ზონა. რეჟიმებთან და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას მოაქვს არა მხოლოდ დისკომფორტი, ხანდახან – მსხვერპლიც.
ამიტომ, ისტორიაში ყოველთვის ერთეულები, ათეულები და ასეულები არიან, რომლებიც ასე იქცევიან. მასა ყოველთვის იქცევა ისე, რომ ინარჩუნებს საკუთარი კომფორტის ზონას, ასე იყო ეს 20-იან წლებშიც, 30-იან წლებშიც და თუ გნებავთ, თერგდალეულების დროსაც. მაგრამ ისტორიას სხვა ხალხი დარჩა. ისტორიას დარჩა ის ერთეულები, ვინც ამ წინააღმდეგობას წევდნენ.
ამიტომ ეს ნუ დაგვთრგუნავს, აქ სიახლე არაფერია და ყველამ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.






