22 წლის ანრი მახარაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს – ანრის სასწრაფოდ სჭირდება თირკმლის გადანერგვა. ის ამჟამად სტამბოლში იმყოფება, სადაც გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას ელოდება.
„ის ჩემი ერთადერთი შვილია და ახლა მისი ცხოვრება დიდ საფრთხეშია. ანრი ამჟამად სტამბოლში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში.
სამწუხაროდ, თურქეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანრის სჭირდება არა მხოლოდ თირკმლის, არამედ შარდის ბუშტის გადანერგვაც, რაც პროცედურას კიდევ უფრო ართულებს და აძვირებს“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანრის დედამ, ნატალია მახარაძემ.
მისი თქმით, 22 წლის ანრის მარჯვენა თირკმელი ამოღებული აქვს და ახლა იმ ერთი თირკმლის გადანერგვაც გახდა აუცილებელი.
„წლების წინ თბილისში გაუკეთეს ოპერაცია და ამოუღეს თირკმელი და ამის შემდეგ გაუკეთდა საᲨარდე მილებზე ოპერაცია, თუმცა ახლა მდგომარეობა ისე აქვს გართულებული, რომ შარდის ბუშტიც გადასანერგი აქვს. უნდა ჩაისვას ხელოვნური შარდის ბუშტი“ – ამბობს დედა.
მისი თქმით, ანრის თირკმლის დონორიც ჰყავს. „ჩემი მეუღლის დეიდაშვილია დონორი, მშობლები არ გამოვდექით დონორებად. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ კვლევები დაგვიფინანსა, მარტო დონორის შეთავსების კვლევები დაჯდა 8 ათასი ლარი.
ოპერაციის თანხასაც ვითხოვთ, თუმცა ჯერ არ მიგვიღია თანხმობა. სამინისტროში გვთხოვენ, რომ საქართველოში გავუკეთოთ ოპერაცია, თუმცა, აქ ვერ გავუკეთებთ, რადგან საქართველოში ვერ გვთავაზობენ ხელოვნური შარდის ბუშტის ჩადგმას. სხვა მანიპულაცია არ არის ჩვენთვის მისაღები. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით თირკმლის დონორი მხოლოდ ოჯახის წევრი შეიძლება იყოს, ამიტომ ეთიკის კომისია ნებას არ გვრთავს, რომ ნათესავმა გაუწიოს დონორობა.
ახლა სტამბოლში ვართ და ველოდებით თანხის შეგროვებას. ანრი იმყოფება დიალიზზე, რომლის ერთი პროცედურა 200 დოლარი ჯდება.
ოპერაცია სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, თუმცა მანამდე ვერ დაიწყებენ, სანამ საჭირო თანხა არ შეგროვდება. სრული სამედიცინო ხარჯი 44 ათასი დოლარია. ოჯახს არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოპერაციის თანხა გავიღოთ, დრო კი ძალიან მცირე გვაქვს, გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა“ – ამბობს ნატალია მახარაძე, ანრის დედა.
ანრი მახარაძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი: GE74TB7792245061100099
მიმღები – ნატალია მახარაᲫე
საქართველოს ბანკი: GE59BG0000000161324037
მიმღები – ედნარ მახარაძე [ანრი მახარაძის მამა]
_____________
ფოტოზე: ანრი მახარაძე