„ემიგრაცია ბევრნაირია და ყველა ემიგრანტის გამოცდილება – განსხვავებული, თუმცა საბოლოოდ ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი განმარტება აქვს – იძულებული ხარ წახვიდე“ – უთხრა „ბათუმელებს“ 32 წლის სოფო შუბითიძემ. ის ბოლო სამი წელია შვედეთში ცხოვრობს, შვედურ ენას სწავლობს და ცდილობს დასაქმდეს.
სოფომ გვიამბო იმ გამოცდილებაზე, რამაც ემიგრაციაში წასვლა გადააწყვეტინა, იმაზე, თუ როგორ მოახერხა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მოსაზრებებიც გაგვიზიარა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე.
- სოფო, პირველ რიგში, თქვენზე რომ მოგვიყვეთ: რა პროფესია გაქვს, რატომ და როდის გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?
პროფესიით ვარ პოლიტიკის მეცნიერი, თუმცა სოციოლოგიის მიმართულებითაც მაქვს მიღებული ნაწილობრივ განათლება. საქართველოდან წავედი 2022 წელს ლუნდის უნივერსიტეტში სწავლის მიზნით, თუმცა თავიდანვე ვფიქრობდი სწავლის შემდეგ სამუშაოს მოძიებას შვედეთში და დარჩენის პერსპექტივის შექმნას, ამიტომ ენის შესწავლა ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ დავიწყე.
იქამდე, 2017-დან 2019 წლამდე, პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი სამაგისტროზე, მაგრამ პროგრამის დასრულების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. თბილისში სამწლიანი ყოფნის პერიოდში დავასკვენი, რომ შესაძლოა მცდარი ყოფილიყო ჩემი გადაწყვეტილება უკან დაბრუნების, რადგან ვერანაირად ვერ განვვითარდი, მხოლოდ შემოსავალი არ არის წინსვლის ინდიკატორი.
2022 წელს ჩემი ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მრავალი ფაქტორი – პროფესიულ, პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებული და, ასევე, არსებობისთვის შეუსაბამო პირობები საქართველოში: კორუფცია, ნეპოტიზმი, ურთიერთ შეურიგებლობა, ურბანული გარემო, რომელიც შეუძლებელს ხდის ცხოვრების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილებას (გადაადგილება, ჯანსაღი კვება, სუნთქვა და ა.შ.). ჩემს ეთიკურ პრინციპებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი.
ერთადერთი გამოსავალი ჩემთვის სამოქალაქო სექტორში მუშაობა იყო, სადაც წლები ვიმუშავე, თუმცა 2022 წელს უკვე ვხვდებოდი, რომ სამოქალაქო სექტორიც მალე შეიძლებოდა იმდენად დასუსტებულიყო, რომ გაქრობის საფრთხის წინაშე დამდგარიყო. ვერ ვხედავდი ვერანაირ კავშირს საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორს შორის, აღნიშნულ სექტორში მომუშავე პირები და ორგანიზაციები მეტწილად არ განსხვავდებოდნენ მათგან, ვისაც მე პოლიტიკაში ვაკრიტიკებდი, პირდაპირ რომ ვთქვა – გაუსაძლისი პირობები იყო. ეს ყველაფერი ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა.
არა მხოლოდ უკეთესი პერსპექტივის საძიებლად, არამედ ჩემთვის, პირადად, აუტანელი საარსებო გარემოს გამოც მომიწია ქვეყანა დამეტოვებინა. აქ მხოლოდ ფინანსურ ფაქტორს არ ვგულისხმობ, არამედ კომპლექსურად ყველაფერს, რაც მე, როგორც ადამიანს, მოქალაქეს და დასაქმებულს ხელს მიშლიდა ცხოვრებაში, განვითარებასა და წინსვლაში.
- რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ და რამდენი ხანია?
ვცხოვრობ შვედეთში უკვე მესამე წელია. ამჟამად – მალმოში.

სოფო შუბითიძე
- მეოთხე თვეა საქართველოში უწყვეტი პროტესტი გვაქვს. თუ იზიარებთ ამ პროტესტს და უერთდებით მის მოთხოვნებს: ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები?
რა თქმა უნდა, სრულად ვიზიარებ ახალი არჩევნებისა და ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნებს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს ჩემთვის. სამწუხაროდ, არც 2023 წელს და არც 2024 წელს, როცა რუსული კანონი მეორედ მოაბრუნეს არ ვიყავი ქვეყანაში, რომ მონაწილეობა მიმეღო საპროტესტო მოძრაობაში.
რომ დავთვალო, ასობით საათი მექნება გატარებული ეკრანთან, რათა მენახა, რა ხდებოდა ქვეყანაში. ვღელავდი და ვფიქრობდი იქ მყოფ ჩემს მეგობრებზე.
- როგორი ფორმა აქვს თქვენს ჩართულობას ამ პროტესტში ემიგრაციიდან და როგორ აისახება ეს თქვენზე?
მე ვფიქრობ, რომ მოვლენებზე დისტანციურად თვალყურის დევნებამ ბევრი რამე უკეთ დამანახა. უნდა ვაღიარო, რომ პირველი მომენტი, შემოტრიალების წერტილი დაიკარგა 2024 წლის მაისში (როცა რუსული კანონი დაამტკიცეს პარლამენტში), შემდეგ კი 2024 წლის დეკემბერში, როცა ევროინტეგრაციაზე ფაქტობრივად უარი თქვა ხელისუფლებამ. ეს ორი მომენტი უკეთ ვერ გამოვიყენეთ მოქალაქეებმა.
მგონია, რომ მიმდინარე პროცესები ფსიქოლოგიურად უარყოფითად აისახება, რადგან დიდ დროს ვუთმობ პოლიტიკური მოვლენების გაცნობას: ვუსმენ პოლიტიკურ გადაცემებს და ვეცნობი სიახლეებს. ფაქტობრივად, დილით და ჩემი საქმეების დასრულების მერე, იმავეს ვაკეთებ – ვეცნობი, რა ხდება საქართველოში.
ჩემი ჩართულობის ფორმები, ძირითადად, ცხადია, სოციალური მედიაა, თუმცა ბოლო პერიოდში ვერიდები კრიტიკული მოსაზრების გამოთქმას, რომელიც ეხება პროტესტის ფორმებისა და შინაარსის ცვლილებას, ემიგრაციიდან კრიტიკა აღიზიანებს პროტესტანტებს, მათ შორის, მეგობრებს.
- გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში თუ მოახერხეთ მონაწილეობის მიღება?
დიახ, არჩევნებზე ვიყავი ხმის მისაცემად. ამისათვის სტოკჰოლმში წავედი, დაახლოებით 600 კილომეტრის დაშორებით მალმოდან. თითქმის არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა და ამ გამარჯვებას „ქართული ოცნება“ აღიარებდა. ხმის მიცემის გარდა, თანამოქალაქეებსაც ვეხმარებოდი შვედეთში, რომ საელჩოში აღრიცხვაზე დარეგისტრირებულიყვნენ და არ დაეკარგათ ხმის მიცემის უფლება.
- გქონდათ ამ არჩევნების შედეგად ცვლილების მოლოდინი?
როგორც უკვე ვთქვი, მეტწილად პოზიტიური მოლოდინი მქონდა ოპოზიციის საერთო გამარჯვებასთან დაკავშირებით, როგორც ჩემს მეგობრებს. ამას მოწმობს ისიც, რომ უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საზღვარგარეთის უბნებზე, მათ შორის სტოკჰოლმშიც.
შვედეთში, გაყალბების გარეშე, „ოცნებამ“ 12,8% მიიღო, რაც ამომრჩევლის განწყობაზე ზედმიწევნით კარგად მეტყველებს.
მქონდა ცვლილების დიდი მოლოდინი. იმედგაცრუების პერიოდმა ჩაიარა, პირველი თვე გამოირჩეოდა შოკისა და იმედგაცრუების ნაზავი გრძნობებით, ოქტომბერში და ნოემბერში ვფიქრობდით, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ორგანიზებულად დაირაზმებოდა და წართმეულ არჩევნებს დავიბრუნებდით, ახლა ეს იმედგაცრუება უკვე ჩემთვის სხვა გრძნობაში გადაიზარდა, მაგრამ არ ვიცი ეს რა არის, არ მინდა და ვფრთხილობ ამას ნორმალიზაცია დავარქვა, ეს უფრო მკვდარი იმედების გაცოცხლების მოლოდინის გრძნობასავითაა, პროტესტმა ახალი ძალა უნდა მოიკრიბოს და ვექტორები იცვალოს. ისევ ხელახლა დაბადებაა საჭირო.
ცხადია მძიმედ განვიცდი. დეკემბერი იყო უმძიმესი თვე, როცა ამდენი ადამიანის დასახიჩრების კადრებს ყოველდღე ვუყურებდი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო, იქაც არავის შეეძლო – საქართველოში.
პირადი მიზეზების გამო, მე ჯერ არ შემიძლია საქართველოში ჩამოსვლა, ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა და ამძაფრებს ყველაფერს.
სიმართლე ითქვას, ეს ყველაფერი უკვე სპექტაკლს დაემსგავსა, მარიონეტების თეატრს, ცუდი შესრულებით. სასამართლოს სიუჟეტებს უკვე აღარ ვუყურებ, არაფერი მიკვირს და ოდნავი მოლოდინიც არ მაქვს, რომ რომელიმე მოსამართლე კეთილსინდისიერად და სამართლიანად მოიქცევა. თავიდან თითქოს მქონდა და იმედს ვებღაუჭებოდი, ახლა – არა. ეს უბრალოდ განგრძობითი სპექტაკლია, რომელშიც ჩაგვითრიეს მონაწილეებად, სამწუხაროდ.
ჩვენ ვეღარ ვქმნით დღის წესრიგს და ყველაზე მეტად თანავუგრძნობ რეჟიმის ტყვეებს და მათ ოჯახებს. ახლა დროა მხოლოდ მათ მოვუსმინოთ და მათ გავყვეთ. მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს და ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს.
- ალბათ რთულია ამ კითხვას ერთი პასუხი მოუძებნო, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, რა არის ყველაზე რთული ემიგრანტისთვის?
ყველაზე რთული იმის გაანალიზება და აღიარებაა, რომ შენს ქვეყანას არ ჭირდები და სამშობლოში შექმნილი გარემო შენ გავიწროებს ყველა მხრიდან. ავიწროებს შენს განათლებას, ენერგიას, მოტივაციას. ეს ყველაფერი მათთვის არაფერია, უაზროა და საზღვარგარეთ იძულებით წასვლა არ ნიშნავს, რომ შენს აუხდენელ ოცნებებს სხვა ქვეყანაში აიხდენ. ვიცი, ბევრს ეს არ ესმის და ეს გულსატკენია.
ტრანზაქციის ხარჯი დიდია, როცა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი მაღალკვალიფიციური სამუშაოს საძებნად მიდიხარ საზღვარგარეთ და არა სერვისის სექტორში დასასაქმებლად, სადაც კვალიფიკაცია არაა აუცილებელი.
აქ გასართობად არავინ არ არის და არავინ იცის, რამდენ წინააღმდეგობას უკავშირდება ემიგრაცია. ეს მართლაც ხელახლა დაბადებაა და ჩვენ ყველაფერს თავიდან გავდივართ, ენის სწავლას თავიდან ვიწყებთ, პირადობის ნომერს თავიდან ვიღებთ, ბინადრობის უფლების და არსებობის უფლების დამტკიცება თავიდან გვიწევს, მეგობრების შეძენას თავიდან ვიწყებთ, სამუშაოს პოვნაზე არ ვსაუბრობ, ეთნიკური წარმომავლობის გამოც კი უამრავი ბარიერია, რომ დასაქმდე. ვისაც არ გამოუცდია, ალბათ ვერ გაიგებს.
მოუსმინეთ ხმას:
- ამავე თემაზე:
ყოფილი პოლიციელი ემიგრაციაში – „ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ“